საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე ბს-N1186(3კ-23) 24 სექტემბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოპასუხეები), ხულოს მუნიციპალიტეტის მერია (მესამე პირი)
პროცესუალური მოწინააღმდეგე - გ. ჯ-ე (მოსარჩელე)
თავდაპირველი მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 სექტემბრის განჩინება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
გ. ჯ-ემ 2023 წლის 23 აპრილს სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2009 წლის 03 მარტის და 13 მარტის N01-22/739 და N01-22/852 მიმართვების, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 7 სექტემბრის N1/1-3010 ბრძანების, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N... და N... გადაწყვეტილებების, 2021 წლის 23 მარტის N... გადაწყვეტილებისა და 2021 წლის 25 მარტის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ხულოს რაიონის სოფელ ...ში მდებარე გ. ჯ-ეზე (პ/ნ ...) საკუთრებაში გადაცემული 2400 კვ.მ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის დავალება, თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად.
სარჩელის მიხედვით, გ. ჯ-ეს 1998 წლის 04 მარტს, ხულოს რაიონის ...ის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატიული საწარმოს საერთო კრების N5 საოქმო გადაწყვეტილებით გამოეყო და საკუთრებაში გადაეცა სოფელ ...ში ...ს უბანში მდებარე 2 400 კვ.მ მიწის ნაკვეთი. სარეფორმო წესით გადაცემული მიწის ნაკვეთის იდენტიფიცირების მიზნით საოქმო გადაწყვეტილებას დაერთო ხელით შესრულებული ნახაზი, რომელზედაც მინიშნებულია მოსაზღვრეები: კერძოდ, გ. ჯ-ეის ნაკვეთს ესაზღვრებოდა მ. შ-ეის, ვ. თ-ეის, ნ. ქ-ეის მიწის ნაკვეთები და ერთი მხრიდან ტყე. აღნიშნულ მიწის ნაკვეთს მოსარჩელე გადაცემისთანავე დაეუფლა და სარგებლობს.
2020 წლის 08 დეკემბერს სსიპ საჯარო რეესტრის ხულოს სარეგისტრაციო სამსახურში გ. ჯ-ემ წარადგინა განაცხადი და მასალები „...ს“ უბანში რეფორმის წესით მასზე გადაცემული 2 400 კვ.მ მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციოდ, თუმცა იმის გამო, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი რეგისტრირებული იყო სსიპ თვითმმართველი თემის ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებად (ს/კ ...), საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე ეთქვა უარი, ხოლო 2021 წლის 23 მარტს წარდგენილ სარეგისტრაციო განაცხადზე მარეგისტრირებელმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის შესახებ, იმ საფუძვლით, რომ გ. ჯ-ეს ერთხელ - 2019 წლის იანვარში მოთხოვნილი ჰქონდა ამავე მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია, რაზედაც ეთქვა უარი.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 26 აპრილის განჩინებით გ. ჯ-ეის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა და ხულოს მუნიციპალიტეტის მერიას აეკრძალა N... საკადასტრო კოდზე რეგისტრირებული უძრავი ქონების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა, გ. ჯ-ეის (პ/ნ ...) მართლზომიერ სარგებლობაში არსებული 2400 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით გ. ჯ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი: აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2009 წლის 03 მარტის და 13 მარტის მიმართვები N01-22/739 და N01-22/852 გ. ჯ-ეის საკუთრების ნაწილში ნახაზის შესაბამისად, რომლის საფუძველზე სახელმწიფო საკუთრებაში დარეგისტრირდა ხულოს რაიონის სოფელ ...ში მიწის ნაკვეთი (ს/კ ...); უფლების დამდგენი დოკუმენტი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 7 სექტემბრის N1/1-3010 ბრძანება გ. ჯ-ეის საკუთრების ნაწილში ნახაზის შესაბამისად, რის საფუძველზე ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დარეგისტრირდა სოფელ ...ში მიწის ნაკვეთი (ს/კ ...); საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N... და N... გადაწყვეტილებები გ. ჯ-ეის საკუთრების ნაწილში ნახაზის შესაბამისად, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო საკუთრებაში და შემდგომ თვითმმართველი თემის ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დარეგისტრირდა ხულოს რაიონის სოფელ ...ში მიწის ნაკვეთი (ს/კ ...); საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურის 2021 წლის 23 მარტის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ N... გადაწყვეტილება; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება N... ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; მოპასუხეს - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა შეისწავლოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელოვანი გარემოებები, სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციული აქტი გ. ჯ-ეის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის რეგისტრაციასთან დაკავშირებით.
ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სახელმწიფოს სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისას არ გაითვალისწინეს ამავე მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის - გ. ჯ-ეის საკუთრების უფლების არსებობა, ვინაიდან მის სახელზე მიწის რეფორმის დროს გაცემული იყო უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
რაიონულმა სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ხულოს მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2018 წელს საჯარო რეესტრის მოთხოვნაზე, მოეხდინა მიწის ნაკვეთის იდენტიფიკაცია, უარი განაცხადა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი მოქცეული იყო ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში (ს/კ ...), სადაც მდებარეობდა მოქმედი სათხილამურო ბაზა და მისი რაიმე ფორმით გასხვისება ან/და მასში ცვლილებების შეტანა მუნიციპალიტეტის მიერ არ განიხილებოდა, თუმცა სასამართლოს შეფასებით, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ გ. ჯ-ეის მოთხოვნილი იყო არა თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, არამედ სარეფორმო ღონისძიებებით საკუთრებაში მიზომილი უძრავი ქონება, რა გარემოებებიც საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლი მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რეგულაციის გამოყენების წინაპირობას წარმოადგენდა.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ და ხულოს მუნიციპალიტეტის მერიამ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 სექტემბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა და დაეთანხმა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს შეფასებებს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ (სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ) გადაწყვეტილება მიიღო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რამაც შედეგად კანონსაწინააღმდეგო აქტის გამოცემა გამოიწვია. სააპელაციო პალატის შეფასებით, მარეგისტრირებელმა ორგანომ შეფასება უნდა მისცეს იმ დოკუმენტს, რომელზეც გ. ჯ-ე აფუძნებს თავის მოთხოვნას და გამოარკვიოს მოსარჩელის ხელთ არსებული დოკუმენტი - 1998 წლის 4 მარტს ხულოს რაიონის ...ის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატიული საწარმოს საერთო კრების N5 საოქმო გადაწყვეტილება, რამდენად წარმოადგენს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ დოკუმენტს მოთხოვნილი რეგისტრაციის განხორციელებისთვის, ვინაიდან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქონა გამორიცხავს შემდგომ მსჯელობას, უძრავი ნივთის თვითნებურად დაკავების საფუძვლით საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე და პირიქით, თუ გ. ჯ-ეის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია საკმარის საფუძველს არ წარმოადგენს მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) საფუძვლით ქონებაზე უფლების მოპოვებისთვის.
სასამართლოს მოსაზრებით, ასევე შეფასება უნდა მიეცეს იმას, სახეზეა თუ არა თვითნებურად დაკავების საფუძვლით საკუთრებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი, რა დროსაც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რამდენად შეესაბამება სინამდვილეს მუნიციპალიტეტის მერიის მტკიცება სადავო მიწის ნაკვეთის სათხილამურო ტრასის ტერიტორიაზე განთავსების შესახებ, რაც გამორიცხავს ამ ნაკვეთის კერძო საკუთრებაში არსებობს და რა პერიოდს უკავშირდება მიწის ნაკვეთის სათხილამურო ტრასისთვის მიკუთვნების ფაქტი (ასეთის მოცემულობის დადასტურების შემთხვევაში) საქმის მასალებში დაცული დოკუმენტების - მთის კურორტების განვითარების კომპანიის 24.08.2016 წლის №01/665 წერილისა და ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 16 ნოემბრის №09/9020 წერილის შინაარსის გათვალისწინებით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ და ხულოს მუნიციპალიტეტის მერიამ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის მიხედვით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2009 წლის 02 მარტის N01-22/739 მიმართვის საფუძველზე, მარეგისტრირებელმა ორგანომ სახელმწიფოს საკუთრებად დაარეგისტრირა ხულოს რაიონში, სოფელ ...ში მდებარე 76 703 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ ...), რომლის დანიშნულებაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2009 წლის 13 მარტის N01-22/852 მიმართვის საფუძველზე შეიცვალა და გახდა არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების.
მოსარჩელემ ...ის კოოპერატიულ სასოფლო-სამეურნეო საწარმოს წევრთა საერთო კრების N5 ოქმის საფუძველზე, მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს და მოითხოვა ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, რაზეც მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილებით ეთქვა უარი, რომელიც გასაჩივრდა მხარის მიერ. გ. ჯ-ეს უარი ეთქვა წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. უარის თქმის საფუძვლებად ფიქსირდება მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებად რეგისტრაცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლი და უფლებადამდგენი დოკუმენტაციის არქივში მოუძიებლობა.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 07 სექტემბრის N1/1- 3010 ბრძანებით, სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონება, დამატებითი ქონების სახით, საკუთრებაში გადაეცა ხულოს მუნიციპალიტეტს. ქონების ხულოს მუნიციპალიტეტისათვის გადაცემის დროს არ იკვეთებოდა გადაცემის დამაბრკოლებელი არავითარი გარემოება, სახელმწიფოს კი, როგორც ქონების ერთპიროვნულ მესაკუთრეს, შეეძლო თავისუფლად განეკარგა ქონება საჭიროებისამებრ. შესაბამისად, ცალსახაა, რომ 2016 წლის 07 სექტემბრის ბრძანება არის კანონიერი, რაც იმთავითვე გამორიცხავდა მისი ბათილად ცნობის საფუძველს. ამასთანავე, გასათვალისწინებელია ის მნიშვნელოვანი გარემოება, რომ სახელმწიფოს მიერ, ხულოს მუნიციპალიტეტისთვის გადაცემული ქონება სტრატეგიული მნიშვნელობისაა, ვინაიდან მდებარეობს მოქმედი სათხილამურო ბაზის ტერიტორიაზე, განთავსებულია შენობა-ნაგებობები, შესაბამისად მისი რაიმე სახით განკერძოება არამართებულად ანიჭებს პრიორიტეტს კერძო პირის ინტერესს საჯარო ინტერესთან მიმართებით.
საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე მხარეს არ გააჩნდა კანონიერი ინტერესი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 07 სექტემბრის N1/1-3010 ბრძანების ბათილად ცნობის მიმართ, ვინაიდან, აღნიშნული აქტის ბათილად ცნობის პირობებში, ქონება აღმოჩნდებოდა კვლავ სახელმწიფოს საკუთრებაში და მის სარეგისტრაციო მონაცემებს ზედდება ნაცვლად ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებისა, დაუდგინდებოდა სახელმწიფოს საკუთრებასთან, რაც მისთვის განსხვავებული სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი შედეგის მომტანი არ იყო.
კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება წინააღმდეგობრივია, ვინაიდან თუ მიიჩნევა, რომ სახელმწიფო მიწის ნაკვეთი გადაცემულია საკუთრებაში ავტონომიურ რესპუბლიკაზე ან მუნიციპალიტეტზე, ეს გარემოება არ წარმოადგენს დამაბრკოლებელ და ხელისშემშლელ ფაქტორს რეგისტრაციაში გატარდეს თვითნებურად დაკავებული ან მართლზომიერ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი. ასეთ პირობებში გაუგებარია რამ განაპირობა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 07 სექტემბრის N1/1-3010 ბრძანების ბათილად ცნობა, რის საფუძველზეც ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებად დარეგისტრირდა ქონება. მითითებული ბრძანება ზიანს არ აყენებს მოსარჩელის უფლებას და ინტერესს, რადგან არ ცვლის მის მდგომარეობას საკუთრების უფლების რეგისტრაციის საკითხში. შესაბამისად, ცალსახაა, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებს მოთხოვნის მიმართ, არ უმსჯელია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილის ფარგლებში.
საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებს, მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის მიმართ ნამსჯელი არ აქვთ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის ფარგლებში, იმდენად რამდენადაც, მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციის უარის თქმის ერთ-ერთ გარემოებას წარმოადგენდა ისიც, რომ მის საკითხზე უკვე ნამსჯელი ჰქონდა ადმინისტრაციულ ორგანოს, მხარეს კი ახალი განაცხადის წარდგენისას არ წარუდგენია ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება და აღნიშნულზე ცალსახად აპელირებდა ადმინისტრაციული ორგანო. სასამართლოს ასევე არ უმსჯელია მოსარჩელე მხარის მიერ წარდგენილ ე.წ. მართლზომიერი მფლობელობის დამდგენ დოკუმენტაციასთან და მოსარჩელის დაინტერესებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის მფლობელობის არსებობის ან არ არსებობის საკითხზე, მოსარჩელის კანონიერი ინტერესის დასადგენად, რაც ასევე წარმოადგენს გადაწყვეტილების გაუქმების უპირობო საფუძველს.
ქვედა ინსტანციის სასამართლოებს, სადავო გადაწყვეტილების მიღებისას ასევე არ უმსჯელიათ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მოძიებული, საარქივო სამმართველოს ტერიტორიული ორგანოს ხულოს არქივის 01-20/804 (13.09.2018) წერილის თანახმად, ხულოს რაიონის ...ის თემის საკრებულოს სოფელ ...ის 2001-2006 წლების საკომლო წიგნების მიხედვით, გ. ბ.-ის ძე ჯ-ეის ოჯახს შენობა-ნაგებობები არ აწერია, მიწა მეურნეობის პირად სარგებლობაში აწერია 0,5 ჰა. აღნიშნულის საფუძველზე კი უკვე რეგისტრირებული აქვს საკუთრების უფლება ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 600 კვ.მ (ს/კ ...) და 2000 კვ.მ (ს/კ ...) მიწის ნაკვეთებზე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნის საწინააღმდეგოა, ვინაიდან, დაუშვებელია სწორი ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად სასამართლო მისულიყო იმ დასკვნამდე, რომ აჭარის ა.რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2009 წლის 03 მარტის და 13 მარტის N01-22/739 და N01-22/852 მიმართვები ეწინააღმდეგება აღნიშნული კანონის მიზანს, მაშინ როდესაც აღნიშნული მიმართვებით სადავო ქონება სახელმწიფო საკუთრებადაა რეგისტრირებული.
რაც შეეხება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ N... (23.03.2021) გადაწყვეტილების კანონიერებას, გადაწყვეტილება ეფუძნება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილს. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელესთან მიმართებით არ შეცვლილა ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო აქტის გამოცემას ან არსებობს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი სამართლებრივი მდგომარეობის განმაპირობებელი ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება. No... განცხადებაზე წარდგენილი არ ყოფილა სხვა დოკუმენტაცია, რომელიც არ იყო განხილული გ. ჯ-ეის მიერ პირველად წარდგენილი N... სარეგისტრაციო განაცხადის წარმოების დროს. N... გადაწყვეტილება მიღებული იქნა იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, კერძოდ განცხადებას თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამებოდა მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრებოდა მომიჯნავე ... საკადასტრო კოდით ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში, ამასთან ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის N09/556 (22.01.2019წ.) წერილის თანახმად, უძრავი ქონება - ს/კ ... არის მოქმედი სათხილამურო ბაზის ტერიტორია და მისი რაიმე ფორმით გასხვისება ან/ და მასში ცვლილების შეტანა მუნიციპალიტეტის მიერ არ განიხილება.
კასატორის მოსაზრებით, დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მიერ მთის კურორტების განვითარების კომპანიის 22.08.2016 წლის N5/43248 წერილის შინაარსის უაპელაციოდ გაზიარება და გადაწყვეტილების დაფუძნება იმ გარემოებაზე, რომ თითქოს სადავო მიწის ნაკვეთი არ მდებარეობს სასრიალო ტრასის მიმდებარედ, ვინაიდან აღნიშნული კომპანიისთვის არასოდეს ყოფილა გადაცემული სამართავად მითითებული ადგილი. საქმეში წარმოდგენილი ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 11 აგვისტოს N09/26262 წერილით ირკვევა, რომ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ...ის ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) ფუნქციონირებს .... რეგისტრაციის შემდგომ აღნიშნულ ბაზაზე აშენდა კოტეჯი და საბაგირო ხაზი.
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის თანახმად, კასატორი არ იზიარებს სასამართლოს შეფასებას იმის თაობაზე, რომ სახელმწიფოს მიერ მიწის ნაკვეთის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემით მიწის სამართლებრივი სტატუსი არ იცვლება აღიარების მიზნებისთვის, ვინაიდან სადავო აქტებით ჯერ სახელმწიფოს საკუთრებად დარეგისტრირდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 76703 კვ.მ მიწის ნაკვეთი, შემდგომ შეიცვალა მისი დანიშნულება და გახდა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, ხოლო 2016 წლის 07 სექტემბრის N1/1-3010 ბრძანებით მითითებული ქონება გადაეცა ხულოს მუნიციპალიტეტს, რაც ადასტურებს, რომ ქონება განკარგულია, მასზე მოწყობილია სასრიალო ტრასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურა, შესაბამისად, დაუშვებელია მისი კერძო საკუთრებაში მოქცევა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ნოემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ისაკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო, საჩივრების ფარგლების გათვალისწინებით, იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და სამისამართო რეესტრების ერთობლიობა. ამავე კანონის მე-5 მუხლის მიხედვით, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.
პალატა განმარტავს, რომ საჯარო რეესტრი არის საჯარო-სამართლებრივი ინსტიტუტი, რომელშიც ხდება ცალკეულ კერძო-სამართლებრივ უფლებათა რეგისტრაცია, კერძოდ, უძრავ ნივთებზე საკუთრება, იპოთეკა, გირავნობა, ყადაღა და სხვა სამართლებრივი უფლებები. საჯარო რეესტრი არის არა უბრალოდ უფლების ფიქსაციის ინსტიტუტი, არამედ ამ უფლების შექმნის საფუძველი - უფლება წარმოიშობა მხოლოდ საჯარო რეესტრში მისი რეგისტრაციის მომენტიდან. საჯარო რეესტრის მნიშვნელოვანი თვისება მისი საჯარო ხასიათია და იგი არსებითად სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების დაცვას ემსახურება. საჯარო რეესტრის უმთავრესი დანიშნულებაა - სწორად ასახოს რეგისტრაციას დაქვემდებარებული ყოველგვარი უფლება, მათ შორის საკუთრების უფლება და მათი მდგომარეობა, იყოს რეესტრში რეგისტრირებული საკუთრების უფლების დაცვის გარანტი.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი განმარტებულია, როგორც სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამავე კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოება იწყება სწორედ სარეგისტრაციო დოკუმენტაციის წარდგენით, რა დროსაც მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. მითითებული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს შემთხვევათა იმ ჩამონათვალს, რა დროსაც სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდება, კერძოდ, „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, ან მათში მოცემული უძრავი ნივთის ფართობი, გარდა ინსტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აღემატება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ უძრავი ნივთის ფართობს მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ. ამავე მუხლის მე-2 პუნქტით თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაა 30 კალენდარული დღე. იმ შემთხვევაში, თუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ. ამდენად, ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე დგინდება, რომ საკუთრების უფლების რეგისტრაციის ძირითადი იურიდიული საფუძველია უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე რეგისტრირებულ უფლებასთან ზედდების გამომრიცხველი საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელიც განმცხადებელმა უნდა დაურთოს სარეგისტრაციო განაცხადს ან წარადგინოს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, მარეგისტრირებელი ორგანო მოკლებულია შესაძლებლობას განახორციელოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
პალატა დამატებით განმარტავს, რომ მართალია „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა ისინი ამავე ნორმის თანახმად, პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. შესაბამისად, საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე მარეგისტრირებელმა ორგანომ სრულყოფილად უნდა შეისწავლოს არა მხოლოდ წარდგენილი დოკუმენტაცია, არამედ - მასთან რეგისტრირებული მონაცემები და დაცული ინფორმაციაც ერთი მხრივ, საკუთრების უფლების რეგისტრაციის მხოლოდ სათანადო საფუძვლით განხორციელების, მეორე მხრივ კი, სხვისი საკუთრების უფლების ხელყოფისა და საკადასტრო მონაცემების ზედდების გამორიცხვის საფუძვლით.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 16 მარტის რეგისტრაციის შესახებ N... გადაწყვეტილებით აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2009 წლის 02 მარტის N01-22/739 და 2009 წლის 13 მარტის N01-22/852 მიმართვის საფუძველზე, 76703 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მდებარე ხულოს რაიონი, სოფელი ...ი, საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრებად, საკადასტრო კოდით N.... რეგისტრაციის შესახებ 2013 წლის 22 ნოემბრის N... გადაწყვეტილებით უძრავ ნივთზე განხორციელდა რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია; კერძოდ, დაზუსტდა 73731 კვ.მ მიწის ნაკვეთი და დაზუსტების შემდეგ მითითებული იქნა საკადასტრო კოდი: N.... (ნაკვეთის წინა საკადასტრო კოდი: №...).
ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 12 სექტემბრის N09/28339 მიმართვისა და მასზე თანდართული სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 07 სექტემბრის N1/1-3010 ბრძანების საფუძველზე, საჯარო რეესტრმა 2016 წლის 14 სექტემბრის N... გადაწყვეტილებით, აღნიშნული ქონება დაარეგისტრირა სსიპ თვითმმართველი თემი ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებად.
საქმეზე წარმოდგენილი მასალებით ისიც დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული ფართი მოიცავს 2 400 კვ.მ მიწის ნაკვეთს, რომლის საკუთრებაში რეგისტრაციასაც ითხოვდა გ. ჯ-ე 2020 წლის 8 დეკემბერს წარდგენილი განაცხადით და მასზე დართული ...ის კოოპერაციულ სასოფლო-სამეურნეო საწარმოს წევრთა საერთო კრების N5 ოქმისა და 1998 წლის 05 სექტემბრის აქტის საფუძველზე, თუმცა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ჯ-ეს ეცნობა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავი ნივთების საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ზედდება.
2021 წლის 11 მარტს დაინტერესებულმა პირმა სარეგისტრაციო სამსახურში წარადგინა კორექტირებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის ქაღალდისა და ელექტრონული ვერსიები. 2021 წლის 23 მარტს აჭარის რეგიონულმა ოფისმა მიიღო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ N... გადაწყვეტილება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის საფუძველზე.
საგულისხმოა, რომ N... სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში, ხულოს მუნიციპალიტეტის მერიამ 2018 წლის 16 ნოემბრის N09/9020 წერილით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2018 წლის 16 ოქტომბრის N432904 მიმართვის პასუხად, რომელიც შეეხებოდა მოქალაქე გ. ჯ-ეის (პ/ნ ...) განაცხადით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადასტურებას, აცნობა, რომ გ. ჯ-ეის მიერ წარმოდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი იდენტური იყო მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთისა, რაც დასტურდებოდა მერის წარმომადგენლის ბრძანებით. კერძოდ, ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში ხულოს მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის 2018 წლის 14 ნოემბრის №132 ბრძანებით, დადგინდა სოფელ ...ის კოოპ. სას. სამ. საწარმოს საერთო კრების 1998 წლის 04 მარტის №05 ოქმით, გ. ჯ-ეის (პ/ნ ...) კომლისთვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთის (სახელდობრ „...“ 2400 კვ.მ.) და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ №... განცხადებაზე, ასევე თანდართულ მიწის ნაკვეთის საკადასტრო დაგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული 2400 კვ.მ. მიწის ნაკვეთის იდენტურობა.
სარეგისტრაციო წარმოებისას მოძიებული დოკუმენტებით, კერძოდ, ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 22 იანვრის N09/556 წერილით ირკვევა, რომ უძრავი ნივთი (საკადასტრო კოდი: ...) მდებარეობს მოქმედი ...ის ტერიტორიაზე და მისი რაიმე ფორმით გასხვისება ან/და მასში ცვლილების შეტანა მუნიციპალიტეტის მიერ არ განიხილება.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებებს, რომ მოცემულ შემთხვევაში სარეგისტრაციო წარმოებისას მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ არ შეფასდა ის გარემოება, გააჩნია თუ არა გ. ჯ-ეს უფლების დამდგენი დოკუმენტი სადავო მიწაზე. საქმეში მოთავსებული საპირისპირო მტკიცებულებების (მთის კურორტების განვითარების კომპანიის 22.08.2016 წლის N5/43248 წერილი) არსებობის პირობებში, რამდენად შეესაბამება სინამდვილეს მუნიციპალიტეტის მერიის მტკიცება სადავო მიწის ნაკვეთის სათხილამურო ტრასის ტერიტორიაზე განთავსების შესახებ, რაც გამორიცხავს ამ ნაკვეთის კერძო საკუთრებაში არსებობს და რა პერიოდს უკავშირდება მიწის ნაკვეთის სათხილამურო ტრასისთვის მიკუთვნების ფაქტი.
სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში განმარტა, კონკრეტულად რა გარემოებები არ იყო შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში და რა საკითხებზე უნდა გაემახვილებინა ყურადღება მარეგისტრირებელ ორგანოს, რასაც ასევე იზიარებს საკასაციო პალატაც; კერძოდ, საქმის მასალებით დასტურდება, რომ სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში ადმინისტრაციულ ორგანოს უტყუარად არ დაუდგენია გ. ჯ-ეისა და სახელმწიფოს შორის არსებული უფლებათა უპირატესობა, აღნიშნულის შემოწმება კი, საჯარო რეესტრის კანონისმიერ ვალდებულებას წარმოადგენდა, რაც, თავის მხრივ, ადასტურებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის გარეშე გადაწყვეტილების მიღებას.
საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის მიუხედავად, სასამართლო ვერ უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციის შესრულებას და იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული წარმოება ჩატარებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევის გარეშე, რაც მოცემულ საქმეში სახეზეა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას, საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნოს ადმინისტრაციული ორგანოს. პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სადავო ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე, 97-ე მუხლებით ადმინისტრაციული აქტის გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი მოთხოვნები, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულყოფილად არ არის გამოკვლეული საქმის ფაქტობრივი გარემოებები, შესაბამისად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენება.
საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ ამომწურავად იმსჯელა სადავო საკითხთან დაკავშირებით, კასატორები დამატებით ვერ უთითებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების არსებით ფაქტობრივ თუ სამართლებრივ უსწორობაზე, შესაბამისად, კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის არც ერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 სექტემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა