Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-556(კ-23) 24 სექტემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ვ. ნ-ე

მოსარჩელე - ი. ნ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისი

მესამე პირი - თ. ნ-ე, ფ. ნ-ე, ნ. ნ-ე, ირ. ნ-ე, თ. ნ-ე მ. ლ-ი, ვ. ნ-ე, ა. ნ-ე, ლ. ნ-ე, სს „თ...“

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 02 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ი. ნ-ემ 2021 წლის 24 მაისს სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, ვ. ნ-ეის უფლების დამდგენ დოკუმენტსა და საკადასტრო აზომვით ნახაზში ასახული მიწის ნაკვეთების იდენტობის დადგენის შესახებ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 22 თებერვლის უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №00021 ოქმისა და იდენტურობის დადგენის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 22 თებერვლის №31-2021053128 მიმართვის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მას და ვ. ნ-ეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში ერთმანეთის მომიჯნავედ საკუთრებაში აქვთ საცხოვრებელი სახლები და საკარმიდამო მიწის ნაკვეთები. მოსარჩელემ თავის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხა კუთვნილი მიწის ფართი, თუმცა გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 2021 წლის 22 თებერვლის უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №00021 ოქმით დაადასტურა ვ. ნ-ეის უფლების დამდგენ დოკუმენტსა და საკადასტრო აზომვით ნახაზში ასახული მიწის ნაკვეთების იდენტობა, რითაც ვ. ნ-ეის საკუთრებაში ექცევა ი. ნ-ეის კუთვნილი მიწის ნაწილი.

ვ. ნ-ემ 2021 წლის 26 ივლისს სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და შიდა ქართლის რეგიონული ოფისის მიმართ და მოითხოვა ვ. ნ-ეის მიერ №... სარეგისტრაციო განაცხადით წარდგენილ მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებთან გადაფარვის ნაწილში გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1329 მ2 მიწის ნაკვეთის ი. და თ. ნ-ეების სახელზე 2003 წლის 10 ოქტომბრის რეგისტრაციის (ს/კ ...) ბათილად ცნობა, ვ. ნ-ეის მიერ №... სარეგისტრაციო განაცხადით წარდგენილ მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებთან გადაფარვის ნაწილში გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 1266 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ფ. ნ-ეის სახელზე №... საკადასტრო კოდით რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2021 წლის 10 ივნისის ... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 20 ივლისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ვ. ნ-ეის სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სამსახურის მიერ 2021 წლის 25 მაისს მომზადებულ საკადასტრო აზომვით ნახაზზე ლურჯი ფერით მონიშნული დაურეგისტრირებელი მიწის ფართის ნაწილში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2021 წლის 6 ივლისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 3 აგვისტოს №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისისათვის №... სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სამსახურის მიერ 2021 წლის 25 მაისს მომზადებულ საკადასტრო აზომვით ნახაზზე ლურჯი ფერით მონიშნული მიწის ფართზე ვ. ნ-ეის სახელზე რეგისტრაციის დავალება.

მოსარჩელის მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ბათილად ცნო ი. ნ-ეის საკუთრების უფლების რეგისტრაცია და შიდა ქართლის სამსახურს დაავალა საქმის გარემოებების გამოკვლევა, საჯარო რეესტრის სამსახურმა მხედველობაში არ მიიღო გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 22 თებერვლის უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №00021 ოქმით და ვ. ნ-ეის სახელზე გაცემული ტექპასპორტით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ ვ. ნ-ეის კუთვნილი მიწის ნაკვეთის საზღვარი გადის მისი შენობიდან 2,5 მეტრის მოშორებით და კვლავ არასწორად დაარეგისტრირა როგორც ვ. ნ-ეის, ისე ი. ნ-ეის საკუთრების უფლება.

გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 02 აგვისტოს განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ: თ., ი. და ფ. ნ-ეები და სს „თ...“.

გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 05 ოქტომბრის განჩინებით ი. ნ-ეისა და ვ. ნ-ეის სარჩელები გაერთიანდა ერთ წარმოებად.

გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 05 ოქტომბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ნ., ა. და ლ. ნ-ეები და მ. ლ-ი.

გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებით ი. ნ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ვ. ნ-ეის უფლების დამდგენ დოკუმენტსა და საკადასტრო აზომვით ნახაზში ასახული მიწის ნაკვეთების იდენტობის დადგენის შესახებ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 22 თებერვლის უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №00021 ოქმი; ბათილად იქნა ცნობილი ამ იდენტურობის დადგენის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 22 თებერვლის №31-2021053128 მიმართვა; ვ. ნ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოდავე მხარეთა საკუთრების ამსახველი საკადასტრო აზომვითი მონაცემების შესახებ, მოცემულ საქმეზე მოძიებული და წარმოდგენილი იყო სულ 3 დოკუმენტი: 1. საჯარო რეესტრში დაცული, მხარეთა საკუთრების შესახებ სისტემური რეგისტრაციის საკადასტრო აზომვითი ნახაზები; 2. მხარეთა მიერ წარმოდგენილი თ. ივ.-ს ასულ ნ-ეისა და ი. ვა.-ს ძე ნ-ეის სახელზე არსებული ტექპასპორტები; 3. გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 22 თებერვლის უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №00021 ოქმი.

სასამართლომ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტა, რომ მიწა შეიძლება არსებობდეს საკუთრებაში როგორც დაზუსტებული, ასევე დაუზუსტებელი მონაცემებით. კანონმდებლობა არ შეიცავს დაუზუსტებელი მონაცემებით მიწის ნაკვეთის სუბიექტზე აღრიცხვის გამომრიცხავ დანაწესს. ამასთანავე, პირველად დაუზუსტებელ რეგისტრაციას არ აქვს მხოლოდ საცნობარო მნიშვნელობა და უმართებულოა მისი დაყვანა მხოლოდ ფაქტობრივ აღრიცხვამდე, რომელიც აღრიცხვის ობიექტის მიმართ არ იწვევს რაიმე სამართლებრივ შედეგს. სააღრიცხვო მონაცემებს იურიდიული მნიშვნელობა გააჩნია, სარეგისტრაციო აღრიცხვის ოფიციალობა უზრუნველყოფილია საჯარო რეესტრით. სასამართლო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ ახლად შემოღებული კოორდინატთა ელექტრონული სისტემით მიწის ნაკვეთის საზღვრების დაუზუსტებლობა, არ ნიშნავს მიწის ნაკვეთზე უკვე წარმოშობილი საკუთრების უფლების ჩამორთმევას; ახალი კოორდინატთა სისტემის შემოღება საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის (ძალადაკარგულია 2020 წლის 1 იანვრიდან საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის № 87 ბრძანებით) 26-ე მუხლის თანახმად, საკადასტრო აღწერის ტექნიკურ პირობას წარმოადგენდა.

სასამართლომ აღნიშნა, რომ დღეის მდგომარეობით, ვ. ნ-ეის საკუთრება რეგისტრირებულია იმდაგვარად, რომ მის ჩრდილოეთ საზღვარში ექცევა ი. ნ-ეის სისტემური აღრიცხვით - ე. წ. ყვითელი ფენით (№... საკადასტრო კოდით) რეგისტრირებული სამხრეთით მდებარე მიწის მცირე ნაწილი, ხოლო ფ. ნ-ეის საკუთრების სამხრეთით მდებარე საზღვარში უმნიშვნელოდ ექცევა თ. ნ-ეის სისტემური აღრიცხვით - ე. წ. ყვითელი ფენით (№... საკადასტრო კოდით) რეგისტრირებული ჩრდილოეთით მდებარე მიწის მცირე კონტური ერთ წერტილში. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საჯარო რეესტრის მიერ მოდავე მხარეთა მონაწილეობით 2021 წლის 25 მაისს მოხდა ადგილზე დათვალიერება და საკითხის უშუალოდ ადგილზე შესწავლა, რაზეც შედგა შესაბამისი სიტუაციური ნახაზი. ადგილზე დათვალიერებისას დადგინდა, რომ №... საკადასტრო კოდით ი. და თ. ნ-ეების სახელზე რეგისტრირებული უძრავი ნივთი სამი მხრიდან მოქცეულია მყარ სასაზღვრო მიჯნაში, გარდა აღმოსავლეთ მხრისა. ნაკვეთი აიზომა მესაკუთრე ი. ნ-ეის მიერ მითითებულ ფიქსირებულ და არაფიქსირებულ საზღვრებში. სამხრეთი საზღვარი, რაც უშუალოდ ესაზღვრება ვ. ნ-ეის საკუთრებას, გამიჯნულია მყარი სასაზღვრო მიჯნით. ვ. ნ-ე არ დაეთანხმა საზღვრის ამ ფორმით ფიქსაციას და მიუთითა, რომ საზღვარი გავლებული უნდა ყოფილიყო მის მფლობელობაში (საკუთრებაში) არსებული სახლის კედლიდან 2,5 მეტრში, რადგან ეს მონაკვეთი მისი საკუთრებაა, რის მტკიცებულებადაც მიუთითებს თ. ივ.-ს ასულ ნ-ეის სახელზე არსებულ ტექპასპორტზე.

სასამართლოს მიერ გამოთხოვილი იქნა წარმოდგენილი ტექპასპორტების საფუძვლად არსებული სააღრიცხვო დოკუმენტაცია, თუმცა თ. ივ.-ს ასულ ნ-ეისა და ი. ვა.-ს ძე ნ-ეის სახელზე არსებული ტექინვენტარიზაციის მონაცემები გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ...ში მდებარე უძრავ ქონებებზე, გორის მუნიციპალიტეტის მერიაში, გორის ადგილობრივ არქივსა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არ მოიძებნა. კოლეგიის მითითებით, ორივე ტექპასპორტზე აღნუსხულია საქართველოს სსრ გორის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს ბეჭდები, გაცემის თარიღად მითითებულია 1991 წლის ოქტომბერ-ნოემბერი და აღნიშნულია, რომ ,,პასპორტის ასლი გაიცა ფაქტიური მდგომარეობით“. წარმოდგენილი ტექპასპორტების გაცემის საფუძვლად მითითებულია ამონაწერი საკომლო წიგნიდან, თუმცა საკომლო წიგნი კი არ შეიცავს მხარეთა საკუთრებების ადგილმდებარეობის, კონფიგურაციისა და სხვა გარემოებების ამსახველ მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს. ამდენად, სასამართლოს მოსაზრებით, მოცემული ტექპასპორტები, ამ საქმესთან მიმართებაში, არ წარმოადგენდა იმგვარი იურიდიული ძალის მქონე ოფიციალურ, დავის გადაწყვეტისათვის მხედველობაში მისაღებ დოკუმენტებს, რომლებზე დაყრდნობითაც დადგინდებოდა მხარეთა საკუთრებების იურიდიული საზღვრები. შესაბამისად, მსჯელობა და მტკიცება, რომ ი. ნ-ეის საკუთრებაში მოექცა ვ. ნ-ეის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილი, ხსენებულ ტექპასპორტებზე დაფუძნებული ვერ იქნებოდა.

სასამართლომ აღნიშნა, რომ ადგილზე დათვალიერებისას გორის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა დაედგინა ვ. ნ-ეის უფლების დამდგენ დოკუმენტს - საკომლო წიგნისა და სისტემური რეგისტრაციის ჩანაწერების და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახულ მიწის ნაკვეთების იდენტურობის საკითხი. რეალურად კი, მერია დაეყრდნო თ. ივ.-ს ასულ ნ-ეის სახელზე გაცემული ტექპასპორტის მონაცემებს, რაც არ წარმოადგენდა იმგვარი იურიდიული ძალის მქონე ოფიციალურ, დავის გადაწყვეტისათვის მხედველობაში მისაღებ დოკუმენტს, რაზე დაყრდნობითაც დადგინდებოდა ვ. ნ-ეის საკუთრების იურიდიული საზღვრები. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 22 თებერვლის უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №00021 ოქმი უკანონო იყო როგორც ფორმალური (დარღვეულია მისი მომზადების კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები - ადგილზე შემოწმება არასრულყოფილად და არასწორად ჩატარდა), ასევე მატერიალური საფუძვლით (არ შეესაბამება საჯარო რეესტრში ვა. (ვ.) ნ-ეის სახელზე სისტემური რეგისტრაციით არსებულ მონაცემებს). ამდენად, სასამართლოს მოსაზრებით, მოცემული დავის გადაწყვეტა მთლიანად უნდა დაფუძნებოდა საჯარო რეესტრში დაცულ სისტემური აღრიცხვის მონაცემებს (ე. წ. ყვითელი ფენას), 2021 წლის 25 მაისის ადგილზე დათვალიერების შედეგებთან ერთად, რამდენადაც მხარეთა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების იურიდიულ თუ ფაქტობრივ საზღვრებსა და ადგილმდებარეობასთან მიმართებით სწორედ ეს ორი მტკიცებულება იძლეოდა საკადასტრო აზომვითი მონაცემების შესახებ უტყუარ ინფორმაციას. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საჯარო რეესტრში დაცული სისტემურ რეგისტრაციასა (ე. წ. ყვითელ ფენაზე) და 2021 წლის 25 მაისის ადგილზე დათვალიერების შედეგებზე დაყრდნობით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. ნ-ეის საკუთრებაში, იურიდიული თვალსაზრისით, ვ. ნ-ეის კუთვნილი მიწის ნაკვეთი არ იყო მოქცეული.

გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება ვ. ნ-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 02 ივნისის განჩინებით, ვ. ნ-ეის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება.

პალატამ აღნიშნა, რომ მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასების პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო, მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ, თავად წყვეტს, რომელი მათგანი უნდა მიიჩნიოს სარწმუნოდ და გაიზიაროს. სასამართლოს მიერ მტკიცებულების შეფასება გულისხმობს მტკიცებულებათა როგორც ინდივიდუალურ, ასევე მათ ერთობლიობაში შეფასებას. ამასთან, სასამართლო ვალდებულია, მხარეთა ახსნა-განმარტება, წარმოდგენილი მტკიცებულება და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებიც შეაფასოს მათი შინაარსის და იურიდიული დამაჯერებლობის კუთხით. აღნიშნული გულისხმობს ყველა იმ ობიექტური თუ სუბიექტური კრიტერიუმების განხილვას, დადგენას და გამორიცხვას, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაზე.

მოცემულ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ ტექპასპორტებში არსებული მონაცემები წინააღმდეგობაში იყო როგორც სისტემური რეგისტრაციის მონაცემებთან, ასევე ადგილზე დათვალიერების შედეგად დაფიქსირებულ მონაცემებთან და ამასთან, ტექპასპორტების მონაცემების გათვალისწინების შემთხვევაში ფიქსირდებოდა მიწის ნაკვეთების ზედდება (69 მ2 ფართობზე), სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ მოცემული ტექპასპორტები, ამ საქმესთან მიმართებაში, არ წარმოადგენდა იმგვარი იურიდიული ძალის მქონე ოფიციალურ, დავის გადაწყვეტისათვის მხედველობაში მისაღებ დოკუმენტებს, რაზე დაყრდნობითაც უნდა დადგენილიყო მხარეთა საკუთრებების იურიდიული საზღვრები. შესაბამისად, აპელანტის მითითება ტექპასპორტებზე უსაფუძვლო იყო და სააპელაციო სასამართლოს მიერ ვერ იქნებოდა გაზიარებული.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 02 ივნისის განჩინება ვ. ნ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა.

კასატორის მითითებით, ისეთ პირობებში, როდესაც საჯარო რეესტრში არ არის დაცული მხარეთა საკუთრების შესახებ სისტემური რეგისტრაციის (ე. წ. ყვითელი ფენების) აღრიცხვის საფუძვლად არსებული არანაირი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, მხოლოდ იმაზე დაყრდნობით, რომ ტექპასპორტები არ არის დაცული საჯარო რეესტრში, არ წარმოადგენს ტექპასპორტის სათანადო მტკიცებულებად არმიჩნევის საკმარის საფუძველს, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ტექპასპორტი დამოწმებულია საქართველოს სსრ გორის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს ბეჭდით და გაცემის თარიღად მითითებულია 1991 წლის ნოემბერი.

კასატორმა აღნიშნა, რომ მერის წარმომადგენლის - ზ. კ-ის ჩვენებით, მან დამსწრე პირებთან ერთად ადგილზე დაათვალიერა ტერიტორია, რა დროსაც ვ. ნ-ემ წარადგინა თ. ივ.-ს ასულ ნ-ეის სახელზე გაცემული ტექპასპორტი და მიწის ნაკვეთის იდენტობაც სწორედ ამ ტექპასპორტის მიხედვით იქნა დადასტურებული. შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ 2021 წლის 22 თებერვლის უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №00021 ოქმი უკანონოა როგორც ფორმალური, ასევე მატერიალური საფუძვლით, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.

კასატორის მითითებით, არც რაიონული და არც სააპელაციო სასამართლოს მიერ არ იქნა საკმარისად დასაბუთებული ის სამართლებრივი შეფასება, თუ რატომ არ იქნა ვ. ნ-ეის ტექპასპორტის მონაცემები გათვალისწინებული მაშინ, როდესაც საჯარო რეესტრში არ არის დაცული მხარეთა საკუთრების შესახებ სისტემური რეგისტრაციის (ე. წ. ყვითელი ფენების) აღრიცხვის საფუძვლად არსებული არანაირი დოკუმენტაცია/მტკიცებულება. სასამართლოს მსჯელობით, მართალია, ტექპასპორტი დამოწმებულია საქართველოს სსრ გორის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს ბეჭდით და გაცემის თარიღად მითითებულია 1991 წლის ნოემბერი, თუმცა იმ მოტივით, რომ ტექაღრიცხვის სამსახური 1996-2001 წლებში აფიქსირებდა უძრავი ქონების ფაქტობრივ-სამართლებრივ მდგომარეობას და ადგენდა შესაბამის დოკუმენტს, რომელიც ადმინისტრაციულ აქტს არ წარმოადგენდა, მაგრამ ეფუძნებოდა ან ასახავდა ადმინისტრაციულ აქტს ან კერძო სამართლებრივ გარიგებას, ტექაღრიცხვის სამსახურის საინვენტარიზაციო გეგმას, ნახაზს, ან ტექპასპორტს არ შეუძლია სამართლებრივი შედეგები წარმოშვას, ხოლო საჯარო რეესტრში დაცულ მონაცემებს, რომელიც საერთოდ არ არის გამყარებული მხარეთა საკუთრების შესახებ სისტემური რეგისტრაციის (ე. წ. ყვითელი ფენების) აღრიცხვის საფუძვლად არსებული არანაირი დოკუმენტაციით/მტკიცებულებით - შეუძლია სამართლებრივი შედეგები წარმოშვას. თუკი ტექპასპორტიც და ე. წ. ყვითელი ფენაც სამართლებრივი საფუძვლის გარეშეა შედგენილი, გაუგებარია, რატომ უნდა მიენიჭოს უპირატესობა ე.წ ყვითელ ფენას, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ტექპასპორტი უფრო ადრე, თავად მხარის მონაწილეობით იქნა შედგენილი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 03 ივლისის განჩინებით ვ. ნ-ეის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მხარეთა არგუმენტების მოსმენისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. ნ-ეის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმეზე დადგენილადაა ცნობილი, რომ ვ. და თ. ივ.-ს ასულ ნ-ეების სახელზე, მიწის საგადასახადო სიის საფუძველზე, 2003 წლის 10 ოქტომბერს თანასაკუთრების უფლებით აღირიცხა გორის რაიონის სოფელ ...ში (...ში) მდებარე 2216 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ ...). სარეგისტრაციო მონაცემების მიხედვით, ჩრდილოეთის საზღვარი გადის შენობა-ნაგებობის დასავლეთ მხარეს გარკვეული მანძილით, ხოლო შენობა-ნაგებობის აღმოსავლეთ წერტილში - უშუალოდ შენობა-ნაგებობის კიდეზე.

ი. და თ. ნ-ეების სახელზე, მიწის საგადასახადო სიის საფუძველზე, 2003 წლის 10 ოქტომბერს თანასაკუთრების უფლებით აღირიცხა გორის რაიონის სოფელ ...ში (...ში) მდებარე 1329 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ ...). მითითებული უძრავი ქონება დაზუსტებული რეგისტრაციით აღირიცხა ი., თ., ფ., თ. და ნ. ნ-ეების სახელზე 2020 წლის 11 ივნისს (ს/კ ...). 2021 წლის 29 იანვრის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, აღნიშნული უძრავი ქონება 2021 წლის 4 თებერვალს აღირიცხა ფ. ნ-ეის სახელზე.

დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის სამსახურს 2020 წლის 4 ნოემბერს განცხადებით მიმართა ვ. ნ-ემ და მოითხოვა მის სახელზე ... საკადასტრო კოდით აღრიცხული მიწის ნაკვეთზე უფლებათა ცვლილების სპორადული რეგისტრაცია. განმცხადებელმა წარადგინა თ. ივ.-ს ასულ ნ-ეის სახელზე გაცემული ტექპასპორტი. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გორის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა ვ. ნ-ეის უფლების დამდგენ დოკუმენტსა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახულ მიწის ნაკვეთების იდენტურობის საკითხის დასადგენად და დამატებით გაუგზავნა თ. ივ.-ს ასულ ნ-ეის სახელზე გაცემული ტექპასპორტი. გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 22 თებერვლის უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №00021 ოქმით დადგინდა ვ. ნ-ეის უფლების დამდგენ დოკუმენტსა და საკადასტრო აზომვით ნახაზში ასახული მიწის ნაკვეთების იდენტობა. იდენტურობის დადგენის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 2021 წლის 22 თებერვლის №31-2021053128 მიმართვით აცნობა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. მითითებული ადგილზე დათვალიერების ოქმი შედგენილია ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის - ზ. კ-ის მიერ, რასაც ასევე ხელს აწერენ დათვალიერებაში მონაწილე პირები - ზ. მ-ე და ა. კ-ე.

ისიც დადგენილია, რომ ვ. ნ-ეის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები ზედდებაში იყო ფ. ნ-ეის საკუთრებაში №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მონაცემებთან. 2021 წლის 30 მარტს მის განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა, რაც ვ. ნ-ეის საჩივრის საფუძველზე ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 11 მაისის №... გადაწყვეტილებით. ამავე გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ი., თ., ფ., თ. და ნ. ნ-ეების სახელზე 2020 წლის 11 ივნისის №... გადაწყვეტილება ... საკადასტრო კოდით მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ და ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე ამ ქონების ფ. ნ-ეის სახელზე რეგისტრაციის შესახებ 2021 წლის 4 თებერვლის №... გადაწყვეტილება; შიდა ქართლის რეგიონულ ოფისს დაევალა მხარეთა განცხადებების საფუძველზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოებების განახლება, მოდავე მხარეთა საკუთრებების ადგილზე დათვალიერება, წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზების მონაცემების სისწორის გარკვევა, მათი შესაბამისობა საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებთან და ახალი გადაწყვეტილების მიღება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის მიერ 2021 წლის 11 მაისს განახლდა სარეგისტრაციო წარმოება. იმავე დღეს თ. და ი. ნ-ეების სახელზე თანასაკუთრების უფლებით კვლავ დაუზუსტებელი რეგისტრაციით ... საკადასტრო კოდით აღრიცხა 1 329 მ2 მიწის ნაკვეთი მათ სახელზე არსებული სისტემური რეგისტრაციის მონაცემებზე დაყრდნობით. 2021 წლის 25 მაისს ჩატარდა ადგილზე დათვალიერება მოდავე მხარეთა მონაწილეობით. დათვალიერებისას დადგინდა, რომ ... საკადასტრო კოდით ი. და თ. ნ-ეების სახელზე რეგისტრირებული უძრავი ნივთი სამი მხრიდან მოქცეულია მყარ სასაზღვრო მიჯნაში, გარდა აღმოსავლეთ მხრისა. ეს ნივთი აიზომა მესაკუთრე ი. ნ-ეის მიერ მითითებულ ფიქსირებულ და არაფიქსირებულ საზღვრებში, რასაც სამხრეთი საზღვრის ნაწილში არ დაეთანხმა მომიჯნავე მიწის მფლობელი ვ. ნ-ე და მიუთითა, რომ საზღვარი გავლებული უნდა იყოს მის მფლობელობაში (საკუთრებაში) არსებული სახლის კედლიდან 2,5 მეტრში, რადგან ეს მონაკვეთი მისი საკუთრება იყო.

დადგენილია, რომ თ. და ი. ნ-ეების სახელზე თანასაკუთრების უფლებით ... საკადასტრო კოდით აღრიცხული უძრავი ქონება ჩუქების ხელშეკრულებების საფუძველზე 2021 წლის 10 ივნისს აღირიცხა ფ. ნ-ეის სახელზე (1 266 მ2 ფართით), რომლის შენობა-ნაგებობების ფართის ოდენობების დაზუსტება მოხდა 2021 წლის 8 ივლისს. რეგისტრაციისას გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 22 თებერვლის უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №00021 ოქმი საჯარო რეესტრის მხრიდან გათვალისწინებული არ ყოფილა.

ვ. ნ-ეის განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება კვლავ შეჩერდა იმ საფუძვლით, მის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი არ შეესაბამებოდა ფაქტობრივად ფიქსირებულ საზღვრებს და ადგილი ჰქონდა ზედდებას ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მონაცემებთან. მან კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზით მიმართა საჯარო რეესტრს და მისი, ა. და ლ. ნ-ეების და მ. ლ-ის სახელზე 2021 წლის 6 ივლისს №... საკადასტრო კოდით დაზუსტებული რეგისტრაციით აღირიცხა სისტემური რეგისტრაციით, ვ. და თ. ივ.-ს ასულ ნ-ეების სახელზე, №... საკადასტრო კოდით რიცხული 2 643 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი შენობა-ნაგებობა; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით ვ. ნ-ეის ადმინისტრაციული საჩივარი რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2021 წლის 10 ივნისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია, რომ დღეის მდგომარეობით, ვ. ნ-ეის საკუთრება რეგისტრირებულია იმდაგვარად, რომ მის ჩრდილოეთ საზღვარში ექცევა ი. ნ-ეის სისტემური აღრიცხვით - ე.წ. ყვითელი ფენით (ს/კ ...) რეგისტრირებული სამხრეთით მდებარე მიწის მცირე ნაწილი, ხოლო ფ. ნ-ეის საკუთრების სამხრეთით მდებარე საზღვარში უმნიშვნელოდ ექცევა თ. ნ-ეის სისტემური აღრიცხვით - ე.წ. ყვითელი ფენით (ს/კ ...) რეგისტრირებული ჩრდილოეთით მდებარე მიწის მცირე კონტური ერთ წერტილში. ვ. ნ-ეის მიერ უძრავი ქონების საკადასტრო აზომვითი ნახაზი წარდგენილია იმდაგვარად, რომ შენობა-ნაგებობის ჩრდილოეთი საზღვარი ზუსტად ემთხვევა თ. ნ-ეის სისტემური აღრიცხვით - ე.წ. ყვითელი ფენით (ს/კ ...) რეგისტრირებული ჩრდილოეთით მდებარე მიწის ნაკვეთის საზღვარს (ყვითელი ფენის კონტური მცირედით სცდება ამ საზღვარს ერთ წერტილში).

განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანს გორის რაიონის სოფელ ...ში მდებარე სადავო მიწის ნაკვეთის კუთვნილების დადგენა წარმოადგენს. პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილია ურთიერთგამომრიცხავი მტკიცებულებები და მხარეთა განმარტებები. კერძოდ, მიწის ნაკვეთის სადავო ტერიტორიაზე ვ. ნ-ეის საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად კასატორი ასახელებს თ. ივ.-ს ასულ ნ-ეისა და ი. ვა.-ს ძე ნ-ეის სახელზე არსებული ტექპასპორტებსა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 22 თებერვლის უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №00021 ოქმს, თუმცა ამავე მიწის ნაკვეთთან მიმართებით საპირისპირო ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება სისტემური აღრიცხვით - ე.წ. ყვითელი ფენით, ადგილმდებარეობის დათვალიერებითა და 2021 წლის 25 მაისის სიტუაციური ნახაზით.

საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 22 თებერვლის უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №00021 ოქმის კანონიერების საკითხთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ დათვალიერებაში მონაწილე პირები მოწმის სახით გამოიკითხნენ პირველი ინსტანციის სასამართლოში, სადაც მათ ერთმნიშვნელოვნად არ დაადასტურეს ოქმში მითითებული გარემოებები. კერძოდ, ზ. კ-იმა და ზ. მ-ემ განაცხადეს, რომ მიწის ნაკვეთის იდენტობის დადასტურებისას ისინი ეყრდნობოდნენ თ. ივ.-ს ასულ ნ-ეის სახელზე გაცემული ტექპასპორტს. ამასთან, ადგილზე დათვალიერებას არ დასწრებიან თავად მოდავე მხარეები. ხოლო ა. კ-ემ აღნიშნა, რომ ოქმზე ხელი მოაწერა იმ გარემოების დამადასტურებლად, რომ ვ. ნ-ე ნამდვილად ცხოვრობდა თავის საკუთრებაში არსებულ სახლში.

აგრეთვე გასაზიარებელია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითება ტექპასპორტის იურიდიულ ძალასთან დაკავშირებით. იმის გამო, რომ თ. ივ.-ს ასულ ნ-ეისა და ი. ვა.-ს ძე ნ-ეის სახელზე არსებული ტექპასპორტები გაცემულია საკომლო წიგნიდან ამონაწერის საფუძველზე, არ შეიცავს მხარეთა საკუთრებების ადგილმდებარეობის, კონფიგურაციისა და სხვა მონაცემების ამსახველ მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს. ამასთან, მოძიებული ვერ იქნა ტექპასპორტების საფუძვლად არსებული სააღრიცხვო დოკუმენტაცია. საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ტექპასპორტებში ასახული ინფორმაცია ეწინააღმდეგება სისტემური აღრიცხვის - „ყვითელი ფენის“ მონაცემებს. აგრეთვე, გასათვალისწინებელია, რომ 2021 წლის 25 მაისს ჩატარებული ადგილზე დათვალიერების საფუძველზე შედგენილი ოქმითა და სიტუაციური ნახაზით დასტურდება, რომ ... საკადასტრო კოდით ი. და თ. ნ-ეების სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი სამი მხრიდან, მათ შორის ჩრდილოეთის მხრიდან, საიდანაც ესაზღვრება ვ. ნ-ეის საკუთრებაში არსებული ნაკვეთი, მოქცეულია მყარ სასაზღვრო მიჯნაში. ამდენად, ზემოხსენებული მოცემულობის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად აღნიშნა, რომ უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმში მითითებული გარემოებებისა და სისტემური აღრიცხვის მონაცემების საპირწონედ ვერ იქნებოდა გამოყენებული ტექპასპორტების მონაცემები.

საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1513-ე მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმად, ფიზიკურ პირთა კანონიერ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები, რომლებზედაც ინდივიდუალური სახლებია განლაგებული, სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებიდან ითვლება ამ პირთა საკუთრებად და მათზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექსით უძრავი ნივთებისათვის გათვალისწინებული წესები.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ძალაში შესვლამდე (1997 წლის 25 ნოემბერი) მოქმედი ,,საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სსრ 1964 წლის 26 დეკემბრის კანონის 93-ე მუხლის თანახმად, მიწა წარმოადგენდა სახელმწიფოს საკუთრებას და იგი გაიცემოდა მხოლოდ სარგებლობისათვის. ახალმა სამოქალაქო კოდექსმა ის მიწა გამოაცხადა ფიზიკურ პირთა საკუთრებად, რომელზედაც საცხოვრებელი სახლი იდგა. ასეთ დროს პრაქტიკაში ხშირი იყო შემთხვევა, როდესაც მიწის ნაკვეთის მოსარგებლეები თანხმდებოდნენ, რომელი მიწის ნაკვეთით ესარგებლათ, ამავდროულად, მიწის ნაკვეთი ღობით ან მყარი ნაგებობით ჰქონდათ გამიჯნული. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარგებლეს საკუთრების უფლება წარმოეშობოდა მიწის ნაკვეთის მხოლოდ იმ ნაწილზე, რაც შეთანხმებულ სარგებლობაში იყო ახალი სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე.

საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მხარეებს წლების განმავლობაში განსაზღვრული ჰქონდათ მიწის სარგებლობის წესი, რომელიც გამიჯნული იყო მყარი სასაზღვრო მიჯნით, რაც ადგილზე დათვალიერებითაც დადასტურდა. გარდა ამისა, საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილია საჯარო რეესტრში დაცული სისტემური რეგისტრაციის ე.წ. ყვითელი ფენის“ მონაცემები, რომლის პარამეტრებიც ი. ნ-ეის კუთვნილი უძრავი ქონების დღევანდელ ფაქტობრივ მდგომარეობას ემთხვევა.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი და კასატორის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უპერსპექტივოა, მოცემული საქმე სასამართლო პრაქტიკისთვის არ არის პრინციპული მნიშვნელობის და სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო საჩივარს პალატა მიიჩნევს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ. ნ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 02 ივნისის განჩინება;

3. ვ. ნ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 23.06.2023წ. №17572708208 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა