№ბს-1141(2კ-23) 3 ოქტომბერი, 2024 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ა. ბ-ეის, ც. ბ-ეის, რ. ბ-ეის, გ. ბ-ეისა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ა. ბ-ემ სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 28 მაისის №03/8517 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; ბ) დაევალოს მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ქმედების განხორციელება, კერძოდ, მოსარჩელისთვის, როგორც იძულებით გადაადგილებული პირისთვის - დევნილისთვის, მის მიერ დაკავებული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბინის მდებარე - ქ. ახალციხე, ...ს ქუჩა №... (ყოფილი №...), სართული ..., №..., (საკადასტრო კოდი ...) საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემა და აღნიშნული მიზნით, შესაბამისად პროცედურების განხორციელება.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 5 ივლისის განჩინებით საქმეში მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მესამე პირებად ჩართულ იქნენ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, ც. ბ-ე, გ. ბ-ე და რ. ბ-ე.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 2 სექტემბრის განჩინებით ა. ბ-ეის სარჩელი, მოპასუხე - სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, მესამე პირების - ც. ბ-ეის, გ. ბ-ეის, რ. ბ-ეის, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის და ქმედების განხორციელების დავალდებულების თაობაზე, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებით ა. ბ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 28 მაისის №03/8517 ბრძანება და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებელით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ. ამავე გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით შეგებებული სააპელაციო საჩივარი იქნა წარდგენილი ა. ბ-ეის, ც. ბ-ეის, რ. ბ-ეისა და გ. ბ-ეის მიერ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 ივლისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი და ა. ბ-ეის, ც. ბ-ეის, რ. ბ-ეის, გ. ბ-ეის შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ა. ბ-ეის, ც. ბ-ეის, რ. ბ-ეის, გ. ბ-ეისა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
4.1 სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო აღნიშნავს, რომ სასამართლო დაეყრდნო მოსარჩელის ზეპირ ახსნა-განმარტებას, მხედველობაში არ მიიღო სააგენტოს მიერ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოება და ის უმნიშვნელოვანესი ფაქტი, რომ დევნილი ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართის დაკანონებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს დევნილი ოჯახის მითითებულ მისამართზე რეგისტრაცია.
კასატორის განმარტებით, ა. ბ-ეის 2021 წლის 12 აპრილის №19451 შუამდგომლობის საფუძველზე მოსარჩელის ოჯახი ითხოვდა მათ მიერ თვითნებურად დაკავებული საცხოვრებელი ფართის, მდებარე ქ. ახალციხე ...ს ქ. №..., საკუთრებაში გადაცემას. მხარეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განემარტა, რომ დევნილთა განსახლების საკითხებს არეგულირებს სპეციალური კანონი. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება ოჯახს დაკავებული აქვს თვითნებურად, არამართლზომიერად, რაც მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენს ხელშემშლელ ფაქტორს მათი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების საკითხის განხილვის პროცესში. მათ უნდა გამოათავისუფლონ აღნიშნული ბინა, შეავსონ განაცხადი და მინიჭებული ქულების გათვალისწინებით სააგენტო განახორციელებს მათ საცხოვრებლით უზრუნველყოფას. კომისია ვერ განიხილავს მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი განსახლების საკითხს, ვინაიდან ოჯახი ცხოვრობს თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრებაში. მათ შესაძლებლობა აქვთ, სხვა მუნიციპალიტეტშიც მოითხოვონ ბინით დაკმაყოფილება, ასევე შესაძლებელია, ისარგებლონ ე.წ. „სოფლად სახლის პროგრამით“, რომლის ფარგლებშიც კომისია განიხილავს მათ განაცხადს და დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ოჯახის სულადობის გათვალისწინებით, 28000 (ოცდარვა ათასი) ლარის ფარგლებში შეისყიდის საცხოვრებელ სახლს. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო დევნილი პირის/დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის გადაწყვეტილებას იღებს კანონით განსაზღვრული წესით, არსებული კრიტერიუმებისა და ქულათა სისტემის საფუძველზე. ამასთან, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა ხორციელდება მართლზომიერ მფლობელობაში არსებული, სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებული, საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემის გზით. მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართის მართლზომიერ მფლობელობაში არქონის ფაქტი. შესაბამისად, მასზე დაკანონების პროცედურა ვერ განხორციელდება.
კასატორი აღნიშნავს, რომ დამატებით ა. ბ-ეის ოჯახმა მოითხოვა მათთვის საცხოვრებელი ფართის გადაცემის საკითხის განხილვისას, იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემის (დაკანონების) საკითხების განმხილველი კომისიის სხდომაზე დასწრება. ვინაიდან იმ პერიოდისათვის კომისიის სხდომა ჩანიშნული არ იყო, სააგენტოს ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, საქმის არსებითი გარემოებების წინასწარ დეტალურად გაცნობის მიზნით ჩატარებულიყო ზეპირი მოსმენა დაინტერესებული პირის მონაწილეობით, რათა ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხთან დაკავშირებით სრული და ამომწურავი ინფორმაცია ჰქონოდა. ზეპირი მოსმენისას მოსარჩელემ განმარტა, რომ მისი ოჯახი არის დევნილი ქ. გაგრიდან. 28 წელია ცხოვრობს ოჯახთან ერთად ახალციხეში. ამასთან, მრავალი წელი ცხოვრობდნენ ქირით. 2016 წელს ოჯახმა თვითნებურად დაიკავა საცხოვრებელი ბინა მდებარე ქ. ახალციხე, ...ს №.... მოსარჩელის და მისი ოჯახის მოთხოვნას წარმოადგენს, სწორედ ზემოაღნიშნული საცხოვრებელი ფართი გადაეცეთ საკუთრებაში. მითითებულ მისამართზე 2021 წლის 12 მარტს შეივსო დანართი №3, სადაც აღნიშნულია ოჯახის შემადგენლობა. მოსარჩელეს ჰყავს ძმა ტ. ბ-ეე, რომელიც ცხოვრობს ახალციხეში, სოფელ ...ში თავის საკუთრებაში. ასევე, მოსარჩელეს ჰყავს სამი და, მათგან ერთი - რ. ბ-ე ცხოვრობს ზემოაღნიშნულ მისამართზე, ლ. ბ-ე დაოჯახებულია და ცხოვრობს სვანეთში, ნ. ბ-ე ოჯახთან ერთად ცხოვრობს თბილისში.
კასატორის განმარტებით, საჯარო რეესტრის ამონაწერების მიხედვით ირკვევა, რომ მოსარჩელის სახელზე ფიქსირდება უძრავი ქონება, კერძოდ: ა) ახალციხე, სოფელი ... 7504 კვ.მ ფართი; ბ) ახალციხე, ... 6246 კვ.მ; გ) ახალციხე, ს. ... 2429.69 კვ.მ, რომელზეც პირადი განცხადების საფუძველზე (მესაკუთრის განცხადება, დამოწმების თარიღი 14/11/2016) გაუქმებული აქვს რეგისტრაცია. მოსარჩელის საკუთრებას წარმოადგენს ასევე, ახალციხეში ს. ...ში, ...ში მდებარე უძრავი ქონება 1500 კვ.მ. მოსარჩელის დედის - გ. ბ-ეის სახელზე ფიქსირდება უძრავი ქონება მდებარე, ახალციხე, ს. .... რაც შეეხება მხარის მოთხოვნას ქმედების განხორციელების თაობაზე, რაც გულისხმობს მათი ოჯახისათვის უძრავი ქონების მდებარე ახალციხე, ...ს ქ. №... (№...) საკუთრებაში გადაცემას, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, უძრავი ქონების მესაკუთრეა სახელმწიფო. საცხოვრებლით უზრუნველყოფა მხოლოდ ქმედების განხორციელებით არ შემოიფარგლება და მას წინ უძღვის ინდივიდუალური ადმინისტრაცულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რაც ამ შემთხვევაში არ არის დაცული. სარჩელი ქმედების განხორციელების მოთხოვნით შეიძლება აღიძრას სასამართლოში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ასეთი სახის ქმედება არ საჭიროებს აქტის გამოცემას. ქმედების განხორციელებისას საკითხის მომწესრიგებელი აქტები სააგენტოს ავალდებულებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოქმედების განხოციელებისაგან თავის შეკავებას მოსარჩელის კანონიერი უფლების ან ინტერესისათვის პირდაპირი და უშუალო ზიანი არ მიუყენებია. გარდა იმისა, რომ ზემოაღნიშნული უძრავი ქონება სახელმწიფოს საკუთრებაა, მოსარჩელეს, რომ გადაეცეს სადავო ქონება, მის სახელზე სააგენტოს დირექტორის მიერ გამოცემული უნდა იყოს ბრძანება საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე და მას შევსებული უნდა ჰქონდეს განაცხადი დადგენილი წესის შესაბამისად.
4.2. კასატორები - ა. ბ-ე, ც. ბ-ე, რ. ბ-ე და გ. ბ-ე აღნიშნავენ, რომ ისინი 1992 წლიდან არიან დევნილები და ამ დროიდან, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, გარდა დევნილის შემწეობისა, სახელმწიფოსგან რაიმე ფულადი ან მატერიალური დახმარება არ მიუღიათ. ა. ბ-ეის ორი და და ერთი ძმა, რომლებიც მისი ოჯახის შემადგენლობაში არ არიან და არც წინამდებარე დავაში არ მონაწილეობენ, არასდროს არ დაკმაყოფილებულან საცხოვრებელი ფართით ან ფულადი კომპენსაციით სახელმწიფოსგან. ა. ბ-ესა და მის ოჯახს, სადაო ბინის დაკავებამდე, საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე განაცხადი ჰქონდათ შევსებული, რაზედაც უარი ეთქვათ. მოცემულ შემთხვევაში, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო უფლებამოსილი იყო განეხილა თვითნებურად დაკავებული ბინის ა. ბ-ეისა და მისი ოჯახისთვის საკუთრებაში გადაცემის საკითხი, რაც არ განახორციელა. ადმინისტრაციული ორგანო დისკრეციული უფლებამოსილების საფუძვლით დაუსაბუთებლად ზღუდავს კასატორების უფლებებს. სააგენტოს 2021 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება ბინის საკუთრებაში გადაცემაზე უარის თქმის თაობაზე მხოლოდ იმ გარემოებას ეფუძნება, რომ მოსარჩელის ოჯახს ბინა თვითნებურად აქვს დაკავებული. ამავდროულად მოპასუხე არ ითვალისწინებს, რომ წარსულში არაერთი ფაქტი იყო, როდესაც დევნილებს თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბინები გადაეცათ. თუ მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებას თვითნებურად დაკავების ფაქტი უშლის ხელს, შესაძლებელი იყო ბინის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემა და შემდეგ დაკანონება. 2021 წლის 22 აპრილს გამართულ ადმინისტრაციული წარმოების სხდომის ოქმში მითითებულია, რომ ზეპირი მოსმენისას მიღებული ინფორმაცია წარედგინება იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის (დაკანონების) საკითხის განმხილველ კომისიას, რომელიც დამატებით იმსჯელებდა ამ საკითხზე, თუმცა საყურადღებოა, რომ კომისიას აღნიშნულის საკითხი არ განუხილავს.
კასატორები მიიჩნევენ, რომ, ვინაიდან, საქმეში მესამე პირად ჩაბმულია სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, არსებობდა სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების საფუძველი - მოპასუხეს უნდა დავალებოდა ა. ბ-ეისთვის (ოჯახის წევრების გათვალისწინებით) სადავო ბინის საკუთრებაში გადაცემა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა. ბ-ეის, ც. ბ-ეის, რ. ბ-ეის, გ. ბ-ეისა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ბ-ეის, ც. ბ-ეის, რ. ბ-ეის, გ. ბ-ეისა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს. სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) მოსარჩელე ა. ბ-ე არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელზეც გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა (სარეგისტრაციო №...) (ტ.1, ს.ფ 41); ა. ბ-ესთან ერთად, ერთი სარეგისტრაციო ნომრით (სარეგისტრაციო №...) რეგისტრირებულნი არიან რ. ბ-ე (და), გ. ბ-ე (დედა), რომლებიც ასევე წარმოადგენენ დევნილ პირებს (ტ.1, ს.ფ. 43); ა. ბ-ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ც. ბ-ესთან, 2013 წლის 28 ნოემბრიდან (ტ.1, ს.ფ 42); იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის თანახმად, ა. ბ-ე იძულებით გადაადგილებამდე მუდმივად ცხოვრობდა აფხაზეთში, გაგრა, შ. ...ს №...-ში. რეგისტრაციის მისამართად მითითებულია სამცხე-ჯავახეთი, ახალციხე, სოფელი ... (ტ.1, ს.ფ 41); 2021 წლის 26 ივნისის სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზიდან ამონაწერის თანახმად, მოსარჩელე ა. ბ-ე, გ. ბ-ე, ც. ბ-ე და რ. ბ-ე რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველთა ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. მათ საცხოვრებელ მისამართად მითითებულია ახალციხის რაიონი, ...ს ქუჩა, კორპუსი ..., ბინა №... (ტ.1, ს.ფ 49); ქალაქ ახალციხის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ 2022 წლის 18 თებერვალს გაცემული ცნობის თანახმად, ა. ბ-ეის ოჯახის წევრები არიან: თავად ა. ბ-ე, მისი მეუღლე - ც. ბ-ე, და - რ. ბ-ე და დედა - გ. ბ-ე. ა. ბ-ე ფაქტობრივად ცხოვრობს ქალაქ ახალციხეში, შ. ...ს ქუჩა №..., ბინა №...-ში (რომელიც არ არის რეგისტრირებული ოჯახის სახელზე) (ტ.3, ს.ფ 4); ბ) 2021 წლის 16 თებერვალს, ა. ბ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და მოითხოვა მის მიერ დაკავებული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქ. ახალციხეში, ...ს ქუჩა №... (ყოფილი №...), სართული 3, №...-ში მდებარე ბინის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემა (საკადასტრო კოდი - ...) (ტ.1, ს.ფ 27-31); ზემოაღნიშნული განცხადების საფუძველზე, 2021 წლის 12 მარტს სააგენტოს მიერ მონიტორინგი განხორციელდა მისამართზე ქ. ახალციხე, ...ს ქუჩა №... (ყოფილი №...). მონიტორინგის ფორმის თანახმად, ოჯახის წევრები არიან - ა. ბ-ე, რ. ბ-ე (და), ც. ბ-ე (მეუღლე) და გ. ბ-ე (დედა). აღნიშნული ფართი ოჯახს დაკავებული აქვს დაახლოებით 5 წელია, იქამდე ცხოვრობდა მარტვილში. ნაქირავებ ბინაში. ა. ბ-ე რეგისტრირებულია მისამართზე სოფელი ... - ძმის ტ. ბ-ეის ბინაში, რომელიც არ არის დაოჯახებული და ცხოვრობს სოფ. ...ში. ფართი ა. ბ-ეს დაკავებულ აქვს თვითნებურად და სურს დაკანონება (ტ.1, ს.ფ. 96-97); გ) 2021 წლის 22 აპრილს, ა. ბ-ეის შუამდგომლობის განხილვის თაობაზე, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში ჩატარდა ზეპირი მოსმენა. სხდომის ოქმის თანახმად, სხდომაზე გამოცხადებულმა ა. ბ-ემ განმარტა, რომ ის და მისი ოჯახი დევნილია ქ. გაგრიდან. 28 წელია ცხოვრობს ქ. ახალციხეში, 2013 წელს დაოჯახდა. 2014 წელს, მან, მეუღლესთან ერთად, შეავსო საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადი, თუმცა, როგორც აცნობეს სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამმართველოში, დაბალი ქულის გამო, იმ ეტაპზე ვერ დაკმაყოფილდა საცხოვრებელი ფართით. შემდგომ პერიოდში, მუდმივად ჰქონდა იმედი, რომ ქ. ბორჯომში ან ქ. ხაშურში მაინც მიიღებდნენ საცხოვრებელ ფართს. ამ მოლოდინის საფუძველს აძლევდნენ სააგენტოს რეგიონული სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც მუდმივად აიმედებდნენ, რომ მათი საბინაო საკითხი უახლოეს მომავალში გადაწყდებოდა. ასევე, წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ ქირით, ხშირად იცვლიდნენ საცხოვრებელ ბინას, თუმცა, დღემდე სახელმწიფოს მათი ოჯახისთვის საკუთრებაში არაფერი გადაუცია. 2016 წელს, გაუსაძლისი ოჯახური მდგომარეობის გამო, ოჯახმა მიიღო გადაწყვეტილება, თვითნებურად დაეკავებინათ სახელმწიფოს მიერ ქ. ახალციხეში დევნილთათვის რეაბილიტირებულ შენობაში არსებული ერთ-ერთი ბინა, რომელიც დღემდე სახელმწიფო საკუთრებაა. მათ, თავისი ხარჯებით, მოაწესრიგეს ფართი და დღემდე ცხოვრობენ იქ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე, მათ ოჯახს, ბინით დაკმაყოფილებისთვის მინიჭებული აქვს ქულათა საკმარისი ოდენობა, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა მათი ოჯახისთვის არ განხორციელებულა. მათი მოთხოვნაა, სწორედ ეს საცხოვრებელი ბინა გადაეცეს ოჯახს საკუთრებაში. ამჟამად ამ ფართში ცხოვრობენ ასევე ა. ბ-ეის მოხუცებული დედა და და. ძმას აქვს თავისი ხარჯით აშენებული სახლი სოფელ ...ში და მათი მოსაზრებით, სწორედ ამ სახლის არსებობაა ხელშემშლელი ფაქტორი გრძელვადიანი განსახლების საკითხში. სხდომაზე გამოცხადებული ც. ბ-ეის განმარტებით, მათ ძალიან რთულ საყოფაცხოვრებო პირობებში უწევთ ყოფნა, ვინაიდან ვერ ხერხდება კომუნალური მომსახურების აბონენტად მათი ოჯახის დარეგისტრირება, დღემდე არ აქვთ გაზი და ელექტროენერგია. არიან სოციალურად დაუცველები, არ გააჩნიათ ფინანსური შემოსავალი, ოჯახის წევრებს აქვთ ასევე ჯანმრთელობის პრობლემები. ც. ბ-ემ ასევე აღნიშნა, რომ 2019 წელს სააგენტოს თანამშრომლები იმყოფებოდნენ მონიტორინგზე მათთან, შეისწავლეს ოჯახის მდგომარეობა, კონსულტაცია გაუწიეს ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ჩართვასთან დაკავშირებულ საკითხზე, თუმცა, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, მაინც ვერ მოხერხდა ამ პრობლემის მოგვარება, ვინაიდან ფართი არ ფიქსირდებოდა ამ ოჯახის საკუთრებად. 2020 წლამდე, მეზობლის ნებართვით, სარგებლობდნენ მათგან გადმოყვანილი ელექტროენერგიით, ხოლო მას შემდგომ, რაც იმ ბინაში გადმოვიდნენ საცხოვრებლად მესაკუთრეები, ეს შესაძლებლობაც აღარაა და ფაქტობრივად, მთელი ზამთრის პერიოდი, სიცივესა და ყინვაში გაატარეს. ა. ბ-ემ ასევე განმარტა, რომ მათი ოჯახური პირობების გათვალისწინებით, სააგენტომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და მათ მიერ თვითნებურად დაკავებული ფართი გადასცეს საკუთრებაში, ვინაიდან იგი წლების განმავლობაში იქ ცხოვრობს, ამ ბინის მოსაწყობად დახარჯული აქვს ფინანსური რესურსი და მისი მოსაზრებით, სამართლიანი იქნება ამ ფართის მისი ოჯახისთვის გადაცემა, მით უფრო, რომ ქულათა ოდენობის გათვალისწინებით, სააგენტომ მაინც უნდა გადასცეს გრძელვადიანი ფართი. მისი მოთხოვნაა, სწორედ დაკავებული ფართი დაუკანონდეს მის ოჯახს. ამავე სხდომაზე ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელმა, გ. ტ-იმა განმარტა, რომ ყველა დევნილი ოჯახი, სამართლებრივი რეგულაციების დაცვით კმაყოფილდება საცხოვრებელი ფართით და გამონაკლისის დაშვება არ ხდება. მონიტორინგის სამსახური, თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას, ადგილზე სწავლობს კონკრეტული ოჯახის მდგომარეობას და არსებულ ინფორმაციას წარუდგენს სააგენტოს. ამავე სხდომაზე, მ. კ-იმა (სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი) განმარტა, რომ ა. ბ-ეის მიერ თვითნებურად დაკავებული ბინა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონებაა, რაც სააგენტოსათვის ხელშემშლელი ფაქტორია მათი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების საკითხის განხილვის პროცესში. შესაბამისად, მათ უნდა გამოათავისუფლონ აღნიშნული ბინა, შეავსონ განაცხადი და მინიჭებული ქულების გათვალისწინებით განხორციელდება მათი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა. კომისია ვერ განიხილავდა მათი ოჯახის გრძელვადიანი განსახლების საკითხს, ვინაიდან ოჯახი ცხოვრობს თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ფართში (ტ.1, ს.ფ 150-153); სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 28 მაისის №03/8517 გადაწყვეტილებით ა. ბ-ეის განცხადება არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილების თანახმად, ა. ბ-ეის ოჯახმა 2016 წელს, ნებართვის გარეშე, დაიკავა ქალაქ ახალციხეში ...ს ქ. №...-ში მდებარე საცხოვრებელი ფართი. შესაბამისად, აღნიშნული ფართი არ არის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემული, რაც წარმოადგენს დამაბრკოლებელ გარემოებას ამავე საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემისათვის. დევნილი პირის/ დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის გადაწყვეტილება მიიღება კანონით განსაზღვრული წესით, არსებული კრიტერიუმებისა და ქულათა სისტემის საფუძველზე. დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ასევე, ხორციელდება მართლზომიერ მფლობელობაში არსებული, სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებული, საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემის გზით. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართის მართლზომიერ მფლობელობაში არქონის ფაქტი. შესაბამისად, აღნიშნულ ფართზე დაკანონების პროცედურები ვერ გავრცელდება. შესაბამისად, არ არსებობს ა. ბ-ეის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, ქალაქ ახალციხეში, ...ს ქ. №...-ში მდებარე საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით. ა. ბ-ეის განცხადება საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე შესაძლებელია განხილულ იქნას „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №30 ბრძანებით განსაზღვრული პროცედურებით (ტ.1, ს.ფ 154-155); დ) საჯარო რეესტრის 2021 წლის 22 ივნისს ამონაწერის თანახმად, ს/კ ... უძრავ ქონებაზე, მდებარე ახალციხე, შოთა ...ს ქუჩა №..., სართული 3, ბინა №... (58.66 კვ.მ) რეგისტრირებულია სახელმწიფო საკუთრება (ტ.1, ს.ფ 159-160). საჯარო რეესტრის 2012 წლის 15 აგვისტოს ამონაწერის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე, მდებარე ახალციხე, სოფელი ..., ს/კ ..., რეგისტრირებულია ა. ბ-ეის საკუთრების უფლება (ტ.1, ს.ფ 165-166). საჯარო რეესტრის 2016 წლის 17 ნოემბრის ამონაწერის თანახმად, საკადასტრო კოდზე ... რეგისტრაცია, მესაკუთრის განცხადების საფუძველზე გაუქმებულია (ტ.1, ს.ფ 161-162). საჯარო რეესტრის 2017 წლის 9 ნოემბრის ამონაწერის თანახმად, ს/კ ..., სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე, მდებარე ახალციხე, სოფელი ..., ...ში, რეგისტრირებულია ა. ბ-ეის საკუთრების უფლება, ფართობი 1500 კვ.მ. (ტ.1, ს.ფ 157-158). საჯარო რეესტრის 2016 წლის 19 დეკემბრის ამონაწერის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, მდებარე ახალციხის რაიონი, სოფ. ..., ...ი, ს/კ ..., რეგისტრირებულია ა. ბ-ეის საკუთრებად (ტ.1, ს.ფ 163-164). საჯარო რეესტრის 2012 წლის 15 აგვისტოს ამონაწერის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე, მდებარე ახალციხის რაიონი სოფელი ..., ს/კ ..., რეგისტრირებულია გ. ბ-ეის საკუთრება (უფლების დამდგენი დოკუმენტი - საკომლო წიგნის ჩანაწერები და პირადი განცხადება) (ტ.1, ს.ფ 169-170). საჯარო რეესტრის 2012 წლის 15 აგვისტოს ამონაწერის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე, მდებარე ახალციხის რაიონი, სოფელი ..., ს/კ ..., რეგისტრირებულია ა. ბ-ეის საკუთრება (უფლების დამდგენი დოკუმენტი - საკომლო წიგნის ჩანაწერები და პირადი განცხადება) (ტ.1, ს.ფ 167-168). საჯარო რეესტრიდან 2007 წლის 3 ოქტომბრის ამონაწერის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე მდებარე სოფელ ..., ახალციხე, სექტორი - ..., კვარტალი ..., ნაკვეთი ..., ფართი - 1547,45 კვ.მ რეგისტრირებულია ტ. ბ-ეის საკუთრების უფლება. უფლების დამდგენი დოკუმენტია სამკვიდრო მოწმობა (ტ.1, ს.ფ 48).
საკასაციო პალატა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტსა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, კერძოდ, ის სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მთავარი მიზანი დევნილებთან მიმართებით მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიიღოს.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებულია „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ (დანართი №1), რომლის მეორე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა.
აღნიშნული წესის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2021 წლის 16 თებერვალს, ა. ბ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და მოითხოვა მის მიერ დაკავებული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქ. ახალციხეში, ...ს ქუჩა №... (ყოფილი №...), სართული 3, №...-ში მდებარე ბინის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემა. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისე იქნა მიღებული გადაწყვეტილება მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, რომ სრულყოფილად არ გამოკვლეულა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და გადაწყვეტილება არ მიღებულა მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მოპასუხე მხარეს არ გაუთვალისწინებია, რომ ა. ბ-ეის ოჯახის მიზანს წარმოადგენდა დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფა. შესაბამისად, მოპასუხე მხარეს, როგორც დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, სრულყოფილად უნდა დაედგინა აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობების არსებობა-არარსებობის საკითხი და ისე მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება. აღნიშნულის საპირისპიროდ ადმინისტრაციული ორგანო სრულად დაეყრდნო ა. ბ-ეის განცხადების ფორმულირებას და გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ ქალაქ ახალციხეში ...ს ქ. №...-ში მდებარე საცხოვრებელი ფართი არ იყო მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემული, რაც წარმოადგენდა დამაბრკოლებელ გარემოებას ზემოაღნიშნული საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემისათვის.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ა. ბ-ეის, ც. ბ-ეის, რ. ბ-ეის და გ. ბ-ეის შედავებაზე, რომ საცხოვრებელ კორპუსში, რომელშიც ითხოვენ მათ მიერ დაკავებული ბინის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემას, სხვა დევნილებს დაუკანონდათ ბინები. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 30 ოქტომბრის №ბს-308-304(2კ-14) განჩინებაში გაკეთებულ განმარტებაზე, რომლის მიხედვითაც: „ვინაიდან იძულებით გადაადგილებული პირები საკუთარი ქვეყნის საზღვრებში ცხოვრობენ და საკუთარი მთავრობის იურისდიქციის ქვეშ იმყოფებიან, მათი დაცვისა და დახმარების უზრუნველყოფის ვალდებულება უმთავრესად მათ ეროვნულ ხელისუფლებას ეკისრება. სახელმწიფო და დევნილი პირები განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმში იმყოფებიან. სახელმწიფოს სხვა, დამატებითი ვალდებულებები აქვს აღებული აღნიშნული პირების მიმართ. დევნილთა სფეროში არსებული სამართლებრივი აქტები დევნილთა მიმართ სახელმწიფოს უმთავრეს ვალდებულებად დევნილებისათვის გარკვეული სამართლებრივი, ეკონომიკური და სოციალური გარანტიების შექმნას, მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვასა და სახელმწიფოს მხრიდან მათი დაცვისა და დახმარების ვალდებულებების შესრულებას განსაზღვრავს. ამდენად, სახელმწიფო მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოფდეს დევნილთა უფლებების დაცვასა და მათ წინაშე აღებული ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულებას. გასათვალისწინებელია, რომ სახელმწიფომ მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესაბამისად უნდა იზრუნოს დევნილთა ადეკვატური საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე და დევნილთა ბინით უზრუნველყოფა სახელმწიფოს მხრიდან ფორმალურ ხასიათს არ უნდა ატარებდეს. ამასთან, სახელმწიფოს ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს დევნილთა მიმართ არათანასწორი მიდგომა, იდენტურ სამართლებრივ პირობებში მყოფი პირები არ შეიძლება აღმოჩნდნენ განსხვავებულ მდგომარეობაში“. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან იმავე საცხოვრებელ კორპუსში დევნილების საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის გამოკვლევა, რაც საქმის განხილვის მიმდინარე ეტაპზე შეუძლებელს ხდის სასამართლოს მიერ იმ გარემოების დადგენის შესაძლებლობას სადავო გადაწყვეტილებით ა. ბ-ე აღმოჩნდა თუ არა განსხვავებულ მდგომარეობაში იდენტურ სამართლებრივ პირობებში მყოფ დევნილებთან მიმართებით.
რაც შეეხება ა. ბ-ეის, ც. ბ-ეის, რ. ბ-ეის და გ. ბ-ეის შედავებას, რომ არსებობდა სარჩელის სრულად დაკმაყოფილების საფუძვლები, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს იგი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან საქმის გარემოებების გამოკვლევისა და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შეუძლებლობა. „..საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული საკითხი მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება..“ (სუს 13.12.2018წ. №ბს-681-681(კ-18) გადაწყვეტილება). ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დადგენას საჭიროებს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, სასამართლო აღნიშნულ ეტაპზე მოკლებულია საკითხის არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობას. შესაბამისად, მართებულია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა დასკვნა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობისა და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ მოპასუხისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
სახეზე არ არის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრებს მიიჩნევს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. ბ-ეის, ც. ბ-ეის, რ. ბ-ეის, გ. ბ-ეისა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 ივლისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე