საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე Nბს-319(კ-24) 29 ოქტომბერი, 2024 წელიქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს გენერალური პროკურატურა
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - გ.მ-ე
მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 ნოემბრის მაისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ იგ.მ-ემ 2022 წლის 1 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ და მოითხოვა საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის უკანონო მსჯავრდებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის გამო მიყენებული მატერიალური ზიანის სახით 16715.60 (სისხლის საქმეზე გაღებული საადვოკატო ჰონორარის) ლარის, მორალური ზიანის სახით 100 000 ლარის, ასევე ადვოკატის მომსახურების ხარჯის 2 000 ლარისა და ფსიქოლოგიური კვლევის ჩატარების ხარჯის 750 ლარის დაკისრება.
სარჩელის მიხედვით, გ.მ-ეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 3 თებერვლის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახედ შეეფარდა პატიმრობა, რომელიც 2020 წლის 18 სექტემბრის განჩინებით გაუქმდა და განთავისუფლდა სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან, ხოლო 2021 წლის 30 მარტს გ.მ-ე წარდგენილ ბრალდებაში სრულად გამართლდა. 2021 წლის 30 მარტის გამამართლებელი განაჩენი 2021 წლის 17 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ დატოვა უცვლელი (საქმე N1/1254-20). გ.მ-ემ საპატიმრო დაწესებულებაში დაჰყო 231 დღე, რითაც მას და მის ოჯახს მიადგა დიდი ოდენობით ზიანი, თავად გ.მ-ემ კი განიცადა დიდი მორალური ზიანი და დღემდე არ არის სრულყოფილად რეაბილიტირებული. აღსანიშნავია ის სამწუხარო ფაქტი, რომ გ.მ-ეს ჰყავს 24 წლის ვაჟი გარდაცვლილი - გი.მ-ე, რომლის გამოც ის, მისი მეუღლე და დედა ხშირად იმყოფებიან სასაფლაოზე. მოსარჩელე სასამართლო პროცესების განმავლობაში ითხოვდა შვილის სასაფლაოზე გასვლას. ჰყავს მცირეწლოვანი შვილიშვილი, რომელიც ერთადერთი ვაჟის დანატოვარია და რომელთან კომუნიკაციაც შეეზღუდა უკანონო პატიმრობის გამო, რაც მას უდიდეს ტანჯვას აყენებდა, ხანში შესული დედა, რომელიც მასთან ერთად ცხოვრობდა და მეუღლე, რომლის ერთადერთი ნუგეში იყო უკანონოდ დაპატიმრებული გ.მ-ე.
თავად გ.მ-ეს და ოჯახს მიადგა მორალური ზიანი, მაშინ როდესაც დაკავების მომენტში ადგილზე მობილიზებულმა ჟურნალისტებმა გაასაჯაროვეს გ.მ-ის დაკავების და ჩხრეკის ფაქტი, შეილახა რა მისი საქმიანი და პიროვნული რეპუტაცია. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ გ.მ-ე თავის ნათესავ ი.ი-სთან ერთად ეწეოდა სოფლის მეურნეობის საქმიანობას სოფელ ...ში, საიდანაც ოჯახს ჰქონდა შემოსავალი. ხსენებულ საქმიანობაში თვეში დაახლოებით იღებდა 1500 ლარს. მას შემდეგ, რაც 2018 წლის 01 თებერვალს მოხვდა პენიტენციურ დაწესებულებაში, მან დაკარგა აღნიშნული შემოსავალი, რითაც გ.მ-ეს და მის ოჯახს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
ხსენებული საქმის სასამართლოში განხილვის დროს გ.მ-ე თავისი უფლებების დასაცავად იძულებული იყო აეყვანა ადვოკატი, რისთვისაც მას დასჭირდა დამატებითი ხარჯის გაღება, ხოლო ფსიქოლოგიური მდგომარეობის შეფასებისთვის ჩატარებული კვლევისთვის მან ა(ა)იპ ...ას გადაურიცხა 750 (შვიდას ორმოცდაათი) ლარი. გარდა ზემოხსენებული ხარჯებისა, გ.მ-ის ოჯახს მოუწია დამატებითი ხარჯის გადახდა მისი პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის დროს ელემენტარული ცხოვრების პირობების შესაქმნელად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 4 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით გ.მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე საქართველოს გენერალურ პროკურატურას მოსარჩელე გ.მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის სახით - 10 000 (ათი ათასი) ლარის ანაზღაურება, მატერიალური ზიანის სახით - 10 000 (ათი ათასი) ლარის ანაზღაურება; საქართველოს გენერალურ პროკურატურას მოსარჩელე გ.მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ადვოკატის მომსახურების ხარჯის - 1 000 (ათასი) ლარისა და ფსიქოლოგიური კვლევის ჩატარების ხარჯის ანაზღაურება 750 ლარის ოდენობით; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ მოსარჩელის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიებებისა და სისხლის საქმეზე გამამართლებელი განაჩენის გასაჩივრებით გამოწვეული ხანგრძლივობის გათვალისწინებით გონივრულად მიიჩნია 10 000 ლარის სახით მორალური ზიანის მოპასუხისათვის დაკისრება.
სასამართლომ მატერიალური ზიანის სახით სისხლის საქმეზე ადვოკატის ხარჯი ნაწილობრივ (10 000 ლარი ) დააკმაყოფილა, იმ საფუძვლით, რომ ჰონორარის შესახებ წარმოდგენილი იყო მხოლოდ ხელშეკრულებები 15 000 ლარის ოდენობით ხარჯის გაღების შესახებ, თუმცა გადახდის დამადასტურებელი ქვითრები არ იყო საქმეზე წარმოდგენილი, შესაბამისად გონივრულად ჩათვალა 10 000 ლარის დაკისრება, ხოლო ადმინისტრაციულ საქმეზე ადვოკატის ხარჯის 2000 ლარის მოთხოვნა ასევე ნაწილობრივ დააკმაყოფილა, მოპასუხეს დააკისრა 1000 ლარის ანაზღაურება, რადგან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ფსიქოლოგიური კვლევის ხარჯი - 750 ლარის ოდენობით დადასტურებულად მიიჩნია და დააკმაყოფილა. სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი ა(ა)იპ „...ის“ ფსიქოლოგების ფსიქოლოგიური მდგომარეობის შეფასებით, შესწავლილ იქნა პაციენტის პიროვნული, ემოციური და კოგნიტური სფერო. საქმეში წარმოდგენილი N129087551 საგადასახადო დავალებით, მოსარჩელის მიერ სს „...ში“ ა(ა)იპ „...ისათვის“ გადარიცხულ იქნა 750 ლარი გ.მ-ის ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესაფასებლად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 023 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ. სარჩელის უარყოფის ნაწილში გადაწყვეტილება გ.მ-ეს არ გაუსაჩივრებია, შესაბამისად, გადაწყვეტილება ამ ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 07 მარტის გადაწყვეტილება საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის მოსარჩელე გ.მ-ის სასარგებლოდ ფსიქოლოგიური კვლევის ჩატარების ხარჯის ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება; გ.მ-ის სარჩელი ფსიქოლოგიური კვლევის ჩატარების ხარჯის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
სააპელაციო პალატამ ფსიქოლოგიური კვლევის ხარჯი პროკურატურისთვის დაკისრების ნაწილში არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასებები და განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მართალია, დასტურდებოდა გ.მ-ისათვის ფსიქოლოგიური კვლევის ჩატარება, თუმცა მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დადასტურებული ამ კვლევის აუცილებლობა და ასევე ის გარემოება, რომ მისი მდგომარეობა გამოწვეული იყო სწორედ სისხლისსამართლებრივი დევნისა და პატიმრობის საფუძველზე. თავად მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო გ.მ-ეს პატიმრობამდეც ჰქონდა მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა. შესაბამისად, იმ პირობებში, როცა მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება იმისა, რომ სისხლისსამართლებრივი დევნის გარეშე მას არ დასჭირდებოდა ამგვარი სამედიცინო მომსახურება, უსაფუძვლო იყო საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის ამ მომსახურების ხარჯის ანაზღაურების დაკისრება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად უარყოფის მოთხოვნით.
კასატორი მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე და 208-ე მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 992-ე და 1005-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ არ არსებობს პროკურატურისათვის მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი, რადგან არ დასტურდება პროკურატურის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა, რამაც გამოიწვია ზიანი.
კასატორის განმარტებით, ზიანის ანაზღაურებისათვის სახეზე უნდა იყოს მოხელის უკანონო ქმედება, რომელიც პირისთვის ზიანის მიყენების საფუძველი გახდება. მოცემულ შემთხვევაში კი, საქართველოს მთავარი პროკურატურის მხრიდან ამგვარ ქმედებებს ადგილი არ ჰქონია. კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 30 მარტის განაჩენის თანახმად, გ.მ-ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა, რაც ზემდგომი ინსტანციების სასამართლოების მიერ უცვლელად იქნა დატოვებული.
კასატორის განმარტებით, კონკრეტულ შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი დევნის მიმდინარეობისას მოსარჩელის მიმართ გამოყენებულ იქნა კანონით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედებები და გატარდა კანონშესაბამისი ღონისძიებანი, შესაბამისად, პირის სისხლისსამართლებრივი დევნის მარეაბილიტირებელი საფუძვლით დამთავრების შემთხვევაშიც კი, არ არსებობდა პროკურატურის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის კანონიერი საფუძველი. გასათვალისწინებელია, რომ გ.მ-ის მიმართ გატარებულ ყველა ღონისძიებას გააჩნდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლები, კერძოდ, ხსენებული კოდექსის თანახმად, პირისათვის ბრალდების წაყენებისა თუ სხვა იძულების ღონისძიების გამოყენების საფუძველია „დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი“. სწორედ აღნიშნულზე დაყრდნობით განხორციელდა გ.მ-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი პროცედურები, თუმცა ის ფაქტი, რომ სისხლის სამართლის საქმემ შემდგომში ვერ დააკმაყოფილა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტი, აღნიშნული უკანონოდ ვერ გადააქცევს „დასაბუთებული ვარაუდის“ სტანდარტზე დაყრდნობით შესრულებულ მოქმედებებს. ამას ისიც ცხადყოფს, რომ პროკურატურის მოქმედებები ყველა ეტაპზე გადიოდა სასამართლო კონტროლს - კმაყოფილდებოდა როგორც აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, ისე ძალაში დატოვების შუამდგომლობები. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე და 1005-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები. ამრიგად, მორალური ზიანის საკომპენსაციოდ მიკუთვნებული 10 000 ლარი არაგონივრულად მაღალ ოდენობას წარმოადგენს და არ შეესაბამება მსგავს საკითხებზე ეროვნული და ევროპული სასამართლოების მიერ დადგენილ პრაქტიკას.
რაც შეეხება მატერიალური ზიანის სახით სისხლის სამართლის საქმეზე საადვოკატო მომსახურების 10 000 ლარის ოდენობით დაკისრებას, კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა და მიუთითებს გ.ტ-სა და გ.ნ-სთან 2020 წლის 10 თებერვალს დადებულ საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულებასა და 2020 წლის 1 თებერვალს გ.ბ-სთან დადებულ ხელშეკრულებაზე, თუმცა საქმის მასალებით არ დასტურდებოდა იურიდიული მომსახურების გადასახადის გადახდა.
გ.ტ-სა და გ.ნ-სთან 2020 წლის 10 თებერვალს დადებულ საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულების და 2020 წლის 1 თებერვალს გ.ბ-სთან დადებული ხელშეკრულების შეფასებისას ყურადღების მიღმაა, რომ 2020 წლის 3 თებერვლის განჩინებაში ადვოკატად მითითებულია მხოლოდ გ.ბ-ე, ხოლო უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 24 მარტის განჩინებაში არ არის მითითებული არცერთი ადვოკატი. ამასთან, პროცესი ჩატარდა ზეპირი მოსმენის გარეშე. შესაბამისად, 10 000 ლარის ოდენობით განსაზღვრა არაგონივრული ოდენობაა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 105-ე მუხლების შესაბამისად, ზიანის ანაზღაურებისას უნდა იქნეს წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებს ზიანის გამომწვევ გარემოებებსა და განსაზღვრავს მიყენებული ზიანის ოდენობას. მხოლოდ სისხლის სამართლის საქმის წარმოებაზე მითითება და საქმეში ადვოკატის მონაწილეობის ფაქტი არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს მასზე, რომ დადგინდეს ბრალდების გამო კონკრეტული ოდენობით მატერიალური ზიანის დადგომის ფაქტი. მიმდინარე ადმინისტრაციულ საქმეზე ადვოკატის ჰონორარის სახით გადახდილი თანხიდან 1000 ლარის ოდენობით დაკისრებასთან დაკავშირებით კასატორი მიუთითებს, რომ საქმის მასალებით არ დგინდებოდა საპროცესო ხარჯის სახით ადვოკატის თანხის გადახდა, რაც მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს ქმნის.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 მარტის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ისაკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა. აღსანიშნავია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება არ არის გასაჩივრებული გ.მ-ის მიერ სააპელაციო პალატის მიერ გადაწყვეტილების შეცვლის ნაწილში, ამდენად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ გადაწყვეტილების კანონიერებაზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. აღნიშნული დანაწესით სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, სახელმწიფო სახსრებიდან აანაზღაუროს მისი მოსამსახურეების მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანის სახელმწიფოს მიერ ანაზღაურების ვალდებულება გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილით. აღნიშნული მუხლის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ მიყენებული ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა. ასეთი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია, დადგინდეს ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა კი სწორედ მარეაბილიტირებელ გარემოებად განიხილება. ასეთ პირს უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მის უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის.
განსახილველ შემთხვევაში საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელე გ.მ-ე სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებულ იქნა 2020 წლის 1 თებერვალს. 3 თებერვალს სასამართლომ შეუფარდა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, რაც 2020 წლის 18 სექტემბერს შეეცვალა გირაოთი და საბოლოოდ 2021 წლის 30 მარტის გამამართლებელი განაჩენით გ.მ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებებში. შესაბამისად, გაუქმდა გ.მ-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უკანონო ბრალდების/პატიმრობის ან მსჯავრდების საქმეებთან მიმართებაში სასამართლოს მიერ არამატერიალური ზიანის თანხის ოდენობის განსაზღვრა ხორციელდება თითოეულ საქმეში ინდივიდუალურად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით; კერძოდ, მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია დადგინდეს დამდგარი ზიანის სიმძიმე, შელახული უფლების მნიშვნელობა, დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება მორალური ზიანის მიმართ, განცდების ინტენსივობა, საპატიმრო დაწესებულებაში პირის ყოფნის დრო და სხვა. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას და აღნიშნავს, რომ გ.მ-ის მიერ პატიმრობაში გატარებული დროისა და იმ განცდების გათვალისწინებით, რაც თან ახლავს უკანონო მსჯავრდებას, მორალური ზიანის ასანაზღაურებლად მოპასუხისათვის 10 000 ლარის დაკისრება მიყენებული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მიზნების პროპორციულია და ექცევა გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებში.
რაც შეეხება ქონებრივი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, ზიანის მიმყენებელი ვალდებულია აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. აღნიშნული ნორმა შესაძლებელს ხდის დაზარალებული პირის უფლებები აღდგეს პირვანდელ მდგომარეობაში, რაც ასევე მოიცავს სახელმწიფოს ვალდებულებას, სრულად აუნაზღაუროს პირს უკანონო სისხლისსამართლებრივი დევნის მიმდინარეობით გამოწვეული მატერიალური ზიანი, ასეთის დადასტურების შემთხვევაში. მოცემულ საქმეში მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენდა სისხლის სამართლის საქმეზე ადვოკატისათვის გადახდილი თანხის მატერიალური ზიანის სახით მოპასუხეზე დაკისრება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის Nბს-776-768(2კ-4კს-15) განჩინებაზე, სადაც განიმარტა, რომ „მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოსგარეშე ხარჯებთან. ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს (სსსკ-ის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილი). ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ამასთან, ხარჯების განსაზღვრა ხდება სასამართლოში მხარის მიერ წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე, ამგვარი მტკიცებულებების არარსებობის შემთხვევაშიც, მხარის მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლოს თავადაც შეუძლია განსაზღვროს იურიდიული დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია (ასევე იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „პინკოვი და პინკი ჩეხეთის წინააღმდეგ“).
საქმის მასალების მიხედვით დადასტურებულია, რომ გ.მ-ეს სისხლისსამართლებრივი დევნისა და სასამართლოში საქმის განხილვის დროს იცავდნენ ადვოკატები. აღსანიშნავია, რომ საადვოკატო მომსახურების გაწევისას მოქმედებს მყარი პრეზუმფცია, რომ ადვოკატი უსასყიდლოდ არ გასწევს მომსახურებას და მას ეკუთვნის გასამრჯელო (ჰონორარი). შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრების მართებულობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ვინაიდან გ.მ-ის მიერ საადვოკატო მომსახურებით სარგებლობა გამოიწვია პროკურატურის მიერ მის მიმართ ჩატარებულმა ღონისძიებებმა, არსებობდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე გ.მ-ისათვის მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების წინაპირობები, რაც სასამართლოს მიერ გონივრულობის სტანდარტის გათვალისწინებით მართებულად განისაზღვრა 10 000 ლარით.
რაც შეეხება საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის გ.მ-ის სასარგებლოდ მიმდინარე ადმინისტრაციული საქმის წარმოებაში წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურებას, საკასაციო პალატა ასევე იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ ზოგადი წესის მიხედვით ხარჯების განსაზღვრა ხდება სასამართლოში მხარის მიერ წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე, თუმცა ამგვარი მტკიცებულებების არარსებობის შემთხვევაში, მხარის მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლოს თავადაც შეუძლია განსაზღვროს იურიდიული დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით წარმომადგენლობითი მომსახურება გაწეულია.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2022 წლის 17 თებერვალს გ.მ-ესა და გ.ბ-ეს შორის დადებულია ხელშეკრულება იურიდიული მომსახურების გაწევის თაობაზე, რომლის თანახმად, მომსახურების ღირებულებად განისაზღვრა 2000 ლარი. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, დავის სირთულისა და წარმომადგენლის მიერ გაწეული მომსახურების, ასევე დავის გადაწყვეტის შედეგის გათვალისწინებით, საქართველოს გენერალურ პროკურატურას გ.მ-ის სასარგებლოდ მართებულად დაეკისრა წარმომადგენლის მომსახურების ხარჯის ანაზღაურება 1000 ლარის ოდენობით, რაც პალატის მოსაზრებით არ ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილ სტანდარტს.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ არც ერთ საფუძველს, რაც გამორიცხავს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა