საქმე №ბს-985(კ-23) 17 ოქტომბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - შპს „გ...“
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
შპს „გ...მა“ 2022 წლის 05 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა გამოცემის დღიდან სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნების ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების განსახორციელებლად შექმნილი სატენდერო კომისიის (შემდგომში - სატენდერო კომისია) 2022 წლის 28 აპრილის №8 სხდომის ოქმის ბათილად ცნობა და სატენდერო კომისიისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც შპს „გ...“ მიწვეული იქნება №... ტენდერით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების დასადებად.
სარჩელის თანახმად, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ 2022 წლის 13 იანვარს გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე №..., რომლითაც მოთხოვნილ იქნა 3 900 ცალი ოქროს მოოქრული და 1 200 ვერცხლის (მოვერცხლილი) მედლისა და 5 100 ცალი მედლის ჩასადები ყუთი.
ტენდერში მონაწილეობდა ორი პრეტენდენტი: შპს „დ...“ (ს/კ - ...) და შპს „გ...“ (ს/კ - ...). ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტი - შპს „დ...“ დისკვალიფიცირებული იქნა ტენდერიდან (01.03.2022წ. აქტი MES 8 22 0000209495 - ოქმი №4), რის შემდეგაც მოპასუხემ დაიწყო მოსარჩელის მიერ წარდგენილი სატენდერო შეთავაზების განხილვა, რომლის შედეგადაც შპს „გ...“ გამოვლინდა გამარჯვებულად 20.04.2022წ. MES 6 22 0000409004 აქტის საფუძველზე. ამავე აქტის სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის თანახმად, სატენდერო კომისიამ შპს „გ...ს“ დაავალა შემდეგი ინფორმაციის წარდგენა; კერძოდ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 30-ე მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.2 პუნქტის თანახმად, შპს „გ...ს“ მიეცა სამი სამუშაო დღე ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარედგინა სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები: ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და ცნობა შესყიდვაში მონაწილეობის მსურველი პირის ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ.
შპს „გ...ს“ წარმომადგენელმა სარჩელში აღნიშნა, რომ ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ ცნობის მომზადებისთანავე აღმოჩნდა, რომ შპს-ს ერთ-ერთ ქონებაზე (ს/კ ... - რაიონი დედოფლისწყარო, სოფელი ...) წარმოშობილი იყო ყადაღა, რომლის საფუძველსაც წარმოადგენდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2022 წლის 29 იანვრის განჩინება საქმეზე №12/1743. მათივე განმარტებით, იმავე დღეს მოიპოვეს განჩინება, რომლითაც ირკვეოდა, რომ შპს „გ...ს“ მიმართ არ მიმდინარეობდა სისხლისსამართლებრივი დევნა. შესაბამისად, შპს „გ...მა“ მიმართა სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს შესაბამისი ახსნა-განმარტებით. მიუხედავად აღნიშნულისა, მოპასუხემ 2022 წლის 28 აპრილს გამოსცა MES 6 22 0000428580 აქტი, რომლითაც განხორციელდა შპს „გ...ს“ დისკვალიფიკაცია. აღნიშნულის შემდეგ, რადგან ტენდერში სხვა პრეტენდენტი არ მონაწილეობდა, ტენდერს მიენიჭა სტატუსი - დასრულებულია უარყოფითი შედეგით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „გ...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სატენდერო კომისიის 2022 წლის 28 აპრილის №8 სხდომის ოქმი შპს „გ...ს“ დისკვალიფიკაციის თაობაზე და სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა შპს „გ...ს“ ელექტრონული ტენდერით №... გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვაში ხელშეკრულების დასადებად მიწვევის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 იანვრის განჩინებით სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ხოლო სააპელაციო საჩივრის ავტორმა ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასებები.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სატენდერო კომისიას გააჩნდა ვალდებულება ტენდერში მონაწილე პირის სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისობის დადგენის მიზნით მოეთხოვა სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები, მათ შორის ცნობა შესყიდვაში მონაწილეობის მსურველი პირის ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ, თუმცა პალატის მოსაზრებით, აღნიშნული გარემოება დისკვალიფიკაციის საკითხის გადაწყვეტამდე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჭიროებდა დამატებით კვლევას. პალატამ არ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ სატენდერო კომისიას არ ევალებოდა წარდგენილი დოკუმენტაციის გამოკვლევა და შესწავლა, და საქმეში წარდგენილ ამონაწერზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ შპს „გ...მა“ გამოითხოვა ინფორმაცია მთელ ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის არსებობის შესახებ, რომლის თანახმად, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა ვრცელდებოდა მხოლოდ ერთი მიწის ნაკვეთზე და არა მთელ ქონებაზე, შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ არ იყო გამოკვლეული თუ რა გავლენა შესაძლოა ჰქონოდა პირის გადახდისუნარიანობაზე აღნიშნულ საკითხს.
პალატამ დამატებით განმარტა, რომ საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის საკვალიფიკაციო მოთხოვნად განსაზღვრა ემსახურებოდა ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შესაძლო რისკისგან დაზღვევას, ვალდებულების სათანადოდ, ჯეროვნად და დროულად შესრულების უზრუნველყოფას, თუმცა ვინაიდან არ დგინდებოდა ხსენებულ მიწის ნაკვეთთან შპს „გ...ს“ მიმართ პასუხისმგებლობის საკითხის გადაწყვეტასთან კავშირი, ამასთან იმ პირობებში, როდესაც საქმეში დაცული იყო საქართველოს გენერალური პროკურატურის 2022 წლის 03 ივნისის №13/34223 წერილი, რომლითაც დგინდებოდა შპს „გ...ს“ მიმართ სასამართლოში საქმისწარმოების პერიოდის მდგომარეობით მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის არ არსებობის შესახებ, პალატამ მიიჩნია, რომ შპს „გ...ს“ დისკვალიფიკაცია საკითხის სათანადოდ გამოკვლევის გარეშე უსაფუძვლოდ ზღუდავდა პირის ინტერესს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ.
კასატორის, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას დაირღვა კანონმდებლობის მოთხოვნები, რაც მისი გაუქმების უდავო საფუძველს წარმოადგენს. კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს მიერ სწორი და ობიექტური შეფასება არ მიეცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და სრულყოფილად არ იქნა გამოკვლეული საქმის მასალები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ აუარა გვერდი მთელ რიგ მნიშვნელოვან გარემოებებს, რამაც არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა გამოიწვია.
ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას სააპელაციო სასამართლოს მიერ უხეშად არის დარღვეული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოცემული საქმის განხილვისას სასამართლოს სრულყოფილად არ გამოუკვლევია საქმის მასალები, შესაბამისად, სასამართლოს დასკვნები სრულიად დაუსაბუთებელია, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით.
კასატორის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესში“ ცხადად და გარკვევით წერია დისკვალიფიკაციის საფუძვლები და მითითებულია, რომ თუ კი პრეტენდენტის მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემები ან/და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები არ შეესაბამება სატენდერო პირობებს, ხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია. პრეტენდენტის დისკვალიფიკაციაზე მსჯელობისას სასამართლომ გვერდი აუარა ძალზედ მნიშვნელოვან გარემოებას იმის შესახებ, რომ კომპანია „გ...“ დისკვალიფიცირებული იქნა იმის გამო, რომ მის მიერ წარმოდგენილი სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები არ შეესაბამებოდა სატენდერო პირობებს; კერძოდ, პრეტენდენტს ელექტრონულ სისტემაში უნდა აეტვირთა ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და ცნობა შესყიდვაში მონაწილეობის მსურველი პირის ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ. შესაბამისად, ვინაიდან წარმოდგენილ დოკუმენტის მიხედვით, პრეტენდენტის ქონებაზე რეგისტრირებული იყო საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა, ანუ წარმოდგენილი დოკუმენტები არ შეესაბამებოდა სატენდერო პირობებს, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების საფუძველზე, შემსყიდველმა სრულიად კანონიერად მოახდინა პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია.
კასატორის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენდა საქართველოს გენერალური პროკურატურის 2022 წლის 03 ივნისის №13/34223 წერილი, რომლის თანახმად წერილის შედგენის დღისთვის შპს „გ...ს“ მიმართ საქართველოს პროკურატურაში არ მიმდინარეობდა სისხლისსამართლებრივი დევნა და აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ უგულებელყოფილ იქნა ის გარემოება, რომ კომპანიის დისკვალიფიკაცია განხორციელდა 2022 წლის 28 აპრილს, შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად 03 ივნისს გაცემული დოკუმენტის მითითება საფუძველსაა მოკლებული, მით უფრო, როდესაც ეს დოკუმენტი სასამართლო პროცესში წარმოდგენილი იქნა მოსარჩელის მიერ.
საქართველოს საპროცესო კოდექსის 44-ე მუხლის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი დევნა დანაშაულის ჩამდენ პირთა მხილების მიზნით განხორციელებულ მოქმედებათა ერთობლიობაა და 2022 წლის 03 ივნისს კომპანია „გ...ს“ მიმართ არ არსებული დევნა სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ ყადაღადადებული ქონების მიმართ არ არის ჩადენილი დანაშაული ან/და იგი დანაშაულებრივი გზით არ არის მოპოვებული. ცალსახაა, რომ სასამართლოს, რომელმაც ყადაღა დაადო პრეტენდენტის ქონებას, ჰქონდა საკმარისი მონაცემები, ფაქტები და ინფორმაცია, რომლითაც დარწმუნდა უზრუნველყოფის გამოყენების აუცილებლობაში და სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა ერთობლიობის საფუძველზე, 2022 წლის 29 იანვარს მიიღო გადაწყვეტილება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ. სისხლის სამართლის ამა თუ იმ ეტაპზე დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით ხელმძღვანელობა თავისთავად გულისხმობს, რომ ესა თუ ის საეჭვო ფაქტი შესაძლოა გამოძიების და სასამართლოს განხილვის დროს ან დადასტურდეს, ან არა, თუმცა სააგენტოს კომისია ვერანაირად ვერ მოახდენდა პროკურატურის კომპეტენციაში შეჭრას, არსებული ყადაღის მართლზომიერების ფარგლების გადამოწმებას და იმის გარკვევას, რომ შპს „გ...ს“ ქონებაზე გავრცელებული საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა მისი ვალდებულებებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველსაყოფად უნდა ყოფილიყო თუ არა გამოყენებული.
ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის მოსაზრებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის თანახმად, სატენდერო კომისია იხილავს და აფასებს თუ რამდენად შეესაბამება პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებული დოკუმენტები/ინფორმაცია შესაბამისი ტენდერის სატენდერო პირობებს. სხვა უფლებამოსილება კომისიას არ აქვს დ ვერანაირად ვერ შეაფასებდა პრეტენდენტის ქონებაზე არსებული საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის მართლზომიერებას და პრეტენდენტის ვალდებულებებიდან გამომდინარე მოთხოვნების უზრუნველყოფის ფარგლებს.
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ სამართალწარმოების მიზნის მისაღწევად სავალდებულოა, სასამართლომ საქმის განხილვის მარეგულირებელი პროცესუალური წესების დაცვით, მხარეების მიერ მითითებული ფაქტებისა და გარემოებების სწორი სამართლებრივი ანალიზის გზით, დაადგინოს მოსარჩელის მოთხოვნის მართებულობა, ხოლო იმის გარკვევა საფუძვლიანია თუ არა სარჩელი დამოკიდებულია რამდენიმე პირობის არსებობაზე, მათ შორის, უპირველესად უნდა მოიძებნოს სამართლის ნორმა, რომელიც მიესადაგება განსახილველ შემთხვევას. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის დადგენის შემდეგ უნდა მოხდეს იმის შემოწმება, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები პასუხობს თუ არა გამოსაყენებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებს (შემადგენლობას). მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა, რომელიც შესაძლებელია გამოდგეს სასარჩელო მოთხოვნის იურიდიულ საფუძვლად, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება აბსურდულია სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით და რაც მთავარია, ურთიერთ გამომრიცხავი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 29 ნოემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით სააპელაციო პალატის მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და საკასაციო საჩივრის ფარგლების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგად სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ პრინციპებს ადგენს ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მიზანია: სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა; სახელმწიფო საჭიროებისათვის აუცილებელი საქონლის წარმოების, მომსახურების გაწევისა და სამშენებლო სამუშაოს შესრულების სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარება; სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ პროპორციული, არადისკრიმინაციული მიდგომისა და თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფა; დ) სახელმწიფო შესყიდვების საჯაროობის უზრუნველყოფა; ე) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბება (მუხლი 2).
მითითებული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვა არის ამ კანონით დადგენილ შემთხვევებში ელექტრონული ან სხვა საშუალებების გამოყენებით შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ნებისმიერი საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოს შესყიდვა.
ამავე კანონის 101 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება კონკურსის, ელექტრონული ტენდერისა და კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით. ხსენებული კანონის 151 მუხლით განისაზღვრა ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი, რომლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სატენდერო წინადადებების წარდგენიდან გამარჯვებულ პრეტენდენტთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებამდე განსახორციელებელი ელექტრონული ტენდერის პროცედურები განისაზღვრება ამ მუხლითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დაცვით შეარჩიოს მიმწოდებელი და დადოს მასთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება („ა“ ქვ.პ.); ამ კანონით დადგენილი წესით მოახდინოს პრეტენდენტთა დისკვალიფიკაცია („ბ“ ქვ.პ.).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დროს მოქმედებდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანება, რომლითაც დამტკიცდა „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“ (შემდეგში - ,,წესი“). ამ ,,წესის“ მიზანია ელექტრონული ტენდერის ჩატარებასთან, ასევე მისი ჩატარების შედეგად დადებული ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული საქმიანობის რეგლამენტაცია და მონიტორინგი (1 მუხ.).
,,წესის“ II თავით რეგლამენტირებულია ელექტრონული ტენდერის გამოცხადება, სატენდერო პირობები, მათ შორის, სატენდერო პირობების დამტკიცების, სატენდერო განცხადების, სატენდერო დოკუმენტაციის და პრეტენდენტისადმი მოთხოვნები, ხოლო პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძვლებს ადგენს ,,წესის“ 32-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ იგი არ წარადგენს სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტ(ებ)ს დადგენილ ვადაში ან/და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემები ან/და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი არ შეესაბამება სატენდერო პირობებს, გარდა ამ ,,წესის“ მე-40 მუხლის მე-7 და მე-10 პუნქტებით, ასევე 41-ე მუხლის მე-6 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.
,,წესის“ მე-18 მუხლი ადგენს მოთხოვნებს, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდნენ პრეტენდენტები და შესყიდვის ობიექტის აღწერის წესს. სატენდერო კომისია, ყოველი კონკრეტული ელექტრონული ტენდერის ჩატარების შემთხვევაში განსაზღვრავს მოთხოვნებს, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტი და შესყიდვის ობიექტი (1 პუნ.). სატენდერო დოკუმენტაცია შესაძლებელია შეიცავდეს სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენის მოთხოვნას, თუ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 200 000 ლარს. თუ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ნაკლებია 200 000 ლარზე, სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენის მოთხოვნა დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, რაც უნდა დასაბუთდეს სატენდერო დოკუმენტაციაში. ასეთ შემთხვევაში, სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტების რაოდენობა უნდა იყოს მინიმალური, კონკრეტული შესყიდვის თავისებურებიდან გამომდინარე (8 პუნ.).
„წესის“ 30.1 მუხლის თანახმად, გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენისთანავე, სატენდერო კომისია მიმართავს მას სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენის მოთხოვნით, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრულ, მაგრამ არაუმეტეს 5 სამუშაო დღის ვადას, თუ სატენდერო დოკუმენტაცია შეიცავს სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენის მოთხოვნას. ამავე ,,წესის“ 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენისთანავე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონულ ტენდერში მოთხოვნილია სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენა – სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის სატენდერო პირობებთან შესაბამისობის დადგენისთანავე, სატენდერო კომისია ამ პრეტენდენტს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარმოსადგენად და ხელშეკრულების დასადებად განუსაზღვრავს გონივრულ, მაგრამ არანაკლებ 4 და არაუმეტეს 10 სამუშაო დღის ვადას.
ამავე ,,წესის“ მე-40 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, პრეტენდენტი, რომლის ტექნიკური დოკუმენტაცია ან/და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემები ან/და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი (არსებობის შემთხვევაში) არ შეესაბამება სატენდერო პირობებს, ექვემდებარება დისკვალიფიკაციას ამ ,,წესის“ 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, სატენდერო კომისია პრეტენდენტ(ებ)ს მიმართავს ტექნიკური დოკუმენტაციის ან/და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის (არსებობის შემთხვევაში) დაზუსტების მოთხოვნით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი/ისინი არ შეიცავს ისეთ მონაცემს ან/და შეიცავს ისეთ უზუსტობას, რომლის/რომელთა წარმოდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის ან/და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის (არსებობის შემთხვევაში) არსებით ცვლილებას. ამასთან, დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, არ არის წარდგენილი ან მასში არ არის მითითებული ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის შესახებ. ტექნიკური დოკუმენტაციის ან/და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის (არსებობის შემთხვევაში) დაზუსტებისთვის პრეტენდენტ(ებ)ს განესაზღვრება(თ) არაუმეტეს 3 სამუშაო დღე.
საქმეში დაცულია სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს 2022 წლის 20 აპრილის MES 6 22 0000409004 სატენდერო კომისიის №7 სხდომის ოქმი, რომლის მიხედვით, შპს „გ...ს“ მიერ წარდგენილი შესყიდვის ობიექტი და შესაბამისი დასკვნა შეესაბამებოდა სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნებს. ,,წესის“ 30-ე მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.2. პუნქტის თანახმად, შპს „გ...ს“ მიეცა სამი სამუშაო დღე ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარედგინა სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები, კერძოდ: ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; ბ) ცნობა შესყიდვაში მონაწილეობის მსურველი პირის ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ.
დადგენილია, რომ შპს „გ...მა“ განსაზღვრულ ვადაში წარადგინა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 26 აპრილის საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის არსებობის შესახებ ცნობა, რომლის თანახმად, შპს „გ...ს“ ქონებაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 29.01.2022წ. განჩინებით, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ...ში მდებარე უძრავ ნივთზე, საკადასტრო კოდი №..., რეგისტრირებულია ყადაღა.
საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად (მომზადების თარიღი 03.11.2021წ.) დადგენილია, რომ 02.11.2021წ. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შპს „გ...ს“ საკუთრებად აღირიცხა მიწის ნაკვეთი, მდებარე: რაიონი დედოფლისწყარო, სოფელი ..., ...; საკადასტრო კოდი №....
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 29.01.2022წ. (საქმე №12/1743) განჩინების თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის სამოხელეო დანაშაულის გამოძიების სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. ამავე განჩინებით, საქართველოს გენერალური პროკურატურის თავდაცვის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორ ზ. ბ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, ყადაღა დაედო განჩინებაში ასახულ 35 მიწის ნაკვეთს, მათ შორის: შპს „გ...ს“ სახელზე, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ უძრავ ქონებას - მიწის ნაკვეთს, მდებარე: რაიონი დედოფლისწყარო, სოფელი ..., ..., საკადასტრო კოდით №..., ფართობით 240 844 კვ.მ. ამავე განჩინების მე-3 პუნქტის თანახმად, სსსკ-ის 152 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქონებაზე ყადაღის დადებით მესაკუთრესა და მფლობელს აეკრძალა ქონების განკარგვა.
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს 2022 წლის 28 აპრილის MES 6 22 0000428580 სატენდერო კომისიის სხდომის №8 ოქმის მიხედვით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, შპს „გ...“ დისკვალიფიცირებულ იქნა.
საქართველოს გენერალური პროკურატურის 2022 წლის 3 ივნისის №13/34223 წერილის თანახმად, შპს „გ...ს“ მიმართ, დღეის მდგომარეობით საქართველოს პროკურატურაში სისხლისსამართლებრივი დევნა არ მიმდინარეობს.
საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოებს მსჯელობას იმის შესახებ, რომ შპს „გ...ს“ მიერ სატენდერო კომისიის №7 სხდომის ოქმით განსაზღვრულ ვადაში დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ, სატენდერო კომისიას უნდა განესაზღვრა დამატებითი ვადა უფლებრივი მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტების დასაზუსტებლად, რაც კომისიას მისცემდა შესაძლებლობას შეეფასებინა ის გარემოება, რომ შპს „გ...ს“ ქონებაზე გავრცელებული საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა არ გამომდინარეობდა მისი ვალდებულებებიდან გამომდინარე მოთხოვნების უზრუნველსაყოფად.
საკასაციო პალატა ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსგავსად ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ შპს ,,გ...მა“ გამოითხოვა ინფორმაცია მთელ ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის არსებობის შესახებ, ცნობის თანახმად კი ირკვევა, რომ საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა ვრცელდებოდა მხოლოდ ერთ-ერთ მიწის ნაკვეთზე და არა მთელ ქონებაზე, ამრიგად გამოკვლეული არ არის რამდენად შეეძლო პირის შესაძლო გადახდისუუნარობაზე აღნიშნულ საკითხს გავლენა მოეხდინა.
საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტებას იმის შესახებ, რომ საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის საკვალიფიკაციო მოთხოვნად განსაზღვრა ემსახურება ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შესაძლო რისკისგან დაზღვევასა და ვალდებულების სათანადოდ, ჯეროვნად და დროულად შესრულების უზრუნველყოფას. თუმცა იმ პირობებში, როდესაც დადგენილია, რომ დასახელებულ მიწის ნაკვეთს „გ...ს“ მიმართ პასუხისმგებლობის საკითხის გადაწყვეტასთან კავშირი არ აქვს, ამასთან, საქართველოს გენერალური პროკურატურის 2022 წლის 3 ივნისის №13/34223 წერილით დგინდება, რომ შპს „გ...ს“ მიმართ, დღეის მდგომარეობით საქართველოს პროკურატურაში სისხლისსამართლებრივი დევნა არ მიმდინარეობს, პალატა მიიჩნევს, რომ მისი დისკვალიფიკაცია. საკითხის სათანადოდ გამოკვლევის გარეშე, უსაფუძვლოდ ზღუდავს პირის ინტერესს.
კასატორის მითითებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად საქართველოს გენერალური პროკურორის 03.06.2022წ. წერილი არ უნდა ყოფილიყო სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან იგი მიღებული იყო შპს „გ...ს“ დისკვალიფიკაციის შემდეგ (28.04.2022წ.), საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4, მე-19 მუხლები), სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, რომელიც უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას დაარღვია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნა - შპს „გ...ს“ არ განუსაზღვრა დამატებითი ვადა ახსნა-განმარტების, დამატებითი მტკიცებულების წარმოდგენისთვის, ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ არსებობდა სადავო აქტების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, ხოლო კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 იანვრის განჩინება;
3. სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს (ს/ნ - 202294980) დაუბრუნდეს მის მიერ 21.11.2023წ. №22561 საგადახდო მოთხოვნით საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან : ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა