Facebook Twitter

განსჯადი სასამართლოსათვის საქმის გადაცემის შესახებ

საქმე №ბს-1008(გ-24) 17 ოქტომბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა ლ. გ-ის სარჩელთან დაკავშირებული დავა განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შორის.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ლ. გ-იმა 2024 წლის 12 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის მიმართ, რომლითაც მოითხოვა „ლ. გ-ისთვის დისციპლინური სახდელის შეფარდების შესახებ“ სსიპ მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის 2024 წლის 14 ივნისის №95 ბრძანების ბათილად ცნობა.

სარჩელის თანახმად, ლ. გ-ი 2021 წლის 26 აპრილიდან დასაქმებულია სსიპ მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრში. 2023 წლის 18 აგვისტოდან ის დაინიშნა ცენტრის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე, რამაც მისი განმარტებით, გამოიწია ცენტრის დირექტორის გაღიზიანება. ოჯახური მიზეზების გამო ცენტრის ყოფილ და ამჟამინდელ დირექტორთან შეთანხმებით ლ. გ-ი სამსახურში ცხადდებოდა 09:30-10:30 საათების პერიოდში. დისციპლინური წარმოების დაწყებამდე ცენტრის დირექტორისგან რაიმე მითითება არ მიუღია, მით უფრო, სამუშაო დროსთან დაკავშირებით.

2024 წლის 30 აპრილს მეილზე მიღებული შეტყობინებით ეცნობა რა, რომ 2024 წლის 25 აპრილს ცენტრის შიდა აუდიტის სამსახურში დაიწყო დისციპლინური წარმოება შრომის შინაგანაწესით განსაზღვრული სამსახურებრივი დისციპლინის შესაძლო დარღვევის ფაქტებზე, ამავე მეილით ეთხოვა ახსნა-განმარტების მიცემის მიზნით 2024 წლის 01 მაისს, 10:00 სთ-ზე განსაზღვრულ ადგილზე გამოცხადება. ლ. გ-ის განმარტებით, მეილს არ ახლდა რაიმე სახის დოკუმენტი ან ინფორმაცია, მათ შორის, დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძვლები, შესაბამისად, მისთვის უცნობი იყო კონკრეტულად რასთან დაკავშირებით მიმდინარეობდა დისციპლინური წარმოება და რა გზით უნდა დაეცვა მისი უფლებები. ამდენად, 2024 წლის 30 აპრილს, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მოითხოვა გაეცნოთ მისთვის წარმოებასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტაცია (მათ შორის, ბრძანება და წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია/დოკუმენტაცია), რათა ინფორმირებული ყოფილიყო დისციპლინური წარმოების შესახებ და სათანადოდ და ეფექტურად დაეცვა საკუთარი უფლებები და პოზიცია, თუმცა მიუხედავად წარმოების მასალის გაცნობის არაერთხელ მოთხოვნისა, მისთვის არ მიუწოდებიათ დისციპლინური წარმოების მასალები და მხოლოდ ახსნა-განმარტების გაცემის დროს შეიტყო წარმოების შინაარსის შესახებ. შესაბამისად მიიჩნევს, რომ „ლ. გ-ისთვის დისციპლინური სახდელის შეფარდების შესახებ“ სსიპ მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის 2024 წლის 14 ივნისის №95 ბრძანების გამოცემა მოხდა უკანონოდ, რაც გახდა სასამართლოში სარჩლის აღძვრის საფუძველი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 ივლისის განჩინებით, სარჩელი განსჯადობით გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტა, რომ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ კატეგორიად მიჩნევისთვის საჭირო იყო მოსარჩელის მოთხოვნა იურიდიულად დაფუძნებოდა ადმინისტრაციული სამართლის ნორმებს, ამასთან კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ანუ მოსარჩელის მიმართ მითითებული უფლების (უფლებების) დარღვევა თავისი არსითა და შინაარსით განპირობებული უნდა იყოს მოპასუხის მხრიდან საჯარო მატერიალური სამართლის შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების დარღვევით. შესაბამისად, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრებით, ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვას განაპირობებს საქმეში ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობა ან/და საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით მოწესრიგებული სამართალურთიერთობიდან წარმოშობილი დავის საგნის არსებობა, ხოლო ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სადავოდ იყო გამხდარი დისციპლინური სახდელის შესახებ ბრძანება, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო სამართალურთიერთობაში არ იკვეთებოდა ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით მოწესრიგებული სამართალურთიერთობიდან წარმოშობილი დავის საგნის არსებობა, შესაბამისად, არსებული მოთხოვნა გამომდინარეობდა სამოქალაქო სამართლებრივი კანონმდებლობიდან და დავა უნდა გადაწყვეტილიყო შესაბამისი წესით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, „რაიონული (საქალაქო) სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 14.11.1997წ. №49 ბრძანებულებაში 12.04.2005წ. საქართველოს პრეზიდენტის №213 ბრძანებულებით შეტანილი ცვლილებების, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით, კოლეგიის მიერ ლ. გ-ის სარჩელი განსჯადობით გადაეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 ივლისის განჩინებასთან დაკავშირებით მოსარჩელემ წარადგინა პოზიცია და აღნიშნა, რომ სადავო ბრძანება მიღებული იყო სსიპ მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის მიერ, რომელიც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით წარმოადგენდა ადმინისტრაციულ ორგანოს. მოსარჩელის სსიპ მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნის საფუძველს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის 102 მუხლი, „საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 21.04.2017წ. №204 დადგენილებით დამტკიცებული წესი და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.12.2019წ. №492 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლი წარმოადგენდა. როგორც ცენტრის დირექტორის მოადგილე, აღჭურვილი იყო სპეციფიკური უფლებებითა და მოვალეობებით, რაც გამომდინარეობდა დაკავებული თანამდებობის ბუნებიდან, მასზე ვრცელდებოდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ისეთი რეგულაციები, რაც არ ვრცელდებოდა საჯარო სამართლის იურიდიულ პირში დასაქმებულ სხვა თანამშრომლებზე. განსხვავებული იყო როგორც დირექტორის მოადგილის სამსახურში მიღებისა და გათავისუფლების წესი, ასევე სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, მოსარჩლის მოსაზრებით, მოცემული საქმე ადმინისტრაციული წესით განსახილველ დავათა კატეგორიას მიეკუთვნებოდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 ივლისის განჩინებით, განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად, საქმე გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიუთითა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაზე, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტზე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციაზე, „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონზე, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონზე, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვან პრაქტიკაზე და განმარტა, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად კანონმდებელმა განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რაც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით არის მოწესრიგებული. დავაში ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობა, თავისთავად არ წყვეტს საგნობრივი განსჯადობის საკითხს, არამედ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის აუცილებელი პირობაა, მოსარჩელის მოთხოვნა სამართლებრივად ეფუძნებოდეს საჯარო-ადმინისტრაციული სამართლის შესაბამის ნორმებს, კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობები გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ანუ მოსარჩელის მიერ მითითებული საკუთარი უფლების (უფლებების) თავისი არსითა და შინაარსით განპირობებული უნდა იყოს მოპასუხის მხრიდან საჯარო, მატერიალური სამართლის შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების დარღვევით (სუსგ №ბს-497(გ-19), 16.04.2020წ.).

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.12.2019წ. №492 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დებულებასა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის 102 მითითებით სასამართლომ აღნიშნა, რომ ცენტრის დირექტორის მოადგილე, მისი საჯარო-სამართლებრივი ფუნქციების განხორციელებასთან დაკავშირებული უფლებამოსილებებიდან გამომდინარე, თანამდებობაზე ინიშნება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით დადგენილი, თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის გზით, უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. მისი თანამდებობიდან გათავისუფლებაც, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის 102 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით, იმავე უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ხორციელდება. ამასთანავე, აღინიშნა, რომ კანონი პირდაპირ ადგენს ასეთი აქტის გასაჩივრების წესს, ადმინისტრაციული სამართალწარმოების გზით, განსხვავებით, დაწესებულებასთან შრომით ურთიერთობაში მყოფი სხვა დასაქმებული პირების დანიშვნა-გათავისუფლების წესებისა, რაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1261 მუხლის საფუძველზე, წესრიგდება საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით და, რომელთან დაკავშირებითაც დავები (მათ შორის, შრომის პირობებთან, ანაზღაურებასთან, დისციპლინურ ღონისძიებებთან ან გათავისუფლებასთან დაკავშირებული სარჩელები) სასამართლოს მიერ განიხილება სამოქალაქო სამართალწარმოების გზით.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.12.2019წ. №492 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დებულების თანახმად, ცენტრს დასახული მიზნების, ამოცანებისა და ფუნქციების განსახორციელებლად, სახელმწიფოს მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება, რომელიც აისახება მის ბალანსზე (10 პუნქტ.). სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების წესი, ასევე გათავისუფლების საფუძვლები, რეგულირდება "საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის 102 მუხლით, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის (გარდა კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი, სასპორტო ან რელიგიური საქმიანობსი განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა) ხელმძღვანელის მოადგილეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით თანამდებობაზე ნიშნავს უფლებამოსილი პირი. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ აღნიშნა, რომ ვინაიდან მოსარჩელე არ წარმოადგენდა შრომითი კოდექსით გათვალისწინებულ, კერძო შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში მყოფ პირს, მის მიმართ გამოცემული დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ბრძანება, მისი დანიშვნისა და გათავისუფლების შესახებ ბრძანებების მსგავსად, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ადმინისტრაციული წესით უნდა გასაჩივრებულიყო, ასევე ვინაიდან დავის საგანი გამომდინარეობდა არა კერძო, არამედ საჯარო-სამართლებრივი ურთიერთობიდან, კოლეგია მოკლებული იყო შესაძლებლობას მიეღო არსებითი გადაწყვეტილება, შესაბამისად სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ საქმე უნდა განეხილა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებების გაცნობის შედეგად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმე, განსჯადობით უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული დებულება „იცავს სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს - სასამართლო განხილვა მოხდეს განსჯადობის წესების დაცვით... ამ [სამართლიანი სასამართლოს] უფლებით სარგებლობისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ სამართალწარმოება განხორციელდეს განსჯადობის წესების დაცვით, საქმის განხილვა და გადაწყვეტა მოხდეს იმ სასამართლოს მიერ, რომელსაც კონსტიტუციისა და კანონის მიხედვით, შესაბამისი უფლებამოსილება, კომპეტენცია გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის №1/4/557,571,576 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-106).

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონიერი სასამართლოს უფლება სახელმწიფოსაგან მოითხოვს სასამართლოს განსჯადობის ზუსტ განსაზღვრას. აღნიშნულის შესაბამისად, საერთო სასამართლოების სისტემა, სასამართლოთა გვარეობითი (საგნობრივი), ტერიტორიული და ინსტანციური იურისდიქცია განსაზღვრულია „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და საპროცესო სამართლის ნორმებით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ განსახილველ ცალკეულ დავებზე საპროცესო კანონმდებლობა ერთმანეთისაგან განასხვავებს უწყებრივ ქვემდებარეობას (Substantive Jurisdiction) და განსჯადობას (Court Jurisdiction). სასამართლოს უწყებრივი ქვემდებარეობა მოიაზრებს არსებითი იურისდიქციის დადგენას, ანუ იმის განსაზღვრას, განეკუთვნება თუ არა საქმე საერთო სასამართლოებს, შედის თუ არა ამ საქმის განხილვა საერთო სასამართლოების უფლებამოსილებაში (იურისდიქციაში), ხოლო განსჯადობა (მისი ვიწრო გაგებით) ნიშნავს იმის გარკვევას, თუ რომელი სასამართლოა უფლებამოსილი საქმის განხილვასა და გადაწყვეტაზე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსჯადობის წესების დაცვა პირდაპირ დაკავშირებულია მხარეთა უფლებების სრულყოფილ რეალიზებასთან. „განსჯადობის წესების დარღვევით საქმის განხილვა თავისთავად, უკვე თვით განსჯადობის წესის დარღვევით გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტის გამო, ადასტურებს საქმის საპროცესო დარღვევით განხილვას და შედეგად იწვევს სამართალწარმოების წესების დარღვევით დავის გადაწყვეტას“ (სუსგ №ბს-1394-1377(კ-11), 06.06.2012წ.). თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია და რაიმე სახის შეზღუდვა იმპერატიულად დადგენილი არ არის, მოსარჩელეს უფლება აქვს, აირჩიოს სასამართლო, რომელიც განიხილავს მის სარჩელსა თუ საჩივარს (სსკ-ის მე-20 მუხლი).

საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ განსჯადობის საკითხი არ არის დამოკიდებული მხარეთა მოსაზრებებზე. განსჯადობის საკითხს ენიჭება არა დისპოზიციური, არამედ იმპერატიული ხასიათი, განსჯადობა განიხილება საჯარო წესრიგის შემადგენელ ნაწილად, მხარეების შეთანხმება სასამართლო განსჯადობაზე (პროროგაცია) ან რომელიმე სასამართლოს იურისდიქციის გამორიცხვა (დეროგაცია) ადმინისტრაციულ სამართალში არ დაიშვება. მსგავსი შეთანხმებები არ ცვლის კანონმდებლობით დადგენილ განსჯადობის იმპერატიულ წესს (სუსგ №ბს-430(გ-19), 28.05.2020წ.).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის დაშვება ითვალისწინებს სასამართლოებს შორის დავას არა მხოლოდ საგნობრივ, არამედ ტერიტორიული განსჯადობის საკითხზე. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება საგნობრივ განსჯადობის საკითხს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლი შეიცავს ადმინისტრაციული დავის საგნის ჩამონათვალს; კერძოდ, ხსენებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით დადგენილი წესით, საერთო სასამართლოში განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. იმავე მუხლის მე-3 ნაწილი მიუთითებს, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის აუცილებელი პირობაა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა იურიდიულად ეფუძნებოდეს საჯარო-ადმინისტრაციული სამართლის შესაბამის ნორმებს, კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობები გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ანუ მოსარჩელის მიერ მითითებული საკუთარი უფლების (უფლებების) დარღვევა თავისი არსითა და შინაარსით განპირობებული უნდა იყოს მოპასუხის მხრიდან საჯარო, მატერიალური სამართლის შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების დარღვევით.

განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას სსიპ მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორის 2024 წლის 14 ივნისის №95 ბრძანების ბათილად ცნობა წარმოადგენს, რომლითაც ლ. გ-ის შეეფარდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - „შენიშვნა“.

მართალია, კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხე წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამასთან სასარჩელო მოთხოვნა მიმართულია ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ, თუმცა განსჯადობის გადაწყვეტის მიზნებისათვის არსებითია დავის იმანენტური ბუნება, სადავო უფლების ხასიათი და არა დავის მონაწილე სუბიექტების სამართლებრივი ფორმა (სუსგ №ბს-275(გ-23), 22.06.2023წ.), შესაბამისად, დავაში ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობა არ იძლევა დავის ავტომატურად ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევის შესაძლებლობას.

განსახილველ შემთხვევაში, „ლ. გ-ისთვის დისციპლინური სახდელის შეფარდების შესახებ“ სსიპ მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორის 2024 წლის 14 ივნისის №95 ბრძანების სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.12.2019წ. №492 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ და „ნ“ ქვეპუნქტები, სსიპ მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორის 2020 წლის №49 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის შრომის შინაგანაწესის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“ და „თ“ ქვეპუნქტები, მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, 25-ე მუხლი და 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.12.2019წ. №492 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დებულების“ თანახმად, ცენტრი არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 13.03.2014წ. №227 დადგენილების შესაბამისად (1.1 მუხ.). ცენტრს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი (4.1 მუხ.). ცენტრის დირექტორს ჰყავს მოადგილე, რომელსაც, მინისტრის თანხმობით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის დირექტორი.

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის 102 მუხლი აწესრიგებს სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნასა და თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლებს, რომლის მე-4 პუნქტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში საჯარო სამართლის იურიდიული პირის უფლებამოსილი თანამდებობის პირი გამოსცემს დასაბუთებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც ექვემდებარება სასამართლოში გასაჩივრებას ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული უფლების დარღვევა თავისი არსითა და შინაარსით გამომდინარეობს მოპასუხის მიერ საჯარო, მატერიალური სამართლის შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების სავარაუდო დარღვევით, რაც განაპირობებს დავის ადმინისტრაციული წესით განხილვას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ლ. გ-ის სარჩელი მოპასუხე სსიპ მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის მიმართ, ტერიტორიულად თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯადია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 26.3 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15, 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. გ-ის სარჩელი მოპასუხე სსიპ მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის მიმართ, განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა