Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-345(კ-23) 24 ოქტომბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ნოემბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, მე-3 პირი (ასკ-ს 16.2) სსიპ ქონების მართვის სააგენტო).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2021 წლის 29 აპრილს მოსარჩელე ნ. გ-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიმართ. სარჩელის დაზუსტების შემდეგ მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 19 თებერვლის №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ; ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 16 მარტის №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ; ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 12 აპრილის №... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; დაევალოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი მოსარჩელის მიერ 2021 წლის 27 იანვარს №... სარეგისტრაციო განცხადებით წარდგენილი, ქ. თბილისში, სამგორის რაიონში მდებარე 600 კვ.მ ფართობის არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ნ. გ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ. მოსარჩელემ 2021 წლის 31 მაისის დაზუსტებული სარჩელით დააზუსტა მოპასუხეთა წრე და მოპასუხედ მიუთითა მხოლოდ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 2 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმული იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელე ნ. გ-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ნოემბრის განჩინებით, ნ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-8, 21-ე, 22-ე მუხლები, ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი ნაწილი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 26-ე მუხლი და ყურადღება გაამახვილა იმ უდავოდ დადგენილ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი დასარეგისტრირებელი მიწის ნაკვეთი, №... სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში 2021 წლის 22 იანვარს მომზადებულ სიტუაციური ნახაზით ზედდებაშია N... საკადასტრო კოდზე აღრიცხულ უძრავ ნივთთან, რომელიც რეგისტრირებულია სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში.

სასამართლოს მსჯელობით, მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1995 წლის 21 სექტემბრის №21.70.1064 დადგენილების საფუძველზე, საქართველოს პარლამენტის წევრთა და თანამშრომელთა ბინათმშენებლობის ასოციაციის (კავშირის) წევრთა საერთო კრების 2001 წლის 09 ივნისის №2 ოქმის თანახმად, დამტკიცდა ასოციაციის (კავშირის) წევრებზე მიწის ნაკვეთის კერძო საკუთრებაში მიმაგრების კენჭისყრის შედეგები. ასევე, ქ. თბილისის მერიის მიწის მართვის დეპარტამენტს ეთხოვა ასოციაციის (კავშირის) თითოეულ წევრზე კერძო საკუთრებაში 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი დაერეგისტრირებინა მხოლოდ ასოციაციის (კავშირის) გამგეობის მიერ გაცემული ცნობისა და შესაბამისი დოკუმენტების წარდგენის შემდეგ. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს ის სამართლებრივი შეფასება, რომ საქართველოს პარლამენტის თითოეულ წევრს თუ თანამშრომელს ინდივიდუალური ბინათმშენებლობის მიზნით საკუთრებაში გადაეცათ მხოლოდ 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. ამასთან, მიუთითა, რომ ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 2009 წლის 28 მაისის №178 ბრძანების მიხედვით, შეთანხმდა ქ. თბილისში, ისანი - სამგორის რაიონში, ,,...’’-ის I მიკრორაიონის ტერიტორიაზე საქართველოს პარლამენტის დეპუტატთა და თანამშრომელთა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ,,ასოციაციისთვის’’ გამოყოფილ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი მიკრორაიონის განაშენიანების არქიტექტურული პროექტი. მიწის ნაკვეთის ფართობი - 14 ჰა, განაშენიანების ფართობი -1.87 ჰა, საცხოვრებელი ტერიტორია - 7.8 ჰა, საბინაო ფონდი 26000 კვ.მ.

ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობით, ნ. გ-ის მიერ წარდგენილი უფლების დამდგენი დოკუმენტების საფუძველზე, ქ. თბილისში, სამგორის რაიონში მდებარე არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი №...) უკვე რეგისტრირებულია ნ. გ-ის საკუთრების უფლება. მითითებულ გარემოებას მოსარჩელე მხარე არ უარყოფს, თუმცა მიიჩნევს, რომ იგივე საფუძვლით შეეძლო საკუთრებაში დაერეგისტრირებინა განსახილველი დავის ფარგლებში მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი 600 კვ.მ ფართის ოდენობით. თავისი მოთხოვნის გასამყარებლად მიუთითა იმ პირების შესახებ, რომლებმაც მსგავს პირობებში, უფლების დამდგენი იმავე დოკუმენტის საფუძველზე შეძლეს 600 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მეტი ფართის რეგისტრაცია. სააპელაციო სასამართლომ ვერ გაიზიარა აპელანტის ის მოსაზრება, რომ თავის მსგავს მდგომარეობაში მყოფმა პირებმა შეძლეს 600 კვ.მ ფართზე მეტი მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია. მოსაზრების საპირწონედ, პალატამ მიუთითა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 19 თებერვლის №... გადაწყვეტილებაზე, რომლითაც განმცხადებელს ეცნობა, რომ მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, განცხადებაში მითითებულ პირებს რეგისტრირებული აქვთ მხოლოდ თითო უძრავი ნივთი. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აქტები კანონის შესაბამისადაა მიღებული და არ არსებობს აქტების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ნ. გ-ის მიერ.

კასატორი დეტალურად მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, მიუთითებს ამხანაგობის წევრთა მიერ საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების შესახებ ინფორმაციაზე და განმარტავს, რომ აღნიშნულმა პირებმა მის მიერ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მითითებული დოკუმენტების საფუძველზე შეძლეს უძრავი ქონების თავის ან ოჯახის წევრების საკუთრებაში რეგისტრაცია. ამდენად, მიიჩნევს, რომ იგივე წესი უნდა გავრცელდეს მასზეც. კასატორის მოსაზრებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერით დასტურდება, რომ N... საკადასტრო კოდზე აღრიცხული მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის საფუძვლად მითითებული არ არის N2 სხდომის ოქმი, ამდენად, ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის N178 ბრძანება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1995 წლის 21 სექტემბრის N21.701064 დადგენილება არათუ არ ზღუდავს მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაში, არამედ წარმოადგენს უფლების დადგენის სამართლებრივ საფუძველს. ამდენად, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფარგლებში კასატორი ითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 აპრილის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, სამგორის რაიონში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: №..., 2011 წლის 27 მაისიდან, საკუთრების უფლებით აღრიცხულია სსიპ თვითმმართველი ქალაქი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სახელზე, ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება - არასასოფლო - სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 9678.00კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: ....

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1995 წლის 21 სექტემბრის №21.70.1064 დადგენილებით მიღებულ იქნა მიწათსარგებლობის კომისიის წინადადება და დაკმაყოფილდა საქართველოს პარლამენტის სპიკერის შუამდგომლობა პარლამენტის დეპუტატებისა და თანამშრომლებისათვის ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის ,,...’’-ის საცხოვრებელ რაიონში მიწის ნაკვეთის დამაგრების შესახებ. მიწის ნაკვეთის ფართობი უნდა დაზუსტებულიყო გენგეგმის შედგენის შემდეგ. საქართველოს პარლამენტის დეპუტატებსა და თანამშრომლებს დადგენილი წესით უნდა გაეფორმებინათ ხელშეკრულება ქალაქის მუნიციპალიტეტთან.

საქართველოს პარლამენტის წევრთა და თანამშრომელთა ბინათმშენებლობის ასოციაციის (კავშირის) წევრთა საერთო კრების 2001 წლის 09 ივნისის №2 ოქმის თანახმად, დამტკიცდა ასოციაციის (კავშირის) წევრებზე მიწის ნაკვეთის კერძო საკუთრებაში მიმაგრების კენჭისყრის შედეგები. ასევე, ქ. თბილისის მერიის მიწის მართვის დეპარტამენტს ეთხოვა ასოციაციის (კავშირის) თითოეულ წევრზე კერძო საკუთრებაში 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი დაერეგისტრირებინა მხოლოდ ასოციაციის (კავშირის) გამგეობის მიერ გაცემული ცნობისა და შესაბამისი დოკუმენტების წარდგენის შემდეგ.

ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 2009 წლის 28 მაისის №178 ბრძანების მიხედვით, შეთანხმდა ქ. თბილისში, ისანი - სამგორის რაიონში, ,,...’’-ის ... მიკრორაიონის ტერიტორიაზე საქართველოს პარლამენტის დეპუტატთა და თანამშრომელთა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ,,ასოციაციისთვის’’ გამოყოფილ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი მიკრორაიონის განაშენიანების არქიტექტურული პროექტი. მიწის ნაკვეთის ფართობი - 14 ჰა, განაშენიანების ფართობი -1.87 ჰა, საცხოვრებელი ტერიტორია - 7.8 ჰა, საბინაო ფონდი - 26000 კვ.მ.

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ 2018 წლის 05 მარტს გაცემული №2473/2-1 ცნობით ირკვევა, რომ ნ. გ-ი იყო ...-... წლების მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით (საქმე №3/2824-19) დადგენილია, რომ 2018 წლის 11 ოქტომბერს ნ. გ-იმა №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია ქ. თბილისში, სამგორის რაიონში მდებარე 600 კვ.მ. ფართობის არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე. განცხადებას სხვა დოკუმენტებთან ერთად ასევე ერთოდა: საკადასტრო აზომვითი ნახაზი და მისი ელ.ვერსია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1995 წლის 21 სექტემბრის №21.70.1064 დადგენილება, ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 2009 წლის 28 მაისის №178 ბრძანება, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 2018 წლის 05 მარტის №2473/2-1 ცნობა.

ნ. გ-ის 2018 წლის 11 ოქტომბრის №... სარეგისტრაციო განცხადებისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 ივლისის №3/2824-19 საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 11 თებერვლის №.... გადაწყვეტილებით, ქ. თბილისში, სამგორის რაიონში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: №..., საკუთრების უფლებით აღირიცხა ნ. გ-ის სახელზე, ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება - არასასოფლო - სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 600.00კვ.მ. უფლების რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენს: ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის №178 (28.05.2001 წ.) ბრძანება, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის №21.70.1064 (21.09.1995 წ.) დადგენილება, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ გაცემული №2473/2-1 (05.03.2018 წ.) ცნობა, შპს „თ...ის“ გენგეგმა (03.05.2001 წ.) და საჯარო რეესტრის №... (16.04.2020 წ.) გადაწყვეტილება.

დადგენილია, რომ 2021 წლის 27 იანვარს, ნ. გ-იმა №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ქ. თბილისში, სამგორის რაიონში მდებარე 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. განცხადებას თან ერთოდა: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის №21.70.1064 (21.09.1995 წ.) დადგენილების ნოტარიულად დამოწმებული ასლი, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ გაცემული №2473/2-1 (05.03.2018 წ.) ცნობა, საქართველოს პარლამენტის წევრთა და თანამშრომელთა ბინათმშენებლობის ასოციაციის (კავშირის) წევრთა საერთო კრების №2 (09.06.2001 წ.) ოქმის ასლი, ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის №178 (28.05.2009 წ.) ბრძანება, მიწის ნაკვეთების გეგმა, 600 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის ქაღალდისა და ელექტრონული ვერსიები.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 11 თებერვლის №... სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებით განმცხადებელს ეცნობა, რომ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე, მის სახელზე საკუთრების უფლება უკვე დარეგისტრირდა (საკადასტრო კოდი ...), ხოლო, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ნივთზე არ დადგინდა საკუთრების უფლება/მართლზომიერი მფლობელობა და ამასთანავე, სარეგისტრაციო უძრავი ნივთი აკმაყოფილებდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისთვის დაწესებულ პირობებს, მაგრამ განმცხადებელმა უარი განაცხადა შუამდგომლობის აღიარების კომისიაში გადაგზავნაზე, მოთხოვნილ იქნა სარეგისტრაციოდ წარდგენილ ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.

2021 წლის 15 თებერვალს, ნ. გ-იმა სარეგისტრაციო წარმოებაზე დამატებით წარადგინა წერილობითი განცხადება, რომლითაც სამსახურს მიუთითა პარლამენტის წევრთა სახელები, გვარები და მიწის ნაკვეთების საკადასტრო კოდები, რომლებსაც თავის სახელზე, მის მიერ წარდგენილის ანალოგიური დოკუმენტაციით, რეგისტრირებული აქვთ ერთზე მეტი მიწის ნაკვეთი.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 19 თებერვლის №... გადაწყვეტილებით განმცხადებელს ეცნობა, რომ მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, განცხადებაში მითითებულ პირებს რეგისტრირებული აქვთ მხოლოდ თითო უძრავი ნივთი. კერძოდ: ბ. ხ-ის საკუთრებაშია ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი, ხოლო ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულია სხვა - ნ. ხ-ი; ზ. ზ-ის საკუთრებაშია ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი, ხოლო ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის თავდაპირველი მესაკუთრე იყო სხვა - ვ. ზ-ი, ზ. ზ-ის უფლების დამდგენი დოკუმენტი კი არის სამკვიდრო მოწმობა; თ. მ-ის საკუთრებაშია ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი, ხოლო ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი მას ეკუთვნის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, თავდაპირველი მესაკუთრე კი იყო ბ. მ-ი, ხოლო ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა სხვა - ი. მ-ი; ა. ჯ-ეის საკუთრებაშია ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი ხოლო ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის თავდაპირველი მესაკუთრე იყო სხვა - ბ. ჯ-ე, შემდგომი მესაკუთრეა ასევე სხვა პირი. ამასთან, სამსახურმა განმცხადებელს მოსთხოვა მის მიერ დაფიქსირებული მოთხოვნის დასადასტურებლად წარედგინა შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რის შემდეგაც საჯარო რეესტრი კვლავ იმსჯელებდა განსახილველ საკითხზე.

2021 წლის 15 მარტს, ნ. გ-იმა №117971/17 და №... (120575/17) ადმინისტრაციული საჩივრებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 2021 წლის 19 თებერვლის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოთხოვნილი უფლების რეგისტრაცია.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 16 მარტის №... გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 12 აპრილის №... გადაწყვეტილებით, ნ. გ-ის 2021 წლის 15 მარტის №117971/17 და №... (120575/17) ადმინისტრაციული საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მსჯელობის საგანს წარმოადგენს იმ სადავო აქტების კანონიერების საკითხი, რომლითაც ნ. გ-ის უარი ეთქვა საკუთრების რეგისტრაციაზე და განემარტა, რომ იმავე უფლების დამდგენი დოკუმენტებით მას უკვე აქვს რეგისტრირებული საკუთრების უფლება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო - სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის საზღვრის დადგენისა და მასში ცვლილების, ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის საზღვრებისა და მათში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით. ამავე მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად კი სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.

,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არის ადმინისტრაციული ხელშეკრულება (მიღება - ჩაბარების აქტი ან სხვა დოკუმენტი), ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, გარიგება ან სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 26-ე მუხლით განსაზღვრულია რეგისტრაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების დამატებითი პირობები. ამ მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები.

საქმის მასალების თანახმად, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი დასარეგისტრირებელი მიწის ნაკვეთი, №... სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში 2021 წლის 22 იანვარს მომზადებულ სიტუაციური ნახაზით ზედდებაშია N... საკადასტრო კოდზე აღრიცხულ უძრავ ნივთთან, რომელიც სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია რეგისტრირებული. მხარეები სადავოდ არ ხდიან, იმ გარემოებას, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1995 წლის 21 სექტემბრის №21.70.1064 დადგენილების საფუძველზე, საქართველოს პარლამენტის წევრთა და თანამშრომელთა ბინათმშენებლობის ასოციაციის (კავშირის) წევრთა საერთო კრების 2001 წლის 09 ივნისის №2 ოქმის თანახმად, დამტკიცდა ასოციაციის (კავშირის) წევრებზე მიწის ნაკვეთის კერძო საკუთრებაში მიმაგრების კენჭისყრის შედეგები. ასევე, ქ. თბილისის მერიის მიწის მართვის დეპარტამენტს ეთხოვა ასოციაციის (კავშირის) თითოეულ წევრზე კერძო საკუთრებაში 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი დაერეგისტრირებინა მხოლოდ ასოციაციის (კავშირის) გამგეობის მიერ გაცემული ცნობისა და შესაბამისი დოკუმენტების წარდგენის შემდეგ.

საქმის მასალებზე დაყრდნობით, საკასაციო პალატა ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების იმ მსჯელობას, რომ საქართველოს პარლამენტის თითოეულ წევრს თუ თანამშრომელს ინდივიდუალური ბინათმშენებლობის მიზნით საკუთრებაში გადაეცათ მხოლოდ 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნ. გ-ის მიერ წარდგენილი უფლების დამდგენი დოკუმენტების საფუძველზე, ქ. თბილისში, სამგორის რაიონში მდებარე არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი №...) უკვე რეგისტრირებულია ნ. გ-ის საკუთრების უფლება. მითითებულ გარემოებას კასატორი არ უარყოფს, თუმცა მიიჩნევს, რომ იგივე საფუძვლით შეეძლო საკუთრებაში დაერეგისტრირებინა განსახილველი დავის ფარგლებში მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი 600 კვ.მ ფართის ოდენობით. თავისი მოთხოვნის გასამყარებლად კასატორი მიუთითებს იმ პირების შესახებ, რომლებმაც მსგავს პირობებში, უფლების დამდგენი იდენტური დოკუმენტის საფუძველზე შეძლეს 600 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მეტი ფართის რეგისტრაცია. აღნიშნულზე მსჯელობის მიზნით, საკასაციო პალატა მიუთითებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1995 წლის 21 სექტემბრის №21.70.1064 დადგენილებას, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს უფლების დამდგენ დოკუმენტს სხვა სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში, კერძოდ, ნ. გ-ის 2018 წლის 11 ოქტომბრის №... სარეგისტრაციო განცხადებისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 ივლისის №3/2824-19 საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 11 თებერვლის №.... გადაწყვეტილებით, ქ. თბილისში, სამგორის რაიონში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: №..., საკუთრების უფლებით აღირიცხა ნ. გ-ის სახელზე, ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება - არასასოფლო - სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 600.00 კვ.მ. უფლების რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენს: ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის №178 (28.05.2001წ.) ბრძანება, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის №21.70.1064 (21.09.1995წ.) დადგენილება, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ გაცემული №2473/2-1 (05.03.2018წ.) ცნობა, შპს „თ...ის“ გენგეგმა (03.05.2001 წ.) და საჯარო რეესტრის №... (16.04.2020 წ.) გადაწყვეტილება.

კასატორი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითებს, იმ გარემოებას, რომ თითქოს მითითებული რეგულაციის შემოღების პერიოდში, ამხანაგობის წევრთა შორის არსებობდა ზეპირსიტყვიერი შეთანხმება, რომ მიწის ნაკვეთების მიღებას მათთვის გამოყოფილი მიწის ფონდის (14 ჰა) ამოწურვამდე შეძლებდნენ. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ქ. თბილისის მერიის მიწის მართვის დეპარტამენტს ეთხოვა ასოციაციის (კავშირის) თითოეულ წევრზე კერძო საკუთრებაში 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი დაერეგისტრირებინა მხოლოდ ასოციაციის (კავშირის) გამგეობის მიერ გაცემული ცნობისა და შესაბამისი დოკუმენტების წარდგენის შემდეგ. შესაბამისად, კასატორის მითითება ზეპირსიტყვიერ შეთანხმებაზე, რომელიც იურიდიული ძალის მქონე არცერთ დოკუმენტში არაა ფორმირებული, ვერ მიიჩნევა მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად. საკასაციო პალატა ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების იმ მსჯელობას, რომ იმ პირობებში, როდესაც ნ. გ-ის უკვე აქვს საკუთრებაში 600 კვ.მ (ს/კ ...) მიწის ნაკვეთი იმ საფუძვლით, რომლითაც კვლავ ითხოვს 600 კვ.მ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციას, უსაფუძვლოა.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, კასატორის იმ მოსაზრებას, რომ მის მიერ მითითებული წესის შესაბამისად, თავის მსგავს მდგომარეობაში მყოფმა პირებმა შეძლეს 600 კვ.მ ფართზე მეტი მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია. აღნიშნული მოსაზრების საპირწონედ საკასაციო პალატა მიუთითებს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 19 თებერვლის №... გადაწყვეტილებაზე, რომლითაც განმცხადებელს ეცნობა, რომ მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, განცხადებაში მითითებულ პირებს რეგისტრირებული აქვთ მხოლოდ თითო უძრავი ნივთი. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ სხვა პირთა მიმართ ნაკვეთების განაწილების მართლზომიერება სცილდება განსახილველი დავის საგანს, ამასთანავე, ადმინისტრაციული ორგანოს პრაქტიკა, მით უფრო ისეთი, რომელიც ცდება საკანონმდებლო საფუძველს, არ არის სავალდებულო სასამართლოსთვის, საკასაციო პალატა თვლის, რომ ადგილი არ აქვს თანასწორობის პრინციპის დარღვევას, ვინაიდან თანასწორობა უნდა ვლინდებოდეს კანონის დაცვაში და არა მის დარღვევაში. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აქტები მიღებულია კანონის შესაბამისად და არ არსებობს აქტების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები. აღნიშნული აქტების ძალაში დატოვების გათვალისწინებით, ასევე უსაფუძვლოა მოთხოვნა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ნაწილშიც.

საკასაციო პალატის მოსაზრებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, კასატორმა ვერ შეძლო ისეთი მტკიცებულებების წარდგენა, რომელიც გააქარწყლებდა სააპელაციო პალატის მსჯელობას, მის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დაადასტურებდა სააპელაციო პალატის სამართლებრივი დასკვნების მცდარობას. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და საკასაციო საჩივრის შინაარსის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ არც ერთ საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, ნ. გ-ის (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2023 წლის 21 მარტს საკასაციო საჩივარზე სს „თ...ში“ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ნოემბრის განჩინება;

3. ნ. გ-ის (პ/ნ ...) დაუბრუნდეს მის მიერ 2023 წლის 21 მარტს საკასაციო საჩივარზე სს „თ...ში“ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე