ბს-65 (კ-23) 16 ოქტომბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.06.2022წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. თ-იმა 17.02.2021წ. სარჩელით, ხოლო 12.04.2021წ. დაზუსტებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის მიმართ. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შემდეგ მოითხოვა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის 28.12.2020წ. N75/1 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, განათლების სამსახურის მოსწავლეთა და სტუდენტთა მომზადების ჯგუფის ...ს ან მის ტოლფას თანამდებობაზე ი. თ-ის აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოპასუხისათვის დავალება, ასევე გათავისუფლების დღიდან - 2016 წლის 16 ნოემბრიდან სამსახურში აღდგენამდე, განაცდური ხელფასის, კერძოდ ყოველი თვის სახელფასო სარგოს - 640 ლარის ოდენობით ი. თ-ის სასარგებლოდ ანაზღაურების მოპასუხისათვის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.01.2022წ. გადაწყვეტილებით ი. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის 28.12.2020წ. N75/1 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციას დაევალა განათლების სამსახურის მოსწავლეთა და სტუდენტთა მომზადების ჯგუფის ...ს ან მის ტოლფას თანამდებობაზე ი. თ-ის აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და მის სასარგებლოდ განაცდური ხელფასის, კერძოდ ყოველი თვის სახელფასო სარგოს - 640 ლარის ოდენობით ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან - 2016 წლის 16 ნოემბრიდან სამსახურში აღდგენამდე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.06.2022წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.01.2022წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს მითითებით სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის 28.12.2020წ. №75/1 ბრძანების გამოცემის საფუძველი გახდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში შესული 26.03.2018წ. გადაწყვეტილება, რომლითაც ი. თ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად იქნა ცნობილი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 01.11.2016წ. №306/2 ბრძანება და 16.11.2016წ. №323/2 ბრძანება, ხოლო სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.03.2018წ. გადაწყვეტილებით მიჩნეულ იქნა, რომ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 01.11.2016წ. და 16.11.2016წ. ბრძანებები ი. თ-ისათვის გაფრთხილების გამოცხადებასთან და სამსახურიდან განთავისუფლებასთან დაკავშირებით გამოცემული იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული წარმოება ჩატარებული იყო არასრულყოფილად, კერძოდ სასამართლოს მითითებით ადმინისტრაციული წარმოება, რომელსაც შედეგად მოჰყვა ი. თ-ისთვის გაფრთხილების გამოცხადება, უნდა დაწყებულიყო ამ უკანასკნელის მიერ 13.07.2016წ. წარდგენილი განცხადების საფუძველზე და უნდა მომხდარიყო მითითებულ საკითხზე ახსნა-განმარტების ჩამორთმევა, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არ მომხდარა. ასევე ი. თ-ისთვის არავის უცნობებია, რომ მის მიმართ მიმდინარეობდა სხვა ადმინისტრაციული წარმოება. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად სასამართლოს აქტები შესასრულებლად სავალდებულოა. საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული სასამართლო გადაწყვეტილების სავალდებულო ძალა ასახულია ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსში, რომლის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ გაუთვალისწინებია კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებაში არსებული მითითებები. ადმინისტრაციის მიერ გამოკითხული იქნა ი. თ-ისა და შ. მ-ეის კონფლიქტის შემსწრე თანამშრომლები, რომლებიც ადასტურებენ კონფლიქტის ფაქტს. პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ არაეთიკური საქციელის ჩადენის ფაქტი ცნობილი იყო სასამართლოსათვის თავდაპირველი აქტის კანონიერების შემოწმებისას, ხოლო იმ შემთხვევაში თუ არ გამოვლინდებოდა განსხვავებული რაიმე გარემოების არსებობა, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა მიეღო გადაწყვეტილება ი. თ-ის სამსახურში აღდგენის შესახებ, რადგან იმ მტკიცებულებებისა და გარემოებების გათვალისწინებით, რაც საფუძვლად დაედო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლებას, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ ი. თ-ის სამსახურიდან გათავისუფლება კანონსაწინააღმდეგო იყო. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის 28.12.2020წ. N75/1 ბრძანება მიღებულ იქნა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მხოლოდ ფორმალურად შესრულების მიზნით. სასამართლოს 26.03.2018წ. გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ 01.11.2016წ. გამოყენებულ გაფრთხილებას წინ უძღოდა ი. თ-ის 13.07.2016წ. განცხადება, რომლითაც მიმართა ამ უკანასკნელმა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის აპარატის უფროსს ზ. ა-ეს და ითხოვდა, რომ შემოწმებულიყო სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის თანამშრომელთა დიპლომების ნამდვილობა და მათი შესაბამისობა დაკავებულ თანამდებობასთან, ასევე ითხოვდა განმარტებას, რის საფუძველზე იქმნებოდა და იქმნება ახალი თანამდებობები და რა ნიშნით ხდებოდა კანდიდატთა შერჩევა ამ თანამდებობებზე დასაკავებლად. მითითებულ წერილთან დაკავშირებით 01.112016წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს N3960 სამსახურებრივი ბარათით მიმართა მონიტორინგის სამსახურის უფროსმა მ. ს-ემ და აცნობა, რომ აღნიშნული განცხადების და ადმინისტრაციის ...ის ს. ც-ის 25.03.2016წ. და 01.11.2016წ. სამსახურებრივი ბარათების შესწავლის პროცესში დადგინდა ი. თ-ის მიერ კანონის მოთხოვნათა მუდმივი დარღვევა. სასამართლომ სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით მიუთითა, რომ ი. თ-ი არავის გაუფრთხილებია მის მიმართ სხვა ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობის თაობაზე, სადაც მას ედავებოდნენ ზემოთ მითითებულ მოხსენებით ბარათში აღნიშნულ დარღვევებს.
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სადავო 28.12.2020წ. №75/1 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - სამსახურიდან დათხოვის თაობაზე იმ პირობებში იქნა გამოცემული, როდესაც დასაქმებულის მიმართ არ მოქმედებდა უფრო მსუბუქი დისციპლინური სახდელი. გაფრთხილება, რომელიც 01.11.2016წ. №306/2 ბრძანების საფუძველზე შეფარდებული ჰქონდა მოსარჩელეს, პირველი ინსტანციის სასამართლოს 26.03.2018წ. გადაწყვეტილებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი, თუმცა ხელახალი ადმინისტრაციული წარმოებისას გაფრთხილებასთან დაკავშირებით მოპასუხეს არ უმსჯელია და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად პირდაპირ განსაზღვრა სამსახურიდან განთავისუფლება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ი. თ-ის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ მართებულად იქნა ბათილად ცნობილი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.06.2022წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ ი. თ-ი არაეთიკური ქმედების ჩადენის გზით ზიანს აყენებდა ადმინისტრაციის რეპუტაციასა და საჯარო ინტერესს. საქართველოს კონსტიტუციის 34.2 მუხლის თანახმად, ადამიანის ძირითადი უფლებების განხორციელებამ არ უნდა დაარღვიოს სხვათა უფლებები. კასატორის მოსაზრებით სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არ შეიძლება გაგებულ იქნას როგორც აბსოლუტური უფლება. საერთაშორისო სამართლის მიხედვით ამ თავისუფლების მიმართ შესაძლებელია დაწესებულ იქნას შეზღუდვები, თუკი ირღვევა სხვათა უფლებები, შელახულია მათი რეპუტაცია, ან თუ საფრთხე ექმნება საზოგადოების უსაფრთხოებასა და წესრიგს.
კასატორი თვლის, რომ სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა ის ფაქტობრივი გარემოება, რაც საფუძვლად დაედო ი. თ-ის მიმართ 01.11.2016წ. N306/2 ბრძანებით დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებას. კასატორმა აღნიშნა, რომ 01.11.2016წ. გამართული შეხვედრის დროს, რომელსაც ესწრებოდნენ ადმინისტრაციის თანამშრომლები ს. ც-ი, ფ. ქ-ა და ტ. ჯ-ე, ი. თ-იმა თავისი განცხადებებით უგელებელყო ქცევის ზოგადი წესები, შელახა ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პატივი, ღირსება და სამსახურებრივი რეპუტაცია, რითაც დაირღვა "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 731 მუხლის მე-4 პუნქტი, 732 მუხლის 1-ლი და მე-6 პუნქტის მოთხოვნები, რაც ამავე კანონის 78.1 მუხლის "ა" და "გ" ქვეპუნქტების თანახმად წარმოადგენს დისციპლინურ გადაცდომას. კასატორმა აღნიშნა აგრეთვე, რომ გაზეთ "...ში" 14.11.2016წ. გამოქვეყნებულ სტატიაში ი. თ-იმა ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მიზნით მიზანმიმართულად გაავრცელა ცრუ ინფორმაცია ადმინისტრაციის თანამშრომელთა გათავისუფლებასა და დანიშვნასთან დაკავშირებით, რითაც შელახა სამსახურის ხელმძრვანელების სამსახურებრივი რეპუტაცია, რაც "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 78.1 მუხლის "ა" ქვეპუნქტის თანახმად წარმოადგენს დისციპლინურ გადაცდომას. კასატორმა მიუთითა, რომ აღნიშნულ სტატიასთან დაკავშირებით მონიტორინგის სამსახურის უფროსთან 15.11.2016წ. გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ...ი ს. ც-იც ესწრებოდა, ი. თ-იმა უხეშად დაარღვია მოვალეობები, შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა მ. ს-ეს და ს. ც-ის, უღირსი სიტყვებით მოიხსენია ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ადმინისტრაციის თანამშრომლებს ბრალი დასდო განსაკუთრებით მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულში, ტერორისტული აქტის ორგანიზების მცდელობაში, რითაც დაარღვია "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 731 მუხლის მე-4 პუნქტი, 732 მუხლის 1-ლი და მე-6 პუნქტის მოთხოვნები, რაც ამავე კანონის 78.1 მუხლის "ა" და "გ" ქვეპუნქტების შესაბამისად წარმოადგენს დისციპლინურ გადაცდომას.
საკასაციო საჩივარში კასატორმა იშუამდგომლა საქართველოს მთავრობისადმი 02.02.2021წ. მიწერილი N172 განცხადების, 17.07.2018წ. N2440 განცხადების და გაზეთ "...ში" 26.06.2017წ. გამოქვეყნებული ინტერვიუს საკასაციო სასამართლოს მიერ განხილვის თაობაზე. კასატორმა მიუთითა, რომ ი. თ-ი მიუხედავად სასამართლოში მიმდინარე პროცესებისა, აგრძელებს ადმინისტრაციის, მისი ხელმძღვანელისა და სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოების დისკრედიტაციას. ცხინვალის სეპარატისტულ რეჟიმს მოიხსენიებს ჭეშმარიტ ხელისუფლებად, იგი ცილს სწამებს ადმინისტრაციას ნეპოტიზმში, კორუფციაში და მუქარაში. ი. თ-ი თავისი გამონათქვამებითა და განცხადებებით ზიანს აყენებს როგორც თანამშრომლებს, ასევე დისკრედიტაციას უწევს ადმინისტრაციას და ლახავს მის რეპუტაციას, რაც შეუძლებელს ხდის მომავალში მისი მხრიდან სამსახურებრივ მოვალეობათა ჯეროვან შესრულებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ სადავო სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის 28.12.2020წ. N75/1 ბრძანება, რომლითაც ი. თ-ის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად განესაზღვრა სამსახურიდან გათავისუფლება, გამოცემულია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.03.2018წ. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.03.2018წ. გადაწყვეტილებით ი. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 01.11.2016წ. №306/2 ბრძანება და 16.11.2016წ. №323/2 ბრძანება, მოპასუხეს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით მონიტორინგის სამსახურში დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგების შესახებ 14.12.2020წ. დასკვნის თანახამად მიჩნეულ იქნა, რომ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის განათლების სამსახურის, დევნილ მოსწავლეთა და სტუდენტთა მომზადების ჯგუფის ... ი. თ-ი არ იცავდა საჯარო დაწესებულებაში განსაზღვრულ ეთიკისა და ქცევის ზოგად წესებს, არ მოქმედებდა საქართველოს კონსტიტუციისა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, არ იყო კოლეგიალური, პატივს არ სცემდა და არ ითვალისწინებდა ადმინისტრაციაში არსებულ სუბორდინაციულ მიდგომებს, არ ცდილობდა თავიდან აერიდებინა თანამშრომლებთან მიმართებით საჯარო მოსამსახურისათვის შეუფერებელი საქციელი, უკმაყოფილო იყო ადმინისტრაციაში თავისი თანამდებობით და ამ თანამდებობისთვის განკუთვნილი თანამდებობრივი სარგოთი, ამოძრავებდა მხოლოდ პირადი მოტივი, არ აინტერესებდა ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სამართლებრივი, კანონიერი თუ პოლიტიკური საფუძვლები, მისი ყველა ქმედება მიმართული იყო ადმინისტრაციის თანამშრომელთა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელისა და ადმინისტრაციის/საჯარო დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ. ნაცვლად იმისა, რომ შესაბამისი პასუხები გაეცა მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შეუსრულებლობის შედეგად დამდგარ შედეგებზე აკეთებდა არაადეკვატურ განცხადებებს, რომელიც სცდება საჯარო მოსამსახურის გამოხატვის უფლების ფარგლებს, განზრახ შეურაცხყოფას აყენებდა და ბრალს სდებდა თანამშრომლებს განსაკუთრებით მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში, რითაც ქმნიდა არაჯანსაღ გარემოს, არ სცნობდა ადმინისტრაციის თანამდებობის პირთა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, არ მიიჩნევდა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციას ლეგიტიმურ ადმინისტრაციულ ორგანოდ.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საჯარო მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული წესების დარღვევა იწვევს მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას. პასუხისმგებლობის დაკისრების მიზანია საჯარო მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით დადგენილი ფუნქციების ჯეროვნად შესრულების უზრუნველყოფა, დადგენილი ქცევის წესების დაცვა, მათი დარღვევის პრევენცია. დისციპლინური ზომის გამოყენება, როგორც ადმინისტრაციის ცალმხრივი ნების გამოვლენა, მართლზომიერად უნდა განხორციელდეს. ადმინისტრაციის მხრიდან ნებისმიერ დარღვევაზე რეაგირება უნდა მოხდეს პროპორციულობის მოთხოვნის დაცვით, საჯარო მოსამსახურისათვის დაკისრებული დისციპლინური სახდელი შესაბამისობაში უნდა იყოს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმესთან და ითვალისწინებდეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას არსებულ გარემოებებს. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდება ხდება დარღვევის მიზეზის, დამდგარი შედეგის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. ამდენად, სამსახურიდან გათავისუფლება, როგორც უკიდურესი ღონისძიება, უნდა იყოს დარღვევის სიმძიმის პროპორციული (იხ. სუსგ 17.01.2019წ. Nბს-809-805(3კ-17)).
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ გაუთვალისწინებია კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებაში არსებული მითითებები. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის 28.12.2020წ. N75/1 ბრძანება მიღებულ იქნა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მხოლოდ ფორმალურად შესრულების მიზნით. ადმინისტრაციული წარმოების შედეგების შესახებ 14.12.2020წ. დასკვნა შედგენილია მონიტორინგის სამსახურის უფროსის მიერ, წარმოადგენს საქმის ფაქტობრივი გარემოებების მისეულ შეფასებას და არ ემყარება სათანადო მტკიცებულებებს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კანონიერ ძალაში შესული 26.03.2018წ. გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ 01.11.2016წ. გამოყენებულ გაფრთხილებას წინ უძღოდა ი. თ-ის 13.07.2016წ. განცხადება, რომლითაც ამ უკანასკნელმა მიმართა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის აპარატის უფროსს და ითხოვდა, რომ შემოწმებულიყო სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის თანამშრომელთა დიპლომების ნამდვილობა და მათი შესაბამისობა დაკავებულ თანამდებობასთან, ასევე ითხოვდა განმარტებას, რის საფუძველზე იქმნებოდა და იქმნება ახალი თანამდებობები და რა ნიშნით ხდებოდა კანდიდატთა შერჩევა ამ თანამდებობებზე დასაკავებლად. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივად ი. თ-ის მიერ წარდგენილი განცხადების საფუძველზე დაწყებული წარმოება დამთავრდა მისთვის სახდელის დაკისრებით, ისე რომ არც თავდაპირველი და არც სასამართლოს დავალებით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში არ გამოკვლეულა განცხადებაში მითითებული გარემოებები, აღნიშნულთან დაკავშირებით არ გამოკითხულან უფლებამოსილი პირები. საკასაციო პალატა განცხადების შინაარსის გათვალისწინებით თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში განცხადების საუარესოდ შებრუნების წინაპირობები ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაასაბუთა. 01.11.2016წ. ი. თ-ის მიმართ გამოყენებულ გაფრთხილებას ასევე წინ უძღოდა ი. თ-ისა და განათლების სამსახურის თანამშრომელ შ. მ-ეის შორის 11.03.2016წ. მომხდარი კონფლიქტის ფაქტი. აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული კონფლიქტის დროს შეურაცხყოფას ჰქონდა ორმხრივი ხასიათი. ამასთან, კონფლიქტი ი. თ-ის უშუალო ხელმძღვანელის შეფასებით არ წარმოადგენდა იმგვარ მწვავე დარღვევას, რომ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების საფუძველი გამხდარიყო. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული პირები ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ ი. თ-ი დაკისრებულ მოვალეობებს ყოველთვის პასუხისმგებლობით ასრულებდა და მისი სამსახურში დაბრუნების შემთხვევაში ექნებათ ნორმალური ურთიერთობა.
16.11.2016წ. ი. თ-ის სამსახურიდან გათავისუფლებას წინ უძღოდა მის მიერ პრესაში გამოქვეყნებული ინტერვიუ, სადაც მოსარჩელე უარყოფითად ახასიათებდა სამსახურის საქმიანობას და მიუთითებდა კონკრეტულ დარღვევებზე, კერძოდ თანამშრომელთა კვალიფიკაციის ნაკლებობაზე და პირთა თანამდებობაზე კანონით დადგენილი წესის დარღვევით დანიშვნაზე. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ გამოხატვის უფლების მნიშვნელობაზე, რომლის თანახმად ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება. დაუშვებელია ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, აღმსარებლობის, ან რწმენის გამო, აგრეთვე მისი იძულება გამოთქვას თავისი შეხედულება მათ შესახებ. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-10 მუხლის მე-2 ნაწილით დაცულია არა მარტო ,,ინფორმაცია’’ ან ,,იდეები’’, რომლებიც კეთილმოსურნეა, ანდა აღიქმება როგორც უწყინარი ანდა ინდიფერენტული, არამედ ისეთებიც, რომლებიც შეურაცხმყოფელი, გამაოგნებელი ან შემაწუხებელია სახელმწიფოს ან მოსახლეობის რომელიმე ნაწილისათვის. ასეთია პლურალიზმის, შემწყნარებლობისა და ფართო თვალსაწიერის მოთხოვნები, რომელთა გარეშეც არ არსებობს “დემოკრატიული საზოგადოება” (Handyside v. the United Kingdom, no 5493/72, § 49, 7.12.1976). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საჯარო სამსახურში დასაქმებით პირი არ კარგავს გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა მოხელე ამ თავისუფლებით სარგებლობს იმ ვალდებულებათა და პასუხისმგებლობათა გათვალისწინებით, რომელიც მას თავისი სოციალური როლისა და სამსახურებრივი სტატუსის გათვალისწინებით ეკისრება. იგი ასევე სარგებლობს დაცვის გარანტიებით განურჩევლად იმისა, მხილების შედეგად გამჟღავნებული ინფორმაცია სწორია თუ მცდარი ("კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" კანონის 205 მუხლი). საქართველოს მთავრობის 20.04.2017წ. N200 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების“ მიხედვით საჯარო მოხელე უფლებამოსილია სათანადო წინაპირობების არსებობის შემთხვევაში საჯაროდ გამოხატოს თავისი მოსაზრება კონკრეტული ორგანოს საქმიანობისა და მიმდინარე პროცესებში არსებული ხარვეზების შესახებ. ამასთანავე, აღნიშნული შესაძლოა განხორციელდეს როგორც უფლებამოსილი პირისათვის/ორგანოსათვის ინფორმაციის მიწოდებით, ასევე ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებით, რა დროსაც დაცული უნდა იყოს გონივრული ბალანსი საჯარო/სახელმწიფო მოხელის გამოხატვის თავისუფლებასა და საჯარო/სახელმწიფო ინტერესებს შორის. მოხელის მიერ დამსაქმებელ ორგანიზაციაში შესაძლო კანონშეუსაბამო ქმედებების შესახებ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელება ზოგ შემთხვევაში შესაძლოა იყოს დაცვის ღირსი, ასეთ დროს შეფასებას საჭიროებს, მაგ: ინფორმაციის შინაარსი, ავთენტურობა, საჯარო ინტერესის სფეროსადმი კუთვნილება, ინფორმაციის გავრცელების საჭიროება და აუცილებლობა, ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიყენებული შესაძლო ზიანი, დაპირისპირებულ ინტერესთა ურთიერთშედარება და სხვ. („ჰაინეში გერმანიის წინააღმდეგ“, N28274/08, 21.07.2011წ. 63-69 პ.). განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის მიერ ზემოაღნიშნულ გარემოებათა სათანადოდ გამოკვლევა და შეფასება ი. თ-ის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ შეფასებულა ი. თ-ის მიერ განხორციელებული ქმედებები გამოხატვის ფუნდამენტური უფლების ფარგლებში.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირის თანამდებობიდან გათავისუფლება დისციპლინური პასუხისმგებლობის ყველაზე მკაცრი ზომაა და მისი შეფარდებისთვის დადგენას საჭიროებს კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობა. დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეული და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია დისციპლინური გადაცდომისთვის შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომა განსაზღვროს და იხელმძღვანელოს თანაზომიერების პრინციპით. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 97.2 მუხლი დეტალურად განსაზღვრავს პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებისას გასათვალისწინებელ გარემოებებს. მითითებული ნორმით დადგენილი თითოეული გარემოების შესწავლის შედეგად განისაზღვრება დისციპლინური გადაცდომის ხარისხი და სიმძიმე, დამდგარი ზიანის მნიშვნელობა, დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის დამოკიდებულება გადაცდომის შედეგად დამდგარ ზიანთან. პირის გათავისუფლება სამსახურიდან სარწმუნოდ უნდა დასაბუთდეს. მოხელის მიერ ჩადენილი დარღვევა უნდა შეფასდეს მისი სიმძიმის და იმ შედეგების გათვალისწინებით, რაც დამრღვევი პირის ქმედებებს მოჰყვა. მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ უზრუნველყო მოსარჩელის მიერ მძიმე ადმინისტრაციული გადაცდომის ჩადენის დადასტურება, ვინაიდან მხოლოდ მძიმე ადმინისტრაციული გადაცდომის არსებობა ქმნის მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების სამართლებრივ საფუძველს. მართალია დარღვევის ჩამდენი მოხელისათვის კონკრეტული სახდელის შერჩევა უფლებამოსილი ორგანოს დისკრეციაა, თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს მიღებული გადაწყვეტილების სათანადოდ დასაბუთების საჭიროებას, რაც განსახილველ შემთხვევაში არ არის სახეზე. ამასთან, სადავო 28.12.2020წ. №75/1 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სამსახურიდან დათხოვის თაობაზე იმ პირობებში იქნა გამოცემული, როდესაც დასაქმებულის მიმართ არ მოქმედებდა უფრო მსუბუქი დისციპლინური სახელი. გაფრთხილება, რომელიც 01.11.2016წ. №306/2 ბრძანების საფუძველზე შეფარდებული ჰქონდა მოსარჩელეს, სასამართლოს 26.03.2018წ. გადაწყვეტილებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი, თუმცა ხელახალი ადმინისტრაციული წარმოებისას გაფრთხილებასთან დაკავშირებით მოპასუხეს არ უმსჯელია და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად პირდაპირ განსაზღვრა სამსახურიდან განთავისუფლება, რაც საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით წარმოადგენს შეუსაბამოდ მკაცრ ზომას. კასატორი აღნიშნავს, რომ ი. თ-იმა 01.11.2016წ. და 15.11.2016წ. გამართულ სხდომებზე უგულებელყო ქცევის ზოგადი წესები და ჩაიდინა არაეთიკური საქციელი, რაც ქმნიდა მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს. საკასაციო სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ ი. თ-ის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმე, ხარისხი და მის მიმართ გამოყენებული პასუხისმგებლობის ღონისძიება - სამსახურიდან გათავისუფლება არაპროპორციულია მის მიერ ჩადენილ ქმედებებთან.
რაც შეეხება კასატორის შუამდგომლობას საქართველოს მთავრობისადმი 02.02.2021წ. მიწერილი N172 განცხადების, 17.07.2018წ. N2440 განცხადებისა და გაზეთ "...ში" 26.06.2017წ. გამოქვეყნებული ინტერვიუს სასამართლოს მიერ განხილვის საჭიროებაზე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან ი. თ-ის მიერ 2016 წლის 16 ნოემბრის შემდგომ გამოთქმული მოსაზრებები და განხორციელებული ქმედებები მოსარჩელის სამსახურიდან განთავისუფლების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შეფასებისას არ უნდა იქნეს გათვალისწინებული, ვინაიდან დისციპლინური სახდელი დადებული უნდა იქნეს მის გამოყენებამდე განხორციელებული ქმედებისთვის და არა შემდგომი პერიოდის მოქმედებებისთვის.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2.უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.06.2022წ. განჩინება;
3. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე
გ. მაკარიძე