№ბს-421(კ-23) 23 ოქტომბერი, 2024 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - გ. კ-ა, მოპასუხე - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. გ. კ-ამ სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2021 წლის 3 აგვისტოს №46 დადგენილება, რომლითაც გ. კ-ა დაჯარიმებულ იქნა 200 ლარით, დაევალა შენობის დემონტაჟი და ტერიტორიის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 7 ოქტომბრის №1368 ბრძანება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
2. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილებით გ. კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. დავის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის 2021 წლის 3 აგვისტოს №46 დადგენილება და ხელვაჩაურის მერის 2021 წლის 7 ოქტომბრის №1368 ბრძანება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურს დაევალა, გადაწყვეტილებაში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 დეკემბრის განჩინებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ.
კასატორი აღნიშნავს, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტის დროს ადმინისტრაციულმა ორგანომ იხელმძღვანელა თავისი უფლებამოსილებისა და კანონიერების ფარგლებში და საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მოთხოვნების დარღვევის გამო დააჯარიმა მოსარჩელე. დაუსაბუთებელია სასამართლოს მითითება, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს გ. კ-ასთვის არ მიუცია მითითება და აღნიშნული დოკუმენტი არ ინახება საქმეში. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2021 წლის 28 ივნისის №29 მითითება ცალსახა დასტურია აღნიშნულ საკითხზე საქმისწარმოების დაწყებისა. მითითების შინაარსში იკვეთება სამართალდარღვევის ნიშნები (საპროექტო დოკუმენტაციისა და კანონით გათვალისწინებული შეტყობინების არარსებობა). ვინაიდან, გ. კ-ას არ წარმოუდგენია სათანადო დოკუმენტაცია მშენებლობის შესახებ, ადმინისტრაციულმა ორგანომ იმოქმედა კანონის შესაბამისად.
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის თანახმად, მშენებლობის წინაპირობაა მარტივი შეტყობინება. ამ შეტყობინების საფუძველზე ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა განახორციელოს საკუთარი უფლებამოსილება - ადგილზე გასვლა, დათვალიერება, შეფასება, მითითება სამშენებლო სამუშაოებზე, უსაფრთხოებაზე. ვინაიდან მოსარჩელეს შეტყობინება არ განუხორციელებია, მის მიერ აშენებული I კლასის შენობა-ნაგებობა დაკვალიფიცირდა უკანონო მშენებლობად და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 43-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დაჯარიმდა 200 ლარის ოდენობით.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) 2021 წლის 28 ივნისს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ს ტერიტორიაზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოვლენილ იქნა, რომ გ. კ-ა უნებართვოდ აწარმოებდა ქვის შენობა-ნაგებობის მშენებლობას. გ. კ-ას მიმართ შედგენილ იქნა მითითება, კერძოდ, ზედამხედველობის სამსახურში წარედგინა მშენებლობისათვის საჭირო დოკუმენტაცია ან ტერიტორია მოეყვანა პირვანდელ მდგომარეობაში. მითითებაში აღნიშნულია, რომ მითითება გ. კ-ას არ ჩაბარებია და განთავსდა (,,გაიკრა’’) თვალსაჩინო ადგილას (ს.ფ 51); ბ) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა 2021 წლის 3 აგვისტოს გ. კ-ას მიმართ შეადგინა დადგენილება სამშენებლო საქმიანობაში სამართალდარღვევისათვის გ. კ-ას დაჯარიმებისა და შენობის დემონტაჟის თაობაზე. დადგენილების საფუძველზე გ. კ-ა დაჯარიმდა 200 ლარით. მასვე დაევალა შენობის დემონტაჟი და ტერიტორიის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა (ს.ფ 49-50); გ) გ. კ-ამ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2021 წლის 3 აგვისტოს დადგენილება 2021 წლის 11 აგვისტოს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში გაასაჩივრა. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ გ. კ-ას საჩივრის განხილვის შედეგად გამოსცა №1368 ბრძანება, რომლითაც №46 დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე, გ. კ-ას საჩივარი არ დაკმაყოფილდა. №1368 ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში 2021 წლის 11 აგვისტოს წარდგენილი იქნა მოქალაქე გ. კ-ას საჩივარი ზედამხედველობის სამსახურის 2021 წლის 3 აგვისტოს №46 დადგენილებაზე. საჩივრის ავტორი განმარტავდა, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ...ში მდებარე მიწის ნაკვეთი, რომელზეც აშენებულია პატარა შენობა - 25 კვ.მ. ფართის, ეკუთვნოდათ ბაბუას - ს. კ-ას და მის მეუღლეს - ე. პ-ა-კ-ას. მიწის ნაკვეთზე ადრეც იდგა შენობა, სადაც ბაბუამისს მოწყობილი ჰქონდა კინოთეატრი და ასევე, უვლიდა და ინარჩუნებდა მის მიმდებარედ არსებულ ტყეს. სწორედ იმის გამო, რომ არ განადგურდეს ტყე-პარკი, თავად გ. კ-ა, აგრძელებს ამ ტერიტორიის მოვლა-პატრონობას, აკეთებს საბავშვო მოედანს გასართობი ატრაქციონებით, რაზეც ინფორმირებულია ხელვაჩაურის მერია. რაც შეეხება შენობას, იგი წარმოადგენს I კლასის ნაგებობას, რადგან მისი ფართობი არ აღემატება 60 კვ.მ-ს. მოქმედი კანონმდებლობით კი, I კლასის შენობის აშენება არ საჭიროებს მშენებლობის ნებართვას. ამდენად, გ. კ-ას მხრიდან არ დარღვეულა კანონი და სადავო დადგენილებაც გამოცემულია კანონის უხეში დარღვევით. საჩივრის განმხილველმა ორგანომ მიუთითა №46 დადგენილებაში მითითებულ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ მართალია, გ. კ-ას მიერ აშენებული ნაგებობა წარმოადგენს I კლასის შენობას, თუმცა განხორციელებული მშენებლობა ექვემდებარებოდა მშენებლობის მარტივ შეტყობინებას, თანახმად საქართველოს სივრცითი დაგემარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 94-ე მუხლის პირველი პუნქტისა. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს შეფასებით, სწორად განხორციელდა გ. კ-ას მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება, რაც მისი საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი იყო (ს.ფ 16-17, 11-13).
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2021 წლის 3 აგვისტოს №46 დადგენილებისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 7 ოქტომბრის №1368 ბრძანების კანონიერება. ამასთან, გ. კ-ას სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება, შესაბამისად, გ. კ-ას საკასაციო საჩივარი არ არის წარმოდგენილი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 დეკემბრის განჩინებაზე. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილი.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 93-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია მშენებლობის შეტყობინება ან მშენებლობის ნებართვა, გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მშენებლობა, რომელიც ექვემდებარება შეტყობინებას, მაგრამ მის გარეშე დაიწყო, უნებართვო მშენებლობაა. უნებართვო მშენებლობად მიიჩნევა აგრეთვე მშენებლობის შეტყობინების დარღვევით განხორციელებული მშენებლობა, რომელიც სცდება შეტყობინების ვალდებულებისთვის განსაზღვრული კლასის შენობა-ნაგებობის მახასიათებლებს. მითითებული კოდექსის 94-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა, ამ კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ექვემდებარება მშენებლობის მარტივ შეტყობინებას.
მითითებული კოდექსის 123-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო ადმინისტრაციულ წარმოებას იწყებს სამართალდამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, რომელიც წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე დამრღვევის მიმართ გაცემულ შენიშვნას შეუსაბამობაზე და მოთხოვნას, რომლითაც განისაზღვრება გონივრული ვადა, რომლის ფარგლებშიც მან უნდა შეასრულოს მითითებით დადგენილი პირობები სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსასწორებლად. 124-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო არაუმეტეს 7 კალენდარული დღის ვადაში ამოწმებს მითითების შესრულებას, ადგენს შემოწმების აქტს და მასში ასახავს ინფორმაციას მითითების შესრულების ან შეუსრულებლობის შესახებ. 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია შემოწმების აქტის შედგენიდან 2 თვის ვადაში მიიღოს დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმადაც, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი, რომელშიც აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება. აღნიშნული მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად კი, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ. 25-ე მუხლის მე-19 ნაწილის მიხედვით, თუ დადგენილებაში მითითებული მხარისათვის მითითების, შემოწმების აქტის, უწყების ან დადგენილების გაცნობა (პირადად ჩაბარებით) ვერ ხერხდება, გაცნობად ჩაითვლება მისი განთავსება მითითებაში, შემოწმების აქტში, უწყებაში ან დადგენილებაში აღნიშნული ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე. თვალსაჩინო ადგილად ჩაითვლება: ა) საინფორმაციო დაფა; ბ) მშენებლობის ტერიტორიაზე სამუშაოთა მწარმოებლისათვის დროებით განთავსებული შენობა; გ) მშენებლობის ტერიტორიის შემომფარგვლელი უსაფრთხოების ღობე.
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 43-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება: მუნიციპალიტეტის დასახლებაში – დაბაში ან სოფელში, გარდა ამ კოდექსის 44-ე მუხლში აღნიშნული ტერიტორიისა, გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარით.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს სრულად არ გამოუკვლევია საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და გადაწყვეტილება არ მიუღია მათი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
დადგენილია, რომ გ. კ-ას მიმართ 2021 წლის 28 ივნისს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ შედგენილ იქნა მითითება ქვის შენობა-ნაგებობის მშენებლობის უნებართვოდ განხორციელების ფაქტზე. მოსარჩელეს მიეცა მითითება ზედამხედველობის სამსახურში წარედგინა მშენებლობისათვის საჭირო დოკუმენტაცია ან ტერიტორია მოეყვანა პირვანდელ მდგომარეობაში. საგულისხმოა, რომ საქმის მასალებით არ დგინდება, თუ რა ვადა მიეცა გ. კ-ას მითითების შესასრულებლად (მითითების შედგენის თარიღია 2021 წლის 28 ივნისი და მითითების თანახმად, 28 ივნისამდე მიეცა ადრესატს ვადა მითითების პირობების შესასრულებლად).
გარდა ზემოაღნიშნულისა, არ დგინდება, მოსარჩელისათვის მის მიმართ შედგენილი მითითების კანონით დადგენილი წესით ჩაბარების ფაქტი. კერძოდ, 2021 წლის 28 ივნისის მითითების თანახმად, მითითება განთავსდა თვალსაჩინო ადგილას. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-19 ნაწილით გათვალისწინებული დანაწესი (აქტის გაცნობა აქტის ობიექტზე განთავსებით) გამოიყენება მხოლოდ მაშინ, თუ დადგენილებაში მითითებული მხარისათვის მისი გაცნობა პირადად ჩაბარებით ვერ ხერხდება. მოხმობილი ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ამოწუროს დადგენილების (მითითების, შემოწმების აქტის, უწყების) მხარისათვის პირადად ჩაბარების ყველა გონივრული შესაძლებლობა და მხოლოდ ამის შემდეგ არის დაშვებული თვალსაჩინო ადგილზე აქტის განთავსების გზით, მისი ადრესატისთვის ჩაბარებულად მიჩნევა. ადმინისტრაციულმა ორგანომ არა მხოლოდ ფორმალურად უნდა შეასრულოს კანონის დანაწესი, არამედ უნდა განახორციელოს რეალური ქმედებები გზავნილის ჩასაბარებლად. მოცემულ შემთხვევაში გარდა იმისა, რომ არ დგინდება რატომ ვერ მოხერხდა მითითების ჩაბარება გ. კ-ასთვის, ამასთან, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მითითება თვალსაჩინო ადგილზე განთავსებული იყო კანონით დადგენილი წესით.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 7 ოქტომბრის №1368 ბრძანების თანახმად, 2021 წლის 2 აგვისტოს აღნიშნული ობიექტის მიმართ ადგილზე შედგენილ იქნა შემოწმების აქტი, თუმცა მითითებული შემოწმების აქტი საქმეში არ არის წარმოდგენილი. შესაბამისად, საქმის მასალებით არ დასტურდება შემოწმების აქტის კანონით დადგენილი წესით შედგენა, რომლითაც დადასტურდებოდა მითითების შეუსრულებლობის ფაქტი. ასეთ პირობებში, საქმის გარემოებების სათანადო წესით გამოკვლევის გარეშე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2021 წლის 3 აგვისტოს დადგენილებით გ. კ-ა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 43-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დაჯარიმდა 200 ლარით, მასვე დაევალა შენობის დემონტაჟი და ტერიტორიის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა.
როგორც ზემოთ აღინიშნა საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 94-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა, ამ კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ექვემდებარება მშენებლობის მარტივ შეტყობინებას.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაზე (ძალადაკარგულია საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 მარტის №139 დადგენილებით), რომლის 65.1 მუხლის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობას არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა). ამავე დადგენილების 66-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა წარმოებს ნებართვის მიღების გარეშე, მშენებლობის მწარმოებელი ვალდებულია დაიცვას კანონმდებლობით, მათ შორის, სამშენებლო რეგლამენტებით გათვალისწინებული მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს. იმავე დადგენილების 66-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად კი, ამ დადგენილების მოთხოვნათა დარღვევით I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელება განიხილება როგორც უნებართვო მშენებლობა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით ცვლილება შევიდა ამავე სახელწოდების საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილებაში, რომლის მე-60 მუხლის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობა წარმოებდა ნებართვის მიღების გარეშე. აღნიშნული დადგენილების მე-60 მუხლში მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს შეტყობინების ვალდებულების შესახებ ცვლილება განხორციელებულია 2008 წლის 27 ოქტომბერს, კერძოდ, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებით განისაზღვრა, რომ I კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობა წარმოებდა კვლავ ნებართვის მიღების გარეშე, თუმცა, მშენებლობის დაწყება შესაძლებელი ხდებოდა მას შემდეგ, რაც შესაბამისი მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან/და მოსარგებლე მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოში გააგზავნიდა შეტყობინებას მშენებლობის განზრახვის თაობაზე, რომელსაც თან ურთავდა მიწის ნაკვეთის საკუთრების ან სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტს, ხოლო მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო 5 დღის ვადაში დაადასტურებდა წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ის სისწორეს და პასუხს აცნობებდა შემტყობინებელს.
მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანო არ უარყოფს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ სადავო მშენებლობა წარმოადგენს I კლასის შენობა-ნაგებობას. ამასთან, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 7 ოქტომბრის №1368 ბრძანებით და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2021 წლის 28 ივნისის №29 მითითებით ცალსახად არ დასტურდება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ დაადგინა მშენებლობის წარმოების პერიოდი. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც საჩივრის ავტორი ადმინისტრაციული წარმოების დროს მიუთითებდა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი ეკუთვნოდათ პაპას - ს. კ-ას და მის მეუღლეს - ე. პ-ა-კ-ას და მიწის ნაკვეთზე ადრეც იდგა შენობა, გაურკვეველია, რამდენად ჰქონდა მშენებლობის მწარმოებელ პირს მშენებლობის მარტივი შეტყობინების განხორციელების ვალდებულება, ვინაიდან აღნიშნულს 2008 წლის 27 ოქტომბრამდე მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ წარმოდგენილი საქმის მასალებით ვერ დგინდება, რა ფაქტობრივ გარემოებაზე დაყრდნობით მიიჩნია ადმინისტრაციულმა ორგანომ, რომ მშენებლობა განხორციელებული იყო უშუალოდ გ. კ-ას და არა სხვა პირის მიერ. ამასთან, ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია, როდის აშენდა სადავო შენობა-ნაგებობა.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა სადავო საკითხის გადაუწყვეტლად გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების წინაპირობები. მოპასუხე მხარე ვალდებულია სადავო საკითხი შეისწავლოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 დეკემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. მაკარიძე
ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე