Facebook Twitter

საქმე №ბს-1078(კ-24) 15 ოქტომბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატა

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ი. კ-ი

მესამე პირი (ასკ 16.2 მუხლით) - ლ. ჯ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა; ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ი. კ-იმა 2022 წლის 27 სექტემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ნოტარიუს ლ. ჯ-ის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2022 წლის 31 აგვისტოს №16/10291 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ი. კ-ის საჩივრებთან (რეგისტრაციის №10236/16; №01/22372) დაკავშირებით ლ. ჯ-ის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოპასუხისთვის გამოცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ნოტარიუსი - ლ. ჯ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით ი. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით ი. კ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება და მიღებული გადაწყვეტილებით ი. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2022 წლის 31 აგვისტოს №16/10291 გადაწყვეტილება და მოპასუხეს ი. კ-ის 2022 წლის 26 ივლისის საჩივრის (რეგისტრაციის №10236/16, №01/22372) განხილვა დაევალა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 მარტის გადაწყვეტილების ასლი სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატას 2024 წლის 28 ივნისს გაეგზავნა იურიდიულ მისამართზე - ქ. თბილისი, ივ. ჯავახიშვილის ქ. №60. საფოსტო შეტყობინების მიხედვით, გზავნილი 2024 წლის 02 ივლისს ჩაჰბარდა დ. ნ-ეს (დაცვის თანამშრომელი), რაც დასტურდება გზავნილზე ხელმოწერით (ს.ფ. 292).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება, ხოლო ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ გარემოების გათვალისწინებით, თუ ვის მიერ არის განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა (სასამართლოს თუ კანონისმიერი), განასხვავებენ კანონის და სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის. საპროცესო კოდექსი ასევე განსაზღვრავს კანონისმიერ ვადაში მოქმედების შეუსრულებლობის შედეგებს, კერძოდ, თუ მხარემ კანონისმიერ ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს, ხოლო ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკითხზე თუ ვინ მიიჩნევა სასამართლო კორესპონდენციის ჩაბარებაზე ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირად, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც, კანონმდებელი ორგანიზაციისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარების ნამდვილობას უკავშირებს ობიექტურ ფაქტორს. ნორმის ამ ნაწილით კანონმდებელი შეგნებულად არ აზუსტებს კონკრეტული პირის უფლებამოსილებას შეტყობინების ჩაბარებაზე და ალტერნატიულად, ზოგადი სახით, ჩამოთვლის იმ სუბიექტებს, რომელთაც უფლება აქვთ შეტყობინება ჩაიბარონ ორგანიზაციის სახელით. ამ პირთა წრეს განეკუთვნებიან: კანცელარია ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურული ერთეული ან/და პირი, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამისი უფლებამოსილი პირი, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. უფლებამოსილ პირად, გარდა ზემოაღნიშნულისა, შეიძლება ჩაითვალოს ნებისმიერი პირი, რომელიც რაიმე ფორმით იმყოფება შრომით ურთიერთობაში ორგანიზაციასთან. თავის მხრივ, შრომითი ურთიერთობა დამსაქმებლისა და დასაქმებულის იმგვარი ურთიერთობაა, რაც დასაქმებული პირის ნებისმიერ თანამდებობაზე მუშაობის მიუხედავად, ავალდებულებს მას კეთილსინდისიერად განახორციელოს ხელმძღვანელობისათვის შეტყობინების ჩაბარება (სუსგ №ას-1289-1309-2011, 14.11.2011 წ.; №ას-330-2019, 19.11. 2019 წ.).

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალების მიხედვით დგინდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატას გაეგზავნა საქმის მასალებში მითითებულ იურიდიულ მისამართზე - ქ. თბილისი, ივ. ჯავახიშვილის ქ. №60. აღნიშნული გზავნილი უფლებამოსილ პირს ჩაჰბარდა 2024 წლის 02 ივლისს (ს.ფ. 292), შესაბამისად, საკასაციო საჩივრის წარდგენის ვადის დენა სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დაიწყო 2024 წლის 03 ივლისს და ამოიწურა 2024 წლის 23 ივლისს (სამშაბათი) 24:00 საათზე. სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენლის მიერ საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაეს სასამართლოში საქართველოს ფოსტის მეშვეობით გაგზავნილ იქნა 2024 წლის 24 ივლისს, რაც დასტურდება კონვერტზე საქართველოს ფოსტის წარმომადგენლის მიერ დასმული ბეჭდით (ს.ფ. 309).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა იმპერატიული სახისაა, რომლის გაგრძელების ან აღდგენის უფლებამოსილება სასამართლოს არც საკუთარი ინიციატივით და არც მხარეთა მოთხოვნით არ გააჩნია.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული საკასაციო საჩივრის შეტანის 21-დღიანი ვადა, რაც სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60, 396-ე, 397-ე და 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებაზე, დარჩეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა