Facebook Twitter

№ბს-259(კ-23) 3 ოქტომბერი, 2024 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა გ. მ-ეის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო, მესამე პირი - შპს „გ...“).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. გ. მ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა, ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2021 წლის 29 მარტის №SP201088224/828837 ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 ივლისის განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მესამე პირად ჩაება შპს „გ...“.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. მ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა გ. მ-ეის მიერ.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 დეკემბრის განჩინებით გ. მ-ეის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. მ-ემ.

კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს დასაბუთებას იმის შესახებ, თუ რატომ ჩაითვალა გზავნილის მიმღები თ. ი-ი გ. მ-ეის მეუღლედ და ოჯახის წევრად, რის საფუძველზე იქნა მიჩნეული, რომ გზავნილი ადრესატს ჩაბარდა. სასამართლო არასწორად განმარტავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლს. საქმეში წარმოდგენილია დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ გ. მ-ე არ იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში, თუმცა სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. ი-ი მოსარჩელის მეუღლეა, რადგან ცხოვრობს მასთან. სასამართლოს თანაცხოვრების დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება არ გააჩნდა. მოსარჩელე ყოველთვის მიუთითებდა, რომ თ. ი-ი პერიოდულად ცხოვრობდა გ. მ-ეის ბინაში. ის არ წარმოადგენს მოსარჩელის მეუღლეს, არც ოჯახის წევრსა და მასთან მუდმივად მცხოვრებ პირს. აქედან გამომდინარე, თ. ი-იზე ჩაბარებული გზავნილი ვერ ჩაითვლება ადრესატი გ. მ-ეისათვის ჩაბარებულად, მითუფრო, რომ აღნიშნულით მოსარჩელის მდგომარეობა მძიმდება და ეკისრება თანხა, რომელიც მიქცეულია აღსასრულებლად.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. მ-ეის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. მ-ეის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) 2020 წლის 22 ოქტომბერს, შპს „გ...მა“ განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა დავალიანების გადახდევინების შესახებ გამარტივებული წარმოების დაწყება, რესპონდენტის - გ. მ-ეის მიმართ (ს.ფ. 48-51, 91); ბ) 2019 წლის 8 მაისს, შპს „გ...სა“ და სს „ს...ს“ შორის დაიდო მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულება, რის საფუძველზეც მოთხოვნის მფლობელმა უფლების მიმღებს სრულად დაუთმო თავისი, როგორც კრედიტორის მოთხოვნის უფლება გ. მ-ეის მიმართ, რომელთანაც სასესხო ურთიერთობაში იმყოფებოდა მოთხოვნის მფლობელსა და მოვალეს შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე (ს.ფ. 44, 92-96, 122-133); გ) 2020 წლის 16 დეკემბერს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურმა გამოსცა გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ №SP201088224/797331 შეტყობინება, რომლითაც რესპონდენტს - გ. მ-ეს განემარტა, რომ შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში შეეძლო განეხორციელებინა შეტყობინებაში მითითებული ერთ-ერთი მოქმედება: სრულად დაეფარა აპლიკანტის მიმართ არსებული დავალიანება; დაეფარა დავალიანების ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევდა; განეცხადებინა წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ არ ეთანხმებოდა მოთხოვნას; წერილობით ეღიარებინა მოთხოვნა სრულად, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევდა; წერილობით ეღიარებინა მოთხოვნის ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევდა; წარედგინა განცხადება მორიგების შეთავაზების შესახებ, თუ სურდა აპლიკანტთან გადახდის პირობებზე შეთანხმება. რესპონდენტს ასევე განემარტა, რომ შეტყობინებაში მითითებული მოქმედებების განუხორციელებლობის შემთხვევაში გამოიცემოდა ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ. მითითებული შეტყობინება გ. მ-ეს გაეგზავნა ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: თბილისი, ...ის დასახლება, მე-... მიკრო/რაიონი, კორპუსი ..., ბინა №.... რესპონდენტისათვის გაგზავნილი შეტყობინება მისამართზე: თბილისი, ...ის დასახლება, მე-... მიკრო/რაიონი, კორპუსი ..., ბინა №... ჩაბარდა რესპონდენტის მეუღლეს თ. ი-ის (პირადი ნომერი: ...) 2021 წლის 11 მარტს (ს.ფ 18-19, 20, 143); დ) 2021 წლის 29 მარტს, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გამოსცა №SP201088224/828837 ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ, რომლის თანახმადაც რესპონდენტს - გ. მ-ეს დაეკისრა დავალიანების გადახდა 15764.55 ლარის ოდენობით, აპლიკანტის - შპს „გ...ს“ მიმართ (ს.ფ 21); ე) სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 7 ივლისის №01/132764 წერილით დასტურდება, რომ გ. მ-ეის მიმართ რეგისტრირებული ქორწინების სააქტო ჩანაწერი არ იძებნება (ს.ფ 22).

მოცემულ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელისთვის დაკისრებული დავალიანების გადახდევინების შესახებ მოპასუხის მიერ გამოცემული ბრძანების კანონიერება, იმ მოტივით, რომ მოსარჩელე არ იყო ინფორმირებული მის მიმართ დაწყებული გამარტივებული წარმოების დაწყების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ გამარტივებული წარმოება თავისი არსით აპლიკანტისთვის (კრედიტორი) პროცედურის გამარტივებას ისახავს მიზნად და აღსრულების პროცედურის ეკონომიურობასა და ეფექტურობაში ვლინდება. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 914 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადება, რომელიც გამარტივებული წარმოების დაწყების საფუძველია, მიზნად უნდა ისახავდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას. ამავე კანონის 917 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო განცხადების რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ატყობინებს რესპონდენტს მის წინააღმდეგ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს: ა) გამარტივებული წარმოების ნომერს; ბ) აპლიკანტის დასახელებას, დაყენებულ მოთხოვნას და მოთხოვნის საფუძველს; გ) მითითებას იმის შესახებ, რომ რესპონდენტი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში სრულად დაფაროს დავალიანება, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს, ან განახორციელოს ქვემოთ ჩამოთვლილ მოქმედებათაგან ერთ-ერთი: გ.ა) დაფაროს დავალიანების ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს; გ.ბ) განაცხადოს წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ არ ეთანხმება მოთხოვნას; გ.გ) წერილობით აღიაროს მოთხოვნა სრულად, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს; გ.დ) წერილობით აღიაროს მოთხოვნის ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს; გ.ე) წარადგინოს განცხადება მორიგების შეთავაზების შესახებ; დ) განმარტებას იმის შესახებ, თუ რა სამართლებრივი შედეგი მოჰყვება დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას; ე) გამარტივებული წარმოების საფასურის ოდენობას, ანგარიშსწორების წესს და აღსრულების ეროვნული ბიუროს საბანკო რეკვიზიტებს.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 917 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებას თუ რესპონდენტი არ განახორციელებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ არც ერთ მოქმედებას – დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება გამოიცემა მოთხოვნის სრულ ოდენობაზე. ამავე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, გამარტივებული წარმოებისას გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება რესპონდენტს ჩაჰბარდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. დაუშვებელია რესპონდენტისათვის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების საჯარო გამოცხადების გზით ცნობება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დოკუმენტის ადრესატისთვის ჩაბარების წესებს არეგულირებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლები. აღნიშნული კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. ამავე კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. მითითებული კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად კი, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მითითებული კოდექსის 74-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ ყურადღებას ამახვილებს საქმეზე დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება გ. მ-ეს გაეგზავნა ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: თბილისი, ...ის დასახლება, მე-... მიკრო/რაიონი, კორპუსი ..., ბინა №21. გზავნილის თანახმად, რესპონდენტისათვის გაგზავნილი შეტყობინება ჩაბარდა რესპონდენტის მეუღლეს თ. ი-ის 2021 წლის 11 მარტს. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტს, რომ კასატორი სადავოდ არ ხდის იმ მისამართის სისწორეს, რომელზეც მოპასუხის მიერ გაგზავნილ იქნა შეტყობინება, არამედ მიუთითებს მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ გზავნილის მიმღები პირი არ წარმოადგენს მისი ოჯახის წევრს.

მართალია, საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება, რომ გ. მ-ეის მიმართ 2021 წლის 7 ივლისის მდგომარეობით რეგისტრირებული ქორწინების სააქტო ჩანაწერი არ იძებნება, თუმცა საგულისხმოა, რომ კასატორი თავად ადასტურებს გზავნილის მიმღები პირის - თ. ი-ის მის ბინაში ცხოვრების ფაქტს. ამასთან, საფოსტო უკუგზავნილზე თ. ი-ი მითითებულია გ. მ-ეის მეუღლედ და აღნიშნული დადასტურებულია გზავნილის მიმღები პირის ხელმოწერით. დასახელებული გარემოებების მხედველობაში მიღების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების ჩაბარების ფორმა შეესაბამება სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილ წესს და იგი მიჩნეულ უნდა იქნეს გზავნილის სათანადო წესით მხარისათვის გადაცემად, რაც გ. მ-ეის მხრიდან კანონით გათვალისწინებული მოქმედებების განუხორციელებლობის პირობებში (მათ შორის, წერილობითი პროტესტის წარუდგენლობა) გახდა მის მიმართ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემის საფუძველი. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გ. მ-ეის მიმართ მიმდინარე გამარტივებული წარმოების პროცესში ადგილი არ ჰქონია არსებითი ხასიათის პროცედურულ დარღვევას და მოპასუხე უფლებამოსილი იყო გამოეცა ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. მ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 დეკემბრის განჩინება;

3. გ. მ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 03.04.2023წ. №26718538 გადახდის ქვითარით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე