№ბს-130(კ-24) 23 ოქტომბერი, 2024 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 24 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ნ.მ-ე, მესამე პირი - საქართველოს მთავრობა).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ნ.მ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 10 აგვისტოს IDP 5 22 00200484 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; ბ) დაევალოს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ნ.მ-ის საცხოვრებელი სახლის მშენებლობის სანაცვლოდ საკომპენსაციო თანხის - 50 000 ლარით უზრუნველყოფის თაობაზე.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებით ნ.მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 10 აგვისტოს IDP 5 22 00200484 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. დაევალა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ჩაატაროს ადმინისტრაციული წარმოება სტიქიით დაზარალებული ნ.მ-ისთვის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის შესახებ საკითხის განხილვა-გადაწყვეტის მიზნით და გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელის განცხადებასთან დაკავშირებით.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და ნ.მ-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს მთავრობა განსახილველ დავაში ჩაბმულ იქნა მესამე პირად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით ნ.მ-ისა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილება. მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაეკისრა ნ.მ-ის სასარგებლოდ, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში ადვოკატის მომსახურეობისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 24 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
კასატორი აღნიშნავს, რომ დევნილთა სააგენტო ეკომიგრანტი ოჯახებისათვის სახლების მშენებლობას არ ახორციელებს. ბენეფიციარი დადგენილი წესის თანახმად, ავსებს განაცხადს საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე, რომელიც ფასდება შესაბამისი კრიტერიუმებით, ენიჭება გარკვეულ ქულათა ოდენობა. დეპარტამენტი, მონაცემთა ბაზის მეშვეობით ახდენს განაცხადების დამუშავებას მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით დამტკიცებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად. დამუშავებულ მასალას წარუდგენს კომისიას განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. იმ ეკომიგრანტი ოჯახების მიმართ, რომელთა განაცხადები კომისიის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ, სააგენტო იღებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს ამ საცხოვრებელი სახლების დაზარალებულთათვის პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასად, საკუთრებაში გადაცემის მიზნით. სახლების განაწილება განხორციელდება კომისიის მიერ ჩატარებული კენჭისყრის საფუძველზე. ამ მიზნით თავად ეკომიგრანტი ოჯახი წარუდგენს სააგენტოს საცხოვრებელ სახლს, რომლის შესყიდვასაც განახორციელებს ადმინისტრაციული ორგანო. მოცემულ შემთხვევაში კი სასამართლო ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს საცხოვრებელი სახლის მშენებლობას, რაც კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ეწინააღმდეგება და სააგენტოს უფლებამოსილებას არ განეკუთვნება. სააგენტოს ნ.მ-ესთან დაკავშირებით აქტი არ გამოუცია, თუმცა სასამართლომ ინფორმაციული ხასიათის წერილი მაინც აქტად ჩათვალა.
ხულოს სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის 1989 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, 1997 წლის 22 დეკემბერს მიღებულ იქნა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №750, რომლის საფუძველზეც ეკომიგრანტი ოჯახებისათვის გარდაბნის რაიონის, სოფელ ...ის, ...ის გზატკეცილის მარჯვენა მხარეს სახელმწიფო საკუთრების მიწებიდან გამოყოფილ იქნა 20 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, სადაც სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე უნდა აეშენებინათ საცხოვრებელი სახლები 75 ოჯახის დასასახლებლად. ამ მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო შესაბამისი თანხები. საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 დეკემბრის №750 ბრძანებულებით, გარდაბნის რაიონის გამგეობას, საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს, კომპეტენციის ფარგლებში დაევალათ, 1989 წელს აჭარის მაღალმთიანი რაიონებიდან ჩამოსახლებული 75 ოჯახის განსახლება. მოცემული ბრძანებულება წლების განმავლობაში არ აღსრულებულა, რასაც მოჰყვა ეკომიგრანტი ოჯახებისგან ჯერ საქართველოს მთავრობისათვის მიმართვა ზემოხსენებული აქტების აღსრულების მიზნით, ხოლო შემდგომ უკვე სასამართლოში გასაჩივრება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ეკომიგრანტი ოჯახების (მათ შორის არ იყო მოსარჩელე) მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და საქართველოს მთავრობას დაევალა მათი დაკმაყოფილების საკითხის განხილვა. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის №1979 განკარგულებით სამინისტროს დაევალა ეკომიგრანტ ოჯახთა საკითხის განხილვის შესახებ, სამოქმედო გეგმის შემუშავება, მათი განსახლების მიზნით. სამინისტრომ შეისწავლა ზემოხსენებულ პირთა საკითხი და მიაწოდა სამოქმედო გეგმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას. ნაწილი მათგანის დაკმაყოფილება მოხდა საკომპენსაციო თანხით. მოსარჩელე ნ.მ-ის ოჯახი ზემოხსენებულ 49 ოჯახს შორის, ვინც მიმართა სასამართლოს საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, არ ყოფილა მოხსენიებული. შესაბამისად, მათ სასარგებლოდ, მოპასუხისათვის არც სასამართლოს და არც მთავრობას კომპენსაციის გაცემის საკითხის განხილვა ან/და საცხოვრებლით უზრუნველყოფა არ დაუვალებია.
მოსარჩელე ვერ მიუთითებს ვერცერთ ნორმატიულ აქტს თუ სხვა რაიმე დებულებაზე, რომელიც ვალდებულებას ან თუნდაც უფლებამოსილებას მაინც მიანიჭებდა, რომ მოპასუხეს გაეცა მოსარჩელის ოჯახზე კომპენსაცია, როგორც სტიქიით დაზარალებულზე. რაც შეეხება 1990-იანი წლების მთავრობის დადგენილებებს და პრეზიდენტის ბრძანებულებას, მოპასუხე არ წარმოადგენს იმ უფლებამოსილ ორგანოს, რომელსაც ამ აქტების აღსრულების უფლებამოსილება და ვალდებულება გააჩნია. ზემოხსენებული 49 ოჯახი დაკმაყოფილდა საქართველოს მთავრობის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით. სააგენტო მოცემულ სამართალურთიერთობაში, არ წარმოადგენდა და ვერც იქნებოდა გადაწყვეტილების მიმღები ორგანო, ვინაიდან 1990-იან წლებში გამოცემული აქტებით, ამ აქტების აღსასრულებლად განსაზღვრულია, აბსოლუტურად სხვა ადმინისტრაციული ორგანოები. ამასთან, არც ზემოხსენებული აქტებით და არც მოქმედი კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული სტიქიით დაზარალებული ოჯახების უზრუნველყოფა საკომპენსაციო თანხებით. ზემოხსენებული 49 ოჯახის საკომპენსაციო თანხით უზრუნველყოფა მოხდა კონკრეტულ სამართალურთიერთობაში, კონკრეტული შეთანხმების ფარგლებში და ის ვერ გასცდება მოცემული განკარგულებით განსაზღვრულ პირთა წრეს. სარჩელით მოთხოვნილი საკითხის განხილვა მთავრობის კომპეტენციას წარმოადგენს და მოსარჩელის მოთხოვნაზე პასუხისმგებელ ორგანოს განსახილველ საქმეში წარმოადგენს საქართველოს მთავრობა იმ ნაწილში, რომ მას უნდა დაევალოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება და დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება მოსარჩელის საკითხის განხილვის მიზნით.
2022 წლის 10 აგვისტოს №IDP 5 22 00200484 წერილით სააგენტომ მოსარჩელის წარმომადგენელს საქართველოს მთავრობის 2022 წლის 21 ივლისის №GOV 5 22 00023505 წერილით გადმოგზავნილ №18331 განცხადებასთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია მის მიერ განცხადებაში დასმულ საკითხთან დაკავშირებით და განუმარტა, რომ 1990-იან წლებში ხულოს მუნიციპალიტეტში მომხდარი სტიქიური მოვლენების გამო დაზარალებული ოჯახების ჩასახლება განხორციელდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში. გარკვეულ ოჯახებზე საკომპენსაციო თანხა გაიცა სამივე ინსტანციის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების და საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე. ამ პირთა სიაში მოსარჩელის ოჯახი არ იყო მოხსენიებული. შესაბამისად, სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას საგამონაკლისო წესით, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, განიხილოს მოსარჩელის საკითხი.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 9 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) ხულოს სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის 1989 წლის 18 აგვისტოს №192/15 გადაწყვეტილების თანახმად, რაიონული საბჭოს აღმასკომის 1989 წლის 27 ივნისის №162/26 გადაწყვეტილებაში შეტანილ იქნა ცვლილება და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1989 წლის 6 მაისის №220 დადგენილების საფუძველზე, ხულოს რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა, 1989 წლის 16 აგვისტოს №1307 მომართვის საფუძველზე ნება დართო ხულოს რაიონის ...ის, ...ის, ...ის, ...ის ...ის სასოფლო საბჭოს ზოგიერთ მცხოვრებლებს ეროზიის გამო, ორგანიზებული წესით მუდმივ საცხოვრებლად გადასულიყვნენ გარდაბნის რაიონის ...ის ... მეურნეობაში, სულ 40 ოჯახი. აღნიშნული სიის 25-ე ნომრად მითითებულ იქნა მოსარჩელე ნ.მ-ის ოჯახი (ტ.1, ს.ფ 13-20); ბ) საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 დეკემბრის №750 ბრძანებულებით, მიღებულ იქნა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს და მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის წინადადება აჭარის მაღალმთიანი რაიონებიდან გარდაბნის რაიონის ...ის მეურნეობის ტერიტორიაზე ჩამოსახლებული ოჯახებისათვის, დასახლებული ფართობის შეცვლის მიზნით, გარდაბნის რაიონის სოფელ ...ას საკრებულოს ტერიტორიაზე, ...ის გზატკეცილის მარჯვენა მხარეს, სახელმწიფო საკუთრების მიწებიდან 20 ჰექტარი მიწის ფართობის გამოყოფის თაობაზე, აჭარის მაღალმთიანი რაიონებიდან 1989 წელს ჩამოსახლებული 75 ოჯახის დასასახლებლად. ამავე დადგენილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა, აჭარიდან სტიქიის შედეგად დაზარალებული 75 ოჯახისათვის ახალი სოფლის პირველი რიგის სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად საქართველოს ურბანიზაციის და მშენებლობის სამინისტროსთვის გამოეძებნა საჭირო თანხა (ტ.1, ს.ფ 21); გ) ნ.მ-ემ 2022 წლის 9 ივნისს განცხადებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელშიც აღნიშნა: საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 დეკემბრის №750 ბრძანებულების შეუსრულებლობის გამო ჩამოსახლებული ოჯახების გარკვეულმა ნაწილმა სამართლებრივი დავისთვის მიმართა სასამართლოს. საბოლოოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით აპელანტების: რ.ს-ის, მ.ს-ის და სხვათა სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს მთავრობას დაევალა ჩაეტარებინა ადმინისტრაციული წარმოება, როგორც სტიქიით დაზარალებულთათვის, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობის შესახებ (მხოლოდ მოსარჩელეებთან მიმართებით) საკითხის განხილვა-გადაწყვეტის მიზნით. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე 2014 წლის 3 ნოემბრის საქართველოს მთავრობის №1979 განკარგულებით დაევალა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გეგმის შემუშავება ოჯახების დასაკმაყოფილებლად. 2017 წლის 9 ივნისის №1182 განკარგულებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო 800 000 ლარი სტიქიით დაზარალებული 16 ოჯახის საკომპენსაციოდ, რომელიც სისრულეში მოყვანილ იქნა. ამავე განცხადებით მოსარჩელე ნ.მ-ემ ითხოვა განკარგულების გამოცემა, რომლის შესაბამისად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაევალებოდა მოსარჩელის ოჯახისთვის, როგორც სტიქიით დაზარალებულთათვის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის სანაცვლოდ საკომპენსაციო თანხის - 50000 ლარით უზრუნველყოფა (ტ.1, ს.ფ 44-46). საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ, მოსარჩელე ნ.მ-ის განცხადება, 2022 წლის 21 ივლისს, განსახილველად გადაუგზავნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს (ს.ფ. 47). სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 10 აგვისტოს IDP 5 22 00200484 მიმართვით ნ.მ-ეს ეცნობა, რომ 1990-იან წლებში ხულოს მუნიციპალიტეტში მომხდარი სტიქიური მოვლენების გამო დაზარალებული ოჯახების ჩასახლება განხორციელდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში. ამათგან, გარკვეულმა ოჯახებმა სამივე ინსტანციის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებისა და საქართველოს მთავრობის განკარგულებების საფუძველზე მიიღეს კომპენსაცია. ანალოგიური სასამართლო გადაწყვეტილებებისა და საქართველოს მთავრობის განკარგულებების შესაბამისად დღესაც მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება ოჯახების განსახლების საკითხის გადაწყვეტასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მიზანშეწონილია ნ.მ-ის საკითხის გადაწყვეტის მიზნითაც არსებობდეს ანალოგიური სამართლებრივი საფუძველი (ტ.1, ს.ფ. 48).
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ნ.მ-ეს საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 24 ოქტომბრის განჩინება. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილი.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 10 აგვისტოს IDP 5 22 00200484 (წერილი) მისი შინაარსის გათვალისწინებით, უდავოდ წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის განხილვაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ 2022 წლის 10 აგვისტოს IDP 5 22 00200484 წერილი სრულად აკმაყოფილებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალურ დეფინიციას.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით დამტკიცებულ „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურაზე“, რომლის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) ჩაითვლება ოჯახი, რომლის საკუთრებაში არსებული (რაც უნდა დასტურდებოდეს საჯარო რეესტრის ამონაწერით) საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყერის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის, ჯდენადი გრუნტის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა. აღნიშნული წესის მე-2 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ეკომიგრანტი ოჯახის, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით დამტკიცებული საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილებას ახორციელებს ამ ბრძანების საფუძველზე, სააგენტოს ან ეკომიგრანტი ოჯახის მიერ მოძიებული საცხოვრებელი სახლის, სააგენტოს მიერ შესყიდვის გზით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, ვინაიდან საფრთხის შემცველი ეკოლოგიური ფაქტორები აიძულებენ ადამიანებს სამუდამოდ დატოვონ საკუთარი საცხოვრებელი ადგილები სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებაა ეკომიგრანტების, ანუ იმ პირთა უფლებების დაცვა, რომელთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და ქონებას არსებული სტიქიური მოვლენების გამო რეალური და მნიშვნელოვანი საფრთხე ექმნება, რადგან ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში ცხოვრება გულისხმობს, მათ შორის, შესაძლებლობის ფარგლებში მსგავსი საფრთხეების გამორიცხვას, სათანადო პრევენციული ღონისძიებების გატარებას და საფრთხის რეალიზების შემთხვევაში დაზარალებული ოჯახების დამდგარი შედეგებისაგან განრიდებას. ამასთანავე, სახელმწიფოს აღნიშნული ვალდებულების წინაპირობების არსებობა და ფარგლები ყოველ კონკრეტულ ოჯახთან მიმართებით უნდა შეფასდეს.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ხულოს სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის 1989 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილებით ნ.მ-ის ოჯახი განისაზღვრა სტიქიის შედეგად დაზარალებულთა სიაში. ამრიგად, მისი ოჯახის მიმართ უნდა გატარებულიყო ეკომიგრანტთა მიმართ გათვალისწინებული სოციალური ღონისძიებები. ამავე გადაწყვეტილებით განისაზღვრა დაზარალებულთა მუდმივ საცხოვრებელ ადგილად კონკრეტული მისამართი, სადაც სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე უნდა აეშენებინათ საცხოვრებელი სახლები. ამ მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო შესაბამისი თანხები. ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 დეკემბრის №750 ბრძანებულებით მიღებულ იქნა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს და მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის წინადადება და აჭარის მაღალმთიანი რაიონებიდან ჩამოსახლებული ოჯახებისათვის დასასახლებელი ფართის შეცვლის მიზნით, გამოიყო სახელმწიფო საკუთრების მიწებიდან 20 ჰა მიწის ფართობი აჭარის მაღალმთიანი რაიონებიდან 1989 წელს ჩამოსახლებული 75 ოჯახის დასასახლებლად. ამავე ბრძანებულებით გარდაბნის რაიონის გამგეობას დაევალა დასასახლებელი სოფლის დაგეგმარება-განაშენიანების პროექტის შედგენა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს - საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსათვის ახალი სოფლის პირველი რიგის სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად საჭირო თანხის გამოძებნა აჭარიდან სტიქიის შედეგად დაზარალებული 75 ოჯახისათვის. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ზემოხსენებული ბრძანებულება არ აღსრულებულა.
დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 12 სექტემბრის №3ბ/453-12 გადაწყვეტილებით (ტ.1. ს.ფ. 22-35) აპელანტების რ.ს-ის, მ.ს-ის და სხვათა სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს მთავრობას დაევალა ჩაეტარებინა ადმინისტრაციული წარმოება, როგორც სტიქიით დაზარალებულთათვის, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობის შესახებ (მხოლოდ მოსარჩელეებთან მიმართებით) საკითხის განხილვა-გადაწყვეტის მიზნით. მართალია, ამ მოსარჩელეებს შორის არ ყოფილა ნ.მ-ე, თუმცა აღნიშნული ფაქტი არ ქმნის სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, სოციალური უფლებების დაცვასა და განხორციელების უზრუნველყოფაზე უარის თქმის წინაპირობას, ასევე განცხადების განხილვაზე უარის თქმის საფუძველს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მართალია მოსარჩელე - ნ.მ-ემ 2022 წლის 9 ივნისს განცხადებით მოითხოვა როგორც სტიქიით დაზარალებულთათვის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის სანაცვლოდ საკომპენსაციო თანხის - 50000 ლარით უზრუნველყოფა, რასაც ცალსახად არ არეგულირებს საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 დეკემბრის №750 ბრძანებულება, თუმცა, გათვალისწინებით იმისა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით მოპასუხეს დავალებული აქვს სტიქიით დაზარალებული ნ.მ-ისთვის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის შესახებ საკითხის განხილვა-გადაწყვეტის მიზნით ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება, ხოლო 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანება მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს დაარეგულიროს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახის (ეკომიგრანტის) განსახლებისა და საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის საკითხი, მართებულია წინამდებარე დავის გადაწყვეტა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო პირველ რიგში განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
განსახილველ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებით ნ.მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. დაევალა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ჩაატაროს ადმინისტრაციული წარმოება სტიქიით დაზარალებული ნ.მ-ისთვის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის შესახებ საკითხის განხილვა-გადაწყვეტის მიზნით. ამდენად, მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას იმ გარემოებას, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, რაც ითვალისწინებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსთვის არა მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ აქტის გამოცემის დავალებას, არამედ ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის შესახებ საკითხის განხილვა-გადაწყვეტას და ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად დასაბუთებული აქტის გამოცემას. ამასთანავე, აღნიშნული მუხლის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობა არ გამორიცხავს ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების შედეგად იმავე შინაარსის გადაწყვეტილების მიღებას (სუსგ 20.04.2006წ. №ბს-1291-866(კ-05); 18.10.2018წ. №ბს-368-368(კ-18)). საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს არ ევალება კონკრეტული შინაარსის ადმინისტრაციული აქტის გამოცემა, ასეთ შემთხვევაში გასაჩივრებული აქტი უქმდება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, შესაბამისად, გამოსაცემი აქტის შინაარსი დამოკიდებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების შედეგად საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგებზე. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 10 აგვისტოს IDP 5 22 00200484 აქტის შინაარსიდან გამომდინარე, სააგენტომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გარეშე უარი უთხრა განმცხადებელს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის განხილვაზე. შესაბამისად, მართებულია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნა სადავო საკითხის გადაუწყვეტლად გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის საფუძვლების არსებობის შესახებ.
რაც შეეხება კასატორის შედავებას, რომ სადავო საკითხი არ განეკუთვნება მის უფლებამოსილებას, საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში ფუნქციებისა და უფლებამოსილებების გადანაწილებასთან/განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ოქტომბრის №487 დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ეკომიგრანტებთან დაკავშირებული ფუნქციებისა და უფლებამოსილებების ეფექტიანი მართვის მიზნით შეიქმნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დევნილებსა და ეკომიგრანტებთან დაკავშირებული ფუნქციები და უფლებამოსილებები გადაეცა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს. ამდენად, სადავო საკითხის განხილვა-გადაწყვეტა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს კომპეტენციას განეკუთვნება (შედ. იხ. საქმე ბს-921-(კ-22), 23/04/2024).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 24 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე