განსჯადი სასამართლოსათვის საქმის გადაცემის შესახებ
საქმე №ბს-1063(გ-24) 17 ოქტომბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა თ.ფ-ას სარჩელთან დაკავშირებული დავა განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოსა და ფოთის საქალაქო სასამართლოს შორის.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
თ.ფ-ამ 2024 წლის 22 აგვისტოს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ამავე სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს - ქ. ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ...ის შესარჩევი კომისიის მიმართ, რომლითაც მოითხოვა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს - ქ. ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის კომისიის შესარჩევი კომისიის 2024 წლის 03 ივნისის №21 სხდომის ოქმის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის გ.გ-ის 2024 წლის 05 ივლისის წერილად მიღებული №MES1 24 0000821199 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსათვის ქ. ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ...ის შესარჩევად - გასაუბრების ეტაპიდან ახალი კონკურსის ჩატარების დავალება.
სარჩელის თანახმად, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ 2024 წლის აპრილში გამოცხადდა ვაკანსია ქ. ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ...ის პოზიციაზე. მეორე რანგის, საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ...ის პოზიციაზე დასანიშნად კანდიდატს უნდა დაეკმაყოფილებინა შემდეგი აუცილებელი მოთხოვნები, კერძოდ, კანდიდატს უნდა ჰქონოდა უმაღლესი განათლება - ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, განათლების სფეროში მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება, სახელმწიფო ენის ცოდნა, ხოლო სასურველ მოთხოვნებს წარმოადგენდა ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი, საჯარო დაწესებულების წარმომადგენლობის უნარი, სტრატეგიული და კომპლექსური აზროვნების უნარი, პროექტების მართვის უნარი, მოხელის პროფესიული განვითარების, შეფასებისა და მოტივირების უნარი, გუნდის განვითარების უნარი, პრობლემების გადაჭრისა და კონფლიქტების მართვის უნარი. კონკურსის ჩატარების ადგილს წარმოადგენდა - ქ. თბილისი, ...ის ქ. №52, საბოლოო გადაწყვეტილება მიიღებოდა აპლიკაციების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვისა. მოსარჩელემ 2024 წლის 21 მაისს, 14:00 საათზე გაიარა გასაუბრება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, 2024 წლის 05 ივნისს მეილით ეცნობა, რომ ქ. ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ...ის (საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანო) თანამდებობაზე არჩევანი მის კანდიდატურაზე არ შეჩერდა, ეცნობა საპრეტენზიო საჩივრის წარდგენის ვადასა და ადგილზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 აგვისტოს განჩინებით, თ.ფ-ას სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ფოთის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის პირველი მუხლის მე-2 პუნქტზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილზე და განმარტა, რომ აღნიშნული დავა გამომდინარეობდა შრომით სახელშეკრულებო ურთიერთობიდან, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად განეკუთვნებოდა განსაკუთრებულ განსჯადობას, რომლის თანახმად, სარჩელი სასამართლოს წარედგინება ხელშეკრულების შესრულების ან იმ ადგილის მიხედვით, სადაც ხელშეკრულება უნდა შესრულებულიყო.
სასამართლომ აღნიშნა, რომ შრომით სამართლებრივ ურთიერთობებში, ვალდებულებების არსიდან გამომდინარე, დამსაქმებლისათვის ხელშეკრულების შესრულების ადგილად მოიაზრება ის ადგილი, სადაც ახორციელებდა საქმიანობას დასაქმებული და სადაც უნდა შესრულდეს ვალდებულება მისი დანიშვნის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს - ქ. ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ...ის შესარჩევი კომისიის სხდომის ოქმის ბათილობასა და ქ. ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ...ის შესარჩევად ახალი კონკურსის ჩატარების მოპასუხისთვის დავალებას, შესაბამისად, მოსარჩელე სადავოდ ხდიდა იმ კონკურსის შედეგებს (წინა სახელშეკრულებო ურთიერთობის ეტაპზე მიღებულ გადაწყვეტილებებს), რომლის საფუძველზე მას უარი ეთქვა ქ. ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ...ის ვაკანტურ თანამდებობაზე მისი კანდიდატურის შერჩევაზე. ამდენად, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ შრომით სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე სარჩელის განხილვაზე უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენდა ფოთის საქალაქო სასამართლო.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 25 სექტემბრის განჩინებით, განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად, საქმე გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
ფოთის საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს - ქ. ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ...ის შესარჩევი კომისიის 2024 წლის 03 ივნისის №21 სხდომის ოქმის ბათილად ცნობა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსათვის ახალი კონკურსის ჩატარების დავალება, შესაბამისად მიიჩნია, რომ დავა თავისი სამართლებრივი ბუნებით ეფუძნებოდა საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონმდებლობას.
სასამართლოს მითითებით, კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილების შედეგად, რესურსცენტრების ... წარმოადგენენ საჯარო მოხელეებს, შესაბამისად მათზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-6 მუხლის თანახმად, მოხელეზე საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს შრომის კოდექსის მოქმედება ვრცელდება ამ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს - საგანმანათლებლო რესურსცენტრის ...ზეც. შესაბამისად, რესურსცენტრის ...ის შესარჩევი კონკურსის მიმართ გამოიყენება „საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის №204 დადგენილება.
სასამართლომ საქმის მასალებითა და მხარის ახსნა-განმარტების შედეგად დადგენილად მიიჩნია, რომ თ.ფ-ა არ ყოფილა შრომით სამართლებრივ ურთიერთობაში ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრთან, შესაბამისად ადგილი არ ჰქონია არც წინა სახელშეკრულებო ურთიერთობის ეტაპს. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად კომისიამ უარი უთხრა თ.ფ-ას შესაბამის პოზიციაზე დანიშვნის მიზნით წარდგენაზე. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საკონკურსო კომისიის მიერ წარდგენილ კანდიდატს მოხელის თანამდებობაზე ნიშნავს შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ფოთის საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს - ქალაქ ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ...ის შესარჩევი კომისია განიხილავდა და წყვეტდა მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენის საკითხს, ან უარს აცხადებდა კანდიდატის წარდგენაზე. შესაბამისად, სასამართლოს მოსაზრებით, დავა უკავშირდებოდა არა სახელშეკრულებო ურთიერთობას, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ აქტს - მოსარჩელის კანდიდატურის წარდგენაზე უარის თქმის შესახებ, ამდენად, საერთო განსჯადობის შესახებ საპროცესო ნორმის თანახმად, კონკრეტულ შემთხვევაში განსჯად სასამართლოს წარმოადგენდა თბილისის საქალაქო სასამართლო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და ფოთის საქალაქო სასამართლოს განჩინებების გაცნობის შედეგად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმე, განსჯადობით უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული დებულება „იცავს სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს - სასამართლო განხილვა მოხდეს განსჯადობის წესების დაცვით... ამ [სამართლიანი სასამართლოს] უფლებით სარგებლობისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ სამართალწარმოება განხორციელდეს განსჯადობის წესების დაცვით, საქმის განხილვა და გადაწყვეტა მოხდეს იმ სასამართლოს მიერ, რომელსაც კონსტიტუციისა და კანონის მიხედვით, შესაბამისი უფლებამოსილება, კომპეტენცია გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის №1/4/557,571,576 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-106).
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონიერი სასამართლოს უფლება სახელმწიფოსაგან მოითხოვს სასამართლოს განსჯადობის ზუსტ განსაზღვრას. აღნიშნულის შესაბამისად, საერთო სასამართლოების სისტემა, სასამართლოთა გვარეობითი (საგნობრივი), ტერიტორიული და ინსტანციური იურისდიქცია განსაზღვრულია „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და საპროცესო სამართლის ნორმებით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ განსახილველ ცალკეულ დავებზე საპროცესო კანონმდებლობა ერთმანეთისაგან განასხვავებს უწყებრივ ქვემდებარეობას (Substantive Jurisdiction) და განსჯადობას (Court Jurisdiction). სასამართლოს უწყებრივი ქვემდებარეობა მოიაზრებს არსებითი იურისდიქციის დადგენას, ანუ იმის განსაზღვრას, განეკუთვნება თუ არა საქმე საერთო სასამართლოებს, შედის თუ არა ამ საქმის განხილვა საერთო სასამართლოების უფლებამოსილებაში (იურისდიქციაში), ხოლო განსჯადობა (მისი ვიწრო გაგებით) ნიშნავს იმის გარკვევას, თუ რომელი სასამართლოა უფლებამოსილი საქმის განხილვასა და გადაწყვეტაზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსჯადობის წესების დაცვა პირდაპირ დაკავშირებულია მხარეთა უფლებების სრულყოფილ რეალიზებასთან. „განსჯადობის წესების დარღვევით საქმის განხილვა თავისთავად, უკვე თვით განსჯადობის წესის დარღვევით გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტის გამო, ადასტურებს საქმის საპროცესო დარღვევით განხილვას და შედეგად იწვევს სამართალწარმოების წესების დარღვევით დავის გადაწყვეტას“ (სუსგ №ბს-1394-1377(კ-11), 06.06.2012წ.). თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია და რაიმე სახის შეზღუდვა იმპერატიულად დადგენილი არ არის, მოსარჩელეს უფლება აქვს, აირჩიოს სასამართლო, რომელიც განიხილავს მის სარჩელსა თუ საჩივარს (სსკ-ის მე-20 მუხლი).
საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ განსჯადობის საკითხი არ არის დამოკიდებული მხარეთა მოსაზრებებზე. განსჯადობის საკითხს ენიჭება არა დისპოზიციური, არამედ იმპერატიული ხასიათი, განსჯადობა განიხილება საჯარო წესრიგის შემადგენელ ნაწილად, მხარეების შეთანხმება სასამართლო განსჯადობაზე (პროროგაცია) ან რომელიმე სასამართლოს იურისდიქციის გამორიცხვა (დეროგაცია) ადმინისტრაციულ სამართალში არ დაიშვება. მსგავსი შეთანხმებები არ ცვლის კანონმდებლობით დადგენილ განსჯადობის იმპერატიულ წესს. ამასთანავე, სარჩელის წარმოებაში მიღება არ აბრკოლებს შემდგომში, სათანადო საფუძვლების გამოვლენისას, სასამართლოს მიერ ტერიტორიულ ან საგნობრივ განსჯადობაზე მსჯელობის, სარჩელის განსჯადი სასამართლოსათვის გადაგზავნის შესაძლებლობას (სუსგ №ბს-430(გ-19), 28.05.2020წ.).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის დაშვება ითვალისწინებს სასამართლოებს შორის დავას არა მხოლოდ საგნობრივ, არამედ ტერიტორიული განსჯადობის საკითხზე. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება ტერიტორიული განსჯადობის საკითხს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებზე ტერიტორიული განსჯადობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ადმინისტრაციული ორგანოების ტერიტორიულ განსჯადობაზე, რომლის მიხედვით კონკრეტულ ტერიტორიაზე უძრავ ქონებასთან ან სამართალურთიერთობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ის ადმინისტრაციული ორგანო, რომლის ტერიტორიულ საზღვრებში არსებობს სამართლებრივი ურთიერთობა. რაც შეეხება ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეთა სასამართლოს ტერიტორიულ განსჯადობას, სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე შედის იმ ადმინისტრაციული სასამართლოს კომპეტენციაში, რომლის მოქმედების სფეროშიც აქვს ადგილსამყოფელი მითითებულ ორგანოს (სუსგ. №ბს-999(გ-23), 05.10.2023წ.).
განსახილველ შემთხვევაში სასამართლოში წარდგენილია კომბინირებული სარჩელი, ერთი მხრივ, შეცილებითი სარჩელი, რომლითაც მოთხოვნილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს - ქ. ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის კომისიის შესარჩევი კომისიის 2024 წლის 03 ივნისის №21 სხდომის ოქმისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის გ.გ-ის 2024 წლის 05 ივლისის №MES1 24 0000821199 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ხოლო, მეორე მხრივ, მავალდებულებელი სარჩელი, რომლითაც მოთხოვნილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთვის ქ. ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ...ის შესარჩევად - გასაუბრების ეტაპიდან ახალი კონკურსის ჩატარების დავალება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო დავების ტერიტორიული განაწილების წესი დადგენილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსით. ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა, გარდა გამონაკლისი შემთხვევისა, არ ადგენს ტერიტორიული განსჯადობის სპეციფიკურ წესს, რაც ადმინისტრაციულ დავებთან მიმართებით (განსახილველი დავის სპეციფიკის მხედველობაში მიღებით) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 და შემდგომი მუხლების გამოყენების საჭიროებას განაპირობებს (სასკ-ის 1.2 მუხ.). სამოქალაქო საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს განსჯადობის საერთო წესს (მოპასუხის ადგილსამყოფლის მიხედვით) და სხვა საგამონაკლისო მოწესრიგებებს (მაგ.: ნივთობრივი განსჯადობა, განსაკუთრებული განსჯადობა და სხვ.). აღნიშნულ ნორმათა მიხედვით კონკრეტული დავის განსჯადობის საკითხის გადაწყვეტა სასამართლოს პრეროგატივაა, თუმცა სასამართლო არის ნორმათშეფარდებაზე და არა ნორმათშემოქმედებაზე უფლებამოსილი სუბიექტი. სასამართლო ადგენს კონკრეტული დავის განხილვაზე ტერიტორიულად უფლებამოსილ შესაბამის სასამართლოს, თუმცა ეს ხორციელდება არსებული ნორმატიული მოწესრიგების ფარგლებში და არა ახალი მოწესრიგების შემოღების საფუძველზე. სასამართლო არ არის უფლებამოსილი განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისას შეიმუშაოს დავის ტერიტორიული განაწილების ახლებური, კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი წესი.
საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე დავის გადაწყვეტას არა დისპოზიციური, არამედ იმპერატიული ხასიათი გააჩნია. ასეთ შემთხვევაში სასამართლოების მიერ სამართლებრივ გარემოებებზე მითითებას მხოლოდ დამხმარე ფუნქცია აქვს, ხოლო საქმის განსჯადობის საკითხთან დაკავშირებით მოსარჩელის და მოპასუხის სამართლებრივი შეხედულებები მხედველობაში არ მიიღება; განსჯადი სასამართლოს განსაზღვრა უპირობოდ საკასაციო ინსტანციის პრეროგატივაა (სუსგ. №ბს-1000(გ-19), 19.12.2023წ.).
განსახილველ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ დავის ტერიტორიული განსჯადობა განსაზღვრა განსაკუთრებული განსჯადობის მიხედვით, კერძოდ, შრომით სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე ისე, რომ არ მიუთითებია რომელიმე კონკრეტულ ნორმაზე, რომელიც დაადასტურებდა თ.ფ-ასა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობას, რაც შემდგომში სასამართლოს დავის ტერიტორიული კუთვნილების განსაზღვრის შესაძლებლობას მიანიჭებდა. საქალაქო სასამართლოს მიერ დავის ტერიტორიული განსჯადობის განსაზღვრისას სრულად უგულებელყოფილი იქნა ის გარემოება, რომ თ.ფ-ა სადავოდ ხდიდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს აქტს, რომლითაც მას უარი ეთქვა ქ. ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ...ის პოზიციაზე დანიშვნის მიზნით წარდგენაზე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №31 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრების ტიპური დებულების“ თანახმად, რესურსცენტრის საქმიანობას წარმართავს რესურსცენტრის ხელმძღვანელი, რომელსაც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი (3.2 მუხ.).
ამდენად, მოცემული დავის ფარგლებში შესაფასებელია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გამოცემული აქტის კანონიერება, შესაბამისად, იურიდიული პირის მიმართ სარჩელის წარდგენისას ტერიტორიულად განსჯად სასამართლოს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის მიხედვით, წარმოადგენს მოპასუხედ დასახელებული იურიდიული პირის - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ადგილსამყოფელი (ქ. თბილისი, ...ის ქ. №52). ამრიგად, მართებულია ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსაზრება, რომ განსახილველი დავის საგნის გათვალისწინებით ტერიტორიული განსჯადობა უნდა გადაწყდეს განსჯადობის საერთო წესის შესაბამისად, მოპასუხის ადგილსამყოფლის მიხედვით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თ.ფ-ას სარჩელი მოპასუხეების - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიმართ, ტერიტორიულად თბილისის საქალაქო სასამართლოს განსჯადია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 26.3 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15, 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ.ფ-ას სარჩელი მოპასუხეების - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიმართ, განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა