№ბს-354(კ-24) 23 ოქტომბერი, 2024 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს პრეზიდენტის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ს.ჯ-ე, მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტო).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ს.ჯ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს პრეზიდენტის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა, ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 2019 წლის 20 აგვისტოს №390 ბრძანებულება საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ს.ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ს.ჯ-ის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2019 წლის 20 აგვისტოს №390 ბრძანებულება.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს პრეზიდენტის მიერ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 დეკემბრის განჩინებით საქართველოს პრეზიდენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს პრეზიდენტმა.
კასატორის განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტის სადავო ბრძანებულება ს.ჯ-ისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე გამოცემულია კანონმდებლობის სრული დაცვით და კანონით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად, რაც სასამართლომ ნორმის არასწორი ინტერპრეტაციის საფუძველზე განსხვავებულად შეაფასა.
სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა ფაქტობრივი გარემოება, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის 2019 წლის 16 ივლისის №MIA 4 19 01866738 წერილით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარეს ეცნობა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში იტალიის რესპუბლიკის სამართალდამცავი უწყებიდან მიღებული ინფორმაციით, ს.ჯ-ე სარგებლობდა რუსეთის ფედერაციის პასპორტით (გაცემული ს.ნ-ის სახელზე), რომელიც მოსარჩელემ ადგილობრივ პოლიციას არაერთგზის წარუდგინა გადამოწმებისას.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 30 ივლისის წერილით ს.ჯ-ეს ეცნობა, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების საფუძვლით მის მიმართ დაწყებული იყო საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საქმისწარმოება და განმერტა, რომ მას შეეძლო მიემართა სააგენტოსთვის მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით, ორგანული კანონით დადგენილ ვადამდე. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 16 აგვისტოს №1000676421 დასკვნით სააგენტომ მიიჩნია, რომ ს.ჯ-ის მიმართ არსებობდა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი, რის გამოც სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია მოსარჩელისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლით. აღნიშნული დასკვნა გაეგზავნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას. მითითებული დასკვნის საფუძველზე საქართველოს პრეზიდენტის 2019 წლის 20 აგვისტოს ბრძანებულებით მოსარჩელეს სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებასთან დაკავშირებით შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა.
სასამართლომ მსჯელობა დააფუძნა რუსეთის ფედერაციის ქალაქ მოსკოვის ...ოს რაიონის შინაგან საქმეთა სამინისტროს განყოფილების მიმართვას, რომლის თანახმადაც, რუსეთის ქალაქ მოსკოვის ...ოს რაიონის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის საკითხთა დეპარტამენტის ოპერატიულ სამმართველოში არსებულ ავტომატურ მონაცემთა ბაზებში არ არსებობს ინფორმაცია ს.ჯ-ის მიერ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის შესაბამისად რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მიღების შესახებ. სასამართლომ აღნიშნული გარემოება დაუსაბუთებლად მიიჩნია სარწმუნოდ. საქართველოს სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების დასკვნა სასამართლოსთვის მიჩნეულ იქნა „საეჭვო მტკიცებულებად“, ხოლო რუსეთის ფედერაციის მიერ შსს-ს მოსკოვის ...ოს რაიონის სამმართველოს წერილი სარწმუნო მტკიცებულებად. სასამართლოს უნდა განესაზღვრა, რომ საქართველოს მოქალაქეობის საკითხებთან დაკავშირებით სათანადო მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხოლოდ საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ მომზადებული და გაცემული დოკუმენტაცია.
განსახილველ საქმეში საკითხის არსებითად გადასაწყვეტად სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. სასამართლოს უნდა გამოეყენებინა ამავე კანონის 211 მუხლი და განემარტა, რომ ს.ჯ-ის მიმართ არ არსებობდა გარემოება, რომლის საფუძველზეც მას არ უნდა შეწყვეტოდა საქართველოს მოქალაქეობა. სასამართლოს მსჯელობა ეფუძნება კანონის დებულებების მცდარ განმარტებას და არსებითად მცდარად დადგენილ გარემოებას.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს პრეზიდენტის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) მოსარჩელე ს.ჯ-ე დაიბადა ... წლის ... ...ს, საქართველოში და საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვა დაბადებით (ს.ფ 61-62); ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის 2019 წლის 16 ივლისის №MIA 4 19 01866738 წერილით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარეს ეცნობა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში იტალიის რესპუბლიკის სამართალდამცავი უწყებიდან მიღებული ინფორმაციით, ... ს.ჯ-ე (დაბ. ... ... ...წ, პ/ნ ...) სარგებლობს რუსეთის ფედერაციის პასპორტით (რომელიც გაცემულია ს.ნ-ის სახელზე დაბ. ... წელს, დოკუმენტი ძალაშია 25.07.2014 წლიდან 25.07.2019 წლამდე, პასპორტის ნომერი...), რომელიც ს.ჯ-ემ ადგილობრივ პოლიციას არაერთგზის წარუდგინა გადამოწმებისას. საქმეში წარმოდგენილი რუსეთის ფედერაციის პასპორტის ასლის თანახმად, ს.ნ-ის სახელზე (დაბადებული - ... ... ..., მოქალაქეობა - „RUSSIAN FEDERATION“, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე) 2014 წლის 25 ივლისს გაცემულია რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტი ..., 25.07.2019 წლის მოქმედების ვადით (ს.ფ 59-60); გ) სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 30 ივლისის №1000676421 წერილით, ს.ჯ-ეს ეცნობა, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების საფუძვლით, ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მის მიმართ დაწყებული იყო საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საქმისწარმოება (საქმე №1000676421). ამავე წერილით ს.ჯ-ეს განემარტა, რომ ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,საქართველოს მოქალაქე დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ მოიპოვებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, გარდა ამ კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა“. აღნიშნულიდან გამომდინარე, ს.ჯ-ეს შეეძლო მიემართა სააგენტოსათვის მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ ვადამდე (ს.ფ 63); დ) სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 16 აგვისტოს №1000676421 დასკვნით, სააგენტომ მიიჩნია, რომ ს.ჯ-ის მიმართ არსებობდა ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი, რის გამოც, ამავე კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია 2019 წლის 19 ივლისის №1000676421 განცხადება/წარდგინების დაკმაყოფილება და ს.ჯ-ისათვის დაბ: ... ... ... წელს, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლით. საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ზემოაღნიშნული დასკვნა 2019 წლის 16 აგვისტოს №1000676421/1 წერილით გაეგზავნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას (ს.ფ 64, 67); ე) საქართველოს პრეზიდენტის 2019 წლის 20 აგვისტოს №390 ბრძანებულებით ს.ჯ-ეს (დაბ: ... წლის ... ...ს, საქართველო) სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებასთან დაკავშირებით, შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა (ს.ფ 12); ვ) რუსეთის ქალაქ მოსკოვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი დირექტორატის ჩრდილო-დასავლეთ ადმინისტრაციული ოლქის შინაგან საქმეთა დეპარტამენტს მიმართა რუსეთის ფედერაციის ქალაქ მოსკოვის ...ოს რაიონის შინაგან საქმეთა სამინისტროს განყოფილებამ და განმარტა, რომ რუსეთის ქალაქ მოსკოვის ...ოს რაიონის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის საკითხთა დეპარტამენტის ოპერატიულ სამმართველოში არსებულ ავტომატურ მონაცემთა ბაზებში არ არსებობს ინფორმაცია ს.ჯ-ის (დაბ. ... წლის ... ...ს, საქართველოს რესპუბლიკა, ...) რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის შესაბამისად რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მიღების შესახებ (ს.ფ 109-111); ზ) სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 17 ოქტომბრის №01/239466 წერილის თანახმად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში (2022 წლის 12 ოქტომბრის მდგომარეობით) მოიძებნა ერთი პირი მონაცემებით: ს.ჯ-ე დაბადებული ... წელს (ს.ფ 93).
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს მოსარჩელისათვის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ აქტის კანონიერება.
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქე დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ მოიპოვებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, გარდა ამ კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.
ამავე კანონის სადავო პერიოდში მოქმედი 211 მუხლის შესაბამისად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქე შეინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ იგი სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს სახელმწიფოსგან მიიღებს თანხმობას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე (პირველი პუნქტი). სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობა გაიცემა, თუ საქართველოს მოქალაქის საქართველოსთან კავშირი სარწმუნოდ იქნება მიჩნეული (მე-2 პუნქტი). არასრულწლოვანს, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მოიპოვა დაბადებით, საქართველოს მოქალაქეობა უნარჩუნდება დაბადებიდან 18 წლის ასაკის მიღწევამდე. აღნიშნულ ვადაში არასრულწლოვნისთვის მოქალაქეობის შენარჩუნების შესახებ განცხადების წარუდგენლობის შემთხვევაში მას შეუწყდება საქართველოს მოქალაქეობა. არასრულწლოვნისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება დასაშვებია მშობლების ან კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე. ერთ-ერთი მშობლის განცხადების წარდგენის შემთხვევაში არასრულწლოვნისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება დასაშვებია მეორე მშობლის თანხმობით (მე-3 პუნქტი). სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქე ვერ შეინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება არ შეესაბამება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს (მე-4 პუნქტი).
ზემოაღნიშნული კანონის მე-19 მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდება: ა) საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლით; ბ) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვით; გ) ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ სადავო აქტში ს.ჯ-ისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძვლად მითითებულია ის გარემოება, რომ მან მოიპოვა სხვა ქვეყნის მოქალაქეობა. აღნიშნულის დამადასტურებლად საქმეში წარმოდგენილია ს.ნ-ის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის პასპორტის ასლი, რომელიც გაცემულია 2014 წლის 25 ივლისს (ს.ფ. 60).
საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ ვერ იქნა დაძლეული მასზე კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთი მოსარჩელის მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებასთან დაკავშირებით, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით საპირისპირო დასტურდება. საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ წერილზე, რომლითაც დგინდება, რომ რუსეთის ქალაქ მოსკოვის ...ოს რაიონის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის საკითხთა დეპარტამენტის ოპერატიულ სამმართველოში არსებულ ავტომატურ მონაცემთა ბაზებში არ არსებობს ინფორმაცია ს.ჯ-ის (დაბ.... წლის ... ...ს, საქართველოს რესპუბლიკა, ...) რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის შესაბამისად რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მიღების შესახებ. გარდა ამისა, საგულისხმოა, რომ საქმეში წარმოდგენილი რუსეთის ფედერაციის პასპორტის ქსეროასლი გაცემულია ... წლის ... ...ს დაბადებული ს.ნ-ის სახელზე და არა ... წლის ... ...ს დაბადებული ს.ჯ-ის სახელზე. ასეთ პირობებში მხოლოდ ს.ნ-ის სახელზე გაცემული პასპორტის ქსეროასლზე დაყრდნობით, სადავოდ გამხდარი საქართველოს პრეზიდენტის 2019 წლის 20 აგვისტოს ბრძანებულებით საქართველოს მოქალაქე ს.ჯ-ისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველით, ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს და ექვემდებარება ბათილად ცნობას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს პრეზიდენტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 დეკემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. მაკარიძე
ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე