Facebook Twitter

ბს-523 (კ-24) 20 ნოემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა თ.ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.03.2024წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ.ა-ემ 17.03.2020წ. სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელვაჩაურის რაიონული განყოფილების მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ზიანის ანაზღაურება 4975 ლარის ოდენობით, რაც არ იწვევს ვალდებულებას მიიღონ ახალი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი. სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შემდეგ, მოსარჩელემ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხისათვის მხოლოდ კომპენსაციის - 4975 ლარის დაკისრება მოითხოვა.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 02.10.2023წ. გადაწყვეტილებით თ.ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა თ.ა-ის მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.03.2024წ. განჩინებით თ.ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 02.10.2023წ. გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ თ.ა-ე დაიბადა ... ... ...წ. მისი დედა ე.ვ-ე გარდაიცვალა 30.11.2003წ. რის გამოც მას, როგორც მარჩენალდაკარგულს დაენიშნა სოციალური პაკეტი, რომელიც შეუწყდა 18 წლის ასაკის მიღწევასთან დაკავშირებით. თ.ა-ემ 2011 წელს დაამთავრა საჯარო სკოლა, ჩაირიცხა უმაღლეს სასწავლებელში - ბათუმის ...ში, რომლის 20.07.2015წ. გადაწყვეტილებით მიენიჭა ...ის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.

საქმის მასალებითა და მხარეთა განმარტებით პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თ.ა-ეს 2020 წლამდე სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის არ წარუდგენია ცნობა უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის შესახებ, ასევე, არ წარუდგენია განცხადება სოციალური პაკეტის გაგრძელების ან კომპენსაციის გაცემის მოთხოვნით. 03.02.2020წ. თ.ა-ემ განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელვაჩაურის რაიონულ განყოფილებას და მოითხოვა მიეწოდებინათ ინფორმაცია რომელ წელსა და თვეს დაენიშნა მარჩენალდაკარგულის სოციალური პაკეტი და აქტი, რის საფუძველზეც გაუქმდა 2011 წლის 5 აგვისტოდან 2016 წლის 5 აგვისტომდე დანიშნული პაკეტი. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელვაჩაურის რაიონული განყოფილების 21.02.2020წ. წერილით თ.ა-ეს ეცნობა, რომ სოციალური პაკეტი მარჩენალის გარდაცვალების გამო დაენიშნა 30.11.2003წ. და იღებდა 2011 წლის 1 სექტემბრამდე, 18 წლის ასაკის მიღწევამდე, ყოველთვიურად 55 ლარის ოდენობით. ამავე წერილის თანახმად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ 10.02.2006წ. მიღებულ იქნა ბრძანება №46/ნ - „სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესების“ დამტკიცების თაობაზე. აღნიშნული ბრძანების მიღების შემდეგ, სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ სახელმწიფო პენსიის დანიშვნა/გაცემა და ადმინისტრირება ხდებოდა ბრძანების შესაბამისად. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.2006წ. №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესების“ მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, იმ მარჩენალდაკარგულ პირებს, რომლებსაც „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალაში შესვლამდე დაენიშნა „მარჩენალის შრომის პენსია“ და ამ პენსიას იღებდნენ სკოლის შემდგომ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გამო, უგრძელდებოდათ პენსიის მიღება 23 წლის ასაკამდე, თუ არ დადგებოდა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პენსიის შეწყვეტის საფუძველი, გარდა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებისა. პენსიის გაცემა ხდებოდა ყოველი სასწავლო წლის პირველ თვეში წარდგენილი სწავლის შესახებ ცნობის საფუძველზე. მოცემულ ვადაში აღნიშნული ცნობის წარუდგენლობის შემთხვევაში პენსიის გაცემა შეჩერდებოდა და განახლდებოდა ამ წესით განსაზღვრული პირობებით. აღნიშნული ცვლილების შესაბამისად, მარჩენალდაკარგულის პენსიის 23 წლის ასაკამდე გაგრძელებისთვის კანონი აწესებდა ორ წინაპირობას: პირველი - პენსია უნდა იყოს დანიშნული „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალაში შესვლამდე (2005 წლის 23 დეკემბრამდე) და მეორე - ამ პენსიას უნდა იღებდეს სკოლის შემდგომ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გამო. ზემოაღნიშნული წერილით თ.ა-ეს განემარტა, რომ ვინაიდან იგი არ აკმაყოფილებდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ 10.02.2006წ. №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესებით“ დადგენილ მოთხოვნებს, მასზე ვერ გავრცელდებოდა 23 წლის ასაკამდე მარჩენალდაკარგულის პენსიის გაგრძელების საგამონაკლისო წესი.

სააპელაციო პალატამ ასევე დაადგინა, რომ მოსარჩელეს სოციალური პაკეტი შეუწყდა 01.09.2011წ., ხოლო საქმესთან დაკავშირებული მასალები სოციალური მომსახურების სააგენტოს არქივში აღარ ინახება, რამდენადაც სოციალური პაკეტის საქმე შეწყვეტიდან 5 წლის გასვლის შემდეგ ექვემდებარება განადგურებას.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა თ.ა-ის პოზიცია მოცემულ დავაზე ხანდაზმულობის ზოგადი ვადის გავრცელების შესახებ იმ გარემობაზე მითითებით, რომ მოსარჩელე ითხოვს ადმინისტრაციული ორგანოსაგან უკანონო ქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, რის გამოც, დავა დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარეობს, შესაბამისად, სასარჩელო ხანდაზმულობის საკითხზე მსჯელობისას პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლით, რომელიც დელიქტიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნებისთვის სპეციალურ ხანდაზმულობის ვადას აწესებს - სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ.

პალატამ მიუთითა, რომ მართალია გადაწყვეტილება პენსიის შეწყვეტის შესახებ მოსარჩელეს პირადად არ ჩაბარებია, თუმცა სასამართლომ მიიჩნია, რომ მისთვის 2011 წლის 1 სექტემბრიდან ცნობილი უნდა ყოფილიყო ამ გადაწყვეტილების შესახებ, ვინაიდან მითითებული თარიღიდან პენსია აღარ დარიცხვია. შესაბამისად, უფლების დარღვევის შესახებ მოთხოვნა წარმოეშვა 2011 წლის 1 სექტემბრიდან, თუმცა როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მან მხოლოდ 2020 წელს (9 წლის შემდეგ) მიმართა ჯერ ადმინისტრაციულ ორგანოს და შემდეგ სასამართლოს დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით, მაშინ, როდესაც დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს 3 წელს. პალატამ ასევე მიუთითა, რომ ხანდაზმულობის ვადების გათვალისწინება სასამართლოს მიერ ხორციელდება არა საკუთარი ინიციატივით, არამედ, მხოლოდ საქმის განხილვაში მონაწილე მხარეების მიერ აღნიშნულზე მითითების შემთხვევაში. მოთხოვნის ხანდაზმულობაზე სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის შესახებ მოპასუხეს შესაგებელში აქვს მითითებული ან მიუთითებს პირველ ინსტანციაში საქმის მომზადების დასრულებამდე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 25.03.2024წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა თ.ა-ის მიერ.

კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემულ დავაზე დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გავრცელებით გადაწყვეტილება გახდა იურიდიულად დაუსაბუთებელი, რადგან დელიქტი სამართლის სხვა სფეროა, სოციალური საკითხები კი სხვა.

საკასაციო საჩივრის თანახმად, თ.ა-ეს სოციალური დახმარება შეუწყდა 2011წ.. 2020წ. შემთხვევით ნახა ინფორმაცია სააგენტოს ვებ-გვერდზე რომ არსებობდა 2006 წლამდე კანონი, რომლითაც მარჩენალდაკარგულის სოციალური დახმარება გრძელდებოდა 23 წლის ასაკამდე და მაშინვე დაიწყო რეაგირება დარღვეული უფლებების აღდგენისათვის. კასატორი მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.09.2009წ. გადაწყვეტილებაზე, საქმე №ბს-644-612 (კ-09), რომლითაც ირკვევა, რომ მსგავს საქმეზე უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით გადაწყვეტილება მარჩენალდაკარგულის სასარგებლოდაა მიღებული.

კასატორის მოსაზრებით სოციალური დახმარება და კანონისმიერი ვალდებულებითი სამართალი, კერძოდ - დელიქტი სამართლის სხვადასხვა სფეროებია. მისთვის ადმინისტრაციულ ორგანოს განზრახ ან გაუფრთხილებლობითი ქმედებით ფიზიკური თუ მორალური ზიანი არ მიუყენებია. მოცემულ შემთხვევაში დაირღვა მისი კანონიდან გამომდინარე სოციალური უფლებები, შესაბამისად, ითხოვს მიუღებელ შემოსავალს კომპენსაციის სახით. საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ 2011 წელს არც მან იცოდა, რომ მარჩენალდაკარგულის სოციალური დახმარება ეკუთვნოდა 23 წლის ასაკამდე და არც ადმინისტრაციულმა ორგანომ იცოდა მისი უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების თაობაზე, გარდა ამისა, მიიჩნევს, რომ სასამართლოსგან გადაჭარბებული მოთხოვნაა, რომ ახლად სკოლადამთავრებულს უნდა სცოდნოდა სოციალური უფლებების თაობაზე და ეს უფრო ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებაა გააცნოს მოქალაქეს თავისი სოციალური უფლებების შესახებ ინფორმაცია დაწვრილებით. კასატორი მიიჩნევს, რომ ვინაიდან საპენსიო სამართლის ამ კონკრეტულ შემთხვევას ხანდაზმულობის ვადა არ გააჩნია, სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა ხანდაზმულობის ზოგადი ნორმით - სკ-ის 128-ე მუხლით და არა სპეციალური - 1008-ე მუხლით.

კასატორი ასევე სადავოდ ხდის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში მითითებულ მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ ხანდაზმულობის ვადების გათვალისწინება სასამართლოს მიერ ხორციელდება არა საკუთარი ინიციატივით, არამედ, მხოლოდ საქმის განხილვაში მონაწილე მხარეების მიერ აღნიშნულზე მითითების შემთხვევაში. კასატორი მიუთითებს, რომ მოპასუხე მხარეს არც პირველი და არც მეორე ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში არ აქვს ნახსენები დელიქტურ ხანდაზმულობაზე, ის უთითებდა მხოლოდ სახელშეკრულებო ხანდაზმულობის ვადას და ადმინისტრაციული აქტის გაცნობის ხანდაზმულობის ვადას.

კასატორი მიუთითებს, რომ მისთვის უცნობი იყო დელიქტური ხანდაზმულობის ვადებს თუ გამოიყენებდა სასამართლო, შესაბამისად დარღვეულია შეჯიბრებითობის პრინციპი, ვინაიდან მას არ ჰქონდა საშუალება არგუმენტირებული პასუხი გაეცა მოპასუხისთვის, ან სასამართლოსთვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ.ა-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ შედეგობრივად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

დადგენილია, რომ თ.ა-ე დაიბადა ... ... ...წ. თ.ა-ის დედა - ე.ვ-ე გარდაიცვალა 30.11.2003წ.. თ.ა-ეს, როგორც მარჩენალდაკარგულს, დაენიშნა სოციალური პაკეტი, რომელიც შეუწყდა 18 წლის ასაკის მიღწევასთან დაკავშირებით. თ.ა-ემ 2011წ. დაამთავრა სოფ. ...ის საჯარო სკოლა და ჩაირიცხა ბათუმის ...ში, რომლის 2015 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით მიენიჭა ...ის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.

ასევე, დადგენილია, რომ თ.ა-ეს 2020 წლამდე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის არ წარუდგენია ცნობა უნივერსიტეტში ჩარიცხვის შესახებ, არ წარუდგენია განცხადება და არ მოუთხოვია სოციალური პაკეტის გაგრძელება, ან კომპენსაციის გაცემა.

03.02.2020წ. თ.ა-ემ განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელვაჩაურის რაიონულ განყოფილებას და მოითხოვა მიეწოდებინათ ინფორმაცია რომელ წელსა და თვეს დაენიშნა მარჩენალდაკარგულის სოციალური პაკეტი და აქტი, რის საფუძველზეც გაუქმდა 2011 წლის 5 აგვისტოდან 2016 წლის 5 აგვისტომდე დანიშნული პაკეტი. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელვაჩაურის რაიონული განყოფილების 21.02.2020წ. წერილით თ.ა-ეს ეცნობა, რომ სოციალური პაკეტი მარჩენალის გარდაცვალების გამო დაენიშნა 30.11.2003წ. და იღებდა 2011 წლის 1 სექტემბრამდე, 18 წლის ასაკის მიღწევამდე, ყოველთვიურად 55 ლარის ოდენობით. ამავე წერილის თანახმად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ 10.02.2006წ. მიღებულ იქნა ბრძანება №46/ნ - „სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესების“ დამტკიცების თაობაზე. აღნიშნული ბრძანების მიღების შემდეგ, სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ სახელმწიფო პენსიის დანიშვნა/გაცემა და ადმინისტრირება ხდებოდა ბრძანების შესაბამისად. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.2006წ. №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესების“ მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, იმ მარჩენალდაკარგულ პირებს, რომლებსაც „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალაში შესვლამდე დაენიშნა „მარჩენალის შრომის პენსია“ და ამ პენსიას იღებდნენ სკოლის შემდგომ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გამო, უგრძელდებოდათ პენსიის მიღება 23 წლის ასაკამდე, თუ არ დადგებოდა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პენსიის შეწყვეტის საფუძველი, გარდა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებისა. პენსიის გაცემა ხდებოდა ყოველი სასწავლო წლის პირველ თვეში წარდგენილი სწავლის შესახებ ცნობის საფუძველზე. მოცემულ ვადაში აღნიშნული ცნობის წარუდგენლობის შემთხვევაში პენსიის გაცემა შეჩერდებოდა და განახლდებოდა ამ წესით განსაზღვრული პირობებით. აღნიშნული ცვლილების შესაბამისად, მარჩენალდაკარგული პირის პენსიის 23 წლის ასაკამდე გაგრძელებისთვის კანონი აწესებდა ორ წინაპირობას: პირველი - პენსია უნდა იყოს დანიშნული „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალაში შესვლამდე (2005 წლის 23 დეკემბრამდე) და მეორე - ამ პენსიას უნდა იღებდეს სკოლის შემდგომ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გამო. ზემოაღნიშნული წერილით თ.ა-ეს განემარტა, რომ ვინაიდან იგი არ აკმაყოფილებდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ 10.02.2006წ. №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესებით“ დადგენილ მოთხოვნებს, მასზე ვერ გავრცელდებოდა 23 წლის ასაკამდე მარჩენალდაკარგულის პენსიის გაგრძელების საგამონაკლისო წესი.

კასატორი მიუთითებს, რომ სოციალური დახმარება შეუწყდა 2011წ. და მხოლოდ 2020წ. დაიწყო რეაგირება დარღვეული უფლებების აღდგენისათვის, ვინაიდან სააგენტოს ვებ-გვერდზე ნახა ინფორმაცია, რომ არსებობდა კანონი, რომლითაც მარჩენალდაკარგულის სოციალური დახმარება 23 წლის ასაკამდე გრძელდებოდა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი „სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესების” დამტკიცების თაობაზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.2006 წ. №46/ნ ბრძანების (10.02.2006წ. რედაქციის) 9.3 მუხლის თანახმად, იმ მარჩენალდაკარგულ პირებს, რომლებსაც „სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის ძალაში შესვლამდე დაენიშნა “მარჩენალის შრომის პენსია” და ამ პენსიას იღებენ 18 წლის ასაკის მიღწევის შემდგომ პერიოდშიც, გაუგრძელდებათ პენსიის მიღება 23 წლის ასაკამდე საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლების გამო, თუ არ დადგა „სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პენსიის შეწყვეტის საფუძველი.

აღნიშნული ბრძანებაში 15.09.2006წ. შეტანილი ცვლილების თანახმად, 9.3 მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: იმ მარჩენალდაკარგულ პირებს, რომლებსაც „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალაში შესვლამდე დაენიშნა „მარჩენალის შრომის პენსია“ და ამ პენსიას იღებენ სკოლის შემდგომ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გამო, გაუგრძელდებათ პენსიის მიღება 23 წლის ასაკამდე, თუ არ დადგა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პენსიის შეწყვეტის საფუძველი, გარდა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გარემოებისა. პენსიის გაცემა ხდება ყოველი სასწავლო წლის პირველ თვეში წარმოდგენილი სწავლის შესახებ ცნობის საფუძველზე. მოცემულ ვადაში აღნიშნული ცნობის წარმოუდგენლობის შემთხვევაში პენსიის გაცემა შეჩერდება და განახლდება ამ წესით განსაზღვრული პირობებით.

ამავე ბრძანების 19.1 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, პენსიის შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს მარჩენალდაკარგული პირ(ებ)ის 18 წლის ასაკის მიღწევა. 18 წელს გადაცილებულ პირებს, რომლებსაც 2006 წლის 1 იანვრამდე დანიშნული აქვთ „მარჩენალის შრომის პენსია” უგრძელდებათ პენსიის გაცემა 23 წლის ასაკამდე საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გამო თუ არ დადგა ამ „სახელმწიფო პენსიის შესახებ”, საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პენსიის შეწყვეტის საფუძველი.

ვინაიდან თ.ა-ემ სკოლა დაამთავრა 2011 წელს, შესაბამისად, მისთვის დანიშნულ საპენსიო პაკეტზე უკვე მოქმედებდა ზემოაღნიშნული ბრძანების ის რედაქცია, რომელიც ავალდებულებდა მარჩენალდაკარგულ პირს ყოველი სასწავლო წლის პირველ თვეში წარედგინა შესაბამისი სამსახურისთვის სკოლის შემდგომ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის შესახებ ცნობა, რათა პენსიის მიღება გაგრძელებულიყო 23 წლის ასაკამდე. დადგენილია, რომ მოსარჩელეს არ წარუდგენია ადმინისტრაციული ორგანოსთვის რაიმე დოკუმენტი უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის შესახებ, არ წარუდგენია განცხადება და არ მოუთხოვია სოციალური პაკეტის გაგრძელება ან კომპენსაციის გაცემა, შესაბამისად, არ არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს უარი ან რაიმე კანონსაწინააღმდეგო მოქმედება პირის კანონიერ მოთხოვნასთან მიმართებით, აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ზიანის ანაზღაურების რაიმე საფუძველი.

პალატა ვერ დაეთანხმება კასატორის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან ადმინისტრაციულ ორგანოს არ განუმარტავს მისთვის სოციალური უფლებების შესახებ, სკოლის დამთავრების პერიოდში მის მიერ საკანონმდებლო ნორმების არცოდნა მისი ინტერესების სასარგებლოდ უნდა განიმარტოს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამართალურთიერთობებში მოქმედებს კანონის ცოდნის პრეზუმფცია, იგულისხმება, რომ პირმა იცის მოქმედი კანონმდებლობა. სამოქალაქო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კანონის არცოდნა ან მისი არასათანადოდ გაგება არ შეიძლება იყოს კანონის გამოუყენებლობის ანდა ამ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების საფუძველი. აღნიშნული დებულება ზოგადი ხასიათისაა და მას რაიმე მხოლოდ სამოქალაქო სამართლისათვის დამახასიათებელი სპეციფიკური ფუნქცია არ გააჩნია, რის გამოც მისი გამოყენება დაიშვება აგრეთვე საჯარო-სამართლებრივ ურთიერთობებშიც. სათანადო წესით გამოქვეყნებული, მოქმედი ნორმის გამოყენება არ არის ადრესატების მიერ მის ცოდნაზე დამოკიდებული. იგულისხმება, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებული წესითა და პროცედურების დაცვით შემუშავებული, სახელმწიფო ენაზე არაბუნდოვნად შედგენილი, ოფიციალურად გამოქვეყნებული, გაცნობისათვის ხელმისაწვდომი, შესასრულებლად სავალდებულო ქცევის ზოგადი წესის შესახებ ინფორმაცია მოქალაქეთათვის ცნობილია, აღნიშნული დამატებით მტკიცებას არ საჭიროებს. განსახილველ შემთხვევაში არ იკვეთება ობიექტური გარემოებები (მაგ.: კანონის გამოუქვეყნებლობა, ნორმის ტექსტის არსებითი ბუნდოვანება და სხვ.), რასაც შეეძლო ხელი შეეშალა დაინტერესებული პირისათვის კანონის გაცნობაში.

ამასთანავე, დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის თვალსაზრისით რიგ შემთხვევებში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება დროს. დრო იწვევს სამართლებრივი სინამდვილის ტრანსფორმაციას, უფლების წარმოშობას, შეწყვეტას, უფლების სუბიექტის შეცვლას. მხარეთა სასარჩელო შესაძლებლობები ხშირად არის ვადით შეზღუდული. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 30.04.2003წ. N1/3/161 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ოლღა სუმბათაშვილი და იგორ ხაპროვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, III). ვადა დასაწყისითა და დასრულების მომენტით შემოფარგლული განსაზღვრული ან განსაზღვრებადი დროის შუალედია, იგი უთითებს სამართლებრივად მნიშვნელოვან დროის პერიოდზე, რომლის ფარგლებში სამართლებრივი შედეგის წარმომშობი რაიმე ქმედება ან ნების გამოვლენა უნდა განხორციელდეს. დავის გადაწყვეტის მიზნებისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ვადებს შორის ერთ-ერთი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა. გონივრული სასარჩელო ხანდაზმულობის ვადების არსებობა უფლების რეალიზაციის აუცილებელი წინაპირობაა, განსაზღვრული დროის გასვლის შემდეგ სამართლებრივი სტაბილურობის მოთხოვნა მომეტებულად დაცვის ღირსია (სუსგ 21.06.2022წ. Nას-34-2022, 172 პ.).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებებიც დარღვეულია, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა.

თავისი ბუნებით ვადა იურიდიული ფაქტია, რომლის დადგომა ან გასვლა იწვევს უფლებისა და ვალდებულების წარმოშობას, შეცვლას ან შეწყვეტას. სასამართლოსთვის ხანდაზმულობის ვადის გაცდენით მიმართვა სპობს უფლების იძულებით განხორციელების შესაძლებლობას მატერიალური თვალსაზრისით და ქმნის სარჩელის უარყოფის საფუძველს (სუსგ 13.09.2021წ. Nბს-1320(კ-19)).

საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელეს სოციალური უზრუნველყოფის პაკეტი შეუწყდა სრულწლოვანების ასაკის მიღწევისთანავე. სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს. თუმცა არსებული ზოგადი წესიდან გამონაკლისია ისეთი შემთხვევა, როდესაც კონკრეტულ მოთხოვნაზე ხანდაზმულობის სპეციალური ვადა ვრცელდება. სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან წარმოშობილი მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა 3 წელია. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს მარჩენალის გარდაცვალების საფუძვლით პირისათვის დანიშნული ყოველთვიური სარჩოს 2011 წლის 5 აგვისტოდან 2016 წლის 5 აგვისტომდე პერიოდში მიუღებელი თანხის ანაზღაურება. პალატა მიუთითებს, რომ მარჩენალის გარდაცვალების საფუძვლით პირისათვის ყოველთვიური სარჩოს გადახდა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების ერთ-ერთი სახეა, შესაბამისად, აღნიშნულ მოთხოვნასთან მიმართებით ვრცელდება ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, ამდენად უსაფუძვლოა კასატორის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ საპენსიო სამართლის ამ კონკრეტულ შემთხვევას ხანდაზმულობის ვადა არ გააჩნია.

ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როდესაც დაზარალებულმა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ, ამასთან ივარაუდება, რომ მან დარღვევის განხორციელებისთანავე შეიტყო აღნიშნულის შესახებ. საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აწევს. თუ დადგინდება, რომ პირმა თავისი დაუდევრობის გამო უფლების დარღვევის შესახებ ვერ გაიგო, ხანდაზმულობის ვადის ათვლა იმ მომენტიდან დაიწყება, როცა საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, პირს უფლების დარღვევის შესახებ უნდა შეეტყო.

როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელეს მარჩენალის გარდაცვალების გამო დანიშნული პენსიის მიღება შეუწყდა 2011 წლის 1 სექტემბრიდან, შესაბამისად, აღნიშნული თარიღიდან ცნობილი იყო მისთვის უფლების დარღვევის შესახებ და დარღვეული უფლების აღდგენის მოთხოვნის ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადის ათვლაც სწორედ მითითებული თარიღიდან დაიწყო და დასრულდა 2014 წლის 1 სექტემბერს. პენსიის შეწყვეტის მიზეზის დადგენისა და დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით უფლებამოსილი ორგანოსათვის მიმართვა დამოკიდებული იყო მოსარჩელის მოქმედებაზე, რაც მას არ განუხორციელებია. მოსარჩელემ მხოლოდ 9 წლის შემდეგ - 03.02.2020წ. მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება სამოქალაქო კოდექსის მე-2 თავით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერების ან შეწყვეტის არსებობის ფაქტი, რაც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას განვლილი დრო არ მიეღო მხედველობაში.

ამდენად, მოსარჩელეს - თ.ა-ეს შეეძლო კანონით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით მიემართა ჯერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის მარჩენალდაკარგულის სოციალური პაკეტის გაგრძელების მოთხოვნით, ხოლო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით - სასამართლოსთვის, რაც მას არ განუხორციელებია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ დასტურდება ხანდაზმულობის ვადის დენის შემაფერხებელი გარემოებები, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის ნორმატიული საფუძვლების არსებობა, საკასაციო პალატა თვლის, რომ თ.ა-ის მოთხოვნა ხანდაზმულია, რაც მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარის საფუძველს ქმნის.

რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში მითითებულ მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ ხანდაზმულობის ვადების გათვალისწინება სასამართლოს მიერ ხორციელდება არა საკუთარი ინიციატივით, არამედ, მხოლოდ საქმის განხილვაში მონაწილე მხარეების მიერ აღნიშნულზე მითითების შემთხვევაში, აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხის შეფასებას არ აბრკოლებს სარჩელის ხანდაზმულობის შესახებ მხარეების მითითების არარსებობა, რადგან დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპები ადმინისტრაციულ პროცესში რიგი თავისებურებებით ხასიათდება. აღნიშნული თავისებურებები თავად სამოქალაქო და ადმინისტრაციული მატერიალური სამართლის არსობრივი სხვაობით არის განპირობებული, რადგან სამოქალაქო პროცესში მოქმედი დისპოზიციურობის პრინციპი კერძო-სამართლებრივი ურთიერთობისათვის დამახასიათებელი მხარეთა ნების ავტონომიის ერთგვარ გაგრძელებას წარმოადგენს და სათანადო მახასიათებლებსაც შეიცავს, ხოლო ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი დისპოზიციურობის პრინციპი ადმინისტრაციულ მატერიალურ სამართალში მოქმედი პრინციპების გათვალისწინებით გარკვეულ თავისებურებებს ავლენს. სამოქალაქო პროცესში მხარეების მიერ შეჯიბრებითობის ფარგლებში წარდგენილი ფაქტები ბოჭავს სასამართლოს, ადმინისტრაციული დავებისგან განსხვავებით, სადაც ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით მოსამართლე ბევრად ფართო უფლებამოსილებით სარგებლობს. ხანდაზმულობის ვადა დროის გარკვეულ პერიოდს მოიცავს, რომლის ათვლის დასაწყისისა და დასრულების მომენტები ფაქტის კატეგორიას განეკუთვნება, რის გამოც ადმინისტრაციული დავის განმხილველი სასამართლო, ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარის მითითების მიუხედავად, აღჭურვილია მათი დადგენის უფლებამოსილებით. ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის მიზანია ადმინისტრაციული ორგანოს კანონის საფუძველზე უფლებამოსილების განხორციელებისადმი არსებული საჯარო ინტერესის დაცვა. ადმინისტრაციულ სამართალში მოქმედი კანონიერების პრინციპი, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის დაცვის საჭიროება, დავის სამართლებრივი შედეგის მიმართ არსებული საჯარო ინტერესი (სამოქალაქო დავისგან განსხვავებით ადმინისტრაციული დავა შესაძლოა ერთ პირთან მიმართებით გადაწყდეს, თუმცა განსაზღვროს მსგავს სამართლებრივ მდგომარეობაში მყოფი სხვა არაერთი პირის ბედი), ასევე განაპირობებს ინკვიზიციურობის პრინციპის გამოყენების საჭიროებას. გადაწყვეტილების მიღება სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დაცვით წარდგენილ მოთხოვნებთან მიმართებით სწორედ საჯარო ინტერესში ექცევა. ხანდაზმულობის ვადების განსაზღვრის მნიშვნელოვან მიზნებს შორის სახელდება: სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სასამართლოსათვის მიმართვის დროის ფარგლების განსაზღვრა, პოტენციური მოპასუხის დაცვა, სასამართლოს მიერ გარკვეული დროის გასვლის გამო არასრულად ქცეულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით გადაწყვეტილების მიღების გამორიცხვა და სხვ. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 22.10.1996წ. N22083/93; 22095/93 გადაწყვეტილება საქმეზე „Stubbings and others v. the United Kingdom“).

რაც შეეხება კასატორის მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.09.2009წ. გადაწყვეტილებაზე (საქმე №ბს-644-612 (კ-09)) მითითებას, რომ მსგავს საქმეზე გადაწყვეტილება მარჩენალდაკარგულის სასარგებლოდაა მიღებული, საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება მითითებულ მსჯელობას ვინაიდან, მოცემულ საქმეებში განსხვავებულია როგორც ფაქტობრივი გარემოებები, ასევე პირის მიერ უფლების დარღვევის მომენტიდან დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით სასამართლოსთვის მიმართვის ვადები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც თ.ა-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ.ა-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.03.2024 წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი