Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1151(კ-24) 27 ნოემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ქ. ა-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 5 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2023 წლის 7 მარტს ქ. ა-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიმართ. მოსარჩელემ შპს „მ...ში“ 2008-2010 წლებში მიღებული განათლების აღიარების შესახებ წარდგენილი განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2023 წლის 23 თებერვლის №MES 3 23 0000215744 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისათვის ქ. ა-ის მიერ წარდგენილი განცხადების არსებითად განხილვისა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით ქ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ა-იმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 5 მარტის განჩინებით ქ. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2019 წლის 11 თებერვალს ქ. ა-იმა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მიმართა განცხადებით და შპს „მ...ში“ 2008-2010 წლებში მიღებული განათლების აღიარება მოითხოვა. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 11 მარტის №MES 1 19 00292702 გადაწყვეტილებით ქ. ა-ის უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილებით განმცხადებელს განემარტა, რომ ქ. ა-ის მიერ სტუდენტის სტატუსი მოპოვებულ იქნა ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, ამასთანავე, შპს „მ...ში“ 2008-2010 სასწავლო წლებში განხორციელებული პროგრამები არ იყო აღიარებული სახელმწიფოს მიერ.

2023 წლის 9 თებერვალს ქ. ა-იმა №148526 განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და 2019 წლის 11 თებერვლის განცხადების მსგავსად, შპს „მ...ში“ 2008-2010 წლებში მიღებული განათლების აღიარება მოითხოვა. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2023 წლის 23 თებერვლის №MES 3 23 0000215744 გადაწყვეტილებით განუხილველად იქნა დატოვებული წარდგენილი განცხადება. განმცხადებელს განემარტა, რომ აღნიშნულ საკითხზე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უკვე ნამსჯელი ჰქონდა 2019 წლის 11 მარტის №MES 1 19 00292702 გადაწყვეტილებაში და ხელმეორედ საკითხის განხილვის საფუძველი არ იყო გამოვლენილი, კერძოდ, არ იყო წარდგენილი იმ ფაქტობრივი და სამართლებრივი მდგომარეობის დაინტერესებული პირის სასარგებლოდ შეცვლის დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - 2019 წლის 11 მარტის №MES 1 19 00292702 გადაწყვეტილების გამოცემას.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ ქ. ა-ის მიერ სადავო წარმოების ფარგლებში არ წარდგენილა ინფორმაცია იმ ფაქტობრივი და სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლის თაობაზე, რომელიც საფუძვლად დაედო ქ. ა-ის მიმართ პირველად მიღებულ გადაწყვეტილებას. წარდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდებოდა ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების არსებობა, რაც განაპირობებდა მოსარჩელისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემას. აღნიშნულის გათვალისწინებით,

სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნდა ქ. ა-ის განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველი.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ქ. ა-ის არაერთხელ ჰქონდა მიმართული სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის დიპლომის ნამდვილობის დადასტურებისა თუ განათლების აღიარების შესახებ მოთხოვნებით. სასამართლოს მითითებით, მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებები ეფუძნებოდა იმ დასაბუთებას, რომ ქ. ა-ის სტუდენტის სტატუსი მოპოვებულ ჰქონდა ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, აგრეთვე სასწავლებელს არ ჰქონდა ინსტიტუციური აკრედიტაცია, ანუ შპს „მ...ში“ 2008-2010 სასწავლო წლებში განხორციელებული პროგრამები არ იყო აღიარებული სახელმწიფოს მიერ. სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 20.05.2021წ. №ბს-996(კ-20) განჩინებაზე და აღნიშნა, რომ ქ. ა-ის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის აღნიშნული მოტივაცია შესაბამისობაში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მყარად დადგენილ პრაქტიკასთან, რა დროსაც საკასაციო სასამართლომ ერთმნიშვნელოვნად განმარტა 2005 წელს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებით სტუდენტის სტატუსის მოპოვების მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდების მეშვეობით შესაძლებლობა.

სააპელაციო სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია ქ. ა-ის მითითება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 01.03.2023წ. გადაწყვეტილებაზე (საქმე №ბს-143(კ-21)), როგორც იდენტური ფაქტობრივი გარემოებების მქონე დავაზე და განმარტა, რომ აღნიშნულ დავაში საქმის ფაქტობრივი გარემოებები განსხვავდებოდა განსახილველი საქმის ფაქტობრივი გარემოებებისგან, კერძოდ, №ბს-143(კ-21) საქმეზე დადგენილი იყო, რომ მოსარჩელე პირველი კურსის სტუდენტად ჩაირიცხა 2002-2003 სასწავლო წელს, იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რამაც, თავის მხრივ, მოცემული დავისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება განაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლომ მითითებულ გადაწყვეტილებაშიც დაადასტურა 2005 წლიდან აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩასარიცხად ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების აუცილებლობა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 5 მარტის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ქ. ა-იმა.

კასატორის განმარტებით, ქვედა ინსტანციის სასამართლომ არასრულად გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, არასწორი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რამაც მოსარჩელის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესების უკანონოდ ხელყოფა განაპირობა.

კასატორი მიუთითებს, რომ მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ მისი ჩარიცხვა სასწავლებელში მოხდა ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე. კასატორი მიუთითებს, რომ დღეის მოცემულობით მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების დამაბრკოლებელი გარემოება აღმოფხვრილია, ვინაიდან, მან, 2024 წელს ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები, რის შესახებ სსიპ განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის 04.06.2024 წ. ცნობა ერთვის საკასაციო საჩივარს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ სახეზეა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და საკასაციო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. ა-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივი შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, შეფასების საგანს წარმოადგენს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2023 წლის 23 თებერვლის №MES 3 23 0000215744 გადაწყვეტილების კანონიერება, რომლითაც განუხილველად დარჩა ქ. ა-ის განცხადება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ გარემოებებზე: 2018 წლის 26 თებერვალს ქ. ა-იმა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს განცხადებით მიმართა და მოითხოვა შპს „მ...ის“ მიერ ქ. ა-ის მიმართ გაცემული MMCTU №000004 ბაკალავრის დიპლომის ნამდვილობის დადასტურება, რაზეც სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 23 მარტის №MES 0 18 0000324016 გადაწყვეტილებით ქ. ა-ის უარი ეთქვა. განმცხადებელს დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძვლად განემარტა, რომ მის მიერ სტუდენტის სტატუსი მოპოვებულ იქნა ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, ასევე, სასწავლებელს არ ჰქონდა ინსტიტუციური აკრედიტაცია, ანუ შპს „მ...ში“ 2008-2010 სასწავლო წლებში განხორციელებული პროგრამები არ იყო აღიარებული სახელმწიფოს მიერ.

როგორც საქმეზე დგინდება, საკასაციო სასამართლომ, ადმინისტრაციულ საქმეზე №ბს - 1146(კ-21), სადაც სადავო საკითხს ქ. ა-იის სახელზე გაცემული ბაკალავრის დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის - 2018 წლის 23 მარტის №MES 0 18 0000324016 გადაწყვეტილების კანონიერება წარმოადგენდა, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერების შედეგად აღნიშნა, რომ ქ. ა-ის არ მოუპოვებია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება კანონმდებლობით დადგენილი წესით - ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლით, მან სტუდენტის სტატუსი მოიპოვა კანონმდებლობით დადგენილი წესის გვერდის ავლით. გარდა იმისა, რომ მოსარჩელე სწავლობდა არააკრედიტებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მას შესაბამისი წესით არ ჰქონდა მოპოვებული უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის უფლება.

2019 წლის 11 თებერვალს ქ. ა-იმა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს განცხადებით მიმართა და მოითხოვა შპს „მ...ში“ 2008-2010 წლებში მიღებული განათლების აღიარება. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 11 მარტის №MES 1 19 00292702 გადაწყვეტილებით ქ.

ა-ის უარი ეთქვა საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში მიღებული განათლების აღიარებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსარჩელეს განემარტა, რომ მის მიერ სტუდენტის სტატუსი მოპოვებულ იქნა ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე და ამასთანავე სასწავლებელს არ ჰქონდა ინსტიტუციური აკრედიტაცია, შპს „მ...ში“ 2008-2010 სასწავლო წლებში განხორციელებული პროგრამები არ იყო აღიარებული სახელმწიფოს მიერ.

2023 წლის 9 თებერვალს ქ. ა-იმა №148526 განცხადებით კიდევ ერთხელ მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და შპს „მ...ში“ 2008-2010 წლებში მიღებული განათლების აღიარება მოითხოვა. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2023 წლის 23 თებერვლის №MES 3 23 0000215744 სადავო გადაწყვეტილებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე მითითებით, განუხილველად იქნა დატოვებული მოსარჩელის მიერ წარდგენილი განცხადება. განმცხადებელს განემარტა, რომ 2023 წლის 9 თებერვლის №148526 განცხადებით წარდგენილი ინფორმაცია არ წარმოადგენდა ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებას. მტკიცებულებები და ფაქტობრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას, არ იყო შეცვლილი.

საქმეზე დადგენილი გარემოებებით უდავოდ დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ განცხადება სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში მის მიერ მიღებული განათლების აღიარების მოთხოვნით, ორჯერ იქნა წარდგენილი, კერძოდ, პირველად - 2019 წლის 11 თებერვალს, ხოლო მეორედ - 2023 წლის 9 თებერვალს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლზე, რომელიც არეგულირებს ერთსა და იმავე საკითხზე ადმინისტრაციული ორგანოსათვის განცხადების ხელახლა წარდგენის საკითხს. აღნიშნული ნორმის შესაბამისად, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ განცხადებაში არ არის მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი, ადმინისტრაციული ორგანო განცხადების განუხილველად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განცხადებაზე უარის თქმის შესახებ. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზეც უარი ითქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, განცხადება ადმინისტრაციული წარმოების განახლების შესახებ მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული წარმოების დროს ამ გარემოებათა ან ფაქტების წარუდგენლობა

განმცხადებლის ბრალით არ მომხდარა.

მითითებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოსათვის იმ საკითხზე ხელახლა მიმართვის შესაძლებლობა, რომლის თაობაზეც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, გათვალისწინებულია მხოლოდ კონკრეტული პირობების არსებობისას, კერძოდ, თუკი შეიცვალა ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემულ აქტს, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან გამოვლენილი გარემოება (მტკიცებულება), რომელიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოსთვის განმეორებით მიმართვისას ქ. ა-იმა ვერ წარადგინა ახალი მტკიცებულებები (გამოკვლეული მონაცემებისაგან განსხვავებული, მოსარჩელის სასარგებლო ფაქტის დასადასტურებლად), რითაც დაასაბუთებდა მოთხოვნის საფუძვლიანობას. ხელმეორედ წარდგენილ განცხადებაში მითითებულია არსებითად იმავე გარემოებსა და მტკიცებულებებზე, რაზედაც კომისიამ იმსჯელა ძალაში მყოფი აქტის - 2019 წლის 11 მარტის №MES 1 19 00292702 გადაწყვეტილების მიღებისას.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ადმინისტრაციულ ორგანოს აძლევდა საკითხის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის საფუძველზე გადაწყვეტის შესაძლებლობას, რამდენადაც არ დასტურდებოდა ისეთი გარემოების არსებობა, რაც განაპირობებდა დაინტერესებული პირისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას. შესაბამისად, სადავო აქტი მიღებულია მისი მიღებისათვის დადგენილი ნორმების დაცვით და ადგილი არ ჰქონია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, შესაბამისად, არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები.

ამასთან, საქმეზე არსებით გავლენას ვერ მოახდენს კასატორის მითითება, რომ მან 2024 წელს მონაწილეობა მიიღო ერთიან ეროვნულ გამოცდებში და მოიპოვა უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება (საკასაციო საჩივარს ერთვის სსიპ განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის 04.06.2024 წ. ცნობა - უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის თაობაზე), რადგან განსახილველ შემთხვევაში, სადავო საკითხს ქ. ა-ის მიერ შპს „მ...ში“ 2008-2010 წლებში მიღებული განათლების აღიარება წარმოადგენს. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. საკასაციო სასამართლოში საქმის წარმოების დროს, სასამართლო მოკლებულია ახალი

მტკიცებულებების მოპოვების შესაძლებლობას, ვინაიდან, იგი არ წარმოადგენს საქმის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენ სასამართლოს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას მიიღოს წარმოდგენილი ცნობა, როგორც მტკიცებულება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. ა-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 5 მარტის განჩინება;

3. ქ. ა-ის (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 19.10.2024წ. №24234227323 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ბ.შონია

მოსამართლეები: ქ.ცინცაძე

გ.მაკარიძე