Facebook Twitter

№ბს-1294(კ-23) 29 ნოემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ბადრი შონია

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ლ. ა-ე).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ლ. ა-ემ სარჩელით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი ლ. ა-ეის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 9 დეკემბრის №ბ24.24213432 ბრძანება; ბ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ზუგდიდი, ...ს ქუჩა №..., მე-... სადარბაზო, მე-... სართული, ბინა №...-ში არსებული 72,88 კვ.მ საცხოვრებელი (იზოლირებული) არაპრივატიზებული ფართის ლ. ა-ეისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ.

2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილებით ლ. ა-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ლ. ა-ეის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 9 დეკემბრის №ბ24.24213432 ბრძანება და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ლ. ა-ეის 2021 წლის 26 ნოემბრის №19/2421133196-24 განცხადებასთან დაკავშირებით. დანარჩენ ნაწილში ლ. ა-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 ნოემბრის განჩინებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილება.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ.

კასატორი აღნიშნავს, რომ ლ. ა-ეის წარმომადგენლის მიერ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებდა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილების მოთხოვნებს, კერძოდ: დაინტერესებული პირის მიერ ვერ იქნა წარდგენილი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერი მოსარგებლე არის ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვა) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი მემკვიდრე.

მოსარჩელე ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში შეტანილი 2021 წლის 26 ნოემბრის განცხადებით (19/2421133196-24) ითხოვდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, ქ. ზუგდიდი, ...ს ქუჩა №..., ... სადარბაზო, ... სართული, ბინა №...-ში არსებული ფართის - 72.88 კვ.მ საცხოვრებელი (იზოლირებული) ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემას. მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამებოდა კანონის მოთხოვნებს. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, მის მიერ არ იქნა წარდგენილი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და 2007 წლის 2 თებერვლამდე აღნიშნულ ფართობზე რეგისტრაციის დამადასტურებელი საბუთი. გასათვალისწინებელია, რომ სადაო უძრავ ქონებაზე ელექტრო ენერგიის გადამხდელად დღემდე სხვა პიროვნება ფიქსირდება.

მოსარჩელის მიერ წარდგენილ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 16 ნოემბრის №... წერილი, ასევე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება №... (11.11.2021), სადაც აღნიშნულია, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქ. ზუგდიდი, ...ს ქუჩა №32-ში სააღრიცხვო მასალებში ბინა 21-ზე ლ. ა-ეის სახელზე საკუთრების უფლება აღიარებული არ არის. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსგს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საინფორმაციო ბარათით დაინტერესებული პირი 18.08.1997 წლიდან რეგისტრირებულია ქ. ზუგდიდი, ...ს ქ. №...-ში. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეესტრის ხელმისაწვდომობის შესახებ №... (11.11.2021) გადაწყვეტილების თანახმად, ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით ზუგდიდი, ...ს ქუჩა №...-ში სააღრიცხვო მასალაში ბინა №21-ზე ლ. ა-ეის სახელზე საკუთრების უფლება არ არის აღრიცხული.

კასატორის მითითებით, საქმეში წარდგენილია ასევე, ზუგდიდის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის ორდერის ყუა №00889, რომელიც არ აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს. დაინტერესებულ პირს არასდროს უსარგებლია აღნიშნული ფართით და მუდმივად აქირავებდა სხვადასხვა პირზე. მოცემულ შემთხვევაში, როგორც დაინტერესებული პირი, ასევე, სანოტარო წესით დამოწმებულ თანხმობაში მითითებული პირები არათუ არ სარგებლობდნენ განცხადებაში მითითებული ფართით, არამედ რეგისტრირებულებიც კი არ არიან აღნიშნულ მისამართზე. შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანომ იხელმძღვანელა საქართველოს მთავრობის დადგენილების მე-5 მუხლის მე-8 პუნქტით და გამოსცა ბრძანება განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს. სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) ლ. ა-ემ 2021 წლის 26 ნოემბერს განცხადებით მიმართა ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერს, რომელშიც მიუთითა, რომ კანონიერ სარგებლობაში გააჩნია ქ. ზუგდიდი, ...ს ქუჩა (ყოფილი ...ს) №..., ბინა №21-ში მდებარე 72,88 კვ.მ საცხოვრებელი ფართი და მოითხოვა მისი საკუთრებაში გადაცემა. განმცხადებლის მიერ ადმინსტრაციულ ორგანოში წარდგენილ იქნა პირადობის მოწმობა, შიდა აზომვითი ნახაზი, საინფორმაციო ბარათი, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილი, სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება და ზუგდიდის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის მიერ 1991 წელს გაცემული №00889 ორდერის ყუა. განცხადებაზე დართული, საინფორმაციო ბარათით, ლ. ა-ე რეგისტრირებულია ქ. ზუგდიდში, ...ს ქუჩაზე (ს.ფ 62-73); ბ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 16 ნოემბრის №... მიმართვის თანახმად, ქ. ზუგდიდში, ...ს ქ. №... (მიწის ს/კ ...), ბინა №...-ზე, საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის (ს.ფ 70); გ) ზუგდიდის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის მიერ 1991 წელს გაცემული №00889 ორდერის ყუით დასტურდება, რომ ზუგდიდი, ...ს ქ. №..., ბინა ..., 4 ოთახი, გაცემულია ლ. ა-ეის სახელზე, რომელთან ერთად ორდერში მითითებულია 5 პირი (ს.ფ 72-73); დ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის 2023 წლის 10 აგვისტოს მიმართვის თანახმად, ზუგდიდი, ...ს ქუჩას გადაერქვა სახელი და ეწოდა ...ს ქუჩა (ს.ფ 109); ე) სს „ე...ს“ 2023 წლის 10 აგვისტოს ინფორმაციით, ქ. ზუგდიდი, ...ს ქ. №...-ში აბონენტად რეგისტრირებულია ხ. ჭ-ა (ს.ფ 110); ვ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 9 დეკემბრის №ბ24.24213432 ბრძანებით, ლ. ა-ეს უარი ეთქვა ზუგდიდი, ...ს ქუჩა №..., მე-... სადარბაზო, მე-... სართული, ბინა №...-ში არსებული 72.88 კვ.მ საცხოვრებელი (იზოლირებული) ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემაზე (ს.ფ 61).

საკასაციო პალატა პირველ რიგში განმარტავს, რომ ლ. ა-ეს სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილება. შესაბამისად, მის მიერ არც საკასაციო საჩივარი წარმოდგენილა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 ნოემბრის განჩინების გაუქმების მოთხოვნით. ამდენად, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანს წარმოადგენს მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილი.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებულ „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესზე“ რომელიც არეგულირებს სახელმწიფო საბინაო ფონდში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებული, მათ შორის 2007 წლის 2 თებერვლამდე დროებით გადაცემული, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს, ამ პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს და განსაზღვრავს წესით გათვალისწინებული ურთიერთობის მხარეებსა და მათ უფლებამოსილებებს (1.1 მუხლი).

ზემოაღნიშნული წესის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერი მოსარგებლე არის ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი მემკვიდრე.

ზემოაღნიშნულ ნორმაზე მითითებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ არაპრივატიზებულ საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობზე პირის კანონიერ მოსარგებლედ მიჩნევისათვის საჭიროა ორი პირობის კუმულაციურად არსებობა, კერძოდ, უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის არსებობა და ფიზიკური პირის მხრიდან არაპრივატიზირებული საცხოვრებელი (არასაცხოვრებელი) ფართის ფლობისა და სარგებლობის ფაქტი. ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამონათვალი არ არის მითითებული სრულად მთავრობის დადგენილებაში, რაც იმაზე მეტყველებს, რომ შეუძლებელია აღნიშნული სახის დოკუმენტების ამომწურავი ჩამონათვალის განსაზღვრა, შესაბამისად, უფლებამოსილმა ორგანომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით სათანადო შეფასება უნდა მისცეს წარდგენილ დოკუმენტებს, ფაქტობრივ გარემოებებს და ისე მიიღოს გადაწყვეტილება კანონიერი სარგებლობის ფაქტის დადასტურებულად მიჩნევის თაობაზე. უძრავი ქონების სარგებლობის კანონიერება შეიძლება დადასტურდეს არა მარტო ისეთი კონკრეტული, კანონით პირდაპირ გათვალისწინებული დოკუმენტით, როგორიცაა საცხოვრებელი ფართის სარგებლობაში გადაცემის შესახებ უფლებამოსილი ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, არამედ - სხვა წერილობითი დოკუმენტებითაც, რომლებიც ადასტურებს საცხოვრებელი ფართის მართლზომიერ სარგებლობაში გადაცემას.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხის გადაწყვეტილებას ლ. ა-ეის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე საფუძვლად დაედო ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება, რომ მოსარჩელის მიერ მიერ არ იქნა წარდგენილი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და 2007 წლის 2 თებერვლამდე აღნიშნულ ფართობზე რეგისტრაციის დამადასტურებელი საბუთი, თუმცა გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს სათანადო დასაბუთებას ლ. ა-ეის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლებთან მიმართებით. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილია ორდერის ყუა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ლ. ა-ეის ოჯახს მიეცა საცხოვრებელი სადგომი სადავო მისამართზე. აღნიშნულ დოკუმენტში ლ. ა-ეის გარდა მითითებულია 5 პირი, რომლებიც მოსარჩელის განმარტებით, წარმოადგენენ მის შვილებს. საქმეში წარმოდგენილია მ. მ-ას, ხ. მ-ას, გ. მ-ას, ზ. მ-ას და თ. მ-ას სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება, რომლითაც ისინი თანხმობას აცხადებენ, სადავო უძრავი ქონება დარეგისტრირდეს ლ. ა-ეის სახელზე და მასზე გაიცეს საკუთრების უფლების მოწმობა (ს.ფ 68-69). ასეთ პირობებში დასაბუთებული არ არის ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია, რომ მოსარჩელის მიერ არ ყოფილა წარდგენილი კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. გასაჩივრებული აქტიდან არ დგინდება, რატომ არ იქნა მიჩნეული დადასტურებულად საცხოვრებელი ფართის მოსარჩელისათვის მართლზომიერ სარგებლობაში გადაცემის ფაქტი.

საგულისხმოა, მოსარჩელის განმარტება იმის შესახებ, რომ 1989 წელს დაეწვა საცხოვრებელი სახლი, რის შემდეგაც მას გადაეცა სადავო უძრავი ქონება, თუმცა ეკონომიკური პრობლემებიდან გამომდინარე, გააქირავა იგი და საცხოვრებლად გადავიდა მშობლების სახლში. მიღებულ ქირას იყენებდა შვილების საჭიროებების უზრუნველსაყოფად. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ფართის მფლობელობა არასდროს შეუწყვეტია და მიმდინარე ეტაპზე აპირებს აღნიშნულ ფართში საცხოვრებლად გადასვლას. ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან სათანადო შეფასება არ მისცემია მითითებულ გარემოებებს, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მოპასუხის მხრიდან საქმის გარემოებების სრულყოფილად შესწავლის ვალდებულების დარღვევაზე.

რაც შეეხება კასატორის შედავებას, რომ მოსარჩელე ვერ ადასტურებს სადავო ფართზე 2007 წლის 2 თებერვლამდე რეგისტრაციას, საკასაციო სასამართლო განმარტავს შემდეგს: საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის საკუთრებაში გადაცემის მიზნით შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს დროებით გადაცემული არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების) მიერ 2007 წლის 2 თებერვლამდე აღნიშნულ ფართობზე რეგისტრაციის დამადასტურებელი საბუთი. ამავე დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დროებით გადაცემული არაპრივატიზირებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობი არის: ვ.ა) დროებითი სარგებლობის უფლებით გამოყოფილი საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობი, რომელიც კანონიერ მოსარგებლეს გადაეცა გარკვეული პირობით და ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში განცხადების წარდგენისას აღნიშნული პირობის უფლებამოსილი ორგანოს მიერ შესრულება შეუძლებელი ან/და მიზანშეუწონელია; ვ.ბ) შრომითი ურთიერთობების არსებობის, განსაზღვრულ ორგანოში წევრობის ან სხვა გარემოებიდან გამომდინარე, კანონიერი მოსარგებლისათვის დროებითი სარგებლობის უფლებით გამოყოფილი საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზემოდასახელებული საკანონმდებლო ნორმები განსაზღვრავს დროებით გადაცემული არაპრივატიზირებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ცნებას და ადგენს კანონიერი მოსარგებლის ვალდებულებას 2007 წლის 2 თებერვლამდე აღნიშნულ ფართობზე რეგისტრაციის დამადასტურებელი საბუთის წარდგენასთან დაკავშირებით, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ზუგდიდის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის მიერ 1991 წელს გაცემული №00889 ორდერით ლ. ა-ეისათვის გადაცემული საცხოვრებელი სადგომი (ზუგდიდი, ...ს ქ. №..., ბინა ..., 4 ოთახი) წარმოადგენს დროებით გადაცემულ არაპრივატიზირებულ საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობს. შესაბამისად, დაუსაბუთებელია კასატორის შედავება, რომ მოსარჩელე ვალდებული იყო წარედგინა მისი სადავო მისამართზე 2007 წლის 2 თებერვლამდე რეგისტრაციის დამადასტურებელი მტკიცებულება.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს იგი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან საქმის გარემოებების გამოკვლევისა და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შეუძლებლობა. „..საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული საკითხი მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება..“ (სუს 13.12.2018წ. №ბს-681-681(კ-18) გადაწყვეტილება). ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას.

იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დადგენას საჭიროებს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, მართებულია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა დასკვნა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობისა და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ მოპასუხისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 ნოემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. მაკარიძე

ქ. ცინცაძე

ბ. შონია