№ბს-832(კ-24) 21 ნოემბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ა.ა-ი
მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 მაისის განჩინება
დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2023 წლის 21 ივლისს ა.ა-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის მიმართ. მოსარჩელის განმარტებით, 2018 წლის 13 თებერვლიდან შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, სადაც ევალება მსმენელებისთვის ...ის მომზადება. პენსიის დანიშვნის მომენტისათვის მან წარადგინა ცნობა, რომ მუშაობდა სსიპ შსს-ს აკადემიაში. სსიპ საქართველოს შსს აკადემია წარმოადგენს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელშიც მუშაობა არ მიიჩნევა საჯარო საქმიანობად "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის "გ" ქვეპუნქტიდან გამომდინარე. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 29.03.2023წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელეს იმ საფუძვლით, რომ იგი ახორციელებდა საჯარო საქმიანობას უკანონოდ შეუწყდა პენსია. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 30.03.2024წ. წერილით ა.ა-ის განესაზღვრა ვადა საჯარო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით ინფორმაციის წარსადგენად. მასვე ეცნობა, რომ სააგენტოს მიერ მოსარჩელის საჯარო საქმიანობის დაწყება/დასრულების თარიღის დადასტურებისას შესაძლებელი იყო დაკისრებოდა ვალდებულება ზედმეტად მიღებული თანხების სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნების თაობაზე. ა.ა-ის მოთხოვნა პენსიის განახლება (დანიშვნის) თაობაზე არ დაკმაყოფილდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 20.04.2023წ. გადაწყვეტილებით, რაც მოსარჩელემ ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 14.06.2023წ. გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ამდენად, ა.ა-იმა მოითხოვა მისთვის სახელმწიფო გასაცემლის - სახელმწიფო პენსიის შეწყვეტის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის ტერიტორიული ერთეულის 2023 წლის 29 მარტის №2023/1-334551 გადაწყვეტილების, პენსიის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნების მოთხოვნის თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 30 მარტის SSA 7 23 00336007 გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 14 ივნისის SSA 7 23 00623927 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის ა.ა-ისათვის შეწყვეტილი პენსიის 2023 წლის 1 აპრილიდან აღდგენის თაობაზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა.ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ... ტერიტორიული ერთეულის 2023 წლის 29 მარტის №2023/1-334551 გადაწყვეტილება ა.ა-ისათვის სახელმწიფო გასაცემლის - სახელმწიფო პენსიის შეწყვეტის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 30 მარტის SSA 7 23 00336007 გადაწყვეტილება მიღებული პენსიის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნების თაობაზე; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 14 ივნისის SSA 7 23 00623927 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ა.ა-ისათვის შეწყვეტილი პენსიის 2023 წლის 1 აპრილიდან აღდგენის თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ... ტერიტორიული ერთეულის 2019 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა.ა-ის დაენიშნა სახელმწიფო პენსია 2020 წლის იანვრიდან. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის 2023 წლის 3 აპრილის MIA 7 23 00938890 წერილით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ... სერვის ცენტრს ეცნობა, რომ ა.ა-ი მუშაობს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, სადაც დასაქმებულია 2018 წლის 13 თებერვლიდან და შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა განსაზღვრული აქვს 2023 წლის 1 ივლისამდე. ამავე წერილის დანართში მითითებულია, რომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია არის სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო და საარქივო დაწესებულება.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ... ტერიტორიული ერთეულის 2023 წლის 29 მარტის №2023/1-334551 გადაწყვეტილებით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში განხორციელებული საჯარო საქმიანობის გამო ა.ა-ის სახელმწიფო პენსია შეუწყდა 2023 წლის 1 აპრილიდან.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2023 წლის 30 მარტის SSA 7 23 00336007 წერილით, ა.ა-ის განესაზღვრა ვადა საჯარო საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის წარმოსადგენად, მასვე განემარტა, რომ შესაძლებელია დაკისრებოდა საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში ზედმეტად მიღებული სახელმწიფო გასაცემლ(ებ)ის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნების ვალდებულება.
2023 წლის 12 აპრილს, ა.ა-იმა განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა მისთვის შეწყვეტილი სახელმწიფო კომპენსაციის (პენსიის) განახლება. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ... ტერიტორიული ერთეულის 2023 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით, ა.ა-ის უარი ეთქვა სახელმწიფო პენსიის გაცემის აღდგენაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში განხორციელებული საჯარო საქმიანობის საფუძვლით. 2023 წლის 5 მაისს, ა.ა-იმა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა მის მიმართ პენსიის შეზღუდვის/შეწყვეტის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით ა.ა-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც არეგულირებს პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტისა და პენსიის მიღების ზოგად პრინციპებს. სასამართლომ მიუთითა "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის "გ" ქვეპუნქტზე, "სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ" საქართველოს კანონის პირველ, მე-7, მე-9 მუხლებზე, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 24 დეკემბრის N975 ბრძანებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წესდების მე-2, მე-20, 25-ე მუხლებზე.
საქალაქო სასამართლომ მოიხმო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 თებერვლის Nბს-1214(კ-21) განჩინება, რომელშიც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ პირის საჯარო სამსახურში დასაქმება ავტომატურად არ გულისხმობს მის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელებას. პირის საჯარო საქმიანობის განმახორციელებელ სუბიექტად კვალიფიკაცია საჭიროებს საკითხის კუმულაციურ შეფასებას, კერძოდ, საჯარო სამსახურში დასაქმებული პირის სტატუსის, მისი თანამდებობის, მისთვის შრომითი ურთიერთობის ფარგლებში დაკისრებული ფუნქციების ხასიათისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების ერთიან გამორკვევას (მსგავსი კატეგორიის დავაზე სუსგ 23.01.2020წ. Nბს-1510(კ-18)). საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილებით განმარტებულია, რომ პირის საჯარო სამსახურში დასაქმება ავტომატურად არ გულისხმობს მის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელებას. თითოეული სსიპ-ისა და თავად დასაქმებული პირის ფუნქციური დანიშნულებიდან გამომდინარე, უნდა შეფასდეს პირის საქმიანობის ხასიათი მისი საჯარო საქმიანობად მიჩნევის მიზნებისთვის.
საქალაქო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის 2023 წლის 3 აპრილის MIA 7 23 00938890 წერილზე, რომლითაც დგინდება, რომ ა.ა-ი განსაზღვრულ ვადიანი შრომითი ხელშეკრულების (13.02.2018 წლიდან-1.07.2023 წლამდე) მუშაობს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში. ამავე წერილის თანახმად, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია არის სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო და საარქივო დაწესებულება. საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის საქმიანობა არ წარმოადგენს საჯარო საქმიანობას, რადგან ა.ა-ი დასაქმებულია შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე და ამზადებს მსმენელთათვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ...ას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს არ ეზღუდება უფლება, მიიღოს სახელმწიფო პენსია კანონით დადგენილი წესით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 მაისის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, რომ ა.ა-ის სახელმწიფო პენსია დანიშნული აქვს 2020 წლის 1 იანვრიდან, რომელიც საჯარო საქმიანობის განხორციელების გამო შეუწყდა 2023 წლის 1 აპრილიდან. პენსიის დანიშვნის დროისათვის, ა.ა-იმა შეავსო სპეციალური ფორმის განაცხადი, რომლის სავალდებულო რეკვიზიტში მოსარჩელემ მიუთითა, რომ არ ახორციელებდა საჯარო საქმიანობას. შესაბამისად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა მიიღეს გადაწყვეტილება ა.ა-ისთვის 2020 წლის 1 იანვრიდან პენსიის დანიშვნის თაობაზე. მოსარჩელე ვალდებული იყო სწორად მიეთითებინა ინფორმაცია, რაც მას არ განუხორციელებია. "სახელმწიფო პენსიის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში.
კასატორი ასევე მიუთითებს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საჯარო საქმიანობა განმარტებულია შემდეგნაირად: „საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, სკოლამდელი აღზრდის, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა.
კასატორის მითითებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდულ პირში დასაქმებული პირების სახელმწიფო გასაცემლებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, სააგენტომ შეისწავლა აკადემიის, როგორც საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი და ორგანიზაციულ-სამართლებრივი მოწყობის საკითხები. „სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია პირის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ან/და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მომავალი პროფესიული საქმიანობისათვის მომზადება. აღნიშნული კანონის თანახმად, სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიეკუთვნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია (შემდგომში აკადემია). მოქმედი კანონმდებლობით, საჯარო საქმიანობის განმახორიციელებელ, შეღავათიანი პირობებით მოსარგებლე დაწესებულებების ჩამონათვალში მითითებულია „პროფესიული“ საგანმანათლებლო დაწესებულება. კასატორის მოსაზრებით, სსიპ საქართველოს შსს აკადემია, რომელიც ახორციელებს სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით სწავლებას და უზრუნველყოფს სპეციალური პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ორგანიზებას, არ უნდა იქნეს განხილული პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებად, რომელიც ისარგებლებს საჯარო საქმიანობასთან დაკავშირებული შეღავათიანი პირობებით.
კასატორი აღნიშნავს, რომ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში (სსიპ) დასაქმებულ პირთა სახელმწიფო გასაცემლების სწორი ადმინისტრირების მიზნით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ მიმართა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რათა მათთვის მიეწოდებინათ სრული ჩამონათვალი იმ დაწესებულებებისა, რომლებიც განეკუთვნებიან სამეცნიერო-კვლევით, სკოლა-პანსიონებს, პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს. ზემოაღნიშნული წერილის პასუხად, სამინისტროდან წარმოდგენილ საჯარო სამართლის იურიდიული პირების ჩამონათვალში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია დასახელებული არ არის.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ა.ა-ისთვის სახელმწიფო გასაცემლის - სახელმწიფო პენსიის შეწყვეტის, მიღებული პენსიის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნების მოთხოვნის, მისი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის ა.ა-ის მიმართ შეწყვეტილი პენსიის 2023 წლის 1 აპრილიდან აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ა.ა-ი დაიბადა ... წლის ... ...ს. მას სახელმწიფო პენსია დანიშნული ჰქონდა ზღვრული ასაკის მიღწევის გამო (2020 წლის 1 იანვრიდან), რომელიც შეუწყდა 2023 წლის 1 აპრილიდან.
სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის 2023 წლის 3 აპრილის MIA 7 23 00938890 წერილით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ... სერვის ცენტრს ეცნობა, რომ ა.ა-ი მუშაობს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, დასაქმებულია 2018 წლის 13 თებერვლიდან და შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა განსაზღვრული აქვს 2023 წლის 1 ივლისამდე. ამავე წერილის დანართში მითითებულია, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია არის სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო და საარქივო დაწესებულება.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2023 წლის 30 მარტის SSA 7 23 00336007 წერილით, ა.ა-ის განესაზღვრა წერილის ჩაბარებიდან 30 დღე, რათა მიემართა სააგენტოს ტერიტორიული ორგანოსათვის (...) და წარედგინა ინფორმაცია (დოკუმენტაცია) საჯარო საქმიანობასთან დაკავშირებით. მას ასევე განემარტა, რომ საჯარო საქმიანობის დაწყება/დასრულების თარიღის დადასტურების შემდეგ, შესაძლებელი იყო დაკისრებოდა საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში ზედმეტად მიღებული სახელმწიფო გასაცემლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნების ვალდებულება.
2023 წლის 12 აპრილს ა.ა-იმა განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა მისთვის შეწყვეტილი სახელმწიფო გასაცემლის აღდგენა.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 19 აპრილს SSA 4 23 00411046 წერილით, ა.ა-ის ეცნობა, რომ მის მიერ დამსაქმებლისგან წარმოდგენილი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების მიხედვით, აკადემიის სტატუსი განსაზღვრულია, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო და საარქივო დაწესებულება, რომელში საქმიანობა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით მიჩნეულია საჯარო საქმიანობად.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2023 წლის 22 მაისის SSA 5 23 00534618 წერილის თანახმად, საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში, ზედმეტად მიღებული სახელმწიფო გასაცემლის თანხა, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე 2021 წლის 9 ივნისის №609-IVმს-Xმპ საქართველოს კანონის (ზედმეტად გაცემული პენსიის ლეგალიზაცია) გათვალისწინებით შეადგენს 6165 ლარს.
5.05.2023წ. ა.ა-იმა პენსიის შეზღუდვის/შეწყვეტის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება ადმინისტრაციული საჩივრით მოითხოვა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 14 ივნისის SSA 7 23 00623927 გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს ხანდაზმულ მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზაცია და სახელმწიფო პენსიის დაწესება არსებული რესურსების ფარგლებში.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის, მამაკაცებისათვის - 65 წლის ასაკის მიღწევა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. ზემოაღნიშნული კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, პენსია შეწყდება საჯარო საქმიანობის განხორციელების მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პენსიის შეწყვეტის ერთ-ერთი წყაროა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ წარმოებულ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაცია, რომელიც ავტომატურ რეჟიმში მიეწოდება კომპეტენტურ ორგანოს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საპენსიო ასაკის პირისთვის პენსიის უფლების წარმოშობის ან წარმოშობილი უფლების შეწყვეტის დამაბრკოლებელ გარემოებას წარმოადგენს პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელება.
საჯარო საქმიანობის ცნებას განსაზღვრავს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 4.1 მუხლის "გ" ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, საჯარო საქმიანობა არის სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა), განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც საჯარო საქმიანობას მიეკუთვნება, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებელმა გამონაკლისი დაუშვა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებულ პირებზე განურჩევლად საქმიანობის შინაარსისა, რათა სტიმული მიეცა და წაეხალისებინა მათი საქმიანობა.
განსახილველი დავის ფარგლებში არსებითი მნიშვნელობისაა რამდენად წარმოადგენს ა.ა-ის მიერ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში განხორციელებული საქმიანობა საჯარო სამსახურს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ა.ა-ი სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში 2018 წლის 13 თებერვლიდან დასაქმებული იყო შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე. მოსარჩელისთვის დანიშნული პენსიის შეწყვეტა სწორედ ზემოაღნიშნულ დაწესებულებაში მუშაობამ განაპირობა. მოცემულ შემთხვევაში არსებითია სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 24 დეკემბრის №975 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წესდების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აკადემია არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო და საარქივო დაწესებულება. ამავე წესდების მე-5 მუხლის თანახმად, აკადემიის საქმიანობის საგანია: ბ) სპეციალური პროფესიული განათლებით სპეციალისტების მომზადება როგორც სამინისტროსათვის, ისე სხვა გასამხედროებული დაწესებულებებისათვის და აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულებათა, ასევე პოლიციის სისტემის კადრების მომზადება, გადამზადება და მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლება; გ) ხელშეკრულების საფუძველზე სპეციალისტთა მოსამზადებლად შესაბამისი სასწავლო კურსების ორგანიზება ან/და ტესტირება; დ) საარქივო საქმიანობა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საარქივო საქმისა და საქმისწარმოების დარგში, საერთაშორისო კავშირების დამყარება და განვითარება, პროფილური საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობაში მონაწილეობა; ე) საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა; ვ) საგამომცემლო საქმიანობა; ზ) საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პროცესში შექმნილი პროდუქციის რეალიზება; თ) სამეცნიერო-კვლევითი და ლაბორატორიული საქმიანობის პროცესში შექმნილი პროდუქციის (გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის) წარმოება და რეალიზება; ი) დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობა ამ წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში; ი1) სწავლების ხარისხის უზრუნველყოფა; კ) შესაბამისი კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან/და ამ წესდებით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა, თუ შესაბამისი კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
"პროფესიული განათლების შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის "ღ" პუნქტის თანახმად, საგანმანათლებლო დაწესებულება არის საბაზო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლებამოსილების მქონე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, ნებისმიერი სახის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამისა და პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლებამოსილების მქონე კოლეჯი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.
"სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია მოაწესრიგოს საქართველოში სპეციალური პროფესიული განათლების განხორციელების პროცესი, დაადგინოს სპეციალური პროფესიული განათლების მიღების წესი და განსაზღვროს სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სპეციალური პროფესიული განათლება არის განათლება, რომლის მიზანია პირის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ან/და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მომავალი პროფესიული საქმიანობისთვის მომზადება; ე) სპეციალური პროფესიული მომზადება − სწავლების პროცესი, რომლის მიზანია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ან/და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ძირეული სპეციალური პროფესიული ცოდნის შეძენა და უნარ-ჩვევების გამომუშავება; ვ) გადამზადება – სწავლების პროცესი, რომლის მიზანია ადრე მიღებული ცოდნისაგან განსხვავებული სპეციალური პროფესიული ცოდნის შეძენა და უნარ-ჩვევების გამომუშავება, რაც განპირობებულია სპეციალური პროფესიული საქმიანობის სპეციფიკის შეცვლის აუცილებლობით; ზ) კვალიფიკაციის ამაღლება – სწავლების პროცესი, რომლის მიზანია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ან/და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სპეციალური პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირის მიერ დამატებითი სპეციალური პროფესიული ცოდნის შეძენა და უნარ-ჩვევების დახვეწა.
ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებაა: ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია (შემდგომ − აკადემია). ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, აკადემია, სააგენტო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დანაყოფი/დაწესებულება, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დანაყოფი/დაწესებულება: ა) ახორციელებს სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით სწავლებას; ბ) პროფესიული განვითარების, სპეციალური პროფესიული ცოდნის შეძენისა და უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და დახვეწის მიზნით ახორციელებს გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებით სწავლებას; გ) ხელშეკრულების საფუძველზე უზრუნველყოფს სპეციალური პროფესიული მომზადებისა და გადამზადების შესაბამისი სასწავლო კურსების ორგანიზებასა და განხორციელებას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ "სახელმწიფო პენსიის შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის "გ" ქვეპუნქტი საჯარო საქმიანობის განხორციელებად ერთმნიშვნელოვნად არ მიიჩნევს პროფესიულ დაწესებულებაში მუშაობას. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია მისი წესდებიდან გამომდინარე სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო და საარქივო დაწესებულებაა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ნორმის განმარტებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს მოწესრიგების მიზანი, ნორმა უნდა განიმარტოს სხვა ნორმებთან კავშირში და არა იზოლირებულად, იმისათვის რათა მიღწეულ იქნას მისი რეალური შინაარსის სრულად წვდომის მიზანი. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ სახელმწიფო პენსიის გაცემის ადმინისტრირების მიზნებისათვის, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის "გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმება, საშეღავათო პირობებით მოსარგებლე დაწესებულებების ერთიან საგანმანათლებლო სისტემაში მოიაზრებს, როგორც „სპეციალურ პროფესიულ“, ასევე „პროფესიულ საგანმანათლებლო“ დაწესებულებებს.
ამ მხრივ ასევე საყურადღებოა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის 2023 წლის 3 აპრილის MIA 7 23 00938890 წერილით დადასტურებულია, რომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია არის სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო და საარქივო დაწესებულება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია, მისი წესდებით განსაზღვრული საქმიანობის სფეროს, ამოცანებისა და ფუნქციებიდან გამომდინარე ეწევა საგანმანათლებლო, სააღმზრდელო, სამეცნიერო, სამეცნიერო-კვლევით, საგამომცემლო, საარქივო საქმიანობას. ამდენად, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში განხორციელებულ საქმიანობაზე უნდა გავრცელდეს "სახელმწიფო პენსიის შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი გამონაკლისი. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა დასკვნას, რომ არ არსებობდა ა.ა-ისთვის პენსიის შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან მისი სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში მუშაობა, არ წარმოადგენს საჯარო საქმიანობას. ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ სადავო აქტების ბათილად ცნობას და მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 მაისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა