Facebook Twitter

საქმე #ბს-983(გ-24) 21 ნოემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

მოსარჩელე – ნ. ბ-ი

მოპასუხეები – 1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო; 2. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შიდა ქართლის სამოქალაქო რეესტრის სამსახური

დავის საგანი – სასამართლოთა შორის განსჯადობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2024 წლის 21 აგვისტოს ნ. ბ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურისა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შიდა ქართლის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიმართ.

სარჩელისა და თანდართული საბუთების ასლების თანახმად, ნ. ბ-ი დაიბადა ... წლის ...ს ქალაქ თბილისში, რაზეც იმავე წლის ...ს მოხდა დაბადების ფაქტის რეგისტრაცია. ამ სააქტო ჩანაწერსა და დაბადების მოწმობაში მის გვარად თავდაპირველად მიეთითა ბ-ი, თუმცა შემდეგ დაბადების მოწმობაში მისი გვარი გადახაზულია და მითითებულია კ-ი.

იმავე წლის ...ს კასპის რაიონის სოფელ ...ს სასოფლო საბჭოში განმეორებით მოხდა მისი დაბადების ფაქტის რეგისტრაცია, სადაც მის გვარად მიეთითა ბ-ი.

მოსარჩელის სახელზე გაცემული ყველა საბუთი, მათ შორის, პირადობის მოწმობა, ნაწარმოებია ბ-ის გვარზე, რასაც საფუძვლად დაედო კასპის რაიონის სოფელ ...ს სასოფლო საბჭოს მიერ გაცემული დაბადების სააქტო ჩანაწერი. მას შემდეგ, რაც ადრე მოქმედი პირადობის მოწმობების მოქმედების ვადა ამოიწურა, საჭირო გახდა ახალი, ელექტრონული პირადობის მოწმობის აღება. გაირკვა, რომ მის სახელზე არსებობდა დაბადების ორი სააქტო ჩანაწერი, საიდანაც ერთ-ერთი ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი.

ნ. ბ-იმა მოითხოვა, რომ ბათილად ყოფილიყო ცნობილი თბილისის მმაჩის ბიუროს მიერ განხორციელებული ჩანაწერი და ძალაში დარჩენილიყო კასპის რაიონის სოფელ ...ს სასოფლო საბჭოს ჩანაწერი, თუმცა თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2024 წლის 10 ივნისის #001224090827/01 და შიდა ქართლის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2024 წლის 14 ივნისის #067124012829 გადაწყვეტილებებით საპირისპირო შედეგი იქნა მიღებული: ბათილად იქნა ცნობილი კასპის რაიონის სოფელ ...ს სასოფლო საბჭოს სააქტო ჩანაწერი და ძალაში დარჩა თბილისის მმაჩის ბიუროს ჩანაწერი. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2024 წლის 12 ივლისის #01/181638/გ გადაწყვეტილებით კი ნ. ბ-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ორივე გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

ამდენად, მოსარჩელემ (1) სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2024 წლის 10 ივნისის #001224090827/01 გადაწყვეტილების, (2) სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შიდა ქართლის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2024 წლის 14 ივნისის #067124012829 გადაწყვეტილებისა და (3) სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2024 წლის 12 ივლისის #01/181638/გ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე, (4) ნ. ბ-ის სახელზე კასპის რაიონის ...ს სასოფლო საბჭოს მიერ ... წლის ...ს რეგისტრირებული დაბადების აქტის #36 ჩანაწერი ძალაში დატოვება და (5) სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურისათვის თბილისის, ლენინის რაიონის მმაჩის განყოფილების მიერ ... წლის ...ს გაცემული დაბადების სააქტო ჩანაწერის ბათილად ცნობის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

ამავე სარჩელით მოსარჩელემ დროებითი განჩინების მიღებით ნ. ბ-ის სახელზე პირადობის მოწმობის გაცემის თაობაზე იშუამდგომლა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 23 აგვისტოს განჩინებით ნ. ბ-ის შუამდგომლობა დროებითი განჩინების მიღების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 23 აგვისტოს განჩინებით ნ. ბ-ის სარჩელი მოპასუხეების - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიმართ, შემდეგი სასარჩელო მოთხოვნით: (1) გაუქმდეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2024 წლის 10 ივნისის #001224090827/01 გადაწყვეტილება; გაუქმდეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2024 წლის 12 ივლისის #01/181638/გ გადაწყვეტილება, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2024 წლის 10 ივნისის #001224090827/01 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში; დაევალოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოხდება თბილისის, ლენინის რაიონის მმაჩის განყოფილების მიერ ... წლის ...ს გაცემული დაბადების სააქტო ჩანაწერის ბათილად ცნობა, მიღებულ იქნა სასამართლო წარმოებაში და იმ ეტაპზე ცნობილ იქნა დასაშვებად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 23 აგვისტოს განჩინებით მოცემული ადმინისტრაციული საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო ნ. ბ-ის სასარჩელო მოთხოვნები - (1) გაუქმდეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შიდა ქართლის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2024 წლის 14 ივნისის #067124012829 გადაწყვეტილება; (2) გაუქმდეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2024 წლის 12 ივლისის #01/181638/გ გადაწყვეტილება, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შიდა ქართლის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2024 წლის 14 ივნისის #067124012829 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში; (3) ძალაში დარჩეს ნ. ბ-ის სახელზე კასპის რაიონის ...ს სასოფლო საბჭოს მიერ ... წლის ...ს რეგისტრირებული დაბადების აქტის #36 ჩანაწერი - მოპასუხეების - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შიდა ქართლის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიმართ; ნ. ბ-ის სარჩელი ზემოაღნიშნული სასარჩელო მოთხოვნების ნაწილში განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა გორის რაიონულ სასამართლოს.

სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სასარჩელო განცხადების მიმღებ მოსამართლეს შეუძლია გაერთიანებული მოთხოვნებიდან ცალკე წარმოებად გამოყოს ერთი ან რამდენიმე მოთხოვნა, თუ ცნობს, რომ მოთხოვნათა განცალკევებული გარჩევა უფრო მიზანშეწონილია. ამავე კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. არასასარჩელო წარმოების დროს განსჯადობა განისაზღვრება იმ პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია განცხადება (საჩივარი).

ამდენად, სასამართლომ განმარტა, რომ საერთო წესის მიხედვით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ტერიტორიული იურისდიქცია ეკუთვნის იმ სასამართლოს, რომლის მოქმედების ტერიტორიაზეც განლაგებულია ადმინისტრაციული ორგანო.

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, საჭირო იყო მოთხოვნათა განცალკევება, რამდენადაც სარჩელი ზემოთ მითითებულ მოთხოვნათა ნაწილში უნდა განხილილიყო სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შიდა ქართლის სარეგისტრაციო სამსახურის ადგილმდებარეობის მიხედვით, ვინაიდან დავა არსებითად უკავშირდება აღნიშნული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებას.

სასამართლომ მიუთითა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლზე, რომლის თანახმად, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადობა, ასევე მაგისტრატი მოსამართლის განსჯადობა განისაზღვრება კანონით.

სასამართლომ მიუთითა „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 16 ივნისის #3 დადგენილების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, გორის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა გორისა და კასპის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით, აგრეთვე „დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2007 წლის 8 მაისის #4735 დადგენილებით შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის (გარდა ახალგორისა და თიღვის მუნიციპალიტეტებისა) ტერიტორიით.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა გადაგზავნოდა გორის რაიონულ სასამართლოს.

გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 6 სექტემბრის განჩინებით მოცემული საქმე სასამართლოს ტერიტორიული განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

რაიონულმა სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. იმავე კოდექსის მე-20 მუხლის მიხედვით, სასამართლოს არჩევის უფლება, თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია, ეკუთვნის მოსარჩელეს.

რაიონულმა სასმართლომ ყურადღება გაამახვილა საქმის მასალებით დადგენილ გარემოებაზე, რომ ნ. ბ-ი სადავოდ ხდის როგორც სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შიდა ქართლის, ასევე, თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ეხება ერთსა და იმავე დავის საგანს - ნ. ბ-ის დაბადების შესახებ თბილისის მმაჩის ბიუროსა და კასპის რაიონის სოფელ ...ს სასოფლო საბჭოს სააქტო ჩანაწერის კანონიერებას.

რაიონულმა სასამართლომ მიუთითა „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, ერთი და იმავე პირის მიმართ დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების მრავალჯერადი რეგისტრაციის გამო, მათ შორის, ამ კანონის ამოქმედებამდე დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების აღდგენის შედეგად, შესაბამისი სამოქალაქო აქტის რამდენიმე ჩანაწერის არსებობის შემთხვევაში სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია, სამოქალაქო აქტის ერთ-ერთი ჩანაწერი ბათილად ცნოს დაინტერესებული პირის განცხადებით ან საკუთარი ინიციატივით.

რაიონული სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული აქტებით ძალაში დარჩა თბილისის მმაჩის ბიუროს მიერ განხორციელებული ჩანაწერი და ბათილად იქნა ცნობილი კასპის რაიონის სოფელ ...ს სასოფლო საბჭოს ჩანაწერი; ორივე აქტის ადრესატს წარმოადგენდა ერთი პირი - ნ. ბ-ი.

რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი კანონიერად მიიჩნევა გადაწყვეტილება თბილისის მმაჩის ბიუროს ჩანაწერის ძალაში დატოვებასთან დაკავშირებით, მაშინ, ავტომატურად, კანონიერია კასპის რაიონის სოფელ ...ს სასოფლო საბჭოს ჩანაწერის შესახებ შიდა ქართლის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, და, პირიქით: თუკი უკანონოა თბილისის მმაჩის ბიუროს ჩანაწერის ძალაში დატოვებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, უკანონოა კასპის რაიონის სოფელ ...ს სასოფლო საბჭოს ჩანაწერის შესახებ შიდა ქართლის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ამ ჩანაწერის ბათილად ცნობის შესახებ.

რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ იგი ვერ იდავებდა სასარჩელო მოთხოვნების ცალკე გამოყოფის დასაბუთებასთან დაკავშირებით, თუმცა აღნიშნა, რომ საკითხის ამგვარმა გადაწყვეტამ გამოყოფილ მოთხოვნებთან მიმართებით განაპირობა განსჯადი სასამართლოს არასწორი განსაზღვრა.

რაიონული სასამართლოს შეფასებით, შიდა ქართლის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2024 წლის 14 ივნისის #067124012829 გადაწყვეტილებისა და ამ ნაწილში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2024 წლის 12 ივლისის #01/181638/გ გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება პირდაპირ და უშუალო კავშირშია თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2024 წლის 10 ივნისის #001224090827/01 გადაწყვეტილებისა და ამ ნაწილში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2024 წლის 12 ივლისის #01/181638/გ გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებასთან, და მათი ცალ-ცალკე განხილვა ვერ მოხდება.

იმ შემთხვევაში, თუკი გორის რაიონული სასამართლო მიიჩნევა გამოყოფილი სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში განსჯად სასამართლოდ, მაშინ, რაიონული სასამართლოს მოსაზრებით, უნდა მოხდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში დარჩენილი საქმის გამოთხოვა საქმეთა გაერთიანების მიზნით. ამგვარი გადაწყვეტით კი არსებითად დაირღვევა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის დანაწესი: დავა რამდენიმე (ამ შემთხვევაში თბილისის საქალაქო და გორის რაიონული) სასამართლოს განსჯადია (რომლის არჩევის უფლება ეკუთვნის მოსარჩელეს), მოსარჩელემ აირჩია თბილისის საქალაქო სასამართლო, და მოთხოვნის ცალკე გამოყოფა-განსჯადობით გადაგზავნის გამო, საქმე გახდება რაიონული სასამართლოს განსჯადი, რაც მოსარჩელეს არ აურჩევია.

გორის რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში განსჯადობა უნდა გადაწყდეს ორივე მოთხოვნასთან მიმართებით ერთნაირად: შიდა ქართლის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2024 წლის 14 ივნისის #067124012829, თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2024 წლის 10 ივნისის #001224090827/01 და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2024 წლის 12 ივლისის #01/181638/გ გადაწყვეტილებების კანონიერება უნდა შემოწმდეს ერთდროულად, ერთი სამართალწარმოების ფარგლებში, რამდენადაც ეს მოთხოვნები პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, თუკი ნ. ბ-ის ერთ-ერთი მოთხოვნა თბილისის საქალაქო სასამართლოს განსჯადია, მისივე განსჯადია ურთიერთგანმაპირობებელი და პირდაპირ კავშირში მყოფი მეორე მოთხოვნაც.

რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი გამოყოფილი მოთხოვნა დარჩება სხვა სასამართლოს წარმოებაში, მაშინ ერთ-ერთ მოთხოვნაზე საქმის წარმოება უნდა შეჩერდეს, რადგან ერთი აქტის კანონიერად თუ უკანონოდ მიჩნევა ნიშნავს მეორე აქტის კანონიერება-უკანონობას. აქედან გამომდინარე კი, ორივე სასამართლოს თანაბრად აქვს თავის წარმოებაში არსებული საქმის წარმოების შეჩერების საფუძველი იქამდე, ვიდრე არ იქნება სხვა სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმე დამთავრებული, და შესაძლოა, ორივე სასამართლომ შეაჩეროს საქმის წარმოება.

რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, გამოყოფილ მოთხოვნასთან მიმართებებითაც განსჯადი სასამართლო თბილისის საქალაქო სასამართლოა, მოსარჩელის არჩევანის გამო. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახეზე იქნება საქმის წარმოების შეჩერების საფუძველი თბილისის ან გორის რაიონული სასამართლოს მხრიდან, რადგან შესაძლებელია ნ. ბ-ის დაბადების რეგისტრაციის ფაქტის კანონიერებასთან დაკავშირებით, ერთსა და იმავე საკითხზე, ორი ურთიერთგამომრიცხავი გადაწყვეტილების მიღება.

რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ნ. ბ-ის სარჩელთან დაკავშირებით განსჯადობისათვის განმსაზღვრელია არა სადავო აქტების გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოების ადგილსამყოფელი, არამედ ერთი დავის საგანი: შიდა ქართლისა და თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურების სადავო გადაწყვეტილებები უკავშირდება ნ. ბ-ის დაბადების რეგისტრაციის კანონიერებას და ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია. ერთ სარჩელში გაერთიანებული რამდენიმე მოთხოვნის განსჯადობის განსაზღვრისას, თუკი მხოლოდ გასაჩივრებული აქტების გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოების ადგილსამყოფელია განმსაზღვრელი და არა ერთი დავის საგანი, მაშინ ყველა სასარჩელო მოთხოვნა, რაც შეეხება ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, უნდა გამოიყოს ცალკე წარმოებად და გადაეგზავნოს სასამართლოს ამ ადმინისტრაციული ორგანოების ადგილსამყოფლის მიხედვით.

აღნიშნულის გათვალისწინებით, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ გამოყოფილი მოთხოვნის განხილვაზე ტერიტორიულად განსჯადს წარმოადგენდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია, რამდენადაც ერთი მოთხოვნის ცალკე გამოყოფით და სხვა სასამართლოში გადაგზავნით მოხდა ერთი და იმავე შინაარსის დავის საგნის ორი სასამართლოსადმი დაქვემდებარება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და გორის რაიონული სასამართლოს განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ნ. ბ-ის სარჩელიდან გამოყოფილი სასარჩელო მოთხოვნები მოპასუხეების - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შიდა ქართლის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიმართ, განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია კანონიერ სასამართლოზე ადამიანის უფლებას სამართლიანი სასამართლოს ძირითადი უფლების შემადგენელ ნაწილად მოიაზრებს (მე-6 მუხ.). კანონიერი სასამართლოს უფლება კი სასამართლოს განსჯადობის ზუსტ განსაზღვრას მოითხოვს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გორის რაიონულმა სასამართლომ არსებითად სწორად განსაზღვრა გამოყოფილ ნაწილში ნ. ბ-ის სარჩელის განსჯადობის საკითხი და მართებულად მიიჩნია საქმე ამ ნაწილშიც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯად ადმინისტრაციულ დავად.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება არა საგნობრივი, არამედ ტერიტორიული განსჯადობის საკითხს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3 მუხლით გათვალისწინებული სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის დაშვება ითვალისწინებს სასამართლოებს შორის დავას არა მხოლოდ საგნობრივი, არამედ ტერიტორიული განსჯადობის საკითხზე.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია ტერიტორიული განსჯადობის საერთო წესი, რომლის თანახმად, სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით.

საკასაციო სასამართლოს არაერთგზის აღუნიშნავს, რომ ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებზე ტერიტორიული განსჯადობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ადმინისტრაციული ორგანოს ტერიტორიულ განსჯადობაზე, რომლის მიხედვით, კონკრეტულ ტერიტორიაზე სამართალურთიერთობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ის ადმინისტრაციული ორგანო, რომლის ტერიტორიულ საზღვრებშიც არსებობს სამართლებრივი ურთიერთობა. სარჩელის სათანადო კავშირი ტერიტორიასთან უნდა დადგინდეს სარჩელის წარდგენის მომენტისთვის. ტერიტორიული განსჯადობის არსი მდგომარეობს პრინციპში, რომლის მიხედვით, მოსარჩელე მიმართავს მოპასუხის სასამართლოს. საერთო წესის თანახმად, სარჩელი წარდგენილ უნდა იქნეს მოპასუხის - ადმინისტრაციული ორგანოს ადგილმდებარეობის მიხედვით (სსსკ-ის მე-15 მუხლი). ამდენად, საერთო წესის მიხედვით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ტერიტორიული იურისდიქცია ეკუთვნის იმ სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც განლაგებულია ადმინისტრაციული ორგანო (იხ. სუსგ #ბს-160(გ-21), 22.04.2021წ.).

საკასაციო პალატა, უპირველესად, განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირება არსებით მნიშვნელობას იძენს დავის განხილვაზე განსჯადი სასამართლოს განსაზღვრისათვის, რამდენადაც განსჯადი სასამართლოს დადგენა სწორედ სარჩელის ზუსტ, მოსარჩელის მიზნის შესაბამის განსაზღვრულობას უკავშირდება. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ასეთ დროს არსებითია, მხედველობაში იქნეს მიღებული მოსარჩელის ინტერესი, მის მიერ დავის ფარგლებში მისაღწევი მიზანი და შესაბამისად, განსჯადობის საკითხის გადაწყვეტა სწორედ ზემოხსენებულ პირობათა გარკვევა-დაზუსტების შემდგომ განხორციელდეს (იხ. სუსგ #ბს-160(გ-21), 22.04.2021წ.).

შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსჯადობის და, მათ შორის, ტერიტორიული განსჯადობის საკითხი არ უნდა გადაწყდეს სასარჩელო მოთხოვნისა და მოსარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესის მხედველობაში მიღების გარეშე, ასევე, იმ მიზნის უგულებელყოფით, რომლის მიღწევასაც მოსარჩელე წარმოდგენილი სარჩელის ფარგლებში ცდილობს. აღნიშნული შეფასება განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს იმ პირობებში, როდესაც სარჩელი წარდგენილია ერთზე მეტი, განსხვავებულ ტერიტორიულ საზღვრებში მყოფი ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ. ასეთ შემთხვევაში, მართალია, მოქმედებს განსჯადობის საერთო (ზოგადი) წესი და სარჩელი წარედგინება მოპასუხის ადგილსამყოფლის მიხედვით, თუმცა მნიშვნელოვანია განსჯადობის წესების დაცულობის საკითხი გადაწყდეს წარდგენილ სასარჩელო მოთხოვნათა ურთიერთკავშირის შეფასებით, იმის განსაზღვრით, თუ რამდენად მიზანშეწონილია მთლიანი სარჩელის ერთი სამართალწარმოების ფარგლებში განხილვა.

ამ კუთხით, საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს ნ. ბ-ის მიერ წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნების მოცულობასა და შინაარსზე. კერძოდ, როგორც გორის რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, იგი სადავოდ ხდის როგორც სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შიდა ქართლის, ასევე, თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ეხება ერთსა და იმავე დავის საგანს - ნ. ბ-ის დაბადების შესახებ თბილისის მმაჩის ბიუროსა და კასპის რაიონის სოფელ ...ს სასოფლო საბჭოს სააქტო ჩანაწერის კანონიერებას.

საკასაციო პალატა მიუთითებს „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, ერთი და იმავე პირის მიმართ დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების მრავალჯერადი რეგისტრაციის გამო, მათ შორის, ამ კანონის ამოქმედებამდე დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების აღდგენის შედეგად, შესაბამისი სამოქალაქო აქტის რამდენიმე ჩანაწერის არსებობის შემთხვევაში სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია, სამოქალაქო აქტის ერთ-ერთი ჩანაწერი ბათილად ცნოს დაინტერესებული პირის განცხადებით ან საკუთარი ინიციატივით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოში ნ. ბ-იმა, ერთი მხრივ, მოითხოვა, თბილისის მმაჩის ბიუროს მიერ განხორციელებული ჩანაწერის ბათილად ცნობა, ხოლო, მეორე მხრივ, კასპის რაიონის სოფელ ...ს სასოფლო საბჭოს ჩანაწერის შენარჩუნება, თუმცა თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2024 წლის 10 ივნისის #001224090827/01 და შიდა ქართლის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2024 წლის 14 ივნისის #067124012829 გადაწყვეტილებებით საპირისპირო შედეგი იქნა მიღებული - ბათილად იქნა ცნობილი კასპის რაიონის სოფელ ...ს სასოფლო საბჭოს სააქტო ჩანაწერი და ძალაში დარჩა თბილისის მმაჩის ბიუროს ჩანაწერი. საგულისხმოა, რომ ორივე აქტი მიემართება ერთსა და იმავე პირს - ნ. ბ-ის. მოსარჩელემ აღნიშნული აქტები გაასაჩივრა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, რომელმაც ორივე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება ერთი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შეამოწმა და ერთი გადაწყვეტილებით (სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2024 წლის 12 ივლისის #01/181638/გ გადაწყვეტილება) უარი უთხრა ნ. ბ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნების ფორმულირების გათვალისწინებით, ყურადსაღებია ისიც, რომ ნ. ბ-ი ადმინისტრაციული სარჩელით ითხოვს ზემოხსენებული აქტების ბათილად ცნობას და კასპის რაიონის სოფელ ...ს სასოფლო საბჭოს სააქტო ჩანაწერის ძალაში დატოვებას.

საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ განსახილველი საკითხი შეეხება ნ. ბ-ის სახელზე ორი დაბადების სააქტო ჩანაწერის არსებობას. გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დგინდება, რომ ნ. კ-ის (ბ-ის) დაბადების #3097 სააქტო ჩანაწერი რეგისტრირებულია ქალაქ თბილისის ნაძალადევის მმაჩის განყოფილების მიერ ... წლის ...ს. სააქტო ჩანაწერის თანახმად, ნ. კ-ი (ბ-ი) დაბადებულია ... წლის ...ს. მისი მშობლები არიან: შ. კ-ი და დ. ბ-ი. დაბადების რეგისტრაციის დროს წარდგენილია #2 სამშობიარო სახლის ცნობა.

ამასთან, ამავე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დგინდება, რომ ნ. ბ-ის დაბადების #36 სააქტო ჩანაწერი რეგისტრირებულია კასპის რაიონის ...ს ს/ს მიერ ... წლის ...ს. სააქტო ჩანაწერის მიხედვით, ნ. ბ-ი დაბადებულია ... წლის ...ს. მისი მშობლები არიან: შ. კ-ი და დ. ბ-ი. დაბადების რეგისტრაციის დროს წარდგენილია ქალაქ თბილისის #2 სამშობიარო სახლის ცნობა.

საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შიდა ქართლის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2024 წლის 14 ივნისის #067124012829 გადაწყვეტილებას, რომელშიც აღნიშნულია, რომ როგორც მოკვლეული მასალების ურთიერთშეჯერების შედეგად იკვეთება, ნ. ბ-ის სახელზე კასპის რაიონის ...ს მიერ ... წლის ...ს დარეგისტრირდა #36 დაბადების სააქტო ჩანაწერი დედის გვარით - ბ-ი. მიუხედავად იმისა, რომ მის სახელზე უკვე იყო დაბადების სააქტო ჩანაწერი რეგისტრირებული მამის გვარით - კ-ი. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ნ. ბ-ი პირადობის მოწმობებს და პასპორტებს ფლობს გვარით ბ-ი, ხოლო გვარით კ-ი დოკუმენტების ფლობის ფაქტო საქმის წარმოებისას არ გამოვლენილა.

ანალოგიური შინაარსის არის გასაჩივრებული მეორე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2024 წლის 10 ივნისის #001224090827/01 გადაწყვეტილება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ დავაზე ერთმანეთს უპირისპირდება განსხვავებული შინაარსის მქონე დაბადების ორი სააქტო ჩანაწერი, რომლებიც შეიცავს მოსარჩელესთან დაკავშირებულ სხვადასხვა გვარსა თუ მონაცემებს. მოსარჩელის იურიდიული ინტერესი ჯერ კიდევ ადმინისტრაციული წარმოების ეტაპიდან უკავშირდება მხოლოდ ერთი მათგანის - კასპის რაიონის სოფელ ...ს სასოფლო საბჭოს ჩანაწერის შენარჩუნებას, რამეთუ მოსარჩელის სახელზე შემდგომში გაცემული ყველა დოკუმენტი სწორედ მითითებულ სააქტო ჩანაწერს ეფუძნება. საკასაციო პალატა საგულისხმოდ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით ურთიერთშეჯერებულია და ერთობლიობაშია შეფასებული მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული დაბადების ორივე სააქტო ჩანაწერი. მოსარჩელის იურიდიული ინტერესისა და სასარჩელო მოთხოვნების ფორმულირების გათვალისწინებით, ასევე, იმის მხედველობაში მიღებით, რომ დაუშვებელია ერთი პირის მიმართ რეგისტრირებული ორივე დაბადების სააქტო ჩანაწერის როგორც გაუქმება, ასევე, ორივე მათგანის შენარჩნება, სადავო საკითხის გადაწყვეტის პროცესში, სასამართლოს უწევს შეაფასოს ორივე სააქტო ჩანაწერის სანდოობა და განსაზღვროს, რომელი მათგანია დაცვისა და შენარჩუნების ღირსი. ხსენებული დასკვნის გაკეთება კი, ცხადია, შეუძლებელია საკითხის სრულყოფილი გამოკვლევის, ორივე სააქტო ჩანაწერთან დაკავშირებული გარემოებების ურთიერთშეჯერებისა და ზოგადად, სადავო საკითხის ირგვლივ ერთობლივი მსჯელობის გარეშე.

როგორც ადმინისტრაციული წარმოების მასალები მოწმობს, შიდა ქართლის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2024 წლის 14 ივნისის #067124012829 გადაწყვეტილებით გაუქმდა კასპის რაიონის სოფელ ...ს სასოფლო საბჭოს ჩანაწერი, ხოლო თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2024 წლის 10 ივნისის #001224090827/01 გადაწყვეტილებით შენარჩუნდა ნ. კ-ის (ბ-ის) სახელზე ... წლის ...ს რეგისტრირებული ქალაქ თბილისის ნაძალადევის მმაჩის განყოფილების დაბადების #3097 სააქტო ჩანაწერი. ორივე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დაეფუძნა იმ გარემოებას, რომ ... წლის ...ს მოსარჩელის სახელზე დაბადების სააქტო ჩანაწერის რეგისტრაციის პირობებში, არ არსებობდა ... წლის ...ს კასპის რაიონის, ...ს მმაჩ-ის განყოფილების მიერ ნ. ბ-ის მონაცემებით დაბადების აქტის #36 ჩანაწერის რეგისტრაციის სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, ორივე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შეფასების პროცესში, სასამართლოს მოუწევს დაადგინოს, რამდენად მართებულად იქნა გაუქმებული კასპის რაიონის, ...ს მმაჩ-ის განყოფილების მიერ ნ. ბ-ის მონაცემებით ... წლის ...ს რეგისტრირებული #36 დაბადების სააქტო ჩანაწერი და რამდენად მართებულად უზრუნველყო ორივე ადმინისტრაციულმა ორგანომ მოსარჩელის სახელზე ... წლის ...ს რეგისტრირებული ქალაქ თბილისის ნაძალადევის მმაჩის განყოფილების დაბადების #3097 სააქტო ჩანაწერის შენარჩუნება. ყოველივე ზემოთქმული კი ადასტურებს, რომ წარდგენილი სასარჩელო მოთხოვნები ურთიერთდაკავშირებულია და წარმოშობილია ერთი სამართლებრივი საკითხის ირგვლივ. აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ერთი სარჩელის ფარგლებში მოქცევაც სწორედ საკითხის ერთობლივ შესწავლა-შეფასებას ემსახურებოდა. ასეთ პირობებში, სარჩელის ორ ნაწილად გახლეჩა და არსობრივად ერთმანეთთან დაკავშირებული სასარჩელო მოთხოვნების პარალელურ რეჟიმში განცალკევებული განხილვა გამოიწვევს სადავო საკითხზე ორი სხვადასხვა სასამართლოს მიერ ერთი და იმავე გარემოების შეფასების დუბლირებას, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს საკითხთან დაკავშირებით ორი განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება და შედეგად, ორივე სააქტო ჩანაწერის შენარჩუნება ან გაუქმება. განსჯადი სასამართლოს ამგვარი დადგენა და სამსჯელო საკითხების ასეთი გადანაწილება გამოიწვევს არა მხოლოდ სასამართლოთა შორის კომპეტენციათა აღრევას, არამედ, ასევე, შეუძლებელს გახდის დაბადების სააქტო ჩანაწერთა სამართლებრივი ბედის ეფექტურად გადაწყვეტას.

შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება გორის რაიონული სასამართლოს დასკვნას, რომ შიდა ქართლის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2024 წლის 14 ივნისის #067124012829 გადაწყვეტილებისა და ამ ნაწილში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2024 წლის 12 ივლისის #01/181638/გ გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება პირდაპირ და უშუალო კავშირშია თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2024 წლის 10 ივნისის #001224090827/01 გადაწყვეტილებისა და ამ ნაწილში სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2024 წლის 12 ივლისის #01/181638/გ გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებასთან, და მათი ცალ-ცალკე განხილვა ვერ მოხდება. რაიონულმა სასამართლომ, ასევე, მართებულად აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი კანონიერად მიიჩნევა გადაწყვეტილება თბილისის მმაჩის ბიუროს ჩანაწერის ძალაში დატოვებასთან დაკავშირებით, მაშინ, ავტომატურად, კანონიერად უნდა იქნეს მიჩნეული კასპის რაიონის სოფელ ...ს სასოფლო საბჭოს ჩანაწერის შესახებ შიდა ქართლის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, და, პირიქით: თუკი უკანონოა თბილისის მმაჩის ბიუროს ჩანაწერის ძალაში დატოვებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, უკანონოა კასპის რაიონის სოფელ ...ს სასოფლო საბჭოს ჩანაწერის შესახებ შიდა ქართლის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ამ ჩანაწერის ბათილად ცნობის შესახებ.

ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ერთი საკითხის ირგვლივ წარმოშობილი დავის ფარგლებში წარდგენილი სარჩელის ორად გახლეჩვის მართებულად მიჩნევა სამომავლოდ აუცილებლად წარმოშობს აღნიშნული საქმეების კვლავ გაერთიანების, ან რომელიმე მათგანზე საქმის წარმოების შეჩერების საჭიროებას, რაც, იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს სასარჩელო მოთხოვნათა ერთი საქმის ფარგლებში ერთობლივი განხილვის ობიექტური შესაძლებლობა, ყოვლად გაუმართლებელი და არაგონივრულია.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოს არჩევის უფლება, თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია, ეკუთვნის მოსარჩელეს. საკასაციო პალატას არაერთგზის აღუნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლი რამდენიმე სასამართლოს განსჯადობის შემთხვევაში არჩევანის უფლებას მოსარჩელეს ანიჭებს, შესაბამისად, თუ სარჩელში დასახელებულია სხვადასხვა სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე მოპასუხე, განსჯადი სასამართლოს განსაზღვრა მოსარჩელის პრეროგატივა და ერთპიროვნული საპროცესო უფლებაა, რასაც იგი განსაზღვრავს სარჩელის წარდგენის დროს, ანუ ირჩევს იმ სასამართლოს, სადაც წარადგენს სარჩელს. ამასთან, მოსარჩელის მიერ არჩეული სასამართლოს შეცვლა სხვა სასამართლოთი დაუშვებელია, როგორც მოპასუხის მოთხოვნით, ისე სასამართლოს ინიციატივით. შესაბამისად, აღნიშნული მუხლი უზრუნველყოფს მოსარჩელის ინტერესების დაცვას (იხ. მაგ. სუსგ #ბს-3(გ-20) 12.02.2020წ.; #ბს-86(გ-20), 18.03.2020წ.; #ბს-241(გ-20), 22.04.2020წ.).

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ რამდენადაც განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებულია როგორც შიდა ქართლის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის, ასევე, თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის გადაწყვეტილებები, იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ სასარჩელო მოთხოვნათა განცალკევებული განხილვა ზემოთგანვითარებული მსჯელობით არაგონივრულად და გაუმართლებლად იქნა მიჩნეული, საკასაციო სასამართლო ეთანხმება გორის რაიონულ სასამართლოს და თვლის, რომ მოსარჩელე სარგებლობდა განსჯადი სასამართლოს არჩევის თავისუფლებით. წარმოდგენილი სარჩელის შინაარსისა და დაყენებული სასარჩელო მოთხოვნების გათვალისწინებით, სახეზე იყო საერთო განსჯადობის წესების მიხედვით თბილისის საქალაქო სასამართლოსა და გორის რაიონულ სასამართლოს შორის ალტერნატიული განსჯადობის შემთხვევა, რაც იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს ანიჭებდა განსჯადი სასამართლოს ერთპიროვნულად არჩევის უფლებას, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას ართმევდა სარჩელის ორად გახლეჩვისა და კონკრეტულ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნათა გორის რაიონული სასამართლოსათვის განსახილველად გადაგზავნის შესაძლებლობას. უფრო კონკრეტულად, მოსარჩელემ აირჩია თბილისის საქალაქო სასამართლო, თუმცა მოთხოვნის ცალკე გამოყოფითა და განსჯადობით გამოყოფილი მოთხოვნების გორის რაიონული სასამართლოსათვის განსახილველად გადაგზავნის გამო, თბილისის საქალაქო სასამართლომ საპროცესო კომპეტენციის არარსებობის პირობებში სარჩელი ნაწილობრივ დაუქვემდებარა იმ სასამართლოს, რომელიც ალტერნატიული განსჯადობის არსებობის პირობებში, მოსარჩელეს არ აურჩევია. აღნიშნულით თბილისის საქალაქო სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლით მოსარჩელისათვის მინიჭებული განსჯადი სასამართლოს არჩევის უფლება.

ამდენად, საკასაციო პალატა ზემოაღნიშნულ მსჯელობაზე დაყრდნობით, თვლის, რომ ნ. ბ-ის სარჩელი სრულად თბილისის საქალაქო სასამართლოს განსჯადი იყო, რის გამოც მას სარჩელი არ უნდა გაეხლიჩა ორ ნაწილად, პირიქით, სრულად უნდა მიეღო იგი წარმოებაში და უზრუნველეყო სადავო საკითხის ერთობლიობაში გადაწყვეტა. მიუხედავად აღნიშნულისა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 აგვისტოს განჩინებით ნ. ბ-ის ადმინისტრაციული საქმიდან გორის რაიონული სასამართლოსათვის განსახილველად გადაგზავნის მიზნით სასარჩელო მოთხოვნები ცალკე წარმოებად იქნა გამოყოფილი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართალია, საქართველოს უზენაეს სასამართლოს განსჯადობის თაობაზე დავის გადაწყვეტის ფარგლებში არ აქვს საქმის გამოყოფასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ განხორციელებულ საპროცესო ღონისძიებაზე ზემოქმედების პროცესუალურ-სამართლებრივი კომპეტენცია, თუმცა რამდენადაც საკასაციო პალატა გამოყოფილ სასარჩელო მოთხოვნათა ნაწილშიც განსჯად სასამართლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიიჩნევს, განსჯადობით საქმის განსახილველად დაქვემდებარების შემდგომ საქალაქო სასამართლომ უნდა მიმართოს სათანადო პროცესუალურ ღონისძიებებს აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნების კვლავ ერთი სამართალწარმოების ფარგლებში მოქცევისა და განსახილველ საქმეზე სადავოდ ქცეული საკითხის ერთიანი განხილვა-შეფასების უზრუნველყოფის მიზნით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ნ. ბ-ის სარჩელი გამოყოფილი სასარჩელო მოთხოვნების ნაწილში განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ბ-ის სარჩელი შემდეგი სასარჩელო მოთხოვნების ნაწილში - (1) გაუქმდეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შიდა ქართლის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2024 წლის 14 ივნისის #067124012829 გადაწყვეტილება; (2) გაუქმდეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2024 წლის 12 ივლისის #01/181638/გ გადაწყვეტილება, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შიდა ქართლის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2024 წლის 14 ივნისის #067124012829 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში; (3) ძალაში დარჩეს ნ. ბ-ის სახელზე კასპის რაიონის ...ს სასოფლო საბჭოს მიერ ... წლის ...ს რეგისტრირებული დაბადების აქტის #36 ჩანაწერი, მოპასუხეების - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შიდა ქართლის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიმართ, განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა