საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-550(კ-24) 20 ნოემბერი, 2024 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ზ.მ-ი
დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალება
სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
ზ.მ-მა 2023 წლის 21 ივლისს სარჩელით მიმართა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის (ამჟამად ...ის რეგიონულ სერვისცენტრის) 2023 წლის 3 თებერვლის № სსა 4 23 00 12 15 89 გადაწყვეტილება; დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის რეგიონულ სერვისცენტრს ზ.მ-ის სასარგებლოდ, სახელმწიფო გასაცემლის (პენსიის) შეწყვეტიდან, 2023 წლის 2 თებერვლიდან სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე პერიოდში, იძულებით განაცდურის ანაზღაურების დაკისრება ყოველთვიურად 277.60 ლარის ოდენობით.
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 01 დეკემბრის გადაწყვეტილებით ზ.მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2023 წლის 03 თებერვლის №სსა 4 23 00121589 გადაწყვეტილება. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 23 ივნისის №სსა 7 23 00661123 გადაწყვეტილება. სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის რეგიონულ სერვისცენტრს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოსარჩელე ზ.მ-ს 2023 წლის 02 თებერვლიდან აღუდგება სახელმწიფო კომპენსაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება ადმინისტრაციულმა ორგანომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 თებერვლის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 01 დეკემბრის გადაწყვეტილება; აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.
კასატორი მიუთითებს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, საჯარო საქმიანობა არის სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა- პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საკასაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, კანონის აღნიშნული ჩანაწერის მიხედვით, მითითებულ მუხლში დასახელებული საგამონაკლისო შემთხვევების გარდა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში დასაქმებული პირები, მუშაობის პერიოდში სახელმწიფო პენსიის მიღების უფლებას ვერ მოიპოვებენ.
კასატორმა მიუთითა ასევე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის 46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესის“ (დანართი 1) მე-18 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, შეწყვეტის საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ, პენსიის დანიშვნაზე გადაწყვეტილება მიიღება ზემოაღნიშნული კანონისა და ამ წესის შესაბამისად, რაც გულისხმობს განცხადებით მომართვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან სახელმწიფო პენსიის დანიშვნას. აღნიშნული კანონი წარმოადგენს სახელმწიფო გასაცემლის ადმინისტრირების სპეციალურ კანონს და ამ კანონის მიზნებისათვის მოცემული განმარტება, პენსიით უზრუნველყოფის უფლების შეზღუდვას ადგენს, როგორც საჯარო მოხელეების მიმართ, ასევე, ყველა იმ პირისათვის, ვინც (გარდა ზემოაღნიშნული ნორმით განსაზღვრული გამონაკლისისა), სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში ეწევა შრომით ანაზღაურებად საქმიანობას. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება, თუ პირი შემოსავალს იღებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან დადებული, არა შრომითი, არამედ სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებით (ნარდობა, ქირავნობა და სხვა) ან საქონლის/მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე.
კასატორის განმარტებით, უშუალოდ სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო არ წარმოადგენს სამუზეუმო დაწესებულების სტატუსის მქონე სუბიექტს, რომელზედაც შესაძლებელია გავრცელდეს საჯარო საქმიანობის განმახორციელებელი პირებისათვის „სახელმწიფო კომპენსაციის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი საშეღავათო პირობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მცხეთის ...ში, ნებისმიერ პოზიციაზე შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის განხორციელების პერიოდში, კანონით დადგენილი პირობებით იზღუდება სახელმწიფო გასაცემლის მიღების უფლება. შესაბამისად, 2023 წლის 1 თებერვლიდან კანონიერად განხორციელდა სახელმწიფო გასაცემლის შეწყვეტა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 მაისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო პალატა მიუთითებს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელისთვის სახელმწიფო კომპენსაციის შეჩერების კანონიერების შემოწმება მისი საჯარო სამსახურში საქმიანობის საფუძვლით.
საკასაციო პალატა თავდაპირველად მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2016 წლის 01 ნოემბრის გადაწყვეტილებით ზ.მ-ს, წელთა ნამსახურობის საფუძვლით, 2016 წლის 01 ნოემბრიდან დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია.
ზ.მ-ი, 2019 წლის 07 ნოემბრიდან დღემდე დასაქმებულია სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ...ის ...ში „...ის“ თანამდებობაზე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2023 წლის 03 თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ზ.მ-ს 2023 წლის 01 თებერვლიდან შეუწყდა სახელმწიფო კომპენსაცია საჯარო საქმიანობის განხორციელების საფუძვლით. 2023 წლის 10 აპრილს ზ.მ-მა საჩივრით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 23 ივნისის № სსა 7 23 00661123 წერილით ზ.მ-ს ეცნობა, რომ მის მიმართ პენსიის დანიშვნის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა, ვინაიდან ...ის ... შედიოდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურულ შემადგენლობაში, ამასთან, სააგენტო არ წარმოადგენდა სამუზეუმო დაწესებულების სტატუსის მქონე სუბიექტს, რომელზედაც შეიძლება გავრცელებულიყო „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი საშეღავათო პირობა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებების დაცვის, კანონის წინაშე თანასწორობის, საყოველთაობისა და პენსიის მიღების სახელმწიფო გარანტიის ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს ხანდაზმულ მოქალაქეთა პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტისა და პენსიის მიღების ზოგად წესებს. აღნიშნული კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში.
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 4.1 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, საჯარო საქმიანობა არის სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა- პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა), განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც საჯარო საქმიანობას მიეკუთვნება, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ’’ საქართველოს კანონზე, რომლის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან კანონის საფუძველზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით შექმნილი, საკანონმდებლო და სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს ნორმატიული აქტით შექმნილი, სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, საჯარო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რამდენადაც ნებისმიერი სახელმწიფო გასაცემელი უკავშირდება საბიუჯეტო სახსრების განკარგვის საკითხს, ბუნებრივია კანონმდებლის მიზანი საბიუჯეტო თანხების ხარჯვასთან დაკავშირებით დაწესდეს სპეციალური შეზღუდვები. თუმცა, საკითხის შეფასების პროცესში არანაკლებ პრინციპულია სწორად დადგინდეს ბენეფიციარის დასაქმების ადგილი, მისი ფუნქცია-მოვალეობები, საქმიანობის სფეროს სპეციფიკა, რათა თავიდან იქნეს აცილებული მოქალაქის სოციალური უფლების უსაფუძვლო შეზღუდვა.
საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, რომლის მიხედვით, განსახილველ შემთხვევაში საქმის გარემოებებით დადასტურებულია, რომ ზ.მ-ი დასაქმებული იყო სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ...ის ...ში „...ის“ თანამდებობაზე, ამრიგად, ზ.მ-ის სამუშაო ადგილი და განხორციელებული საქმიანობის მახასიათებლები სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის დასახელებულ ნორმებს, რომლის მიხედვითაც კულტურულ სფეროში საქმიანობა საჯარო საქმიანობის განხორციელებად არ მიიჩნევა. ამდენად, მოსარჩელის საქმიანობა არ ჩაითვლება საჯარო საქმიანობად, მას კანონის შესაბამისად არ ეზღუდება უფლება მიიღოს სახელმწიფო პენსია კანონით დადგენილი წესით და ოდენობით. შესაბამისად, მისთვის სახელმწიფო კომპენსაციის შეწყვეტა და შემდგომ კი აღდგენაზე უარი ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე