Facebook Twitter

საქმე Nბს-824(კ-24) 21 ნოემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – საქართველოს გენერალური პროკურატურა

მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) – შ. დ-ე, ტ. პ-ი

მესამე პირი (ასკ 16.1) – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 14 მაისის განჩინება

დავის საგანი – მორალური ზიანის ანაზღაურება და განაცდური თანამდებობრივი სარგოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2023 წლის 3 თებერვალს შ. დ-ემ და ტ. პ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის წალკის რაიონული სამმართველოს და საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ. მოპასუხეთა წრის არაერთგზის დაზუსტების შემდეგ, მოსარჩელემ მოპასუხედ საბოლოოდ მიუთითა საქართველოს გენერალური პროკურატურა.

მოსარჩელეების განმარტებით, 2015 წლის 2 ოქტომბრის ბრძანებით ტ. პ-ი დაინიშნა შსს სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის წალკის რაიონული სამმართველოს ...ის თანამდებობაზე. ამავე სამმართველოში 2017 წლის 9 იანვრიდან შ. დ-ე დასაქმებული იყო ...ის თანამდებობაზე.

შ. დ-ეს და ტ. პ-ის ბრალი წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე. 2020 წლის 17 თებერვლის განჩინებით საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე შ. დ-ე და ტ. პ-ი გადაყენებულ იქნენ დაკავებული თანამდებობებიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 13 იანვრის განაჩენით ტ. პ-ი და შ. დ-ე ცნობილ იქნენ უდანაშაულოდ და გამართლდნენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში. აღნიშნული განაჩენი უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 3 მაისის განაჩენით, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 2 ნოემბრის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი თბილისის პროკურორის კ. ც-ას საკასაციო საჩივარი. 2022 წლის ნოემბერში ტ. პ-ი აღდგენილ იქნა თანამდებობაზე. 2023 წლის 19 მაისს შ. მ-ე აღდგენილ იქნა თანამდებობაზე. შს სამინისტროს 28.12.2022წ. წერილის თანახმად, შ. დ-ეის ხელზე ასაღები ხელფასი სამსახურიდან გათავისუფლების დღისთვის შეადგენდა 673 ლარს და 42 თეთრს, ხოლო ტ. პ-ის - 979 ლარს და 18 თეთრს. მოსარჩელეების განმარტებით, მათ მიადგათ მორალური ზიანი, რადგან შეელახათ რეპუტაცია და ავტორიტეტი, რომლის აღსადგენად დიდი ძალისხმევაა საჭირო. ამდენად, ტ. პ-ითან მიმართებით, 2020 წლის 17 თებერვლიდან 2022 წლის ნოემბრამდე პერიოდში მიუღებელი თანამდებობრივი სარგო შეადგენს 33 292 ლარს და 12 თეთრს, ხოლო შ. დ-ეისთვის მიუღებელი თანამდებობრივი სარგოს ოდენობაა 26 263 ლარი და 38 თეთრი.

ამდენად, მოსარჩელეებმა საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის ტ. პ-ისა და შ. დ-ეის სასარგებლოდ მორალური ზიანის სახით 10 000-10 000 ლარის, დაკისრება მოითხოვეს. მოსარჩელეების მოთხოვნას ასევე წარმოადგენდა საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის შ. დ-ეის სასარგებლოდ 2020 წლის 17 თებერვლიდან 2023 წლის 18 მაისის ჩათვლით მიუღებელი ყოველთვიური ხელზე ასაღები თანამდებობრივი სარგოს, დარიცხული ხელფასის გათვალისწინებით - 26 263 ლარის ანაზღაურება; ხოლო ტ. პ-ის სასარგებლოდ, 2020 წლის 17 თებერვლიდან 2022 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით მიუღებელი ყოველთვიური ხელზე ასაღები თანამდებობრივი სარგოს, კერძოდ 33 292 ლარის ანაზღაურების დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 8 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით შ. დ-ეისა და ტ. პ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე - საქართველოს გენერალურ პროკურატურას დაევალა შ. დ-ეისთვის, 2020 წლის 17 თებერვლიდან 2023 წლის 18 მაისის ჩათვლით მიუღებელი ყოველთვიური ხელზე ასაღები თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება - 26 263 ლარის ოდენობით; მოპასუხე - საქართველოს გენერალურ პროკურატურას დაევალა ტ. პ-ისთვის, 2020 წლის 17 თებერვლიდან 2022 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით მიუღებელი ყოველთვიური ხელზე ასაღები თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება - 33 292 ლარის ოდენობით. მოპასუხე - საქართველოს გენერალურ პროკურატურას მოსარჩელე - შ. დ-ეის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის სახით - 5 000 ლარის ანაზღაურება; მოპასუხე - საქართველოს გენერალურ პროკურატურას მოსარჩელე - ტ. პ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის სახით - 5 000 ლარის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 14 მაისის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება,

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 17 თებერვლის №14/2827 განჩინებით ბრალდებული - შ. დ-ე საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე გადაყენებულ იქნა საქართველოს შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის წალკის რაიონული სამმართველოს ...ის (...ის) თანამდებობიდან, ხოლო ბრალდებული - ტ. პ-ი, საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე გადაყენებულ იქნა შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის წალკის რაიონული სამმართველოს ...ის თანამდებობიდან.

სააპელაციო სასამართლომ, ასევე, დადგენილად მიიჩნია თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 იანვრის განაჩენით ტ. პ-ი საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ პუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა. შ. დ-ე საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ პუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა. ამავე განაჩენით ზემოაღნიშნულ პირებს განემარტათ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ.

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2022 წლის 28 დეკემბრის №MIA 6 22 03691738 წერილზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნია, რომ თანამდებობიდან გადაყენებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის წალკის რაიონული სამმართველოს ...ის ყოფილი ...ის (...ი), პოლიციის ზემდეგ - შ. დ-ეის 2020 წლის თებერვლის თვის ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენდა 673 ლარსა და 42 თეთრს, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს ...ის, პოლიციის ზემდეგ - ტ. პ-ის 2020 წლის თებერვლის თვის ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენდა - 979 ლარსა და 18 თეთრს.

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 19 მაისის №MIA 2 23 01416622 4 ბრძანებაზე მითითებით დადგენილად მიიჩნია, რომ თანამდებობიდან გადაყენებული, პოლიციის ზემდეგი - შ. დ-ე აღდგენილი იქნა და დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის წალკის რაიონული სამმართველოს ...ად (...ი). სააპელაციო პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 16 დეკემბრის №MIA 7 22 03565739 ბრძანებით, თანამდებობიდან გადაყენებული, პოლიციის ზემდეგი - ტ. პ-ი აღდგენილი იქნა და დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს ...ად.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება მოსარჩელის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ პირის მარეაბილიტირებელ გარემოებად უპირობოდ უნდა იქნეს მიჩნეული მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, სასამართლოს ეს აქტი, მისი არსიდან და ბუნებიდან გამომდინარე, ეხება სწორედ პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას. გამამართლებელი განაჩენი ადგენს პირის უდანაშაულობას, რაც იწვევს მისი უფლებების აღდგენას, ანუ მის რეაბილიტაციას. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოქმედი კანონმდებლობით არსებობს გამართლებული პირის უფლების დაცვის მექანიზმი და გამართლებულ პირს შეუძლია აღიდგინოს დარღვეული უფლებები. კერძოდ, გამართლებულ პირს აქვს შესაძლებლობა, დარღვეული უფლება აღიდგინოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული რეაბილიტაციისა და სისხლის სამართლის პროცესის ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების გზით. გამართლებულ პირს, რომელსაც გამამართლებელი განაჩენით შეეზღუდა უფლებები, შეუძლია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით მოითხოვოს მისთვის მიყენებული ქონებრივი და არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება.

მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილშიც სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი შეფასება და განმარტა, რომ ტ. პ-ისა და შ. დ-ეისთვის წაყენებული ბრალდებისა და მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებისა თუ სასამართლო პროცესების ხანგრძლივობის, ასევე მათი დაკავებული თანამდებობებიდან დროებითი გადაყენების მხედველობაში მიღებით, მორალური ზიანის ასანაზღაურებლად თითოეული მოსარჩელისთვის 5 000 (ხუთი ათასი) ლარის დაკისრება მიყენებული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მიზნების პროპორციულია, რადგან ექცევა გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებში.

მატერიალურ ზიანთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, ზიანის მიმყენებელი ვალდებულია აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, ანაზღაურდება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს წარმოადგენს. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ საქართველოს პროკურატურა წარმოადგენს არასათანადო მოპასუხეს და მატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა მიმართული უნდა ყოფილიყო მოსარჩელეთა დამსაქმებლის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ, როგორც იძულებითი განაცდური. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სასამართლომ მოსარჩელეთა თანამდებობიდან გადაყენების საკითხი სწორედ საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე განიხილა და დააკმაყოფილა იგი, რაც სავალდებულო იყო შესასრულებელად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში სწორედ სისხლისსამართლებრივი დევნის მიმდინარეობა გახდა მოსარჩელეთა სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების (დაკავებული თანამდებობიდან გადაყენების) საფუძველი. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო, სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის მოთხოვნა, ზიანის მიმყენებლის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის ადეკვატური კავშირის არსებობის თაობაზე. ამდენად, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებაზე ვალდებული სუბიექტი საქართველოს გენერალური პროკურატურაა. ამასთან, მარეაბილიტირებელი გარემოება, ტ. პ-ისა და შ. დ-ეის მიმართ დამდგარი გამამართლებელი განაჩენის სახით წარმოშობს მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ანაზღაურების მთავარ მიზანს წარმოადგენს მიყენებული დანაკლისის გამოსწორება. ამასთან, რომ არა მათი თანამდებობიდან გადაყენება, მოსარჩელეები კვლავ განახორციელებდნენ თავიანთ საქმიანობას და მიიღებდნენ შესაბამის თანამდებობრივ სარგოს. ამდენად, საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის მოსარჩელეების სასარგებლოდ მატერიალური ზიანის სახით მიუღებელი ყოველთვიური ხელზე ასაღები თანამდებობრივი სარგოს, კერძოდ, ტ. პ-ისთვის - 33 292 ლარისა და შ. დ-ეისთვის - 26 263 ლარის ოდენობით დაკისრება კანონშესაბამისია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 14 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ზე მუხლსა და 208-ე მუხლის პირველ ნაწილზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლსა და ამავე კოდექსის 1005-ე მუხლზე და მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების კანონისმიერი წინაპირობების ერთობლიობა ზიანის, მართლსაწინააღმდეგო ქმედებისა და პირდაპირი მიზეზობრივი კავშირის სახით. კონკრეტული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება ეფუძნებოდა კანონს და კანონის საფუძველზე მიღებულ საპროცესო დოკუმენტებს.

შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, სასარჩელო მოთხოვნები უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. გარდა ამისა, კასატორი სხვადასხვა საქმეზე მითითებით ცდილობს დაადასტუროს მისი მოსაზრება მორალური ზიანის ოდენობის გადაჭარბებულად მიიჩნევის თაობაზე. კასატორი აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეებს სისხლის სამართლის საქმის წარმოების არცერთ ეტაპზე არ ჰქონიათ შეზღუდული თავისუფლება. ისინი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერვე იქნენ გამართლებული და მათი უფლებები დაუსაბუთებლად არ შელახულა. გარდა ამისა, მათ არ ჰქონიათ ისეთი ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა ან სხვა პიროვნული მახასიათებელი, რომელიც ინდივიდუალური მოპყრობის საჭიროებასთან იქნებოდა დაკავშირებული და განუზომელ ზიანს მიაყენებდა მათ სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში. შესაბამისად, მორალური ზიანის სახით თითოეული მოსარჩელისათვის 5 000 ლარის განსაზღვრა დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა.

კასატორის მითითებით, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანების 33-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მხედველობაში მიღებით, მოსარჩელეთა მოთხოვნა მიუღებელი ხელფასის ნაწილში მიმართული უნდა ყოფილიყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ, როგორც იძულებითი განაცდური. კასატორი მიიჩნევს, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნის დაკმაყოფილება და მიუღებელი შემოსავლის სახით, საქართველოს პროკურატურისათვის მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება არის დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო, ვინაიდან, საქართველოს პროკურატურა წარმოადგენს არასათანადო მოპასუხეს, რაც თავისთავად სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით შ. დ-ეისა და ტ. პ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე - საქართველოს გენერალურ პროკურატურას დაევალა შ. დ-ეისთვის, 2020 წლის 17 თებერვლიდან 2023 წლის 18 მაისის ჩათვლით მიუღებელი ყოველთვიური ხელზე ასაღები თანამდებობრივი სარგოს - 26 263 ლარის ოდენობით ანაზღაურება; მოპასუხე - საქართველოს გენერალურ პროკურატურას ტ. პ-ისთვის, 2020 წლის 17 თებერვლიდან 2022 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით მიუღებელი ყოველთვიური ხელზე ასაღები თანამდებობრივი სარგოს - 33 292 ლარის ოდენობით ანაზღაურება დაევალა; მოპასუხე - საქართველოს გენერალურ პროკურატურას მოსარჩელე - შ. დ-ეის სასარგებლოდ მორალური ზიანის სახით - 5 000 ლარის ანაზღაურება დაეკისრა; მოპასუხე - საქართველოს გენერალურ პროკურატურას მოსარჩელე - ტ. პ-ის სასარგებლოდ მორალური ზიანის სახით - 5 000 ლარის ანაზღაურება დაეკისრა. აღნიშნული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 14 მაისის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრებულია მხოლოდ საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ. ამდენად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში ორივე მოსარჩელის სასარგებლოდ 5 000-5 000 ლარისა და განაცდური თანამდებობრივი სარგოს სახით შ. დ-ეის სასარგებლოდ - 26 263 ლარის, ხოლო ტ. პ-ის სასარგებლოდ - 33 292 ლარის დაკისრების კანონიერება.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. აღნიშნული დანაწესით სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, სახელმწიფო სახსრებიდან აანაზღაუროს მისი მოსამსახურეების მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანი. ამავე შინაარსის დანაწესს კი, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონის N1324 ამოქმედებამდე, შეიცავდა საქართველოს კონსტიტუციის 49-ე მუხლის მე-9 პუნქტი, რომელიც, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც – ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის N2/3/423 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).

საკასაციო სასამართლო, ასევე, მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, პირს უფლება აქვს, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. სახელმწიფოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების წინაპირობებს განსაზღვრავს მითითებული კოდექსის 1005-ე მუხლი, რომლის მე-3 ნაწილის თანახმად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. ამდენაფ, ზიანის ანაზღაურებისთვის, პირის ქმედება უნდა ატარებდეს მართლსაწინააღმდეგო ხასიათს და იწვევდეს პირისთვის ზიანის მიყენებას. დამდგარ შედეგსა და უკანონო ქმედებას შორის კი უნდა არსებობდეს პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. რაც შეეხება მართლსაწინააღმდეგო ქმედების განმახორციელებელი პირის ბრალეულობას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ მიყენებული ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა. ასეთი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია, დადგინდეს ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. კერძოდ, პირს, რომლის მიმართაც გამოტანილია გამამართლებელი განაჩენი, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მის უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის. ზემოაღნიშნული ნორმის მიზანია დაზარალებულის დაცვა და გამართლებული პირისათვის სახელმწიფო ორგანოების მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანით გამოწვეული ნეგატიური შედეგების კომპენსირება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 17 თებერვლის განჩინებით, ბრალდებული - შ. დ-ე, საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე გადაყენებული იქნა საქართველოს შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის წალკის რაიონული სამმართველოს ...ის (...ის) თანამდებობიდან; ხოლო ბრალდებული - ტ. პ-ი, საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე გადაყენებული იქნა შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის წალკის რაიონული სამმართველოს ...ის თანამდებობიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 იანვრის განაჩენით, ტ. პ-ი, საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ პუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა; შ. დ-ე, საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ პუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა; გამართლებულებს განემარტათ, რომ მათ უფლება ჰქონდათ მოეთხოვათ მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 3 მაისის №1ბ/340-22 განაჩენით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 2 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ შ. დ-ეის და ტ. პ-ის მიმართ კანონიერ ძალაში შესული გამამართლებელი განაჩენიდან გამომდინარე, სახეზეა მოსარჩელეების მარეაბილიტირებელი გარემოება, ვინაიდან უტყუარად დადასტურდა ბრალდების უსაფუძვლობა და ზემოაღნიშნული პირების მიმართ გამოყენებული შეზღუდვის არამართლზომიერება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიზნებისთვის არსებობს ზიანის ანაზღაურების მოპასუხისთვის დაკისრების საფუძველი, რომელიც გამოწვეულია ბრალდების მხარის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე წარდგენილი უკანონო ბრალდებით. მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დაკავშირებულია არაქონებრივი უფლებების დარღვევასთან, ხოლო ქონებრივი უფლებების უკანონო შეზღუდვა იწვევს მატერიალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას. ამდენად, საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება საქართველოს გენერალური პროკურატურის მოსაზრებას ზიანის ანაზღაურების ვალდებულების არარსებობის შესახებ. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ რეაბილიტირებული პირის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება წარმოიშობა თანამდებობის პირის ბრალის მიუხედავად, როგორც ეს ერთმნიშვნელოვნადაა გათვალისწინებული სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის დისპოზიციით. პირის რეაბილიტაციის უმთავრეს იურიდიულ საფუძველს გამამართლებელი განაჩენი წარმოადგენს, რომელიც მის არაბრალეულობას და უდანაშაულობას ადასტურებს.

მიყენებული მორალური ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით, პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის შესაბამისად, უკანონო ბრალდების/პატიმრობის ან მსჯავრდების საქმეებთან მიმართებით სასამართლოს მიერ არამატერიალური ზიანის თანხის ოდენობის განსაზღვრა ხორციელდება თითოეულ საქმეში ინდივიდუალურად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით. კერძოდ, მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია: დამდგარი ზიანის სიმძიმე, შელახული უფლების მნიშვნელობა, დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება მორალური ზიანის მიმართ, განცდების ინტენსივობა, საპატიმრო დაწესებულებაში პირის ყოფნის დრო და სხვა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უკანონო ბრალდების/პატიმრობის ან მსჯავრდების საქმეებთან მიმართებით სასამართლოს მიერ არამატერიალური (მორალური) ზიანის თანხის ოდენობის განსაზღვრა ხორციელდება თითოეულ საქმეში ინდივიდუალურად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების, მორალური ზიანის მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების, ობიექტური გარემოებების (დაზარალებულის საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ.) და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით (Patsuria v. Georgia; Nikolaishvili v. Georgia; Jashi v. Georgia). მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს (სუსგ Nბს-972-936(3კ-08), 2009 წლის 8 აპრილი).

მოსარჩელეების მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის წარმოება თავისთავად დაკავშირებულია ნეგატიურ ემოციებთან, მძიმე ფსიქიკურ განცდებთან, სულიერ ტანჯვასთან და ა.შ. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში, ყურადსაღებია მოსარჩელეების პროფესიულ საქმიანობასა და მათ რეპუტაციაზე სისხლისსამართლებრივი წარმოების გავლენა, წაყენებული ბრალის არსი. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეების უფლებებში ჩარევისთვის, საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის მორალური ზიანის სახით თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ 5 000- 5 000 ლარის ანაზღაურების დაკისრება პროპორციულია და ექცევა გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებში.

რაც შეეხება მოსარჩელეების მიერ მოთხოვნილი მატერიალური ზიანის ოდენობას, სადავო არ არის, რომ ისინი იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, რომლებიც მათ მიმართ წარმოებული სისხლისსამართლებრივი დევნის გამო გადაყენებულ იქნენ თანამდებობიდან, რითაც წაერთვათ შესაძლებლობა სადავო პერიოდში მიეღოთ შემოსავალი განხორციელებული საქმიანობიდან. შესაბამისად, არსებობს მიზეზობრივი კავშირი მოსარჩელეებისათვის მიყენებულ მატერიალურ ზიანსა და მათ მიმართ წარმოებულ სისხლისსამართლებრივ დევნას შორის. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას მოცემულ საქმეში არასათანადო მოპასუხედ მიჩნევასთან დაკავშირებით, რადგან სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში გადამწყვეტია არა თანამდებობიდან გათავისუფლების/გადაყენების მართლზომიერების საკითხი, არამედ ის გარემოება, რომ სისხლისსამართლებრივი დევნის მიმდინარეობა გახდა მოსარჩელეების დაკავებული თანამდებობიდან გადაყენების საფუძველი. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში. განსახილველი ნორმის შესაბამისად, მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მაგრამ მისი დადგენისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს მისი მიღების მოსალოდნელობა. მიუღებელი შემოსავლის სამართლებრივი წინაპირობების არსებობა დამოკიდებულია პირისთვის დაკისრებული ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში შემოსავლის მიღების ალბათობაზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუღებელი ანაზღაურების გაანგარიშება უნდა მოხდეს ე.წ. „ხელზე ასაღები“ თანხის ოდენობით, რასაც მოსარჩელეები მიიღებდნენ კანონით დადგენილი საშემოსავლო გადასახადის დაქვითვის შედეგად, ვინაიდან საქართველოს გენერალურ პროკურატურას მისი გადახდა ეკისრება ზიანის ანაზღაურების და არა ხელფასის სახით.

განსახილველ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2022 წლის 28 დეკემბრის №MIA 6 22 03691738 წერილით დგინდება, რომ თანამდებობიდან გადაყენებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის წალკის რაიონული სამმართველოს ...ის ყოფილი ...ის (...ი), პოლიციის ზემდეგ - შ. დ-ეის 2020 წლის თებერვლის თვის ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენდა 673 ლარსა და 42 თეთრს, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს ...ის, პოლიციის ზემდეგ - ტ. პ-ის 2020 წლის თებერვლის თვის ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენდა - 979 ლარსა და 18 თეთრს.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 16 დეკემბრის №MIA 7 22 03565739 ბრძანებით, თანამდებობიდან გადაყენებული, პოლიციის ზემდეგი - ტ. პ-ი აღდგენილი იქნა და დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს ...ად. უდავოა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 19 მაისის №MIA 2 23 01416622 ბრძანებით, თანამდებობიდან გადაყენებული, პოლიციის ზემდეგი - შ. დ-ე აღდგენილი იქნა და დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის წალკის რაიონული სამმართველოს ...ად (...ი).

საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ზიანის მიმყენებელი ვალდებულია აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. აღნიშნული ნორმა შესაძლებელს ხდის დაზარალებული პირის უფლებების აღდგენას პირვანდელ მდგომარეობაში. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დელიქტური პასუხისმგებლობის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ზიანის მიყენების ფაქტი და მიზეზობრივი კავშირის არსებობა ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. მიზეზობრივი კავშირი პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი აუცილებელი ელემენტია. მიზეზობრივი კავშირი მიზეზსა და შედეგს შორის აუცილებელი კავშირია, რაც გულისხმობს ორი მოვლენის არა უბრალო მუდმივ თანმიმდევრობას, არამედ შედეგის თანმიმდევრობას თავისი მიზეზის მიმართ. მიზეზობრიობის მთავარ მომენტს წარმოადგენს არსებითი კავშირი, სადაც დამოკიდებულება მიზეზსა და შედეგს შორის აქტიურ ხასიათს ატარებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისთვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ სისხლისამართლებრივი დევნის არარსებობის პირობებში, მოსარჩელეები განახორციელებდნენ თავიანთ საქმიანობას და მიიღებდნენ შესაბამის თანამდებობრივ სარგოს. ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მოსაზრებას მასზედ, რომ მოსარჩელეებისათვის მიყენებული მატერიალური ზიანი, რომლის არსებობა და მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დასტურდება სათანადო მტკიცებულებებით, ექვემდებარება სრულად ანაზღაურებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნებს და თვლის, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურას მატერიალური ზიანის სახით მიუღებელი ყოველთვიური ხელზე ასაღები თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება, ტ. პ-ისთვის - 33 292 (ოცდაცამეტი ათას ორას ოთხმოცდათორმეტი) ლარის, ხოლო შ. დ-ეისთვის - 26 263 (ოცდაექვსი ათას ორას სამოცდასამი) ლარის ოდენობით მართებულად დაეკისრა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 14 მაისის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა