Facebook Twitter

ბს-360 (კ-24) 29 ნოემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა მ. ე-ეის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.11.2023წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ე-ემ 20.06.2019წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს პრივატიზების სამსახურის უფროსის 09.01.2012წ. N06-8/248 წერილის, რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 17.01.2012წ. N... გადაწყვეტილების, უძრავი ქონების გამიჯვნის შესახებ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსის 15.04.2016წ. N09-1/524 ბრძანების, რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 15.04.2016წ. N... გადაწყვეტილების, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი N... ოქმის, სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და ლ. ჯ-ას შორის 17.06.2016წ. გაფორმებული პირობებით გამოცხადებული აუქციონის N... ხელშეკრულებისა და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ 27.07.2016წ. ლ. ჯ-აზე გაცემული საკუთრების დამადასტურებელი N24419 მოწმობის ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 03.07.2019წ. განჩინებით საქმეში, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, მესამე პირად ჩაბმულ იქნა ლ. ჯ-ა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 03.07.2019წ. განჩინებით მ. ე-ეის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე აეკრძალა ქ. თბილისში, ...ის მე-2 გასასვლელი, N...-ის მიმდებარედ ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის კუთვნილი N... და ლ. ჯ-ას კუთვნილი N... საკადასტრო კოდის უძრავ ქონებაზე სარეგისტრაციო წარმოების განხორციელება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით მ. ე-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 03.07.2019წ. განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსათვის ქ. თბილისში, ...ის მე-2 გასასვლელი, N...-ის მიმდებარე N... და N... საკადასტრო კოდების მქონე მიწის ნაკვეთებზე სარეგისტრაციო წარმოების აკრძალვა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მ. ე-ეის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.11.2023წ. განჩინებით მ. ე-ეის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმის მასალების თანახმად, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს პრივატიზების სამსახურის უფროსის 09.01.2012წ. N06-8/248 წერილით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა მოთხოვნა ქალაქ თბილისში, ...ში, ...ის მე-... გასასვლელი, N...-ის მიმდებარედ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 3997 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 17.01.2012წ. N... გადაწყვეტილებით სსიპ ქონების მართვის სააგენტოს N... განცხადება დაკმაყოფილდა და ქალაქ თბილისში, ...ში მდებარე, ... გასასვლელი N...- ის მიმდებარედ 3997 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (ს.კ N...) დარეგისტრირდა ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლება. სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 15.04.2016წ. N09-1/524 ბრძანებით ქალაქ თბილისში, ... გასასვლელი, N...-ის მიმდებარედ რეგისტრირებული 3997 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (ს.კ N...) დაექვემდებარა გამიჯვნას ბრძანებაზე თანდართული გამიჯვნის პროექტის მიხედვით, კერძოდ 2057 კვ.მ. და 1940 კვ.მ. მიწის ნაკვეთებად. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 15.04.2016წ. N... გადაწყვეტილებით სსიპ ქონების მართვის სააგენტოს N... განცხადება დაკმაყოფილდა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 2057 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა (ს.კ. NN...) და იმავე მისამართზე მდებარე 1940 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (ს/კ N N... ). სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 25.05.2016წ. N01-1/37 ბრძანებით, ამ ბრძანების დანართით განსაზღვრული მიწის ნაკვეთები, მათ შორის ქალაქ თბილისში, ...ში მდებარე, ... გასასვლელი, N...-ის მიმდებარედ N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 1940 კვ.მ. მიწის ნაკვეთი დაექვემდებარა ელექტრონული აუქციონის წესით პრივატიზებას. 03.06.2016წ. სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ შედგენილ იქნა აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი (ადმინისტრაციული დაპირება) №..., რომლის მიხედვით ქალაქ თბილისში, ...ში, ... გასასვლელი, N...-ის მიმდებარედ 1940 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (ს/კ N...) 03.06.2016წ. ჩატარებულ აუქციონში (აუქციონი N..., ლოტი N25) გამარჯვებულ პირად გამოვლინდა ლ. ჯ-ა. 16.06.2016წ. სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და ლ. ჯ-ას შორის გაფორმდა პირობებით გამოცხადებული აუქციონის ხელშეკრულება №..., რომლის მიხედვით N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 1940 კვ.მ. მიწის ნაკვეთი საკუთრებაში უნდა გადასცემოდა ლ. ჯ-ას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი №... ოქმითა (ადმინისტრაციული დაპირება) და ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების პირობით, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შემდგომ. ამავე ხელშეკრულებაში მიეთითა, რომ აუქციონში გამარჯვებული ლ. ჯ-ა ვალდებული იყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში გადაეხადა აუქციონზე შეძენილი ქონების სრული საპრივატიზებო საფასური - 209100 ლარი. 17.07.2016წ. სსიპ ქონების მართვის სააგენტომ ლ. ჯ-აზე გასცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა N24419.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმის მასალების მიხედვით 22.05.2019წ. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა მ. ე-ეის განცხადება (რეგისტრირებული ნომრით ...), რომლითაც მოთხოვნილ იქნა ქალაქ თბილისში, ...ის ... გასასვლელი, N...-ში (ყოფილი ...ის ქუჩა) მდებარე 4758 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. განცხადებასთან ერთად მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინა დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი და სამკვიდრო მოწმობა, რომლის მიხედვით მ. ე-ემ მიიღო 02.06.2018წ. გარდაცვლილი გ. ე-ეის სამკვიდრო ქონება - ქალაქ თბილისში, ... გასასვლელი, N...-ში მდებარე უძრავი ქონების ½ ნაწილი, რაც ამ უკანასკნელმა მიიღო მემკვიდრეობით 02.11.1995წ. გარდაცვლილი მ. ე-ეისაგან. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 28.05.2019წ. N... გადაწყვეტილების მიხედვით სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწის ნაკვეთზე ტექნიკური ინვენტარიზაციის აღრიცხვის ბიუროში დაფიქსირებული ჩანაწერით 1994 წლამდე უფლების დამდასტურებელი დოკუმენტის გარეშე აღრიცხული იყო 1505 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ხოლო 1994 წლიდან უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე - 3253 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ამავე გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს დაევალა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენა 1505 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე. ამასთან, მიეთითა, რომ მიწის ნაკვეთის დარჩენილ ნაწილზე საკუთრების უფლება უკვე რეგისტრირებული იყო N... და N... საკადასტრო კოდებით.

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს მთავრობის 24.10.2007წ. N233 დადგენილებით დამტკიცებულ "თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა და სახელმწიფო ქონებაზე (წიაღის ჩათვლით) დამაგრებული და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საზოგადოების ქონებაზე დამაგრებული მიწების, აგრეთვე იმ მიწების, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ექვემდებარება დასახელებული კატეგორიის ქონებაზე დამაგრებას, განსაზღვრისა და გამიჯვნის წესის" 61 მუხლზე, რომლის თანახმად ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას მიკუთვნებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად აღრიცხვისა და საკუთრების უფლების უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში დარეგისტრირების მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების საფუძველზე წერილობითი მოთხოვნით მიმართავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს. ამავე მუხლის თანახმად, მითითებული მოთხოვნა არის ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას მიკუთვნებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად რეგისტრაციის საფუძველი. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით არ არსებობდა ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს პრივატიზების სამსახურის უფროსის 09.01.2012წ. N06-8/248 წერილისა და უძრავი ქონების გამიჯვნის შესახებ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსის 15.04.2016წ. N09-1/524 ბრძანების, ასევე მათ საფუძველზე განხორციელებული სადავო რეგისტრაციების ბათილად ცნობის საფუძველი.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მ. ე-ეის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის ის ნაწილი, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებად დარეგისტრირდა, ხოლო შემდეგ გაიმიჯნა და აუქციონზე პრივატიზებას დაექვემდებარა (N... და N... საკადასტრო ერთეულები), ტექნიკური აღრიცხვის არქივში უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე აღრიცხულია 1994 წლის შემდეგ - 2004 წელს. "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკურების უფლების აღიარების შესახებ" კანონის მე-2 მუხლის „ა“ პუნქტის 2020 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქციით, მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწად მიიჩნეოდა ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში 1994 წლამდე აღრიცხული თვითნებურად დაკავებული მიწა, ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში 1994 წლის შემდეგ აღრიცხული თვითნებურად დაკავებული მიწა მართლზომიერ მფლობელობად ჩაითვალა მხოლოდ მითითებულ კანონში 11.12.2019წ. N5501 კანონით შესული ცვლილებით, რომელიც ამოქმედდა 2020 წლის 1 იანვრიდან. ამდენად, აღნიშნული გარემოება ვერ გახდებოდა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. რაც შეეხება მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებიდან გამომდინარე უფლებას, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ იგი თავდაპირველად აღიარებულ იქნა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 30.05.2008წ. გადაწყვეტილებით (ოქმი N23), თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილება ბათილად იქნა ცნობილი ამავე კომისიის 08.12.2008წ. გადაწყვეტილებით, ხოლო ამ უკანასკნელის ბათილად ცნობის მოთხოვნით გ. ე-ეის მიერ აღძრულ სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.01.2011წ. (საქმე N3ბ/886-09) გადაწყვეტილებით.

რაც შეეხება სსიპ ქონების მართვის სააგენტოს აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი №... ოქმისა და 17.06.2016წ. გაფორმებული ხელშეკრულების კანონიერებას, სააპელაციო პალატამ მიუთითა ადგილობრივი თვთმმართველობის კოდექსის 110-ე, 119-ე, 120-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ აუქციონი ჩატარდა იმ წესებისა და მოთხოვნების დაცვით, რომელსაც ზემოაღნიშნული საკანონმდებლო რეგულაციები ითვალისწინებს. შესაბამისად, არ იკვეთებოდა აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმისა და სადავო ხელშეკრულების ბათილად ცნობის განმაპირობებელი გარემოებები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.11.2023წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა მ. ე-ეის მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ აღიარების კომისიის 30.05.2008წ. გადაწყვეტილებით (ოქმი 23) სადავო მიწის ნაკვეთზე მოხდა მოსარჩელე მ. ე-ეის მამის გ. ე-ეის საკუთრების უფლების აღიარება. აღიარების კომისიამ ადმინისტრაციული წარმოების გზით დაადგინა გარემოებები იმის შესახებ, რომ მოსარჩელის პაპა ფლობდა სადავო მიწის ნაკვეთს და ეს ფლობა მემკვიდრეობით გააგრძელა გ. ე-ემ. მოგვიანებით აღიარების კომისიის 08.12.2008წ. გადაწყვეტილებით გაუქმდა ამავე კომისიის 30.05.2008წ. გადაწყვეტილება. გაუქმების ერთადერთ საფუძველს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ გ. ე-ეის მიერ კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში წარდგენილ იყო არა სამკვიდროს მოწმობა, არამედ სამკვიდროს მართვის მოწმობა და ეს დოკუმენტი მას არ აძლევდა საშუალებას რომ დაედასტურებინა უფლებამონაცლეობა. კასატორის მოსაზრებით თვითონ ის ფაქტი, რომ სადავო მიწის ნაკვეთები 2004 წლის მდგომარეობით აღრიცხული იყო მოსარჩელის პაპაზე უტყუარად და პრეზუმფციულად ადასტურებს ე-ეების მიერ ამ მიწის ნაკვეთების თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტს. კასატორი მიუთითებს, რომ ასეთ შემთხევაში განმცხადებლები თავისუფლდებიან თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებების წარდგენისაგან, როგორიცაა მაგალითად მოწმეების ჩვენება და სხვა. აღნიშნული გარემოება სრულად აისახა მოქმედ კანონმდებლობაში შესულ ცვლილებებში, რომელმაც მართლზომიერ მფლობელობად გამოაცხადა 2004 წლის მდგომარეობით ტექნიკური აღრიცხვის არქივში აღრიცხული მიწა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ე-ეის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმის მასალებში დაცული ცნობა-დახასიათების მიხედვით ქ. თბილისში, ... გასასვლელი, N...-ში მოსარჩელის პაპის სახელზე აღრიცხულია 4758 კვ.მ. მიწის ნაკვეთი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე. მითითებული მიწის ნაკვეთიდან 1505 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთი აღრიცხულია 1994 წლამდე - 1986 წელს, ხოლო 3253 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთი - 2004 წელს. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ. ე-ეის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის N... განცხადებით სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის ის ნაწილი, რომელიც საჯარო რეესტრში დარეგისტრირებულია N... და N... საკადასტრო კოდებით, ტექნიკური აღრიცხვის არქივში უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე აღრიცხულია 1994 წლის შემდეგ - 2004 წელს. "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკურების უფლების აღიარების შესახებ" კანონის მე-2 მუხლის „ა“ პუნქტის 2020 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქციით, მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწად მიიჩნეოდა ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში 1994 წლამდე აღრიცხული თვითნებურად დაკავებული მიწა, ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში 1994 წლის შემდეგ აღრიცხული თვითნებურად დაკავებული მიწა მართლზომიერ მფლობელობად ჩაითვალა მხოლოდ მითითებულ კანონში 11.12.2019წ. N5501 კანონით შესული ცვლილებით, რომელიც ამოქმედდა 2020 წლის 1 იანვრიდან. ამდენად, მოსარჩელის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ სარჩელით გასაჩივრებული აქტების გამოცემის პერიოდში, 2012-2016 წლების მდგომარეობით, მ. ე-ეს ან მის მამკვიდრებელს გააჩნდა საკუთრების უფლება ან/და ასეთი უფლების აღიარების საფუძველი N... და N... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთებზე.

ამასთან, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს არ ქმნის ის გარემოება, რომ აღიარების კომისიის 30.05.2008წ. (ოქმი N23) გადაწყვეტილებით სადავო მიწის ნაკვეთზე მოხდა მოსარჩელის მამის გ. ე-ეის საკუთრების უფლების აღიარება. აღნიშნული გადაწყვეტილება ბათილად იქნა ცნობილი ამავე კომისიის 08.12.2008წ. გადაწყვეტილებით, რასაც საფუძვლად დაედო ქ. თბილისის პროკურატურის 08.12.2008წ. წერილი, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ სისხლის სამართლის N010080269 საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ გ. ე-ეის მიერ ქ. თბილისში, ...ში, უჩანეიშვილის ... გასასვლელში მდებარე 4759 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ფლობა არ დასტურდებოდა, რის გამოც გამოძიებამ მიიჩნია, რომ გ. ე-ემ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია წარდგენილი დოკუმენტებით შეიყვანა შეცდომაში. ამავე წერილით ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა კომისიის 30.05.2008წ. გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება. ამდენად, კასატორის აპელირება იმ გარემოებაზე, რომ მხოლოდ უფლებამონაცვლეობის საკითხის დაუდგენლობა გახდა საკუთრების უფლების აღიარების გაუქმების საფუძველი დაუსაბუთებელია და ამავდროულად არ გამომდინარეობს ზემოაღნიშნული წერილის შინაარსიდან. ამასთან, საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება კანონიერად არის მიჩნეული კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.01.2011წ. გადაწყვეტილებით.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ მიწის ნაკვეთზე თბილისის მუნიციპალიტეტის უფლების რეგისტრაცია მოსარჩელეს არ აყენებს პირდაპირ და უშუალო ზიანს, ვინაიდან მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებას არ აბრკოლებს მასზე მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც მ. ე-ეის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ე-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2.უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.11.2023წ. განჩინება;

3. მ. ე-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 17.06.2024წ. N22370713441 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე

გ. გოგიაშვილი