Facebook Twitter

ბს-844 (კ-24) 29 ნოემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.05.2024წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ე. ა-ემ, ლ. ლ-მა, გ. ე-ემ და ნ. ე-ემ 10.03.2023წ. სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს "დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე" სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 15.02.2023წ. NIDP 4 23 00000295 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე მოსარჩელეების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოპასუხისათვის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.10.2023წ. გადაწყვეტილებით ე. ა-ის, ლ. ლ-ის, გ. ე-ის და ნ. ე-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი "დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე" სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 15.02.2023წ. NIDP 4 23 00000295 ბრძანება და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელეების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.05.2024წ. განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის 6.1 მუხლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021წ. №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებულ ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის" 6.1 მუხლზე, რომლის თანახმად გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ზემოაღნიშნული ბრძანების №7 დანართის ,,დ“ პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმით დევნილი ოჯახი ფასდება 1.5 ქულით, როდესაც ცხოვრობს სხვის სახლში (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისა) ქირით ან ქირის გარეშე.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელეები ე. ე-ე, ნ. ე-ე (დაბ. ...წ.) და გ. ე-ე (დაბ ...წ.) არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები, რომლებიც რეგისტრირებულები არიან სოცაიალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. მოსარჩელეები, როგორც იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები ექვემდებარებიან გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, თუმცა დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 23.12.2022წ. გადაწყვეტილებით (ოქმი №97), საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე ეთქვათ უარი იმ მიზეზით, რომ განსახლების გადაუდებელი საჭიროება არ არსებობდა ქირის გარეშე ცხოვრების გამო. ამასთან, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 15.02.2023წ. IDP 4 23 00000295 ბრძანებით დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 23.12.2023წ. გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №97), ე. ე-ის ოჯახს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს), ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო უარი ეთქვა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე სხვის საკუთრებაში არსებული ფართით ქირით ან ქირის გარეშე სარგებლობის შესაძლებლობა არ გამორიცხავს დევნილი ოჯახის უფლებას შეფასდეს შესაბამისი კრიტერიუმით (1.5 ქულა). ამასთან, აღნიშნული შეფასების კრიტერიუმი (1.5 ქულა) გათვალისწინებული უნდა იქნეს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას. პალატამ მიუთითა, რომ საქმეში დაცულია 29.03.2023წ. ქირავნობის ხელშეკრულება (მხარეთა ხელმოწერის სინამდვილე დამოწმებულია ნოტარიუსის მიერ), რომლითაც დასტურდება, რომ მოსარჩელე ე. ე-ეს (დამქირავებელი) ქირით გადაეცა უძრავი ქონება მდებარე: ქ. ქუთაისი, ...ი №58, ნაკვ. №2, ქირავნობის თანხა თვეში განისაზღვრა 150 ლარით, ხოლო ქირავნობის ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2024 წლის 29 მარტამდე. უძრავი ქონება (ს/კ ...), რომელშიც მოსარჩელეების დევნილი ოჯახი ქირით ცხოვრობს, საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით წარმოადგენს 12.68 კვ.მ. ფართის სარდაფის სართულს. საცხოვრებელი ფართის ვიზუალური სახე თვალსაჩინოა საქმეში წარმოდგენილი ფოტომასალით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაუსაბუთებელია მოსარჩელეებისათვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელეები ქირის გარეშე ცხოვრობენ და შესაბამისად არ საჭიროებენ გადაუდებელ განსახლებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.05.2024წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ მოსარჩელე ე. ე-ემ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადი 28.10.2022წ. შეავსო ოჯახთან ერთად. განაცხადის დამუშავების შედეგად მან მოიპოვა წინასწარი შეფასებით 7 ქულა, მათ შორის, 1994 წლის 1 იანვრამდე და 2009 წლის 1 იანვრამდე დაბადებულ დევნილის სტატუსის მქონე პირი/პირები (1 წევრი) - 1.5 ქულა; საცხოვრებლი ფინანსური პირობები (ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ბინაში ქირის გარეშე) - 1 ქულა; 18 წლამდე ასაკის წევრები (2 არასრულწლოვანი) - 1 ქულა; სოციალურ კრიტერიუმი ( 30001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა) - 3 ქულა. ე. ე-ეს სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს ორი შვილი. განაცხადს აკეთებს მათთან და არადევნილ მეუღლესთან - ლ. ლ-თან ერთად. კასატორმა აღნიშნა, რომ 30.11.2022წ. განხორციელდა მონიტორინგი მოსარჩელის განცხადებაში მითითებულ მისამართზე - ქ. ქუთაისი, ... N58, ბინა N18. სამსახურს ადგილზე დახვდა თავად ე. ე-ე და მისი მეუღლე. მათი განმარტებით მითითებულ მისამართზე ცხოვრობენ 2022 წლის ივლისიდან. 1996-2022 წლებში ცხოვრობდნენ რუსეთში, ქ. ...ში, ხოლო 1993-1996 წლებში ცხოვრობდნენ ამავე შენობაში. კასატორმა მიუთითა, რომ 04.12.2022წ. კვლავ განხორციელდა მონიტორინგი მოსარჩელის მისამართზე, რა დროსაც მონიტორინგის თანამშრომლებს ადგილზე არავინ დახვდათ. გამოიკითხნენ მეზობლები, რომლებსაც მოსარჩელის ადგილსამყოფელის შესახებ არ გააჩნდათ ინფორმაცია. მონიტორინგის სამსახურის მიერ მოპოვებული მასალები წარედგინა დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას. კომისიამ იმსჯელა მოსარჩელის ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე და გადაწყვიტა უარი ეთქვა იმ მიზეზით, რომ ამ ეტაპზე მოსარჩელის ოჯახის განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა ქირის გარეშე ცხოვრების გამო. კასატორი თვლის, რომ მოსარჩელეები ცხოვრობენ ქირის გარეშე შეუფერხებლად საცხოვრებლად ვარგის პირობებში, რაც არ ქმნის მათი გადაუდებელი განსახლების აუცილებლობას. კასატორის მოსაზრებით მინისტრის 08.04.2021წ. N01-30/ნ ბრძანება, რომლითაც დამტკიდებულია დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზურნველყოფის წესი, წარმოადგენს ნორმატიულ აქტს და სააგენტო ვერ იმოქმედებს ნორმატიული აქტის საწინააღმდეგოდ. პირველ რიგში საცხოვრებელი ფართით უნდა დაკმაყოფილდნენ ისეთი ოჯახები, რომელთაც არ გააჩნიათ არავითარი საცხოვრებელი, დაგროვილი აქვთ ფართის მისაღებად საკმარისი ქულები და მათი საცხოვებლით უზრუნველყოფა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. კასატორის მოსაზრებით მოსარჩელე მხარის საცხოვრებელი ობიექტი არ არის ნგრევადი და არ საჭიროებს დაუყოვნებლივ განსახლებას. ამ ეტაპზე დაკმაყოფილდნენ ისეთი დევნილები, რომლებიც შეფასების კრიტერიუმებით და მონიტორინგის მიერ შედგენილი ოქმებით შედარებით რთულ პირობებში იმყოფებოდნენ. კასატორი აღნიშნავს, რომ კომისიის უარი საბოლოო არ არის და მხარის განაცხადის განხილვა და დაკმაყოფილება მოხდება საერთო წესით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმეში დაცული მასალების მიხედვით მოსარჩელე ე. ე-ე არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. მას სარეგისტრაციო ნომერზე აღრიცხული ჰყავს შვილები გ. და ნ. ე-ეები, რომლებსაც ასევე იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი აქვთ. სარეგისტრაციო ნომერზე ასევე აღრიცხულია ე. ე-ის არადევნილი მეუღლე - ლ. ლ-ი. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 23.12.2022წ. №97 სხდომის ოქმის თანახმად, საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა ე. ა-ეს, უარის თქმის საფუძვლად მითითებულია ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობა ქირის გარეშე ცხოვრების გამო. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 15.02.2023წ. IDP 4 23 00000295 ბრძანებით დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 23.12.2022წ. გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №97) ე. ა-ის ოჯახს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, უარი ეთქვა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021წ. №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ 6.1 მუხლის თანახმად გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა მითითებული ნორმით დადგენილი მოთხოვნა, რომელიც მას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებდა. კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე ცხოვრობს ქირის გარეშე და მისი ოჯახის განსახლების გადაუდებელი საჭიროება არ არსებობს, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, აღნიშნულ გარემოებაზე მითითება არ ქმნის დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის უპირობო სამართლებრივ საფუძველს. დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის ფაქტი არ გამორიცხავს დევნილის უფლებას მოცემულ ეტაპზე იქნეს დაკმაყოფილებული საცხოვრებლით, ცალკეული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე (სუს 18.03.2020წ. განჩინება, საქმე №ბს-156(კ-20)). აღსანიშნავია, რომ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადების შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, 7 ქულიდან 1,5 ქულა მოსარჩელეებს მიენიჭათ იმ კრიტერიუმის გამო, რომელიც ქირის გარეშე ცხოვრების ფაქტს ადგენს. ამასთან, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ბინა, სადაც ე. ე-ე ოჯახთან ერთად ცხოვრობს არის თ. ს-ის საკუთრება, რომელთანაც ე. ე-ეს 29.03.2023წ. გაფორმებული აქვს ქირავნობის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, ე. ე-ეს ქირით გადაეცა 12.68 კვ. მ. ფართი, ხოლო ქირის თანხა განისაზღრა თვეში 150 ლარით.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ე. ე-ის შვილები, გ. და ნ. ე-ეები არიან არასრულწლოვნები. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ იქნა გათვალისწინებული არასრულწლოვნების განსაკუთრებული საჭიროებები და საუკეთესო ინტერესები. ამდენად, ე. ე-ის ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარი დასაბუთებული არ არის, შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელ ორგანოს წარმოეშობა მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილების ვალდებულება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.05.2024წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე

გ. გოგიაშვილი