Facebook Twitter

№ბს-365(კ-24) 29 ნოემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს პრეზიდენტის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - გ.ვ-ე, მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტო).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. გ.ვ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს პრეზიდენტის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა (დაზუსტებული მოთხოვნა), ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 1 ივნისის №133 ბრძანებულება გ.ვ-ის ნაწილში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 დეკემბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით გ.ვ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 1 ივნისის №133 ბრძანებულება საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ გ.ვ-ის ნაწილში.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს პრეზიდენტის მიერ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 დეკემბრის განჩინებით საქართველოს პრეზიდენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს პრეზიდენტმა.

კასატორის განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტის სადავო ბრძანებულება გ.ვ-ისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე გამოცემულია კანონმდებლობის სრული დაცვით და კანონით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად, რაც სასამართლომ ნორმის არასწორი ინტერპრეტაციის საფუძველზე განსხვავებულად შეაფასა.

საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 1 ივნისის №133 ბრძანებულებით გ.ვ-ეს სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებასთან დაკავშირებით შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველს წარმოადგენდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის 2020 წლის 21 აპრილის №MIA 9 20 00902056 წერილი, რომლითაც სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეცნობა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრში მიღებული ოფიციალური ინფორმაციით, გ.ვ-ეს მიღებული ჰქონდა უცხო ქვეყნის მოქალაქეობა და სხვადასხვა ქვეყნებში გადაადგილდებოდა მის სარგებლობაში არსებული რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტით. აღნიშნულ წერილს თან ერთვოდა შესაბამისი პასპორტის ასლი. ზემოაღნიშნული წერილის საფუძველზე მომზადდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 28 მაისის დასკვნა, რომლითაც სააგენტომ ჩათვალა, რომ გ.ვ-ის მიმართ არსებობდა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე საბოლოოდ საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც გ.ვ-ეს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა.

აღნიშნული დავის გადაწყვეტისას, სასამართლო დაეყრდნო მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილ არასათანადო მტკიცებულებასა და დოკუმენტებს. სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილია რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროს 2019 წლის 28 თებერვლის განკარგულება, რომლის თანახმადაც, გ.ვ-ის რუსეთის ფედერაციაში ყოფნა (ბინადრობა) ცნობილ იქნა, როგორც არასასურველი. ფედერალური სამსახურის სასჯელის აღსრულების ფედერალური სამსახურის ...ის ოლქის სამმართველოს 2022 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით დგინდება, რომ განზრახ დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებულ პირს - გ.ვ-ეს, საქართველოს მოქალაქეს, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალება სასჯელის მოხდის შემდეგ 10 წლის ვადით. ამავე წერილის თანახმად, გ.ვ-ე, საქართველოს მოქალაქე, სასჯელის მოხდის (აღსრულების) შემდეგ ან სასჯელისგან გათავისუფლების შემდეგ ვალდებულია გაემგზავროს რუსეთის ფედერაციიდან. ...ის ოლქში რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სამმართველოს 2022 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით დადგინდა საქართველოს მოქალაქის გ.ვ-ის დეპორტაცია რუსეთის ფედერაციიდან. რუსეთის შსს ...ის ოლქის სამმართველოს 2018 წლის 13 თებერვლის დასკვნის თანახმად, გ.ვ-ე, საქართველოს რესპუბლიკის ...ის რაიონის ს. ...ის მკვიდრი, მიჩნეულ იქნა როგორც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის არმქონე. რუსეთის შსს ...ის ოლქის სამმართველოს 2022 წლის 26 სექტემბრის დასკვნის თანახმად, გ.ვ-ე რუსეთის ფედერაციის მოქალაქე არ არის. რუსეთის იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის განაჩენების აღსრულების და სპეციალური აღრიცხვის სამმართველოს 2022 წლის 24 ოქტომბრის მიმართვის თანახმად, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტი, ასევე რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტი გ.ვ-ის სახელზე არ გაცემულა. საბოლოოდ სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძველი დადასტურებული არ არის.

კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს მსჯელობა უსაფუძვლოა. სასამართლო უნდა დაყრდნობოდა საქართველოს კომპეტენტური ორგანოებიდან მოპოვებულ ინფორმაციას, თუმცა მან იხელმძღვანელა რუსეთის ...ის ოლქის სამსახურების მიერ მომზადებული ინფორმაციით და ამგვარი დოკუმენტის გამო საეჭვოდ მიიჩნია საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ მოპოვებული და გამოკვლეული ინფორმაცია და სათანადო მტკიცებულებები.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს პრეზიდენტის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) მოსარჩელე გ.ვ-ე დაიბადა ... წლის ... ...ს, საქართველოში და საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვა დაბადებით (ს.ფ 45-46, 47-48); ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის 2020 წლის 21 აპრილის №MIA 9 20 00902056 წერილით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარეს ეცნობა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრში მიღებული ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები სხვადასხვა ქვეყნებში გადაადგილდებიან მათ სარგებლობაში არსებული რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტებით, მათ შორის, გ.ვ-ე (დაბ. ... ... ...წ. პ/ნ...) (ს.ფ 40-41); გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლისა და ,,საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ’’ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად, განიხილა 2020 წლის 24 აპრილის №1000708598 განცხადება/წარდგინება რუსეთის ფედერაციის მოქალაქის გ.ვ-ის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის თაობაზე. სააგენტომ ჩათვალა, რომ გ.ვ-ის მიმართ არსებობდა ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, მიზანშეწონილად მიიჩნია 2020 წლის 24 აპრილის №1000708598 განცხადების/წარდგინების დაკმაყოფილება და გ.ვ-ისთვის (დაბადებული: ... ... ... წელს) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლით (ს.ფ 52); დ) საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 1 ივნისის №133 ბრძანებულებით გ.ვ-ეს (დაბ.: ... წლის ... ..., საქართველო) სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებასთან დაკავშირებით შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა (ს.ფ 222-224); ე) საქმეში წარმოდგენილია რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროს 2019 წლის 28 თებერვლის განკარგულება, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქის გ.ვ-ის რუსეთის ფედერაციაში ყოფნა (ბინადრობა) ცნობილ იქნა, როგორც არასასურველი. (ს.ფ 61-63); სასჯელის აღსრულების ფედერალური სამსახურის ...ის ოლქის სამმართველოს 2022 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით დგინდება, რომ განზრახ დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებულ პირს - გ.ვ-ეს, დაბადებულს ... ... ... წელს, საქართველოს მოქალაქეს, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალება სასჯელის მოხდის (აღსრულების) შემდეგ 10 წლის ვადით. ამავე წერილის თანახმად, გ.ვ-ე, დაბადებული ... ... ... წელს, საქართველოს მოქალაქე, სასჯელის მოხდის (აღსრულების) შემდეგ ან სასჯელისგან განთავისუფლების შემდეგ ვალდებულია გაემგზავროს რუსეთის ფედერაციიდან. (ს.ფ. 67-69); „საქართველოს მოქალაქის გ.ვ-ის ქალაქ ...ში რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სამმართველოს უცხოელ მოქალაქეთა დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ“ ...ის ოლქში რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სამმართველოს 2022 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს მოქალაქე გ.ვ-ე, დაბადებული ... ... ... (... ... ...) წელს, 2022 წლის 27 სექტემბრიდან მოთავსდა ქალაქ ...ის რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სამმართველოს უცხოელ მოქალაქეთა დროებითი განთავსების ცენტრში. (ს.ფ. 79-83); ...ის ოლქში რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სამმართველოს 2022 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით დადგინდა საქართველოს მოქალაქის გ.ვ-ის, დაბადებული ... ... ... წელს, დეპორტაცია რუსეთის ფედერაციიდან (ს.ფ. 89-92); ქალაქ ...ის მარცხენა სანაპიროს რაიონული სასამართლოს 2022 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქე გ.ვ-ე, დაბადებული ... ... ... (... ... ...) წელს, რომელიც ექვემდებარება დეპორტაციას, მოთავსდა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სამმართველოს უცხოელ მოქალაქეთა დროებითი განთავსების ცენტრში ქალაქ ...ში (ს.ფ. 115-126); რუსეთის შსს ...ის ოლქის სამმართველოს 2018 წლის 13 თებერვლის დასკვნის თანახმად, გ.ვ-ე, დაბ. ... წლის ... ...ს, საქართველოს რესპუბლიკის ...ის რაიონი ს. ...ის მკვიდრი, მიჩნეულ იქნა როგორც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის არმქონე. (ს.ფ. 141-146); რუსეთის შსს ...ის ოლქის სამმართველოს 2022 წლის 26 სექტემბრის დასკვნის თანახმად, გ.ვ-ე, დაბ. ... ... ...წ., რესეთის ფედერაციის მოქალაქე არ არის (ს.ფ. 167-171); რუსეთის იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის განაჩენების აღსრულების და სპეციალური აღრიცხვის სამმართველოს 2022 წლის 24 ოქტომბრის მიმართვის თანახმად, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტი, ასევე რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტი გ.ა.ვ-ის სახელზე არ გაცემულა (ს.ფ. 177-179).

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს მოსარჩელისათვის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ აქტის კანონიერება.

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქე დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ მოიპოვებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, გარდა ამ კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.

ამავე კანონის სადავო პერიოდში მოქმედი 211 მუხლის შესაბამისად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქე შეინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ იგი სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს სახელმწიფოსგან მიიღებს თანხმობას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე (პირველი პუნქტი). სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობა გაიცემა, თუ საქართველოს მოქალაქის საქართველოსთან კავშირი სარწმუნოდ იქნება მიჩნეული (მე-2 პუნქტი). არასრულწლოვანს, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მოიპოვა დაბადებით, საქართველოს მოქალაქეობა უნარჩუნდება დაბადებიდან 18 წლის ასაკის მიღწევამდე. აღნიშნულ ვადაში არასრულწლოვნისთვის მოქალაქეობის შენარჩუნების შესახებ განცხადების წარუდგენლობის შემთხვევაში მას შეუწყდება საქართველოს მოქალაქეობა. არასრულწლოვნისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება დასაშვებია მშობლების ან კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე. ერთ-ერთი მშობლის განცხადების წარდგენის შემთხვევაში არასრულწლოვნისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება დასაშვებია მეორე მშობლის თანხმობით (მე-3 პუნქტი). სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქე ვერ შეინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება არ შეესაბამება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს (მე-4 პუნქტი).

ზემოაღნიშნული კანონის მე-19 მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდება: ა) საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლით; ბ) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვით; გ) ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ სადავო აქტში გ.ვ-ისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძვლად მითითებულია ის გარემოება, რომ მან მოიპოვა სხვა ქვეყნის მოქალაქეობა. აღნიშნულის დამადასტურებლად საქმეში წარმოდგენილია გ.ვ-ის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის პასპორტის ასლი, რომელიც გაცემულია 2016 წლის 21 აპრილს (ს.ფ. 42).

საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ ვერ იქნა დაძლეული მასზე კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთი მოსარჩელის მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებასთან დაკავშირებით, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით საპირისპირო დასტურდება. ასეთ პირობებში საქმეში წარმოდგენილ მხოლოდ პასპორტის ქსეროასლზე დაყრდნობით, სადავოდ გამხდარი საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 1 ივნისის ბრძანებულებით საქართველოს მოქალაქე გ.ვ-ისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველით, ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს და ექვემდებარება ბათილად ცნობას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს პრეზიდენტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 დეკემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. მაკარიძე

ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე