საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-846(კ-24) 21 ნოემბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - მ.ზ-ე
პროცესუალური მოწინააღმდეგეები (მოპასუხეები) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 20 თებერვლის განჩინება
დავის საგანი - სამშენებლო სამართალდარღვევა
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ იმ.ზ-ემ 2021 წლის 01 სექტემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 08 ივლისის №001409/№001429 სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე დადგენილების, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 08 ივლისის №000597 დადგენილებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 2021 წლის 16 აგვისტოს №1171 ბრძანების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით მ.ზ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 20 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა მ.ზ-ის მიერ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ივლისის განჩინებით მ.ზ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა; კასატორს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის 300 (სამასი) ლარის გადახდის დამადასტურებელი დედანი დოკუმენტის ან უტყუარი მტკიცებულებების წარდგენა, რომლებიც დაადასტურებდნენ კასატორის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობას. კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ მ.ზ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამავე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. იმ შემთხვევაში თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, ხსენებული მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება, ხოლო ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, საპროცესო კანონმდებლობა განსაზღვრავს მოქმედების შეუსრულებლობის შედეგებს, კერძოდ, თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების უფლებას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განჩინების ჩაბარებას უშუალოდ უკავშირდება ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ათვლა და მისი შედეგი. სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) მხარეს უნდა ჩაჰბარდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს, ხოლო ამავე კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით - სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
განსახილველ შემთხვევაში, ხარვეზის დადგენის შესახებ 2024 წლის 25 ივლისის განჩინება 3-ჯერ გაიგზავნა კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე, 2024 წლის 02 ოქტომბერს სატელეფონო შეტყობინების აქტით მ.ზ-ეს ეცნობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 25 ივლისის განჩინების შესახებ და განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი (ტ.2, ს.ფ 99). ამავდროულად, ვინაიდან მატერიალური სახით კასატორისთვის საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 25 ივლისის ჩაბარება ვერ მოხერხდა, სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა მისი საჯარო გამოქვეყნების საფუძვლები, რის შემდეგ საკასაციო პალატის 2024 წლის 23 ოქტომბრის განჩინების საფუძველზე ხარვეზის დადგენის შესახებ 2024 წლის 25 ივლისის განჩინება გამოქვეყნდა საჯაროდ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 ოქტომბრის განჩინების საჯარო გამოქვეყნებით, მ.ზ-ეს ეცნობა მის საკასაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენისა და განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. საჯარო შეტყობინება საქართველოს სასამართლოების საქმის წარმოების სისტემის ვებგვერდზე განთავსდა 2024 წლის 28 ოქტომბერს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის მიხედვით, თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. სასამართლო შეტყობინება საჯაროდ შეიძლება გავრცელდეს ვებგვერდზე განთავსებით, განჩინების საჯაროდ გავრცელების შემთხვევაში განჩინება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება სასამართლო შეტყობინების ვებგვერდზე განთავსებიდან მე-7 დღეს. ამდენად, ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება ჩაბარებულად ჩაითვალა 04 ნოემბერს. ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი 10-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2024 წლის 05 ნოემბერს და ამოიწურა 2024 წლის 14 ნოემბერს (ხუთშაბათი). დადგენილ ვადაში კასატორს სასამართლოსათვის არ მოუმართავს არც ხარვეზის გამოსწორების და არც ხარვეზის გამოსწორების ვადის გაგრძელების მიზნით, რა გარემოებებიც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60, 396-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ.ზ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 20 თებერვლის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა