№ბს-850(კ-24) 21 ნოემბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოპასუხეები) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წყალტუბოს რეგიონალური სერვის ცენტრი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ი. თ-ე
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 მაისის განჩინება
დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2023 წლის 21 ივლისს ი. თ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წყალტუბოს სერვის ცენტრის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, დაიბადა ... წელს, 2023 წლის 1 მაისამდე იღებდა კუთვნილ პენსიას. 2015 წლის 4 დეკემბრიდან მუშაობს სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ...ში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ...ის პოზიციაზე. სსიპ სოციალური მომსახურების 2023 წლის 2 მაისის წერილობითი აქტით მოსარჩელეს ეცნობა სახელმწიფო გასაცემლის/პენსიის შეწყვეტის თაობაზე. მოსარჩელემ მისი უფლების მზღუდავი აქტი გაასაჩივრა ადმინისტრაციული საჩივრით. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით ი. თ-ეის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა ი. თ-ეისთვის სახელმწიფო გასაცემლის (პენსიის) 2023 წლის 1 მაისიდან შეწყვეტის შესახებ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მომსახურების წაყლტუბოს სერვის ცენტრის 2023 წლის 2 მაისის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 14 ივნისის SSA 5 23 00621972 ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსთვის - სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის შეწყვეტის დღიდან - 2023 წლის 1 მაისიდან, მოსარჩელე ი. თ-ეის მიმართ სახელმწიფო გასაცემლის პენსიის აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის მოსარჩელე ი. თ-ეის სასარგებლოდ სახელმწიფო პენსიის უკანონოდ შეწყვეტის დღიდან 2023 წლის 1 მაისიდან სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე იძულებითი განაცდურის სახით სახელმწიფო პენსიის ანაზღაურების დაკისრება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით ი. თ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მომსახურების წყალტუბოს სერვის ცენტრის 2023 წლის 2 მაისის N00465459 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ი. თ-ეისათის სახელმწიფო კომპენსაციის შეწყვეტის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 14 ივნისის N52300621972 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ი. თ-ეისთვის 2023 წლის 1 მაისიდან აღდგენის თაობაზე სახელმწიფო კომპენსაცია კანონმდებლობით დადგენილი ყოველთვიური ოდენობით, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წყალტუბოს რეგიონალურმა სერვის ცენტრმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 მაისის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების წყალტუბოს რეგიონალური სერვის ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წყალტუბოს სერვის ცენტრის 2023 წლის 2 მაისის NSSA 1 23 00465459 გადაწყვეტილებით, ი. თ-ეს 2023 წლის 1 მაისიდან შეუწყდა კომპენსაცია (სახელმწიფო გასაცემელი), ვინაიდან იგი დასაქმებულია სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში. ასევე დადგენილია, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ 2023 წლის 22 ივნისს გაცემული N05/1939 ცნობის თანახმად, ი. თ-ე დასაქმებულია სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ...ში შრომითი ხელშეკრულებით ...ის პოზიციაზე.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც არეგულირებს პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტისა და პენსიის მიღების ზოგად პრინციპებს. სასამართლომ მიუთითა "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის "გ" ქვეპუნქტზე, მე-4, მე-5 მუხლებზე, ასევე „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 24 ნოემბრის №05/05 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, მე-8 მუხლის პირველ და მეორე პუნქტებზე, მე-9 მუხლზე და აღნიშნა, რომ სააგენტო შექმნილია მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების ბაზაზე და წარმოადგენს ზემოაღნიშნული მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების უფლებამონაცვლეს. შესაბამისად, სააგენტო შედგება მუზეუმებისაგან, მუზეუმ-ნაკრძალებისაგან და კანონით პირდაპირ განსაზღვრული სამსახურებისაგან. დებულებით პირდაპირ განსაზღვრულია და გამიჯნულია როგორც მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების, ასევე, კონკრეტული სამსახურების სახეობები, მათი საქმიანობა და ფუნქციები. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში დასაქმებული პირი შედიოდა სააგენტოს შემადგენლობაში და წარმოადგენდა მუზეუმში (მუზეუმ-ნაკრძალში) დასაქმებულ პირს, მუზეუმ-ნაკრძალის საქმიანობის მიზნებიდან და ფუნქციებიდან გამომდინარე. ამდენად სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააგენტოს შემადგენლობაში შემავალი მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები არ შეიძლება გაიგივებული იქნეს, როგორც სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები (სამსახურები).
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ...ი ექცევა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის დეფინიციაში. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან ი. თ-ე არის მუზეუმში დასაქმებული პირი, შესაბამისად, იგი არ მიიჩნევა საჯარო საქმიანობის განმახორციელებელ პირად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობდა მისთვის „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სახელმწიფო პენსიის შეწყვეტის საფუძველი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წყალტუბოს რეგიონალურმა სერვის ცენტრმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორები მიუთითებენ, რომ ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით რეგლამენტირებულია, რომ სახელმწიფო პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. ამავე კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის თანახმად, პენსია შეწყდება საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. კასატორები მიუთითებენ ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს კულტურის ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2008 წლის 21 ნოემბრის N3/331 ბრძანებით დამტკიცებული სააგენტოს დებულების პირველ მუხლზე. კასატორები ასევე მიუთითებენ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საჯარო საქმიანობა განმარტებულია შემდეგნაირად: „საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, სკოლამდელი აღზრდის, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა.
კასატორები აღნიშნავენ, რომ ვინაიდან, სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო არ წარმოადგენს სამუზეუმო დაწესებულების სტატუსის მქონე სუბიექტს, რომელზედაც შესაძლებელია გავრცელდეს საჯარო საქმიანობის განმახორციელებელი პირებისათვის "სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის N279 დადგენილებით დამტკიცებული "სოციალური პაკეტის გაცემის წესის და პირობების" მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით რეგლამენტირებული პირობა, რომ სოციალურ პაკეტზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში, გარდა ამ წესით გათვალისწინებული შშმ პირებისა. მოსარჩელე, ი. თ-ე დასაქმებულია სსიპ - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში. შესაბამისად, აღნიშნულ დაწესებულებაში შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის განხორციელების პერიოდში კანონით იზღუდება სახელმწიფო გასაცემლის - პენსიის მიღების უფლება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წყალტუბოს რეგიონალური სერვის ცენტრის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წყალტუბოს რეგიონალური სერვის ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ი. თ-ეისთვის სახელმწიფო პენსიის შეწყვეტის, მისი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის ი. თ-ეის მიმართ შეწყვეტილი პენსიის 2023 წლის 1 მაისიდან აღდგენა და მოპასუხისთვის სახელმწიფო პენსიის უკანონოდ შეწყვეტის დღიდან 2023 წლის 1 მაისიდან სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე იძულებითი განაცდურის სახით სახელმწიფო პენსიის ანაზღაურების თაობაზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ი. თ-ე დაიბადა ... წელს. მას სახელმწიფო პენსია დანიშნული ჰქონდა ზღვრული ასაკის მიღწევის გამო, რომელიც შეუწყდა 2023 წლის 1 მაისიდან. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 22 ივნისის N05/1939 ცნობის თანახმად, ი. თ-ე დასაქმებულია სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ...ის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის (...ის) პოზიციაზე.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წყალტუბოს სერვის ცენტრის 2023 წლის 2 მაისის N SSA 1 23 00465459 გადაწყვეტილებით, "სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ი. თ-ეს 2023 წლის 1 მაისიდან შეუწყდა კომპენსაცია (სახელმწიფო გასაცემელი) იმ საფუძვლით, რომ იგი დასაქმებულია სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს ხანდაზმულ მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზაცია და სახელმწიფო პენსიის დაწესება არსებული რესურსების ფარგლებში.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის, მამაკაცებისათვის - 65 წლის ასაკის მიღწევა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. ზემოაღნიშნული კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, პენსია შეწყდება საჯარო საქმიანობის განხორციელების მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პენსიის შეწყვეტის ერთ-ერთი წყაროა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ წარმოებულ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაცია, რომელიც ავტომატურ რეჟიმში მიეწოდება კომპეტენტურ ორგანოს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საპენსიო ასაკის პირისთვის პენსიის უფლების წარმოშობის ან წარმოშობილი უფლების შეწყვეტის დამაბრკოლებელ გარემოებას წარმოადგენს პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელება.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ვ“ პუნქტის თანახმად კი, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულია პირი, რომელსაც საჯარო სამსახურის განხორციელების უზრუნველსაყოფად შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მინიჭებული აქვს საჯარო დაწესებულების დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების უფლებამოსილება.
საჯარო საქმიანობის ცნებას განსაზღვრავს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 4.1 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტი, რომლის თანახმად საჯარო საქმიანობა არის სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა), განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც საჯარო საქმიანობას მიეკუთვნება, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
განსახილველი დავის ფარგლებში არსებითი მნიშვნელობისაა რამდენად წარმოადგენს ი. თ-ეის მიერ სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში განხორციელებული საქმიანობა საჯარო სამსახურს.
საკასაციო სასამართლო განმეორებით აღნიშნავს, რომ ი. თ-ე სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში დასაქმებულია შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე. მოსარჩელისთვის დანიშნული პენსიის შეწყვეტა სწორედ ზემოაღნიშნულ უწყებაში მუშაობამ განაპირობა.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 24 ნოემბრის №05/05 ბრძანებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც დადგენილია, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) შექმნილია საჯარო სამართლის იურიდიული პირების: სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმის, დიდი მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის, ვარძიის ისტორიულ- არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, სამშვილდის და კლდეკარის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, ქსნის ხეობის ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის, პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის გურიის მხარის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის, დიდი ლიახვის ხეობის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის, ...ის, ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის, მირზაანის ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმის ბაზაზე და წარმოადგენს ზემოაღნიშნული მუზეუმებისა და მუზეუმ- ნაკრძალების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმისა და დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმის უფლებამონაცვლეს.
ამავე დებულების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, განსაზღვრულია სააგენტოს სტრუქტურა, კერძოდ, მითითებულია, რომ სააგენტოს სტუქტურა შედგება მუზეუმებისგან, მუზეუმ-ნაკრძალებისგან და სამსახურებისაგან (სტრუქტურული ერთეულები). ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, სააგენტოს მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალებია: ა) ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის გურიის მხარის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი; ბ) პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი; გ) სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმი; დ)...ი; ე)დიდი მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი; ვ) სამშვილდის და კლდეკარის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი; ზ)უფლისციხის ისტორიულ- არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი; თ)ქსნის ხეობის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი; ი)დიდი ლიახვის ხეობის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი; კ) ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი; ლ) უჯარმისა და დავით- გარეჯის მუზეუმ-ნაკრძალი; მ) ჩაჟაშის მუზეუმ-ნაკრძალი; ნ) მირზაანის ნიკო ფიროსმანის სახელმწიფო მუზეუმი; ო) ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი; პ) გრემის მუზეუმი; ჟ) მუცოს მუზეუმ-ნაკრძალი; რ) დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმი; ს) ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სააგენტოს სამსახურებია: ა) ძეგლთა რეაბილიტაციის, ნებართვებისა და ექსპერტიზის სამსახური; ბ) არქეოლოგიისა და კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახური; გ) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სამსახური; დ) მონიტორინგის სამსახური; ვ) იუნესკოსა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური; ზ) ადმინისტრაცია (სამსახური); თ) შიდა აუდიტისა და შრომის უსაფრთხოების სამსახური; ი) ეკონომიკური სამსახური; კ) საინფორმაციო სისტემების სამსახური; ლ) ძეგლთა ფიქსაციისა და კულტურულ ფასეულობათა კონსერვაცია რესტავრაციის ლაბორატორია (სამსახური).
ზემოაღნიშნული დებულების მე-9 მუხლის თანახმად, მუზეუმებისა და მუზეუმ ნაკრძალების ძირითადი ამოცანებია: ა) მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების მართვაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის მართვა, დაცვა, ექსპონირება და პოპულარიზაცია; ბ) კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენა, შეგროვება, აღრიცხვა, დაცვა, შესწავლა, ექსპონირება და პოპულარიზაცია; გ) კულტურული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა; დ) სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება; ე) სამეცნიერო კვლევების საფუძველზე, ახალი და განახლებული მუზეუმების ან/და მუზეუმ-ნაკრძალებისათვის სამუზეუმო ექსპოზიციათა კონცეფციების შემუშავება; ვ) სამუზეუმო სფეროს ექსპერტებთან თანამშრომლობა და კვლევითი, საკონსულტაციო, საექსპერტო საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობა; ზ) მუზეუმებთან და მუზეუმ-ნაკრძალებთან დაკავშირებული შემეცნებითი, სამეცნიერო, სამეცნიერო-პოპულარული, საინფორმაციო ხასიათის გამოცემებისა და ღონისძიებების მომზადება-განხორციელება; თ) ამ მუხლის „ა“-„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ამოცანების შესრულების მიზნით, შესაბამისი პროგრამების შემუშავება და განხორციელება; ი) მუზეუმის/მუზეუმ-ნაკრძალის დებულებით განსაზღვრული და სამინისტროსგან შესაბამისი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დელეგირებული საქმიანობის ფარგლებში სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ნორმის განმარტებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს მოწესრიგების მიზანი, ნორმა უნდა განიმარტოს სხვა ნორმებთან კავშირში და არა იზოლირებულად, იმისათვის რათა მიღწეულ იქნას მისი რეალური შინაარსის სრულად წვდომის მიზანი. ზემოაღნიშნული ნორმატიული დანაწესების ანალიზის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო შექმნილია მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების ბაზაზე და წარმოადგენს ზემოაღნიშნული მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების უფლებამონაცვლეს. დებულებითვე განსაზღვრულია, რომ სააგენტო შედგება მუზეუმებისაგან, მუზეუმ-ნაკრძალებისაგან და კანონით პირდაპირ განსაზღვრული სამსახურებისაგან. დებულებით პირდაპირ განსაზღვრულია და გამიჯნულია როგორც მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების, ასევე კონკრეტული სამსახურების სახეობები, მათი საქმიანობა და ფუნქციები. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მასზედ, რომ ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში დასაქმებული პირი წარმოადგენს მუზეუმში (მუზეუმ-ნაკრძალში) დასაქმებულ პირს, მუზეუმ-ნაკრძალის საქმიანობის მიზნებიდან და ფუნქციებიდან გამომდინარე. სააგენტოს შემადგენლობაში შემავალი მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები არ შეიძლება გაიგივებული იქნეს სააგენტოს სტრუქტურული ერთეულად (სამსახურები).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ "სახელმწიფო პენსიის შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის "გ" ქვეპუნქტი საჯარო საქმიანობის განხორციელებად ერთმნიშვნელოვნად არ მიიჩნევს მუზეუმში მუშაობას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ნორმის განმარტებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს მოწესრიგების მიზანი, ნორმა უნდა განიმარტოს სხვა ნორმებთან კავშირში და არა იზოლირებულად, იმისათვის რათა მიღწეულ იქნას მისი რეალური შინაარსის სრულად წვდომის მიზანი. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ სახელმწიფო პენსიის ადმინისტრირების მიზნებისათვის, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 4.1 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მუზეუმში დასაქმება, საშეღავათო პირობებით დადგენილი გამონაკლისით სარგებლობს.
ამ მხრივ ასევე საყურადღებოა, საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 6.07.23წ. მიმართვა, რომლის თანახმად, კულტურული საქმიანობის განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი არ წარმოადგენს საჯარო სამსახურს და არც აღნიშნულ დაწესებულებაში განხორციელებული საქმიანობა განეკუთვნება საჯარო საქმიანობას. ასევე მისი თანამშრომელი არ მიიჩნევა საჯარო მოხელის სტატუსის მქონე პირად. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა დასკვნას, რომ არ არსებობდა ი. თ-ეისთვის პენსიის შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან მისი სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში მუშაობა, არ წარმოადგენს საჯარო საქმიანობას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წყალტუბოს რეგიონალური სერვის ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 მაისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა