ბს-285 (კ-24) 19 ნოემბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.10.2023წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ჯ. კ-ამ, ნ. ს-ამ და ს. ს-ამ 21.03.2022წ. სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 01.02.2022წ. N03-548/ო ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე მოსარჩელეთა ოჯახის ქ. ზუგდიდში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოპასუხისათვის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.02.2023წ. გადაწყვეტილებით ჯ. კ-ას, ნ. ს-ას და ს. ს-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 01.02.2022წ. №03-548/ო ბრძანება და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ჯ. კ-ას, ნ. ს-ას და ს. ს-ას გრძლვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.10.2023წ. განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.02.2023წ. გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილი ოჯახი განიმარტება, როგორც განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც სამოქმედო გეგმის შესაბამისად არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან ერთჯერადი ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლზე, რომლის თანახმად ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ 23.06.2021წ. მისამართზე: ..., ...ს ქ. №1, ბინა ..., განხორციელებული მონიტორინგის დროს ჯ. კ-ა არასრულწლოვან შვილთან - ნ. ს-ასთან ერთად მითითებულ მისამართზე იმყოფებოდა, ხოლო ამავე დღეს ...ს №30-ში (გარდაცვლილი მეუღლის მამა-პაპისეული სახლი) განხორციელებული ვიზიტისას მონიტორინგის ჯგუფს ადგილზე დახვდა განმცხადებლის მული - მ. ს-ა, რომელმაც განმარტა, რომ რძალთან - ჯ. კ-ასთან აქვს ოჯახური კონფლიქტი და ჯ. კ-ა 2020 წლის დეკემბრიდან გადავიდა ...ში ქირით.
სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ო. ს-ას განმარტებაზე, რომლის თანახმად, ჯ. კ-ა, ნ. ს-ა და ს. ს-ა ორი წელი ქირით ცხოვრობდნენ მის საკუთრებაში არსებულ სახლში მისამართზე: წალენჯიხის რაიონი, სოფელი ..., ...ს ქ. 1, ბინა .... ჯ. კ-ა ნაღდი ანგარიშსწორების გზით იხდიდა ქირას-100 ლარს. როგორც მისთვის ცნობილია, ჯ. კ-ა და მისი მეუღლე კ. ს-ა რუსეთში ცხოვრობდნენ, საქართველოში ჩამოსვლისა და კ.-ს გარდაცვალების შემდეგ ჯ.-ს მოუვიდა კონფლიქტი თავის მულთან, რის გამოც იძულებული გახდნენ გადასულიყვნენ ცალკე. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ბ. ქ-ამ ასევე განმარტა, რომ ცხოვრობს წალენჯიხის რაიონში, ქალაქ ...ში, ...ს ქუჩის №...-ში (ყოფილი №...) მ. და კ. ს-აების სახლის მეზობლად. მოწმის თქმით, მოსარჩელე ჯ. კ-ა კ.-ს გარდაცვალებამდე 2 თვის განმავლობაში ცხოვრობდა ...ს 30 ნომერში, შემდეგ გადავიდა იმავე ქალაქში ქირით, ზუსტი მისამართი არ ახსოვს. რამდენადაც აქვს ინფორმაცია, ჯ. კ-ას და მ. ს-ას აქვთ კონფლიქტური ურთიერთობა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მონიტორინგის ჯგუფის მიერ 02.11.2021წ. კ. ს-ას მამა-პაპისეულ სახლში განხორციელებული ვიზიტისას ჯ. კ-ას და მისი შვილების ერთჯერადად ყოფნის ფაქტი ვერ იქნება მიჩნეული მოსარჩელის მიერ სააგენტოსთვის არსებითად მცდარი ინფორმაციის მიწოდების ფაქტის დადგენის უტყუარ მტკიცებულებად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.10.2023წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
კასატორი მიუთითებს, რომ 23.06.2021წ. მონიტორინგის ჯგუფის ვიზიტის დროს განმცხადებლის მიერ მითითებულ მისამართზე - წალენჯიხა, ..., ...ს ქ. №1/13 არავინ იმყოფებოდა. მოსახლეობის განმარტებით ოჯახი ცხოვრობს ჯ. კ-ას მეუღლის მამა-პაპისეულ სახლში - ...ს №30-ში. ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომლების მიერ მოხდა მოსარჩელესთან სატელეფონო კავშირის დამყარება, მან განმარტა, რომ იმყოფება ...ს ქუჩაზე, შემდგომ განმარტა, რომ შვილს აცილებდა მუსიკალურ ფესტივალზე, სადაც წასვლა სააგენტომ დაუფინანსა. მოხდა მისამართზე მონიტორინგის განხორციელება. მხარემ განმარტა, რომ ბინა ეკუთვნის მეუღლის მოგვარეს, მულთან აქვს ოჯახური კონფლიქტი და 2020 წლიდან დროებით, ქირით არიან გადასულები. 23.06.2021წ. მონიტორინგი განხორციელდა მოსარჩელის მეუღლის მამა-პაპისეულ სახლში. მისამართზე იმყოფებოდა განმცხადებლის მული - მ. ს-ა, რომელმაც განმარტა, რომ სახლი არის მის სახელზე და ცხოვრობს მარტო. ოჯახი არ ჰყავს. მისივე განმარტებით, რძალთან აქვს უთანხმოება და გადასულები არიან ქირით. მოსარჩელის მეუღლის მამა-პაპისეულ სახლში 02.11.2021წ. განხორციელებული მონიტორინგის დროს მისამართზე მოსარჩელე იმყოფებოდა შვილებთან ერთად. მან განმარტა, რომ მისი მეუღლე სწორედ აღნიშნულ სახლში გარდაიცვალა, სახლში კი მოვიდნენ სასაფლაოზე გასასვლელად, მულთან კონფლიქტის გამო გადასულები არიან ...ს ქუჩაზე. მითითებული მტკიცებულებებისა და წარმოდგენილი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე კომისიამ გადაწყვიტა მოსარჩელის განაცხადი არ დაეკმაყოფილებინა, არსებითად მცდარი ინფორმაციის გამო საცხოვრებელთან დაკავშირებით.
კასატორი აღნიშნავს, რომ არაერთი მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ მოსარჩელე შვილებთან ერთად ცხოვრობს მეუღლის მამა-პაპისეულ სახლში. ადმინისტრაციული საქმის წარმოების ეტაპზე გაირკვა, რომ მხარემ სააგენტოს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა საცხოვრებელთან დაკავშირებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმეში დაცული მასალების მიხედვით ჯ.კ-ა, ნ. ს-ა და ს. ს-ა არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 17.11.2021წ. №79 სხდომის ოქმის თანახმად, ბინით დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა ჯ. კ-ას, უარის თქმის საფუძვლად მითითებულია არსებითად მცდარი ინფორმაცია საცხოვრებელთან დაკავშირებით.
სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 01.02.2022წ. N03-548/ო ბრძანებით დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 17.11.2021წ. გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №79) ჯ. კ-ას ოჯახს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) საცხოვრებელთან დაკავშირებით არსებითად მცდარი ინფორმაციის გამო, უარი ეთქვა ქ. ზუგდიდში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.
"საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ" საქართველოს კანონის 6.1 მუხლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე კანონის 13.3 მუხლის თანახმად, სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 08.04.2021წ. №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ 6.1 მუხლის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა მითითებული ნორმით დადგენილი მოთხოვნა, რომელიც მას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებდა.
საქმის მასალების მიხედვით, მოსარჩელე არასრულწლოვან შვილებთან ერთად ქირით ცხოვრობს მისამართზე: წალენჯიხა, ..., ...ს ქ. №1/13. აღნიშნული ბინა წარმოადგენს მისი გარდაცვლილი მეუღლის მოგვარის - ოთარ ს-ას საკუთრებას, რაც დადასტურებულია ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (მომზადების თარიღი 25.01.2017წ.).
საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების 21.04.2021წ. ელექტრონული ფორმის მიხედვით, ჯ.კ-ას ოჯახს მიენიჭა ჯამში 7 ქულა, მათ შორის: საცხოვრებლის ფინანსური პირობების კრიტერიუმით - ნაქირავები -1.50 ქულა, 18 წლამდე ასაკის წევრების კრიტერიუმით - 2 არასრულწლოვანი - 1.00 ქულა, სოციალური კრიტერიუმით - 3001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა - 3.00 ქულა, კრიტერიუმით - მშობელი ან ქვრივი, რომელიც იძულებულია მარტომ იზრუნოს მცირეწლოვან შვილზე ან შვილებზე - 1.50 ქულა.
საქმეში დაცული მონიტორინგის მასალებით დგინდება, რომ 23.06.2021წ. მისამართზე: წალენჯიხა, ..., ...ს ქ. №30-ში მისულ მონიტორინგის ჯგუფს დახვდა განმცხადებლის მული - მარინე ს-ა, რომელმაც განმარტა, რომ სახლი აღრიცხული არის მის სახელზე და ცხოვრობს მარტო. რძალთან აქვს ოჯახური კონფლიქტი, ჯილდა კ-ა 2020 წლის დეკემბრიდან გადავიდა ...ში ქირით.
ასევე, 23.06.2021წ. მომზადებული მონიტორინგის ფორმის თანახმად, განხორციელდა განმცხადებლის გადამოწმება მისამართზე ..., ...ს ქ. №1, ბინა .... ჯგუფს ადგილზე არავინ დახვდა, მოსახლეობის განმარტებით განმცხადებელი ცხოვრობს მეუღლის მამა-პაპისეულ სახლში, ... №30-ში. თუმცა მითითებულ მისამართზე მონიტორინგის თანამშრომლებს დახვდა მხოლოდ განმცხადებლის მული - მარინე ს-ა, ხოლო თავად განმცხადებელთან სატელეფონო საუბრისას გაირკვა, რომ შვილს - საბა ს-ას აცილებდა მუსიკალურ ფესტივალზე ბათუმში, სადაც წასვლის ხარჯი სააგენტომ დაუფინანსა. იმავე დღეს, შეივსო მონიტორინგის ფორმა, რომლის თანახმად, მონიტორინგის ჯგუფს მისამართზე ..., ...ს ქ. №1 დახვდა განმცხადებელი და მისი არასრულწლოვანი შვილი - ნ. ს-ა. მონიტორინგის ფორმაში მითითებულია, რომ სახლი ეკუთვნის ჯ. კ-ას მეუღლის მოგვარეს - ო. ს-ას. ოჯახი მითითებულ მისამართზე ქირით ცხოვრობს 2020 წლის დეკემბრიდან, ქირის თანხა თვეში 100 ლარს შეადგენს. მანამდე 2 თვე ოჯახი ცხოვრობდა ჯ. კ-ას მეუღლის მამა-პაპისეულ სახლში. 2010-2020 წლებში ცხოვრობდნენ სოჩაში, 2001-2010 წლებში - მოსკოვში, დევნილობის შემდეგ - რუსეთში. მონიტორინგის ფორმაში ასევე მითითებულია, რომ განმცხადებელი არის მარტოხელა მშობელი.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ოთარ ს-ას განმარტებით, ჯ. კ-ა, ნ. ს-ა და ს. ს-ა ორი წელი ქირით ცხოვრობდნენ მის საკუთრებაში არსებულ სახლში მისამართზე: წალენჯიხის რაიონი, სოფელი ..., ...ს ქ. 1, ბინა .... ჯ. კ-ა ნაღდი ანგარიშსწორების გზით იხდიდა ქირას-100 ლარს. როგორც მისთვის ცნობილია, ჯ. კ-ა და კ. ს-ა რუსეთში ცხოვრობდნენ, რომ ჩამოვიდნენ, კ.-ს გარდაცვალების შემდეგ ჯ.-ს მოუვიდა კონფლიქტი მულთან და იძულებული გახდნენ გადასულიყვნენ ცალკე. ასევე, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ბ. ქ-ას განმარტებით, მოწმე ცხოვრობს წალენჯიხის რაიონ ქალაქ ...ში, ...ს ქუჩა №...-ში (ყოფილი №...) მ. და კ. ს-აების სახლის მეზობლად, მისივე განმარტებით, მოსარჩელე ჯ. კ-ა კ.-ს გარდაცვალებამდე 2 თვე ცხოვრობდა ...ს 30 ნომერში. შემდეგ გადავიდა იმავე ქალაქში ქირით, ზუსტი მისამართი არ ახსოვს. რამდენადაც აქვს ინფორმაცია, ჯ. კ-ას და მ. ს-ას აქვთ კონფლიქტური ურთიერთობა, კ. ს-ას გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ მონიტორინგის ჯგუფის მიერ 02.11.2021წ. განმცხადებლის გარდაცვლილი მეუღლის - კ. ს-ას სახლში განხორციელებული ვიზიტისას ჯ. კ-ას და მისი შვილების ერთჯერადად ყოფნის ფაქტი ვერ იქნება მიჩნეული მოსარჩელის მიერ სააგენტოსთვის არსებითად მცდარი ინფორმაციის მიწოდების ფაქტის დადგენის უტყუარ მტკიცებულებად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ჯ. კ-ა განაცხადს მის არასრულწლოვან შვილებთან ნ. ს-ასთან და ს. ს-ასთან ერთად აკეთებს, თუმცა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ იქნა გათვალისწინებული არასრულწლოვნის განსაკუთრებული საჭიროებები და საუკეთესო ინტერესები. ჯ. კ-ას (განაცხადით გათვალისწინებული პირების) საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარი დასაბუთებული არ არის, შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელ ორგანოს წარმოეშობა მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილების ვალდებულება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.10.2023წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი