Facebook Twitter

№ბს-198(კ-24) 20 ნოემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ბადრი შონია

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - რ.კ-ა, მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. რ.კ-ამ სარჩელით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა (დაზუსტებული მოთხოვნა): ა) ბათილად იქნეს ცნობილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის 03.12.2020წ. №00013 ოქმი უძრავი ქონების ადგილზე დათვალიერების შესახებ; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №... (09.12.2020წ.) გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის შესახებ; გ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 21.01.2021წ. №... გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ; დ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა და 06.11.2020წ. №... განცხადებით მოთხოვნილი უძრავი ქონების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით რ.კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის 03.12.2020წ. №00013 ოქმი უძრავი ქონების ადგილზე დათვალიერების შესახებ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №... (09.12.2020წ.) გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის შესახებ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 21.01.2021წ. №... გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა რ.კ-ას მიერ წარდგენილი და სასამართლო სხდომაზე დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით შეისწავლოს მიწის ნაკვეთის იდენტურობის საკითხი და 06.11.2020წ. №... განცხადებით მოთხოვნილი უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებით გამოსცეს შესაბამისი გადაწყვეტილება.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 იანვრის განჩინებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.

კასატორი აღნიშნავს, რომ კანონმდებლობა მუნიციპალიტეტის წარმომადგენელს, მოცემული დავის შემთხვევაში - ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს ავალდებულებს გამოსცეს აქტი დაინტერესებული პირის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (საარქივო ცნობა) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის ან აღნიშნულზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნული მიზნით მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის წინაშე დგას საკითხი დაადგინოს ფაქტობრივი გარემოება - ტერიტორიულად სად მდებარეობს დაინტერესებული პირის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი და აღნიშნულს ემთხვევა თუ არა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მის მიერ წარდგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის მდებარეობა. სასამართლოში საქმის მიმდინარეობისას მოპასუხე მხარეების მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით, სამართლებრივი თუ ფაქტობრივი არგუმენტებით ნათლად იქნა დადასტურებული, რომ რ.კ-ას უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის მდებარეობა არ ემთხვეოდა მის მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობას.

სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში მდებარე მიწის ნაკვეთზე არ დგინდება რ.კ-ას საკუთრება და მფლობელობა/სარგებლობა. რ.კ-ას №... საარქივო ცნობა სადავო ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის დადგენის შესაძლებლობას არ იძლევა. მერის წარმომადგენლის მიერ განხორციელდა წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლა და დადგინდა, რომ №... საარქივო ცნობის მიხედვით, რ.კ-ას ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში, ზუგდიდის რაიონის სოფ. ...ის საკრებულოს 2001-2005 წლების (ცვლილებები ნაწარმოებია 2006 წლის ჩათვლით) საკომლო წიგნებში 2001-2004 წლებში კომლს ერიცხება მიწის ფართი 1.25 ჰა (რთულად იკითხება). 2005 წელს კომლს ქონებრივი მონაცემები არ უფიქსირდება. რაც შეეხება მოწმეების (მეზობლები) დაკითხვას, უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმის ფორმაში მითითებულია, რომ ინფორმაცია მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების/მართლზომიერი მფლობელების შესახებ უნდა შეივსოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა არსებობენ მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები/მართლზომიერი მფლობელები. აღნიშნულ შემთხვევაში კი, შეუძლებელი იყო მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების/მართლზომიერი მფლობელების დაკითხვა. მიწის ნაკვეთს ესაზღვრება მდინარე და არხი. აღსანიშნავია, რომ, ვინაიდან, მიწის ნაკვეთი მდებარეობს მდინარის კალაპოტთან, მიმდებარედ არის ტყის მასივი და არავინ ცხოვრობს მიმდებარე ტერიტორიაზე, აღნიშნული მიწის ნაკვეთი ვერ იქნებოდა გაცემული კომლზე. მდინარე ენგურის სიგრძე 200 კმ-ს აღემატება, ის მოქცეულია მდინარის წყალდაცვით ზოლში. სადავო მიწის ნაკვეთებიდან შავი ზღვის სანაპირო ზოლამდე დაშორება შეადგენს დაახლოებით 1 კმ-ს, შესაბამისად, გამოირიცხება სადავო მიწის ნაკვეთის უფლების დამდგენი დოკუმენტით გათვალისწინებულ მიწის ნაკვეთთან იდენტურობა.

რ.კ-ას და მის ოჯახს სოფ. ...ში №... საარქივო ცნობის საფუძველზე დარეგისტრირებელი აქვთ მათ სარგებლობაში არსებული საკარმიდამო მიწის ნაკვეთის მხოლოდ ნაწილი 5750.00 კვ.მ (ს/კ...), რომელზეც განთავსებულია მრავალი წლის წინ აშენებული საცხოვრებელი სახლი, ხოლო იგივე საკარმიდამო მიწის ნაკვეთის ნაწილი არ აქვს რეგისტრირებული, რომელიც გაშენებულია მრავალწლიანი ნარგავებით. დიდი ალბათობით სწორედ აღნიშნულ მიწის ნაკვეთს ეხება უფლების დამდგენი დოკუმენტი - საარქივო (საკომლო) ცნობა და ის არაკეთილსინდისიერად იყენებს სხვა მიწის ნაკვეთის საკუთრებაში დასარეგისტრირებლად. გასათვალისწინებელია, რომ რ.კ-ას საკარმიდამო მიწის ნაკვეთის ფართობი შეესაბამება საარქივო ცნობით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ფართობის ოდენობას. ერთი უფლებისდამდგენი დოკუმენტით - საარქივო ცნობით მოქალაქეს არ შეიძლება სხვადასხვა ადგილას გამოყოფოდა მიწის ნაკვეთი.

რ.კ-ამ ზემოაღნიშნული საარქივო ცნობის საფუძველზე, რამდენჯერმე მიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა მიწის ნაკვეთსა და მიწის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა სხვადასხვა კონფიგურაციითა და სხვადასხვა ფართობით სხვადასხვა ადგილას. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის 2020 წლის 3 დეკემბრის უძრავი ნივთის ადგილზე დათალიერების №00013 ოქმი მიღებულ იქნა საქმისთვის არსებითი გარემოებების გამოკვლევისა და შესწავლის შემდგომ, საქმეში წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე. ისინი არ ეწინააღმდეგებოდა კანონს და არ დარღვეულა მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 1 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს. სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) რ.კ-ამ 06.11.2020წ. განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (განც. №...) და მოითხოვა 6750 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე მდებარე ზუგდიდი, სოფელი ... უფლებათა სპორადული რეგისტრაცია. რ.კ-ამ საჯარო რეესტრს წარუდგინა 13.03.2018წ. №... საარქივო ცნობა, რომლის მიხედვითაც, რ.კ-ას კომლს ზუგდიდის რაიონის, სოფელ ...ის საკრებულოს 2001-2005 წლების საკომლო წიგნის მიხედვით ერიცხება 1,25 ჰა მიწის ფართობი (ტ.1, ს.ფ 165-167, 22-23); ბ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რ.კ-ას განცხადებზე მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში 12.11.2020წ. №... წერილით მიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა (ტ.1, ს.ფ 174); გ) ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის 03.12.2020წ. უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №00013 ოქმით, არ დადგინდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა (ტ.1, ს.ფ 27-28); დ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 9 დეკემბრის №... გადაწყვეტილებით უარი ეთქვა რ.კ-ას უფლების რეგისტრაციაზე (ტ.1. ს.ფ 28); ე) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 9 დეკემბრის №... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრდა რ.კ-ას მიერ. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 21.01.2021წ. №... გადაწყვეტილებით რ.კ-ას ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა (ტ.1. ს.ფ. 193-197, 35-38).

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და მოსარჩელე რ.კ-ას არ გაუსაჩივრებიათ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება. შესაბამისად, მათ მიერ არც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 იანვრის განჩინება გასაჩივრებულა საკასაციო წესით. ამდენად, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის ფარგლებში წარმოადგენს მხოლოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის 03.12.2020წ. უძრავი ქონების ადგილზე დათვალიერების შესახებ №00013 ოქმის კანონიერება.

საკასაციო პალატა მიუთითებს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესს, ადგენს ამ რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლებს და ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს (1.1 მუხლი).

აღნიშნული კანონის 41 მუხლი განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის უფლებამოსილებებს. აღნიშნული მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა სისტემური რეგისტრაციისა და იმ შემთხვევისა, როდესაც სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილება არის სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილება, რომლის განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით ახორციელებს იუსტიციის სამინისტრო.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმა ადგენს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის უფლებამოსილებას უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენასთან დაკავშირებით, რის შესახებაც გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადება/გამოცემა უკავშირდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული პროცედურის ჩატარებას. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აქტის გამოცემის პროცესში დაიცვას კანონმდებლობით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების მოთხოვნები, როგორიცაა წარმოებაში დაინტერესებული მხარის მონაწილეობის უზრუნველყოფა, საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევა და სხვ. ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს ძირითად პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. ამ ვალდებულების შესრულება ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოს ასევე უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას -ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს, თუ რატომ რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება, გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს. კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაუდოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები).

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2020 წლის 12 ნოემბრის მიმართვით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ იმ საფუძვლით, რომ არ დგინდებოდა უფლების დამადასტურებელ დოკუმენტსა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა, რ.კ-ას განცხადება გადაუგზავნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას იდენტურობის დასადგენად. ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის 2020 წლის 3 დეკემბრის ,,უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების’’ №00013 ოქმით, არ დადგინდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთების იდენტურობა, თუმცა საქმის მასალებით არ დგინდება, რა გარემოებები დაედო საფუძვლად აღნიშნული დასკვნის გაკეთებას. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ აღნიშნული ოქმი არ მიღებულა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და მათი ურთიერთშეჯერების შედეგად. ოქმში არ არის მითითებული თუ ვინ ესწრებოდა უძრავი ნივთის დათვალიერებას, გამოკითხულნი იქნენ თუ არა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მფლობელები, რა გარემოებები დადგინდა დათვალიერებისას და ა.შ.

ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს საკითხის იმგვარად გადაწყვეტის დასაბუთებას, რასაც იმპერატიულად ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი. გადაწყვეტილება, მიღებულ იქნა ფორმალურად, სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გარეშე, რის გამოც მართებულია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა დასკვნა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 იანვრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. მაკარიძე

ქ. ცინცაძე

ბ. შონია