Facebook Twitter

№ბს-568(კ-24) 13 ნოემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების რეგიონალური სერვის ცენტრის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 მარტის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თ.ლ-მა სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების რეგიონალური სერვის ცენტრის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების რეგიონალური სერვის ცენტრის 2023 წლის 04 მაისის SSA 6 23 00472915 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თ.ლ-ისათვის სახელმწიფო გასაცემლის (პენსიის) 2023 წლის 01 მაისიდან შეწყვეტის შესახებ. ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 04 ივლისის SSA 4 23 00556613 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. გ) დაევალოს მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს სოციალური მომსახურების სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურს გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - თ.ლ-ისათვის სახელმწიფო გასაცემლის პენსიის აღდგენის შესახებ 2023 წლის 1 მაისიდან. დ) დაეკისროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მოსარჩელე თ.ლ-ის სასარგებლოდ სახელმწიფო პენსიის უკანონოდ შეწყვეტის დღიდან 2023 წლის 01 მაისიდან სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე იძულებითი განაცდურის სახით სახელმწიფო პენსიის ანაზღაურება.

2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ.ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების რეგიონალური სერვის ცენტრის 2023 წლის 04 მაისის SSA 6 23 00472915 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თ.ლ-ისათვის სახელმწიფო გასაცემლის (პენსიის) 2023 წლის 01 მაისიდან შეწყვეტის შესახებ. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 04 ივლისის SSA 4 23 00556613 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა თ.ლ-ისათვის სახელმწიფო გასაცემლის აღდგენისა და სახელმწიფო გასაცემლის შეწყვეტიდან - 2023 წლის 1 მაისიდან სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე პერიოდზე, იძულებითი განაცდურის (მიუღებელი პენსიის) ანაზღაურების შესახებ, მოსარჩელე თ.ლ-ის სასარგებლოდ.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების რეგიონალური სერვის ცენტრის მიერ.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 28 მარტის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების რეგიონალურმა სერვის ცენტრმა.

კასატორთა განმარტებით, მოსარჩელე დასაქმებულია სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში ...ის თანამდებობაზე, რომელიც სააგენტოს სტრუქტურული ერთეულია და არა ცალკე იურიდიული სტატუსის მქონე სუბიექტი. სსიპ - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო დაფუძნდა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 3 ნოემბრის №533 ბრძანებულებით და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების პირველი მუხლის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით მოსარგებლე სხვადასხვა მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები, მათ შორის ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტორული მუზეუმ-ნაკრძალი, ჩამოყალიბდნენ სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებად. მიუხედავად იმისა, რომ სსიპ - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, დებულების თანახმად, სხვა საქმიანობასთან ერთად ახორციელებს მის სტრუქტურაში არსებული მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების მართვას, მოვლა-პატრონობას, მუზეუმებისა და მუზეუმ ნაკრძალების ტერიტორიების განვითარების მომზადებას, უშუალოდ სააგენტო არ წარმოადგენს სამუზეუმო დაწესებულებების სტატუსის მქონე სუბიექტს, რომელზედაც შესაძლებელია „სახელმწიფი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი გავრცელდეს.

კასატორთა განმარტებით, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. საჯარო საქმიანობა კი, განიმარტება, როგორც სახელმწიფო სამსახურსა და სსიპ-ში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. ზემოხსენებულ ნორმაში აქცენტები გაკეთებულია დაწესებულების ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმაზე და დადგენილია საგამონაკლისო წესიც საჯარო საქმიანობს განხორციელების პარალელურად სახელმწიფო პენსიის მიღების უფლების მოპოვების კუთხით. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 24 ნოემბრის №05/05 ბრძანების პირველი მუხლის პირველ პუნქტის თანახმად, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო შექმნილია საჯარო სამართლის იურიდიული პირების, მათ შორის, ქუთაისის ისტორიულ არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალების ბაზაზე. ამავე ბრძანების მე-8 მუხლის თანახმად, მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურულ შემადგენლობაში შედიან და აღნიშნული მუზეუმის დამოუკიდებელ სტრუქტურულ ერთეულად მიჩნევა ვერ მოხდება. სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო დაფუძნდა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს შექმნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 3 ნოემბრის №533 ბრძანებულიბით. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2008 წლის 21 ნოემბრის №3/331 ბრძანებით დამტკიცებული სააგენტოს დებულების პირველ მუხლის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით მოსარგებლე სხვადასხვა მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები, მათ შორის, ქუთაისის ისტორიულ არქიტექტურული მუზეუმ ნაკრძალი, სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებად ჩამოყალიბდნენ. მიუხედავად იმისა, რომ სსიპ - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, დებულების თანახმად, სხვა საქმიანობასთან ერთად ახორციელებს მის სტრუქტურაში არსებული მუზეუმებისა და მუზეუმ ნაკრძალების მართვას და სხვა საქმიანობას, უშუალოდ სააგენტო არ წარმოადგენს სამუზეუმო დაწესებულების სტატუსის მქონე სუბიექტს, რომელზედაც შესაძლებელია „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი გავრცელდეს. შესაბამისად, აღნიშნულ დაწესებულებაში საქმიანობის განხორციელების პერიოდში შრომითი ანაზღაურება, კანონით დადგენილი პირობით სახელმწიფო გასაცემლის მიღების უფლებას ზღუდავს.

ვინაიდან, სსიპ - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო არ წარმოადგენს სამუზეუმო დაწესებულების სტატუსის მქონე სუბიექტს, რომელზედაც შესაძლებელია საჯარო საქმიანობის განმახორციელებელი პირებისათვის „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური პაკეტის გაცემის წესის და პირობების“ მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით რეგლამენტირებული პირობა გავრცელდეს და ამავდროულად მოსარჩელე დასაქმებულია სსიპ - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტორულ მუზეუმ ნაკრძალში - მას ეზღუდება სახელმწიფო გასაცემლის მიღების უფლება.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების რეგიონალური სერვის-ცენტრის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების რეგიონალური სერვის-ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების რეგიონალური სერვის ცენტრის 2023 წლის 04 მაისის SSA 6 23 00472915 წერილის თანახმად, მოსარჩელე თ.ლ-ი დასაქმებულია სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში, რაც დადგინდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ მიწოდებული ინფორმაციით, ხოლო აღნიშნულის თაობაზე მას სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში ინფორმაცია არ წარუდგენია. ამავე წერილით თ.ლ-ს განემარტა, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო გასაცემლის მიღების უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში, შესაბამისად, ვინაიდან იგი დასაქმებული იყო სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში, 2023 წლის 01 მაისიდან მას შეუწყდებოდა სახელმწიფო გასაცემლის მიღება. ზემოაღნიშნული აქტი, მოსარჩელე მხარემ გაასაჩივრა ადმინისტრაციული საჩივრით. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 30 მაისის SSA 4 23 00556613 გადაწყვეტილებით თ.ლ-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 04 მაისის წერილი (ს.ფ. 15-16, 18-21, 22-26); ბ) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 30 მაისის SSA 4 23 00556613 გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ თ.ლ-ს სოციალური გასაცემელი დანიშნული აქვს 2020 წლის 1 თებერვლიდან. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან სახელმწიფო პენსიის დანიშვნის შემდგომ, იგი არაერთხელ ფიქსირდებოდა საჯარო საქმიანობის განმახორციელებელ ბენეფიციარად, მაგრამ მას სახელმწიფო გასაცემელი არ შეწყვეტია, ვინაიდან სახელმწიფო გასაცემლის დეპარტამენტიდან 2019 წლის 24 მაისის წერილის მიხედვით სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში დასაქმებულ პირებზე არ უნდა განხორციელდეს საჯარო საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვა. გადაწყვეტილებაში ასევე მითითებულია, რომ მოქალაქე თ.ლ-ს სახელმწიფო გასაცემელი 2023 წლის 01 მაისიდან არ შეწყვეტია, ხოლო რაც შეეხება №472915 წერილს, წერილი მოქალაქეს გაეგზავნა ორგანიზაციის სამართლებრივი ფორმისა და ხელშეკრულების ფორმის დასადგენად, სააგენტოდან მოწოდებული სტანდარტული ფორმით. (ს.ფ. 22-26); გ) თ.ლ-ი 2016 წლის 01 ნოემბრიდან დასაქმებულია სსიპ - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში ...ის თანამდებობაზე (ს.ფ. 17); დ) სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურომ 2023 წლის 13 ივლისის №გ6476 წერილში განმარტა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლისა და ამავე კანონის 1261 მუხლის თანახმად, კულტურული საქმიანობის განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი არ წარმოადგენს საჯარო სამსახურს და არც აღნიშნულ დაწესებულებაში განხორციელებული საქმიანობა განეკუთვნება საჯარო საქმიანობას. ასევე, მისი თანამშრომელი არ მიიჩნევა საჯარო მოხელის სტატუსის მქონე პირად. შესაბამისად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის, სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო არ წარმოადგენს საჯარო სამსახურს, იქ დასაქმებული პირი (მათ შორის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი) არ ახორციელებს საჯარო საქმიანობას და ასევე, არ მიიჩნევა საჯარო მოსამსახურის/მოხელის სტატუსის მქონე პირად (ს.ფ. 28).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელისთვის პენსიის შეწყვეტის კანონიერების შემოწმება მისი საჯარო სამსახურში საქმიანობის საფუძვლით, რისთვისაც აუცილებელია დადგინდეს, არის თუ არა სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სამუზეუმო დაწესებულების სტატუსის მქონე სუბიექტი და ეწეოდა თუ არა სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში ...ის პოზიციაზე დასაქმებული მოსარჩელე საჯარო საქმიანობას, რაც პენსიის მიღების შესაძლებლობას გამორიცხავს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პენსიის მიღება საერთაშორისო და შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად, პირის ძირითად სოციალურ უფლებათა ჯგუფს განეკუთვნება. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ევროპის სოციალური ქარტია და მისი მე-12 მუხლი, რომლის შესაბამისადაც, სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა. შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ევროპის სოციალური უზრუნველყოფის კოდექსის რატიფიკაციისათვის აუცილებელ დონეს. მიიღონ ზომები სოციალური უზრუნველყოფის სისტემის გაუმჯობესების მიზნით. ქარტიის 23-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულთა მიერ სოციალური დაცვით უფლებით რაც შეიძლება დიდხანს სარგებლობის მიზნით, მხარეები, უშუალოდ ან სახელმწიფო ან კერძო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გზით, ვალდებულებას იღებენ მიიღონ და მხარი დაუჭირონ შესაბამის ზომებს, რომლებიც მიზნად ისახავს: - უზრუნველყოს ხანდაზმულთა დარჩენა საზოგადოების სრულფასოვან წევრებად რაც შეიძლება მეტი ხნით, შემდეგი საშუალებებით: ა) სათანადო სახსრების გამოყოფა, რაც საშუალებას მისცემს მათ იცხოვრონ ღირსეულად და აქტიური მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში; ბ) ინფორმაციის მიწოდება იმ სამსახურებისა და შეღავათების შესახებ, რომლებიც დადგენილია ხანდაზმულთათავის;

ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-9 მუხლის თანახმად, პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ხანდაზმულ პირთა სოციალური უფლებების მიმართ სახელმწიფოს აკისრია პოზიტიური ვალდებულება, არა მხოლოდ აღიაროს აღნიშნულ პირთა სოციალური უფლებების არსებობა, არამედ საპენსიო სისტემასთან დაკავშირებული ქმედითი ეროვნული კანონმდებლობის შექმნისა და არსებულის დახვეწის გზით, აგრეთვე, უზრუნველყოს ხსენებულ უფლებათა რეალიზებისათვის ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონე სამართლებრივი გარანტიების შექმნა. პოზიტიურ ჭრილში, სახელმწიფო, ასევე, ვალდებულია, დასახელებული ვალდებულებების ზედმიწევნითი განხორციელებით დაიცვას ხანდაზმულ პირთა სოციალური უფლებები და შეამციროს მათი ხელყოფის რისკები. ამასთან, პენსიის მიღების უფლების საჯარო-სამართლებრივი შინაარსის გათვალისწინებით, შესაბამისი საფუძვლების არსებობისას სახელმწიფოს მიერ პენსიის გაცემის შემხვედრი ვალდებულებით აღჭურვით, სახელმწიფოს სოციალურ უფლებათა მიმართ წარმოეშობა ნეგატიური ვალდებულებაც - საპენსიო სისტემის ფორმირების შედეგად ნაკისრი ვალდებულებების განუხორციელებლობით თავად არ ხელყოს ხანდაზმულ პირთა სოციალური გარანტიები

პალატა აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს ხანდაზმულ მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზაცია და სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის (შემდგომ – პენსია) დაწესება არსებული რესურსების ფარგლებში. ეს კანონი არეგულირებს პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტის და პენსიის მიღების ზოგად პრინციპებს. ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელეს ასაკით პენსია 2020 წლის 1 თებერვლიდან, პირადი განცხადების საფუძველზე დაენიშნა და 2023 წლის 1 მაისიდან საჯარო საქმიანობის განხორციელების მიზეზით, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლს პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შეუწყდა.

„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 4.1 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, საჯარო საქმიანობა არის სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა), განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც საჯარო საქმიანობას მიეკუთვნება, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ’’ საქართველოს კანონზე, რომლის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან კანონის საფუძველზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით შექმნილი, საკანონმდებლო და სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს ნორმატიული აქტით შექმნილი, სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად კი საჯარო სამსახური არის – სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რამდენადაც ნებისმიერი სახელმწიფო გასაცემელი უკავშირდება საბიუჯეტო სახსრების განკარგვის საკითხს, ბუნებრივია კანონმდებლის მიზანია საბიუჯეტო თანხების ხარჯვასთან დაკავშირებით დაწესდეს სპეციალური შეზღუდვები. თუმცა, საკითხის შეფასების პროცესში არანაკლებ პრინციპულია სწორად დადგინდეს ბენეფიციარის დასაქმების ადგილი, მისი ფუნქცია-მოვალეობები, საქმიანობის სფეროს სპეციფიკა, რათა თავიდან იქნეს აცილებული მოქალაქის სოციალური უფლების უსაფუძვლო შეზღუდვა.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას და მიუთითებს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 24 ნოემბრის №05/05 ბრძანებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც დადგენილია, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) შექმნილია საჯარო სამართლის იურიდიული პირების: სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმის, დიდი მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის, ვარძიის ისტორიულ- არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, სამშვილდის და კლდეკარის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, ქსნის ხეობის ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის, პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის გურიის მხარის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის, დიდი ლიახვის ხეობის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის, ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის, მირზაანის ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმის ბაზაზე და წარმოადგენს ზემოაღნიშნული მუზეუმებისა და მუზეუმ- ნაკრძალების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმისა და დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმის უფლებამონაცვლეს.

ზემოხსენებული დებულების მე-8 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულია სააგენტოს სტრუქტურა, კერძოდ მითითებულია, რომ სააგენტოს სტრუქტურა შედგება მუზეუმებისგან, მუზეუმ-ნაკრძალებისგან და სამსახურებისაგან (სტრუქტურული ერთეულები). ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად სააგენტოს შემადგენლობაში მუზეუმები და მუზეუმ ნაკრძალებში, მათ შორის, ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალიც შედის. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სააგენტოს სამსახურებია: ა) ძეგლთა რეაბილიტაციის, ნებართვებისა და ექსპერტიზის სამსახური; ბ) არქეოლოგიისა და კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახური; გ) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სამსახური; დ) მონიტორინგის სამსახური; ვ) იუნესკოსა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური; ზ) ადმინისტრაცია (სამსახური); თ) შიდა აუდიტისა და შრომის უსაფრთხოების სამსახური; ი) ეკონომიკური სამსახური; კ) საინფორმაციო სისტემების სამსახური; ლ) ძეგლთა ფიქსაციისა და კულტურულ ფასეულობათა კონსერვაცია- რესტავრაციის ლაბორატორია (სამსახური).

მნიშვნელოვანია ზემოაღნიშნული დებულების მე-9 მუხლი, რომლის თანახმადაც, მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების ძირითადი ამოცანებია: ა) მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების მართვაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის მართვა, დაცვა, ექსპონირება და პოპულარიზაცია; ბ) კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენა, შეგროვება, აღრიცხვა, დაცვა, შესწავლა, ექსპონირება და პოპულარიზაცია; გ) კულტურული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა; დ) სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება; ე) სამეცნიერო კვლევების საფუძველზე, ახალი და განახლებული მუზეუმების ან/და მუზეუმ-ნაკრძალებისათვის სამუზეუმო ექსპოზიციათა კონცეფციების შემუშავება; ვ) სამუზეუმო სფეროს ექსპერტებთან თანამშრომლობა და კვლევითი, საკონსულტაციო, საექსპერტო საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობა; ზ) მუზეუმებთან და მუზეუმ-ნაკრძალებთან დაკავშირებული შემეცნებითი, სამეცნიერო, სამეცნიერო-პოპულარული, საინფორმაციო ხასიათის გამოცემებისა და ღონისძიებების მომზადება-განხორციელება; თ) ამ მუხლის „ა“-„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ამოცანების შესრულების მიზნით, შესაბამისი პროგრამების შემუშავება და განხორციელება; ი) მუზეუმის/მუზეუმ-ნაკრძალის დებულებით განსაზღვრული და სამინისტროსგან შესაბამისი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დელეგირებული საქმიანობის ფარგლებში სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

საკასაციო პალატა, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 24 ნოემბრის №05/05 ბრძანებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების ზემოხსენებული ნორმებიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ სააგენტო მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებს აერთიანებს, მათ ბაზაზეა შექმნილი და მათ უფლებამონაცვლეს წარმოადგენს. დებულებით პირდაპირაა განსაზღვრული და გამიჯნული როგორც მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების, ასევე კონკრეტული სამსახურების სახეობები, მათ საქმიანობა და ფუნქციები. ამიტომ, საკასაციო პალატა თვლის, რომ მოსარჩელე რომელიც ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში დასაქმებული პირია, სააგენტოს შემადგენლობაში, როგორც მუზეუმში დასაქმებულ პირს წარმოადგენს. სააგენტოს შემადგენლობაში შემავალი მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები არ შეიძლება გაიგივებულ იქნეს სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულთან. შესაბამისად, მოსარჩელის ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალში მუშაობა ექცევა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის დეფინიციაში და მუზეუმში დასაქმებულ პირად ითვლება. ამიტომაც, იგი არ ითვლება საჯარო საქმიანობის განმახორციელებელ პირად და სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე არ არსებობს მისთვის სახელმწიფო პენსიის შეწყვეტის საფუძველი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მართებულია სასამართლოების დასკვნა, რომ თ.ლ-სთან მიმართებაში, ადგილი არ ჰქონია ისეთ ფაქტობრივ-სამართლებრივ მოცემულობას, რაც შეიძლებოდა მისთვის სახელმწიფო პენსიის შეწყვეტის საფუძველი ყოფილიყო. შესაბამისად, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები უკანონოა და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და უნდა დაკმაყოფილდეს მოთხოვნა, სახელმწიფო პენსიის აღდგენის შესახებ ახალი აქტის გამოცემის დავალებით.

შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების რეგიონალური სერვის ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე