ბს-243(კ-24) 27 ნოემბერი, 2024წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გიორგი გოგიაშვილი, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.05.2023წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ლ-ლმა 18.07.2018წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 22.09.2017წ. №1747 ბრძანების ბათილად ცნობა და მოსარჩელის უფლებებში აღდგენის თაობაზე მოპასუხის დავალება. 20.08.2018წ. განცხადებით მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნები და მოითხოვა დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ მოპასუხის 22.09.2017წ. №1747 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე მატერიალური ზიანის - მიუღებელი შემწეობის 2017 წლის სექტემბრის თვიდან ყოველთვიურად 45 ლარის ოდენობით მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისთვის დაკისრება.
საქალაქო სასამართლოში 29.07.2019წ. გამართულ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა დააზუსტა მოპასუხეთა წრე და მოპასუხედ დაასახელა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.07.2019წ. განჩინებით სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება ახალგორის მუნიციპალიტეტის ...ს თემის ტერიტორიული ორგანო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.01.2020წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო შეიცვალა მისი უფლებამონაცვლით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოთი. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა მ. ლ-ლის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.04.2020წ. განჩინებით მ. ლ-ლის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 27.01.2020წ. განჩინება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.07.2022წ. გადაწყვეტილებით მ. ლ-ლის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 22.09.2017წ. №1747 ბრძანება, მოპასუხეს დაევალა მოსარჩელისათვის დევნილის სტატუსის აღდგენა და კუთვნილი მიუღებელი ფულადი შემწეობის ანაზღაურება, თვეში 45 ლარის ოდენობით, 2017 წლის 1 სექტემბრიდან, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.05.2023წ. განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ დევნილის სტატუსის მისანიჭებლად უნდა განისაზღვროს პირის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. აღნიშნული სტატუსის მინიჭების მიზნებისათვის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის პირის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და არ შეუძლია დაბრუნება კანონით გათვალისწინებული მიზეზის არსებობის გამო. პირი რამდენიმე საცხოვრებელი ადგილიდან თავად ირჩევს ძირითად, უმთავრეს საცხოვრებელ ადგილს, რომელიც მიიჩნევა მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად. საქმეში არსებული მასალებითა დგინდება, რომ მ. ლ-ლი 2003 წლამდე მუდმივად ცხოვრობდა ახალგორის რაიონის სოფ. ...ში, 2003 წლიდან იმყოფებოდა საზღვარგარეთ და პერიოდულად ჩამოდიოდა საქართველოში, იგი არის საქართველოს მოქალაქე. მოწმეთა განმარტების თანახმად მ. ლ-ლი მუდმივად ცხოვრობდა სოფ. ...ში, რომელიც იძულებით დაატოვებინეს 2008 წელს, იგი გერმანიაში იმყოფება დროებით, სწავლისა და მუშაობის მიზნით. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მოწმეთა და მხარეთა განმარტებებით დასტურდება მოსარჩელის ახალგორის რაიონში მუდმივად ცხოვრების ფაქტი. მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელე დროებით, სამუშაო მიზნით იმყოფება საქართველოს ფარგლებს გარეთ არ შეიძლება გახდეს მისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილი სტატუსის ჩამორთმევის საფუძველი. რაც შეეხება მიუღებელი შემწეობის ანაზღაურებას, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელისთვის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების უკანონოდ ცნობის გამო საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა ამ პერიოდის განმავლობაში მიუღებელი შემწეობის ანაზღაურების თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.05.2023წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები და მხოლოდ საკანონმდებლო ნორმებზე მითითებით შემოიფარგლა. საქმის მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელემ ოჯახი შექმნა საზღვარგარეთ და დღემდე იქ ცხოვრობს. მიუხედავად ამისა, სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია მოსარჩელის მიერ საზღვარგარეთ მხოლოდ სწავლის მიზნით გამგზავრება. მოსარჩელის წარმომადგენელი ქვედა ინსტანციის სასამართლოებში მიუთითებდა, რომ მ. ლ-ლს მშობლების საკარმიდამო ნაკვეთში გააჩნდა ცალკე საცხოვრებელი სახლი, რაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება. აღნიშნული გარემოების დადასტურების შემთხვევაშიც, განსახილველ საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად მოსარჩელის საკუთრების უფლების არსებობა მნიშვნელოვანი არ არის. ახალგორის მუნიციპალიტეტის მიერ გაცემულ ცნობაში ნათლად არის მითითებული გარემოება იმის შესახებ, რომ მოსარჩელე 2003 წლიდან იმყოფება საზღვარგარეთ და იგი მხოლოდ პერიოდულად ჩამოდის საქართველოში. ამდენად, ტერიტორიიის დატოვების საფუძველი არ გამხდარა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის 6.1 მუხლში მითითებული გარემოება, აღნიშნული კი გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. მოსარჩელე თავად მიუთითებს, რომ წლებია იმყოფება საზღვარგარეთ, ჰყავს ოჯახი და საოჯახო მეურნეობას იქ ეწევა, შესაბამისად მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ შექმნია მისი საცხოვრებელი ადგილის უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად, იგი იძულებული არ გამხდარა სწორედ აღნიშნული მიზეზით დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. რაც შეეხება მისთვის წარსულში დევნილის სტატუსის მინიჭების ფაქტს, ომის პირობებში გამგეობების მიერ ექსტრემალურ პირობებში ყოველგვარი გადამოწმების გარეშე მოხდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეგისტრირებულ პირთათვის დევნილის სტატუსის მინიჭება, ხოლო შემდგომ სააგენტოს მხრიდან განხორციელდა აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება და მას ჩამოერთვა უსაფუძვლოდ მინიჭებული დევნილის სტატუსი. მოცემულ შემთხვევაში სააგენტომ ჩაატარა სრული ადმინისტრაციული წარმოება და მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება. დევნილის სტატუსის მინიჭებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას და იმის დადგენას, რომ მას იძულების წესით დაატოვებინეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. მოსარჩელე დღესაც სხვა ქვეყანაში ცხოვრობს. ის როგორც საოჯახო, ისე შრომითი საქმიანობით 2003 წლიდან დაკავშირებულია გერმანიასთან. დევნილის სტატუსის მინიჭება წარმოშობს სახელმწიფოს მიერ მისი სოციალური დაცვის (დევნილის შემწეობა, საცხოვრებლით უზრუნველყოფა) ვალდებულებას, შესაბამისად კანონით დადგენილი საფუძვლების არარსებობისას პირისთვის ასეთი სტატუსის მინიჭება შედეგად იწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვას. მიუღებელი შემწეობის ანაზღაურებასთან დაკავშირებით კასატორმა მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-11 მუხლზე და აღნიშნა, რომ კანონმდებლობა არ ითვალისწინებს დევნილის შემწეობის ანაზღაურებას შეჩერების მთელი პერიოდისათვის, შესაბამისად 2017 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე დევნილის შემწეობის სააგენტოსთვის დაკისრების მოთხოვნა არ გამომდინარეობს კანონის მიზნებიდან. კასატორის მითითებით მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსთვის დაუშვებელია ასტრონომიული თანხების დაკისრება. მოთხოვნის დაკმაყოფილებას შედეგად არ უნდა მოჰყვეს კანონმდებლობის დარღვევა და მხარის უსაფუძვლო გამდიდრება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-10 მუხლი ადგენს პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებს. განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 22.09.2017წ. №1747 ბრძანებით მითითებული კანონის 10.3 მუხლის საფუძველზე მ. ლ-ლს ჩამოერთვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი. აღნიშნული ნორმის მიხედვით პირს დევნილის სტატუსი ჩამოერთმევა, თუ მან ეს სტატუსი ყალბი საბუთებისა და ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე მიიღო, შესაბამისად დევნილის სტატუსის ჩამორთმევის მართლზომიერების შეფასება საჭიროებს სინამდვილესთან შეუსაბამო მონაცემების საფუძველზე დევნილის სტატუსის მინიჭების დადასტურებას. იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება (6.1 მუხ.), შესაბამისად დევნილის სტატუსის განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს საქართველოს მოქალაქეობის ან საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის ქონა და კონკრეტულ ადგილას პირის მუდმივად ცხოვრების ფაქტი. საქმის მასალებში დაცული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 12.08.2019წ. წერილის მიხედვით მ. ლ-ლი ითვლება საქართველოს მოქალაქედ. განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს შეადგენს მოსარჩელის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად ახალგორის მუნიციპალიტეტის მიჩნევა. ახალგორის მუნიციპალიტეტის ...ს თემის ტერიტორიული ორგანოს 08.06.2015წ. და 29.01.2016წ. ცნობების, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 01.02.2016წ. წერილის, ასევე ახალგორის მუნიციპალიტეტში 2008 წლის აგვისტოს ომამდე პირის მუდმივად ცხოვრების ფაქტის დამდგენი კომისიის 26.12.2014წ. და 25.05.2015წ. დასკვნების თანახმად მ. ლ-ლი 2003 წლამდე მუდმივად ცხოვრობდა ახალგორის რაიონში, სოფ. ...ში, ხოლო 2003 წლიდან იმყოფებოდა საზღვარგარეთ. დევნილის სტატუსის მისანიჭებლად 11.08.2017წ. მ. ლ-ლთან გასაუბრების ოქმში მოსარჩელე მიუთითებს, რომ მისი მშობლები და და-ძმა არიან დევნილები, 1983-1994წ.წ. სწავლობდა ახალგორის რაიონის სოფ. ...ის საშუალო სკოლაში, ხოლო 1994-1999წ.წ. - თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში, 2001-2002წ.წ. მუშაობდა ახალგორის რაიონის სოფ. ...ს დაწყებით სკოლაში, 2003 წელს სამუშაოდ და სასწავლებლად გაემგზავრა გერმანიაში, ასევე მას ჰყავს არადევნილი შვილი, რომელიც ქ. ჰამბურგის საბავშვო ბაღის აღსაზრდელია, მეუღლე არის გარდაცვლილი. მოწმეთა ჩვენებებითა და შსს მომსახურების სააგენტოს ბეჭდით დამოწმებული საზღვრის კვეთის ამსახველი დოკუმენტის მიხედვით მოსარჩელემ საქართველოს საზღვრები ტერიტორიის ოკუპაციამდე რამდენიმე დღით ადრე დატოვა, ასევე დგინდება ამ პერიოდის შემდგომ საქართველოში პერიოდულად მოსარჩელის ჩამოსვლის ფაქტი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ გამორიცხავს მისი გადაადგილების თავისუფლებას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, ამასთანავე არ გამოირიცხება სწავლის მიზნით მუდმივი საცხოვრებელი ადგილისაგან მოშორებით დროებით ცხოვრება. განსახილველ შემთხვევაში სადავო გარემოებას არ წარმოადგენს მოსარჩელის მიერ ქ. ჰამბურგში 2004-2008 წლებში სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებელში (კოლეჯში) სწავლების ფაქტი. კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე ამჟამად საოჯახო მეურნეობით დაკავშირებულია სხვა ქვეყანასთან, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საკმარის საფუძველს არ ქმნის. მოსარჩელე შესაძლოა დღეის მდგომარეობით მუშაობს და თავისი ყოველდღიური ცხოვრებით უკავშირდება სხვა ადგილს, თუმცა დევნილი სტატუსის მისანიჭებლად მნიშვნელოვანია „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის 6.1 მუხლით გათვალისწინებული მოვლენის დადგომის დროისთვის პირის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა და ამ ადგილზე დაბრუნების შეუძლებლობა, ამასთანავე მითითებული კანონის მე-9 მუხლი ადგენს დევნილის საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ აღრიცხვის წესს, კერძოდ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ყოველი თვის ბოლოს აწვდის სამინისტროს იმ პირთა შესახებ მონაცემებს, რომლებიც საკონსულო აღრიცხვაზე დგანან (9.2 მუხ.), შესაბამისად დღეის მდგომარეობით პირის სხვა ადგილას ცხოვრებისა და მუშაობის ფაქტი არ გამორიცხავს მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების საფუძვლების არსებობას. მოსარჩელის მუდმივ საცხოვრებლად ახალგორის მუნიციპალიტეტის მიჩნევას არ გამორიცხავს აგრეთვე ის გარემოება, რომ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. მუდმივი საცხოვრებელი ადგილი პირის ცხოვრების საერთო მონაცემების შეფასების შედეგად დგინდება - მისი ფაქტობრივად უმეტესი დროით ყოფნის, ნათესაური კავშირების, საქმიანობის და სხვა გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად. როგორც უკვე აღინიშნა, სასწავლებლად სხვა ადგილას დროებით ყოფნა არ არის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად ოკუპირებული ტერიტორიის მიჩნევის გამომრიცხველი გარემოება, აგრეთვე უდავოა, რომ სწავლის დასრულების შემგომ მოსარჩელეს არ გააჩნდა ახალგორის მუნიციპალიტეტში დაბრუნების შესაძლელობა, ამის შესაძლებლობა არც დღეს გააჩნია. აღსანიშნავია ისიც, რომ მ. ლ-ლმა ქ. ჰამბურგში ფარმაციის სფეროში პროფესიული საქმიანობის განხორციელების ნებართვა მიიღო 17.02.2009წ., ანუ ზემოთ მითითებული კანონის 6.1 მუხლით გათვალისწინებული მოვლენის დადგომის შემდგომ. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში კასატორმა ვერ უზრუნველყო იმ გარემოების მტკიცება და ისეთი სახის მტკიცებულებაზე მითითება, რომელიც მოსარჩელის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად ახალგორის მუნიციპალიტეტის მიჩნევის შესაძლებლობას გამორიცხავდა.
გასაჩივრებული აქტის მართლზომიერებას არ ადასტურებს აგრეთვე ოკუპირებულ ტერიტორიაზე რეგისტრირებული ყველა პირისთვის ექსტრემალურ პირობებში დევნილის სტატუსის მინიჭებაზე მითითება. ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია, რომ მ. ლ-ლს დევნილის სტატუსი მიენიჭა 2010 წლის ივლისში, 2014 წლის ივნისში დევნილის სტატუსი შეუწყდა რეგისტრაციის გაუვლელობის გამო, მ. ლ-ლმა 20.07.2015წ. განცხადებით მოითხოვა დევნილის სტატუსის აღდგენა და 2015 წლის აგვისტოს თვეში მას აღუდგა დევნილის სტატუსი, ამასთან დევნილის სტატუსის აღდგენასთან დაკავშირებით მას ჩაუტარდა გასაუბრება (ტ. 2, ს.ფ. 4). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელისთვის 2010 წელს დევნილის სტატუსის მინიჭების დროისთვის მოქმედი 28.06.1996წ. „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის (ძალადაკარგულია 06.02.2014წ. კანონით) 2.9 მუხლიდან გამომდინარე მოსახლეობის მასობრივი და ექსტრემალური გადაადგილების დროს დევნილის სტატუსის მინიჭება ხდებოდა დაუყონებლივ. იმავე პერიოდში მოქმედი საქართველოს ლტოლვილთა და განსახილების მინისტრის 01.11.2007წ. №124 ბრძანებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭებისა და დევნილთა რეგისტრაციის წესი“ (ძალადაკარგულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახილებისა და ლტოლვილთა მინისტრის 16.07.2013წ. №287 ბრძანებით) დევნილის სტატუსის მისანიჭებლად ითვალისწინებდა წერილობითი განცხადებით სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოსადმი მიმართვის ვალდებულებას. აღნიშნული წესი აგრეთვე ადგენდა, რომ მოსახლეობის მასობრივი და ექსტრემალური გადაადგილების დროს პირს სტატუსი ენიჭებოდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე (3.1 მუხ.), შესაბამისად დევნილის სტატუსის მინიჭება არა ავტომატურ რეჟიმში, არამედ პირის მხრიდან ნების გამოვლენის, პირადობის მოწმობისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე ხორციელდებოდა (სუსგ 09.06.2011წ. საქმე №ბს-348-345(კ-11)). საქმის გარემოებათა გამოკვლევის გარეშე გასაჩივრებული ბრძანების მიღებას ადასტურებს აგრეთვე ის გარემოება, რომ 2015 წელს მოსარჩელეს დევნილის სტატუსი აღუდგა იგივე ინფორმაციის შემცველი დოკუმენტების არსებობის პირობებში, რომელიც შემდეგში საფუძვლად დაედო მოსარჩელისთვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევას და სადავო აქტის გამოცემას. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციული წარმოების დროს არ შეასრულა კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები და საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეჯერების შედეგად არ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება, რაც ქმნის გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის წინაპირობას. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე დგინდება მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლების არსებობა.
დაუსაბუთებელია კასატორის მითითება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-11 მუხლზე, რომელიც მიუღებელი შემწეობის ანაზღაურების შესაძლებლობას ითვალისწინებს დევნილის შემწეობის შეჩერების დღიდან არაუმეტეს ერთი წლისა. განსახილველ შემთხვევაში არ დგინდება მოსარჩელისთვის დევნილის სტატუსის შეჩერების ფაქტი, ასევე კასატორი არ მიუთითებს სტატუსის შეჩერების კანონით გათვალისწინებულ საფუძვლებზე. ის გარემოება, რომ დევნილის სტატუსის ჩამორთმევის უკანონობის დადგენის შემთხვევაში მითითებული კანონი არ ადგენს მიუღებელი შემწეობის ანაზღაურებას, არ ათავისუფლებს მოპასუხეს მიუღებელი შემწეობის ანაზღაურების ვალდებულებისაგან. ასეთ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება საერთო წესის საფუძველზე ეკისრება. სზაკ-ის 207-ე მუხლის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზიანის ანაზღაურების ერთ-ერთ აუცილებელი წინაპირობას წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედების დადასტურება. განსახილველ შემთხვევაში დგინდება მოსარჩელისთვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევის თაობაზე მოპასუხის ბრძანების არამართლზომიერება, შესაბამისად აღნიშნული ადასტურებს მოსარჩელისთვის დევნილის შემწეობის უკანონოდ შეწყვეტის ფაქტს, რაც თავის მხრივ განაპირობებს უკანონო აქტის გამოცემით მიუღებელი შემწეობის სახით მიყენებული ზიანის მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ანაზღაურების ვალდებულებას. დევნილის შემწეობა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყოველთვიური გასაცემელი (4 მუხ. „ვ“ ქვ.პ.). საქართველოს მთავრობის 28.07.2006წ. №145 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპების, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობის, მინდობით აღზრდის ანაზღაურების ოდენობის, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობის, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების თანდართული წესის“ 105.1 მუხლის მიხედვით ერთ დევნილზე გასაცემი ყოველთვიური შემწეობის ოდენობა შეადგენს 45 ლარს, ამდენად, დევნილის შემწეობის ოდენობა განსაზღვრულია კანონმდებლობით, შესაბამისად კასატორის პრეტენზია დაკისრებული თანხის ოდენობასთან დაკავშირებით არ არის დასაბუთებული და არ უნდა იქნეს გაზიარებული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.05.2023წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: გ. გოგიაშვილი
თ. ოქროპირიძე