საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-553(კ-24) 26 ნოემბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს გენერალური პროკურატურა
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ჯ. მ-ე
მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2021 წლის 15 სექტემბერს ჯ. მ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხისთვის ჯ. მ-ეის სასარგებლოდ მორალური ზიანის სახით 10 000 ლარის ანაზღაურების, ხოლო მატერიალური ზიანის სახით 16 527,51 ლარის ანაზღაურების დაკისრება.
სარჩელის მიხედვით, 2018 წლის 12 იანვარს მოსარჩელე დაკავებულ იქნა, ხოლო სასამართლოს 2018 წლის 14 იანვრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით განესაზღვრა წინასწარი პატიმრობა, რომლიდანაც იგი 2018 წლის 12 სექტემბერს გათავისუფლდა, როდესაც პატიმრობა შეეცვალა გირაოთი. ამდენად, მოსარჩელემ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გაატარა 8 თვე. ჯ. მ-ემ ასევე აღნიშნა, რომ მას პროკურატურა ბრალს სდებდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, თუმცა საბოლოოდ იგი გამართლებულ იქნა სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ, რომლებმაც დაადგინეს, რომ მის მიმართ გამოყენებული წინასწარი პატიმრობა იყო უკანონო და მოსარჩელეს მიადგა მატერიალური და მორალური ზიანი.
მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემამდე იგი მუშაობდა თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-...ში, ხოლო უკანონო ბრალდების წაყენების შედეგად 2018 წლის 15 იანვრიდან 2019 წლის 1 აგვისტომდე შეჩერებული ჰქონდა სამსახურებრივი უფლებამოსილება, რის გამოც ვერ იღებდა ხელფასს და მიადგა მატერიალური ზიანი. გარდა ამისა, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ უკანონო მსჯავრდებით მას შეელახა პატივი და ღირსება, საქმიანი რეპუტაცია და თავმოყვარეობა, რასაც მოჰყვა მისი მორალური ტანჯვა, შიში და დეპრესია, შესაბამისად მიადგა მორალური ზიანი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილით, მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 28 თებერვლის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 ნოემბრის განჩინება და საქმეში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მესამე პირად ჩართვის საკითხზე ხელახალი მსჯელობის მიზნით საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 ივნისის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეში №3/5762-21, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ჯ. მ-ეს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს გენერალურ პროკურატურას დაეკისრა ჯ. მ-ეის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით; გარდა ამისა, საქართველოს გენერალურ პროკურატურას დაეკისრა ჯ. მ-ეის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის ანაზღაურება 16 527, 35 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 მარტის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 იანვრის განჩინებით, ბრალდებულ ჯ. მ-ეის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იქნა პატიმრობა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2018 წლის 12 სექტემბერს საოქმო განჩინებით კი ჯ. მ-ეის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა შეიცვალა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - გირაოთი, 5 000 ლარის ოდენობით და იგი გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან. სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 ივლისის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით, ჯ. მ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ, საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში და მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა.
პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 31 იანვრის MOD 1 18 00000440 ბრძანებით ჯ. ა.-ს ძე მ-ეს შეუჩერდა სამსახურებრივი ურთიერთობა 2018 წლის 15 იანვრიდან. ამასთან, ჯ. მ-ეის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძველი გახდა სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-...ის მეთაურის პატაკი და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 იანვრის და 14 იანვრის განჩინებები, რომლითაც მას აღკვეთის ღონისძიების სახით განესაზღვრა პატიმრობა, შემდეგ კი გირაო.
მატერიალური ზიანის ნაწილში, სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია პირდაპირი მიზეზობრივი კავშირის არსებობა ფულად ზარალსა და მოსარჩელის მიმართ მიმდინარე სისხლისსამართლებრივი დევნის თანმდევ შედეგებს შორის, რომელიც წარმოშობდა საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას. ამდენად, სასამართლომ განმარტა, რომ მიუღებელი ხელფასი უნდა ანაზღაურებულიყო იმ ოდენობით, რაც მოსალოდნელი იყო, თუკი ჯ. მ-ე გააგრძელებდა მუშაობას იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
კასატორმა მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე და 208-ე მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 992-ე და 1005-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა პროკურატურისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი, რადგან არ დასტურდებოდა პროკურატურის მხრიდან ზიანის მიყენების ფაქტი, მართლწინააღმდეგობა და პირდაპირი მიზეზობრივი კავშირის არსებობა. კასატორმა ასევე განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება ეფუძნებოდა კანონს და და კანონით გათვალისწინებულ „დასაბუთებული ვარაუდის“ სტანდარტს, ამასთან პროკურატურის მოქმედებები ყველა ეტაპზე გადიოდა სასამართლო კონტროლს და ეს უკანასკნელი აკმაყოფილებდა როგორც აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, ასევე მისი ძალაში დატოვების შუამდგომლობებს.
კასატორის განმარტებით, საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და საკითხის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმების შესაბამისად, მსგავს საქმეებზე საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის მორალური ზიანის საკომპენსაციოდ მიკუთვნებული 3 000 ლარის დაკისრება არაგონივრულად მაღალ ოდენობას წარმოადგენდა და არ შეესაბამებოდა მსგავს საკითხებზე ეროვნული და ევროპული სასამართლოების მიერ დადგენილ პრაქტიკას. ამასთან, კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გაეთვალისწინებინა კონკრეტული პიროვნება და მისი სუბიექტური დამოკიდებულება სისხლისსამართლებრივი დევნის მიმართ, კერძოდ ის ფაქტი, რომ ჯ. მ-ე წარსულში არაერთხელ იყო გასამართლებული სხვადასხვა განზრახი დანაშაულისთვის და იმყოფებოდა საპატიმრო დაწესებულებაში. ამასთან, სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო, რომ განსახილველ შემთხვევაში ჯ. მ-ეს თავისუფლება შეზღუდული ჰქონდა მხოლოდ 8 თვე და არ დასტურდებოდა, რომ მას სისხლის სამართლის წარმოების გამო გაუუარესდა ან დაუზიანდა ჯანმრთელობის მდგომარეობა და სხვა.
გარდა ამისა, კასატორი „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე და 57-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება ხორციელდება დამსაქმებელი ორგანოს (ამ შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის სამინისტრო) მიერ კანონით/დებულებით გათვალისწინებული სხვადასხვა საფუძვლების არსებობის პირობებში და დამსაქმებლის უფლებამოსილებას წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, ვინაიდან პროკურატურას თავად არ მიუმართავს სასამართლოსათვის ბრალდებულის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ და აღნიშნული თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებას წარმოადგენდა, შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის შემთხვევაში თანხის ანაზღაურების ვალდებულებაც სწორედ თავდაცვის სამინისტროს უნდა დაკისრებოდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 მაისის განჩინებით, საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ჯ. მ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; კერძოდ საქართველოს გენერალურ პროკურატურას დაეკისრა ჯ. მ-ეის სასარგებლოდ მორალური ზიანის სახით 3000 ლარის, ხოლო მატერიალური ზიანის სახით 16 527, 35 ანაზღაურება. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, ხოლო მოსარჩელეს - ჯ. მ-ეს თბილისის საქალაქო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 მარტის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული კი მიუთითებს იმაზე, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში.
ამდენად, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების კანონიერება უნდა შეამოწმოს მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილების, კერძოდ, საქართველოს გენერალურ პროკურატურისთვის ჯ. მ-ეის სასარგებლოდ მორალური ზიანის სახით 3000 ლარის, ხოლო მატერიალური ზიანის სახით 16 527,35 ლარის დაკისრების ნაწილში.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. აღნიშნული დანაწესით სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, სახელმწიფო სახსრებიდან აანაზღაუროს მისი მოსამსახურეების მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.
დამატებით აღსანიშნავია, რომ ზიანის ანაზღაურების წინაპირობებს განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კერძოდ, მითითებული კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. ამრიგად, ზიანის ანაზღაურებისთვის, პირის ქმედება უნდა ატარებდეს მართლსაწინააღმდეგო ხასიათს და იწვევდეს პირისთვის ზიანის მიყენებას. დამდგარ შედეგსა და უკანონო ქმედებას შორის კი უნდა არსებობდეს პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. რაც შეეხება მართლსაწინააღმდეგო ქმედების განმახორციელებელი პირის ბრალეულობას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ მიყენებული ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა. ასეთი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია, დადგინდეს ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. კერძოდ, პირს, რომლის მიმართაც გამოტანილია გამამართლებელი განაჩენი, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მის უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის. ზემოაღნიშნული ნორმის მიზანია დაზარალებულის დაცვა და გამართლებული პირისათვის სახელმწიფო ორგანოების მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანით გამოწვეული ნეგატიური შედეგების კომპენსირება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 იანვრის განჩინებით, ბრალდებულ ჯ. მ-ეის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იქნა პატიმრობა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2018 წლის 12 სექტემბერს საოქმო განჩინებით კი, ჯ. მ-ეის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა შეიცვალა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - გირაოთი, 5 000 ლარის ოდენობით და იგი გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან. აღნიშნულის შემდგომ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 ივლისის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით ჯ. მ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში და მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა.
ასევე დადგენილია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 31 იანვრის MOD 1 18 00000440 ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-...ის ...-ე ქვეითი ბატალიონის ...ის სექციის ...ს (საშტატო კატეგორია „...“; შტატი №...), ... ჯ. ა.-ს ძე მ-ეს შეუჩერდა სამსახურებრივი ურთიერთობა 2018 წლის 15 იანვრიდან. აღნიშნული ბრძანების მიღების საფუძველი გახდა სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-...ის მეთაურის პატაკი და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 იანვრის და 14 იანვრის განჩინებები, რომლითაც მას აღკვეთის ღონისძიების სახით განესაზღვრა პატიმრობა, შემდეგ კი - გირაო. ასევე დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 4 ივლისის განაჩენის საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 2019 წლის 30 ივლისის MOD 3 19 00003484 ბრძანებით, ძალადაკარგულად გამოცხადდა ზემოაღნიშნული 2018 წლის 31 იანვრის MOD 1 18 00000440 ბრძანება, ხოლო საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 2019 წლის 31 ივლისის MOD 8 19 00003506 ბრძანებით, ...ი ჯ. ა.-ს ძე მ-ე დაინიშნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-... ქვეითი ბრიგადის ...- ე ქვეითი ბატალიონის ... ქვეითი ასეულის ... ქვეითი ოცეულის ... ქვეითი ასეულის ...ად (საშტატო კატეგორია „...“; შტატი №...) და გათავისუფლდა შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-... ქვეითი ბრიგადის ...-ე ქვეითი ბატალიონის ...ის სექციის ...ის (საშტატო კატეგორია „...“; შტატი №...) თანამდებობიდან.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-... ქვეითი ბრიგადის 2023 წლის 8 მაისის MOD 8 23 00514522 წერილის თანახმად, დადგენილია, რომ მე-... ქვეითი ბრიგადის ყოფილ სამხედრო მოსამსახურეს ჯ. მ-ეს 2018 წლის 15 იანვრიდან 2019 წლის პირველ აგვისტომდე პერიოდში, შრომის ანაზღაურების მუხლით განაცდური საერთო დარიცხული თანხა 20822,4 ლარი (ხელზე გასაცემი თანხა 16 528,35 ლარი) არ გაცემულა, რადგან წინა წლების ბიუჯეტში შესაბამისი თანხები გათვალისწინებული არ იყო.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დაკავშირებულია არაქონებრივი უფლებების დარღვევასთან, ხოლო ქონებრივი უფლებების უკანონო შეზღუდვა იწვევს მატერიალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ რეაბილიტირებული პირის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არსებობს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად, როგორც ეს პირდაპირაა გათვალისწინებული სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილით. ასეთი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია, დადგინდეს ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა კი სწორედ მარეაბილიტირებელ გარემოებად განიხილება. ასეთ პირს უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მის უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის.
აღსანიშნავია, რომ უკანონო ბრალდების/პატიმრობის ან მსჯავრდების საქმეებთან მიმართებაში სასამართლოს მიერ არამატერიალური (მორალური) ზიანის თანხის ოდენობის განსაზღვრა ხორციელდება თითოეულ საქმეში ინდივიდუალურად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების, მორალური ზიანის მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების, ობიექტური გარემოებების (დაზარალებულის საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ.) და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით (Patsuria v. Georgia; Nikolaishvili v. Georgia; Jashi v. Georgia).
რაც შეეხება მიყენებული ზიანის ოდენობას, სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უკანონო ბრალდების/პატიმრობის ან მსჯავრდების საქმეებთან მიმართებაში სასამართლოს მიერ არამატერიალური ზიანის თანხის ოდენობის განსაზღვრა ხორციელდება თითოეულ საქმეში ინდივიდუალურად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით. კერძოდ, მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია დამდგარი ზიანის სიმძიმე, შელახული უფლების მნიშვნელობა, დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება მორალური ზიანის მიმართ, განცდების ინტენსივობა, საპატიმრო დაწესებულებაში პირის ყოფნის ხანგრძლივობა და სხვა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ჯ. მ-ეის მიერ პატიმრობაში გატარებული დროისა და იმ განცდების გათვალისწინებით, რაც თან ახლავს უკანონო მსჯავრდებას, მორალური ზიანის ასანაზღაურებლად მოპასუხისათვის 3 000 ლარის დაკისრება მიყენებული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მიზნების პროპორციულია და ექცევა გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებში.
რაც შეეხება კასატორის მითითებას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და საქართველოს საერთო სასამართლოების მითითებულ პრაქტიკასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 25 აპრილის განჩინებაში მოყვანილ სამართლებრივ მსჯელობაზე რომლის თანახმად: „მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრის პროცესში, სასამართლო შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს კონკრეტული საქმის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით და აქვს ფართო მიხედულების ფარგლები. ხოლო სხვა ეროვნულ თუ საერთაშორისო გადაწყვეტილებებში ზიანის სახით ანაზღაურებული თანხის ოდენობა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს კონკრეტულ სიტუაციაში, ზიანის სახით დასაკისრებელი თანხის ზოგად სტანდარტად და იქცეს ფიზიკური პირებისთვის მინიმალური ოდენობით თანხის ანაზღაურების დასასაბუთებელ არგუმენტად“ (იხ. სუსგ 25.04.2023წ. №ბს-905(გ-22)).
რაც შეეხება მატერიალური ზიანის ანაზღაურებას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად კი, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მითითებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვალდებულებაზე მოსარჩელისთვის მატერიალური ზიანის ანაზღაურების კუთხით და აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სწორედ კასატორის მოქმედებამ, კერძოდ, მოსარჩელის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიცემამ გამოიწვია მისი სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერება. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 სექტემბრის განჩინებაში მოცემულ სამართლებრივ მსჯელობაზე, რომლის თანახმად: „...სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო შედეგის დადგომამდე (გამამართლებელი ან გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, სისხლისსამარლებრივი დევნის შეწყვეტა), საჯარო დაწესებულებას არ გააჩნდა მოსარჩელისათვის თანამდებობრივი სარგოს გაცემის კანონისმიერი საფუძველი. დამსაქმებლის შესაბამისი მოქმედება დამოკიდებული იყო სისხლის სამართლის საქმეზე მიღებულ საბოლოო შედეგზე... ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზე, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ განხორციელებული სისხლისსამართლებრივი დევნის თანმდევი შედეგები (სამსახურიდან განთავისუფლება) პირდაპირ მიზეზობრივ კავშირშია მოსარჩელისთვის მიყენებულ ფულად ზარალთან. სწორედ სისხლისსამართლებრივი დევნის მიმდინარეობა გახდა აღკვეთის ღონისძიების შერჩევის და აქედან გამომდინარე, მოსარჩელის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძველი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურაა მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებაზე ვალდებული სუბიექტი და არა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო“ (იხ. სუსგ 28.09.2023წ. №ბს-612(კ-23)).
ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ განსახილველ შემთხვევაში დადასტურებულია პირდაპირი მიზეზობრივი კავშირის არსებობა ფულად ზარალსა და მოსარჩელის მიმართ მიმდინარე სისხლისსამართლებრივი დევნის თანმდევ შედეგებს შორის, რომელმაც წარმოშვა საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, მიუღებელი ხელფასის სახით, იმ ოდენობით, რომლის მიღებაც მოსალოდნელი იყო, თუკი ჯ. მ-ე გააგრძელებდა მუშაობას იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე, რაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-...ის 2023 წლის 8 მაისის MOD 8 23 00514522 წერილის თანახმად წარმოადგენდა 20822,4 ლარს (ხელზე გასაცემი თანხა 16 528,35 ლარი).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ იძლევა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა