Facebook Twitter

№ბს-181(კ-23) 13 ნოემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - თ.მ-ი; მოპასუხე - არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალური ინსპექცია).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თ.მ-მა 2018 წლის 16 ივლისს სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 19 მარტის №ბ10.02180782 ბრძანების ბათილად ცნობა; ბ) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 12 ივნისის №1299 ბრძანების ბათილად ცნობა.

2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით თ.მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 19 მარტის №ბ10.02180782 ბრძანება. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 12 ივნისის №1299 ბრძანება. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურს საკითხის სრულყოფილად გამოკვლევის შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალური მერიის მიერ.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ნოემბრის განჩინებით ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფლებამონაცვლედ მოპასუხის სტატუსით ცნობილ იქნა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალური ინსპექცია.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 იანვრის განჩინებით ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, არასწორად შეაფასა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ფაქტობრივი გარემოებები. კერძოდ, ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განყოფილების სპეციალისტების მიერ 2018 წლის 1 თებერვალს გაიცა №26 მითითება, რომელსაც გაეცნო მოსარჩელე, თუმცა მის ჩაბარებაზე უარი განაცხადა, რაც დაადასტურა ხელმოწერით. ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა დეტალურად აუხსნეს და აჩვენეს მოსარჩელეს თუ რა სახის სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჰქონდა გაკეთებული. მოსარჩელეს ხარვეზის გამოსასწორებლად 10 დღიანი ვადა მიეცა. აღნიშნულის შემდეგ, 2018 წლის 6 თებერვალს მოსარჩელემ სარეგისტრაციო სამსახურში წარადგინა უძრავ ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, თუმცა აღნიშნული არ ცვლის ვითარებას, ვინაიდან მითითების აქტით ადმინისტრაციული წარმოება უკვე დაწყებული იყო. ზ.ბ-ემ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში წარადგინა განცხადება სადაც აღნიშნა, რომ 2018 წლის 12 თებერვალს საკუთრებაში დაირეგისტრირა ქ. ქუთაისი, ...ის ქუჩა №191-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი. ამ საფუძვლით ადმინისტრაციული წარმოების გონივრული ვადით გადადება მოითხოვა, რათა საკითხის განხილვაში სრულყოფილი მონაწილეობა მიეღო. საყურადღებოა, რომ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მომენტისთვის ქონების მესაკუთრე თ.მ-ი იყო და ადმინისტრაციულ წარმოებაში ზ.ბ-ის ჩართვას გავლენა არ ექნებოდა. ამასთან, ზ.ბ-ეს ადმინისტრაციული ორგანოსთვის არ წარმოუდგენია რაიმე ისეთი მტკიცებულება, რომელიც ჯარიმის გაუქმების ან საკითხის განხილვის გადადების აუცილებლობას დაადასტურებდა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: ა) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 01 თებერვლის №26 მითითებით, თ.მ-ს მცხ. ..., ...ის ქ.№8 მიეცა მითითება, 10 დღის ვადაში წარადინოს ქ. ქუთაისში, ...ის ქ. №191-ში საცხოვრებელ სახლზე რეკონსტრუქცია მიშენების და ღობის მოწყობისათვის საჭირო დამტკიცებული პროექტი და ნებართვა, ან მოახდინოს მიმდინარე მიშენებისა და ღობის დემონტაჟი. მოიყვანოს საცხოვრებელი სახლი და მიმდებარე ტერიტორია პირვანდელ მდგომარეობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში გატარდებოდა კანონშესაბამისი ღონისძიება, რაც გათვალისწინებულია პროდუქტის უსაფრთხოების და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-4 თავის 43-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით (ს.ფ. 81); 2018 წლის 12 თებერვალს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა შეადგინა №26 შემოწმების აქტი და დაადგინა, რომ მითითება არ შესრულდა; ბ) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 12 თებერვლის №26 უწყებით თ.მ-ი მიწვეულ იქნა 2018 წლის 19 თებერვლის ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. ადრესატმა უწყება არ ჩაიბარა (ს.ფ. 83-84); გ) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 19 მარტის №ბ.10.02180782 ბრძანებით პროდუქტის უსაფრთხოების და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 43-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე თ.მ-ი დაჯარიმდა 3000 (სამი ათასი) ლარით, ქ. ქუთაისში, ...ის ქ. №191-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში უნებართვო სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოების გამო (ს.ფ. 13-14); დ) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 12 ივნისის №1299 ბრძანებით თ.მ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 18-20); ე) ქ. ქუთაისში, ...ის ქ. №191-ში (ყოფილი №129; №29), ს/კ ..., მდებარე არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების 605.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული 182.71 კვ.მეტრი შენობა-ნაგებობით, 2018 წლის 12 თებერვლიდან რეგისტრირებულია ზ.ბ-ის სახელზე. აღნიშნულის შესახებ ზ.ბ-ემ აცნობა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურს (ს.ფ. 21-25, 29-30); ვ) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 აპრილის დადგენილებით, თ.მ-ი ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად ად.ს. კოდექსის 552 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადაცდომისათვის (სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება) და სახდელის სახით შეეფარდა 1000 (ათასი) ლარი, რომელიც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 22 ივნისის დადგენილებით შეეცვალა შენიშვნით (ს.ფ. 64-69, 70-75);

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც ადგენს, რომ სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების თავისებურებაზე - როდესაც სადავოა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების საკითხი, მტკიცების ტვირთი მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილი).

სამშენებლო პროცედურების შესაძლო დარღვევიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი, რომლის 25-ე მუხლის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით. მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს მითითების შესრულების საკითხს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.

საკასაციო პალატა ზემოხსენებული კოდექსის 14.2 მუხლზე მითითებით აღნიშნავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენისათვის პასუხისმგებლობა პირველ რიგში უშუალოდ იმ პირს ეკისრება, ვინც აწარმოა უნებართვო მშენებლობა, ხოლო ასეთი პირის დაუდგენლობის შემთხვევაში სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს ან მოსარგებლეს. საკასაციო პალატა აქვე განმარტავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-3 მუხლის 74-ე პუნქტის მიხედვით, უნებართვო მშენებლობა არის მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობის განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს მოსარჩელის განმარტებას, რომ მას ქ. ქუთაისში ...ის ქ. №191-ში მდებარე სახლზე არანაირი მიშენება არ განუხორციელებია და მხოლოდ ღობის მოწყობისას გადაცდა და უნებართვოდ დაიკავა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, რის გამოც სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი. შესაბამისად, უნებართვო სარეკონსტრუქციო სამუშაოებისთვის დაჯარიმების შემდეგ, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო სასამართლოსათვის შესაბამისი მტკიცებულებები წარედგინა, რითაც უტყუარად დადგინდებოდა, რომ მოსარჩელის მიერ განხორციელებული მშენებლობა შესაბამის ნებართვას საჭიროებდა, რის შემდგომაც, აქტის კანონიერად მიჩნევისთვის უშუალოდ უკანონო მშენებლობის ფაქტის არსებობის დადასტურება დადგებოდა დღის წესრიგში. მოცემულ შემთხვევაში, ზედამხედველობის სამსახურმა და ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ ისე განიხილეს მოსარჩელის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და ისე გადაწყვიტეს მისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შეფარდების საკითხი, რომ არ გამოუკვლევიათ და სამართლებრივად არ შეუფასებიათ ვის მიერ და როდის იქნა აღნიშნული სამუშაოები ნაწარმოები ან კონკრეტულად რაში გამოიხატა უკანონო მშენებლობა-რეკონსტრუქციის ფაქტი. იმ პირობებში, როდესაც მხარეთა პოზიციები საპირისპიროა, ქონების მესაკუთრე კი შეიცვალა, რომელიც ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ჩართვას მოითხოვდა, აუცილებელ გამოკვლევას და დადგენას საჭიროებდა მშენებლობის მწარმოებელი პირის ვინაობა. უნებართვო მშენებლობა-რეკონსტრუქციის განხორციელების ფაქტის დადგენის მიზნებისთვის აუცილებელი იყო ადმინისტრაციულ ორგანოს გამოეკვლია და ჰქონოდა შესაბამისი მტკიცებულებები, რაც სახლზე ნაწარმოებ სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიმდინარეობას დაადასტურებდა. წინა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, მოპასუხეს ასეთი მტკიცებულება სასამართლოსათვის არ წარუდგენია, რის გამოც ბუნდოვანი რჩება თუ რა მტკიცებულებითაა სადავო აქტი გამყარებული.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია პროცესში დაინტერესებული პირის მონაწილეობაც, რომელსაც ადმინისტრაციული ორგანოსაგან ეთქვა უარი, იმ არგუმენტზე მითითებით, რომ მისი მონაწილეობა შედეგზე ვერ მოახდენდა გავლენას. საკასაციო პალატა, ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ზ.ბ-ემ ქუთაისში, ...ის ქუჩა №191-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მესაკუთრედ გახდომის შემდგომ, პროცესში სრულფასოვანი მონაწილეობისათვის, ადმინისტრაციული განხილვის გადადება მოითხოვა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. სზაკ-ის 95-ე მუხლი ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მართალია, სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენისთვის (ასეთის დადასტურების შემთხვევაში) თ.მ-ის დაჯარიმების თაობაზე საკითხის განხილვისადმი, შესაძლოა, ერთი შეხედვით არ იკვეთებოდეს უძრავი ქონების ამჟამინდელი მესაკუთრის ინტერესები, თუმცა მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ სამართალდარღვევის ფაქტის დადასტურებამ სამომავლოდ შესაძლოა გავლენა მოახდინოს იმ ქონების მესაკუთრის უფლებებზე, რომელმაც ნაკლიანი ქონება შეიძინა და თუ უკანონო მშენებლობა-რეკონსტრუქციას ნამდვილად ჰქონდა ადგილი, ზ.ბ-ე გახდეს ნებართვის გარეშე განხორციელებული მშენებლობის დემონტაჟზე პასუხისმგებელი პირი, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში. ამდენად, ზ.ბ-ეს, სამშენებლო სამართალდარღვევის ფაქტის დადგენის ეტაპზეც უნდა მიეცეს შესაძლებლობა დაიცვას თავისი უფლებები მოსალოდნელი უარყოფითი შედეგებისგან.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს, მათ შორის სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას, უწევს ორმაგი ფუნქციის შესრულება, ერთი მხრივ, იგი არის საჯარო ინტერესების გამტარებელი, სამართალდარღვევაზე რეაგირების განმახორციელებელი, სანქციის დამკისრებელი სუბიექტი, ხოლო მეორე მხრივ, მას ეკისრება აქტის ადრესატის ინტერესების დაცვის ვალდებულება. ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ, როგორც საჯარო მმართველობის განმახორციელებელმა სუბიექტმა, უნდა გაითვალისწინოს როგორც საჯარო, ასევე კერძო პირის ინდივიდუალური ინტერესები. ადმინისტრაციულმა ორგანომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა უნდა უზრუნველყოს თანაზომიერების პრინციპის დაცვით, საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშეპირისპირების შედეგად. ადმინისტრაციული წარმოება უნდა ჩატარდეს არა მხოლოდ ფორმალური წესების დაცვით, არამედ მიზნად უნდა ისახავდეს საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევას, სადავო საკითხზე შესაბამისი, დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებას. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა სათანადო წესით გამოკვლეული ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამდენად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტები ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს.

ამდენად, ახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სათანადოდ შეაფასოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შემდგომ გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მანვე უნდა გამოიკვლიოს იყო თუ არა რეალურად ახალი მიშენება გაკეთებული და ასეთ შემთხვევაში ვინ ახორციელებდა მას.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების წინაპირობები: გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სათანადოდ გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. ამასთან, სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, რაც გასაჩივრებული ბრძანების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციულ ორგანოსათვის, გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 იანვრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. მაკარიძე

ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე