Facebook Twitter
საქმე #ბს-636(კს-24) 21 ნოემბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა


საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე


კერძო საჩივრის ავტორი (მესამე პირი) – ა. ნ-ი


მოწინააღმდეგე მხარეები – 1. ა. ხ-ა (მოსარჩელე); 2. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)


მესამე პირები (ასკ-ის 16.2) – რ. გ-ი, ზ. ა-ი


გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 აპრილის განჩინება



ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :


2022 წლის 18 თებერვალს ა. ხ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: (1) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 21.09.2001წ. #724/2001 მიწის სააღრიცხვო ბარათის (მესაკუთრე: რ. ღ-ი (გ-ი); ს.კ. ..., 0.107 ჰა), (2) რ. გ-ის საკუთრების რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 24 მაისის #... გადაწყვეტილების, (3) ა. ნ-ის საკუთრების რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 7 ივნისის #... გადაწყვეტილების, (4) ა. ნ-ის საკუთრების უფლების ცვლილების რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 5 იანვრის #... გადაწყვეტილების, (5) მიწის კატეგორიის ცვლილების რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 19 თებერვლის #... გადაწყვეტილების, (6) ზ. ა-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 25 მაისის #... გადაწყვეტილების, (7) ა. ნ-ის საკუთრების რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 7 ივნისის #... გადაწყვეტილების, (8) სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 22 ნოემბრის #... გადაწყვეტილებისა და (9) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 13 იანვრის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე, (10) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის #... განაცხადის საფუძველზე, ა. ხ-ას საკუთრების რეგისტრაციის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 15 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ ა. ნ-ი (პ/ნ ...), რ. გ-ი (პ/ნ ...), ზ. ა-ი (პ/ნ ...).
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილებით ა. ხ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 24 მაისის #..., 2010 წლის 7 ივნისის #..., 2016 წლის 5 იანვრის #..., 2010 წლის 25 მაისის #..., 2010 წლის 7 ივნისის #..., 2021 წლის 22 ნოემბრის #... და 2022 წლის 13 იანვრის #... გადაწყვეტილებები; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, კანონით დადგენილი წესითა და დადგენილ ვადაში, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ნ-იმა, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ხარვეზის დადგენის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 დეკემბრის განჩინებით აპელანტ ა. ნ-ის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად მიეცა ვადა - განჩინების ასლის კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღე და დაევალა სასამართლოსათვის სახელმწიფო ბაჟის 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის სახით, ან სახელმწიფო ბაჟის გადავადების ან/და გათავისუფლების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენა; მხარეს განემარტა, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი უნდა ყოფილიყო ამ განჩინებით დადგენილ ვადაში; მხარეს, ასევე, განემარტა, რომ თუკი სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ იქნებოდა შევსებული, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 დეკემბრის განჩინების ასლის შემცველი გზავნილი ა. ნ-ის გაეგზავნა 2024 წლის 9 იანვარს მისამართზე - „მარნეულის რაიონი, სოფელი ...“, თუმცა გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდა. საქმეში არსებულ, შპს „ს...ის“ უკუგზავნილში გზავნილის (შტრიხკოდი - ..., #3ბ/3402-23 განჩინება) ჩაუბარებლობის მიზეზად მითითებულია - „გაკითხვით ვერ მოიძებნა“.
იმავე განჩინების ასლის შემცველი გზავნილი 2024 წლის 22 იანვარს ა. ნ-ის განმეორებით გაეგზავნა იმავე მისამართზე: „მარნეულის რაიონი, სოფელი ...“, თუმცა გზავნილის ჩაბარება კვლავ ვერ მოხერხდა. საქმეში არსებულ, შპს „ს...ის“ უკუგზავნილში გზავნილის (შტრიხკოდი - ..., #3ბ/3402-23 განჩინება) ჩაუბარებლობის მიზეზად მითითებულია - „ამ მისამართზე არ ცხოვრობს“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 13 თებერვლის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების შესაბამის საუბნო სამსახურს დაევალა აპელანტ ა. ნ-ისათვის (პ/ნ ...) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 დეკემბრის განჩინების ასლის ჩაბარება 7 (შვიდი) დღის ვადაში.
2024 წლის 22 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს მარნეულის პოლიციის განყოფილების 2024 წლის 7 მარტის #MIA 7 24 00695484 წერილი, რომლითაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ეცნობა, რომ ადრესატს გზავნილი ვერ ჩაბარდა, ვინაიდან ა. ნ-ი იმყოფებოდა რუსეთის ფედერაციაში, ხოლო საცხოვრებელ მისამართზე არავინ იმყოფებოდა. აღნიშნულის დასტურად, წერილს თან ერთვის „მისამართზე გამოცხადების შესახებ“ 2024 წლის 7 მარტის ოქმი, რომელშიც შსს მარნეულის რაიონული სამმართველოს ... - ი. ს-ი აღნიშნავს, რომ იგი გამოცხადდა ქალაქ მარნეულში, სოფ. ...ში, ...ს ქუჩის #...-ში. ოქმის თანახმად, მოქალაქე ა. ნ-ი საცხოვრებელ მისამართზე არ აღმოჩნდა, ვინაიდან იგი იმყოფებოდა რუსეთის ფედერაციაში, ხოლო საცხოვრებელ მისამართზე არავინ იმყოფებოდა.
საჯარო შეტყობინების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 მარტის განჩინებით დადგინდა ადმინისტრაციულ საქმეზე #3ბ/3402-23 ა. ნ-ისთვის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 დეკემბრის განჩინების ჩაბარება საჯარო შეტყობინების გზით, რომლითაც ა. ნ-ის ეცნობა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 დეკემბრის განჩინებით, აპელანტ ა. ნ-ის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად მიეცა ვადა - განჩინების ასლის კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღე, და დაევალა სასამართლოსათვის სახელმწიფო ბაჟის 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის სახით, ან სახელმწიფო ბაჟის გადავადების ან/და გათავისუფლების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენა; მხარეს განემარტა, რომ თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ იქნებოდა შევსებული, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი; სასამართლო შეტყობინება საჯაროდ განთავსდა საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ვებგვერდზე (http://ecd.court.ge/) განჩინების გამოქვეყნების საშუალებით. ამავე განჩინებით განისაზღვრა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 დეკემბრის განჩინება ა. ნ-ისათვის ჩაბარებულად ჩაითვლებოდა საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ვებგვერდზე განჩინების გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 აპრილის განჩინებით ა. ნ-ის სააპელაციო საჩივარი, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველი.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებზე, 63-ე მუხლზე, 368-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, 374-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 78-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ ა. ნ-ისათვის საჯარო შეტყობინება განხორციელდა 2024 წლის 4 აპრილს და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, იგი ჩაბარებულად ჩაითვალა 2024 წლის 11 აპრილს.
სააპელაციო პალატის შეფასებით, აპელანტს შესაძლებლობა ჰქონდა, ხარვეზი შეევსო 2024 წლის 12 აპრილიდან 2024 წლის 18 აპრილის ოცდაოთხ საათამდე, რაც მისი მხრიდან არ განხორციელებულა. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 დეკემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზი აპელანტის მხრიდან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ 7-დღიან ვადაში არ იქნა გამოსწორებული, რაც ა. ნ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.
2024 წლის 2 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ იქნა ა. ნ-ის წარმომადგენლის - ო. მ-ის განცხადება, რომლითაც განცხადების ავტორმა წარმოადგინა ა. ნ-ის მიერ მის სახელზე გაცემული მინდობილობა და მოითხოვა მისი საქმის მასალებისათვის დართვა.
2024 წლის 20 მაისს ა. ნ-ის წარმომადგენელს - ო. მ-ის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 აპრილის განჩინების შემცველი გზავნილი გაეგზავნა და მას იგი პირადად ჩაბარდა (ამავე წლის 27 მაისს) მის მიერ 2024 წლის 2 მაისის განცხადებაში მითითებულ მისამართზე - „მარნეული, ...ის ქუჩა #...“.
საქმეში წარმოდგენილი 2024 წლის 24 მაისის ხელწერილით დასტურდება, რომ ა. ნ-ის წარმომადგენელმა - ო. მ-იმა პირადად ჩაიბარა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 აპრილის განჩინება. ამასთან, ამავე დღეს მან განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და საქმის მასალების გაცნობა და საჭიროების შემთხვევაში, მათი ასლების გადაღება მოითხოვა. ამავე განცხადებით დასტურდება, რომ ო. მ-ი საქმის მასალებს გაეცნო 2024 წლის 28 მაისს და გადაიღო ასლები, სულ 29 ფურცლად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 აპრილის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ნ-იმა (წარმომადგენელი - ო. მ-ი), რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორი - ა. ნ-ის წარმომადგენელი - ო. მ-ი აღნიშნავს, რომ სამივე შემთხვევაში, გზავნილები ადრესატამდე არ მისულა. იგი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ა. ნ-ი თავის ცოლ-შვილთან ერთად ცხოვრობს მარნეულის რაიონის სოფელ ...ში, ...ს მე-2 ჩიხი #...-ში მდებარე, #... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მშობლების საცხოვრებელ სახლში, სადაც ასევე ცხოვრობს მისი ძმა - ი. ნ-ი თავის ცოლ-შვილთან ერთად.
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დროს, ა. ნ-ი მის სახელზე გაგზავნილ დოკუმენტებს იბარებდა უშუალოდ თვითონ ან მშობლების საცხოვრებელ სახლში მცხოვრები მისი ოჯახის რომელიმე წევრი: ძმა - ი. ნ-ი და მშობლები. მისთვის გაუგებარია, სააპელაციო სასამართლოდან გაგზავნილი დოკუმენტები მას რატომ არ უნდა ჩაბარებოდა, მაშინ, როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას ა. ნ-ის გზავნილები დაუბრკოლებლად ბარდებოდა.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ მართალია, ა. ნ-ი პერიოდულად იმყოფებოდა რუსეთის ფედერაციაში, თუმცა იმ საცხოვრებელ სახლში, სადაც იგი მუდმივად ცხოვრობს, მის გარდა, ასევე, მუდმივად ცხოვრობენ მისი ოჯახის წევრები: მამა - გ. ნ-ი, დედა - ალ. ნ-ა, ძმა - ი. ნ-ი და ოჯახის სხვა წევრები. გარდა ამისა, #... უძრავი ქონების ადგილას (რომლის რეგისტრაციაზე სასამართლოში მიმდინარეობს დავა), ა. ნ-ის აშენებული აქვს ახალი საცხოვრებელი სახლი, რომელიც მდებარეობს სოფელ ...ში, ...ს ქუჩაზე. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, იგი ამ სახლში ჯერ არ ცხოვრობს, ვინაიდან საცხოვრებელი სახლი მთლიანად გასარემონტებელი და საცხოვრებლად გამოუსადეგარია, ხოლო ის საცხოვრებელი სახლი, სადაც ა. ნ-ი და მისი ოჯახის წევრები ცხოვრობენ, მდებარეობს მარნეულის რაიონის სოფელ ...ში, ...ს მე-2 ჩიხში. ამასთან, არც ა. ნ-ის საკუთრებაში არსებული ახლად აშენებული საცხოვრებელი სახლი და არც ა. ნ-ის მშობლების კუთვნილი საცხოვრებელი სახლი არ მდებარეობს მარნეულის რაიონის სოფელ ...ში, ...ს ქუჩის #...-ში, რომელ მისამართზეც სააპელაციო სასამართლოს დავალებით გზავნილის ჩასაბარებლად გამოცხადდა დეტექტივი ი. ს-ი და შეადგინა ოქმი გზავნილის ა. ნ-იზე ჩაბარების შეუძლებლობის შესახებ.
ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, საქმეში არსებული ფოსტის უკუგზავნილებითა და პოლიციელ ი. ს-ის მიერ შედგენილი ოქმით დგინდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 აპრილის #3ბ/3402-23 განჩინება ა. ნ-ის ვერ ჩაბარდა, ვინაიდან კურიერიც და პოლიციელიც გზავნილის ჩასაბარებლად გამოცხადდნენ არასწორ მისამართზე. აღნიშნული პირები ა. ნ-ის ზუსტ საცხოვრებელ ადგილას რომ მისულიყვნენ, გზავნილი აუცილებლად ჩაბარდებოდა უშუალოდ ა. ნ-ის ან მისი ოჯახის რომელიმე წევრს.
კერძო საჩივარს თან ერთვის ა. ნ-ის ძმის - ი. ნ-ის (პ/ნ ...) ახსნა-განმარტება, რომლის თანახმად, იგი ადასტურებს, რომ ა. ნ-ი თავის ცოლ-შვილთან ერთად ცხოვრობს სოფელ ...ში, ...ს მე-2 ჩიხი #...-ში მდებარე, #... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მშობლების საცხოვრებელ სახლში, სადაც ასევე ცხოვრობს ი. ნ-ი მის ცოლ-შვილთან ერთად.
ახსნა-განმარტების მიხედვით, ბოლნისის რაიონული სასამართლოდან ა. ნ-ის სახელზე დოკუმენტები კურიერს მიჰქონდა სწორედ ზემოაღნიშნულ მისამართზე, სადაც გზავნილებს იბარებდნენ უშუალოდ ა. ნ-ი ან მასზე გადასაცემად მათი ოჯახის რომელიმე სხვა წევრი. საცხოვრებელ სახლში, სადაც ა. ნ-ი ცხოვრობს მის ცოლ-შვილთან ერთად, ცხოვრობენ, ასევე, ი. ნ-ი მის ცოლ-შვილთან ერთად, მამა - გ. ნ-ი და დედა - ალ. ნ-ა. ი. ნ-ი, ასევე, განმარტავს, რომ ა. ნ-ის სოფელ ...ში, ...ის ქუჩაზე აშენებული აქვს საცხოვრებელი სახლი, თუმცა ამ სახლში ა. ნ-ი ჯერ არ ცხოვრობს, ვინაიდან იგი გასარემონტებელი და საცხოვრებლად გამოუსადეგარია.
ამასთან, ი. ნ-ი წარმოდგენილ განცხადებაში აღნიშნავს, რომ მარნეულის რაიონის სოფელ ...ში, ...ს ქუჩის #...-ში არც ა. ნ-ის და არც მათი ოჯახის რომელიმე წევრს საცხოვრებელი სახლი ან/და რაიმე სახის უძრავი ქონება არ გააჩნიათ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ივლისის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული ა. ნ-ის კერძო საჩივარი.


ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :


საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. ნ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სამართლიანი სასამართლოს უფლება მოიცავს უფლების დაცვის შესაძლებლობას საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული მართლმსაჯულების ინსტიტუციური გარანტიების, საერთო სასამართლოს სისტემის მეშვეობით. აღნიშნული, მათ შორის, გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრებას საერთო სასამართლოთა სისტემაში, ხოლო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას ამავე სისტემის ზემდგომ ინსტანციაში“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის #2/7/779 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე დავით მალანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). „შესაბამისად, სამართლიანი სასამართლოს უფლება ასევე მოიცავს ისეთ უფლებრივ კომპონენტს, როგორიცაა სასამართლოს ეფექტიანი, ქმედითი ხელმისაწვდომობის უფლება, მათ შორის, სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების გზით უფლების სრულყოფილად დაცვის შესაძლებლობა“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 17 ივნისის #1/5/1472 გადაწყვეტილება საქმეზე „ნიკოლოზ ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6).
საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთგზის აღუნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული უფლებრივი კომპონენტები „მოიცავს არა მარტო პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვას, არამედ ზემდგომ ინსტანციებში საჩივრის შეტანის უფლებასაც“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 17 მარტის #2/3/286 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქე ოლეგ სვინტრაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3). ამდენად, პირის უფლება გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება არის კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული კიდევ ერთი დამოუკიდებელი უფლებრივი კომპონენტი, რომელიც „ასრულებს პრევენციულ ფუნქციას და, ერთი მხრივ, წარმოადგენს უფლების დაცვის ეფექტურ მექანიზმს და უზრუნველყოფს შესაძლო შეცდომების თავიდან აცილებას, ხოლო, მეორე მხრივ, ქმნის დაშვებული შეცდომების გამოსწორების შესაძლებლობას. ამასთანავე, გასაჩივრების უფლების სრულყოფილი რეალიზაცია ხელს უწყობს ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებას და მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის #3/3/601 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 546-ე მუხლის და ამავე კოდექსის 518-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე“, II-8).
საკასაციო სასამართლო, ასევე, მიუთითებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფის პირველ წინადადებაზე, რომლის თანახმად, ყოველი ადამიანი, მისი სამოქალაქო ხასიათის უფლებებისა და მოვალეობების, ან მისთვის წარდგენილი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, აღჭურვილია გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნოდ განხილვის უფლებით კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
დელკორტის საქმეში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი, მართალია, არ აიძულებს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს, შექმნან სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოები, თუმცა სახელმწიფო, რომელიც აარსებს ასეთ სასამართლოებს, ვალდებულია უზრუნველყოს, რომ კანონის წინაშე პასუხისმგებელმა პირებმა ისარგებლებონ ამ სასამართლოების წინაშე კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული ძირითადი გარანტიებით (იხ. Delcourt v. Belgium, no. 2689/65, 17 იანვარი 1970, §25).
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს არაერთგზის აღუნიშნავს, რომ შიდა კანონმდებლობის ინტერპრეტაცია ძირითადად ეროვნულ ორგანოებს, განსაკუთრებით კი, სასამართლოებსა და ტრიბუნალებს ეკისრება. ევროპული სასამართლოს როლი ასეთი ინტერპრეტაციის შედეგების კონვენციასთან თავსებადობის შემოწმებით შემოიფარგლება. აღნიშნული განსაკუთრებით შეეხება სასამართლოს მიერ პროცედურული (საპროცესო) წესების ინტერპრეტაციას. გასაჩივრებისათვის ფორმალური მოთხოვნებისა და ვადების დაცვის წესები მიზნად ისახავს მართლმსაჯულების სათანადო განხორციელებისა და, განსაკუთრებით, სამართლებრივი სიცხადის (უსაფრთხოების) პრინციპის პატივისცემის უზრუნველყოფას (იხ. Walchli v. France, no. 35787/03, § 27, 26 ივლისი 2007). ამასთანავე, ევროსასამართლომ აღნიშნა, რომ სამართალწარმოების მონაწილეებს უნდა ჰქონდეთ მოლოდინი, რომ ამგვარი წესები გამოყენებულ იქნება (იხ. Miragall Escolano and Others v. Spain, nos. 38366/97, 38688/97, 40777/98, 40843/98, 41015/98, 41400/98, 41446/98, 41484/98, 41487/98 and 41509/98, § 33, 25 აპრილი 2000).
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, „სასამართლო უფლება“, განსაკუთრებით სასამართლოსადმი წვდომის უფლება, არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება ნაგულისხმევ შეზღუდვებს, განსაკუთრებით კი საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით, რამდენადაც იგი თავისი ბუნებით მოითხოვს რეგულირებას სახელმწიფოს მიერ, რომელიც ამ საკითხთან მიმართებით სარგებლობს გარკვეული შეფასების ზღვარით (იხ. Garcia Manibardo v. Spain, no. 38695/97, § 36, ECHR 2000-II; Zvolský and Zvolská v. the Czech Republic, no. 46129/99, § 47, 12 ნოემბერი 2002). თუმცა ამ შეზღუდვებმა არ უნდა შეზღუდონ ინდივიდისადმი სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობა იმ სახით და იმ ხარისხით, რომ მან შელახოს თავად უფლების არსი. ამასთან, შეზღუდვები აკმაყოფილებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფს მხოლოდ მაშინ, თუკი მას დასახული აქვს ლეგიტიმური მიზანი და თუკი დაცულია გონივრული პროპორციულობა გამოყენებულ საშუალებასა და დასახულ მიზანს შორის (იხ. Liakopoulou v.Greece, no. 20627/04, §17, 23 ოქტომბერი 2006; Nedzela v. France, no 73695/01, § 45, 27 ივლისი 2006; Guérin v. France, no. 51/1997/835/1041, § 37, 29 ივლისი 1998).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დავის განმხილველი სასამართლო ვალდებულია, სამართალწარმოების ფარგლებში ზედმიწევნით დაიცვას საპროცესო ნორმატიული წესრიგი, პროცესუალურ-სამართლებრივი ღონისძიებები განახორციელოს სწორედ მათზე დაყრდნობით და ამ გზით, უზრუნველყოს პროცესის მონაწილეთათვის სამართლიანი სასამართლოს უფლების უფლებრივი კომპონენტებით ეფექტური სარგებლობის შესაძლებლობის მინიჭება. აღნიშნული განსაკუთრებით მიემართება სამართლიანი სასამართლოს უფლებისათვის შემადგენელ ისეთ უმნიშვნელოვანეს ასპექტს, როგორიცაა სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება, რომლის მეშვეობით მხარეები ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დაშვებულ მატერიალურ-პროცესუალურ ხარვეზებზე რეაგირების ქმედითი შესაძლებლობით აღიჭურვებიან. აღნიშნული შესაძლებლობის ეფექტური რეალიზებისათვის საპროცესო კანონმდებლობასთან შეუსაბამო, კონსტიტუციურ-სამართლებრივად გაუმართლებელი დაბრკოლების/ბარიერის შექმნა ილუზორულს ხდის მხარისათვის მინიჭებულ გასაჩივრების უფლებას და აცლის მას არსს, რამდენადაც ასეთ პირობებში, მართალია, ფორმალურად არსებობს უფლების განმამტკიცებელი საკანონმდებლო მოწესრიგება, თუმცა მოშლილია ამ პროცესუალური მექანიზმის გამოყენების ქმედითი, ეფექტური შესაძლებლობა.
საკასაციო სასამართლო, აქვე, მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს ხარვეზის დადგენის ინსტიტუტზე, რომელიც სამართალწარმოების მონაწილეს აღჭურავს მის მიერ არასრულყოფილი სააპელაციო თუ საკასაციო საჩივრის წარდგენის შემთხვევაში შესაბამისი საპროცესო დოკუმენტის პროცესუალურად გამართვის უფლებით. უფრო კონკრეტულად, გარდა საპროცესო კანონმდებლობით იმპერატიულად განსაზღვრული მოთხოვნებისა (მაგალითად, სააპელაციო საჩივრისა და საკასაციო საჩივრის წარდგენის ვადა), გასაჩივრების უფლება თავის თავში მოიაზრებს აპელანტისა თუ კასატორისათვის არასრულად შესრულებული საპროცესო მოქმედების გამოსწორების შესაძლებლობას. პროცესუალური უფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საჭიროების არსებობისას სასამართლოს მიერ ხარვეზის დადგენის ინსტიტუტის გამოუყენებლობა ან/და მისი გამოყენების პროცესში გამოჩენილი სიხისტე, ფაქტობრივად, უგულებელყოფს საპროცესო კანონმდებლობით განმტკიცებულ გასაჩივრების უფლებას, რამდენადაც სამართალწარმოების მონაწილისათვის გასაჩივრების პროცესში წარმოშობილი, საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული გამოსწორებადი ხარვეზის შევსების საშუალების წართმევა შედეგობრივად გულისხმობს მისთვის გასაჩივრების უფლების ჩამორთმევას, რაც, ცხადია, ლახავს კონსტიტუციით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას. ამავდროულად, სასამართლოს მართებს წარდგენილი საჩივრის ავტორისათვის ხარვეზის დადგენის, მისი მოცულობისა და შინაარსის თაობაზე დროული ინფორმირებით უზრუნველყოს გასაჩივრების უფლების ეფექტური რეალიზაცია. არსებითია, სასამართლოს მიერ პროცესუალურ ღონისძიებათა იმგვარი განხორციელება, რომლის შედეგადაც მხარისათვის ხელმისაწვდომი გახდება ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება, ამავდროულად, გასაგები და აღქმადი იქნება დადგენილი ხარვეზის შინაარსი. ყოველივე ზემოაღნიშნული, ცხადია, განაპირობებს ხარვეზის დროულ აღმოფხვრას და შესაბამისად, პროცესის ეკონომიურობის მიღწევას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
ამავე კოდექსის 368-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს: ა) იმ სასამართლოს დასახელებას, რომლის სახელზედაც არის შედგენილი საჩივარი; ბ) იმ პირის დასახელებასა და მისამართს, რომელსაც შეაქვს საჩივარი; გ) გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტ დასახელებასა და მითითებას ამ გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოზე; დ) მითითებას იმის თაობაზე, თუ გადაწყვეტილების რა ნაწილია გასაჩივრებული; ე) მითითებას, თუ რაში მდგომარეობს გადაწყვეტილების უსწორობა და კონკრეტულად რას მოითხოვს სააპელაციო საჩივრის შემტანი პირი; ვ) მითითებას გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებენ სააპელაციო საჩივარს, და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს; ზ) სააპელაციო საჩივარზე დართული წერილობითი მასალების ნუსხას.; თ) მითითებას, ხომ არ სურს სააპელაციო საჩივრის წარმდგენს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა; ი) მითითებას, ხომ არ სურს სააპელაციო საჩივრის წარმდგენს დავის სასამართლო მედიაციის გზით განხილვა. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. ამავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. საპროცესო ვადის ხანგრძლივობის განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს იმ საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობა, რისთვისაც ეს ვადა დაინიშნა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ან დროის მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება შეიძლება შესრულდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.
საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს მიმდინარე სამართალწარმოების ფარგლებში სააპელაციო სასამართლოს მიერ განხორციელებულ საპროცესო ღონისძიებებზე. კერძოდ, საქმის მასალებით ირკვევა, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 დეკემბრის განჩინებით აპელანტ ა. ნ-ის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად მიეცა ვადა - განჩინების ასლის კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღე და დაევალა სასამართლოსათვის სახელმწიფო ბაჟის 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის სახით, ან სახელმწიფო ბაჟის გადავადების ან/და გათავისუფლების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენა; მხარეს განემარტა, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი უნდა ყოფილიყო ამ განჩინებით დადგენილ ვადაში; მხარეს, ასევე, განემარტა, რომ თუკი სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ იქნებოდა შევსებული, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.
აღსანიშნავია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 დეკემბრის განჩინების ასლის შემცველი გზავნილი ა. ნ-ის გაეგზავნა 2024 წლის 9 იანვარს მისამართზე - „მარნეულის რაიონი, სოფელი ...“, თუმცა გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდა. საქმეში არსებულ, შპს „ს...ის“ უკუგზავნილში გზავნილის (შტრიხკოდი - ..., #3ბ/3402-23 განჩინება) ჩაუბარებლობის მიზეზად მითითებულია - „გაკითხვით ვერ მოიძებნა“.
იმავე განჩინების ასლის შემცველი გზავნილი 2024 წლის 22 იანვარს ა. ნ-ის განმეორებით გაეგზავნა იმავე მისამართზე: „მარნეულის რაიონი, სოფელი ...“, თუმცა გზავნილის ჩაბარება კვლავ ვერ მოხერხდა. საქმეში არსებულ, შპს „ს...ის“ უკუგზავნილში გზავნილის (შტრიხკოდი - ..., #3ბ/3402-23 განჩინება) ჩაუბარებლობის მიზეზად მითითებულია - „ამ მისამართზე არ ცხოვრობს“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 13 თებერვლის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების შესაბამის საუბნო სამსახურს დაევალა აპელანტ ა. ნ-ისათვის (პ/ნ ...) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 დეკემბრის განჩინების ასლის ჩაბარება 7 (შვიდი) დღის ვადაში.
2024 წლის 22 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს მარნეულის პოლიციის განყოფილების 2024 წლის 7 მარტის #MIA 7 24 00695484 წერილი, რომლითაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ეცნობა, რომ ადრესატს გზავნილი ვერ ჩაბარდა, ვინაიდან ა. ნ-ი იმყოფებოდა რუსეთის ფედერაციაში, ხოლო საცხოვრებელ მისამართზე არავინ იმყოფებოდა. აღნიშნულის დასტურად, წერილს თან ერთვის „მისამართზე გამოცხადების შესახებ“ 2024 წლის 7 მარტის ოქმი, რომელშიც შსს მარნეულის რაიონული სამმართველოს ... - ი. ს-ი აღნიშნავს, რომ იგი გამოცხადდა ქალაქ მარნეულში, სოფ. ...ში, ...ს ქუჩის #...-ში. ოქმის თანახმად, მოქალაქე ა. ნ-ი საცხოვრებელ მისამართზე არ აღმოჩნდა, ვინაიდან იგი იმყოფებოდა რუსეთის ფედერაციაში, ხოლო საცხოვრებელ მისამართზე არავინ იმყოფებოდა.
საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საჯარო შეტყობინების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 მარტის განჩინებით დადგინდა ადმინისტრაციულ საქმეზე #3ბ/3402-23 ა. ნ-ისთვის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 დეკემბრის განჩინების ჩაბარება საჯარო შეტყობინების გზით, რომლითაც ა. ნ-ის ეცნობა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 დეკემბრის განჩინებით აპელანტ ა. ნ-ის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად მიეცა ვადა - განჩინების ასლის კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღე, და დაევალა სასამართლოსათვის სახელმწიფო ბაჟის 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის სახით, ან სახელმწიფო ბაჟის გადავადების ან/და გათავისუფლების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენა; მხარეს განემარტა, რომ თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ იქნებოდა შევსებული, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი; სასამართლო შეტყობინება საჯაროდ განთავსდა საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ვებგვერდზე (http://ecd.court.ge/) განჩინების გამოქვეყნების საშუალებით. ამავე განჩინებით განისაზღვრა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 დეკემბრის განჩინება ა. ნ-ისათვის ჩაბარებულად ჩაითვლებოდა საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ვებგვერდზე განჩინების გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, იმ მოტივით, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ასლის შემცველი გზავნილის ა. ნ-ისათვის ჩაბარება სააპელაციო სასამართლომ მისამართზე: „მარნეულის რაიონი, სოფელი ...“ ორჯერ გაგზავნის მიუხედავად ვერ უზრუნველყო, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების შესაბამისი საუბნო სამსახურის მეშვეობით მისთვის გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდა, სააპელაციო სასამართლომ ა. ნ-ის ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების შინაარსი აცნობა საჯარო შეტყობინების გზით. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება სწორედ ამ საფუძვლით ჩაითვალა ჩაბარებულად, ხარვეზის შევსებისათვის განსაზღვრული 7-დღიანი ვადის გასვლის შემდგომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 აპრილის განჩინებით ა. ნ-ის სააპელაციო საჩივარი ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.
საკასაციო სასამართლო, უპირველესად, ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ბოლნისის რაიონულ სასამართლოში საქმის წარმოების დროს სასამართლოს მიერ ა. ნ-ის შეტყობინებები ეგზავნებოდა და ბარდებოდა შემდეგ მისამართზე: „მარნეული, სოფ. ..., ...ს ჩიხი #...“. მაგალითად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოდგენილი შესაგებელი ა. ნ-ის მითითებულ მისამართზე გაეგზავნა 2022 წლის 11 აპრილს და ჩაბარდა მის ძმას - ი. ნ-ის (პ/ნ ...) ამავე წლის 19 აპრილს (იხ. ტომი I, ს.ფ. 281-282). ამავე წლის 27 მაისს ა. ნ-ის იმავე მისამართზე (მარნეული, ..., ...ს ჩიხი #...) გაეგზავნა მოსარჩელე ა. ხ-ას სარჩელისა და თანდართული მასალების ასლები, ასევე, განჩინება საქმეში მესამე პირად ჩართვის შესახებ და სასამართლო უწყება. მითითებული გზავნილი იმავე მისამართზე ჩაბარდა ა. ნ-ის დედას - ალ. ნ-ას (იხ. ტომი I, ს.ფ. 296-297). საგულისხმოა, რომ 2023 წლის 15 აგვისტოს ა. ნ-ის ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილების ასლიც სწორედ აღნიშნულ მისამართზე გაეგზავნა და 2023 წლის 22 აგვისტოს ჩაბარდა კვლავ მის ძმას - ი. ნ-ის (პ/ნ ...) (იხ. ტომი I, ს.ფ. 351, 354).
ამასთან, საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მარნეული, ..., ...ს ჩიხი #... ა. ნ-ის მისამართად ფიქსირდება არა მხოლოდ სამართალწარმოების დაწყების, არამედ ჯერ კიდევ ადმინისტრაციული წარმოების ეტაპიდან, რასაც მოწმობს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაგებელზე თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალებიც (იხ. ტომი I, ს.ფ. 162, 176).
საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ყოველივე ზემოაღნიშნული ადასტურებს იმ ფაქტს, რომ სასამართლო შეტყობინების განხორციელების პროცესში, უფრო კონკრეტულად, სააპელაციო საჩივარში ხარვეზის დადგენის შესახებ 2023 წლის 25 დეკემბრის განჩინების ასლის ა. ნ-ისათვის გაგზავნისას სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა არასრული მისამართით. მისამართის არასრულობაზე მიუთითებს, ასევე, 2024 წლის 9 იანვრისა და 22 იანვრის გზავნილებზე წარმოდგენილი შპს „ს...ის“ უკუგზავნილები, სადაც პირველ შემთხვევაში ჩაუბარებლობის მიზეზად მითითებულია - „გაკითხვით ვერ მოიძებნა“, ხოლო მეორე შემთხვევაში კი - „ამ მისამართზე არ ცხოვრობს“.
აქვე, ყურადსაღებია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 13 თებერვლის განჩინების საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს მარნეულის პოლიციის განყოფილების 2024 წლის 7 მარტის #MIA 7 24 00695484 წერილის შინაარსიც, რომელზე თანდართული 2024 წლის 7 მარტის მისამართზე გამოცხადების შესახებ ოქმითაც დგინდება, რომ მარნეულის რაიონული სამმართველოს პოლიციის ...მა ა. ნ-ისათვის სასამართლო გზავნილის ჩაბარება სცადა მარნეულში, სოფელ ...ში, ...ს ქ. #...-ში, სადაც, როგორ წარმოდგენილი კერძო საჩივრიდან ირკვევა, არც ა. ნ-ი და არც მისი ოჯახის წევრები არ ცხოვრობენ. ამასთან, აღნიშნული მისამართი არც საქმეშიც ფიგურირებს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მოქმედი შესაბამისი უწყების თანამშრომელმა ვერ მოახერხა ა. ნ-ის ნამდვილი საცხოვრებელი ადგილის მოძიება და მისთვის გზავნილის ჩაბარება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის მიხედვით კი, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს.
ამავე კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით.
ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
ამავე კოდექსის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. სასამართლო შეტყობინება საჯაროდ ვრცელდება შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებით ან დაინტერესებული მხარის მოთხოვნის შემთხვევაში – მისივე ხარჯებით იმ გაზეთში, რომელიც მასობრივადაა გავრცელებული მხარის საცხოვრებელი ადგილის შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლო უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება სასამართლო შეტყობინების შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებიდან ან გაზეთში ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.
ზემოაღნიშნულ სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია სასამართლო გზავნილის ჩაბარების საშუალებათა ერთგვარი იერარქია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე - 78-ე მუხლების დისპოზიციათა გათვალისწინებით, პრიორიტეტულია გზავნილის ადრესატისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის პირადად ჩაბარება, ხოლო მათი მისამართზე არყოფნის შემთხვევაში, გზავნილი ბარდება მათთან მცხოვრები ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. ასეთ დროს, გზავნილი სამართალწარმოების მონაწილეს ან/და მის წარმომადგენელს პირადად ჩაბარებულად ეთვლება (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74.1 მუხლი). ამასთან, საგულისხმოა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს უწყების სულ მცირე ორჯერ გაგზავნის ვალდებულებას. ამავე ნაწილით განსაზღვრულია სასამართლოს მიერ ჩაბარების ფორმის (ტელეფონი, ფაქსი, სხვა ტექნიკური საშუალებები, ფოსტა, სასამართლო კურიერი ან სხვ.) არჩევის თავისუფლება.
ამასთან, უწყების პირადად ჩაბარების შეუძლებლობის შემთხვევაში, საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარების შემდგომ, დამატებით ღონისძიებებს. ასეთ ღონისძიებებს განეკუთვნება, მაგალითად, სააპელაციო სასამართლოს მიერ განსახილველ საქმეზე გამოყენებული შეტყობინების მექანიზმი, კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საუბნო სამსახურისათვის (უბნის ინსპექტორისათვის) სასამართლო უწყების ჩაბარების დავალება. რაც შეეხება საჯარო გამოქვეყნებას, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო მხოლოდ გზავნილის ადრესატისათვის ან/და მისი წარმომადგენლისათვის პირადად ჩაბარების ყველა შესაძლებლობის ამოწურვისა და ჩაბარების შეუძლებლობის დადასტურების შემდგომ ხდება უფლებამოსილი, სამართალწარმოების მონაწილის ინფორმირება განახორციელოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეტყობინების საჯაროდ გავრცელების გზით. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სწორედ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის პირველ ნაწილში გამოყენებული სიტყვები - „მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება“ - ქმნის ერთგვარ წინაპირობას, რომლის თანახმად, აუცილებელია საჯარო შეტყობინების გამოყენებამდე სასამართლო დარწმუნდეს სასამართლო უწყების სამართალწარმოების მონაწილისათვის ჩაბარების შეუძლებლობაში. ამასთან, ადრესატის პირადად ინფორმირების შესაძლებლობის გამორიცხვა ეფუძნება სასამართლოს მიერ უწყების მხოლოდ სწორ, სრულყოფილ მისამართზე გაგზავნის დროს ჩაუბარებლობას. დაუშვებელია, მხარისათვის სასამართლოს მიერ არასწორ ან არასრულ მისამართზე უწყების ჩაუბარებლობამ შექმნას უწყების საჯაროდ გავრცელების გზით შეტყობინების წინაპირობები. შესაბამისად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლო გზავნილის ჩაბარების შეუძლებლობის დადასტურებისათვის არსებითია, გზავნილი ადრესატს ეგზავნებოდეს საქმეში არსებულ მის სრულ მისამართზე. ამ კუთხით სასამართლოს მართებს განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა, რამდენადაც ადრესატისათვის უწყების არასრულ მისამართზე გაგზავნით სასამართლო ვერ უზრუნველყოფს გზავნილის ჩაბარების ობიექტური შესაძლებლობით მხარის აღჭურვას - ასეთ პირობებში, სასამართლო გზავნილი მხარისათვის, მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით, ობიექტურად არ არის ხელმისაწვდომი. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლო უწყების არასრულ მისამართზე გაგზავნის დროს უწყების ჩაუბარებლობა არა ზოგადად მისი ჩაბარების შეუძლებლობას, არამედ მის გაუგზავნელობას ან მის არასწორ მისამართზე გაგზავნას უტოლდება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ასლის შემცველი გზავნილი ა. ნ-ის, ნაცვლად მისი სრულყოფილი მისამართისა - მარნეული, სოფელი ..., ...ს ჩიხი #..., ორჯერ გაუგზავნა არასრულ მისამართზე - მარნეული, სოფელი .... საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სწორედ აღნიშნულმა განაპირობა მისი რეალური საცხოვრებელი მისამართის მოძიების შეუძლებლობა და მისთვის გზავნილის ჩაუბარებლობა, რამდენადაც საქმის მასალები ცხადყოფს, რომ იქამდე ა. ნ-ისათვის მის სრულ მისამართზე ბოლნისის რაიონული სასამართლოს მიერ გაგზავნილი აბსოლუტურად ყველა უწყება ყველა ჯერზე იქნა ჩაბარებული მასთან მუდმივად მცხოვრები ოჯახის წევრებისათვის - დედისა და ძმისათვის. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ფორმალურად იხელმძღვანელა სააპელაციო საჩივარში მითითებული არასრული მისამართით, მაშინ, როდესაც არა მხოლოდ სამართალწარმოების, არამედ, ასევე, ადმინისტრაციული წარმოების მასალებშიც კი ფიქსირდებოდა ა. ნ-ის სრულყოფილი მისამართი - მარნეული, სოფელი ..., ...ს ჩიხი #.... სააპელაციო სასამართლოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურისათვის დავალებამდე და შემდგომში, განჩინების საჯაროდ გავრცელებამდე უნდა მოეძიებინა საქმეში არსებული ა. ნ-ის ის მისამართი, რომელზეც ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ არაერთხელ უზრუნველყო მისთვის გზავნილის გაგზავნა-ჩაბარება; შესაბამისად, სააპელაციო პალატას მისთვის უწყება სწორედ აღნიშნულ მისამართზე უნდა გაეგზავნა. ზემოაღნიშნული მსჯელობების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ხარვეზის შესახებ განჩინების ასლის შემცველი გზავნილის ორჯერ არასრულ მისამართზე გაგზავნით სააპელაციო სასამართლოს არ წარმოეშვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-7 ნაწილით მხარისათვის სასამართლო უწყების ჩაბარების მუნიციპალიტეტის ორგანოსათვის ან/და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საუბნო სამსახურებისათვის დავალების საფუძველი. ამასთან, სააპელაციო პალატას არ ჰქონდა პროცესუალური კომპეტენცია, ამავე კოდექსის 78-ე მუხლის საფუძველზე, ა. ნ-ისათვის საჯარო გამოქვეყნების გზით ეცნობებინა ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების შინაარსი, რამდენადაც როგორც ზემოთ აღინიშნა, ადრესატისათვის არასრულ მისამართზე უწყების გაგზავნის პირობებში გზავნილის ჩაუბარებლობა არ გულისხმობს სასამართლო უწყების ჩაბარების შეუძლებლობას და არ ქმნის უწყების საჯაროდ გავრცელების მექანიზმის გამოყენების საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ წინაპირობებს.
ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ა. ნ-ისათვის გაგზავნის მომენტში არ იხელმძღვანელა საქმეში არსებული მისი სრულყოფილი მისამართით. ამასთან, გამომდინარე იქიდან, რომ ადრესატს უწყება ორჯერ არასრულ მისამართზე გაეგზავნა, აღნიშნულ მისამართზე გზავნილის ჩაუბარებლობამ ვერ დაადასტურა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებული განჩინების საჯარო გამოქვეყნების გზით შეტყობინების წინაპირობის არსებობა - განჩინების ჩაბარების ობიექტური შეუძლებლობა, რის გამოც საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატას არ ჰქონდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის საფუძველზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების საჯაროდ გამოქვეყნების სათანადო ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი. შედეგობრივად, სააპელაციო სასამართლოს არ ჰქონდა არც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 დეკემბრის განჩინების ჩაბარებულად და შესაბამისად, ხარვეზის შევსების ვადის დენის დაწყებულად მიჩნევის სათანადო საფუძველი. ზემოხსენებულმა გარემოებებმა ერთობლიობაში განაპირობა ა. ნ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება და შედეგად, მისი საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლითა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლების შელახვა. ყოველივე აღნიშნული კი ქმნის კერძო საჩივრის მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების წინაპირობებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება გამოიწვევს იმ მდგომარეობის აღდგენას, რომელიც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებამდე არსებობდა. შესაბამისად, აღდგება ხარვეზის დადგენის შემდგომი ვითარება, რომლის ფარგლებშიც, სააპელაციო სასამართლო ვალდებულია, უზრუნველყოს ა. ნ-ისათვის სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების შესაძლებლობის მინიჭება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. ნ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 აპრილის განჩინება და საქმე ა. ნ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.


ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. ნ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 აპრილის განჩინება და საქმე ა. ნ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.



თავმჯდომარე მ. ვაჩაძე



მოსამართლეები: გ. აბუსერიძე



ბ. სტურუა