Facebook Twitter

№ბს-849(კ-24) 13 ნოემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების რეგიონალური სერვის ცენტრის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 მაისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. კ. ნ-ემ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების რეგიონალური სერვის ცენტრის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების რეგიონალური სერვის ცენტრის 2023 წლის 04 მაისის SSA 8 23 00472917 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კ. ნ-ეისათვის სახელმწიფო გასაცემლის (პენსიის) 2023 წლის 01 მაისიდან შეწყვეტის შესახებ. ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 28 ივლისის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. გ) დაევალოს მოპასუხეს სოციალური მომსახურების სააგენტოს გამოსცეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კ. ნ-ეისათვის სახელმწიფო გასაცემლის პენსიის აღდგენის შესახებ 2023 წლის 1 მაისიდან და აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდურის სახით დაკავებული პენსია 2023 წლის 1 მაისიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით კ. ნ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების რეგიონალური სერვის ცერტრის 2023 წლის 04 მაისის №82300472917 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კ. ნ-ეისათვის სახელმწიფო გასაცემლის (პენსია) შეწყვეტის შესახებ. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 28 ივლისის №52300798850 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; დაევალა სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც კ. ნ-ეს 2023 წლის 01 მაისიდან აღუდგება სახელმწიფო პენსია კანონმდებლობით დადგენილი ყოველთვიური ოდენობით.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების რეგიონალური სერვის ცენტრის მიერ.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 27 მაისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების რეგიონალურმა სერვის ცენტრმა.

კასატორების განმარტებით, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. საჯარო საქმიანობა კი, სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის საჯარო სამართლის იურიდიულ პირში განხორციელებულ შრომით ანაზღაურებად საქმიანობას მოიცავს, შესაბამისი გამონაკლისებით. კ. ნ-ე 2012 წლიდან დასაქმებულია სსიპ - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის ისტორიულ - არქიტექტორულ მუზეუმ ნაკრძალში შრომითი ხელშეკრულებით, ტექნიკური უზრუნველყოფის პოზიციაზე. ზემოხსენებული სააგენტოს ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტორული მუზეუმ-ნაკრძალი კი თავის მხრივ სააგენტოს სტრუქტურული ერთეულია და არა ცალკე არსებულ ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის იურიდიული სტატუსის მქონე სუბიექტი.

კასატორთა განმარტებით, სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო დაფუძნდა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს შექმნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 3 ნოემბრის №533 ბრძანებულებით. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2008 წლის 21 ნოემბრის №3/331 ბრძანებით დამტკიცებული სააგენტოს დებულების პირველ მუხლის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით მოსარგებლე სხვადასხვა მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები, მათ შორის ქუთაისის ისტორიულ არქიტექტურული მუზეუმ ნაკრძალი, სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებად ჩამოყალიბდნენ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სხვა საქმიანობასთან ერთად მის სტრუქტურაში არსებული მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების მართვას, მოვლა-პატრონობას, მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების ტერიტორიების განვითარების გეგმის მომზადებას უზრუნველყოფს, სააგენტო არ წარმოადგენს უშუალოდ სამუზეუმო დაწესებულების სტატუსის მქონე სუბიექტს, რომელზედაც შესაძლებელია „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი გავრცელდეს. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე დასაქმებულია სსიპ - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტორულ მუზეუმ ნაკრძალში და ასრულებს შრომით ანაზღაურებით საქმიანობას, მის მიმართ სახელმწიფო გასაცემლის მიღების უფლება იზღუდება.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების რეგიონალური სერვის-ცენტრის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების რეგიონალური სერვის-ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების რეგიონალური სერვის ცენტრის 2023 წლის 04 მაისის SSA 8 23 00472917 გადაწყვეტილებით, კ. ნ-ეს 2023 წლის 01 მაისიდან შეუწყდა პენსია (სახელმწიფო გასაცემელი), ვინაიდან იგი დასაქმებულია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში (ს.ფ. 16-17); ბ) საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ 2023 წლის 22 ივნისს გაცემული №05/1940 ცნობის თანახმად, კ. ნ-ე მუშაობს სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის (ტექნიკური უზრუნველყოფა) პოზიციაზე (ს.ფ. 23); გ) კ. ნ-ეს პენსია დაენიშნა 2021 წლის ოქტომბრიდან, ხოლო შეუწყდა 2023 წლის 1 მაისიდან საჯარო საქმიანობის განხორციელების გამო, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლს პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად (ს.ფ. 27-31).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელისთვის პენსიის შეწყვეტის კანონიერების შემოწმება მისი საჯარო სამსახურში საქმიანობის საფუძვლით, რისთვისაც აუცილებელია დადგინდეს, არის თუ არა სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სამუზეუმო დაწესებულების სტატუსის მქონე სუბიექტი და ეწეოდა თუ არა სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში ტექნიკური უზრუნველყოფის პოზიციაზე დასაქმებული მოსარჩელე საჯარო საქმიანობას, რაც პენსიის მიღების შესაძლებლობას გამორიცხავს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პენსიის მიღება საერთაშორისო და შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად, პირის ძირითად სოციალურ უფლებათა ჯგუფს განეკუთვნება. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ევროპის სოციალური ქარტია და მისი მე-12 მუხლი, რომლის შესაბამისადაც, სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა. შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ევროპის სოციალური უზრუნველყოფის კოდექსის რატიფიკაციისათვის აუცილებელ დონეს. მიიღონ ზომები სოციალური უზრუნველყოფის სისტემის გაუმჯობესების მიზნით. ქარტიის 23-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულთა მიერ სოციალური დაცვით უფლებით რაც შეიძლება დიდხანს სარგებლობის მიზნით, მხარეები, უშუალოდ ან სახელმწიფო ან კერძო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გზით, ვალდებულებას იღებენ მიიღონ და მხარი დაუჭირონ შესაბამის ზომებს, რომლებიც მიზნად ისახავს: - უზრუნველყოს ხანდაზმულთა დარჩენა საზოგადოების სრულფასოვან წევრებად რაც შეიძლება მეტი ხნით, შემდეგი საშუალებებით: ა) სათანადო სახსრების გამოყოფა, რაც საშუალებას მისცემს მათ იცხოვრონ ღირსეულად და აქტიური მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში; ბ) ინფორმაციის მიწოდება იმ სამსახურებისა და შეღავათების შესახებ, რომლებიც დადგენილია ხანდაზმულთათვის.

ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-9 მუხლის თანახმად, პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ხანდაზმულ პირთა სოციალური უფლებების მიმართ სახელმწიფოს აკისრია პოზიტიური ვალდებულება, არა მხოლოდ აღიაროს აღნიშნულ პირთა სოციალური უფლებების არსებობა, არამედ საპენსიო სისტემასთან დაკავშირებული ქმედითი ეროვნული კანონმდებლობის შექმნისა და არსებულის დახვეწის გზით, აგრეთვე, უზრუნველყოს ხსენებულ უფლებათა რეალიზებისათვის ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონე სამართლებრივი გარანტიების შექმნა. პოზიტიურ ჭრილში, სახელმწიფო, ასევე, ვალდებულია, დასახელებული ვალდებულებების ზედმიწევნითი განხორციელებით დაიცვას ხანდაზმულ პირთა სოციალური უფლებები და შეამციროს მათი ხელყოფის რისკები. ამასთან, პენსიის მიღების უფლების საჯარო-სამართლებრივი შინაარსის გათვალისწინებით, შესაბამისი საფუძვლების არსებობისას სახელმწიფოს მიერ პენსიის გაცემის შემხვედრი ვალდებულებით აღჭურვით, სახელმწიფოს სოციალურ უფლებათა მიმართ წარმოეშობა ნეგატიური ვალდებულებაც - საპენსიო სისტემის ფორმირების შედეგად ნაკისრი ვალდებულებების განუხორციელებლობით თავად არ ხელყოს ხანდაზმულ პირთა სოციალური გარანტიები

პალატა აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს ხანდაზმულ მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზაცია და სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის (შემდგომ – პენსია) დაწესება არსებული რესურსების ფარგლებში. ეს კანონი არეგულირებს პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტის და პენსიის მიღების ზოგად პრინციპებს. ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელეს ასაკით პენსია 2021 წლის 1 ოქტომბრიდან, პირადი განცხადების საფუძველზე დაენიშნა და 2023 წლის 1 მაისიდან საჯარო საქმიანობის განხორციელების მიზეზით, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლს პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შეუწყდა.

„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 4.1 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, საჯარო საქმიანობა არის სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა), განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც საჯარო საქმიანობას მიეკუთვნება, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ’’ საქართველოს კანონზე, რომლის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან კანონის საფუძველზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით შექმნილი, საკანონმდებლო და სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს ნორმატიული აქტით შექმნილი, სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად კი საჯარო სამსახური არის – სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რამდენადაც ნებისმიერი სახელმწიფო გასაცემელი უკავშირდება საბიუჯეტო სახსრების განკარგვის საკითხს, ბუნებრივია კანონმდებლის მიზანია საბიუჯეტო თანხების ხარჯვასთან დაკავშირებით დაწესდეს სპეციალური შეზღუდვები. თუმცა, საკითხის შეფასების პროცესში არანაკლებ პრინციპულია სწორად დადგინდეს ბენეფიციარის დასაქმების ადგილი, მისი ფუნქცია-მოვალეობები, საქმიანობის სფეროს სპეციფიკა, რათა თავიდან იქნეს აცილებული მოქალაქის სოციალური უფლების უსაფუძვლო შეზღუდვა.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას და მიუთითებს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 24 ნოემბრის №05/05 ბრძანებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) შექმნილია საჯარო სამართლის იურიდიული პირების: სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმის, დიდი მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის, ვარძიის ისტორიულ- არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, სამშვილდის და კლდეკარის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, ქსნის ხეობის ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის, პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის გურიის მხარის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის, დიდი ლიახვის ხეობის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის, ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის, მირზაანის ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმის ბაზაზე და წარმოადგენს ზემოაღნიშნული მუზეუმებისა და მუზეუმ- ნაკრძალების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმისა და დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმის უფლებამონაცვლეს.

ზემოხსენებული დებულების მე-8 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულია სააგენტოს სტრუქტურა, კერძოდ მითითებულია, რომ სააგენტოს სტრუქტურა შედგება მუზეუმებისგან, მუზეუმ-ნაკრძალებისგან და სამსახურებისაგან (სტრუქტურული ერთეულები). ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად სააგენტოს შემადგენლობაში მუზეუმები და მუზეუმ ნაკრძალებში, მათ შორის, ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალიც შედის. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სააგენტოს სამსახურებია: ა) ძეგლთა რეაბილიტაციის, ნებართვებისა და ექსპერტიზის სამსახური; ბ) არქეოლოგიისა და კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახური; გ) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სამსახური; დ) მონიტორინგის სამსახური; ვ) იუნესკოსა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური; ზ) ადმინისტრაცია (სამსახური); თ) შიდა აუდიტისა და შრომის უსაფრთხოების სამსახური; ი) ეკონომიკური სამსახური; კ) საინფორმაციო სისტემების სამსახური; ლ) ძეგლთა ფიქსაციისა და კულტურულ ფასეულობათა კონსერვაცია- რესტავრაციის ლაბორატორია (სამსახური).

მნიშვნელოვანია ზემოაღნიშნული დებულების მე-9 მუხლი, რომლის თანახმადაც, მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების ძირითადი ამოცანებია: ა) მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების მართვაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის მართვა, დაცვა, ექსპონირება და პოპულარიზაცია; ბ) კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენა, შეგროვება, აღრიცხვა, დაცვა, შესწავლა, ექსპონირება და პოპულარიზაცია; გ) კულტურული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა; დ) სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება; ე) სამეცნიერო კვლევების საფუძველზე, ახალი და განახლებული მუზეუმების ან/და მუზეუმ-ნაკრძალებისათვის სამუზეუმო ექსპოზიციათა კონცეფციების შემუშავება; ვ) სამუზეუმო სფეროს ექსპერტებთან თანამშრომლობა და კვლევითი, საკონსულტაციო, საექსპერტო საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობა; ზ) მუზეუმებთან და მუზეუმ-ნაკრძალებთან დაკავშირებული შემეცნებითი, სამეცნიერო, სამეცნიერო-პოპულარული, საინფორმაციო ხასიათის გამოცემებისა და ღონისძიებების მომზადება-განხორციელება; თ) ამ მუხლის „ა“-„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ამოცანების შესრულების მიზნით, შესაბამისი პროგრამების შემუშავება და განხორციელება; ი) მუზეუმის/მუზეუმ-ნაკრძალის დებულებით განსაზღვრული და სამინისტროსგან შესაბამისი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დელეგირებული საქმიანობის ფარგლებში სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

საკასაციო პალატა, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 24 ნოემბრის №05/05 ბრძანებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების ზემოხსენებული ნორმებიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ სააგენტო მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებს აერთიანებს, მათ ბაზაზეა შექმნილი და მათ უფლებამონაცვლეს წარმოადგენს. დებულებით პირდაპირაა განსაზღვრული და გამიჯნული როგორც მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების, ასევე კონკრეტული სამსახურების სახეობები, მათ საქმიანობა და ფუნქციები. ამიტომ, საკასაციო პალატა თვლის, რომ მოსარჩელე რომელიც ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში დასაქმებული პირია, სააგენტოს შემადგენლობაში, როგორც მუზეუმში დასაქმებულ პირს წარმოადგენს. შესაბამისად, მოსარჩელის ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალში მუშაობა ექცევა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის დეფინიციაში და მუზეუმში დასაქმებულ პირად ითვლება. ამიტომაც, იგი არ ითვლება საჯარო საქმიანობის განმახორციელებელ პირად და სახელმწიფო პენსიის შესახებ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე არ არსებობს მისთვის სახელმწიფო პენსიის შეწყვეტის საფუძველი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მართებულია სასამართლოების დასკვნა, რომ კ. ნ-ეის მიმართებაში, ადგილი არ ჰქონია ისეთ ფაქტობრივ-სამართლებრივ მოცემულობას, რაც შეიძლებოდა მისთვის სახელმწიფო პენსიის შეწყვეტის საფუძველი ყოფილიყო. შესაბამისად, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები უკანონოა და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და უნდა დაკმაყოფილდეს მოთხოვნა, სახელმწიფო პენსიის აღდგენის შესახებ ახალი აქტის გამოცემის დავალებით.

შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების რეგიონალური სერვის ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე