საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-884(კ-23) 26 ნოემბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოსარჩელეები) - რ. ჟ-ი, თ. ჟ-ი
პროცესუალური მოწინააღმდეგეები (მოპასუხეები) - გ. ჟ-ი, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ქედის მუნიციპალიტეტის მერია, ქედის მუნიციპალიტეტის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
რ. ჟ-იმა და თ. ჟ-იმა 2021 წლის 5 ივლისს სარჩელით მიმართეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ქედის მუნიციპალიტეტის მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის და გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით გ. ჟ-ის საკუთრებაში არსებულ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადებისა და გ. ჟ-ისათვის დამხმარე შენობა-ნაგებობების, ლითონის ჯებირების განადგურების, დაშლის ან/და ზიანის მიყენების აკრძალვის მოთხოვნით.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 6 ივლისის განჩინებით რ. ჟ-ისა და თ. ჟ-ის უარი ეთქვათ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე.
რ. ჟ-იმა და თ. ჟ-იმა 2021 წლის 13 ივლისს დაზუსტებული სარჩელით მიმართეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს, რომელშიც მოპასუხე მხარეებად მიუთითეს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ქედის მუნიციპალიტეტის მერია და გ. ჟ-ი, ხოლო სასარჩელო მოთხოვნად განსაზღვრეს - ...ს თემის საკრებულოს 2006 წლის 17 ნოემბრის №240 ცნობის და მის საფუძველზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული 2018 წლის 9 იანვრის №..., 2019 წლის 3 აპრილის №..., 2019 წლის 4 ივნისის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, მოსარჩელეებმა ასევე მოითხოვეს რ. ჟ-ისა და თ. ჟ-ის მიერ გაწეული საპროცესო ხარჯების მოსარჩელეთა სასარგებლოდ მოპასუხეთათვის დაკისრება. დაზუსტებული სარჩელით მოსარჩელეებმა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით გ. ჟ-ის საკუთრებაში არსებულ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება და გ. ჟ-ისათვის დამხმარე შენობა-ნაგებობების, ლითონის ჯებირების განადგურების, დაშლის ან/და ზიანის მიყენების აკრძალვა კვლავ მოითხოვეს.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 14 ივლისის განჩინებით რ. ჟ-ისა და თ. ჟ-ის შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გ. ჟ-ის აეკრძალა ქედის მუნიციპალიტეტის, სოფელ ...ში მდებარე, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, გ. ჟ-ის აეკრძალა სამზარეულოს ქვის ორსართულიანი შენობა-ნაგებობის (შპს „ტ...ს“ 2007 წლის 12 თებერვლის აზომვით ნახაზში მითითებული ლიტერი №4-ის) დემონტაჟი, ასევე აეკრძალა მასში განთავსებული ნივთების განადგურება, მიმდებარე ეზოს ძველი ლითონის ჯებირების, ს. ჟ-ის მიერ აშენებული სამზარეულოს ნანგრევების (შპს „ტ...ს“ 2007 წლის 12 თებერვლის აზომვით ნახაზში მითითებული ლიტერი №3-ის) განადგურება, დაშლა, ზიანის მიყენება.
რ. ჟ-იმა და თ. ჟ-იმა 2021 წლის 8 სექტემბერს კვლავ დაზუსტებული სარჩელით მიმართეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ქედის მუნიციპალიტეტის მერიისა და გ. ჟ-ის მიმართ და ...ს თემის საკრებულოს 2006 წლის 17 ნოემბრის №240 ცნობისა და მის საფუძველზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული 2018 წლის 9 იანვრის №..., 2019 წლის 3 აპრილის №..., 2019 წლის 4 ივნისის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და რ. ჟ-ისა და თ. ჟ-ის მიერ გაწეული საპროცესო ხარჯების მოსარჩელეთა სასარგებლოდ ანაზღაურების მოპასუხეთათვის დაკისრება მოითხოვეს. მოსარჩელეებმა დამატებით მოითხოვეს „შპს ც...“-ის ნახაზის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე უძრავ ქონებაზე (სამზარეულოს ნაგებობასა და მიმდებარე მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდით №...) რ. ჟ-ისა და თ. ჟ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის დავალება. მოსარჩელეებმა კვლავ იშუამდგომლეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 9 სექტემბრის განჩინებით რ. ჟ-ისა და თ. ჟ-ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, რაც საჩივრით გასაჩივრდა რ. ჟ-ისა და თ. ჟ-ის მიერ.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 21 სექტემბრის განჩინებით რ. ჟ-ისა და თ. ჟ-ის უარი ეთქვათ საჩივრის დაკმაყოფილებაზე და საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ნოემბრის განჩინებით რ. ჟ-ისა და თ. ჟ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 9 სექტემბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ დარჩა უცვლელად.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 დეკემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საქმის წარმოება რ. ჟ-ისა და თ. ჟ-ის სარჩელის გამო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ქედის მუნიციპალიტეტის მერიისა და გ. ჟ-ის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე, შეწყდა სარჩელის დაუშვებლობის საფუძვლით. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა რ. ჟ-ისა და თ. ჟ-ის მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 მაისის განჩინებით რ. ჟ-ისა და თ. ჟ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა არსებითად განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
რ. ჟ-იმა და თ. ჟ-იმა 2022 წლის 1 მარტს სარჩელით მიმართეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ქედის მუნიციპალიტეტის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და გ. ჟ-ის მიმართ, რომლითაც მოითხოვეს: ქედის მუნიციპალიტეტის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2020 წლის 28 დეკემბრის №... საკუთრების უფლების მოწმობისა და მის საფუძველზე განხორციელებული საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 5 იანვრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 5 იანვრის №... და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 21 თებერვლის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა. ასევე მოითხოვეს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დავალებოდა სადავო გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე სადავო უძრავ ნაკვეთზე დარეგისტრირდებოდა თ. ჟ-ისა და რ. ჟ-ის საკუთრების უფლება, საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრში წარდგენილი 2021 წლის 22 დეკემბრის №... განაცხადის შესაბამისად. მოსარჩელეებმა - თ. ჟ-იმა და რ. ჟ-იმა დამატებით, მათ მიერ გაწეული საპროცესო ხარჯების მოსარჩელეთა სასარგებლოდ მოპასუხეთათვის დაკისრება მოითხოვეს. ამავდროულად, დაზუსტებული სარჩელით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით იშუამდგომლეს გ. ჟ-ისათვის ქედის მუნიციპალიტეტის, სოფელ ...ში მდებარე, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვის შესახებ.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 2 მარტის განჩინებით რ. ჟ-ისა და თ. ჟ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გ. ჟ-ის აეკრძალა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა. აღნიშნულ განჩინებაზე ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში გ. ჟ-იმა წარადგინა საჩივარი.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 1 აპრილის განჩინებით გ. ჟ-ის უარი ექვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე, ხოლო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 მაისის განჩინებით გ. ჟ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 2 მარტის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დარჩა უცვლელი.
რ. ჟ-იმა და თ. ჟ-იმა 2022 წლის 30 მარტს შუამდგომლობით მიმართეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს და დამატებით მოითხოვეს სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 21 მარტის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 28 ივლისის განჩინებით ადმინისტრაციული საქმეები: №3-34/2022 და №3-10/2020 გაერთიანდა ერთ წარმოებად და მიენიჭა სარეგისტრაციო ნომერი №3-34/2022.
რ. ჟ-იმა და თ. ჟ-იმა 2022 წლის 5 სექტემბერს დაზუსტებული სარჩელით მიმართეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ქედის მუნიციპალიტეტის მერიის, ქედის მუნიციპალიტეტის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და გ. ჟ-ის მიმართ, რომლითაც მოითხოვეს 2022 წლის 2 სექტემბრის ინდ. მეწარმე ზ. ჭ-ეის მიერ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში შედგენილი აზომვითი ნახაზის ზედდების ნაწილში (ნაკვეთის ფართობი 290 კვ.მ და შენობა-ნაგებობის ფართი 46.5 კვ.მ) ...ს თემის საკრებულოს 2006 წლის 17 ნოემბერს გაცემული №240 ცნობისა და მის საფუძველზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2007 წლის 5 მარტის №... განცხადებაზე მიღებული რეგისტრაციის გადაწყვეტილებისა და 2007 წლის 5 მარტის სააღრიცხვო ბარათის ბათილად ცნობა, 2018 წლის 1 იანვრის №... გადაწყვეტილების, 2019 წლის 3 აპრილის №... გადაწყვეტილების, 2019 წლის 4 ივნისის №... გადაწყვეტილებისა და 2019 წლის 4 ივნისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. ასევე, მოითხოვეს 2022 წლის 2 სექტემბრის ინდ. მეწარმე ზ. ჭ-ეის მიერ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში შედგენილი აზომვითი ნახაზის ზედდების ნაწილში ქედის მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2020 წლის 28 დეკემბრის №... საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობა და ქედის მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2020 წლის 28 დეკემბრის №248 განკარგულებისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 5 იანვრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. დაზუსტებული სარჩელით, ასევე მოითხოვეს ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 5 იანვრის №..., ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 2022 წლის 21 თებერვლის №... და სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 2022 წლის 21 მარტის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და სადავო გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, თ. ჟ-ისა და რ. ჟ-ის მიერ თვითნებურად დაკავებულ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე უძრავ ქონებაზე, 2022 წლის 2 სექტემბრის ინდ. მეწარმე ზ. ჭ-ეის მიერ შედგენილი აზომვითი ნახაზის მიხედვით მოსარჩელეთა საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და თ. ჟ-ისა და რ. ჟ-ის მიერ გაწეული საპროცესო ხარჯების მოსარჩელეთა სასარგებლოდ მოპასუხეთათვის დაკისრება.
მოსარჩელეებმა, სასარჩელო მოთხოვნების დასაბუთების მიზნით განმარტეს, რომ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში 220 კვ.მ ფართის სახლში ცხოვრობდნენ ძმები სე. ჟ-ი და ს. ჟ-ი, რომლებმაც სახლი გაიყვეს 110-110 კვ.მ ფართებად. სე. ჟ-იმა თავისი კუთვნლი ფართის მხარეს (მარცხენა ნაწილში) ააშენა ორსართულიანი სამზარულოს შენობა, ე.წ. კუხნა და მას იყენებდა ყოველდღიურ სამყოფელ დამხმარე ფართად, ამასთან, მის უკან, ასევე მდებარეობდა სასიმინდე, ე.წ. ნალია, რომლითაც ასევე მოსარჩელეების მშობლები სარგებლობდნენ. მიუხედავად ამისა ე.წ. კუხნა, ნალია და მიმდებარე ნაკვეთი, საჯარო რეესტრში დარეგისტრირებულ იქნა ჯერ სო. ჟ-იის, ხოლო შემდგომ გ. ჟ-ის საკუთრებად.
მოსარჩელეებმა ასევე განმარტეს, რომ გ. ჟ-ის დედამ - სო. ჟ-იმა (მოსარჩელეთა ბიცოლამ) 2007 წელს თავის საკუთრებად დაირეგისტრირა ს. ჟ-ის (მოსარჩელეთა ბიძის) კომლის უძრავი ქონება, ხოლო მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის საფუძვლად, ...ს თემის საკრებულოს 2006 წლის 17 ნოემბერის №240 ცნობა წარადგინა. მასში მითითებული იყო, რომ ს. ჟ-ის კომლს ეკუთვნის შენობა-ნაგებობები, მათ შორის 18,4 კვ.მ საკუჭნაო. სო. ჟ-იმა ცნობასთან ერთად საჯარო რეესტრში წარადგინა არასწორი აზომვითი ნახაზი, რომლითაც სამზარეულოს ტიპის ორსართულიანი ნაგებობა (რომელიც მოსარჩელეების მამამ - სე. ჟ-იმა ააშენა), წოდებულ იქნა საკუჭნაოდ და მოექცა ს. ჟ-ის კომლის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფარგლებში, თუმცა 2022 წლის 2 სექტემბრის აზმოვით ნახაზში მითითებული სამზარეულოს ტიპის შენობა-ნაგებობა იყო არა 18.4 კვ.მ, არამედ 46.5 კვ.მ, ამდენად, მოსარჩელეების მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ სადავო ნაგებობა და მიმდებარე მიწის ნაკვეთი არასოდეს არ ყოფილა გ. ჟ-ისა და მისი მშობლების მფლობელობაში, იგი დარეგსტრირებულ იქნა ჯერ სო. ჟ-იის, ხოლო შემდეგ გ. ჟ-ის საკუთრებად.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით რ. ჟ-ისა და თ. ჟ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ინდ. მეწარმე ზ. ჭ-ეის მიერ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე მიწის ნაკვეთზე შედგენილი აზომვითი ნახაზით განსაზღვრული ზედდების ნაწილში (ნაკვეთის ფართობი 290 კვ.მ, შენობა-ნაგებობა 46.5 კვ.მ) ბათილად იქნა ცნობილი ...ს თემის საკრებულოს 2006 წლის 17 ნოემბრის №240 ცნობის საფუძველზე საჯარო რეესტრში განხორციელებული 2007 წლის 5 მარტის №... განცხადებაზე მიღებული გადაწყვეტილება-სააღრიცხვო ბარათი, ასევე ზედდების ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის შემდეგი გადაწყვეტილებები: №... (09.01.2018), №... (03.04.2019), №... (04.06.2019), №... (05.01.2021), №... (05.01.2022), №... (21.03.2022); №... (22.02.2022); ინდ. მეწარმე ზ. ჭ-ეის მიერ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე მიწის ნაკვეთზე შედგენილი აზომვითი ნახაზით განსაზღვრული ზედდების ნაწილში (ნაკვეთის ფართობი 290 კვ.მ, შენობა-ნაგებობა 46.5 კვ.მ) ბათილად იქნა ცნობილი ქედის მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2020 წლის 28 დეკემბრის №248 განკარგულება და მის საფუძველზე გამოცემული საკუთრების უფლების მოწმობა №..., ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 5 იანვრის №... გადაწყვეტილება; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა სადავო გარემოებათა გამოკლვევისა და შეფასების შემდეგ, 2022 წლის 2 სექტემბერს ინდ. მეწარმე ზ. ჭ-ეის მიერ შედგენილი აზომვითი ნახაზის შესაბამისად ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე უძრავ ქონებაზე, რ. ჟ-ისა და თ. ჟ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ (ნაკვეთის ფართობი 290 კვ.მ და შენობა-ნაგებობა 46.5 კვ.მ, განაცხადის სარეგისტრაციო ნომერი ...) ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; ...ს თემის საკრებულოს 2006 წლის 17 ნოემბრის №240 ცნობის ბათილად ცნობის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება; გ. ჟ-ის, ქედის მუნიციპალიტეტის მერიასა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მოსარჩელეების სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ გაწეული საპროცესო ხარჯის 439,39 ლარის ანაზღაურება.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 11 ნოემბრის განჩინებით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობა აღმოიფხვრა და იგი ჩამოყალიბდა შემდეგი ფორმით: 1. ინდ. მეწარმე ზ. ჭ-ეის მიერ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე მიწის ნაკვეთზე შედგენილი აზომვითი ნახაზით განსაზღვრული ზედდების ნაწილში (ნაკვეთის ფართობი 290 კვ.მ შენობა-ნაგებობა 46.5 კვ.მ) ბათილად იქნა ცნობილი ...ს თემის საკრებულოს 2006 წლის 17 ნოემბერის №240 ცნობის საფუძველზე საჯარო რეესტრში განხორციელებული 2007 წლის 5 მარტის №... განცხადებაზე მიღებული გადაწყვეტილება - სააღრიცხვო ბარათი. ასევე ზედდების ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის შემდეგი გადაწყვეტილებები: №... (09.01.2018); №... (03.04.2019); №... (04.06.2019); №... (05.01.2021); №... (05.01.2022); №... (21.03.2022); №... (22.02.2022); 2. ინდ. მეწარმე ზ. ჭ-ეის მიერ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე მიწის ნაკვეთზე შედგენილი აზომვითი ნახაზით განსაზღვრული ზედდების ნაწილში (ნაკვეთის ფართობი 290 კვ.მ შენობა-ნაგებობა 46.5 კვ.მ) ბათილად იქნა ცნობილი ქედის მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2020 წლის 28 დეკემბრის №248 განკარგულება და მის საფუძველზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა №..., ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 5 იანვრის №... გადაწყვეტილება; 3. საჯარო რეესტრი დავალდებულდა სადავო გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემეგ გამოეცა ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, 2022 წლის 2 სექტემბრს ინდ. მეწარმე ზ. ჭ-ეის მიერ შედდგენილი აზომვითი ნახაზის შესაბამისად ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე უძრავ ქონებაზე, რ. და თ. ჟ-იების საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ (ნაკვეთის ფართობი 290 კვ.მ და შენობა-ნაგებობის ფართი 46.5 კვ.მ) (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: ...); 4. ...ს თემის საკრებულოს 2006 წლის 17 ნოემბერის №240 ცნობის ბათილად ცნობის ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა; 5. გ. ჟ-ის, ქედის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრათ გაწეული საპროცესო ხარჯის 439,39 ლარის ანაზღაურება.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აწ. უკვე გარდაცვლილი სე. ჟ-ი და ს. ჟ-ი იყვნენ ძმები, რომლებიც ერთ სახლში ცხოვრობდნენ, მისამართზე: ქედის მუნიციპალიტეტი, სოფელი ...ი, ხოლო ს. ჟ-ის მეუღლე იყო აწ. უკვე გარდაცვლილი სო. ჟ-იი. ამასთან, მოსარჩელეები - თ. ჟ-ი და რ. ჟ-ი, წარმოადგენდნენ სე. ჟ-ის შვილებს, ხოლო გ. ჟ-ი წარმოადგენდა ს. და სო. ჟ-იების შვილს.
სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ...ს თემის საკრებულომ 2006 წლის 17 ნოემბერს გასცა ცნობა №240, რომელშიც მითითებულ იქნა, რომ ს. ჟ-ის კომლს ქედის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში აწერია 602,9 კვ.მ შენობა-ნაგებობები და საკარმიდამო მიწის ნაკვეთი 1 ჰა-ს ოდენობით. საცხოვრებელი სახლი - 290,8 კვ.მ, სამზარეულო - 18,9 კვ.მ, საკუჭნაო - 18,4 კვ.მ, ნალია - 16,2 კვ.მ, გარაჟი - 21,2 კვ.მ, ბოსელი - 58,4 კვ.მ და ძველი საცხოვრებელი სახლი - 179 კვ.მ ამასთან, სო. ჟ-იმა, შპს „ტ...ს“ დაამზადებინა აზომვითი ნახაზი, რომელშიც „ლიტერი 4“ მონიშნულია, როგორც 18,4 კვ.მ საკუჭნაო. მან ნახაზი წარადგინა საჯარო რეესტრში და მოითხოვა მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობების მის საკუთრებად რეგისტრაცია. აზომვითი ნახაზის გარდა, სო. ჟ-იმა განცხადებას დაურთო საარქივო ცნობა, მეკომურთა კრების ოქმი და ...ს თემის საკრებულოს 2006 წლის 17 ნოემბრის ცნობა №240.
დადგენილია, რომ 2007 წლის 5 მარტს, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 5100 კვ.მ მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა სო. ჟ-იის საკუთრებად. სო. ჟ-იი გარდაიცვალა 2013 წლის 21 მაისს. მისი სამკვიდრო ქონება - ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 5100 კვ.მ მიწის ნაკვეთი 2016 წლის 23 დეკემბრის №161456033 სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, მემკვიდრეობით მიიღო გ. ჟ-იმა, რომელმაც 2019 წლის 29 მარტს საჯარო რეესტრს მოსთხოვა რეგისტრირებული უძრავი ქონების დაყოფა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 3 აპრილის №... გადაწყვეტილებით გ. ჟ-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. წარდგენილი აზომვითი ნახაზის მიხედვით, ერთმანეთისაგან გაიყო 4701 კვ.მ მიწის ნაკვეთი და 399 კვ.მ მიწის ნაკვეთი. 2019 წლის 4 ივნისს გ. ჟ-იმა საჯარო რეესტრს მოსთხოვა რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების განხორციელება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 4 ივნისის №... (04.06.2019) გადაწყვეტილებით გ. ჟ-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
გარდა ამისა, 2020 წლის 7 აგვისტოს გ. ჟ-იმა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომელმაც ინფორმაციის შეგროვების შემდგომ გ. ჟ-ის განცხადება განსახილველად გადაუგზავნა ქედის მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, რომელმაც მიიჩნია, რომ გ. ჟ-ი აკმაყოფილებდა მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს და 2020 წლის 28 დეკემბერს გამოსცა განკარგულება №248, რომლითაც გ. ჟ-ის უღიარა საკუთრების უფლება 3857 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. განკარგულების შესაბამისად კი გასცა საკუთრების უფლების მოწმობა №.... აღნიშნულის საფუძველზე საჯარო რეესტრმა 2021 წლის 5 იანვრის №... გადაწყვეტილებით მიწის ნაკვეთი დაარეგისტრირა გ. ჟ-ის საკუთრებად.
ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ 2021 წლის 22 დეკემბერს მოსარჩელე მხარის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილ იქნა განცხადება თანდართული აზომვითი ნახაზით, რომლითაც მოსარჩელე მხარემ მოითხოვა სადავო ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 5 იანვრის №... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა, ვინაიდან დაინტერესებული პირის მიერ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებსა და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა კანონით განსაზღვრული ზედდება (ს/კ ... და ...), დაინტერესებულ პირს დაევალა ზედდების ნაწილში კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენა ან რეგისტრირებული უძრავი ნივთის რეგისტრაციის ან/და რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაუქმების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. 2022 წლის 21 იანვარს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რ. და თ. ჟ-იების წარმომადგენლის მიერ წარდგენილ იქნა ადმინისტრაციული საჩივარი საჯარო რეესტრის 2022 წლის 5 იანვრის №... გადაწყვეტილებაზე, თუმცა სააგენტოს 2022 წლის 21 თებერვლის №... გადაწყვეტილებით რ. და თ. ჟ-იების წარმომადგენლის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ ასევე მიუთითა საქმის მასალებში არსებულ საარქივო ცნობაზე, რომლის თანახმად, სე. ჟ-ის კომლს სოფელ ...ში ეწერა: სულ მიწა 0,15 ჰა; საცხოვრებელი სახლი - ქვის, აგებული 1981 წელს; „კუხნა“ - აგებული 1975 წელს; სასიმინდე - აგებული 1928 წელს; გარაჟი - აგებული 1980 წელს.
ამასთან, მოწმე გო. ჟ-იმა (მოსარჩელეთა ძმამ) სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს განმარტა, რომ საარქივო ცნობაში მითითებული ე.წ. კუხნა იყო ორსართულიანი ნაგებობა, რომელსაც მისი მშობლები 1975 წლიდან იყენებდნენ სამზარეულოს დანიშნულებით. მოსარჩელეებმა იქ გაატარეს ბავშვობა, სადილობდნენ და ა.შ. მოსარჩელეების ქ. თბილისში გადასვლის შემდეგ, მათი მითითებით ყურადღებას აქცევდა და უვლიდა თვითონ, ასევე ამ შენობას ყურადღებას აქცევდნენ სოფელ ...ში მცხოვრები მათი მეზობლებიც. მოწმე ამტკიცებდა, რომ სადავო ნაგებობა ორსართულიანი სამზარეულოს დანიშნულების 46,5 კვ.მ შენობა იყო, რომლის უკანაც იდგა ნალია/სასიმინდე. სამზარეულოს აღნიშნული შენობა მამამისმა ააშენა და ს. ჟ-ის მფლობელობაში არასოდეს ყოფილა, იგი ძველი სახლის მარცხენა ნაწილში მდებარეობდა.
გარდა ამისა, სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა რ. თ-ემ დაადასტურა გო. ჟ-ის განმარტებების მართებლობა. მან დაკითხვის დროს განმარტა, რომ სე. ჟ-ი, სახლთმფლობელობის მარცხენა მხარეს ფლობდა ორსართულიან დამხმარე ნაგებობას, რომელსაც იყენებდა სამზარეულოდ, ს. ჟ-ის კი ანალოგიური დამხმარე ნაგებობები გააჩნდა სახლთმფლობელობის მარჯვენა მხარეს. გო. ჟ-ის ქალაქში ყოფნისას, ასევე ზამთარში დიდთოვლობისას, ე.წ. კუხნის შენობა და მისი მიმდებარე ტერიტორია ჩაბარებული ჰქონდა მას. ს. ჟ-ისა და სე. ჟ-ის მიერ სახლისა და მიწის ნაკვეთის გაყოფის შემდეგ, ე.წ. კუხნა დარჩა სე. ჟ-ის მხარეს და მასზე ს. ჟ-ის მფლობელობა და სარგებლობა არ განუხორციელებია. დამხმარე ნაგებობები, რომელსაც ს. ჟ-ი ფლობდა და სარგებლობდა იყო სხვა მხარეს. სადავო ნაგებობის უკან მდებარეობდა ნალია, რომელიც შემდგომში აღებული იქნა.
სხდომაზე მოწმის სახით ასევე დაიკითხა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მცხოვრები დ. ა-ე. მან სხდომაზე განმარტა, რომ ს. და სე. ჟ-იები ცხოვრობდნენ ერთ სახლში, რომელიც შემდეგომში ძმებმა გაიყვეს. სახლის ორივე მხარეს იყო ე.წ. კუხნა. ს. ჟ-იმა მის მფლობელობაში არსებული ე.წ. კუხნა დაშალა, ხოლო სე. ჟ-ის მხარეს არსებული ე.წ. კუხნა შენარჩუნებულია დღემდე, მას ფლობდა სე. ჟ-ი, მისი გარდაცვალების შემდეგ კი მისი შვილები. ე.წ. კუხნის გვერდით იდგა ნალია, რომელიც შემდგომში აღებულ იქნა, მაგრამ მისთვის უცნობი იყო ვინ აიღო. ნალიის გვერდით იდგა მსხალი, რომელსაც კრეფდა სე. ჟ-ის შვილი გო. ჟ-ი. სასამართლომ აღნიშნა, რომ ე.წ. კუხნის მიმდებარედ ნალიის ნარჩენები მოჩანდა ფოტოებზეც და ამ ნაწილში მოწმეთა განმარტებები დასტურდებოდა ფოტოსურათებითაც.
პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეში წრმოდგენილი ქედის რაიონული სამმართველოს გამოძიების მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ჟ-ისა და მოსარჩელეებს კონფლიქტი მოუვიდათ მიწის ნაკვეთიდან ნალიის აღებასთან დაკავშირებით. გამოძიების პროცესში გამოკითხული იყო სოფელ ...ის მცხოვრები კ. ა-ე, რომელმაც გამოძიებას განუმარტა, რომ საცხოვრებელი სახლთმფლობელობის მარცხენა მხარეს განთავსებული სამზარეულოთი სარგებლობდა მხოლოდ სე. ჟ-ი და მისი ოჯახი. ამასთან, გამოძიების პროცესში გამოკითხულმა, სოფელ ...ში მცხოვრებმა ჯ. გ-იმა და ფ. გ-იმაც დაადასტურეს ის გარემოება, რომ სადავო შენობა იყო ე.წ. კუხნა და მას ფლობდა და სარგებლობდა მხოლოდ სე. ჟ-ი და მისი ოჯახი.
მოწმეთა განმარტებებზე და საარქივო ცნობაზე დაყრდნობით სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნაგებობა, ორსართულიანი სამზარეულოს შენობა, იყო ის ნაგებობა, რომელსაც მოსარჩელეების მამა სე. ჟ-ი ფლობდა და სარგებლობდა. იგი შპს „ტ...ს“ აზომვით ნახაზში მითითებული იყო „ლიტერ 4“ - 18,4 კვ.მ ფართის საკუჭნაოდ. სასამართლომ ასევე ცალკე შეფასების საგნად მიიჩნია ...ს თემის საკრებულოს 2006 წლის 17 ნოემბერს გაცემული ცნობა, რომელშიც მითითებული იყო, რომ ს. ჟ-ის კომლს ქედის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში ეწერა 602,9 კვ.მ შენობა-ნაგებობები და საკარმიდამო მიწის ნაკვეთი 1 ჰა-ს ოდენობით. საცხოვრებელი სახლი - 290,8 კვ.მ, სამზარეულო - 18,9 კვ.მ, საკუჭნაო - 18,4 კვ.მ, ნალია - 16,2 კვ.მ, გარაჟი - 21,2 კვ.მ, ბოსელი - 58,4 კვ.მ, და ძველი საცხოვრებელი სახლი - 179 კვ.მ ამასთან, აღნიშნული ცნობის გაცემის საფუძვლად მითითებული იყო სოფელ ...ის საკომლო წიგნის ჩანაწერი, სოფელ ...ის 1998 წლის 20 თებერვლის მეკომურთა კრების ოქმი და 2006 წლის 17 აგვისტოს სარეფორმო კომისიის სხდომის №4 ოქმი.
სასამართლომ აღნიშნა, რომ რეალური სურათის აღსადგენად განხილული და შეფასებული უნდა ყოფილიყო ცნობის გაცემის საფუძვლად მითითებული თითოეული დოკუმენტი. 1998 წლის 20 თებერვლის მეკომურთა კრების ოქმის მიხედვით ს. ჟ-ის კომლს ეწერა 0,5 ჰა საკარმიდამო მიწის ნაკვეთი; რეფორმის ფარგლებში კიდევ სჭირდებოდა 0,5 ჰა. და მას დამატებით გამოეყო 0,3 ჰა „სახლის ზემოთ“ და სახნავი მიწა მინდორში 0,2 ჰა. ამავე კრების ოქმით სე. ჟ-ის ეწერა 0,15 ჰა. დამატებით გამოეყო 0,35 ჰა „ჩამონაჭერში“ და 0,5 ჰა „...ზე“. მეკომურთა კრების ოქმში არაა მითითებული მოსაზღვრე მიწის ნაკვეთები, ასევე არაა მითითებული მიწის ნაკვეთში არსებული შენობების შესახებ. ამ ინფორმაციას ოქმი არ შეიცავდა იმიტომ, რომ მათ კომლს შენობა-ნაგებობები უკვე გააჩნდა იმ ნაკვეთში, რაც კომლს საკარმიდამო მიწის ნაკვეთად ეწერა. მეკომურთა კრების ოქმი არ შეიცავდა მითითებას მასზედ, რომ სადავო შენობა, რომელიც შპს „ტ...ს“ აზომვით ნახაზში 18,4 კვ.მ ფართის საკუჭნაოდ იყო მითითებული, სინამდვილეში კი 46,5 კვ.მ ფართის ორსართულიანი ნაგებობას წარმოადგენდა, მიეზომა ს. ჟ-ის.
სასამართლომ ასევე მიუთითა საქმეში წარმოდგენილ საკომლო წიგნის ჩანაწერზე, რომელშიც მითითებული იყო, რომ ს. ჟ-ი ფლობდა შერეული ტიპის სახლს, ე.წ. კუხნას, სასიმინდეს და ბოსელს, არ შეიცავდა მითითებას საკუჭნაოს შესახებ. თვით ...ს თემის საკრებულოს 2006 წლის 17 ნოემბერს გაცემულ ცნობაში უფრო მეტი შენობები იყო მითითებული, ვიდრე მეკომურთა კრების ოქმში და საკომლო წიგნის ჩანაწერში. მათი შედარება არ იძლეოდა ...ს საკრებულოს ცნობაში მითითებული 18,4 კვ.მ საკუჭნაოს შესახებ ინფორმაციის რეალურად აღქმის შესაძლებლობას. სწორედ ამ შენობაზე ინფორმაციის არარსებობის გამო შპს „ტ...ს“ ნახაზში მითითებული საკუჭნაოს ადგილმდებარეობის და მფლობელის გასარკვევად სასამართლომ მოწმეთა ჩვენებებზე მიუთითა, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ საკუჭნაოს ფართი, რომელიც დღეისათვის 46,5 კვ.მ ფართია, სე. ჟ-ის მფლობელობაში იყო, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ, მისი შვილები ფლობდნენ და სარგებლობდნენ.
რაიონული სასამართლო მტკიცებულებათა გამოკველვით მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ...ს თემის საკრებულოს არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ ს. ჟ-ი ახორციელებდა 18,4 კვ.მ საკუჭნაოს, რეალურად 46,5 კვ.მ შენობის, მფლობელობას და სარგებლობას. აღნიშნული გარემოება არცერთ დოკუმენტში არ იყო მითითებული. შესაბამისად საარქივო ცნობაში მისი მითითებისას ...ს თემის საკრებულოს შესაბამისი საფუძველი არ გააჩნდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მარეგისტრირებელი ორგანო გადაწყვეტილების მიღების დროს მართალია მოქმედებდა მართლზომიერად, თუმცა მასთან წარდგენილი აზომვითი ნახაზი და ...ს თემის საკრებულოს ცნობა ნამდვილ ინფორმაციას არ შეიცავდა. აღნიშნულის გამო, სე. ჟ-ის მფლობელობაში არსებული სამზარეულოს შენობა და მიმდებარე ტერიტორია საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებით კანონსაწინააღმდეგოდ დარეგიტრირდა ჯერ სო. ჟ-იის საკუთრებად და შემდეგ კი გ. ჟ-ის საკუთრებად. ასევე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 3 აპრილის №... გადაწყვეტილებით არასწორად გაიყო 4701 კვ.მ მიწის ნაკვეთად და 399 კვ.მ მიწის ნაკვეთად, ასევე რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილება არასწორად განხორციელდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 4 ივნისის №... გადაწყვეტილებით.
რაიონულმა სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ ...ს თემის საკრებულოს 2006 წლის 17 ნოემბრის №240 ცნობის საფუძველზე საჯარო რეესტრში განხორციელებული 2007 წლის 5 მარტის №... განცხადებაზე მიღებული გადაწყვეტილება და მისი შემდგომი საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებები: - №... (09.01.2018); №... (03.04.2019); №... (04.06.2019); №... (05.01.2021); №... (05.01.2022); №... (21.03.2022); №... (21.02.2022) ინდ. მეწარმე ზ. ჭ-ეის მიერ, ქედის მუნიციპალიტეტში სოფელ ...ში შედგენილი აზომვითი ნახაზის ზედდების ნაწილში (ნაკვეთის ფართობი 290კვ.მ, შენობა-ნაგებობა 46.5 კვ.მ), ეწინააღმდეგებოდა კანონს, კერძოდ, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლის „კ“ ქვეპუნქტს. სასამართლომ აღნიშნა, რომ როგორც „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი, ისე ინსტრუქცია, უძრავი ქონების რეგისტრაციის პირობად უფლების დამდგენი საბუთის წარდგენას ადგენს, ანუ ისეთი დოკუმენტის წარდგენას, რომელიც შეიცავს უფლების შესახებ ნამდვილ და არა მცდარ ინფორმაციას. დოკუმენტი, რომელიც საფუძვლად დაედო სო. ჟ-იის საკუთრებად მიწის რეგისტრაციის გადაწყვეტილებას, არ შეიძლებოდა მიჩნეულ ყოფილიყო იმ სახის დოკუმენტად, რომელიც გადაფარავდა მოსარჩელეების საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გარანტირებულ საკუთრების უფლებას, მითუმეტეს იმ პირობებში, რომ მოსარჩელეთა მამას - სე. ჟ-ის უფრო ადრე გააჩნდა სადავო მიწის ნაკვეთზე მფლობელობა და სარგებლობა, ვიდრე აზომვითი ნახაზი მომზადდებოდა.
ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სო. ჟ-იმა საჯარო რეესტრს წარუდგინა უფლების დამდგენი საბუთი, რომელიც შეიცავდა არასწორ ინფორმაციას, კერძოდ აზომვით ნახაზში მოსარჩელეთა მფლობელობაში არსებული 46,5 კვ.მ სამზარეულო, მიმდებარე ნალია/სასიმინდე და მათ ირგვლივ არსებული მიწის ნაკვეთი იქნა შეტანილი. ამ გზით სო. ჟ-იმა იმ მიწის ნაკვეთზე მიიღო საკუთრების უფლება, რომელიც მას არ ეკუთვნოდა და მოსარჩელეებს მოუსპო სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვების შესაძლებლობა.
სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში ქედის მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2020 წლის 28 დეკემბერს გამოსცა განკარგულება №248, რომლითაც გ. ჟ-ის უღიარა 3857 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება. განკარგულების შესაბამისად კი გასცა საკუთრების უფლების მოწმობა №.... აღნიშნულის საფუძველზე საჯარო რეესტრმა 2021 წლის 5 იანვრის №... გადაწყვეტილებით მიწის ნაკვეთი დაარეგისტრირა გ. ჟ-ის საკუთრებაში, თუმცა გ. ჟ-ის მოთხოვნა ნაწილობრივ არ აკმაყოფილებდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მოთხოვნას, რადგანაც გ. ჟ-ი მოითხოვდა იმ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას, რომლის ნაწილსაც მოსარჩელეები ფლობდნენ და სარგებლობდნენ.
ამასთან, სასამართლომ მტკიცებულებათა ანალიზით დაადგინა, რომ სადავო მიწის ნაკვეთში მდებარე სამზარეულოს ტიპის ორსართულიანი შენობა მოსარჩელეებს ეკუთვნოდათ.
რაც შეეხება მოსარჩელეების მოთხოვნას ...ს თემის საკრებულოს 2006 წლის 17 ნოემბერის №240 ცნობის ბათილად ცნობის თაობაზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ დასახელებული ცნობა არ წარმოადგენდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. სასამართლოს განმარტებით, ცნობა ასახავდა საკომლო წიგნის ჩანაწერში უკვე არსებულ ინფორმაციას. ამიტომ, დასახელებული დოკუმენტი წარმოადგენდა საინფორმაციო ხასიათის დოკუმენტს, ის დამოუკიდებლად არ წარმოშობდა, არ ცვლიდა, არ წყვეტდა და არ ადგენდა პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, შესაბამისად, ის ვერ აკმაყოფილებდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, რის გამოც სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში სარჩელი ვერ აკმაყოფილებდა დასაშვებობის წინაპირობებს და ამ ნაწილში საწმის წარმოება უნდა შეწყვეტილიყო.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა გ. ჟ-ის მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით გ. ჟ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება, გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 11 ნოემბრის განჩინება სასამართლო გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ და მიღებული გადაწყვეტილებით რ. ჟ-ისა და თ. ჟ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გ. ჟ-ის სააპელაციო საჩივარი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 11 ოქტომბრის საოქმო განჩინების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ, თავის მხრივ, დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 1998 წლის 20 თებერვალს შედგა სოფელ ...ის მეკომურთა კრება (ოქმი №1), დღის წესრიგით განისაზღვრა: 1. მიწების სარეფორმო ფონდების დამტკიცება; 2. მიწების საკუთრებაში გადაცემის მსურველ მოქალაქეთა განცხადებების განხილვა და კატეგორიების განსაზღვრა. დღის წესრიგის პირველი საკითხის შესაბამისად, კრებამ დაამტკიცა სოფელ ...ის მიწის სარეზერვო ფონდი, რამაც შეადგინა: 24,23 ჰექტარი, მათ შორის, სახნავი - 18,07 ჰექტარი, ჩაი - 2,86 ჰექტარი, ნასვენი - 3,5 ჰექტარი, ხოლო სახელმწიფო ფონდში დარჩა და მოსახლეობას საიჯარო ხელშეკრულებით გადაეცა - 2 ჰექტარი, მათ შორის, სახნავი - 1 ჰექტარი, ჩაი - 1 ჰექტარი. მეორე საკითხთან დაკავშირებით, მომხსენებელმა კ. ა-ემ, კრებას გააცნო, რომ სოფელ ...ში ცხოვრობდა 42 კომლი, რომელთაგან 42-ს შეტანილი ჰქონდა განცხადება და მოითხოვნდნენ მათ კომლებზე მიწის რეფორმის გატარებას. კერძოდ, განცხადება შეტანილი ჰქონდათ ცალკეული კომლების შემდეგ წარმომადგენლებს: ...10. ჟ-ი ს. ქ.-ს ძეს, რომელსაც ეწერა 0,5 ჰექტარი მიწის ნაკვეთი „...ში“ საკარმიდამოდ და განეკუთვნებოდა I კატეგორიას, ზ/ნ შესავსებად ესაჭიროებოდა 0,5 ჰექტარი, რისთვისაც მოითხოვდა „სახლის ზემოთ“ - 0,3 ჰექტარს, „მინდორში“ - 0,2 ჰექტარ სახნავ მიწას. კრების გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა ჟ-ი ს. ქ.-ს ძე, განეკუთვნა იგი I კატეგორიას და არსებულ 0,5 ჰექტარ საკარმიდამოზე, დამატებით ზ/ნ შესავსებად მიეზომა 0,5 ჰექტარი, სახლის ზევით - 0,3 ჰექტარი და „მინდორში“ - 0,2 ჰექტარი სახნავი მიწა.
სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილი, მიწის ზონარგაყრილი წიგნის (№10) მიხედვით, ს. ქ.-ს ძე ჟ-ის ოჯახის შემადგენლობაში შედიოდნენ: ჟ-ი ს. ქ.-ს ძე, ოჯახის უფროსი, დაბ. ... წ., (გადახაზულია და მითითებულია, რომ გარდაიცვალა 17.10.2001წ.) და ჟ. სო. ზ.-ს ასული, ცოლი, (დაბ. ...წ.). კომლს ეწერა მიწა სულ 0,5 ჰა. სახლი შერეული ტიპის - აგებული 1940წ., სასიმინდე - აგებული 1945 წ., ბოსელი - აგებული 1963 წ., „კუხნა“ აგებული - 1969წ., ხოლო, ...ს თემის საკრებულოს სარეფორმო კომისიამ 1998 წლის 20 თებერვლის №1 ოქმით დაადგინა, რომ ს. ქ.-ს ძე ჟ-ი განეკუთვნებოდა I კატეგორიას, არსებულ 0,5 ჰა საკარმიდამოზე დამატებით ზ/ნ შესავსებად მიეზომა 0,5 ჰექტარი სახნავი მიწა „სახლის ზემოთ“ – 0,3 ჰა და მინდორში - 0,2 ჰა.
დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ქედის მუნიციპალიტეტის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2020 წლის 28 დეკემბრის №248 განკარგულების მიხედვით, კომისიამ განიხილა საჯარო რეესტრის მიერ კომისიაში წარდგენილი განცხადება/შუამდგომლობა, რომელიც ეხებოდა ქ. ბათუმში, პ. ...ს ქ. მე-3 შეს. №27-ში მცხოვრებ, ს. და სო. ჟ-იების შვილის - გ. ჟ-ის მიერ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში, თვითნებურად დაკავებულ 3857 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას. კომისიამ წარდგენილი დოკუმენტაციისა და ადგილზე დათვალიერების საფუძველზე გამოარკვია, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე გ. ჟ-ი თვითნებურად სარგებლობდა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 3857 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით, აღიარა ქედის მუნიციპალიტეტის, სოფელ ...ში მდებარე თვითნებურად დაკავებულ 3857 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე გ. ჟ-ის საკუთრების უფლება და გასცა საკუთრების უფლების მოწმობა. მიწის ნაკვეთი შემდგომში აღირიცხა გ. ჟ-ის საკუთრებად, დაზუსტებული ფართობით: 3857 კვ.მ, ს/კ: ....
სააპელაციო სასამართლომ, ასევე, დადგენილად მიიჩნია, რომ 1998 წლის 20 თებერვალს შემდგარი სოფელ ...ის მეკომურთა კრების ოქმით (ოქმი №1) ს. ჟ-ისა და სხვათა განცხადებებთან ერთად, განხილული იქნა ჟ-ი სე. ქ.-ს ძის განცხადებაც, რომელსაც ეწერა 0,15 ჰექტარი მიწის ნაკვეთი ...ში საკარმიდამოდ და განეკუთვნებოდა I კატეგორიას, ზ/ნ შესავსებად ესაჭიროებოდა 0,85 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, რომელსაც მოითხოვდა „ჩამონაჭერში“ - 0,35 ჰექტარს, „...ზე“ - 0,5 ჰექტარ სახნავს. კრების გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა ჟ-ი სე. ქ.-ს ძე, რომელიც განეკუთვნა I კატეგორიას და არსებულ 0,15 ჰექტარ საკარმიდამოზე, დამატებით ზ/ნ შესავსებად მიეზომა 0,85 ჰექტარი, „ჩამონაჭერში“ - 0,35 ჰექტარი და „...ზე“ - 0,5 ჰექტარი სახნავი. ხოლო აჭარის ა/რ ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს, ...ს თემის საკრებულოს 2008 წლის 23 მაისის №159 ცნობის თანახმად, რომელიც გაიცა გო. ჟ-ის მიმართ (მცხოვრები ქ. ბათუმში, ...ს ქ. №78-ში), მის მამას, აწ გარდაცვლილ სე. ქ.-ს ძე ჟ-ის, სოფელ ...ში, ...ს მიწის სარეფორმო ზონარგაყრილი წიგნის მიხედვით, მართლზომიერად ეწერა სახლის წინ - 0,15 ჰა, „ჩამონაჭერში“ - 0,35 ჰა, „...ზე“ - 0,5 ჰა, სულ 1 ჰა. ასევე, არამართლზომიერად სარგებლობდა „სახლის ზევით“ 0,2 ჰა-ით.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2008 წლის 23 მაისს, სე. ჟ-ის შვილმა - გო. ჟ-იმა №84 განცხადებით მიმართა ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და აცნობა, რომ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მართლზომიერ მფლობელობაში ჰქონდა 10 000 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობები, ხოლო თვითნებურად დაკავებული ჰქონდა 7003,5 კვ.მ მიწის ნაკვეთი. განმცხადებელმა ითხოვა, დასახელებული მიწის ნაკვეთების საკუთრებად აღიარება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2014 წლის 25 თებერვალს მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (განცხადების რეგისტრაციის ნომერი: ...) ქედის რაიონის, სოფელ ...ში მდებარე, 6957 კვ.მ დაზუსტებული ფართობის მქონე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 4 ივნისის №... საკუთრების მოწმობის საფუძველზე, 2014 წლის 25 თებერვლიდან აღირიცხა გო. ჟ-ის საკუთრებად, საკადასტრო კოდით: ....
2014 წლის 25 თებერვალს მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (განცხადების რეგისტრაციის ნომერი: ...) ქედის რაიონის, სოფელ ...ში მდებარე, 6196 კვ.მ დაზუსტებული ფართობის მქონე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 4 ივნისის №... საკუთრების მოწმობის საფუძველზე, 2014 წლის 25 თებერვლიდან აღირიცხა გო. ჟ-ის საკუთრებად, საკადასტრო კოდით: ... (დაყოფის რეგისტრაცის თარიღი: 07.11.2018), რომელიც დაიყო ორ საკადასსტრო ერთეულად: ... და ..., პირველი მათგანი - 1485 კვ.მ მიწის ნაკვეთი უძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე აღირიცხა რ. ჟ-ის საკუთრებად.
2014 წლის 12 მარტს მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (განცხადების რეგისტრაციის ნომერი: ...) ქედის რაიონის, სოფელ ...ში მდებარე, 3856 კვ.მ დაზუსტებული ფართობის მქონე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები (№01/1, №02/1, №03/1, საერთო ფართით: 440,30 კვ.მ), ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 4 ივნისის №... საკუთრების მოწმობის საფუძველზე, 2014 წლის 12 მარტიდან აღირიცხა გო. ჟ-ის საკუთრებად, საკადასტრო კოდით: №..., რომელიც დაიყო ორ საკადასტრო ერთეულად: №... და №... (დაყოფის რეგისტრაციის თარიღი: 15.11.2018წ.) და აქედან №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონება: 2290 კვ.მ, მიწის ნაკვეთი და №1 შენობა-ნაგებობაა ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, აღირიცხა თ. ჟ-ის საკუთრებად.
სააპელაციო პალატამ დამატებით მიუთითა, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი ქედის რაიონის არქივის მიერ 2020 წლის 24 აგვისტოს გაცემული №AA202000945-03 საარქივო ცნობით, და საკომლო ჩანაწერების მიხედვით, სე. ჟ-ის ოჯახის შემადგენლობაში ირიცხებოდა ჟ-ი სე. ქ.-ს ძე ოჯახის უფროსი, დაბადებული ... წელს, გადახაზულია მინიშნებით - გარდაიცვალა 1999წ. ქედის სატყეო მეურნეობის დირექტორი; კომლს ეწერა სულ მიწა - 0,15 ჰა; საცხოვრებელი სახლის ქვის, აგებული - 1981წ. „კუხნა“ - აგებული 1975წ. სასიმინდე - აგებული - 1928წ. გარაჟი - აგებული 1980წ., იგივე მონაცემები იყო მითითებული აჭარის ა/რ განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება საარქივო სამმართველოს ტერიტორიული ორგანოს - ქედის რაიონის არქივის მიერ 2021 წლის 15 ივნისს გაცემულ №AA2021007542 საარქივო ცნობაშიც (ცნობას ერთვის საკომლო წიგნიდან ამონაწერი).
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ის მიწის ნაკვეთები, რაც სე. და ს. ჟ-ის მემკვიდრეებს ჰქონდათ რეგისტრირებული, ერთმანეთის გვერდიგვერდ მდებარეობდა. სე. ჟ-ის მემკვიდრეებზე რიცხული ნაკვეთები განთავსებული იყო მარცხნივ, ხოლო ს. ჟ-ის მემკვიდრეებზე რიცხული - მარჯვნივ.
სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა მოწმეთა ჩვენებებზე, კერძოდ, რ. თ-ემ აღნიშნა, რომ სე. და ს. ჟ-ის ძველი სახლის გვერდით იყო ორი ე.წ. კუხნა, ერთი ერთ მხარეს, მეორე მეორე მხარეს. ე.წ. კუხნის გვერდით იყო ნალია, რომელიც გო.-მ დაანგრია. ე.წ. კუხნას გო. კეტავდა. ყველა ეს შენობა ერთ ღობეში იყო მოქცეული. მოწმის სახით დაკითხულმა გო. ჟ-იმა აღნიშნა, რომ სე. და ს. ჟ-ის ოჯახები 1998 წლამდე ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ, შემდეგ გაიყვნენ, 1980 წელს კი ახალ აშენებულ სახლში გადავიდნენ. სადავო ე.წ. კუხნა ძველ სახლთან იდგა, სახლიდან დაახლოებით 5-6 მეტრში, ხოლო ნალია თავად დაშალა. ს. ჟ-ის ოჯახიც გადავიდა სხვა სახლში და ძირ სახლში საცხოვრებლად აღარავინ დარჩენილა. ძველი სახლი გ. ჟ-იმა დაშალა 2013 წელს. გო. ჟ-იმა ასევე აღნიშნა, რომ სადავო შენობით თავად სარგებლობდა და იყენებდა ღვინის დაწურვის, ქათმების დაკვლის, ლობიოს მოკრეფის თუ არყის გამოხდის დროს. თვითონ იღებდა შენობის ირგვლივ ხეხილის ხეებიდან მოსავალსაც. ძმები, თ. და რ. ჟ-იები კი, სამუშაოდ თბილისში წავიდნენ, თუმცა ყოველ კვირას ჩამოდიოდნენ სოფელში, თვეში 2-ჯერ ერთი ძმა ჩამოდიოდა, თვეში 2-ჯერ მეორე. როცა თავად დაირეგისტრირა ქონება, ძველი სახლის, ნალიის და ე.წ. კუხნის ტერიტორია არ დაირეგისტრირა, რადგან ოჯახში სიტყვიერად იყვნენ შეთანხმებული, რომ ეს ადგილი თ.-ს და რ.-ს უნდა დარჩენოდათ და ისინი თავად დაირეგისტრირებდნენ.
მოწმის სახით გამოკითხულმა დ. ა-ემ განმარტა, რომ სე. და ს. ჟ-ი ცხოვრობდნენ ერთ სახლში. სანამ ერთ სახლში ცხოვრობდნენ, სახლის ორივე მხარეს იყო ცალ-ცალკე „კუხნა“. ს. ჟ-ის მხარეს „კუხნა“ დაშალეს, როცა ს. ჟ-ის სახლის მშენებლობა დაიწყეს. დარჩენილია ის „კუხნა“, რომელიც სე. ჟ-ის მხარეს იყო, თუმცა დავის დაწყებამდე სარგებლობდა გო. ჟ-ი, ამასთან „კუხნის“ ირგვლივ ხეხილს კრეფდა გო. ჟ-ი. ნალია ვინ დაშალა არ იცის.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ გო. ჟ-ის მხრიდან განხორციელებული მფლობელობა, ასეთის დადასტურებულად მიჩნევის შემთხვევაშიც, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელეთა განცხადებით გო. ჟ-ი მათი დავალებით უვლიდა სადავო უძრავ ქონებას, არ წარმოადგენდა თვითნებურად დაკავების საფუძვლით უძრავ ნივთზე რ. და თ. ჟ-იების საკუთრების უფლების აღიარების საფუძველს. სასამართლომ განმარტა, რომ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტის დასამტკიცებლად, დაინტერესებული პირი ვალდებულია დაადასტუროს, რომ მართალია, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, მაგრამ თავად ფლობს და სარგებლობს ამ მიწის ნაკვეთით, ანუ უკანონოდაა დაუფლებული მიწას და ახორციელებს მასზე ფაქტობრივ ბატონობას კანონით განსაზღვრული პერიოდიდან მოყოლებული, რაც რ. და თ. ჟ-იების შემთხვევაში არ იკვეთებოდა. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეეები სადავო ქონებაზე ვერც მართლზომიერ მფლობელობას და ვერც თვითნებურად დაკავების ფაქტს, ვერ ადასტურებდნენ.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ მოპასუხეს არასწორად ჰქონდა რეგისტრირებული საკუთრების უფლება სადავო უძრავ ქონებაზე, როცა არცერთი სამართლებრივი საფუძვლით დადასტურებული არ იყო ამავე ქონებაზე მოსარჩელის უფლება და შესაბამისად, სადავო რეგისტრაციის განხორციელებით ვერ დგინდებოდა მოსარჩელის ინტერესებისათვის ზიანის მიყენების ფაქტი, გამორიცხავდა გასაჩივრებული აქტების სასამართლოს მიერ ბათილად ცნობის შესაძლებლობას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა რ. და თ. ჟ-იების მიერ.
კასატორებმა აღნიშნეს, რომ განსახილველ საქმეში სასამართლოს განმარტება იყო არასწორი, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც სადავო მიწის ნაკვეთზე იდგა სადავო შენობა-ნაგებობა. ამდენად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოცემული განმარტება, მათი მოსაზრებით, ეწინააღმდეგებოდა საკითხის მომწერიგებელ საქართველოს სპეციალურ კანონებს, საქართველოს კონსტიტუციას და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას.
კასატორები ასევე მიიჩნევენ, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა, მან უკანონოდ გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და ძალიან მნიშვნელოვანი კითხვები პასუხგაუცემელი დატოვა, აღნიშნული კი საფრთხის ქვეშ აყენებს სასამართლოსადმი ნდობას და სამართლიანი სასამართლოს პრინციპს.
კასატორებმა აღნიშნეს, რომ სოფელ ...ში ყველასათვის ცნობილი იყო, რომ სადავო ნაგებობა სე. ჟ-ის ოჯახის აშენებული იყო და მისი შვილების საკუთრებას წარმოადგენდა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ კი გადაწყვიტა, რომ ის გ. ჟ-ის უნდა მიკუთვნებოდა, მხოლოდ იმის გამო, რომ მან 2007 წელს უკანონოდ მოხადინა სადავო შენობის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია.
კასატორებმა ასევე აღნიშნეს, რომ მოწინააღმდეგე მხარემ ერთი მტკიცებულებაც ვერ წარმოადგინა, რომ სადავო ქონებას ფლობდა 2021 წლამდე. მოსარჩელეები მოკლებულნი იყვნენ შესაძლებლობას ნებისმიერ დროს შესულიყვნენ სადავო ქონებაში. ამასთან, მიუხედავად სასამართლოს აკრძალვისა (რათა ცხადი ყოფილიყო, რომელი სამზარეულო სად იდგა და ვის რომელი ეკუთვნოდა), მოსარჩელეებმა ადგილზე გამოცხადებისას ნახეს, რომ ს. ჟ-ის მიერ აშენებული სამზარეულოს ნანგრევების ნაწილი აღარ ჩანდა.
კასატორები მოწმეთა ჩვენებების ანალიზიდან გამომდინარე, აღნიშნავენ, რომ მოწმეები ადასტურებდნენ ორი ე.წ. კუხნის არსებობას, რომელთაგან ერთი იყო ს. ჟ-ის და მეორე სე. ჟ-ის აშენებული. სადავო ე.წ. კუხნა კი, რომელიც ამ დროისთვის შენარჩუნებულია, სე. ჟ-ის ოჯახისაა, ამასთან დასტურდება გო. ჟ-ის სადავო ტერიტორიაზე ხშირი გამოჩენა და სადავო ქონებაში დაკრეფილი ხილის, დამზადებუბლი არყის და სხვა სურსათის ძმებთან გაგზავნა, ნალიის არსებობა და გო. ჟ-ის მიერ მისი დანგრევა, ასევე რ. და თ. ჟ-იების სადავო ტერიტორიაზე ხშირად ჩასვლის ფაქტი.
კასატორები მიიჩნევენ, რომ განსახილველ შემთხვევაში უდავოდ არის დადგენილი, რომ ერთი მხრივ, სადაო ნაგებობაზე არსებობს შესაბამისი საკომლო ჩანაწერი მხოლოდ მოსარჩელეების მამის, სე. ჟ-ის მიმართ და არა ს. ჟ-ის სასარგებლოდ, რაც სადაო რეგისტრაციების უკანონობას ადასტურებს. ხოლო მეორე მხრივ, 2021 წლამდე სადაო ქონებაზე მფლობელობას ახორციელებდნენ სე. ჟ-ის შვილები - თ., რ. და გო. ჟ-იები და არა გ. ჟ-ი.
ამასთან, მოსარჩელეები თვლიან, რომ სასამართლოს უნდა გამოეკვლია თუ რა ბედი ეწია სე. ჟ-ის საკომლო წიგნში ასახულ ქონებებს. ამასთან, დავის პროცესში კასატორებმა არაერთხელ განმარტეს, რომ საკომლო ჩანაწერებზე სასამართლოს მიუთითებდნენ იმ მიზნით, რომ გ. ჟ-ის მიერ რეგისტრაციების უკანონობა დაედასტურებინათ, ვინაიდან სადავო ქონება სე. ჟ-ის კომლს ეწერა, ჩნდებოდა კითხვა, ს. ჟ-იმა როგორ დაირეგისტრირა ის 2007 წელს. სწორედ ამ გარემოებებიდან გამომდინარე დაადგინა პირველი ინსტანციის სასამართლომ, რომ რეგისტრაციები უკანონო იყო.
კასატორებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს იმ გარემოებაზე, რომ 2006 წლის 17 ნოემბრის №240 ცნობა გაცემულია არქივის ცნობებზე დაყრდნობით და მითითებულია სოფელ ...ის მეკომურთა კრების ოქმები, თუმცა „საკუჭნაოს“ დასახელებით ს. ჟ-ის არცერთი შენობა-ნაგებობა არ გააჩნია არცერთი ოქმის საფუძველზე. ამდენად, ...ს თემის საკრებულომ, შემდგომში საჯარო რეესტრმა უკანონო ქმედებებით ისე დაურეგისტრირეს სო. ჟ-ის სამზარეულოს ტიპის ქვის, ორსართულიანი შენობა-ნაგებობა, „საკუჭნაოს“ სახელწოდებით, რომ არცერთი სადავო გარემოება არ გამოუკვლევიათ.
კასატორებმა დამატებით აღნიშნეს, რომ სამართალდამცავი უწების მიერ გადმოგზავნილი მასალებით დგინდებოდა, რომ გამოძიება დაინტერესებული იყო მეკომურეთა კრების ოქმების ნამდვილობით, ვინაიდან კომისიის წევრების გამოკითხვითა და ექსპერტის დასკვნით დადგინდა, რომ კომისიის წევრების ხელმოწერა არ იყო ნამდვილი.
მოსარჩელეებმა ყურადღება გაამახვილეს იმ გარემოებაზე, რომ მიუხედავად მათი წარმომადგენლის შუამდგომლობისა, სასამართლომ ადგილზე დათვალიერება არ მოახდინა, შესაბამისად, სათანადოდ ვერ შეაფასა მტკიცებულებები.
ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კასატორები უტყუარად დადგენილად მიიჩნევენ, რომ სადავო ნაგებობა არ იყო საკუჭნაო, არ უკუთვნოდა გ. ჟ-ის, იგი არ ფლობდა და არ სარგებლობდა მისით, სადავო ნაგებობა და ნალია/სასიმინდე მოსარჩელეებს ეკუთვნოდათ, რაც სადავო ნაგებობაზე და მიმდებარე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული რ. ჟ-ისა და თ. ჟ-ის საკასაციო საჩივარი.
2024 წლის 18 მარტს რ. ჟ-იმა და თ. ჟ-იმა დაზუსტებული საკასაციო საჩივრით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული დაზუსტებული საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ივნისის განჩინებით რ. ჟ-ისა და თ. ჟ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
2024 წლის 14 აგვისტოს გ. ჟ-ის წარმომადგენლის - რ. ხ-ის მიერ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილ იქნა განცხადება, რომელშიც დაყენებულ იქნა შუამდგომლობა საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე.
2024 წლის 14 ნოემბერს გ. ჟ-ის წარმომადგენლის - რ. ხ-ის მიერ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილ იქნა განცხადება, რომელშიც დაყენებულ იქნა შუამდგომლობა სასამართლოს მიერ სადავო მიწის ნაკვეთის (მდებარე: ქედის მუნიციპალიტეტი, სოფელი ...ი, ს/კ:...) ადგილზე დათვალიერების თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. ჟ-ისა და თ. ჟ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გასაჩივრებულ ნაწილში რ. ჟ-ისა და თ. ჟ-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს, რომ გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ იგი იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, (გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები). ხოლო ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძვლები.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კასატორებმა სააპელაციო სასამართლოს მიერ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის გამოყენებისა და განმარტების კუთხით წარმოადგინეს დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რამაც შექმნა საკასაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გაუქმების და ახალი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობები.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იგი იმსჯელებს იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით რ. ჟ-ისა და თ. ჟ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ინდ. მეწარმე ზ. ჭ-ეის მიერ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე მიწის ნაკვეთზე შედგენილი აზომვითი ნახაზით განსაზღვრული ზედდების ნაწილში (ნაკვეთის ფართობი 290 კვ.მ, შენობა-ნაგებობა 46.5 კვ.მ) ბათილად იქნა ცნობილი ...ს თემის საკრებულოს 2006 წლის 17 ნოემბრის №240 ცნობის საფუძველზე საჯარო რეესტრში განხორციელებული 2007 წლის 5 მარტის №... განცხადებაზე მიღებული გადაწყვეტილება-სააღრიცხვო ბარათი, ასევე ზედდების ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის შემდეგი გადაწყვეტილებები: №... (09.01.2018), №... (03.04.2019), №... (04.06.2019), №... (05.01.2021), №... (05.01.2022), №... (21.03.2022); №... (21.02.2022); ინდ. მეწარმე ზ. ჭ-ეის მიერ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე მიწის ნაკვეთზე შედგენილი აზომვითი ნახაზით განსაზღვრული ზედდების ნაწილში (ნაკვეთის ფართობი 290 კვ.მ, შენობა-ნაგებობა 46.5 კვ.მ) ბათილად იქნა ცნობილი ქედის მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2020 წლის 28 დეკემბრის №248 განკარგულება და მის საფუძველზე გამოცემული საკუთრების უფლების მოწმობა №..., ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 5 იანვრის №... გადაწყვეტილება; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა სადავო გარემოებათა გამოკლვევისა და შეფასების შემდეგ, 2022 წლის 2 სექტემბერს ინდ. მეწარმე ზ. ჭ-ეის მიერ შედგენილი აზომვითი ნახაზის შესაბამისად ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე უძრავ ქონებაზე, რ. ჟ-ისა და თ. ჟ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ (ნაკვეთის ფართობი 290 კვ.მ და შენობა-ნაგებობა 46.5 კვ.მ, განაცხადის სარეგისტრაციო ნომერი ...) ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. ...ს თემის საკრებულოს 2006 წლის 17 ნოემბრის №240 ცნობის ბათილად ცნობის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება; გ. ჟ-ის, ქედის მუნიციპალიტეტის მერიასა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მოსარჩელეების სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ გაწეული საპროცესო ხარჯის - 439,39 ლარის ანაზღაურება. გარდა ამისა, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 11 ნოემბრის განჩინებით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობა აღმოიფხვრა მოპასუხეებისთვის ბაჟის დაკისრების ნაწილში.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ჟ-იმა, ხოლო მოსარჩელეებს - რ. და თ. ჟ-იებს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებიათ. ამდენად, საკასაციო სასამართლო სარჩელის საფუძვლიანობას შეამოწმებს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნების ფარგლებში.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა მტკიცებულებები და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. ამასთან, სააპელაციო პალატამ სადავო საკითხის შეფასებისას გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.
განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ ძველი და ახალი საცხოვრებელი სახლები და დამხმარე შენობა-ნაგებობები, რომლებიც განთავსებული იყო საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე, მდებარე: ქედის მუნიციპალიტეტი, სოფელი ...ი, ეკუთვნოდა მოსარჩელეების ბაბუას, ქ. ჟ-ის, რომელიც 1993 წლამდე რეგისტრირებულ კომლს წარმოადგენდა. ასევე დადგენილია, რომ სე. ჟ-ი და ს. ჟ-ი იყვნენ ძმები, რომლებიც ძველ საცხოვრებელ სახლში ერთად ცხოვრობდნენ კომლის გაყოფამდე - 1998 წლამდე. დადგენილია, რომ კომლის გაყოფის შემდეგ, სე. ჟ-ის მიეკუთვნა და სარგებლობდა ძველი სახლთმფლობელობის მარცხენა ნაწილით და მის მხარეს არსებული დამხმარე შენობა-ნაგებობებით, ხოლო ს. ჟ-ის მიეკუთვნა და სარგებლობდა ძველი სახლთმფლობელობის მარჯვენა ნაწილით და მის მხარეს არსებული დამხმარე შენობა-ნაგებობებით.
დადგენილია, რომ 1998 წლის 20 თებერვალს შედგა სოფელ ...ის მეკომურთა კრება (ოქმი №1), შემდეგი დღის წესრიგით: 1. მიწების სარეფორმო ფონდების დამტკიცება; 2. მიწების საკუთრებაში გადაცემის მსურველ მოქალაქეთა განცხადებების განხილვისა და კატეგორიების განსაზღვრა. დღის წესრიგის პირველ საკითხის შესაბამისად, კრებამ დაამტკიცა სოფელ ...ის მიწის სარეზერვო ფონდი, რამაც შეადგინა: 24,23 ჰექტარი, მათ შორის, სახნავი - 18,07 ჰექტარი, ჩაი - 2,86 ჰექტარი, ნასვენი - 3,5 ჰექტარი, ხოლო სახელმწიფო ფონდში დარჩა და მოსახლეობას საიჯარო ხელშეკრულებით გადაეცა - 2 ჰექტარი, მათ შორის, სახნავი - 1 ჰექტარი, ჩაი - 1 ჰექტარი.
აღსანიშნავია, რომ 1998 წლის 20 თებერვლის მეკომურთა კრების ოქმი ადასტურებს ქ. ჟ-იის კომლის გაყოფას და ორი კომლის - სე. ჟ-ისა და ს. ჟ-ის კომლების ჩამოყალიბებას.
დასახელებული ოქმის თანახმად ს. ქ.-ს ძე ჟ-ის, რომელსაც ეწერა 0,5 ჰექტარი მიწის ნაკვეთი „...ში“ საკარმიდამოდ და განეკუთვნებოდა I კატეგორიას, ზ/ნ შესავსებად ესაჭიროებოდა 0,5 ჰექტარი, რისთვისაც მოითხოვდა „სახლის ზემოთ“ - 0,3 ჰექტარს, „მინდორში“ - 0,2 ჰექტარს, სახნავ მიწას. კრების გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა ს. ქ.-ს ძე ჟ-ი, განეკუთვნა იგი I კატეგორიას და არსებულ 0,5 ჰექტარ საკარმიდამოზე, დამატებით ზ/ნ შესავსებად მიეზომა 0,5 ჰექტარი, სახლის ზევით - 0,3 ჰექტარი და „მინდორში“ - 0,2 ჰექტარი, სახნავი მიწა. ასევე დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული კრების ოქმით ასევე განისაზღვრა სე. ჟ-ის ქონების საკითხი, კერძოდ, განხილული იქნა სე. ქ.-ს ძე ჟ-იის განცხადებაც, რომელსაც ეწერა 0,15 ჰექტარი მიწის ნაკვეთი სოფელ ...ში საკარმიდამოდ, რომელზეც განლაგებული იყო მისი კუთვნილი სახლის ნაწილი და დამხმარე შენობა-ნაგებობები და განეკუთვნებოდა I კატეგორიას, ზ/ნ შესავსებად ესაჭიროებოდა 0,85 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, რომელსაც მოითხოვდა „ჩამონაჭერში“ - 0,35 ჰექტარს, „...ზე - 0,5 ჰექტარს, სახნავ მიწას. კრების გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა სე. ქ.-ს ძე ჟ-იი, რომელიც განეკუთვნა I კატეგორიას და არსებულ 0,15 ჰექტარ საკარმიდამოზე, დამატებით ზ/ნ შესავსებად მიეზომა 0,85 ჰექტარი, „ჩამონაჭერში“ - 0,35 ჰექტარი და „...ზე“ - 0,5 ჰექტარი სახნავი მიწები.
დადგენილია, რომ ს. ჟ-ის მეუღლემ და გ. ჟ-ის დედამ, სო. ჟ-იმა აზომვითი ნახაზი, საარქივო ცნობა, მეკომურთა კრების ოქმები და ...ს თემის საკრებულოს 2006 წლის 17 ნოემბრის ცნობა №240 წარადგინა საჯარო რეესტრში და მოითხოვა მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობების მის საკუთრებად რეგისტრაცია. 2007 წლის 5 მარტს, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 5100 კვ.მ მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა სო. ჟ-იის საკუთრებად. დარეგისტრირებულ ქონებაში მოექცა სე. ჟ-ისა და მისი ოჯახის მფლობელობაში არსებული სამზარეულო, 46.5 კვ.მ ფართობის მქონე ე.წ. კუხნა, რომელიც ძველი სახლთმფლობელობის მარცხენა ნაწილში მდებარეობდა და სწორედ აღნიშნული შენობა-ნაგებობა და მისი მიმდებარე ტერიტორია გახდა დავის საგანი მოცემულ საქმეში.
ასევე დადგენილია, რომ სო. ჟ-იი გარდაიცვალა 2013 წლის 21 მაისს. მისი სამკვიდრო ქონება - ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 5100 კვ.მ მიწის ნაკვეთი სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, მემკვიდრეობით მიიღო გ. ჟ-იმა, რომელმაც 2019 წლის 29 მარტს საჯარო რეესტრს მოსთხოვა რეგისტრირებული უძრავი ქონების დაყოფა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 3 აპრილის №... გადაწყვეტილებით გ. ჟ-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. წარდგენილი აზომვითი ნახაზის მიხედვით, ერთმანეთისაგან გაიყო 4701 კვ.მ მიწის ნაკვეთი და 399 კვ.მ მიწის ნაკვეთი. 2019 წლის 4 ივნისს გ. ჟ-იმა საჯარო რეესტრს მოსთხოვა რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების განხორციელება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 4 ივნისის №... გადაწყვეტილებით გ. ჟ-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. გარდა ამისა, 2020 წლის 7 აგვისტოს გ. ჟ-იმა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომელმაც ინფორმაციის შეგროვების შემდგომ გ. ჟ-ის განცხადება განსახილველად გადაუგზავნა ქედის მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, რომელმაც მიიჩნია, რომ გ. ჟ-ი აკმაყოფილებდა მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს და 2020 წლის 28 დეკემბერს გამოსცა განკარგულება №248, რომლითაც გ. ჟ-ის უღიარა საკუთრების უფლება 3857 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. განკარგულების შესაბამისად კი გასცა საკუთრების უფლების მოწმობა №.... აღნიშნულის საფუძველზე საჯარო რეესტრმა 2021 წლის 5 იანვრის №... გადაწყვეტილებით მიწის ნაკვეთი დაარეგისტრირა გ. ჟ-ის საკუთრებად.
2021 წლის 22 დეკემბერს მოსარჩელე მხარემ საჯარო რეესტრში წარადგინა №... განცხადება თანდართული აზომვითი ნახაზით, რომლითაც მოითხოვა სადავო ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 5 იანვრის №... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა, დაინტერესებული პირის მიერ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებსა და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა კანონით განსაზღვრული ზედდება (ს/კ ... და ს/კ ...). 2022 წლის 21 იანვარს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რ. და თ. ჟ-იების წარმომადგენლის მიერ წარდგენილ იქნა ადმინისტრაციული საჩივარი საჯარო რეესტრის 2022 წლის 5 იანვრის №... გადაწყვეტილებაზე, თუმცა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 21 თებერვლის №... გადაწყვეტილებით რ. და თ. ჟ-იების წარმომადგენლის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მარეგისტრირებელმა ორგანომ 2022 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს რ. და თ. ჟ-იების წარმომადგენელ მ. ბ-ეის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილ №... განცხადებაზე თანდართულ ინდ. მეწარმე „ლ...ის“ 2021 წლის 22 დეკემბერის აზომვით ნახაზზე, რომლის თანახმად, სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის ფართობი იყო - 275 კვ.მ, ხოლო დამხმარე შენობა-ნაგებობის ფართობი - 46,5 კვ.მ, მიწის ნაკვეთს ესაზღვრებოდა - სამხრეთით გზა, დასავლეთით - №... საკადასტრო ერთეული და აღმოსავლეთით - №... საკადასტრო ერთეული. სასამართლოში დავის მიმდინარეობისას, მოსარჩელეთა მიერ დაზუსტდა საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელშიც მითითებული მონაცემების ფარგლებში ითხოვდნენ მოსარჩელეები სადავო აქტების ბათილად ცნობას და სადავო შენობა-ნაგებობის (ე.წ. კუხნის და მიმდებარე ტერიტორიის) მათ საკუთრებად აღრიცხვას.
საქმეში წარმოდგენილი, 2022 წლის 2 სექტემბრის ინდ. მეწარმე „ზ. ჭ-ეის“ მიერ მომზადებული აზომვითი ნახაზით, მიწის ნაკვეთის ფართობია - 290 კვ.მ და მასზე დატანილია დამხმარე შენობა-ნაგებობა - 46.5 კვ.მ ნაკვეთის კონფიგურაცია მცირედით განსხვავდება ლ. ჭ-ეის მიერ 2021 წლის 22 დეკემბერს მომზადებული ნახაზისაგან, გაზრდილია ფართობი და მასზე დატანილია, ასევე, ძველი სახლთმფლობელობის მარცხნივ, აღმოსავლეთ ნაწილში დანგრეული დამხმარე შენობა-ნაგებობის კონტურები. მოსაზღვრეები და მდებარეობა იგივეა, ესაზღვრება - გზა, №... და №... საკადასტრო ერთეულები.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქმის მასალებში არსებულ ქედის არქივის 2020 წლის 24 აგვისტოს №AA2020009445-03 ცნობაზე, რომლის თანახმად სე. ჟ-ის კომლს აწერია: - მიწა 0,15 ჰა; - საცხოვრებელი სახლი - ქვის აგებული 1981 წელს; ე.წ. კუხნა - აგებული 1975 წელს; სასიმინდე (ე.წ. ნალია) - აგებული 1928 წელს; გარაჟი - აგებული 1980 წელს. გარდა ამისა, საქმეში მოიპოვება ...ს თემის საკრებულოს 2006 წლის 17 ნოემბერს გაცემული ცნობა, რომელშიც მითითებულია, რომ ს. ჟ-ის კომლს ქედის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში აწერია 602,9 კვ.მ შენობა-ნაგებობა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთი 1 ჰა-ს ოდენობით. საცხოვრებელი სახლი - 290,8 კვ.მ, სამზარეულო - 18,9 კვ.მ, საკუჭნაო - 18,4 კვ.მ, ნალია - 16,2 კვ.მ, გარაჟი - 21,2 კვ.მ, ბოსელი - 58,4 კვ.მ და ძველი საცხოვრებელი სახლი - 179 კვ.მ, თუმცა აღნიშნულის საპირისპიროდ საქმეში ასევე წარმოდგენილია საკომლო წიგნის ჩანაწერი, სადაც მითითებულია, რომ ს. ჟ-ი ფლობს შერეული ტიპის სახლს, ე.წ. კუხნას, სასიმინდეს და ბოსელს, თუმცა არ შეიცავს მითითებას საკუჭნაოს შესახებ.
ზემოთ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და საქმეში არსებულ მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადავო შენობა-ნაგებობა - 46.5 კვ.მ ფართობის მქონე ორსართულიანი სამზარეულოს შენობა, ე.წ. კუხნა, აშენებული იყო მოსარჩელეთა მამის - სე. ქ.-ს ძე ჟ-იის მიერ 1975 წელს. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს რაიონული სასამართლოს მსჯელობას, რომ შენობა-ნაგებობა, რომელიც შპს „ტ...ს“ ნახაზში 18,4 კვ.მ საკუჭნაოდაა მითითებული („ლიტერი 4“), რეალურად შეადგენს 46,5 კვ.მ ფართის ნაგებობას და წარმოდგენს ე.წ. კუხნას, რომლითაც მოსარჩელეების მამა სე. ჟ-ი სარგებლობდა, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ აღნიშნული შენობა-ნაგებობით სარგებლობდნენ მისი შვილები. აღსანიშნავია, ასევე, რომ ს. ჟ-ის და მის ოჯახს საკარმიდამო მიწის მარჯვენა მხარეს, ჰქონდათ თავიანთი, 18.9 კვ.მ ფართობის მქონე ე.წ. კუხნა, რომელიც დანგრეულ იქნა ახალი სახლის მშენებლობისას, რაც გახდა მოსარჩელეების მხრიდან სარჩელის აღძვრის დროს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით აღნიშნული ნანგრევების ხელყოფისგან დაცვის მოთხოვნის საფუძველი, რათა მათი მხრიდან შესაძლებელი ყოფილიყო სწორედ იმ გარემოების დამტკიცება, რომ ორივე ოჯახი - როგორც სე., ასევე ს. ჟ-ის ოჯახი საკარმიდამო მიწის თავიანთ მხარეს, ფლობდნენ თავ-თავიანთ სამზარეულო ნაგებობას - ე.წ. კუხნას. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 14 ივლისის განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა შუამდგომლობა და გ. ჟ-ის აეკრძალა ს. ჟ-ის მიერ აშენებული სამზარეულოს ნანგრევების (შპს „ტ...ს“ 2007 წლის 12 თებერვლის აზომვით ნახაზში მითითებული ლიტერი №3-ის) განადგურება, დაშლა, ზიანის მიყენება.
სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ ორივე ოჯახს საკარმიდამო მიწის შესაბამის მხარეს ჰქონდათ ნალია/სასიმინდე. ს. ჟ-ის ოჯახმა ახალი სახლის მშენებლობისას მოშალა თავისი ნალია/სასიმინდე, ხოლო სე. ჟ-ის 1928 წელს აგებული ნალია/სასიმინდე მოშალა მოსარჩელეების ძმამ - გო. ჟ-იმა.
საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რაიონულმა სასამართლომ სწორად დაადგინა და გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მართებული სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. კერძოდ, ...ს თემის საკრებულოს არ ჰქონდა ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებდა, რომ ს. ჟ-ი ფლობდა და სარგებლობდა 18,4 კვ.მ (რეალურად 46,5 კვ.მ შენობა) საკუჭნაოთი. საქმეში არსებულ არცერთ სამართლებრივ დოკუმენტში არ იყო მითითებული, რომ სამზარეულოს ორსართულიანი შენობა ს. ჟ-ის კომლს ჰქონდა მიკუთვნებული. შესაბამისად საარქივო ცნობაში მისი მითითებისას ...ს თემის საკრებულოს შესაბამისი საფუძველი არ გააჩნდა. ამდენად, სო. ჟ-იმა საჯარო რეესტრს წარუდგინა უფლების დამდგენი საბუთი - საკრებულოს ცნობა და აზომვითი ნახაზი, რომლებშიც უფრო მეტი შენობები იყო მითითებული, ვიდრე მეკომურთა კრების ოქმში და საკომლი წიგნის ჩანაწერში.
საკასაციო სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებების, მათ შორის მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სო. ჟ-იის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში, საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით წარდგენილი დოკუმენტები შეიცავდა არასწორ ინფორმაციას, რამაც გამოიწვია სე. ჟ-ის მფლობელობაში არსებული სამზარეულოს შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის სო. ჟ-იის, ხოლო შემდგომ გ. ჟ-ის საკუთრების უფლების კანონსაწინააღმდეგო რეგისტრაცია.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვავს, საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) უფლება-მოვალეობებს. ამდენად, რეგისტრაციის მიზნით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქმიანობა წამოადგენს სარეგისტრაციო წარმოებას. დასახელებული კანონის მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის თანხმად, სარეგისტრაციო წარმოება არის სააგენტოს საქმიანობა რეგისტრაციის მიზნით, ამავე მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სარეგისტრაციო დოკუმენტი წარმოადგენს სამართლებრივ აქტს, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრულ რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. დასახელებული კანონის მე-8 მუხლი განსაზღვრავს, რომ სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო რეესტრის შესახებ ინტრუქციის მე-16 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, შენობა-ნაგებობაზე ან მის ერთეულზე (მათ შორის, მშენებარე შენობა-ნაგებობაზე) საკუთრების უფლების რეგისტრაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტისა და სამშენებლო დოკუმენტაციის, ხოლო მშენებლობის დასრულებისას – შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარების (ექსპლუატაციაში მიღების) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ როგორც „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი, ასევე საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქცია ერთი მხრივ ადგენს ვალდებულებას წარდგენილ იქნას ისეთი დოკუმენტები, რომლებიც უშუალოდ წარმოშობენ საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნას, ხოლო მეორე მხრივ დასახელებული აქტები უძრავი ქონების რეგისტრაციის პირობად ადგენენ არა მხოლოდ ფორმალურად უფლების დამდგენი დოკუმენტების წარდგენის ვალდებულებას, არამედ იმგვარი დოკუმენტების წარდგენას, რომლებიც შეიცავენ უძრავი ქონების შესახებ ნამდვილ და სწორ ინფორმაციას.
ამდენად, სო. ჟ-იმა საჯარო რეესტრს წარუდგინა უფლების დამდგენი საბუთი, რომელიც შეიცავდა არასწორ ინფრმაციას, კერძოდ არასწორი ინფორმაცია იყო შეტანილი ...ს თემის საკრებულოს ცნობაში 18,4 კვ.მ საკუჭნაოს შესახებ, ასევე, აზომვით ნახაზში მოსარჩელეთა მფლობელობაში არსებული 46,5 კვ.მ სამზარეულოს, ნალიისა და მიმდებარე მიწის ნაკვეთის შესახებ. საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელიც საფუძვლად დაედო სო. ჟ-იის საკუთრებად მიწის რეგისტრაციის გადაწყვეტილებას, არ წარმოადგენს სათანადო სამართლებრივ დოკუმენტს.
აღსანიშნავია, რომ თავად სააპელაციო სასამართლოც გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ მხარეებს შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ აზომვით ნახაზზე „საკუჭნაოს“ დასახელებით დატანილი ლიტერი №4 (შენობა-ნაგებობა), სწორედ ის შენობა-ნაგებობაა, რომელზეც მოსარჩელეები აცხადებენ პრეტენზიას და თვლიან მამის, სე. ჟ-ის კომლზე რიცხულ სამზარეულოდ, ე.წ. კუხნად.
საკასაციო სასამართლო იზიარებს რაიონული სასამართლოს მოსაზრებას ...ს თემის საკრებულოს 2006 წლის 17 ნოემბერის №240 ცნობის ინფორმაციულ დოკუმენტად მიჩნევის შესახებ და თვლის, რომ რაიონულმა სასამართლომ სწორად შეწყვიტა საქმის წარმოება მოსარჩელეთა სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში, რადგან აღნიშნული ცნობა არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, შესაბამისად, იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის ცნების ელემენტებს და არ წარმოშობს არ ცვლის, არ წყვეტს და არ ადგენს პირთა უფლებებსა და მოვალეობებს. ამდენად, მისი ბათილად ცნობით, საკომლო წიგნში არსებული მონაცემები არ შეიცვლებოდა.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაფასებლად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილ პრაქტიკაზე, რომლითაც განმარტებულია კომლის არსი და მასთან დაკავშირებული თავისებურებები, კერძოდ: „კომლი სოფლის ადგილობრივი ორგანოების მიერ ყოველთვის ცალკე იყო რეგისტრირებული საადგილმამულო წიგნში, ოჯახის თითოეული წევრის და ოჯახის რიცხული ქონების აღნიშვნით. კომლი წარმოადგენდა ოჯახის წევრთა ერთიან კავშირს, რომელსაც გააჩნდა ერთიანი ქონება, გარკვეული უფლება-მოვალეობები, აგრეთვე პასუხისმგებლობა, როგორც ერთმანეთის, ისე მესამე პირთა მიმართ... შეიძლებოდა ყოფილიყო როგორც რამდენიმე, ისე ერთი წევრი. კომლის საქმიანობა არ რეგულირდებოდა სპეციალური წესდებით, რადგან კომლი არ განიხილებოდა როგორც იურიდიული პირი. კომლს გააჩნდა პირადი საკუთრება და როგორც ამ საკუთრების უფლების სუბიექტი, რეგისტრირებული იყო სოფლის საბჭოში, სადაც მითითებული იყო კომლის უფროსი, კომლის წევრები და კომლის ქონება... კომლს გააჩნდა საერთო საკუთრება, რომელიც მის წევრებს ეკუთვნოდა თანასაკუთრების უფლებით. კომლის საერთო საკუთრებაში არსებული ქონების მფლობელობა, სარგებლობა და განკარგვა წარმოებდა კომლის ყველა წევრის თანხმობით“ (სუსგ №ას-402-2021. 04.11.2021წ., №ას-464-2022, 06.10.2022წ., №ას-516-2021, 30.11.2021წ.).
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კომლი (როგორც საკოლმეურნეო, ასევე მუშა-მოსამსახურის) საქართველოში არსებობდა 1993 წლამდე და მათთან დაკავშირებული ურთიერთობები, მოწესრიგებული იყო 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსით. კერძოდ, აღნიშნული კოდექსის 122-ე მუხლის თანახმად განსაზღვრული იყო, რომ კომლის ქონება ეკუთვნოდა მის წევრებს თანასაკუთრების უფლებით, ხოლო ამავე კოდექსის 125-ე მუხლის შესაბამისად, საკოლმეურნეო კომლის ყველა წევრს, მათ შორის არასრულწლოვანსა და შრომისუუნაროსაც, კომლის ქონება თანაბარი წილით ეკუთვნოდა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ: „სახელმწიფოს მიერ რეფორმის გატარება მიზნად ისახავდა მიწის ნაკვეთების კერძო საკუთრებაში გადასვლას. ამ პროცესის წარმართვისას კი არსებითი მნიშვნელობა ენიჭებოდა კომლის შემადგენლობასა და მის სახელზე რიცხული ქონების თაობაზე საკომლო წიგნებში არსებულ ინფორმაციას. კერძოდ, კომლს, პირველ რიგში, საკუთრებაში გადაეცემოდა მის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთები. საკარმიდამო, საბაღე და სააგარაკო მიწები უსასყიდლოდ გადადიოდა მათ კერძო საკუთრებაში. ამრიგად, რეფორმის ფარგლებში კონკრეტული მიწის ნაკვეთის გამოყოფისთვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭებოდა მოცემული ნაკვეთის სტატუსს, მასზე საცხოვრებელი სახლის არსებობას, მეურნეობის წარმართვას. საკარმიდამო მიწის ნაკვეთი უნდა გადასულიყო უშუალოდ იმ კომლის წევრთა საკუთრებაში, რომელთა მფლობელობაშიც ირიცხებოდა ეს ნაკვეთი. ამასთანავე, საყურადღებოა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შემოღებით, კანონმდებელმა იმპერატიულად განსაზღვრა, რომ ფიზიკურ პირთა კანონიერ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები, რომლებზედაც ინდივიდუალური სახლებია განლაგებული, სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებიდან ითვლება ამ პირთა საკუთრებად და მათზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექსით უძრავი ნივთებისათვის გათვალისწინებული წესები (1513-ე მუხლის პირველი ნაწილი)” (სუსგ №ბს-48(კ-20), 27.05.2020წ.).
სასამართლო მიუთითებს საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილებაზე, რომლის მე-2 პუნქტით განისაზღვრა მიწის კერძო საკუთრებაში, მფლობელობასა და სარგებლობაში გადაცემა მხოლოდ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის, ხოლო უცხოელი მოქალაქეების ან მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის მიწის დროებით სარგებლობაში გადაცემის შესაძლებლობა. ამავე დადგენილების მე-3 პუნქტის თანახმად, მიწების ადრინდელ მესაკუთრეებს ან მათ მემკვიდრეებს მიწა საკუთრებაში, მფლობელობასა და სარგებლობაში გადაეცემოდათ საერთო საფუძველზე. ამასთან შესაძლებლობის შემთხვევაში მათ პირველ რიგში გამოეყოფოდათ ყოფილი მიწებიდან ნაკვეთი ნორმის ფარგლებში. აღსანიშნავია, რომ ამავე დადგენილების მე-5 პუნქტის თანახმად, განისაზღვრა, რომ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებზე კანონით დადგენილი ნორმის ფარგლებში რიცხული საკარმიდამო, საბაღე და სააგარაკო მიწები უსასყიდლოდ გადადიოდა მათ კერძო საკუთრებაში. ადგილობრივი ბუნებრივ-საწარმოო პირობებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით მიზანშეწონილად ჩაითვალა საკარმიდამო ფართობის გადიდება ბარში და ზეგანზე 0,75 ჰექტარამდე, ხოლო მთაში - 3 ჰექტარამდე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების პრაქტიკული განხორციელების დამატებით ღონისძიებათა თაობაზე საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 6 თებერვლის №128 დადგენილების მე-2 პუნქტზე, რომლითაც განისაზღვრა, რომ საკარმიდამო მიწის ნაკვეთების გაცემა უნდა განხორციელებულიყო 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რიცხული კომლების მიხედვით, ხოლო 1992 წლის 1 იანვრის შემდეგ გაყრის შედეგად წარმოქმნილი ახალი კომლები დაკმაყოფილდებოდნენ ამ მიზნით მიწის სარეზერვო ფონდის შექმნის შემდეგ.
ამასთან, „მიწის რეფორმის ეგიდით განხორციელებულ ღონისძიებათა შედეგად არსებული ხარვეზებისა და დარღვევების გამოსწორების, მიწის რეფორმის დაჩქარებისა და მიწათსარგებლობაში სათანადო წესრიგის დამყარების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 11 თებერვლის №166 ბრძანებულების (გაუქმებულია საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 18 ოქტომბრის №593 ბრძანებულებით) 1-ლი პუნქტის მიხედვით, მიღებულ იქნა ცნობად, რომ საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტში „სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ გათვალისწინებულია საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის № 48, 1992 წლის 6 თებერვლის №128, 1992 წლის 10 მარტის №290, 1992 წლის 22 სექტემბრის №949, 1993 წლის 16 იანვრის №39, 1993 წლის 24 თებერვლის №148, 1993 წლის 28 ივნისის №503, 1994 წლის 29 ნოემბრის №815, 1995 წლის 10 მარტის №129, 1995 წლის 19 ივნისის №363 დადგენილებების, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 28 ოქტომბრის №29 დეკრეტის, საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 30 დეკემბრის №249 განკარგულების, 1995 წლის 22 თებერვლის №45 ბრძანებულების მოთხოვნების შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეთა კომლებისათვის, ოჯახებისათვის გაცემული მიწის ნაკვეთები, მათ შორის 1992 წლამდე მათ კანონიერ სარგებლობაში არსებული საბაღე, საბოსტნე, სააგარაკო, სამოსახლო, საკარმიდამო ნაკვეთები მიჩნეულ იქნა მათ კერძო საკუთრებად.
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონის ამოქმედების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 22 მარტის დადგენილებით ასევე განიმარტა, რომ საქართველოს მოქალაქეთა კომლებისათვის, ოჯახებისათვის გაცემული მიწის ნაკვეთები, მათ შორის 1992 წლამდე მათ კანონიერ სარგებლობაში არსებული საბაღე, საბოსტნე, სააგარაკო, სამოსახლო, საკარმიდამო ნაკვეთები მიჩნეულ იქნა მათ კერძო საკუთრებად.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული სამართლებრივი აქტები წარმოადგენს კომლისთვის და კომლში შემავალი პირებისთვის შესაბამისი ქონების საკუთრებაში გადაცემის საკითხის მარეგულირებელ ძირითად სამართლებრივ დოკუმენტებს, რომლებიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკასთან ერთობლიობაში ცხადყოფს, რომ შესაბამისი რეფორმის ფარგლებში მიწის ნაკვეთები გაიცემოდა 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რეგისტრირებულ კომლებზე. ამასთან, გაცემა ხორციელდებოდა არა კომლში შემავალ პირებზე სათითაოდ, ან თუნდაც ერთ-ერთ მათგანზე (მაგ: ოჯახის უფროსი, ან პირი რომელიც უშუალოდ წარადგენდა შესაბამის დოკუმენტებს და მიწის გადაცემის აქტში იყო დაფიქსირებული), არამედ მთელ კომლზე და შესაბამის დოკუმენტში ოჯახის ერთი წევრის ასახვა ვერ გახდებოდა კომლის სხვა წევრთა საკუთრების უფლების შეზღუდვის საფუძველი. ამდენად, დასახელებული ნორმების თანახმად, მიწის ნაკვეთები, მათ შორის საკარმიდამო ფართები, საკუთრებაში გადაეცემოდათ კომლებს და არა ინდივიდუალურ პირებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ შესაბამის რეგიონში არსებული, კომლის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული შენობა-ნაგებობით მხოლოდ ამავე, მიწის რეფორმამდე არსებულ კომლს უნდა გადასცემოდა და მხოლოდ მასზე დამატებით უნდა მომხდარიყო მიწის ნაკვეთის გამოყოფა ზღვრული ოდენობის მიღწევამდე, რაც გულისხმობდა, შესაბამისი ფართობის გათვალისწინებით სწორედ საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე დამატებითი ტერიტორიის გამოყოფას.
განსახილველ შემთხვევაში, სადავო მიწის ნაკვეთი, ასევე, მასზე არსებული საცხოვრებელი და დამხმარე შენობა-ნაგებობები წარმოადგენდა მოსარჩელეთა ბაბუის, ქ. ჟ-იის კომლის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ ქონებას. აღნიშნული კომლის შემადგენლობაში, 1998 წლამდე შედიოდნენ ქ. ჟ-იის შვილები - სე. და ს. ჟ-ი, თავიანთი ოჯახებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონმა კომლის ქონებაზე მიმაგრებული საკარმიდამო მიწის ნაკვეთი მათ საკუთრებად გამოცხადდა. ამდენად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, თუ მანამდე სადავო მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრებაში იყო და შესაბამისი პირები წარმოადგენდნენ მოსარგებლეებს, 1996 წელს, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ, სე. და ს. ჟ-იები გახდნენ შესაბამისად 0.15ჰა და 0.5ჰა საკარმიდამო მიწების მესაკუთრეები, მიწის რეფორმის დაწყების შემდეგ კი, სოფელ ...ის 1998 წლის 20 თებერვლის მეკომურთა კრების ოქმის შესაბამისად, მათ დამატებით მიეზომათ მიწის ნაკვეთები, რომლებიც ასევე გახდა მათი საკუთრება.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილების მიღებისას ერთმანეთისგან ვერ გამიჯნა საკარმიდამო და ასაღიარებელი მიწის ნაკვეთები, ვინაიდან სადავო ორსართულიანი შენობა-ნაგებობა რეალურად განთავსებულია არა ასაღიარებელ, არამედ სე. ჟ-ის საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე, რომლის დარეგისტრირებაზე გო. ჟ-იმა სწორედ ძმების - რ. და თ. ჟ-იების სასარგებლოდ თქვა უარი, ვინაიდან მათ შორის არსებობდა სიტყვიერი შეთანხმება იმის თაობაზე, რომ რეგისტრაცია სწორედ მოსარჩელეებზე უნდა განხორციელებულიყო. შესაბამისად, ვერც სო. ჟ-იი და ვერც მისი შვილი, გ. ჟ-ი, ვერ გახდებოდნენ სადავო ქონების მესაკუთრეები 2006-2007, 2020-2021 წლებში.
საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სადავო შენობა-ნაგებობა განთავსებულია ძველი საცხოვრებელი სახლის მარცხენა მხარეს და მოსარჩელეების ბაბუის - ქ. ჟ-იის კომლის გაყოფის შემდეგ (1998წ.), იგი სხვა დამხმარე შენობა-ნაგებობებთან ერთად, რომლებიც ასევე, ძველი საცხოვრებელი სახლის მარცხენა მხარეს იყო განთავსებული, წარმოადგენდა მოსარჩელეთა მამის - სე. ჟ-ის საკუთრებას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულებით „აღიარებულია საკუთრების ინსტიტუტის, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ საფუძვლად არსებული ღირებულების კონსტიტუციური მნიშვნელობა, რომელიც ინდივიდის პიროვნული თავისუფლებისა და ინდივიდუალური თვითრეალიზების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის №3/7/679 გადაწყვეტილება საქმეზე შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-13). ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის №1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).
ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მსჯელობაც, რომ: „საკუთრების უფლება არ არის მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის. იგი წარმოადგენს მთელი რიგი ქონებრივი ურთიერთობებისა და სხვაგვარი სამართლებრივი შედეგების წარმოშობის უმთავრეს წინაპირობას... ამასთან, საკუთრების უფლების გარანტირებულობა და მისი კონსტიტუციური მოწესრიგება განაპირობებს, მათ შორის, პირის შესაძლებლობას, საკუთარი სურვილის შესაბამისად, თავისუფალი ნების საფუძველზე განკარგოს და შეიძინოს ქონებრივი უფლებები... სახელმწიფო კისრულობს, ერთი მხრივ, პოზიტიურ ვალდებულებას, თავისუფალი შეთანხმებების აღსრულებისათვის სათანადო ფაქტობრივი თუ სამართლებრივი გარანტიების შექმნის გზით უზრუნველყოს თავისუფალი ნების გამოხატვის საფუძველზე ქონებრივ უფლებათა განკარგვის შესაძლებლობა, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფო ნეგატიური ვალდებულების ფარგლებში, ვალდებულია თავად არ ხელყოს ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით გათვალისწინებული საკუთრების უფლება (სუსგ №ბს-1322(კ-19), 25.03.2021წ.).
გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებებში მოყვანილ მსჯელობაზე, რომ: „საკუთრების უფლება სანივთო უფლების კლასიკური სახეა, რომელიც დროში არ იზღუდება. აბსოლუტური უფლების ძირითადი დამახასიათებელი თვისებაა ის, რომ იგი სხვა პირთა ქმედებისაგან დამოუკიდებლად არსებობს. ამ უფლების განხორცილება უფლებამოსილი პირის აბსოლუტური ძალაუფლების სფეროს განეკუთვნება, ხოლო მისი დაცვა უზრუნველყოფილია ნებისმიერი შესაძლო ხელყოფისაგან. ამდენად, მესაკუთრეს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მის საკუთრებაში არსებულ ნივთზე უფლების დაცვა“ (სუსგ №ას-402-2021. 04.11.2021წ).
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული საკუთრების უფლების განხილვისას, უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად, ზემოაღნიშნული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი შედგება სამი განცალკევებული წესისგან. დიდი პალატის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების თანახმად (საქმეზე - „იატრიდისი საბერძნეთის წინააღმდეგ, no. 31107/96) ისინი განმარტებულია შემდეგნაირად: „პირველი წესი, რომელიც პირველი პარაგრაფის პირველ წინადებაშია ჩამოყალიბებული, ზოგადი ხასიათისაა და აყალიბებს საკუთრებით მშვიდობიანი სარგებლობის პრინციპს. მეორე წესი, რომელიც პირველი პარაგრაფის მეორე წინადადებაშია მოცემული, ეხება მხოლოდ საკუთრების ჩამორთმევას და უქვემდებარებს მას კონკრეტულ პირობებს. მესამე წესი, რომელზეც მეორე პარაგრაფი მიუთითებს, აღიარებს, რომ ხელშემკვრელი სახელმწიფოები უფლებამოსილები არიან, inter alia, საჯარო ინტერესის შესაბამისად განახორციელონ საკუთრების გამოყენების კონტროლი.“
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო საკითხი უკავშირდება ფიზიკურ პირებს შორის ქონების განაწილების საკითხს და მნიშვნელოვანია, რომ საკუთრების უფლების დაცვიდან გამომდინარე, სწორად იქნეს განსაზღვრული, თუ ვინ არის ამ შემთხვევაში აღნიშნული უფლების მატარებელი სუბიექტი და არ მოხდეს შესაბამისი საფუძვლის გარეშე, რომელიმე მხარის უფლებების მომეტებული შეზღუდვა.
საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, გო. ჟ-ის მიერ სე. ჟ-ის სახელზე რიცხული მთლიანი ქონების მიღების თაობაზე, რაც სააპელაციო სასამართლოს აზრით, გამორიცხავდა მართლზომიერი მფლობელობის საფუძვლით სადავო უძრავ ქონებაზე მოსარჩელეთა უფლების მოპოვების შესაძლებლობას, საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ განსახილველი დავის ფარგლებში სადავოდ არ არის გამხდარი გო. ჟ-ისთვის საკარმიდამო და ასაღიარებელი მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია. ძმები მას აღნიშნულ საკითხზე არ ედავებიან, ამდენად შეუძლებელია ამ დავის ფარგლებში, იმის შემოწმება გო. ჟ-ის რა ქონება აქვს დარეგისტრირებული, სად და რა საფუძვლით. ცალსახად დადგენილია, რომ მიუხედავად იმისა, რომ გო. ჟ-ის 1 ჰა მიწის ნაკვეთზე და შენობა-ნაგებობებზე საკუთრების უფლება საჯარო რეესტრის მიერ რეგისტრაციის გზით უნდა მიეღო, მან როგორც საკარმიდამო, ასევე ასაღიარებელი მიწის ნაკვეთები, ორივე აღიარების გზით მიიღო. ამასთან, საჯარო რეესტრმა და აღიარების კომისიამ ერთმანეთისგან ვერ გამიჯნეს საკარმიდამო და ასაღირარებელი მიწის ნაკვეთები და თავიანთი უფლებამოსილებები. ადმინისტრაციული ორგანოები ვალდებულნი არიან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 85-ე მუხლის საფუძველზე, განმცხადებელს დაეხმარონ სწორი სამართლებრივი საფუძვლების შერჩევაში და უფლებამოსილება განახორციელონ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, რაც არ განხორციელებულა. სწორედ აღნიშნულმა გარემოებამ გამოიწვია მოსარჩელეთა საკუთრების უფლების შეზღუდვა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა ინდ. მეწარმე ზ. ჭ-ეის მიერ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე მიწის ნაკვეთზე შედგენილი აზომვითი ნახაზით განსაზღვრული ზედდების ნაწილში (ნაკვეთის ფართობი 290 კვ.მ, შენობა-ნაგებობა 46.5 კვ.მ), ...ს თემის საკრებულოს 2006 წლის 17 ნოემბრის №240 ცნობის საფუძველზე საჯარო რეესტრში განხორციელებული 2007 წლის 5 მარტის №... განცხადებაზე მიღებული გადაწყვეტილება-სააღრიცხვო ბარათის, ასევე ზედდების ნაწილში, საჯარო რეესტრის შემდეგი გადაწყვეტილებების: №... (09.01.2018), №... (03.04.2019), №... (04.06.2019), №... (05.01.2022), №... (21.03.2022); №... (21.02.2022), ბათილად ცნობის წინაპირობების არსებობა.
საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს რაიონული სასამართლოს მოსაზრებას, რომ გ. ჟ-ი არ აკმაყოფილებდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს სადავო 290 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების ნაწილში.
დადგენილია, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2020 წლის 28 დეკემბერს გამოსცა განკარგულება №248, რომლითაც გ. ჟ-ის უღიარა 3857 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება. განკარგულების შესაბამისად კი გასცა საკუთრების უფლების მოწმობა №.... აღნიშნულის საფუძველზე საჯარო რეესტრმა 2021 წლის 5 იანვრის №... გადაწყვეტილებით მიწის ნაკვეთი, ს/კ: ..., დაარეგისტრირა გ. ჟ-ის საკუთრებად.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს საკუთრების უფლების აღიარების ორ ძირითად წინაპირობას - კანონის ამოქმედებამდე სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავება, როდესაც აღნიშნულ ნაკვეთზე განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) და დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე.
საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გ. ჟ-ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთი რეალურად წარმოადგენდა არა სახელმწიფო საკუთრებას, არამედ სხვა პირის საკარმიდამო მიწის ნაკვეთს და მასზე განლაგებულ დამხმარე შენობა-ნაგებობას, შესაბამისად იგი არც თვითნებურად დაკავების საფუძვლით (განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებით უდავოდ დადასტურებულია, რომ ს. ჟ-ი და მისი ოჯახი სადავო შენობა-ნაგებობით მოსარგებლეები არასდროს ყოფილან) და არც მომიჯნავეობით არ უნდა ყოფილიყო აღრიცხული ს. ჟ-ის შვილის - გ. ჟ-ის საკუთრებად.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა ინდ. მეწარმე ზ. ჭ-ეის მიერ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე მიწის ნაკვეთზე შედგენილი აზომვითი ნახაზით განსაზღვრული ზედდების ნაწილში (ნაკვეთის ფართობი 290 კვ.მ, შენობა-ნაგებობა 46.5 კვ.მ), ქედის მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2020 წლის 28 დეკემბრის №248 განკარგულებისა და მის საფუძველზე გამოცემული საკუთრების უფლების №... მოწმობის, ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 5 იანვრის №... (ს/კ: ... მიწის ნაკვეთზე) გადაწყვეტილების ბათილად ცნობის წინაპირობების არსებობა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო საჯარო რეესტრის ყურადღებას კიდევ ერთხელ მიაქცევს მოსარჩელეთა სარეგისტრაციო განცხადების განხილვისას რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძველზე, რომელიც ადმინისტრაციული ორგანოს კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მოსარჩელეთათვის სამართლებრივი დახმარების მიზნით უნდა განხორციელდეს.
რაც შეეხება კასატორის გ. ჟ-ის წარმომადგენლის - რ. ხ-ის 2024 წლის 14 აგვისტოს შუამდგომლობას საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 ნოემბრის №ბს-693(კ-კს-21) განჩინებაზე, სადაც საკასაციო პალატამ განმარტა, რომ „საქმის განხილვის ფორმის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა. აღნიშნული ემყარება საკასაციო სამართალწარმოების ბუნებას, კერძოდ, საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, არამედ მისი მსჯელობის საგანი საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების სწორი სამართლებრივი შეფასებაა. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლით განსაზღვრულია შემოწმების ფაქტობრივი საფუძველი. საკასაციო პალატა აქვე მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხზე იმსჯელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა არ ზღუდავს სასამართლოში მიმართვის კონსტიტუციურ უფლებას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქე ავთანდილ რიჟამაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; 2. მოქალაქე ნელი მუმლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.“, სუსგ. №ას-807-2020, 12.11.2020წ., სუსგ №ას-1150-2020, 29.11.2021წ.)
ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ არ იკვეთება საქმის ზეპირი განხილვის საჭიროება. გასათვალისწინებელია ასევე ის გარემოებაც, რომ მოცემული საქმის პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში განხილვისას მხარეთა დასწრებით ჩატარდა სხდომები, ამდენად, მხარეთა საპროცესო უფლებები სრულად რეალიზებულია, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები საკმარისია სადავო საკითხის სამართლებრივი შეფასებისათვის. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობდა საქმის ზეპირი განხილვისა და მხარეთა პოზიციების დამატებით მოსმენის საჭიროება და საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის ფორმა სრულად შეესაბამება საკანონმდებლო დანაწესებს.
რაც შეეხება გ. ჟ-ის წარმომადგენლის - რ. ხ-ის 2024 წლის 14 ნოემბრის შუამდგომლობას სასამართლოს მიერ სადავო მიწის ნაკვეთის (მდებარე: ქედის მუნიციპალიტეტი, სოფელი ...ი, ს/კ:...) ადგილზე დათვალიერების თაობაზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს საქმის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენ სასამართლოს. ამასთან, საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საკასაციო სასამართლოში ახალი ფაქტობრივი გარემოებების დადგენის და მტკიცებულებების მიღების შესაძლებლობას, რის გამოც საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ჟ-ის შუამდგომლობა სადავო მიწის ნაკვეთის (მდებარე: ქედის მუნიციპალიტეტი, სოფელი ...ი, ს/კ:...) ადგილზე დათვალიერების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. ხოლო მესამე ნაწილით სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. მოცემულ შემთხვევაში საქმეზე რაიონულ სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის სახით მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილ იქნა სახელმწიფო ბაჟი - 200 ლარი, ასევე გადახდილია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისთვის ბაჟი - 100 ლარი, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის განჩინების გასაჩივრებისათვის სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი, კერძო საჩივრისთვის სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი, აღსრულების ხარჯი - 100 ლარი, აკრძალვის რეგისტრაციის ხარჯი - 20 ლარი, ამონაწერის მომზადების ხარჯი - 21 ლარი, საჯარო რეესტრიდან ინფორმაციის გამოთხოვის ხარჯი - 19,49 ლარი, მინდობილობის ხარჯი - 24 ლარი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მოსარჩელეების მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილ იქნა სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისგან. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მხარე, რომელიც ვალდებულია გადაიხადოს სასამართლოს ხარჯები, რამდენიმე ფიზიკური ან იურიდიული პირისაგან შედგება, მაშინ სასამართლო ხარჯები მათ შორის ნაწილდება თანაბრად. აღნიშნულიდან გამომდინარე, გ. ჟ-ის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ქედის მუნიციპალიტეტის მერიას და ქედის მუნიციპალიტეტის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას თანაბარწილად უნდა დაეკისროთ რ. და თ. ჟ-იების მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში და საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება. თუმცა, საკასაციო სასამართლო იზიარებს აღნიშნულ საკითხზე რაიონული სასამართლოს შეფასებას, რომ მოპასუხეს არ უნდა დაეკისროს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების იმ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი და საჩივრისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი, რომლის დაკმაყოფილებაზეც უარი ეთქვა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 53.1 მუხლის თანახმად, მოპასუხეებს მოსარჩელეების სასარგებლოდ, მათ მიერ გაღებული ხარჯების, ...ს თემის საკრებულოს 2006 წლის 17 ნოემბერის №240 ცნობის ბათილად ცნობის ნაწილში საქმის წარმოება შეწყვეტის და აღნიშნულ ნაწილში გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის გათვალისწინებით, უნდა დაეკისროთ რაიონულ სასამართლოში გაწეული საპროცესო ხარჯის - 439,39 ლარის და საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის ჯამში - 739,39 (შვიდას ოცდაცხრამეთი ლარი და ოცდაცხრამეტი თეთრი) ლარის ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, ამავე კოდექსის მე-10 და 32-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 407-ე, 408-ე და 411-ე მუხლებით,
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. რ. ჟ-ის და თ. ჟ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. გასაჩივრებულ ნაწილში რ. ჟ-ის და თ. ჟ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
4. ინდ. მეწარმე ზ. ჭ-ეის მიერ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე მიწის ნაკვეთზე შედგენილი აზომვითი ნახაზით განსაზღვრული ზედდების ნაწილში, (ნაკვეთის ფართობი 290 კვ.მ, შენობა-ნაგებობა 46.5 კვ.მ) ბათილად იქნეს ცნობილი ...ს თემის საკრებულოს 2006 წლის 17 ნოემბრის №240 ცნობის საფუძველზე, საჯარო რეესტრში განხორციელებული 2007 წლის 5 მარტის №... განცხადებაზე მიღებული გადაწყვეტილება-სააღრიცხვო ბარათი, ასევე ზედდების ნაწილში, ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის შემდეგი გადაწყვეტილებები: №... (09.01.2018), №... (03.04.2019), №... (04.06.2019), №... (05.01.2022), №... (21.03.2022); №... (21.02.2022);
5. ინდ. მეწარმე ზ. ჭ-ეის მიერ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე მიწის ნაკვეთზე შედგენილი აზომვითი ნახაზით განსაზღვრული ზედდების ნაწილში (ნაკვეთის ფართობი 290 კვ.მ, შენობა-ნაგებობა 46.5 კვ.მ) ბათილად იქნეს ცნობილი ქედის მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2020 წლის 28 დეკემბრის №248 განკარგულება და მის საფუძველზე გამოცემული საკუთრების უფლების მოწმობა №..., ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 5 იანვრის №... გადაწყვეტილება, (ს/კ: ...);
6. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს გარემოებათა გამოკლვევისა და შეფასების შემდეგ, 2022 წლის 2 სექტემბერს ინდ. მეწარმე ზ. ჭ-ეის მიერ შედგენილი აზომვითი ნახაზის შესაბამისად ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე უძრავ ქონებაზე, რ. ჟ-ისა და თ. ჟ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, (ნაკვეთის ფართობი 290 კვ.მ და შენობა-ნაგებობა 46.5 კვ.მ), განაცხადის სარეგისტრაციო ნომერი ...), ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა;
7. მოწინააღმდეგე მხარის - გ. ჟ-ის შუამდგომლობა, საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;
8. მოწინააღმდეგე მხარის - გ. ჟ-ის შუამდგომლობა სადავო მიწის ნაკვეთის (მდებარე: ქედის მუნიციპალიტეტი, სოფელი ...ი, (ს/კ: ...) ადგილზე დათვალიერების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;
9. მოპასუხეებს - გ. ჟ-ის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და ქედის მუნიციპალიტეტის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას თანაბარწილად დაეკისროთ მოსარჩელეების - რ. ჟ-ის და თ. ჟ-ის სასარგებლოდ, მათ მიერ რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვისათვის გაწეული საპროცესო ხარჯის - 439,39 (ოთხარ ოცდაცხრამეტი ლარი და 39 თეთრი) ლარისა და საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 (სამასი) ლარის ანაზღაურება, სულ - 739,39 (შვიდას ოცდაცხრამეთი ლარი და ოცდაცხრამეტი თეთრი) ლარის ოდენობით;
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა