კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-1305(კს-24) 27 ნოემბერი,2024წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
გიორგი გოგიაშვილი, თამარ ოქროპირიძე
ზეპირი განხილვის გარეშე შეამოწმა ა(ა)იპ „ს...ის“ კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.11.2024წ. განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.11.2024წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელეების მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების „ძ...“, „გ...“, „ე...ს“ და ა(ა)იპ „ს...ის“ სარჩელი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 16.11.2024წ. საქართველოს პარლამენტის 26.10.2024წ. არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას აღნიშნულ ადმინისტრაციულ საქმეში სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე მესამე პირებად ჩაბმული იქნენ „სა...“, „ქ...“, „საქ...“, „გი...“, „გ...“, „მ...“, „კ...“, „ერ...“, „შ...“, „საქა...“, „ჩ...“, „ჩვ...“, „ქა...“, „ტ...“, „საქარ...“, „თ...“, „საქართ...“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.11.2024წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების „ძ...“, „გ...“, „ე...ს“ და ა(ა)იპ „ს...ის“ მიერ. ა(ა)იპ „ს...ამ“ სააპელაციო საჩივარში ასახული შუამდგომლობით მოითხოვა აგრეთვე დროებითი განჩინების მიღება, რომლითაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და მის თავმჯდომარეს დავის დასრულებამდე აეკრძალება არჩევნების შეჯამების შემდგომ კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა იმ პროცედურის განხორციელება, რომლებიც დაკავშირებულია ახალი საპარლამენტო შემადგენლობის უფლებამოსილების ცნობასთან, კერძოდ აეკრძალება: ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაში მონაწილეობა, პარლამენტის რეგლამენტის 86-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წარდგინების განხორციელება, პარლამენტისათვის არჩევნების შედეგების შეტყობინება და პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიისთვის პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო დოკუმენტაციის გადაცემა, პარლამენტის რეგლამენტის 86-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად ახლადარჩეული პარლამენტის მომდევნო სხდომის მოწვევა, პარლამენტის წევრის ფიცის ტექსტის წაკითხვა. შუამდგომლობის ავტორის მითითებით საქმის სამართლიანი განხილვის მიზნით შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და დავის დასრულებამდე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და მის თავმჯდომარეს უნდა აეკრძალოს არჩევნების შეჯამების შემდგომ კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა იმ პროცედურის განხორციელება, რომლებიც დაკავშირებულია ახალი საპარლამენტო შემადგნელობის უფლებამოსილების ცნობასთან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.11.2024წ. განჩინებით მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების „ძ...“, „გ...“, „ე...ს“ და ა(ა)იპ „ს...ის“ სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.11.2024წ. განჩინებით ა(ა)იპ „ს...ის“ შუამდგომლობა დროებითი განჩინების გამოცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სასკ-ის 31-ე მუხლით გათვალისწინებული უფლების დაცვის სამართლებრივი საშუალება მხარეთა შორის დავის დასრულებამდე ახდენს მოსარჩელის უფლებებისა და ინტერესების დროებით დაცვას და უზრუნველყოფს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულების დამაბრკოლებელი გარემოებების თავიდან აცილებას. მითითებული ნორმით დადგენილი უფლების დროებითი დაცვის საშუალებით შესაძლებელი ხდება არსებული მდგომარეობის შენარჩუნება, რომლის მიზანია დაიცვას პირი მმართველობითი ღონისძიების შედეგებისაგან დავის საგანზე ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში გადაწყვეტილების მიღებამდე (სუსგ 09.01.2019წ. №ბს-1562(უს-18)). დროებითი განჩინება წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულების გარანტიას. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ ერთდროულად იმსჯელა სააპელაციო მოთხოვნასა და სააპელაციო საჩივრით წარდგენილ სხვა შუამდგომლობებზე, მათ შორის დროებითი განჩინების მიღების მიზანშეწონილობაზე, შესაბამისად იმ პირობებში, როდესაც არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, საფუძველს მოკლებულია ასევე დროებითი განჩინების მიღება. სააპელაციო პალატამ აგრეთვე მიუთითა, რომ ორგანული კანონის „საარჩევნო კოდექსის“ 77.5 მუხლის თანახმად სააპელაციო პალატის მიერ საარჩევნო დავებზე მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა, რაც ასევე მოიცავს გადაწყვეტილების პროცესუალურ საკითხებზე, მათ შორის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით მიღებულ განჩინებებს.
დროებითი განჩინების გამოცემის თაობაზე უარის თქმის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.11.2024წ. განჩინება კერძო საჩივრით 25.11.2024წ. გასაჩივრდა ა(ა)იპ „ს...ის“ მიერ, რომელიც საკასაციო პალატას გადმოეცა 26.11.2024წ.. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის თანახმად, ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა იმართება პარლამენტის არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მე-10 დღისა. პირველ სხდომას ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ სხდომას ესწრება პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან. ამ მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება წინა მოწვევის პარლამენტს. ახალარჩეული პარლამენტის პირველ შეკრებას ასევე აწესრიგებს პარლამენტის რეგლამენტის 85-ე-86-ე მუხლები, კერძოდ ახალარჩეული პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ მას ესწრება (რეგისტრაცია გაიარა) ახალარჩეული პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. პარლამენტის წევრთა რეგისტრაციას ცესკოს მიერ გაცემული დროებითი მოწმობების საფუძველზე ახორციელებს პარლამენტის აპარატი. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 20.11.2024წ. ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა პრესრელიზი საქართველოს პარლამენტის ახალარჩეულ წევრებისთვის დროებითი მოწმობების გადაცემის თაობაზე. გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად ცესკომ უზრუნველყო არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრთათვის დროებითი მოწმობების დამზადება. აღსანიშნავია, რომ 19.11.2024წ. საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი იქნა საკონსტიტუციო სარჩელი არჩევნების მომწესრიგებელი სადავო ნორმებისა და მათ საფუძველზე ჩატარებული არჩევნების საბოლოო შედეგების არაკონსტიტუციორობის თაობაზე. „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონის 22.3 მუხლის თანახმად ჩატარებული არჩევნების მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული არჩევნების კონსტიტუციურობის შესახებ საკითხის განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს სარჩელის შეტანიდან. განსაკუთრებულ შემთხვევაში სარჩელის განხილვის ვადას არა უმეტეს 30 დღით აგრძელებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე. სწორედ ამ ნორმებზე დაყრდნობით იქნა მოთხოვნილი სააპელაციო სასამართლოში საქმეზე დაწყებული სამართალწარმოების შეჩერება, რაც ასევე არ დაკმაყოფილდა.
კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ დროებითი განჩინება წარმოადგენს მხარის ინტერესების დაცვის მნიშვნელოვან ინსტიტუტს, რომელიც მას შესაძლებლობას აძლევს დროებითი ღონისძიების გამოყენებით დავის საბოლოო დასრულებამდე დააზღვიოს სასამართლოს უფლებით ეფექტურ სარგებლობასთან დაკავშირებული რისკები, შექმნას მხარის მოლოდინი, რომ მის სასარგებლოდ გამოტანილი სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდება. დროებითი განჩინების მიღების მოთხოვნით პირველად სააპელაციო სასამართლოსათვის მიმართვის შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ექვემდებარება კერძო საჩივრით ზემდგომ სასამართლოში გასაჩივრებას. ვინაიდან საარჩევნო კატეგორიის საქმეებზე ბოლო ინსტანციას წარმოადგენს სააპელაციო სასამართლო, აღნიშნული საჩივარი შეეხება მხოლოდ დროებითი განჩინების მიღებაზე უარის შესახებ განჩინებას. კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი განჩინების მიღებით შუამდგომლობის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. ეფექტური მართლმსაჯულება გულისხმობს არა მხოლოდ დარღვეული უფლების აღდგენას, არამედ დროებით დაცვას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უფლების პრევენციული დაცვა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა თავად არეგულირებს სარჩელის უზრუნველყოფის საკითხს და ითვალისწინებს სარჩელის უზრუნველყოფის ისეთ ორ ღონისძიებას, როგორიც არის გასაჩივრებული ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლი) და დროებითი განჩინების მიღება (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლი). აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული უფლების დაცვის სამართლებრივი საშუალებები მიზნად ისახავს სასამართლო გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების აღმოფხვრას, სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნის რეალიზაციის უზრუნველყოფას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სასკ-ის 31-ე მუხლი (დროებითი განჩინება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრვი აქტის გამოცემის ან ქმედების განხორციელების შესახებ) ითვალისწინებს მხარის უფლებას სარჩელის აღძვრამდე, ან დავის საგანზე ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში გადაწყვეტილების მიღებამდე მიმართოს სასამართლოს მოთხოვნით, რათა დავის საგანთან დაკავშირებით სასამართლომ მიიღოს დროებითი განჩინება, როდესაც არსებობს საშიშროება, რომ არსებული მდგომარეობის შეცვლით ხელი შეეშლება განმცხადებლის უფლების რეალიზაციას ან აღნიშნული მნიშვნელოვნად გართულდება. სასამართლოს დროებითი განჩინების გამოყენება დასაშვებია ასევე სადავო სამართლებრივი ურთიერთობის წინასწარი მოწესრიგებისათვის, თუ ეს მოწესრიგება, უპირველეს ყოვლისა დენადი სამართლებრივი ურთიერთობის შემთხვევაში, აუცილებელია მნიშვნელოვანი ზიანის, არსებული საფრთხის ან სხვა საფუძვლის გამო. დროებითი განჩინება წარმოადგენს მხარის ინტერესების დაცვის მნიშვნელოვან ინსტიტუტს, რომელიც მას შესაძლებლობას აძლევს, დროებითი ღონისძიების გამოყენებით, დავის საბოლოოდ დასრულებამდე, დააზღვიოს სასამართლოს უფლებით ეფექტურ სარგებლობასთან დაკავშირებული რისკები, შექმნას მხარის მოლოდინი, რომ მის სასარგებლოდ გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილება აღსრულდება. მოცემულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას შეადგენს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 16.11.2024წ. საქართველოს პარლამენტის 26.10.2024წ. არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობა და საქართველოს პარლამენტის ხელახალი არჩევნების დანიშვნის თობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, განკარგულების საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიისთვის გამოცემის დავალება, შესაბამისად სახეზეა საარჩევნო დავა, რომლის განხილვის ვადები და ინსტანციურობა დადგენილია კანონმდებლობით, კერძოდ, ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 77-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ცესკოს/ცესკოს ხელმძღვანელი პირების გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი მიღებიდან ორი კალენდარული დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლო საჩივარს იხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან ორი კალენდარული დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის შეტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება. განსახილველ შემთხვევაში დგინდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.11.2024წ. განჩინებით საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი, ამდენად, სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით მიღებულია საბოლოო გადაწყვეტილება სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო დროებითი განჩინების მიზანია დავის საგანზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ისეთი მდგომარეობის შენარჩუნება, რომელიც შესაძლებელს გახდის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებას, ამდენად სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ სასკ-ის 31-ე მუხლის საფუძველზე დროებითი განჩინების მიღების საფუძვლები და უფლების დროებითი დაცვის ღონისძიების გამოყენების საჭიროება არ არსებობდა. საარჩევნო კატეგორიის დავის უკიდურესად შეზღუდული პროცედურული ვადით განხილვის მხედველობაში მიღებით, აგრეთვე იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება, სააპელაციო სასამართლომ ერთდროულად იმსჯელა ძირითად სააპელაციო მოთხოვნასა და სააპელაციო საჩივრით წარმოდგენილ სხვა შუამდგომლობებზე, მათ შორის დროებითი განჩინების მიღების მიზანშეწონილობაზე. ასეთ პირობებში, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს მიერ არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, შესაბამისად სამართალურთიერთობის წინასწარი მოწესრიგების, დავის დასრულებამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების, უფლებით სარგებლობასთან დაკავშირებული რისკების დაზღვევის მიზნით დროებითი განჩინების გამოცემის სამართლებრივი მექანიზმი არ არსებობს.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი თავისი არსით წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მნიშვნელოვან სამართლებრივ საშუალებას, რომლის გამოყენებაც დაიშვება იმ მიზნით, რომ არ გაძნელდეს ან შეუძლებელი არ გახდეს საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება. განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა უშუალო კავშირში იმყოფება პარლამენტის შემადგენლობის უფლებამოსილების ცნობასთან, კერძოდ, ა(ა)იპ „ს...ის“ წარმომადგენელი დროებითი განჩინების მიღებით მოითხოვს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და მისი თავმჯდომარისათვის ყველა იმ პროცედურის განხორციელების აკრძალვას, რომელიც დაკავშირებულია ახალი საპარლამენტო უფლებამოსილების ცნობასთან. საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად 25.11.2024წ. საკანონმდებლო ორგანომ პარლამენტის წევრთა უფლებამოსილება ცნო, ამდენად, საერთო სასამართლოების მიერ საქმეზე მიღებულია საბოლოო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის 62.1 მუხლის, „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 4.1 მუხლის, სსკ-ის მე-10 მუხლის თანახმად სავალდებულოა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, ამასთანავე უკვე განხორციელებულია ის ქმედება, რომლის განხორციელების აკრძალვას მხარე მოითხოვდა - მიღებულია დადგენილება საპარლამენტო შემადგენლობის უფლებამოსილების ცნობის შესახებ. ჩატარებული არჩევნების შედეგების შეჯამების შემდეგ საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს იურისდიქციის სფეროს განეკუთვნება. საქართველოს კონსტიტუციის 39.5 მუხლის, ორგანული კანონის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ 19.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 6.1 მუხლის მიხედვით პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის შესახებ პარლამენტის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკონსტიტუციო სასამართლოში. საკონსტიტუციო სასამართლო და საერთო სასამართლოები სხვადასხვა იურისდიქციის სასამართლოებია, რაც გამორიცხავს მათი კომპეტენციის გადაკვეთას. ის გარემოება, რომ საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა სარჩელი არჩევნების საბოლოო შედეგების არაკონსტიტუციურობის მოთხოვნით არ უქმნის საერთო სასამართლოს უფლებამოსილებას კანონიერ ძალაში მყოფი სასამართლოს გადაწყვეტილებით მოწესრიგებულ საკითხზე გამოიყენოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, საკონსტიტუციო სასამართლოს წარმოებაში არსებულ სარჩელთან დაკავშირებით სრულ იურისდიქციას თავად საკონსტიტუციო მართლმსაჯულება ფლობს.
კერძო საჩივრის ავტორი მოითხოვს არა მხოლოდ დროებითი განჩინების მიღებაზე უარის შესახებ სააპელაციო სასამართლოს 22.11.2024წ. განჩინების გაუქმებას, არამედ ამასთანავე მოითხოვს დროებითი განჩინების გამოცემის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლი არ იძლევა დროებითი განჩინების მიღების შესაძლებლობას საკასაციო ინსტანციის სასამართლოში და იმპერატიულად განსაზღვრავს აღნიშნული განჩინების მიღებაზე უფლებამოსილ სასამართლოთა ჩამონათვალს. სასკ-ის 31.2 მუხლის თანახმად, დროებითი განჩინების მიღების უფლება ენიჭება საქმის განმხილველ სასამართლოს, მხოლოდ პირველ და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში დავის განხილვის დროს, რაც გამორიცხავს საკასაციო სასამართლოს მიერ აღნიშნული ნორმის გამოყენების შესაძლებლობას (იხ. სუსგ 09.01.2012წ. №ბს-1295-1280(კ-11)). მართალია ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს უზრუნველყოფის თაობაზე წარდგენილი შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში მიღებული განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების ზოგად შესაძლებლობას, თუმცა აღნიშნული დანაწესი ეხება მხოლოდ ისეთ შემთხვევებს, როდესაც არსებითი, ძირითადი დავის განხილვის საპროცესო შესაძლებლობა აქვს იმ სასამართლოს, რომელშიც კერძო საჩივარია წარდგენილი (იხ. სუსგ 03.11.2020წ. №ბს-1169(კს-20)). განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივარი წარმოდგენილია ორსაფეხურიანი დავის ფარგლებში მიღებულ განჩინებაზე, არსებითი დავის საგანს შეადგენს საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაუქმება, ხოლო საარჩევნო დავების განხილვის უფლებამოსილება საქართველოს უზენაეს სასამართლოს არ აქვს. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საკასაციო სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებს სცილდება საარჩევნო დავებზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერების შეფასება, ვინაიდან მსგავსი კატეგორიის დავის ფარგლებში მიღებული ნებისმიერი აქტის კანონიერების შემოწმება სრულდება სააპელაციო სასამართლოში საჩივრის განხილვის ეტაპზე (იხ. სუსგ 02.05.2023წ. №ბს-438(კს-23), 27.10.2022წ. №ბს-1237(3კს-22), 15.04.2022წ. №ბს-370(კ-5კს-22)). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით (სსკ-ის 420-ე მუხ.). ამდენად, კანონმდებლობით დადგენილი, გასაჩივრების შეზღუდვა არა მხოლოდ არსებით გადაწყვეტილებას, არამედ დავაზე მიღებულ სხვა განჩინებებსაც გულისხმობს და კრძალავს უზენაესი სასამართლოს მიერ არა მხოლოდ საკასაციო, არამედ კერძო საჩივრის განხილვის შესაძლებლობასაც. სააპელაციო სასამართლოს 22.11.2024წ. განჩინებით, რომლითაც შუამდგომლობა დროებითი განჩინების გამოტანის შესახებ არ დაკმაყოფილდა, აპელანტს მიეთითა, რომ განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება. აღნიშნულის მიუხედავად ასოციაციის წარმომადგენელმა კერძო საჩივრით მიმართა საკასაციო სასამართლოს. როგორც უკვე აღინიშნა, ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 77.5 მუხლიდან გამომდინარე საარჩევნო დავების განხილვა არ შედის საკასაციო სასამართლოს კომპეტენციაში, ხსენებული კატეგორიის საქმეებზე საბოლოოა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, შესაბამისად წარმოდგენილი კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი, რადგან საკასაციო სასამართლო მოკლებულია მისი არაქვემდებარე დავის განხილვის პროცესუალურ შესაძლებლობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე მუხლებით, ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 77-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა(ა)იპ „ს...ის“ კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.11.2024წ. განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: გ. გოგიაშვილი
თ. ოქროპირიძე