Facebook Twitter

ბს-1000(კ-22) 20 ნოემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.05.2022წ. გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ.ს-მა, კ.კ-ამ და გ.გ-მა 30.03.2018წ. სარჩელით, ხოლო 07.05.2018წ. დაზუსტებული სარჩელით მიმართეს თიანეთის მუნიციპალიტეტში მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატ მოსამართლეს მოპასუხის - თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ. მოსარჩელეებმა სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ მოითხოვეს დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის შექმნის შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის 23.01.2018წ. №47/1 ბრძანების ნაწილობრივ, კომისიის შემადგენლობაში არასამთავრობო ორგანიზაციის ,,...ის" წარმომადგენელის თ.ზ-ის შეყვანის ნაწილში ბათილად ცნობა, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის 23.01.2018წ. №47/1 ბრძანებით შექმნილი დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის 23.02.2018წ. გადაწყვეტილებისა და 01.03.2018წ. N5 ოქმის ბათილად ცნობა, კ.კ-ას, გ.გ-ის და ნ.ს-ის სამსახურიდან განთავისუფლების თაობაზე თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის 02.03.2018წ. №169/კ, №170/კ და №171/კ ბრძანებების ბათილად ცნობა. მოსარჩელეებმა ასევე მოითხოვეს კ.კ-ას, გ.გ-ის და ნ.ს-ის იმ თანამდებობებზე აღდგენის მოპასუხისათვის დავალება, რომელთაც მოსარჩელეები იკავებდნენ 2018 წლის 02 მარტამდე და განაცდურის სახით ყოველთვიურად 900 ლარის თითოეული მოსარჩელისათვის ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრება.

თიანეთის მუნიციპალიტეტში მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 11.09.2018წ. გადაწყვეტილებით ნ.ს-ის, კ.კ-ას და გ.გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექისის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად ბათილად იქნა ცნობილი თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის 02.03.2018წ. №169/კ ბრძანება თანეთის მუნიციპალიტეტში ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის თანამდებობიდან კ.კ-ას გათავისუფლების თაობაზე, ბათილად იქნა ცნობილი თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის 02.03.2018წ. №170/კ ბრძანება თანეთის მუნიციპალიტეტში ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის თანამდებობიდან გ.გ-ის გათავისუფლების თაობაზე, ბათილად იქნა ცნობილი თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის 02.03.2018წ. №171/კ ბრძანება თიანეთის მუნიციპალიტეტში ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის თანამდებობიდან ნ.ს-ის გათავისუფლების თაობაზე, მოპასუხე თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, საქართველოს კონსტიტუციის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ ორგანული კანონის, სხვა საკანონმდებლო აქტების მოთხოვნათა დაცვით მსჯელობა მოსარჩელეებთან, ნ.ს-სთან, გ.გ-სა და კ.კ-სთან მიმართებაში დისციპლინური გადაცდომების საფუძველზე თანამდებობიდან მათი გათავისუფლების საკითხზე და თითეულ მოსარჩელესთან მიმართებაში ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ.ს-მა, კ.კ-ამ და გ.გ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.12.2018წ. განჩინებით ნ.ს-ის, კ.კ-ას, გ.გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თიანეთის მუნიციპალიტეტში მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 11.09.2018წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა თიანეთის მუნიციპალიტეტში მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატ მოსამართლეს, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ.ს-მა, კ.კ-ამ, გ.გ-მა და თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიამ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 07.05.2019წ. განჩინებით ნ.ს-ის, კ.კ-ას, გ.გ-ის და თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.12.2018წ. განჩინება.

ნ.ს-მა, კ.კ-ამ და გ.გ-მა 10.06.2021წ. დაზუსტებული სარჩელით მიმართეს თიანეთის მუნიციპალიტეტში მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატ მოსამართლეს მოპასუხის - თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის სამსახურის ხელმძღვანელის გ.ბ-ის N13/12 მოხსენებითი ბარათის ნაწილობრივ, მოსარჩელეთა ნაწილში ბათილად ცნობა, „თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის პროფესიული საჯარო მოხელეების-ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის 23.01.2018წ. №43/ს ბრძანების ნაწილობრივ, მოსარჩელეთა ნაწილში ბათილად ცნობა, დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის შექმნის შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის 23.01.2018წ. №47/ს ბრძანების ნაწილობრივ, მოსარჩელეთა ნაწილში და ასევე კომისიის შემადგენლობაში არასამთავრობო ორგანიზაციის „...ის" წარმომადგენლის თ.ზ-ის შეყვანის ნაწილში ბათილად ცნობა, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის 23.02.2018წ. გადაწყვეტილების (ნომრის გარეშე), 01.03.2018წ. N5 ოქმის და 01.03.2018წ. დასკნის (ნომრის გარეშე) ბათილად ცნობა, მოსარჩელეების სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის 02.03.2018წ. N169/კ, N 170/კ და N171/კ ბრძანებების ბათილად ცნობა, მოსარჩელეებმა ასევე მოითხოვეს კ.კ-ას, გ.გ-ის და ნ.ს-ის იმ თანამდებობებზე აღდგენის მოპასუხისათვის დავალება, რომელთაც მოსარჩელეები იკავებდნენ 2018 წლის 02 მარტამდე და განაცდურის სახით ყოველთვიურად 900 ლარის თითოეული მოსარჩელისათვის ანაზღუარების მოპასუხისათვის დაკისრება მთელი განვლილი პერიოდის განმავლობაში და ასევე სამომავლოდ - ამ გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

თიანეთის მუნიციპალიტეტში მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 12.08.2021წ. გადაწყვეტილებით ნ.ს-ის, კ.კ-ას და გ.გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ნ.ს-ის, კ.კ-ას და გ.გ-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.12.2021წ. განჩინებით საქმის წარმოება შეწყდა შემდეგი სასარჩელო მოთხოვნების ნაწილში: თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის სამსახურის ხელმძღვანელის გ.ბ-ის N13/12 მოხსენებითი ბარათის ნაწილობრივ, მოსარჩელეთა ნაწილში ბათილად ცნობის, „თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის პროფესიული საჯარო მოხელეების-ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის 23.01.2018წ. №43/ს ბრძანების ნაწილობრივ, მოსარჩელეთა ნაწილში ბათილად ცნობის, დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის შექმნის შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის 23.01.2018წ. №47/ს ბრძანების ნაწილობრივ, მოსარჩელეთა ნაწილში და ასევე კომისიის შემადგენლობაში არასამთავრობო ორგანიზაციის „...ის" წარმომადგენლის თ.ზ-ის შეყვანის ნაწილში ბათილად ცნობის, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის 23.02.2018წ. გადაწყვეტილების (ნომრის გარეშე), 01.03.2018წ. N5 ოქმის და 01.03.2018წ. დასკნის (ნომრის გარეშე) ბათილად ცნობის ნაწილში. აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნების ნაწილში გაუქმდა თიანეთის მუნიციპალიტეტში მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 12.08.2021წ. გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.05.2022წ. გადაწყვეტილებით ნ.ს-ის, კ.კ-ას და გ.გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თიანეთის მუნიციპალიტეტში მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 12.08.2021წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ნ.ს-ის, კ.კ-ას და გ.გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ნ.ს-ის, გ.გ-ის და კ.კ-ას სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები - თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის 02.03.2018წ. N169/კ, N 170/კ და N 171/კ ბრძანებები, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა საქმის გარემოებების სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე, ასევე გადაწყვეტილების სამოტავაციო ნაწილის გადაწყვეტილებით, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ახალი აქტების გამოცემა, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თიანეთის მუნიციპალიტეტში მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 21.05.2021წ. განჩინება მტკიცებულებათა გამოთხოვის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის სამსახურის უფროსის გ.ბ-ის 17.01.2018წ. №13/12 მოხსენებით ბარათზე, რომლითაც თიანეთის მუნიციპალიტეტის მერს ...ის სამსახურის ხელმძღვანელმა აცნობა, რომ მისივე სიტყვიერი მითითების საფუძველზე გადამოწმდა ინდივიდუალური განცხადებები და წარმომადგენლების მიერ გაცემული ცნობების საფუძველზე მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების სისწორე, კერძოდ ...ის, ...ის, ...ის, ...ის, ...ის და ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში და ზეპირი გამოკითხვით აღმოჩნდნენ პიროვნებები, რომლებიც სავარაუდოდ არ ცხოვრობენ შესაბამის მისამართზე მუდმივად. მოხსენებით ბარათში ჩამოთვლილია ფიზიკურ პირთა სახელები და გვარები, ასევე მითითებულია, რომ დაგვიანებით და არასრულყოფილად არის ჩატარებული მონიტორინგი ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში და აღნიშნულიდან გამომდინარე ...ის სამსახურის ხელმძღვანელმა საჭიროდ მიიჩნია დისციპლინური წარმოების დაწყება შესაძლო დისციპლინურ გადაცდომებზე. მუნიციპალიტეტის მერის მიერ 23.01.2018წ. N43/კ ბრძანებით დაიწყო დისციპლინური წარმოება თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის პროფესიული საჯარო მოხელეების - ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის 7 წარმომადგენლის, მათ შორის კ.კ-ას, გ.გ-ის და ნ.ს-ის მიმართ, ხოლო თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის 29.01.2018წ. N47/ს ბრძანებით შეიქმნა დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისია. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის 22.02.2018წ. N4 ოქმში დაფიქსირებულ კომისიის წევრთა მოსაზრებებზე მოსარჩელეებთან მიმართებით დისციპლინური გადაცდომის არსებობა/არარსებობის საკითხთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის 01.03.2018წ. N5 ოქმის თანახმად, კომისიის სამი წევრის - თ.ი-ის, მ.ხ-ის და თ.ზ-ის აზრით, კ,კ-ას, ნ.ს-ის და გ.გ-ის ქმედებები წარმოადგენდა მძიმე დისციპლინურ გადაცდომას და პასუხისმგებლობის ზომად უნდა განსაზღვრულიყო სამსახურიდან გათავისუფლება. ამავე კომისიის სამი წევრის - ლ.ხ-ის, ს.ა-ის და ლ.ქ-ის აზრით კ.კ-ას, ნ.ს-ის და გ.გ-ის ქმედებები წარმოადგენდა მსუბუქ დისციპლინურ გადაცდომას და პასუხისმგებლობის ზომად უნდა განსაზღვრულიყო გაფრთხილება. კომისიის წევრის თ.მო-ის აზრით მოსარჩელეთა ქმედებები არ წარმოადგენდა დისციპლინურ გადაცდომას. სააპელაციო პალატის მოსაზრებით დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის მიერ 01.03.2018წ. მომზადებულ დასკვნაში არ არის დასაბუთებული ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული რომელი საფუძვლით მიიჩნია კომისიის წევრთა ხსენებულმა ნაწილმა კ.კ-ას, ნ.ს-ის და გ.გ-ის ქმედებები მძიმე დისციპლინურ გადაცდომად. საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება და ვერც სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ ის ფიზიკური პირები, ვისი მუდმივად ცხოვრების მონიტორინგიც განხორციელდა მერის წარმომადგენლების მიერ, ნამდვილად არ ცხოვრობენ მითითებულ ერთეულებში. სააპელაციო პალატის მითითებით საქმის მასალებით არ დგინდება მოსარჩელეების დისციპლინური გადაცდომის შედეგად თუ რა ზიანი მიადგა საჯარო დაწესებულებას, საჯარო მოსამსახურეს, მესამე პირს ან საჯარო ინტერესს.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელეთა ქმედებები მძიმე დისციპლინურ გადაცდომად შეაფასა კომისიის წევრთა უმცირესობამ - შვიდი წევრიდან მხოლოდ სამმა, თუმცა ადმინისტრაციულმა ორგანომ მოსარჩელეთა გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება სწორედ დასახელებული უმცირესობის პოზიციის გათვალისწინებით მიიღო, რაც სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით საკითხის დაუსაბუთებლად გადაწყვეტის შთაბეჭდილებას ქმნის. სააპელაციო პალატის მითითებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის წევრთა შორის აზრთა სხვადასხვაობის და მათი მსჯელობის გათვალისწინებით, პალატამ აღნიშნა, რომ გათავისუფლების შესახებ ბრძანებების მიღების საკმარის საფუძვლად მხოლოდ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 98-ე მუხლზე და მძიმე დისციპლინურ გადაცდომაზე მითითება არ არის დასაბუთებული. უგულებელყოფილია ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანესი, მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება. სააპელაციო პალატის მოსაზრებით თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის 02.03.2018წ. N169/კ, N 170/კ და N 171/კ ბრძანებები დაუსაბუთებელია და ეწინააღმდეგება "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 94-ე და 98-ე მუხლების მოთხოვნებს. სააპელაციო პალატის მითითებით საკითხის ამგავრ გადაწყვეტას ამყარებს საქმეში დაცული თიანეთის მუნიციპალიტეტის მერისადმი გაგზავნილი სახალხო დამცველის რეკომენდაცია განსხვავებული მოსაზრების ნიშნით დისკრიმინაციის დადგენის შესახებ და ასევე საქმეში დაცული საგაზეთო პუბლიკაციები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.05.2022წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ სასკ-ის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. სააპელაციო სასამართლოს არ მიუთითებია კონკრეტულად რომელი ფაქტობრივი გარემოების გამოკვლევა და დადგენა არის აუცილებელი ახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში. კასატორის მითითებით დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის 7 წევრიდან 6-მა წევრმა ჩათვლა, რომ სახეზე იყო დისციპლინური გადაცდომა. კასატორის მოსაზრებით არასწორია სააპელაციო სასამართლოს განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ სადისციპლინო კომისიის მიერ არ არის დასაბუთებული მოსარჩელეთა ქმედების მძიმე დისციპლინურ გადაცდომად მიჩნევის საფუძველი. კასატორი თვლის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტისათვის ზიანის მიყენების ფაქტი სახეზეა, როდესაც 9 თვის ან 9 თვეზე მეტი ხნის ვადით არ ცხოვრობენ პიროვნებები მაღალმთიან დასახლებებში და ერიცხებათ ის ფულადი დანამატები, რაც გათვალისწინებულია მხოლოდ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირებისათვის. კასატორმა მიუთითა აგრეთვე, რომ საქმის მასალებით დადასტურებულია მოსარჩელეების მიერ მონიტორინგის დაგვიანებით ან არასრულყოფილად ჩატარების ფაქტები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის 23.01.2018წ. N43/ს ბრძანებით დაიწყო დისციპლინური წარმოება თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის პროფესიული საჯარო მოხელეების - ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის 7 წარმომადგენლის, მათ შორის კ.კ-ას, გ.გ-ის და ნ.ს-ის მიმართ, მათ მიერ სავარაუდო გადაცდომის ჩადენის თაობაზე. წარმოება დაიწყო ...ის სამსახურის ხელმძღვანელის გ.ბ-ის 17.01.2017წ. N13/12 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც შემოწმდა მოხსენებით ბარათში აღნიშნული 29 მოქალაქისათვის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხი და გაირკვა, რომ დასახელებული პირები, რომელთაც სტატუსი მიენიჭათ ინდივიდუალური განცხადებისა და ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელთა მიერ გაცემული ცნობების საფუძველზე, სავარაუდოდ მუდმივად არ ცხოვრობდნენ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. მოხსენებით ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ მონიტორინგის ჩატარებაზე უფლებამოსილი პირის (მერის წარმომადგენლის) მიერ დაგვიანებით და არასრულყოფილად არის ჩატარებული მონიტორინგი ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში. მოხსენებით ბარათში მოყვანილი ფაქტების შესწავლის მიზნით თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის 29.01.2018წ. N47/ს ბრძანებით შეიქმნა დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისია. თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის გადაწყვეტილებით, კომისიის სამი წევრის აზრით კ.კ-ას, ნ.ს-ის და გ.გ-ის ქმედებები წარმოადგენდა მძიმე დისციპლინურ გადაცდომას და პასუხისმგებლობის ზომად უნდა განსაზღვრულიყო სამსახურიდან გათავისუფლება. ამავე კომისიის სამი წევრის აზრით მოსარჩელეთა ქმედებები წარმოადგენდა მსუბუქ დისციპლინურ გადაცდომას და პასუხისმგებლობის ზომად უნდა განსაზღვრულიყო გაფრთხილება. კომისიის ერთი წევრის აზრით კი მოსარჩელეთა ქმედებები არ წარმოადგენდა დისციპლინურ გადაცდომას.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამსახურიდან გათავისუფლება დისციპლინური სახდელის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს, რომელიც მოსამსახურეს შეიძლება შეეფარდოს მხოლოდ მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში („საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 96.1 მუხ. „დ“ ქვ.პ., 98-ე მუხ.), შესაბამისად, დისციპლინური სახდელის სახით სამსახურიდან გათავისუფლების გამოყენებამდე უტყუარად უნდა დადგინდეს მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტი. მოცემულ შემთხვევაში თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის 02.03.2018წ. N169/კ, N170/კ და N171/კ ბრძანებებით მოსარჩელეების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად გამოყენებულ იქნა სამსახურიდან გათავისუფლება. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ მოსარჩელეთა გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის დასკვნის გათვალისწინებით მიიღო. დადგენილია, რომ დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის შვიდი წევრიდან მხოლოდ სამმა წევრმა მიიჩნია კ.კ-ას, ნ.ს-ის და გ.გ-ის ქმედებები მძიმე დისციპლინურ გადაცდომად. "საჯარო სამსახურის შესახებ კანონის" 94.2 მუხლი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს ავალებს მიიღოს გადაწყვეტილება კომისიის დასკვნით გათვალისწინებული ან უფრო მსუბუქი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში კომისიის წევრების მოსაზრება არ იყო ერთსულოვანი, კომისიის სამი წევრი მოსარჩელეთა ქმედებებს აფასებდა მძიმე დისციპლინურ გადაცდომად, დანარჩენი სამი წევრის მიერ მოსარჩელეთა ქმედებები მიჩნეულ იქნა მსუბუქ დისციპლინურ გადაცდომად, ხოლო კომისიის ერთმა წევრმა დისციპლინური გადაცდომის არარსებობაზე მიუთითა. აღსანიშნავია, რომ კომისიის დასკვნა არ შეიცავს კონკრეტულ დარღვევებზე მითითებას, დასკვნაში აღნიშნულია მხოლოდ კომისიის წევრთა პოზიცია "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 96-ე მუხლის თანახმად დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების თაობაზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელეთა გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება, კერძოდ თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის 02.03.2018წ. N169/კ, N 170/კ და N 171/კ ბრძანებები მიღებულ იქნა კომისიის წევრთა უმცირესობის პოზიციის გათვალისწინებით. მართალია დარღვევის ჩამდენი მოხელისათვის კონკრეტული სახდელის შერჩევა უფლებამოსილი ორგანოს დისკრეციაა, თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს მიღებული გადაწყვეტილების სათანადოდ დასაბუთების საჭიროებას, რაც განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის. ამასთან, აღსანიშნავია, რომ დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისია წარმოადგენს კოლეგიურ ორგანოს და კოლეგიურ ორგანოში გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით. სახელდობრ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 105-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ კენჭისყრის შედეგად კომისიის წევრთა ხმები გაიყო, ამასთან, კომისიის 23.02.2018წ. გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ კომისიის შვიდივე წევრმა საჭიროდ მიიჩნია შემდგომი შესწავლის მიზნით კომისიის მასალების შესაბამისი კომპეტენტური ორგანოებისათვის გადაგზავნა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში დაცული დოკუმენტაცია ურთიერთგამომრიცხავია და ერთმნიშვნელოვნად არ ადასტურებს მოსარჩელეების მიერ მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტს. აღსანიშნავია, რომ დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის სხდომაზე მოწვეულ იქნენ ...ის სამსახურის ხელმძღვანელის გ.ბ-ის 17.01.2017წ. N13/12 მოხსენებით ბარათში მითითებული პიროვნებები, რომელთა ნაწილმა დაადასტურა ის გარემოება, რომ ისინი მუდმივად ცხოვრობდნენ თიანეთის მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულებში და მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი კანონიერად ჰქონდათ მინიჭებული. საქმეში არ არის დაცული შესაბამისი ფიზიკური პირებისათვის სტატუსის უკანონოდ მინიჭების დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამასთან, საქმეში დაცულია მოსარჩელეთა მიერ განხორციელებული მონიტორინგის მასალები, ხოლო ის გარემოება რომ მონიტორინგი დაგვიანებით ან არასრულყოფილად იქნა ჩატარებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სათანადოდ ვერ იქნა დასაბუთებული. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 19.11.2015წ. N591 დადგენილებით დამტკიცებულ "მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესზე", რომლის მე-9 მუხლით განსაზღვრულია მონიტორინგის განხორციელების წესი და პროცედურა. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვერ უთითებს თუ კონკრეტულად რაში გამოიხატა და მოსარჩელეთა მხრიდან რომელი მოსახლის მიმართ არ იქნა დაცული ზემოაღნიშნული წესის მოთხოვნები. დადგენას საჭიროებს თითოეული ის პიროვნება, რომლებიც სარგებლობდნენ კანონით გათვალისწინებული შეღავათებით, თუმცა ფაქტობრივად არ ცხოვრობდნენ მაღალმთიან დასახლებაში 9 ან 9 თვეზე მეტი ვადით და აღნიშნულზე მოსარჩელეთა მიერ არ არის განხორციელებული კონტროლი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დისციპლინური გადაცდომის მძიმე დისციპლინურ გადაცდომად მიჩნევისთვის სახეზე უნდა იყოს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 85.3 მუხლით დადგენილი გარემოებები. საქმის მასალებით არ დგინდება მოსარჩელეების დისციპლინური გადაცდომის შედეგად რა ზიანი მიადგა საჯარო დაწესებულების რეპუტაციას, საჯარო დაწესებულებაში მომუშავე სხვა საჯარო მოსამსახურეს, მესამე პირს ან საჯარო ინტერესს. საქმის მასალებით არ დგინდება აგრეთვე ის გარემოება, რომ მოსარჩელეთა მიმართ მოქმედებდა სხვა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა და მათ აღნიშნულით ჩაიდინეს ახალი დისციპლინური გადაცდომა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირის თანამდებობიდან გათავისუფლება დისციპლინური პასუხისმგებლობის ყველაზე მკაცრი ზომაა და მისი შეფარდებისთვის დადგენას საჭიროებს კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობა. დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეული და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია დისციპლინური გადაცდომისთვის შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომა განსაზღვროს და იხელმძღვანელოს თანაზომიერების პრინციპით. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 97.2 მუხლი დეტალურად განსაზღვრავს პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებისას გასათვალისწინებელ გარემოებებს. მითითებული ნორმით დადგენილი თითოეული გარემოების შესწავლის შედეგად განისაზღვრება დისციპლინური გადაცდომის ხარისხი და სიმძიმე, დამდგარი ზიანის მნიშვნელობა, დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის დამოკიდებულება გადაცდომის შედეგად დამდგარ ზიანთან. პირის გათავისუფლება სამსახურიდან სარწმუნოდ უნდა დასაბუთდეს. მოხელის მიერ ჩადენილი დარღვევა უნდა შეფასდეს მისი სიმძიმის და იმ შედეგების გათვალისწინებით, რაც დამრღვევი პირის ქმედებებს მოჰყვა. მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ უზრუნველყო მოსარჩელის მიერ მძიმე ადმინისტრაციული გადაცდომის ჩადენის დადასტურება, ვინაიდან მხოლოდ მძიმე ადმინისტრაციული გადაცდომის არსებობა ქმნის მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების სამართლებრივ საფუძველს. მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, კომისიის წევრთა აზრთა სხვადასხვაობის გათვალისწინებით მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ უზრუნველყო მოსარჩელის მიერ მძიმე ადმინისტრაციული გადაცდომის ჩადენის დადასტურება, ამასთან, სადავო ბრძანებები არ შეიცავს დასაბუთებას იმის შესახებ თუ რატომ გამოიყენა ადმინისტრაციულმა ორგანომ მოსარჩელეთა მიმართ ყველაზე მძიმე დისციპლინური სახდელი - სამსახურიდან გათავისუფლება და რატომ იყო შეუძლებელი მათ მიმართ უფრო მსუბუქი სახდელის გამოყენება.

საკასაციო პალატა თვლის, რომ მართებულია სადავო აქტების ბათილად ცნობა სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია სასამართლოს აქვს ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით დამატებითი მტკიცებულებების შეგროვების შესაძლებლობა, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების სრულ ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოკვლევასა და შეფასებას საჭიროებს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე არაერთი გარემოება. ადმინისტრაციული წარმოება და მათ შორის თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის სამსახურის უფროსის გ.ბ-ის მოხსენებით ბარათი თავისი შინაარსით აგებულია ვარაუდზე, ადმინისტრაციული წარმოების მასალები არ არის სრულყოფილი, არ არის გამოკვლეული სადავო გადაცდომების რეალური ხასიათი, დამდგარი შედეგები, მესამე პირებისათვის ზიანის მიყენების ფაქტი, არ არის დასაბუთებული კონკრეტული სახდელის გამოყენების საჭიროება, უგულებელყოფილია დისციპლინური გადაცდომის გამოვლენისა და სახდელის შეფარდების მიზნები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1.თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2.უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.05.2022წ. გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე

გ. გოგიაშვილი