კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
№ბს-1253(კს-24) 20 ნოემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ბადრი შონია
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა №... პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 სექტემბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ა.რ.ს.პ-კ).
ა.რ.ს.პ-კმა სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე №... პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მიმართ.
ა.რ.ს.პ-კმა მოითხოვა №... პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის 2023 წლის 26 დეკემბრის №23/454777 განკარგულების ბათილად ცნობა, რომლითაც 20 დღით აეკრძალა მაღაზიით სარგებლობის უფლება და №... პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის 2023 წლის 26 დეკემბრის №23/454779 განკარგულების ბათილად ცნობა, რომლითაც ორი თვით შეეზღუდა სატელეფონო საუბრის უფლება.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით ა.რ.ს.პ-კის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი №... პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის 2023 წლის 26 დეკემბრის №23/454777 და №23/454779 განკარგულებები. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა №... პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 სექტემბრის განჩინებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის №... პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების სააპელაციო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებაზე დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა პენიტენციური კოდექსის 76-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების მისთვის გადაცემიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ერთჯერადად გაასაჩივროს სასამართლოში მის მიმართ გამოყენებული დისციპლინური სახდელი. დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ პენიტენციური კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ჩანაწერი ,,ერთჯერადი გასაჩივრების უფლების’’ შესახებ, როგორც სამართალწარმოების სპეციალური ნორმა, უშვებს შესაძლებლობას, რომ დისციპლინური სახდელის გამოყენების შესახებ განკარგულების კანონიერება დაინტერესებული პირის საჩივრის საფუძველზე შეამოწმოს მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლომ. ამდენად, ,,ერთჯერადი გასაჩივრების პრინციპის’’ გათვალისწინებით, დასახელებული კანონი აღარ უშვებს შესაძლებლობას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გასაჩივრდეს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის №... პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების სააპელაციო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებაზე დაუშვებელია და დატოვებულ უნდა იქნას განუხილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 სექტემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა №... პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებამ.
კერძო საჩივრის ავტორი არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებს, სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ არ არსებობდა ა.რ.ს.პ-კის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები. ამასთან, სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებაზე. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სასამართლოს სააპელაციო საჩივარი უნდა მიეღო განსახილველად.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, წარმოდგენილი კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ №... პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის მოტივით, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების შემოწმება წარმოადგენს.
დისციპლინური დარღვევის სახეები, აგრეთვე დისციპლინური დარღვევის თანმხლები დისციპლინური სახდელის სახეები, დისციპლინური დარღვევის საქმის წარმოების, დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ საკითხის გადაწყვეტისა და ასეთი გადაწყვეტილების გასაჩივრების პროცედურული წესები დადგენილია სპეციალური საკანონმდებლო აქტით - საქართველოს კანონით პენიტენციური კოდექსით.
მითითებული კოდექსის 75-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების გამოცემის უფლება აქვს პენიტენციური დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს. ამავე კოდექსის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების მისთვის გადაცემიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ერთჯერადად გაასაჩივროს სასამართლოში მის მიმართ გამოყენებული დისციპლინური სახდელი. დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის დისციპლინურ სახდელთან დაკავშირებით საქმისწარმოება მიმდინარეობს მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში, ანუ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის მიმართ პენიტენციური დაწესებულების დისციპლინური ღონისძიების შესახებ განკარგულების სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში, დავა პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვით სრულდება. რაიონული/საქალაქო სასამართლოს მიერ მსგავსი კატეგორიის დავებზე მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და ზემდგომი ინსტანციის მიერ, მით უფრო, საკასაციო სასამართლოს მიერ გადასინჯვას არ ექვემდებარება.
რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებით განემარტა მისი სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 10 ივლისის გადაყვწტილების მე-3 პუნქტი დამოუკიდებლად არ წარმოშობს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას, რამდენადაც განჩინების/გადაწყვეტილების გასაჩივრების საპროცესო შესაძლებლობას ქმნის შესაბამისი ნორმატიული საფუძველი და არა სასამართლოს განმარტება.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ დაუშვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებაზე წარდგენილი სააპელაციო საჩივარი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №... პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე უნდა დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო, რამდენადაც არ არსებობს განსახილველად მისი დაშვების პროცესუალური წინაპირობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420, 396-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. №... პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ბ. შონია