ბს-1178 (კ-23) 29 ნოემბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.10.2022წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. ტ-ემ 19.07.2016წ. სარჩელით, ხოლო 02.06.2017წ. დაზუსტებული სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მესამე პირის - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მიწის ნაკვეთზე (ს/კ N...) საკუთრების უფლების მიტოვების შესახებ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის 12.03.2013წ. N4648 ბრძანების ბათილად ცნობა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.06.2017წ. განჩინებით, საქმეში სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, მესამე პირად ჩაბმულ იქნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.03.2018წ. განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეზე შეჩერდა წარმოება რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ N2-1210-16 სამოქალაქო საქმის (მოსარჩელე: ლ ტ-ე, მოპასუხეები: ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) გადაწყვეტამდე და N2-1210-16 სამოქალაქო საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.09.2021წ. განჩინებით N3-92-17 ადმინისტრაციულ საქმეზე განახლდა საქმის წარმოება.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.09.2021წ. განჩინებით მოსარჩელე ლ. ტ-ეის უფლებამონაცვლედ დადგინდა ნ. ტ-ე.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.12.2021წ. გადაწყვეტილებით ლ. ტ-ეის უფლებამონაცვლე ნ. ტ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი მიწის ნაკვეთზე (ს/კ N...) საკუთრების უფლების მიტოვების შესახებ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის 12.03.2013წ. N4648 ბრძანება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, ხოლო შეგებებული სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა ნ. ტ-ეის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.10.2022წ. განჩინებით რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააპელაციო საჩივარი და ნ. ტ-ეის შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.12.2021წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ აღნიშნა რომ სადავო უძრავი ქონება ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადავიდა თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში, რის შემდეგაც აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე თვითმმართველი ქალაქ რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის 12.03.2013წ. N4648 ბრძანებით განხორციელდა საკუთრების უფლების მიტოვება სახელმწიფოს სასარგებლოდ. ზემოაღნიშნული ჩუქების ხელშეკრულება ბათილად იქნა ცნობილი რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 30.03.2018წ. გადაწყვეტილებით, რომელიც შესულია კანონიერ ძალაში. გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ მხარეებს შორის გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება კავშირშია დ. ფ-ეის სისხლის სამართლის საქმესთან. სააპელაციო პალატამ მიუთითა სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვით თვითმმართველი ერთეული საკუთარ უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით. თვითმმართველი ერთეულის საკუთარი უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ კანონით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ მხოლოდ თვითმმართველი ერთეულია უფლებამოსილი მიიღოს გადაწყვეტილება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების მართვა და განკარგვა, თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესების დადგენა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა უფლებამოსილია განკარგოს მის საკუთრებაში არსებული ქონება, თუმცა კერძო მესაკუთრისაგან განსხვავებით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ ქონების განკარგვა უნდა განხორციელდეს კანონის საფუძველზე, კანონმდებლობით ზუსტად გაწერილი წესით და ამასთან, უნდა იყოს დასაბუთებული განკარგვის საჭიროება. სააპელაციო პალატის მოსაზრებით იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ლ. ტ-ესა და რუსთავის საკრებულოს შორის გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება, შესაბამისად აღარ არსებობდა სადავო ბრძანების კანონიერი საფუძველი.
რაც შეეხება შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ მათი სასარჩელო მოთხოვნა იყო როგორც თვითმმართველი ქალაქ რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის 12.03.2013წ. N4648 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე სადავო ქონებაზე ლ. ტ-ეის უფლებამონაცვლის ნ. ტ-ეის საკუთრების უფლების აღდგენა, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელემ 02.06.2017წ. დაზუსტებული სარჩელი წარუდგინა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, სადაც მხოლოდ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის 12.03.2013წ. N4648 ბრძანების ბათილად ცნობა იყო მოთხოვნილი. საქმის მოსამზადებელ ეტაპზე მოსარჩელეს მოთხოვნის დაზუსტების თაობაზე სხვა წერილობითი მოთხოვნა არ წარუდგენია. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მართალია, მოსარჩელის წარმომადგენელი რუსთავის საქალაქო სასამართლოში მთავარ სხდომაზე, ახსნა-განმარტებებისა და პაექრობის სტადიაზე ზეპირად უთითებდა, რომ სადავო ქონებაზე ასევე ითხოვდნენ ლ. ტ-ეის უფლებამონაცვლე ნ. ტ-ეის საკუთრების უფლების აღდგენას, თუმცა აღნიშნული არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მოთხოვნის გაზრდად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, ვინაიდან მთავარი სხდომის დანიშვნის შემდეგ მოთხოვნის გაზრდა შესაძლებელია მოპასუხის თანხმობით, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.10.2022წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ გასაჩივრებული ბრძანება მიღებულია იმ დროს მოქმედი "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" ორგანული კანონის შესაბამისად და "ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულის ქონების შესახებ" კანონის შესაბამისად. "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" კანონის 16.1 მუხლის თანახმად, თვითმმართველი ერთეული საკუთარ უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის "ვ" ქვეპუნქტის თანახმად თვითმმართველი ერთეული უფლებამოსილია გადაწყვიტოს თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის, ასევე თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესების დადგენის საკითხები. კასატორის მითითებით სადავო ბრძანება გამოცემულია ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, დაცულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემის წესები, იგი შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმის მასალების მიხედვით ლ. ტ-ეს საკუთრების უფლებით ეკუთვნოდა N... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთი ფართით 399 კვ.მ.. ლ. ტ-ესა და ქ. რუსთავის საკრებულოს წარმომადგენელს შორის 19.11.2010წ. გაფორმდა ზემოაღნიშნული უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სადავო უძრავ ქონებაზე დარეგისტრირდა თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკუთრების უფლება. 12.03.2013წ. თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს თავმჯდომრის მიერ მიღებულ იქნა N4648 ბრძანება თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მიტოვების შესახებ. აღნიშნული ბრძანების საფუძველზე განხორციელდა თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკუთრებაში არსებულ, N1 დანართით გათვალისწინებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების მიტოვება სახელმწიფოს სასარგებლოდ. ბრძანების დანართით გათვალისწინებულ იქნა ლ. ტ-ეის საკუთრებაში არსებული (ჩუქების ხელშეკრულების დადებამდე) უძრავი ქონება (ს/კ N...). რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 30.03.2018წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელე ლ. ტ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ლ. ტ-ესა და თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს შორის 19.11.2010წ. გაფორმებული უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება. კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა, რომ მოსარჩელე ლ. ტ-ე იყო შპს "ე...ს" თანამშრომელი, რომლის დირექტორიც დ. ფ-ე რუსთავის საქალაქო სასამართლოს 04.06.2010წ. განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ და 09 წლითა და 06 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. დ. ფ-ე საპროცესო შეთანხმების საფუძველზე მას შემდეგ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან, რაც ლ. ტ-ესა და ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის საკებულოს შორის დაიდო უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება. რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით მოსარჩელის მიერ გამოვლენილი ნება უძრავი ქონების მოპასუხისათვის უსასყიდლოდ გადაცემის (ჩუქების) თაობაზე ნამდვილი არ იყო და კავშირში იყო დ. ფ-ეის სისხლის სამართლის საქმესთან, რის გამოც ლ. ტ-ესა და ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შორის გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება ბათილად იქნა ცნობილი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მიმდინარე ადმინისტრაციული დავის წარმოება შეჩერებული იყო ზემოაღნიშნული სამოქალაქო დავის გადაწყვეტამდე. საქმის წარმოების შეჩერება თავისი არსით არის ობიექტური გარემოებით გამოწვეული, სასამართლოს მიერ პროცესუალური მოქმედებების დროებით შეჩერება სასამართლო განხილვის სტადიაში. სხვა საქმის გადაწყვეტამდე საქმის განხილვის შეუძლებლობა იმ თვალსაზრისით გაიგება, რომ სხვა საქმეზე დადგენილ ფაქტებს პრეიუდიციული მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს შესაჩერებელი საქმისათვის. ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში პრეიუდიციულ ძალას იძენს სამოქალაქო საქმეზე დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა დადგენა მხოლოდ სამოქალაქო სამართალწარმოების ფარგლებშია შესაძლებელი ან თანაბრად შეიძლება როგორც სამოქალაქო, ასევე ადმინისტრაციული დავის განხილვისას (იხ. სუსგ 28.03.2019წ. Nბს-420-420(კ-18)). საქმის მასალებით დასტურდება, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 30.03.2018წ. გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ლ. ტ-ესა და ქ. რუსთავის საკრებულოს შორის 19.11.2010წ. დადებული უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება. სწორედ აღნიშნული ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადავიდა ლ. ტ-ეის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში, რის შემდგომაც თვითმმართველმა 12.03.2013წ. სადავო ბრძანებით ზემოაღნიშნული უძრავი ქონება სახელმწიფოს სასარგებლოდ მიატოვა. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც 19.10.2010წ. ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობით გაუქმდა რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, შესაბამისად აღარ არსებობს სადავო ბრძანების კანონთან შესაბამისობაში არსებობის საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.10.2022წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე
გ. გოგიაშვილი