კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-415(კს-24) 12 ნოემბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - მ. ქ-ა
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოპასუხე) - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №12 დაწესებულება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 07 მარტის განჩინება
დავის საგანი - დისციპლინური ღონისძიების გაუქმება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
მ. ქ-ამ სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №12 დაწესებულების მიმართ და მოითხოვა დაწესებულების დირექტორის 2023 წლის 06 თებერვლის №3 განკარგულების ბათილად ცნობა, რომლითაც მსჯავრდებულ მ. ქ-ას მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინური ღონისძიება, კერძოდ აეკრძალა სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება ერთი თვის განმავლობაში.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. ქ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მ. ქ-ას მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 07 მარტის განჩინებით მ. ქ-ას სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.
პალატამ სადავო პერიოდში მოქმედ „პატიმრობის კოდექსის“ 86-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით აღნიშნა, რომ მსჯავრდებულის/ბრალდებულის უფლებას წარმოადგენს დისციპლინური ღონისძიების შესახებ განკარგულების სასამართლოში ერთჯერადად გასაჩივრების უფლება, თუმცა „ერთჯერადი გასაჩივრების უფლების“ შესახებ ჩანაწერი, როგორც სამართალწარმოების სპეციალური ნორმა, უშვებს შესაძლებლობას, რომ დისციპლინური სახდელის გამოყენების შესახებ განკარგულების კანონიერება დაინტერესებული პირის საჩივრის საფუძველზე შეამოწმოს მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლომ. შესაბამისად, პალატის მოსაზრებით, „ერთჯერადი გასაჩივრების პრინციპის“ გათვალისწინებით, დასახელებული კანონი აღარ უშვებდა შესაძლებლობას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გასაჩივრებულიყო ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 07 მარტის განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა მ. ქ-ას მიერ.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სასამართლოს განჩინება არის უკანონო და დაუსაბუთებელი. მ. ქ-ა მიუთითებს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი შეიცავდა პუნქტს, რომელშიც განმარტებული იყო გასაჩივრების უფლებისა და წესის შესახებ, რასაც წინააღმდეგობრივად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს განჩინებასთან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ქ-ას კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ასაჩივრებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №12 დაწესებულების დირექტორის 2023 წლის 6 თებერვლის №3 განკარგულებას, რომლითაც მსჯავრდებულ მ. ქ-ას მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინური ღონისძიება - მას აეკრძალა სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება ერთი თვის განმავლობაში.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო აქტის მიღების დროს მოქმედი საქართველოს პატიმრობის კოდექსის (ძალადაკარგულია 15.12.2023 წლის №3988 კანონით) 85-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების გამოცემის უფლებამოსილება გააჩნდა დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს. ამავე კოდექსის 86-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება ჰქონდა, დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების გადაცემიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ერთჯერადად გაესაჩივრებინა სასამართლოში მის მიმართ გამოყენებული დისციპლინური სახდელი. გასაჩივრება არ აჩერებდა დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების აღსრულებას.
ამდენად ცალსახაა, რომ პატიმრობის კოდექსის 86.1 მუხლი ცალსახად ადგენდა პენიტენციურ დაწესებულებებში დისციპლინურ ღონისძიებათა გამოყენების შესახებ განკარგულების სასამართლოში მხოლოდ ერთჯერადად გასაჩივრების შესაძლებლობას, რის შესაბამისად პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრებას არ ექვემდებარება. აღნიშნული საკანონმდებლო რეგულაცია შესაბამისობაშია საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებთან და ნორმებთან. ზემდგომ სასამართლოში გასაჩივრების უფლება არ არის გათვალისწინებული ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით. გასაჩივრების უფლებას განსაზღვრავს კონვენციის მე-7 ოქმის მე-2 მუხლი, რომლის მე-2 პუნქტი მსუბუქ დისციპლინურ დარღვევათა მიმართ გასაჩივრების უფლების რეგულირების საკითხს სახელმწიფოთა დისკრეციას განაკუთვნებს (იხ. სუს 11.05.2016წ. №ბს-127-126(კს-16) განჩინება).
საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებასთან დაკავშირებით დავის განხილვის ინსტანციურობაზე მითითება იმპერატიული ხასიათისაა და ამ სახის აღმკვეთ საპროცესო წესზე გავლენას ვერ იქონიებს სასამართლო გადაწყვეტილებაში გასაჩივრების უფლების არასწორად მითითება. პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით სასამართლოს მიერ საქმის განხილვის წესი დგინდება მისი შინაარსიდან გამომდინარე. მოცემულ შემთხვევაში, რუსთავის საქალაქო სასამართლომ არასწორად განუმარტა მ. ქ-ას მისი სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლება, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით გამოასწორა თბილისის სააპელაციო სასამართლომ, თუმცა არასწორად განუმარტა მხარეს მისი კერძო საჩივრის წესით გასაჩივრების უფლება, რაც ვერ იქნება მიჩნეული ლეგიტიმურად პროცესუალურსამართლებრივი საფუძვლის არარსებობის გამო.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომ სასამართლოს. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის ზემდგომ სასამართლოში განხილვა წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე, 399-ე, 414-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ქ-ას კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 07 მარტის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა