№21-14 17 იანვარი, 2014 წელი
მ-ი ა.- 21-14 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ ქ. პ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ა. მ-ის საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 26 იანვრის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება და ა. მ-ი, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 240–ე მუხლის მე–2 ნაწილით და სასჯელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით;
მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2012 წლის 18 იანვრიდან იმავე წლის 20 იანვრამდე.
საქართველოს სსკ–ის 42–ე მუხლის გამოყენებით ა. მ-ს დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 7500 ლარი.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს – აჭარის პრობაციის ბიურომ წარდგინებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ა. მ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინებით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 26 იანვრის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის საფუძველზე ა. მ-ს ¼-ით შეუმცირდა საქართველოს სსკ–ის 240–ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი და საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 2 წლითა და 3 თვით პირობითი მსჯავრი, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.
სხვა ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ა. მ-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და იქიდან გამომდინარე, რომ დაზარალებულის უფლებამონაცვლე პირი – ბ. ბ-ი თანახმაა, მის მიმართ გავრცელდეს ამნისტიის აქტი, ითხოვა სასჯელისაგან სრულად გათავისუფლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებითაა ცნობილი, ა. მ-ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე არ იყო დაფიქსირებული დაზარალებულის პოზიცია მსჯავრდებულის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გავრცელების თაობაზე. შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ ა. მ-ის მიმართ კანონიერად გამოიყენა ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-16 მუხლი, სადაც აღნიშნულია: ,,ერთი მეოთხედით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი–მე–15 მუხლების მოქმედება“ და მსჯავრდებულს საქართველოს სსკ–ის 240–ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი შეუმცირა ერთი მეოთხედით.
საქალაქო სასამართლომ იმავე კანონის მე–18 მუხლის საფუძველზე ა. მ-ს ასევე კანონიერად, ერთნაირად და პროპორციულად შეუმცირა პირობითი მსჯავრი და გამოსაცდელი ვადა, ხოლო რაც შეეხება დამატებითი სასჯელის სახით დანიშნულ ჯარიმას – კანონიერად დატოვა უცვლელად.
2013 წლის 31 მაისს დაზარალებულის უფლებამონაცვლე ბ. ბ-მა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართა ნოტარიულად დამოწმებული ახსნა-განმარტებით, რომლითაც განაცხადა თანხმობა ა. მ-ის მიმართ ამნისტიის აქტის გავრცელების თაობაზე.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: „გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა გაუფრთხილებლობითი დანაშაული, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, თუ ყველა დაზარალებულის უფლებამონაცვლე ამ კანონის გამოყენებისას გამოძიების ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ ამ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია“.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მსჯავრდებული ა. მ-ი უნდა გათავისუფლდეს 2 წლისა და 3 თვის – პირობითი მსჯავრისა და 3 წლის გამოსაცდელი ვადისაგან.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 მაისის განჩინება სხვა ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ა. მ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინებაში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მსჯავრდებული ა. მ-ი გათავისუფლდეს 2 წლისა და 3 თვის – პირობითი მსჯავრისა და 3 წლის გამოსაცდელი ვადისაგან.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 მაისის განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
გ. შავლიაშვილი