Facebook Twitter

ბს-1305 (კ-22) 20 ნოემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ნ.შ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.09.2022წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ.შ-მა 22.02.2021წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიმართ. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შემდეგ მოითხოვა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის 01.02.2021წ. NMES 3 21 0000048823 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება მოსარჩელისათვის დადებითი შეფასების მინიჭების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.02.2022წ. გადაწყვეტილებით ნ.შ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ნ.შ-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.09.2022წ. განჩინებით ნ.შ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის მასალების მიხედვით 30.10.2020წ. გარე დამკვირვებლის ხ.ქ-ის მიერ განხორციელდა სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ის საჯარო სკოლის მასწავლებლის - ნ.შ-ის ...ის გაკვეთილის შეფასება, გაკვეთილის შეფასების რუბრიკის გამოყენებით. გარე დამკვირვებლის ხ.ქ-ის მიერ სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ის საჯარო სკოლის მასწავლებლის - ნ.შ-ის გაკვეთილზე დაკვირვების შედეგების თანახმად, გაკვეთილი შეფასებულია: 1. მიმართულება - ვირტუალური სასწავლო პლატფორმის გამოყენება: 1.1. ვირტუალური სასწავლო პლატფორმის შესაბამისი უნარ-ჩვევების დემონსტრირება, კიბერჰიგიენის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის, ონლაიეთიკისა და მედიაწიგნიერების ძირითადი პრინციპების დაცვა - 2 ქულით; 2. მიმართულება - პოზიტიური სასწავლო გარემოს ფორმირება: 2.1. ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთგაგების ხელშემწყობი ვირტუალური სასწავლო გარემოს უზრუნველყოფა - 2 ქულით; 2.2. ვირტუალური სასწავლო პროცესის მართვა - 2 ქულით; 3. მიმართულება - ონლაინფორმატის რელევანტური სწავლება და შეფასება: 3.1. სწავლება - 2 ქულით; 3.2. შეფასება - 2 ქულით; 4. მიმართულება - სასწავლო რესურსების გამოყენება (დისტანციური სწავლებისთვის რელევანტური და საგაკვეთილო მიზნის შესაბამისი სასწავლო რესურსების გამოყენება. მოსწავლეთა ასაკისა და ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისი რესურსების გამოყენება) - 2 ქულით; 5. მიმართულება - ონლაინკომუნიკაცია: 5.1. ონლაინკომუნიკაცია - 2 ქულით; 6. რეფლექსია: 6.1. რეფლექსია ჩატარებულ გაკვეთილზე - 2 ქულით. ნ.შ-მა სულ დააგროვა 16 ქულა.

სააპელაციო პალატამ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 30.09.2019წ. №205/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „გარე დაკვირვების წესის“ მე-13 მუხლის პირველ პუნქტზე მითითებით აღნიშნა, რომ გარე დაკვირვების შედეგის ელექტრონულ სისტემაში განთავსებიდან ერთი თვის განმავლობაში მასწავლებელს შეუძლია გაასაჩივროს გარე დაკვირვების შედეგად მიღებული უარყოფითი შეფასება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მასწავლებელთა სააპელაციო განაცხადებს განიხილავს საპრეტენზიო კომისია. მითითებული წესის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საპრეტენზიო კომისია განიხილავს საპრეტენზიო განაცხადებს და გადაწყვეტილებას იღებს გარე დაკვირვების დროს გამოყენებული ყველა დოკუმენტაციის საფუძველზე, მათ შორის გარე დამკვირვებლის მიერ შევსებული გაკვეთილის შეფასების რუბრიკის, მასწავლებლის მიერ წარდგენილი გაკვეთილის გეგმისა და რეფლექსიის საფუძველზე. საპრეტენზიო კომისია უფლებამოსილია მოიწვიოს გარე დამკვირვებელი და მასწავლებელი და მოისმინოს მათი მოსაზრებები ჩატარებული გაკვეთილის შესახებ. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია განხორციელდეს საპრეტენზიო კომისიის წევრის/წევრების ვიზიტი იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, სადაც განხორციელდა გარე დაკვირვება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საპრეტენზიო კომისია უფლებამოსილია მიიღოს ერთ - ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) საპრეტენზიო განაცხადის სრულად დაკმაყოფილების შესახებ; ბ) საპრეტენზიო განაცხადის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ; გ) საპრეტენზიო განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. 27.11.2020წ. ნ.შ-მა საპრეტენზიო განაცხადით მიმართა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საპრეტენზიო კომისიას და მოითხოვა დაკვირვების რუბრიკით მინიჭებული 16 ქულის შეცვლა გამსვლელი 24 ქულით, დაკვირვების რუბრიკის ყველა პუნქტში თითო ქულის მომატებით. „გარე დაკვირვების საპრეტენზიო კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ფუნქციების დროებითი შემსრულებლის 10.02.2020წ. №17 ბრძანებით შექმნილი საპრეტენზიო კომისიის 26.01.2021წ. №1 სხდომის ოქმის თანახმად, საპრეტენზიო კომისიამ განიხილა ნ.შ-ის მიერ წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადი და გარე დაკვირვებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, კერძოდ გაკვეთილის გეგმა, რეფლექსია, გარე დამკვირვებლის მიერ შედგენილი გაკვეთილის აღწერა, გაკვეთილის შეფასების რუბრიკა და ნაწილობრივ დააკმაყოფილა ნ.შ-ის საპრეტენზიო განაცხადი. ამდენად, ნ.შ-ს ნაცვლად 16 ქულისა მიენიჭა 17 ქულა.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. კომისიის წევრების მიერ კონკრეტული მასწავლებლის მიერ ჩატარებული გაკვეთილის შეფასება ეფუძნება კომისიის თითოეული წევრის პირად პროფესიულ შეფასებას, შინაგან რწმენას და პირად აღქმას, რაც საკანონმდებლო რეგულაციის მიღმა არსებობს და იგი ვერ შეფასდება კანონთან მიმართებაში. ამასთან, კანონმდებლის მიერ კომისიისთვის დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭება, თავის მხრივ, არ გულისხმობს იმას, რომ კომისიას აქვს თვითნებობის უფლება და მისი საქმიანობა უკონტროლოა. პალატამ მიუთითა, რომ სასამართლო კონტროლი არ მოიცავს კომისიის მიერ გაკვეთილის შეფასების შედეგად მიღებული ქულების მიზანშეწონილობის შეფასებას, თუმცა სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს ჰქონდა თუ არა ადგილი შეცდომას დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში და ამგვარი შეცდომის თავიდან აცილების შემთხვევაში არსებობდა თუ არა სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების ალბათობა.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული გარე დამკვირვებლის ხ.ქ-ის განმარტებაზე. მოწმემ მიუთითა, რომ შეფასების კრიტერიუმში - "ვირტუალური სასწავლო პლატფორმის გამოყენება", ნ.შ-ი 2 ქულით შეფასდა. აქ მოწმდებოდა მასწავლებლის მიერ გაკვეთილის ტექნიკური წარმართვა. მასწავლებელმა ვერ შეძლო გაკვეთილის დროს ვიდეოკამერის ჩართვა. მოწმის თქმით 3 ქულას ვერ დაწერდა, რადგან გაკვეთილის დრო იყო გაზრდილი, გაკვეთილი ჯამში 47 წუთი გაგრძელდა, ხოლო რეკომენდაციით გაკვეთილის მიმდინარეობის დრო არის 30 წუთი. მოწმემ მიუთითა რისკების მართვის კრიტერიუმზე, რაც გულისხმობს იმას, რომ მასწავლებელმა არ გამოიყენოს მაგალითად თეთრი დაფა, რომელსაც მეტი ინტერნეტ - სიმძლავრე ჭირდება ან შეამციროს აქტივობის დრო. შეფასების კრიტერიუმში - "პოზიტიური სასწავლო გარემოს ფორმირება", ნ.შ-ი 2 ქულით შეფასდა. მოწმის თქმით 3 ქულაში მოიაზრება თანამშრომლობა, თანამშრომლობის პრინციპზე დამყარებული სასწავლო პროცესი, ურთიერთთანამშრომლობა მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ან მოსწავლეებს შორის, რაც მთელი გაკვეთილის განმავლობაში არ შეინიშნებოდა. მასწავლებელი სვამდა კითხვას ,,კი‘’ და ,,არას‘’ პრინციპით, თუ დაგვიანებით მიდიოდა ხმა ან მოსწავლე არ პასუხობდა, მასწავლებელი თავად პასუხობდა. შეფასების კრიტერიუმში - ვირტუალური სასწავლო პროცესის მართვა, ნ.შ-ი შეფასდა 2 ქულით. მოწმის თქმით 3 ქულა იმიტომ არ დაიწერა, რომ გაუთვალისწინებელ სიტუაციებში მასწავლებელი ვერ მართავდა პროცესს, დროის მენეჯმენტი არ იყო დაცული. მასწავლებელს უნდა ჰქონდეს უნარი, რომ შეამციროს აქტივობები. რაც შეეხება მოსწავლეთა ჩართულობის უზრუნველყოფას საგაკვეთილო პროცესში - ეს ფაქტორი არ არის ცოდნაზე დაფუძნებული, უნდა ყოფილიყო მაღალი სააზროვნო უნარების აქტივობები. ძირითადად მასწავლებელი მართავდა პროცესს, რომელშიც მოსწავლეები ამბობდნენ „დიახ გეთანხმებით“. შესაბამისად, ეფექტური მართვა ვერ მოხდა. გაკვეთილი მიმდინარეობდა ძირითადად არასამიზნე ენაზე, ... ენაზე არ მიმდინარეობდა გაკვეთილი. რაც შეეხება შეფასების კრიტერიუმს - "ონლაინფორმატის რელევანტური სწავლება და შეფასება", მოწმის განმარტებით ამ კომპონენტში შედის მოსწავლის წინარე ცოდნა და მზაობა. არ მომხდარა მოსწავლეთა ჩართულობა ძიებასა და პრობლემის გადაჭრის პროცესში. საგნობრივი ცოდნის ბევრი შეცდომა იყო, რაზეც არ ყოფილა მასწავლებლის მხრიდან მითითება და განმარტება, შეცდომების გასწორება არ მომხდარა. 3 ქულა იმიტომ არ დაიწერა ასევე, რომ მაგალითად „შენ კარგად გააკეთე, კარგი გოგო ხარ“ - არ არის განმავითარებელი შეფასება, მოსწავლემ უნდა იცოდეს რა გააკეთა და რით გააკეთა. მოსწავლე ვერ მიხვდება რისთვის დაიმსახურა „ყოჩაღ“, სწორად წარმოთქვა, კარგად დაწერა თუ კარგად დააკავშირა. შეფასების კრიტერიუმში - "სასწავლო რესურსების გამოყენება", ნ.შ-ი შეფასდა ასევე 2 ქულით. მოწმის თქმით როდესაც მასწავლებელს წარმოდგენილი აქვს საპრეზენტაციო მასალა, ეკრანზე ან პრეზენტაცია უნდა ჩანდეს ან თეთრი დაფა. შეფასების კრიტერიუმში - "ონლაინკომუნიკაცია", ნ.შ-ი 2 ქულით შეფასდა. მოწმის თქმით, ეს იყო ...ის გაკვეთილი, თუმცა მოსწავლეებისგან იყო მოკლე ჩანართები, არ იყო ინტერაქტივი, საუბარი. მასწავლებელს მოსწავლის კითხვაზე რეაგირება არ მოუხდენია, უკუკავშირი არ ყოფილა. მოსწავლეებმა ინსტრუქციები ვერ გაიგეს, რაც გამოიხატა იმაში, რომ შეცდომით გააკეთეს დავალება. შეფასების კრიტერიუმში - "რეფლექსია ჩატარებულ გაკვეთილზე", ნ.შ-ი 2 ქულით შეფასდა. მოწმის განმარტებით მასწავლებელმა მიუთითა, რომ მიაღწია მიზანს, თუმცა არ არის ახსნილი რით შეძლო ამ მიზნის მიღწევა. რეფლექსიაში, როდესაც მასწავლებელი არ აღიარებს თავის სუსტ მხარეს, შეფასების რუბრიკის მიხედვით რეფლექსია ვერ შეფასდება მაღალი ქულით.

სააპელაციო პალატამ სსკ-ის 102-ე მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როცა შეფასების რუბრიკით დეტალურად არის განსაზღვრული ამა თუ იმ კრიტერიუმის შეფასება, მოსარჩელე მხარის მხრიდან, მოსარჩელის მიერ ჩატარებული გაკვეთილის ზეპირსიტყვიერად აღწერის გზით რუბრიკის კრიტერიუმებში გაწერილი პუნქტების შესრულებაზე მითითება, შესაბამისი არგუმენტებისა და მტკიცებულებების გარეშე, გამოცემული აქტის ბათილად ცნობის საფუძველი ვერ იქნება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.09.2022წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ.შ-მა.

კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლომ სრულად გაიზიარა მოწმის მიერ მიცემული ჩვენება. კასატორის მოსაზრებით ხ.ქ-ის მიერ გაკეთებული შეფასების ობიექტურობა სასამართლოს დასაბუთებული არ აქვს. კონკრეტული პირის შემფასებელად არჩევა არ მიუთითებს მის მიერ განხორციელებული შეფასების ობიექტურობაზე. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ადგილი ჰქონდა ტექნიკურ შეფერხებებს, რომელიც არ იყო დამოკიდებული მასწავლებელზე და არ წამოადგენდა მის პირად ვალდებულებას ან პასუხისმგებლობას. კასატორის მოსაზრებით სიმართლეს არ შეესაბამება მოწმის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ გაკვეთილი გაგრძელდა 47 წუთი, ხოლო გაკვეთილის სარეკომენდაციო დრო შეადგენს 30 წუთს. კასატორი აღნიშნავს, რომ გაკვეთილის სარეკომენდაციო დრო შეადგენს 30-40 წუთს საშუალო საფეხურზე (მე-10 კლასი), გაკვეთილი გაგრძელდა 43 წუთი. ონლაინ გაკვეთილის დაწყებამდე მასწავლებელმა რამდენიმე წუთით ადრე დაიწყო მოსწავლეთა მოწვევა თიმსის პროგრამაში და შესაძლებელია მოწმემ ეს დროც მიუმატა გაკვეთილს. მოწმის განმარტებაზე იმასთან დაკავშირებით, რომ მთელი გაკვეთილის განმავლობაში არ შეინიშნებოდა ურთიერთთანამშრომლობა მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ან მოსწავლეებს შორის, კასატორმა მიუთითა, რომ ვირტუალური გარემო არ იძლევა ისეთი თანამშრომლობის საშუალებას, როგორც ეს ხდება პირდაპირ რეჟიმში, თუმცა მოსწავლეები ასრულებდნენ დავალებებს და რეაგირებდნენ მასწავლებლის რეპლიკებზე. „კი“ და ,,არას” პრინციპით მხოლოდ ერთი დავალება იყო შესასრულებელი, დანარჩენი დავალებები მოითხოვდა მოსწავლეთა ჩართულობას. ამდენად, კასატორის მოსაზრებით ,,კი“ და ,,არას“ პრინციპის განზოგადება სიმართლეს არ წარმოადგენს. რაც შეეხება დროის მენეჯმენტს, კასატორმა აღნიშნა, რომ გაკვეთილი სულ რამდენიმე წუთით გადასცდა დროს, რაც მეთოდურად დასაშვებია. კასატორის მითითებით გაკვეთილის აქტივობები მორგებული იყო ონლაინგაკვეთილის ფორმატსა და მოსწავლეთა შესაძლებლობებზე, დავალებები იყო მარტივი და მცირე ზომის, რათა ყველას შესძლებოდა აქტივობებში მონაწილეობის მიღება. მოწმის განმარტებით გაკვეთილი მიმდინარეობდა ძირითადად არასამიზნე ენაზე, რაც სიმართლეს არ წარმოადგენს. მასწავლებელმა მშობლიურ ენაზე გააცნო მოსწავლეებს მიზნები (მიზნების გაცნობა ხდება მშობლიურ ენაზე) და გაკვეთილის ბოლოს, შეფასების ფაზის დროს გარკვეულწილად გამოიყენა ქართული ენა, რომ მოსწავლეებისთვის უფრო გასაგები ყოფილიყო მათი გასაუმჯობესებელი მხარეები, სხვა შემთხვევაში გაკვეთილი მიმდინარეობდა ... ენაზე. კასატორის მოსაზრებით საფუძველს მოკლებულია მოწმის მითითება წინა ცოდნის გამოუყენებლობის თაობაზე. კასატორმა აღნიშნა, რომ მოსწავლეებმა გაიხსენეს თუ რომელი კითხვითი სიტყვები იცოდნენ. მასწავლებელმა ზმნის კითხვითი ფორმაც ზმნის დანარჩენ ფორმებზე დაყრდნობით ახსნა, რომლებიც წინა გაკვეთილებზე შეისწავლეს. კასატორმა მიუთითა, რომ დავალებების შესრულებისას მოსწავლეები შეცდომებს უშვებდნენ კითხვაში (თუმცა არა ყველა მოსწავლე), რადგან კითხვაში არ ფასდებოდნენ მოსწავლეები მასწავლებელმა მიზანშეწონილად არ ჩათვალა ამ შემთხვევაში მათთვის შეცდომების გასწორება. მასწავლებელს არ მიუმართავს შეფასების ფორმებისთვის ,,შენ კარგი გოგო ხარ“, მიუთითებდა, რომ სწორად ჩასვა, სწორად შეასრულა. მოსწავლეებმა შეძლეს თვითშეფასება, შემდეგ კი მასწავლებელმა მიუთითა რა გამოუვიდათ კარგად და რა არა. შეფასების კრიტერიუმები აბსოლუტურად გასაგები იყო მოსწავლეებისთვის. კასატორი აღნიშნავს, რომ გაკვეთილი ცოცხალი ორგანიზმია და შეცდომებიც დასაშვებია, წინააღმდეგ შემთხვევაში გაკვეთილი უნდა ყოფილიყო გავარჯიშებული, დადგმული სპექტაკლი. კასატორი არ იზიარებს მოწმის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ მასწავლებელი მოსაფიქრებელ დროს არ აძლევდა მოსწავლეებს. აღნიშნულთან დაკავშირებით კასატორმა აღნიშნა, რომ მეთოდურად არაა აუცილებელი მიცემული დროის ამოწურვის შემდეგ გამოკითხოს მასწავლებელმა მოსწავლეები, მით უფრო როდესაც დავალებები არაა რთული და მოსწავლეებს დროის ამოწურვამდე აქვთ პასუხი. კასატორის მოსაზრებით სასამართლოში დოკუმენტალური მტკიცებულებების გარდა ფაქტობრივად ინფორმაციის წყარო იყო მოწმე, რომელიც დასაქმებულია მოპასუხე უწყებაში ანუ ექვემდებარება განათლების სამინისტროს. კასატორის მოსაზრებით მოწმის მიერ მიცემული ჩვენება არ არის სარწმუნო, მოწმის ჩვენება და დასმულ კითხვებზე პასუხი იყო ზედაპირული და არაინფორმაციული, განსაკუთრებით ისეთ კითხვებზე, რომელიც ეხებოდა ტექნიკურ პრობლემებს, ინტერნეტის არ ქონას ან უხარისხო ინტერნეტით სარგებლობას. კასატორის მითითებით სკოლა მოულოდნელად გამოცხადდა საარჩევნო უბნად და იგი ონლაინ ფორმატით გაკვეთილის ჩასატარებლად არ იყო სათანადოდ მომზადებული.

.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ.შ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმის მასალების მიხედვით ნ.შ-მა 30.10.2020წ. სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ის საჯარო სკოლაში ჩაატარა ონლაინ ფორმატის ...ის გარე დაკვირვების გაკვეთილი, რომელსაც ესწრებოდა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი, გარე დამკვირვებელი ხ.ქ-ი. ხ.ქ-ის მიერ განხორციელდა ნ.შ-ის ...ის გაკვეთილის შეფასება გაკვეთილის შეფასების რუბრიკის გამოყენებით. დისტანციური გაკვეთილის შეფასების რუბრიკის თანახმად ნ.შ-ი შეფასდა 16 ქულით. 27.11.2020წ. ნ.შ-მა საპრეტენზიო განაცხადით მიმართა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საპრეტენზიო კომისიას და მოითხოვა დაკვირვების რუბრიკით მინიჭებული 16 ქულის შეცვლა გამსვლელი 24 ქულით, დაკვირვების რუბრიკის ყველა პუნქტში თითო ქულის მომატებით. „გარე დაკვირვების საპრეტენზიო კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ფუნქციების დროებითი შემსრულებლის 10.02.2020წ. №17 ბრძანებით შექმნილი საპრეტენზიო კომისიის 26.01.2021წ. №1 სხდომის ოქმის თანახმად, საპრეტენზიო კომისიამ განიხილა ნ.შ-ის მიერ წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადი, გარე დაკვირვებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და ნაწილობრივ დააკმაყოფილა ნ.შ-ის საპრეტენზიო განაცხადი, ნ.შ-ს ნაცვლად 16 ქულისა მიენიჭა 17 ქულა.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 30.09.2019წ. N205/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „გარე დაკვირვების წესზე“, რომელიც აწესრიგებს უფროსი მასწავლებლის მიერ წარმართული გაკვეთილის შეფასების მიზნით გარე დაკვირვებასთან დაკავშირებულ პროცესებს. ზემოაღნიშნული „წესის“ მეორე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, გაკვეთილის შეფასების რუბრიკა არის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული შეფასების სტანდარტიზებული ინსტრუმენტი, რომელიც ეფუძნება გაკვეთილის შეფასების გაზომვად და ვალიდურ კრიტერიუმებს და არის მასწავლებლის გაკვეთილის შეფასების უნიფიცირებული ფორმა. მითითებული „წესის“ 10.3 მუხლის თანახმად, გარე დამკვირვებელი აფასებს მასწავლებლის მიერ ჩატარებულ გაკვეთილს, გაკვეთილის შეფასების რუბრიკის გამოყენებით. „წესის“ 11.2 მუხლის თანახმად, გარე დამკვირვებელი აფასებს გაკვეთილს ქულებით, გაკვეთილის შეფასების რუბრიკით გათვალისწინებული თოთოეული კრიტერიუმის მიხედვით. ამდენად, გაკვეთილის შეფასება ხდება წინასწარ დამტკიცებული შეფასების რუბრიკის მეშვეობით, რომელიც მოიცავს სხვადასხვა კრიტერიუმებს და თითოეული კრიტერიუმი ითვალისწინებს 4 ქულიან შეფასების სისტემას.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ ნაშრომის შეფასება კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებათა რიგს განეკუთვნება, რომელშიც სასამართლოს კონტროლი გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება. სასამართლო ფლობს დავის გადაწყვეტის სრულ იურისდიქციას, თუმცა სფეროს სპეციფიკის გათვალისწინებით განსხვავდება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული სფეროს რეგულირების ხარისხი, სასამართლო კონტროლის სიმჭიდროვე, ინტენსივობა. სასამართლო კონტროლი არ მოიცავს კომისიის მიერ გამოცდების შეფასების შედეგად მიღებული ქულების მიზანშეწონილობის შეფასებას. დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს აძლევს მოქმედების თავისუფლებას, თუმცა არ ქმნის სამართლისგან სრულიად თავისუფალ სივრცეს (იხ. სუსგ 07.03.2019წ. Nბს-797(კ-18)). გამომცდელის შეფასებაზე სასამართლო კონტროლი დასაშვებია, როდესაც შეფასება შესაძლოა საგნის სპეციფიკაში ჩაღრმავების გარეშე. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში ნ.შ-ის მიერ ჩატარებული გაკვეთილის გარე დამკვირვებლის მიერ შეფასება განხორციელდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული დისტანციური გაკვეთილის შეფასების რუბრიკის გამოყენებით. შეფასების რუბრიკაში დეტალურად არის აღწერილი თუ რა სახის მიმართულებები უნდა იქნეს მასწავლებლის მიერ გამოყენებული და მითითებულია ასევე შეფასების კრეტერიუმები, რომელიც 4 ქულიან შეფასების სისტემას ითვალისწინებს. ნ.შ-ი თითოეულ კომპონენტში შეფასდა 2 ქულით, რასაც კასატორი არ ეთანხმება და ითხოვს ყველა კომპონენტში თითო ქულის მომატებას. ნ.შ-ი ძირითადად აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ ადგილი ჰქონდა ტექნიკურ ხარვეზებს, რაც გამოწვეული იყო ონლაინ ფორმატით. ნ.შ-ი აღნიშნავს, რომ ვიდეოკამერის არ ჩართვა, დავალებების სიმარტივე, მოსწავლეთა საგაკვეთილო პროცესში აქტიურობის - ჩართულობის ნაკლებობა, საპრეზენტაციო მასალის ვერ გაზიარება გამოწვეული იყო იმით, რომ გაკვეთილის ჩატარება მოუწია ონლაინ და არა პირდაპირ რეჟიმში. ნ.შ-ი ერთგვარად ეთანხმება ხარვეზების არსებობას, თუმცა მათ საპატიოდ მიიჩნევს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ გაკვეთილის შეფასების რუბრიკის თანახმად მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელმა შეძლოს ვირტუალური სასწავლო პლატფორმის შესაბამისი უნარ-ჩვევების დემონსტრირება, შესაბამისი სასწავლო რესურსების გამოყენება, ონლაინკომუნიკაცია. ნ.შ-ი აპელირებს ტექნიკურ გაუმართაობაზე და მხოლოდ ზეპირსიტყვიერად მიუთითებს შეფასების რუბრიკის კრიტერიუმებში გაწერილი პუნქტების შესრულებაზე. ამასთან, საქმის მასალებში დაცული საპრეტენზიო განაცხადში ნ.შ-ი აღნიშნავს, რომ მას ჰქონდა გარე დაკვირვების გაკვეთილის გადავადების და პირდაპირ რეჟიმში ჩატარების საშუალება, თუმცა მას აღნიშნული უფლებით არ უსარგებლია.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს აგრეთვე საქმეში დაცულ 30.10.2020წ. გარე დაკვირვების აღწერის ფორმაზე, რომელშიც ასახულია მასწავლებლის აქტივობები და დამკვირვებლის მიერ აღნიშნულზე გაკეთებულია კომენტარები. გარე დამკვირვებელს კონკრეტულად და დეტალურად აქვს აღწერილი მასწავლებლის ქმედებები და აღნიშნულ ქმედებებთან დაკავშირებით მითითებული აქვს საკუთარი შეფასებები. აღნიშნული ქმედებების და გარე დამკვირვებლის კომენტარების მხედველობაში მიღებით საპრეტენზიო კომისიამ განიხილა ნ.შ-ის საპრეტენზიო განაცხადი. საპრეტენზიო კომისიას სადავო გადაწყვეტილებაში დასაბუთებული აქვს თუ რატომ შეფასდა ნ.შ-ის მიერ ჩატარებული გაკვეთილი თითოეულ კომპონენტში შეფასების რუბრიკით გათვალისწინებული 2 და არა მეტი ქულით. აღსანიშნავია, რომ გაკვეთილის აღწერის ფორმაში გარე დამკვირვებლის მიერ მითითებულ გარემოებებს კასატორმა სათანადო მტკიცებულებები ვერ შეუპირისპირა. ის, რომ მოსწავლეები ნაკლებად იყვნენ ჩართულები საგაკვეთილო პროცესში, ხოლო მასწავლებელს არ ჰქონდა დაგეგმილი მაღალი სააზროვნო უნარების აქტივობები, არ შეიძლება გამოწვეული ყოფილიყო მხოლოდ ტექნიკური ხარვეზებით.

დაუსაბუთებელია კასატორის აპელირება იმ გარემოებაზე, რომ ვინაიდან გარე დამკვირვებელი მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოშია დასაქმებული, მის მიერ გაკეთებული შეფასება შეიძლება იყოს არაობიექტური. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 30.09.2019წ. №205/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „გარე დაკვირვების წესზე“, რომლის 7.2 მუხლის თანახმად გარე დამკვირვებელს უნდა ჰქონდეს აკადემიური ხარისხი, ასევე იმ საგნის/საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება, რომელში ჩატარებულ გაკვეთილზეც ახორციელებს გარე დაკვირვებას. ამასთან, მხოლოდ ის გარემოება, რომ გარე დამკვირვებელმა მასწავლებელი დაბალი ქულით შეაფასა არ აქცევს მის შეფასებას არაობიექტურად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ნ.შ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ.შ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.09.2022წ. განჩინება;

3. შპს "...ას" (ს/კ ...) დაუბრუნდეს ნ.შ-ის საკასაციო საჩივარზე 02.11.2022წ. N... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი