Facebook Twitter

საქმე №ბს-580(კ-24) 21 ნოემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – ი.შ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მოსარჩელე – მ.ქ-ე

მესამე პირი (ასკ-ის 16.1) – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 თებერვლის განჩინება

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2020 წლის 12 ოქტომბერს ი.შ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ (საქმე №3/6495-20).

სარჩელის დაზუსტების შემდგომ, ი.შ-მა მოითხოვა მისი ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 4 სექტემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც საჯარო რეესტრში დაცული დოკუმენტაციის საფუძველზე, აღსრულდება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა მ.ქ-ე.

2021 წლის 3 აგვისტოს მ.ქ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ (საქმე №3/4898-21).

მოსარჩელე მიუთითებს კანონიერ ძალაში შესულ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც ი.შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 24 თებერვლის №... გადაწყვეტილება და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ი.შ-ის 2015 წლის 17 თებერვლის ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით.

ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ წერილით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობას და №628 მიღება-ჩაბარების აქტით (15.95.2000წ.) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადასტურება მოითხოვა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 2 ივნისის №... და 2021 წლის 31 მაისის №... გადაწყვეტილებებით დგინდება, რომ სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება 2020 წლის 21 სექტემბრის წერილზე პასუხის მიღებისთანავე, არაუგვიანეს 3 თვისა. მოსარჩელემ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებების გაუქმება მოითხოვა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 5 ივლისის №... გადაწყვეტილებით, მ.ქ-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

ამდენად, მოსარჩელე მ.ქ-ემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 2 ივნისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურისთვის ამ განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტა, ასევე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 31 მაისის №... გადაწყვეტილებისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 5 ივლისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 იანვრის საოქმო განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ი.შ-ი. ამავე განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 მაისის განჩინებით №3/4898-21 ადმინისტრაციული საქმე (მოსარჩელე - მ.ქ-ე; მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, მესამე პირი - ი.შ-ი დავის, საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება) და №3/6495-20 ადმინისტრაციული საქმე (მოსარჩელე - ი.შ-ი, მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება) გაერთიანდა ერთ წარმოებად და გაერთიანებულ ადმინისტრაციულ საქმეებს მიენიჭა ნომერი - №3/4898-21.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით ი.შ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; მ.ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 5 ივლისის №... გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა მ.ქ-ის საჩივართან დაკავშირებით საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; მ.ქ-ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი.შ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო მ.ქ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 თებერვლის განჩინებით ი.შ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 5 ივლისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, მ.ქ-ის საჩივართან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამხავილა, რომ განსახილველ შემთხვევაში, დავას იწვევდა ის გარემოება, რომ გამოკვეთილი იყო ორი პირის ინტერესი ამ დროისათვის ზედდებაში მყოფ მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ნამსჯელია ზედდების საკითხზე და აღნიშნულია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია დაადგინოს, როგორც მ.ქ-ის მიწის ნაკვეთის, ისე ი.შ-ის მიწის ნაკვეთის ზუსტი ადგილმდებარეობა და საზღვრები რეესტრში დაცული მომიჯნავე მიწის ნაკვეთების სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მხედველობაში მიღებით, ასევე, დაადგინოს აღნიშნული მიწის ნაკვეთების სარეგისტრაციო მონაცემებისა და ნამდვილი მდგომარეობის შესაბამისობა, ვინაიდან რეგისტრირებული მონაცემები უნდა იყოს თანხვედრაში, ხოლო დუბლირების და პარალელიზმის გამოვლენის შემთხვევაში, უნდა გაირკვეს, თუ რომელს გააჩნია უკეთესი სამართლებრივი საფუძველი. მხედველობაშია მისაღები, აგრეთვე, რეგისტრირებულ უფლებათა რიგითობა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „ლ“, „ს“ და „ჟ“ ქვეპუნქტებზე, მე-5 მუხლის მე-2 ნაწილზე, ასევე, 2019 წლის 31 დეკემბრის საქართველოს იუსტიციის მინისტრის №487 ბრძანებით დამტკიცებულ „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 371 მუხლის მე-3 პუნქტზე.

სააპელაციო სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილთან დაკავშირებით კანონით დადგენილ ვადაში რეაგირება არ მოუხდენია. სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოებს აკისრიათ ვალდებულება, ყოველმხრივ გამოიკვლიონ მათ კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხი, ხოლო იმ პირობებში, როდესაც ...ის რაიონის უმოქმედობის გამო მ.ქ-ის საკითხზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოება უპასუხოდ დარჩა, მართებული იყო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 5.07.2021წ. №... გადაწყვეტილების საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის საფუძველზე ბათილად ცნობა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საკითხის ხელახლა კვლევისას შესაფასებელია მ.ქ-ისა და ი.შ-ის ნაკვეთთა ზედდების საკითხი და დასადგენია მათი იდენტურობა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ამ თვალსაზრისით, შესაფასებელია ი.შ-ის სასარჩელო მოთხოვნებიც, რომლის იურიდიული ინტერესიც სწორედ მისი ნაკვეთის ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენასა და, საბოლოოდ, მასზე საკუთრების უფლების აღრიცხვაში მდგომარეობს. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ხელახალი წარმოების დროს, უნდა დადგინდეს ორივე მხარის საბოლოო მიზანი და სამართლებრივ ჩარჩოში მოექცეს მათი უფლებრივი ბატონობა იმ უძრავ ქონებაზე, რომელიც გადაცემული აქვთ მიღება-ჩაბარების აქტებით. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო არეალზე ვრცელდება სისტემური რეგისტრაციის პროექტი, რომლის ფარგლებშიც, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია ჩაატაროს სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება, საკუთარი ინიციატივით გამოითხოვოს შესაბამის სარეგისტრაციო ბლოკში მდებარე მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით ყველა შესაძლო დოკუმენტი და მაქსიმალური სიზუსტით აღრიცხოს და დაადგინოს მიწის ნაკვეთთა უფლებრივი მდგომარეობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი.შ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო მ.ქ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი ყურადღებას ამახვილებს კანონიერ ძალაში შესულ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.06.2018წ. გადაწყვეტილებაზე. კასატორი მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ არ აღასრულა ზემოთმითითებული გადაწყვეტილება მასში აღწერილი დანაწესების შესაბამისად. სასამართლოებმა არ შეაფასეს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ საჯარო რეესტრის და იმავე მხარეთა მონაწილეობით გამართულ ადმინისტრაციულ საქმეზე სასამართლოს 2.12.2015წ. საოქმო განჩინებით საქართველოს ეროვნული არქივიდან და ...ის რაიონის გამგეობიდან გამოთხოვილი ჰქონდა სოფელ ...ში მდებარე მიწის დაკვალვის გენერალური გეგმა. საქართველოს ეროვნული არქივის მიერ 22.12.2015წ. სასამართლოში გაგზავნილი წერილით ირკვევა, რომ ზემოაღნიშნული გეგმა ...ის რაიონის არქივში დაცული არ არის, იგივე შინაარსისაა ...ის რაიონის გამგებლის 15.01.2016წ. №45/6516 წერილი. აღნიშნული ინფორმაცია ასევე დაადასტურა გამგეობის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე. დავის მოცემული სახით გადაწყვეტა კასატორს აყენებს არახელსაყრელ მდგომარეობაში იმ მხრივ, რომ უზრუნველყოფს მ.ქ-ის სამართლებრივი მდგომარეობის შენარჩუნებას, რამეთუ სასამართლომ კანონიერ ძალაში შესულ 13.06.2018წ. გადაწყვეტილებაში მითითებული დავალებები ჯეროვნად შესრულებულად მიიჩნია. ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მხრიდან მხოლოდ მ.ქ-ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების პირობებში, ...ის რაიონის გამგეობის მხრიდან სათანადო ინფორმაციის მიუწოდებლობის გამო, მ.ქ-ისა და ი.შ-ის ნაკვეთთა იდენტურობა ვერ დადგინდება. შესაბამისად, არც მ.ქ-ის დაზუსტებული რეგისტრაციის ჩანაწერის (ს.კ. ...) კანონიერების შემოწმების საფუძველი იარსებებს, რაც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ფარგლებში უნდა გადაეწყვიტა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ი.შ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი.შ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენების წინაპირობები.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ მოცემული დავის ფარგლებში ადმინისტრაციული საქმისწარმოება გაერთიანებულია მ.ქ-ის და ი.შ-ის სარჩელებზე.

მ.ქ-ემ სადავოდ გახადა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 2 ივნისის №... გადაწყვეტილების კანონიერება, ასევე, მოითხოვა ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურისთვის ამ განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის დავალება. მოსარჩელე, ასევე, უკანონოდ მიიჩნევს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 31 მაისის №... და 2021 წლის 5 ივლისის №... (ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ) გადაწყვეტილებებს.

ი.შ-ის მიერ კი სადავოდ არის გამხდარი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 4 სექტემბრის №... გადაწყვეტილება. მოსაჩელის მოთხოვნას, ასევე, წარმოადგენს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის საჯარო რეესტრში დაცული დოკუმენტაციის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2009 წლის 15 აპრილს მ.ქ-ემ სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ...ის სარეგისტრაციო სამსახურს და ქალაქ თბილისში, სოფელ ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ...ის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 23 აპრილის №... გადაწყვეტილებით მ.ქ-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე (ს.კ. ...) დარეგისტრირდა მ.ქ-ის საკუთრების უფლება.

საქმის მასალებით, ასევე, დადგენილია, რომ 2014 წლის 14 აპრილს ი.შ-მა განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ...ის სარეგისტრაციო სამსახურს და ქალაქ თბილისში, სოფელ ...ში მდებარე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია მოითხოვა.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ...ის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2014 წლის 22 აპრილს მიღებულ იქნა №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უძრავი ნივთის საკადასატრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. კერძოდ, განცხადებაზე თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამებოდა მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში (ს.კ. ... მიწის ნაკვეთთან). შესაბამისად, განმცხადებელს კორექტირებული საკადასატრო აზომვითი ნახაზის წარდგენა დაევალა. გამომდინარე იქიდან, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი, სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა.

ი.შ-მა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ...ის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 23 აპრილის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 24 თებერვლის №... გადაწყვეტილებით ი.შ-ს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით, ი.შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 24 თებერვლის №... გადაწყვეტილება და მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ი.შ-ის 2015 წლის 17 თებერვლის №30902/17 ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით. დანარჩენ ნაწილში ი.შ-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 მარტის განჩინებით დანიშნული ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 16 ივნისის საინჟინრო ექსპერტიზის N003409017 დასკვნის თანახმად, მ.ქ-ის სახელზე 2001 წლის 26 სექტემბერს გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების №607 აქტზე არ არის მოცემული სახელმწიფო გეოდეზიური კოორდინატები, შესაბამისად, მისი ადგილმდებარეობის ზუსტად დადგენა შეუძლებელია. ასევე, შეუძლებელია მისი ადგილმდებარეობის შედარება საკადასტრო აზომვითი ნახაზის მონაცემებთან, თუმცა გარე გაბარიტული ზომებით ძირითადად შეესაბამება ერთმანეთს, შეინიშნება მცირედი სხვაობა ზომებში (0.3-0.7 მეტრის ფარგლებში).

შპს „...-ის“ მიერ მომზადებული მიწის ნაკვეთის საკადასატრო აზომვითი ნახაზის მონაცემებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №... (23.04.2009წ.) გადაწყვეტილებით №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის საკადასტრო გეგმის მონაცემების ურთიერთშედარებისას დადგინდა, რომ აზომვითი ნახაზისა და საკადასატრო გეგმის მონაცემები ერთმანეთის იდენტურია. ი.შ-ის მიერ №... (14.04.2014წ.) სარეგისტრაციო განცხადებაზე თანდართულ აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის შედარება 2000 წლის 15 მაისის №628 მიღება-ჩაბარების აქტში ასახულ მიწის ნაკვეთთან მიმართებაში შეუძლებელია, ვინაიდან მიღება-ჩაბარების აქტზე ასახულ ნახაზზე არ არის მოცემული სახელმწიფო გეოდეზიური კოორდინატები. დასკვნაში, ასევე, მითითებულია, რომ მ.ქ-ისა და ი.შ-ის ნაკვეთების მდებარეობის დადგენა შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტებისა და აღნიშნულ აქტებში მოცემული მოსაზღვრე ნაკვეთების სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მიხედვით, შეუძლებელია, ვინაიდან მიღება-ჩაბარების აქტებსა და სარეგისტრაციო მოწმობებზე არ არის მოცემული სახელმწიფო გეოდეზიური სისტემის კოორდინატები. ასევე, შეუსაბამობაში მოდის რიგი მიღება-ჩაბარების აქტების მონაცემები, რიგ შემთხვევაში ერთი და იმავე ნუმერაციის მქონე ნაკვეთებს გზა ესაზღვრება ჩრდილოეთიდან, ხოლო, რიგ შემთხვევებში, სამხრეთიდან. ასევე, შეინიშნება ნაკვეთის კონფიგურაციული სხვაობები.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ი.შ-ის ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით იმსჯელა თავიდან, რის შედეგადაც 2020 წლის 4 სექტემბერს ნაწილობრივ დააკმაყოფილა იგი და ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს ს.კ. ... უძრავ ნივთთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყება დაავალა. ამასთან, მის დასრულებამდე შეჩერდა აღნიშნული კოდით რეგისტრირებული მონაცემების მოქმედება. ცენტრალიზებულ სამსახურს, ასევე, დაევალა გადაწყვეტილების 3.2.12. პუნქტის შესაბამისი ქმედების განხორციელება.

აღსანიშნავია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილების 3.2.12. პუნქტის თანახმად, ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს დაევალა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობიდან ინფორმაციის გამოთხოვა №... განცხადებას დართული საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთისა და მიღება-ჩაბარების აქტით (№628, 15.05.2000წ.) გათვალისწინებული მიწის იდენტურობასთან დაკავშირებით, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და მიღება-ჩაბარების აქტით (№607, 26.09.2021წ.) გათვალისწინებული უძრავი ნივთის იდენტურობასთან დაკავშირებით.

საქმის მასალებით, ასევე, დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 11 სექტემბრის №...- გადაწყვეტილებით განახლდა №... (ი.შ-ის განცხადება) ადმინისტრაციული წარმოება. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2020 წლის 17 სექტემბრის №... წერილით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობას და მიღება-ჩაბარების აქტით №628 (15.05.2000წ.) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადასტურება მოითხოვა.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 17 სექტემბრისა და 2021 წლის 2 ივნისის №...- და №...- გადაწყვეტილებებით დგინდება, რომ სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება 2020 წლის 17 სექტემბრის წერილზე პასუხის მიღებისთანავე, არაუგვიანეს 3 თვისა.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2020 წლის 21 სექტემბერს №... წერილით კვლავ მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობას, გადაუგზავნა მას დაინტერესებული პირის და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის დროს მოძიებული დოკუმენტაცია და უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით, კერძოდ, მიღება-ჩაბარების აქტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადასტურება მოითხოვა. ამასთან, გამგეობას ეცნობა, რომ ფიქსირდება ზედდება სარეგისტრაციო წარმოებაში მყოფ №... (ი.შ-ი) განაცხადთან. ასევე, აღნიშნული განაცხადიდან დოკუმენტაცია გადაგზავნილი იყო ...ის რაიონის გამგეობაში ადგილმდებარეობის დადასტურების მიზნით.

მ.ქ-ემ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 2 ივნისის №... და 2021 წლის 31 მაისის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა მოითხოვა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 5 ივლისის №... გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა შესასრულებლად საწარმოსთვის, დაწესებულებისთვის, ორგანიზაციისთვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისთვის და ისინი უნდა შესრულდეს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავოდ გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პროცესუალური კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საზედამხედველო წარმოების წესებს, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებას, აღსრულების წარმოების შედეგად გამოცემული აქტით აღსასრულებელი სასამართლო გადაწყვეტილებით დამდგარი სამართლებრივი შედეგის გადასინჯვის შესაძლებლობას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 265-ე მუხლის შესაბამისად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება დაუშვებელია, გარდა კანონით დადგენილი გამონაკლისებისა, რომელშიც ამავე კოდექსის მე-11 კარით გათვალისწინებული საქმის წარმოების განახლების საფუძვლები მოიაზრება, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. ამასთანავე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაუშვებელია კანონიერ ძალაში მყოფი სასამართლო გადაწყვეტილების დანაწესის დაძლევა მარეგისტრირებელი ორგანოს მოქმედებებითა თუ მის მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონიერ ძალაში შესულ თბილისის საქალაქო სასამართლოს 13.06.2018წ. გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის თანახმად, მიწა შეიძლება არსებობდეს საკუთრებაში, როგორც დაზუსტებული, ასევე დაუზუსტებელი მონაცემებით. კანონმდებლობა არ შეიცავს დაუზუსტებელი მონაცემებით მიწის ნაკვეთის სუბიექტზე აღრიცხვის გამომრიცხავ დანაწესს. ამასთანავე, პირველად დაუზუსტებელ რეგისტრაციას არ აქვს მხოლოდ საცნობარო მნიშვნელობა, უმართებულოა მისი დაყვანა მხოლოდ ფაქტობრივ აღრიცხვამდე, რომელიც აღრიცხვის ობიექტის მიმართ არ იწვევს რაიმე სამართლებრივ შედეგს. სააღრიცხვო მონაცემებს იურიდიული მნიშვნელობა გააჩნია, სარეგისტრაციო აღრიცხვის ოფიციალობა უზრუნველყოფილია საჯარო რეესტრით. სარეგისტრაციო პროცედურას შედეგად მოსდევს უფლებადამდგენი დოკუმენტის გაცემა, რომელიც ადასტურებს იურიდიული ფაქტების კანონიერებას. რეგისტრაციას პრეიუდიციული მნიშვნელობა აქვს, ის არის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალიზაციის პირობა, რეგისტრაცია არის უძრავ ქონებაზე უფლების წარმოშობის, შეცვლის სახელმწიფოს მხრიდან დადასტურების იურიდიული აქტი, რითაც რეგისტრაციის განმახორციელებელი კისრულობს უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სამართალურთიერთობათა კომპლექსის დაცვის ვალდებულებას. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მიხედვით, ადმინისტრაციული საჩივრის არსებითად განხილვის ფარგლებში საკითხის სწორად გადაწყვეტისთვის საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უნდა დაადგინოს როგორც მ.ქ-ის მიწის ნაკვეთის, ისე ი.შ-ის მიწის ნაკვეთის ზუსტი ადგილმდებარეობა და საზღვრები რეესტრში დაცული მომიჯნავე მიწის ნაკვეთების სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მხედველობაში მიღებით, ასევე აღნიშნული მიწის ნაკვეთების სარეგისტრაციო მონაცემებისა და ნამდვილი მდგომარეობის შესაბამისობა, ვინაიდან საგანთა ნამდვილი მდგომარეობა და რეგისტრირებული მონაცემები უნდა იყოს თანხვედრაში, ხოლო დუბლირების და პარალელიზმის გამოვლენის შემთხვევაში, უნდა გაირკვეს, თუ რომელს გააჩნია უკეთესი სამართლებრივი საფუძველი. მხედველობაშია მისაღები, აგრეთვე, რეგისტრირებულ უფლებათა რიგითობა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ი.შ-ის იურიდიულ ინტერესს წარმოადგენს მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემული უძრავი ნივთის ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენა და დაზუსტებული რეგისტრაცია. ნიშანდობლივია, რომ სადავოდ გამხდარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს 13.06.2018წ. გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ განსახილველ დავაზე ი.შ-ის სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, აღნიშნული მისი იურიდიული მიზნის მიღწევას არ გამორიცხავს. დავის ამგვარი სახით გადაწყვეტა გავლენას არ ახდენს ი.შ-ის საკუთრების უფლებაზე, კერძოდ, მას არ ერთმევა შესაძლებლობა, რომ უფლებადამდგენი დოკუმენტებით საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთის რეალური ადგილმდებარეობის გამორკვევის შემდეგ, მოახდინოს დაზუსტებული სახით რეგისტრაცია.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ ი.შ-ის ერთ-ერთი სასარჩელო მოთხოვნაა მისი ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 4.09.2021წ. გადაწყვეტილების კანონიერება, რომელიც, თავის მხრივ, საფუძვლად დაედო მის განაცხადთან დაკავშირებით წარმოების განახლებასა და მიწის ნაკვეთების იდენტურობის დადგენის მიზნით ადმინისტრაციული ორგანოსგან (გამგეობისგან) ინფორმაციის გამოთხოვას.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 31 მაისის №... და 2021 წლის 2 ივნისის №... გადაწყვეტილებები დაეფუძნა იმ გარემოებას, რომ მარეგისტრირებელ ორგანოს მიმართული ჰქონდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობისთვის.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია მიწის ნაკვეთების სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემების შექმნის უზრუნველყოფა, კერძოდ: ა) სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე საკადასტრო სამუშაოების სისტემატურად შესრულება და საკუთრების უფლების რეგისტრაცია ამ კანონით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, ბ) ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სპორადული რეგისტრაცია ამ კანონით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, გ) მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების მათ ფაქტობრივ მდგომარეობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; დ) საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, ე) საჯარო რეესტრში რეგისიტრირებული მონაცემების სრულყოფა და მათი ურთიერთშესაბამისობის დადგენა, ვ) მიწის ნაკვეთებზე კერძო საკუთრების უფლების რეგისტრაციის წახალისება.

ამავე კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 41 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა სისტემური რეგისტრაციისა და იმ შემთხვევისა, როდესაც სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდგომარეობა.

დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს არაერთი წერილის მიუხედავად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობას კანონით დადგენილ ვადაში არ მოუხდენია რეაგირება. უდავოა, რომ მხარეთა უფლებადამდგენი დოკუმენტების ნამდვილობა განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გამოსაკვლევია მიწის ნაკვეთთა ნამდვილი ადგილმდებარეობა. ზემოაღნიშნულ წერილებზე ...ის რაიონულმა გამგეობამ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სამი წლის შემდეგ - 2023 წლის 11 სექტემბერს წერილობით უპასუხა, რომ შესაბამისი, სოფლის საკრებულოს (წლების მიხედვით) საკომლო წიგნები, მიწის სარეგისტრაციო მოწმობები, მიწის განაწილების (იგივე სარეფორმო) და საგადასახადო სიები, მებაღეობის დოკუმენტები (მიმაგრების ტალონები, მებაღის წიგნაკები) და სხვა უფლებადამდგენი დოკუმენტაცია არ გადასცემია. ამავე წერილში მითითებულია, რომ გამგეობას არ ჰყავს შესაბამისი კომპეტენციის თანამშრომელი, რომელიც შეძლებდა სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის დათვალიერებას, ინფორმაციის შეგროვებასა და ურთიერთშეჯერებას, რის გამოც ადმინისტრაციული ორგანო მოკლებულია შესაძლებლობას დაადგინოს სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აზომვით/აგეგმით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ როდესაც საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ დავებში ერთმანეთს უპირისპირდება რამდენიმე დაინტერესებული მხარის უფლება, სამართალურთიერთობა ექცევა სასამართლო კონტროლის ფარგლებში, რა დროსაც სასამართლოს მხრიდან მაქსიმალური სიფრთხილითა და მტკიცებულებათა ზედმიწევნითი გადამოწმებით უნდა მოხდეს საქმის გარემოებების შეფასება, რათა გამოვლინდეს დაცვის ღირსი უფლება და უზრუნველყოფილ იქნეს მისი რეალიზაცია.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.), მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში, გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია საკითხი შეისწავლოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. საკასაციო პალატა თვლის, რომ სადავო აქტი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უფლებამოსილებების ფართო სპექტრი გააჩნია. მითითებული კანონის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მინისტრის მიერ საჭიროების შემთხვევაში გამოცემული ბრძანებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალში სისტემური რეგისტრაცია წარმოებს სააგენტოს მიერ პროაქტიულად და სისტემურად მოპოვებული სარეგისტრაციო დოკუმენტაციისა და მის მიერვე პროაქტიულად და სისტემურად შედგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფუძველზე. ამავე კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთარი ინიციატივით შეცვალოს დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები, თუ სარეგისტრაციო დოკუმენტაციით ან/და საკადასტრო აღწერის შედეგად დადგინდა რეგისტრირებული საკადასტრო მონაცემების მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მდებარეობასთან შეუსაბამობა და უზრუნველყოს ამ მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა. ამავე კანონის 14.6 მუხლის თანახმად, სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის/დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას ადგენს სააგენტო, ხოლო განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის ფარგლებში - განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განმახორციელებელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა) გამოითხოვოს დოკუმენები, ბ) შეაგროვოს ცნობები, ბ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დ)დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი, ე) დანიშნოს ექსპერტიზა, ვ) გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება უნდა განხორციელდეს არა მხოლოდ ფორმალური წესების დაცვით, არამედ მიზნად უნდა ისახავდეს საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევას, სადავო საკითხზე შესაბამისი, დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებას. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა სათანადო წესით გამოკვლეული ადმინისტრაციული წარმოების დროს.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სადავო არეალზე ვრცელდება სისტემური რეგისტრაციის პროექტი, რომლის ფარგლებშიც, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია ჩაატაროს სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება, საკუთარი ინიციატივით გამოითხოვოს შესაბამის სარეგისტრაციო ბლოკში მდებარე მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით ყველა შესაძლო დოკუმენტი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი საკითხის ფარგლებში, მარეგისტრირებელმა ორგანომ მაქსიმალური სიზუსტით უნდა დაადგინოს მიწის ნაკვეთების ზუსტი ადგილმდებარეობა და საზღვრები. საკუთრების უფლების შელახვის გარეშე უნდა მოხდეს მოსარჩელეების კუთვნილი მიწის ნაკვეთის მონაცემების, მდებარეობისა და კონფიგურაციის იდენტიფიცირება. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უნდა შეაფასოს უფლების დამდგენი დოკუმენტებიდან გამომდინარე, მოსარჩელეების მოთხოვნების, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლიანობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა დასკვნებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის საფუძველზე სახეზე იყო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 5 ივლისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მოპასუხისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძვლები.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ი.შ-ის საკასაციო საჩივარზე მ.ღ-ს 6.07.2024წ. №... საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მ.ღ-ს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი.შ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 თებერვლის განჩინება;

3. მ.ღ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ი.შ-ის საკასაციო საჩივარზე მის მიერ 6.07.2024წ. №... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა