Facebook Twitter

საქმე #ბს-764(კ-24) 21 ნოემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – შპს „A...“

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 მარტის განჩინება

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2018 წლის 27 სექტემბერს შპს „A...-მ“ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2010 წლის 31 დეკემბრის #266 ბრძანებით ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ბათუმში, ...ს ქუჩის #...-ის მიმდებარე 1621 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ. ...) პირდაპირი მიყიდვის ფორმით ერთ ლარად, ვალდებულებების შესრულების პირობით, საკუთრებაში გადაეცა შპს „A...-ს“.

ბრძანების საფუძველზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და შპს „A...-ს“ შორის ჯერ 2010 წლის 31 დეკემბერს, ხოლო შემდეგ, 2011 წლის 18 თებერვალს გაფორმდა ძირითადი ნასყიდობის ხელშეკრულებები. 2011 წლის 18 თებერვალს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავი ქონება (ს.კ. ...) დარეგისტრირდა შპს „A...-ს“ საკუთრებად.

მოსარჩელის მითითებით, ხელშეკრულების 3.2 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, შპს „A...“ ვალდებული იყო, 2018 წლის 1 თებერვლამდე შეძენილ ფართზე ქალაქ ბათუმის მერიასთან შეთანხმებით პროექტის მიხედვით აეშენებინა და ექსპლუატაციაში მოეყვანა არანაკლებ 22-სართულიანი შენობა-ნაგებობა; 2018 წლის 11 თებერვლამდე აღნიშნულ შენობა-ნაგებობაში უნდა აემოქმედებინა არანაკლებ 180-ნომრიანი სასტუმრო და უნდა განეთავსებინა კაზინო, რისთვისაც უნდა განეხორციელებინა არანაკლებ 30 (ოცდაათი) მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია; სასტუმროს ექსპლუატაციაში შესვლიდან 6 თვის ვადაში უნდა შეექმნა არანაკლებ 100 სამუშაო ადგილი.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ვალდებულებების შეუსრულებლობის მოტივით, 2018 წლის 14 ივნისის #01-01-3/283 ბრძანების საფუძველზე, მოშალა (გააუქმა) 2010 წლის 31 დეკემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება და გააუქმა 2011 წლის 4 მარტს შპს „A...-ზე“ გაცემული #16593 საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2018 წლის 14 ივნისის #01-01-3/283 ბრძანება არის უკანონო და დაუსაბუთებელი.

მოსარჩელე მიუთითებს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისთანავე შპს „A...“ შეუდგა ვალდებულებების შესრულებას, კერძოდ, ჩაატარა საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოები; ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2011 წლის #2 ივლისის #740 ბრძანების საფუძველზე, მიიღო ნებართვა ტერიტორიის სამშენებლო დანშნულებით გამოყენებაზე; შეიმუშავა სასტუმროს მშენებლობის პროექტი; დროებითი კოლეგიალური განაშენიანების რეგულირების საბჭოს 2011 წლის 26 ივნისის #7 გადაწყვეტილებით შპს „A...-ს“ მიეცა თანხმობა, ქალაქ ბათუმში, ...ს ქუჩის #...-ის მიმდებარედ საზოგადოებრივი ობიექტის მშენებლობის თაობაზე.

მოსარჩელის განმარტებით, შპს „A...-ს“ მიერ დაიწყო მშენებლობის პროცესი, რა დროსაც თავი იჩინა არაერთმა გაუთვალისწინებელმა გარემოებამ. თავდაპირველად, მშენებლობის დაწყების ეტაპზე, საძირკვლის დამუშავების დროს მშენებლობის მიმდებარე საცხოვრებელი ბინების მესაკუთრეები ამტკიცებდნენ, რომ მათ ბინებზე გაჩენილი ბზარები გამოწვეული იყო წარმოებული სამუშაოებით, რაზედაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2014 წლის 4 ნოემბრის #377 ბრძანებით შეიქმნა პრობლემების შემსწავლელი შერეული სამთავრობო კომისია. აღნიშნულის გამო, შპს „A...-ს“ დაკვეთით მომზადებულ იქნა არაერთი საექსპერტო დასკვნა, რასაც დასჭირდა მნიშვნელოვანი დრო. დასკვნებით დადასტურდა, რომ შპს „A...-ს“ მიერ წარმოებული სამშენებლო სამუშაოები არ შეიძლებოდა გამხდარიყო საცხოვრებელ სახლებზე გაჩენილი ბზარების წარმოქმნის მიზეზი.

მოსარჩელის აღნიშვნით, იმის გათვალისწინებით, რომ მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართობი არის 1621 კვ.მ, რაზეც მთლიანად მიმდინარეობდა საძირკვლის მოწყობის სამუშაოები, ფაქტობრივად არ დარჩა ადგილი, სადაც შესაძლებელი იქნებოდა საძირკვლის მოწყობისათვის აუცილებელი სამუშაოების წარმოება (არმატურის დასაწყობება, არმატურის დასაჭრელი დანადგარების განთავსება და ა.შ.). შპს „A...-მ“ არაერთხელ მიმართა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას განცხადებით (2016 წლის 19 ივლისს და 2017 წლის 13 მარტს), რომლითაც ითხოვდა ნებართვას, გადაეკეტა და დროებით შემოეღობა ქალაქ ბათუმში, ...ს ქუჩის, ...სა და ...ს ქუჩებს შორის მონაკვეთი, რათა დაცული ყოფილიყო მშენებლობის უსაფრთნოების ზომები და ამასთან, მშენებლობის წარმოება განხორციელებულიყო შეუფერხებლად. თუმცა იმ მოტივით, რომ იყო საკურორტო სეზონი, მერიამ 2016 წლის 14 სექტემბრის #25/15465 წერილით ამ მოთხოვნაზე უთხრა უარი.

რაც შეეხება 2017 წლის 13 მარტის წერილს, რომელიც შპს „A...-მ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში შეიტანა შპს „ქ...სთან“ ერთად (აღნიშნული კომპანია მიმდებარედ აწარმოებდა სამშენებლო სამუშაოებს და მასაც ესაჭიროებოდა გზის გადაკეტვა), აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანიას პასუხი არ მიუღია.

მოსარჩელე მიუთითებს, რომ გზის გადაკეტვაზე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და სქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უარმაც შპს „A...-ს“ გაუჭიანურა სამუშაოების შესრულება. გზის გადაკეტვაზე უარმა, ფაქტობრივად, შეუძლებელი გახადა ვალდებულებების შესრულება. ამ დროს კი მოსარჩელეს გაუვიდა მშენებლობის ნებართვის ვადა, რის გამოც 2017 წლის 28 ნოემბერს კომპანიამ მიმართა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას მშენებლობის ვადის 27 თვით გაგრძელების თაობაზე წერილით, რომელსაც თან დაურთო საზოგადოებრივი ტერიტორიის სარგებლობისთვის გადახდილი მოსაკრებლის - 13 185 ლარისა და სანებართვო მოსაკრებლის - 1624 ლარის გადახდის ქვითრები (ჯამში 15 000 ლარამდე).

მოსარჩელის მითითებით, მერიის 2017 წლის 6 დეკემბრის #2519392 წერილით შპს „A...-ს“ ეცნობა, რომ ადმინისტრაციული წარმოების ვადა გაგრძელდა 3 თვით და ამ ვადის გასვლის მიუხედავად, შპს „A...-ს“ არ მიუღია არავითარი პასუხი.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შპს „A...-სათვის“ უარი და სამშენებლო ნებართვის ვადის გაუგრძელებლობა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფორს-მაჟორულ გარემოებად უნდა ჩაითვალოს.

ამდენად, მოსარჩელემ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და შპს „A...-ს“ შორის 2010 წლის 31 დეკემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების მოშლისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაუქმების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2018 წლის 14 ივნისის #01-01-3/283 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

2023 წლის 20 მარტს, საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, მოსარჩელემ შუამდგომლობით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის საფუძველზე, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და შპს „A...-ს“ შორის 2010 წლის 31 დეკემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების მოშლისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაუქმების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2018 წლის 14 ივნისის #01-01-3/283 ბრძანების მოქმედების შეჩერება მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 23 მარტის განჩინებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე შპს „A...-ს“ შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 23 მარტის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „A...-მ“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, გასაჩივრებული ბრძანების მოქმედების შეჩერების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 აპრილის განჩინებით შპს „A...-ს“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 23 მარტის განჩინება; დაკმაყოფილდა შპს „A...-ს“ შუამდგომლობა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეჩერდა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და შპს „A...-ს“ შორის 2010 წლის 31 დეკემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების მოშლისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაუქმების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2018 წლის 14 ივნისის #01-01-3/283 ბრძანების მოქმედება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „A...-ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „A...-მ“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 მარტის განჩინებით შპს „A...-ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ 2010 წლის 31 დეკემბრის ხელშეკრულება უკვე გაუქმებული იყო 2011 წლის 18 თებერვლის შეთანხმებით. შესაბამისად, იგი თვლიდა, რომ სამინისტრომ უკვე გაუქმებული ხელშეკრულება მოშალა. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის აღნიშნული მითითება და განმარტა, რომ სამინისტროსა და კომპანიას შორის 2010 წლის 31 დეკემბერს გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ 2011 წლის 18 თებერვლის შეთანხმების აქტში ერთმნიშვნელოვნად იყო აღნიშნული, რომ ამ აქტით ცვლილება შევიდა 2010 წლის 31 დეკემბერს გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში და ხელშეკრულება ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. მაშასადამე, აღნიშნული შეთანხმებით არ დადებულა ახალი ხელშეკრულება, მხოლოდ 2010 წლის 31 დეკემბრის ხელშეკრულება ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. შესაბამისად, შემდგომში, ყველა შეთანხმების აქტით ხდებოდა 2010 წლის 31 დეკემბრის ახალი რედაქციით ჩამოყალიბებულ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა და არა ახალი ხელშეკრულებების დადება, იმ განსხვავებით, რომ 2011 წლის 18 თებერვალს, მთლიანად ახალი რედაქციით მოხდა ხელშეკრულების ჩამოყალიბება, ხოლო შემდგომი შეთანხმების აქტებით ხელშეკრულების ცალკეულ მუხლებს შეეხო ცვლილებები.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, კომპანიის მხრიდან ვალდებულებების შესრულების შეუძლებლობას ადასტურებდა მის მიმართ იძულებითი აღსრულების ღონისძიებების მიმდინარეობა. პალატამ გაითვალისწინა ისიც, რომ ვალდებულებების შესრულებისთვის კომპანიას ვადა არაერთხელ და არაერთი წლით გაუგრძელდა, თუმცა - უშედეგოდ. შესაბამისად, კომპანიას არ ჰქონდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ობიექტური შესაძლებლობა, რის გამოც ხელშეკრულების მოქმედების კვლავ გაგრძელება, წინააღმდეგობაში მოდიოდა, იმ საჯარო მიზნებთან, რასაც კონკრეტული ქონების განსახელმწიფოებრიობა ისახავდა მიზნად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „A...-მ“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და შპს „A...-ს“ შორის 2011 წლის 18 თებერვალს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების 6.1.-6.2. მუხლებზე, რომლითაც განსაზღვრულია ფორს-მაჟორული გარემოებები. კასატორის მითითებით, სამშენებლო სამუშაოებისათვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენდა ის გარემოება, რომ შპს „A...-ს“ გადაეკეტა ქალაქ ბათუმში, ...ს, ...სა და ...ს ქუჩებს შორის მონაკვეთი, რათა დაცული ყოფილიყო მშენებლობის უსაფრთხოების ზომები და ამასთან, მშენებლობის წარმოება შეუფერხებლად განხორციელებულიყო. თუმცა იმ მოტივით, რომ იყო საკურორტო სეზონი, მერიის 2016 წლის 14 სექტემბრის #25/15465 წერილით კომპანიას უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ასევე, 2017 წლის 13 მარტის წერილზე პასუხი მოსარჩელეს დღემდე არ მიუღია. შესაბამისად, კასატორი აღნიშნავს, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით კომპანიას უარი უთხრა გზის გადაკეტვაზე, ასევე, სამშენებლო ნებართვის ვადის გაგრძელებაზე.

კასატორის მითითებით, ხელშეკრულების დადების დროისათვის კომპანია ვერ გათვლიდა, რომ შპს „A...-ს“ მიერ წარმოებული სამშენებლო სამუშაოები შეიძლება გამხდარიყო მომიჯნავედ მდებარე საცხოვრებელ სახლებზე გაჩენილი ბზარების წარმოქმნის მიზეზი და ამის დადგენის მიზნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე შექმნიდა შერეულ სამთავრობო კომისიას, რამაც, ასევე, გააჭიანურა მშენებლობის პროცესი.

კასატორის მითითებით, გასაჩივრებულ განჩინებაში სააპელაციო სასამართლო ყურადღებას არ ამახვილებს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე იმ გარემოებაზე, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2010 წლის 31 დეკემბრის #266 ბრძანების საფუძველზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და შპს „A...-ს“ შორის 2010 წლის 31 დეკემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება მხარეებმა შეცვალეს და 2011 წლის 18 თებერვალს ჩამოაყალიბეს ახალი რედაქციით. სწორედ 2011 წლის 18 თებერვალს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების (და არა 2010 წლის 31 დეკემბერს გაფორმებული პირობებიანი ნასყიდობის ხელშეკრულების) საფუძველზე დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში ქალაქ ბათუმში, ...ს ქუჩის #...-ის მიმდებარედ 1621 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ. ...) მოსარჩელის საკუთრებად. კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გაუქმდა და შეწყდა მხარეთა შორის 2010 წლის 31 დეკემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, მაშინ, როდესაც აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულება მხარეებს 2011 წლის 18 თებერვალს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე უკვე გაუქმებული ჰქონდათ. ამდენად, კასატორი თვლის, რომ სარჩელი სულ მცირე ამ საფუძვლით უნდა დაკმაყოფილებულიყო.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლო ყურადღებას არ ამახვილებს სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ მშენებლობის პროცესში ხელშეშლის ფაქტებზე, კერძოდ, იმ გარემოებაზე, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უარმა გზის გადაკეტვაზე გააჭიანურა სამუშაოების შესრულება. გზის გადაკეტვაზე უარმა შეუძლებელი გახადა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „A...-ს“ საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „A...-ს“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და შპს „A...-ს“ შორის 2010 წლის 31 დეკემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების მოშლისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაუქმების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2018 წლის 14 ივნისის #01-01-3/283 ბრძანების კანონიერება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანებით, შპს „A...-ს“ საკუთრებაში გადაეცა ქალაქ ბათუმში, ...ს ქუჩაზე 440.95 კვ.მ შენობა-ნაგებობა და 1621 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 (ერთ) ლარად, შემდეგი პირობებით: ა) საპრივატიზებო თანხა გადახდილი უნდა ყოფილიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვის ვადაში; ბ) ხელშეკრულების გაფორმებიდან 40 თვის ვადაში შეძენილ ფართზე, თვითმმართველ ქალაქ ბათუმის მერიასთან შეთანხმებული პროექტის შესაბამისად, უნდა აშენებულიყო და ექსპლუატაციაში შესულიყო არანაკლებ 22-სართულიანი შენობა-ნაგებობა, სადაც განთავსდებოდა სასტუმრო არანაკლებ 100 ნომრით და კაზინო; გ) სასტუმროს ექსპლუატაციაში შესვლიდან 6 თვის ვადაში უნდა შექმნილიყო არანაკლებ 100 სამუშაო ადგილი. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში კომპანიამ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გადაუხადა ნასყიდობის საფასური.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2010 წლის 31 დეკემბრის #266 ბრძანების საფუძველზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და შპს „A...-ს“ შორის 2010 წლის 31 დეკემბერს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის 3.1. მუხლის თანახმად, გამყიდველმა აიღო ვალდებულება: ა) მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა ზომას, რათა გააუქმოს ქონებასთან დაკავშირებით მესამე მხარეთა ნებისმიერი პრეტენზია/მოთხოვნა (მათ შორის, საიჯარო უფლებები, უზრუნველყოფა და ა.შ.), იმგვარად, რომ ქონება თავისუფალი იყოს ნებისმიერი და ყოველგვარი ვალდებულებისგან მყიდველზე საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის მომენტისათვის; ბ) მყიდველის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების სრულად შესრულებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში და იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი სამინისტროს წარუდგენს შესაბამის საექსპერტო/აუდიტორულ დასკვნას, გაუგზავნოს „მყიდველს" ოფიციალური შეტყობინება და დაადასტუროს, რომ მყიდველმა სრულად, სათანადოდ და დროულად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები; გ) მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე განახორციელოს ყველა სახის ქმედება და მიიღოს შესაბამისი ზომები წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებასთან და მხარეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით.

ამავე ხელშეკრულების 3.2. მუხლის თანახმად კი მყიდველმა აიღო შემდეგი ვალდებულებები: ა) 2.1. მუხლის შესაბამისად გადაიხადოს ნასყიდობის ფასი და მიაწოდოს მყიდველს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 40 თვის ვადაში შეძენილ ფართზე თვითმმართველ ქალაქ ბათუმის მერიასთან შეთანხმებული პროექტის შესაბამისად ააშენოს და ექსპლუატაციაში გაუშვას არანაკლებ 22-სართულიანი შენობა-ნაგებობა, სადაც განთავსდება არანაკლებ 100-ნომრიანი სასტუმრო და კაზინო; გ) სასტუმროს ექსპლუატაციაში შესვლიდან 6 თვის ვადაში შექმნას არანაკლებ 100 სამუშაო ადგილი; დ) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ინფორმაცია „გამყიდველს“; ე) მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, განახორციელოს ყველა სახის ქმედება და მიიღოს შესაბამისი ზომები წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებასთან და მხარეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით.

2011 წლის 18 თებერვალს მხარეებს შორის გაფორმდა შეთანხმების აქტი, 2010 წლის 31 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ და ხელშეკრულება ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. ახალი რედაქციით ჩამოყალიბებული ხელშეკრულების 3.2. მუხლის „ბ“ პუნქტის შესაბამისად, მყიდველი ვალდებული იყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 40 თვის ვადაში შეძენილ ფართზე თვითმმართველ ქალაქ ბათუმის მერიასთან შეთანხმებული პროექტის შესაბამისად აეშენებინა და ექსპლუატაციაში გაეშვა არანაკლებ 22-სართულიანი შენობა-ნაგებობა, სადაც განთავსდებოდა არანაკლებ 100-ნომრიანი სასტუმრო და კაზინო; „გ“ პუნქტის თანახმად, სასტუმროს ექსპლუატაციაში შესვლიდან 6 თვის ვადაში, კომპანიას უნდა შეექმნა არანაკლებ 100 სამუშაო ადგილი; „დ“ პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე მყიდველს მოთხოვნისთანავე უნდა წარედგინა ინფორმაცია გამყიდველისათვის.

საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, მიმოიხილოს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, ყურადსაღებია, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან პერიოდულად სამინისტრო კომპანიისაგან ითხოვდა შესრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაციის წარდგენას. საწყისი პერიოდის შემდგომ, 2012 წლიდან სამინისტროს ყველა მოთხოვნას მოსარჩელე პასუხობდა წერილით, რომლითაც მშენებლობის გაგრძელების ხელშემშლელ სხვადასხვა ფაქტორებზე მითითებით, შპს „A...“ სამინისტროსაგან ითხოვდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების გაგრძელებას. მაგალითად, 2012 წლის 17 ოქტომბრის წერილით (2012 წლის 13 ივნისის #01-10/2834 წერილის პასუხად) კომპანია განმარტავდა, რომ მათ მიერ დაწყებული იყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, თუმცა არსებობდა გაუთვალისწინებელი გარემოებები, კერძოდ, მომზადდა პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა სასტუმროს 104 ნომერს, რაც შეიცვალა ოპერატორის თხოვნით, რათა გაზრდილიყო სასტუმროს ნომრების რაოდენობა. დამზადდა ახალი პროექტი, რომელშიც გათვალისწინებულ იქნა სასტუმროს არანაკლებ 180 ნომერი. კომპანიის მითითებით, მშენებლობის კარკასული ნაწილი დასრულდებოდა 2013 წლის 31 დეკემბრამდე. კომპანია ასევე განმარტავდა, რომ გრუნტის სირთულიდან გამომდინარე, დროში გაიწელა ფუნდამენტის დაპროექტება, რის გამოც იგი ითხოვდა, ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანას მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღების ვადის 9 თვით გაგრძელების შესახებ.

საგულისხმოა, რომ შემდგომში კომპანიამ არაერთგზის მოითხოვა სახელშეკრულებო ვალდებულებათა შესრულებისათვის განსაზღვრული ვადების გაგრძელება იმ საფუძვლით, რომ მშენებლობის მიმდინარეობის პროცესში, იზრდებოდა მიმდებარე საცხოვრებელი სახლების ბზარები, რის გამოც საჭირო იყო გარკვეულ ღონისძიებათა გატარება, რაც დროსთან იყო დაკავშირებული. აღნიშნული საფუძვლით 2010 წლის 31 დეკემბრის ხელშეკრულებაში ცვლილებები შევიდა 2014 წლის 7 ნოემბრის, 2015 წლის 17 ივნისისა და 2015 წლის 1 დეკემბრის შეთანხმების აქტებით.

სამინისტროს 2016 წლის 23 თებერვლის #01-10/573 წერილით, კომპანიას ისევ ეთხოვა, წარედგინა ნულოვანი ნიშნულის მშენებლობის დასრულების შესახებ ინფორმაცია აუდიტის დასკვნასთან ერთად, რის პასუხადაც 2016 წლის 9 მარტის წერილით (რეგ. #1331, 11.03.2016წ.) კომპანიამ განმარტა, რომ მშენებლობის პერიოდში თავი იჩინა გაუთვალისწინებელმა გარემოებებმა, რის გამოც კომპანიამ შეიმუშავა ქვაბულის მოწყობის მეთოდოლოგია და საინჟინრო ექსპერტიზისთვის წარადგინა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, რომლის დასკვნაც მიიღეს 16.10.2015წ.-ს და რომლითაც დასტურდებოდა, რომ წარდგენილი ქვაბულის მოწყობის მეთოდოლოგიით წარმოებული მშენებლობა მომიჯნავედ მდებარე შენობებზე უარყოფით ზეგავლენას არ იქონიებდა. ამ მეთოდოლოგიის შესაბამისად, მშენებლობაზე განხორციელდა დამატებით 80 ხიმინჯის მოწყობა, იმჟამად კი მიმდინარეობდა ხიმინჯების მომტვრევა საძირკვლის ნიშნულამდე, რის გამოც ვერ მოხერხდებოდა 2016 წლის 25 თებერვლამდე ნულოვანი ნიშნულის მშენებლობის დასრულება. კომპანია, ასევე, განმარტავდა, რომ აღნიშნული ზეგავლენას არ მოახდენდა მშენებლობის ძირითად ვადებზე, კერძოდ, ნაკისრი ვალდებულება, რომ 2018 წლის 1 იანვრამდე მშენებლობა დასრულდებოდა და შენობა-ნაგებობა შევიდოდა ექსპლუატაციაში, მკაცრად იქნებოდა დაცული.

კომპანიამ, 2016 წლის 28 ივნისსა და 10 აგვისტოს კვლავ წარადგინა განცხადებები სამინისტროში, რომლებშიც იგი მიუთითებდა ვალდებულებების შესრულების დამაბრკოლებელ გარემოებებზე და ითხოვდა ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანას. კერძოდ, 2016 წლის 28 ივნისის #43 წერილში (რეგ. #4123, 28.06.2016), კომპანია აღნიშნავდა, რომ 2016 წლის 9 მარტის წერილში უკვე განმარტეს ის ობიექტური მიზეზები, რის გამოც ვერ მოხერხდა აღებული ვალდებულებების ვადებში შესრულება, თუმცა გარდა იმისა, რაც ზემოხსენებულ წერილში აღინიშნა, იყო კიდევ ერთი გაუთვალისწინებელი დაბრკოლება. კერძოდ, მომიჯნავედ არსებულ ამხანაგობა „ე...-ისა“ და შპს „A...-ს“ სამშენებლო ტერიტორიის გამყოფ საზღვარზე იდგა ხე, რომლის მოჭრის წინააღმდეგი იყო ამხანაგობა, რის გამოც, ფაქტობრივად შეუძლებელი იყო მშენებლობის გაგრძელება, თუმცა, აღნიშნული პრობლემა მოიხსნა (რამაც თითქმის ერთი თვე დაყოვნება გამოიწვია) და კომპანია იღებდა პასუხისმგებლობას, რომ მშენებლობა გაგრძელდებოდა შეუფერხებლად.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „A...-მ“ ითხოვა, არ გავრცელებულიყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანქციები და შემდეგი ცვლილებები შესულიყო 2010 წლის 31 დეკემბერს გაფორმებული #101313619 ნასყიდობის ხელშეკრულების 3.2. მუხლის „ბ“ პუნქტში: ა) ნულოვანი ციკლი - 15.11.2016წ.; ბ) 15 სართული - 01.03.2017წ.; გ) სრული კარკასი - 01.07.2017წ.; დ) შიდა და მზიდი კედლები - 01.10.2017წ.; ე) ექსპლუატაციაში შესვლა - 01.01.2018წ.; ვ) სასტუმრო გაიხსნება ექსპლუატაციაში შესვლიდან 10 დღეში - 10.01.2018წ.

2016 წლის 10 აგვისტოს #64 წერილში კი აღნიშნულია, რომ ობიექტური მიზეზები, რის გამოც ვერ მოხერხდა აღებული ვალდებულებების შესრულება, აღწერილია 09.03.2016წ. #7 და 28.06.2016წ. #43 წერილებით, კერძოდ, ის რომ კომპანიამ შეიმუშავა ქვაბულის მოწყობის მეთოდოლოგია და საინჟინრო ექსპერტიზისათვის წარადგინა ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, რომლის დასკვნაც მიიღეს 16.10.2015წ.-ს და რომლითაც დასტურდება, რომ წარდგენილი ქვაბულის მოწყობის მეთოდოლოგიით წარმოებული მშენებლობა მომიჯნავედ მდებარე შენობებზე უარყოფით ზეგავლენას არ იქონიებდა. აღნიშნული მეთოდოლოგიის შესაბამისად, მიმდინარე მშენებლობაზე განხორციელდა დამატებით 80 ხიმინჯის მოწყობა. იმჟამად დასრულებული იყო ხიმიჯნების მომტვრევა საძირკვლის ნიშნულამდე და მიმდინარეობდა ლიფტის შახტის საძირკვლის მოწყობის სამუშაოები. გარდა აღნიშნულისა, იყო სხვა გაუთვალისწინებელი დაბრკოლებებიც, თუმცა აღნიშნული პრობლემები მოიხსნა და კომპანია იღებდა პასუხისმგებლობას, რომ მშენებლობა გაგრძელდებოდა შეუფერხებლად.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „A...-მ“ მოითხოვა არ გავრცელებულიყო ხელშეკრულების გათვალისწინებული სანქციები და ცვლილებები შესულიყო 2010 წლის 31 დეკემბერს გაფორმებულ #101313619 ნასყიდობის ხელშეკრულების 3.2. მუხლის „ბ“ პუნქტში: ა) ნულოვანი ციკლი - 01.12.2016წ.; ბ) 15 სართული - 10.04.2017წ.; გ) სრული კარკასი - 20.09.2017წ.; დ) შიდა და მზიდი კედლები - 25.12.2017წ.; ე) ექსპლუატაციაში შესვლა - 01.02.2018წ.; ვ) სასტუმრო გაიხსნება ექსპლუატაციაში შესვლიდან 10 დღეში - 11.02.2018წ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, მხარეთა შორის კვლავ შედგა შეთანხმების აქტი (07.09.2016წ.).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ რამდენადაც მოსარჩელე სხვადასხვა მიზეზებით ვერ ასრულებდა ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, მან არაერთგზის მოითხოვა ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადების გაგრძელება, რისი გათვალისწინებითაც, 2010 წლის 31 დეკემბრის ხელშეკრულებაში შევიდა სულ 7 ცვლილება (2012 წლის 26 დეკემბრის, 2014 წლის 13 იანვრის, 2014 წლის 7 ნოემბრის, 2015 წლის 17 ივნისის, 2015 წლის 1 დეკემბრისა და 2016 წლის 7 სექტემბრის შეთანხმების აქტებით). ყველა ცვლილების შეტანას ხელშეკრულებაში თან ახლდა დათქმა, რომ კომპანია თავისუფლდებოდა 2010 წლის 31 დეკემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის განსაზღვრული ჯარიმებისაგან, იმ პირობით, რომ შესრულებული იქნებოდა ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2016 წლის 21 ნოემბრის #01-10/4591 წერილით, კომპანიას კიდევ ერთხელ ეთხოვა, წარედგინა ნულოვანი ნიშნულის მშენებლობის დასრულების შესახებ ინფორმაცია აუდიტის დასკვნასთან ერთად, რის პასუხადაც 2016 წლის 30 ნოემბრის წერილში (რეგ. #7593) კომპანიამ კვლავ განმარტა, რომ მშენებლობის პროცესში თავი იჩინეს გაუთვალისწინებელმა გარემოებებმა, მაგ. მოსახლეობის გაღიზიანების გამო სამუშაოების წარმოება უწევდათ შეზღუდული გრაფიკით, ასევე, მოსახლეობისთვის მუდმივად უწევდათ მშენებლობის უსაფრთხოების მტკიცება, რის გამოც ჩატარდა არაერთი ექსპერტიზა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მოსახლეობამ არაერთხელ გამოიძახა საპატრულო ეკიპაჟი და ამ ფაქტების გამო 2 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში სამუშაოები ფერხდებოდა, თუმცა სამუშაოების 90% დასრულებული იყო და 2-3 დღეში დაიწყებოდა ქვაბულის დამუშავება. ამასთან, კომპანია მიუთითებდა მშენებლობის გაგრძელებისთვის ქუჩების გადაკეტვის აუცილებლობაზე, რისთვისაც მიმართეს მერიას და იმედოვნებდნენ, რომ უმოკლეს ვადებში შესაბამის თანხმობასაც მიიღებდნენ. იქვე, კომპანიამ აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნულ დამაბრკოლებელ გარემოებათა გამო, ვერ ასახელებდა ზუსტ თარიღს, თუ როდის მოხდებოდა ნულოვანი ნიშნულის მშენებლობის დასრულება. შესაბამისად, სამინისტროში წარდგენილი განცხადებით, შპს „A...-მ“ კვლავ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა მოითხოვა. მაშასადამე, მშენებლობის შეუფერხებლად განხორციელებისთვის ქუჩების ნაწილის გადაკეტვის აუცილებლობაზე პირველად სწორედ ამ წერილით მოხდა მითითება.

2017 წლის 16 ნოემბრის წერილში (რეგ. #01-9/8164), კომპანია კვლავ ყურადღებას ამახვილებს მშენებლობის დამაბრკოლებელ იმ გარემოებაზე, რომ საძირკვლის მოწყობის სამუშაოების წარმოება მოითხოვს შესაბამისი მასალის დასაწყობებას, რისი ადგილიც სამშენებლო მოედანზე არაა და, შესაბამისად, მიმართეს მერიას ქუჩების გადაკეტვის ნებართვის გაცემის თხოვნით, თუმცა, საკურორტო სეზონის გამო, 2016 წლის 14 სექტემბრის #25/15465 წერილით უარი ეთქვათ, ხოლო კომპანია „ქ...სთან“ (რომელიც ასევე მიმდებარედ აწარმოებდა მშენებლობას) ერთად წარდგენილ ქუჩების გადაკეტვის თაობაზე განცხადებაზე კი (2017 წლის 13 მარტის წერილი) პასუხი დღემდე არ მიუღიათ. ყოველივე აღნიშნულმა, შპს „A...-ს“ აღნიშვნით, თითქმის მეორე წელია გააჭიანურა სამუშაოები, რადგან შეუძლებელი ხდებოდა პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების გაგრძელება (მუშებს უწევდათ წყალში მუშაობა, არმატურების დასაჭრელი დანადგარების დამონტაჟება შეუძლებელი იყო, გროვდებოდა ბალასტი, ბეტონმზიდის შეყვანა მხოლოდ საკურორტო სეზონის დასრულების შემდეგ, სექტემბრის ბოლოს გახდა შესაძლებელი და ა.შ.). მიუხედავად ამისა, განმცხადებლის მტკიცებით, სამუშაოები მიმდინარეობდა, თუმცა არა იმ ტემპით, რაც სჭირდებოდა აღნიშნულ მშენებლობას და ნებართვების დროულად აღებაში სამინისტროს დახმარების შემთხვევაში, დაბრკოლებების მოხსნის დღიდან, დაჩქარებული ტემპით განახლდებოდა მშენებლობა. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, შპს „A...-მ“ კვლავ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა და ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო საჯარიმო სანქციებისაგან გათავისუფლება მოითხოვა.

საგულისხმოა, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 14 სექტემბრის #25/15465 წერილით შპს „A...-ს“ ეცნობა, რომ ქუჩების გადაკეტვა მერიას, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამინისტროს მოსაზრებების გათვალისწინებით, ქალაქის ამ ტერიტორიებზე საზაფხულო სეზონზე მიზანშეწონილად არ მიაჩნდა და საკითხის განხილვა დასაშვები იქნებოდა 2016 წლის საზაფხულო სეზონის დასრულების - 1 ოქტომბრის შემდეგ. როგორც აღინიშნა, ხსენებულ წერილს საფუძვლად დაედო საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს 2016 წლის 1 აგვისტოს #MIA 6 16 01956445 წერილი, რომლითაც ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს ეცნობა, რომ ...სა და ...ს ქუჩებს შორის ...ს ქუჩის მონაკვეთის გადაკეტვა და დროებით შემოღობვა სამმართველოს შეუძლებლად მიაჩნდა 2016 წლის სექტემბრის თვის ბოლომდე, საზაფხულო სეზონთან დაკავშირებით.

სამინისტროს 2017 წლის 8 დეკემბრის #01-10/5555 წერილით კომპანიას ეთხოვა სამინისტროსთვის ეცნობებინა, რა ვადაში უზრუნველყოფდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდას. წერილის ჩაბარების მიუხედავად, კომპანიას სამინისტროში პასუხი არ წარუდგენია.

სამინისტროს 2018 წლის 12 აპრილის #01-10/1578 წერილით შპს „A...-ს“ კიდევ ერთხელ ეთხოვა სამინისტროსათვის ეცნობებინა, ხორციელდებოდა თუ არა საკუთრებაში გადაცემულ ქონებაზე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. ამავე წერილით, კომპანია გაფრთხილდა, რომ ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, სამინისტრო დაიწყებდა ხელშეკრულების მოშლის პროცედურებს.

2018 წლის 10 მაისს სამინისტროში წარდგენილი განცხადებით შპს „A...“ ისევ მიუთითებდა სხვადასხვა დაბრკოლებებზე, კერძოდ, საძირკვლის მოწყობისათვის აუცილებელი სამუშაოების წარმოების მიზნით (არმატურის დასაწყობება, არმატურის დასაჭრელი დანადგარის განთავსება, და ა.შ.) ...ს, ...სა და ...ს ქუჩებს შორის მონაკვეთის დროებით გადაკეტვისა და შემოღობვის შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისაგან ნებართვის გაუცემლობაზე, სამშენებლო ტერიტორიაზე ბეტონმზიდის შეყვანის შეუძლებლობასა და ამ მიზეზთა გამო, მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელების აუცილებლობაზე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2018 წლის 29 მაისის #01-01-3239 ბრძანებით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და შპს „A...-ს“ შორის 2010 წლის 31 დეკემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაუქმების სამართლებრივი საფუძვლების დადგენისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის მიზნით.

ადმინისტრაციულ წარმოებაში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, დაინტერესებულ მხარედ ჩაბმულ იქნა შპს „A...-ც“, რომელსაც განემარტა, რომ უფლება ჰქონდა გაცნობოდა ადმინისტრაციული წარმოების მასალებს, გარდა იმ მასალებისა, რომლებიც წარმოადგენდა უშუალოდ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებასთან დაკავშირებულ, შიდაუწყებრივი ხასიათის დოკუმენტაციას; მასვე უფლება ჰქონდა, წარედგინა წერილობითი მოსაზრებები ბრძანების ჩაბარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში. შპს „A...-ს“, ასევე, განემარტა, რომ მოსაზრებების წარმოუდგენლობა არ დააბრკოლებდა საქმის განხილვასა და გადაწყვეტას.

ადმინისტრაციული წარმოების დროს (2018 წლის 4 ივნისს) სამინისტროში შევიდა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 31 მაისის წერილი (საქმე #17114578-012/001), რომლითაც ირკვეოდა, რომ სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში იყო #17114578 და #A17114585, სააღსრულებო საქმეები, სადაც მოვალე მხარეს წარმოადგენდა შპს „A...“, რის გამოც, აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით რეალიზაციას ექვემდებარებოდა ქალაქ ბათუმში, ...ს ქუჩის #...-ის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთი (ს.კ. ...) - ის უძრავი ქონება, რომელიც პირობადებულ საკუთრებაში ჰქონდა გადაცემული მყიდველს.

შპს „A...-მ“ 2018 წლის 12 ივნისის წერილით მოსაზრებები წარადგინა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში, რომელშიც მიუთითა იმ გარემოებებზე, რამაც მისი შეხედულებით, ხელი შეუშალა ვალდებულებების შესრულებას, განმარტა მის მიერ ნაკისრი სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობის დამაბრკოლებელი გარემოებები და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისათვის მოითხოვა დამატებითი ვადა.

კერძოდ, კომპანია სამინისტროსაგან ითხოვდა დახმარების გაწევას, რაშიც გულისხმობდა სპეციალური სამსახურების მიერ ნებართვების გაცემის მიზნით რეკომენდაციების გაცემას და, ასევე, ითხოვდა, არ გავრცელებულიყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანქციები და შემდეგი ცვლილებები შესულიყო 2010 წლის 31 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების 3.2 მუხლის „ბ“ პუნქტში: ქალაქ ბათუმის მერიის მიერ მოთხოვნილი ქუჩის გადაკეტვიდან 4 თვეში ნულოვანი ციკლის დასრულება; ნულოვანი ციკლის დასრულებიდან 11 თვეში სრული კარკასის დასრულება; სრული კარკასის დასრულებიდან 6 თვეში ობიექტის ექსპლუატაციაში შესვლა. განმცხადებელი განმარტავდა, რომ ვადების ამგვარი დათვლა გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ მერიისგან ვერ იქნა მიღებული ქუჩის გადაკეტვის ნებართვა და არც იცოდნენ, როდის მიიღებდნენ, გარდა ამისა, საჭირო იყო მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრელება, რასაც 6 თვეზე მეტი ელოდებოდნენ და რისთვისაც გადახდილი ჰქონდათ მოსაკრებელი 15 000 ლარამდე. ამასთან, შპს „A...-ს“ განცხადებით, ვადების ზუსტი გათვალა და პასუხისმგებლობის აღება სირთულეს წარმოადგენდა, რადგან არ შეიძლებოდა ჰქონოდათ იმედი, რომ მერია არ გააჭიანურებდა ნებართვების გაცემას.

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და შპს „A...-ს“ შორის 2010 წლის 31 დეკემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების მოშლისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაუქმების შესახებ“ სამინისტროს 2018 წლის 14 ივნისის #01-01-3/283 ბრძანებით, ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო მოიშალა (გაუქმდა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და შპს „A...-ს“ (ს/ნ ...) შორის 2010 წლის 31 დეკემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება და გაუქმდა 2011 წლის 4 მარტს შპს „A...-ზე“ გაცემული #1659 საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში აპელანტი (მოსარჩელე) მხარის მიერ წარმოდგენილ იქნა ანგარიში შპს „A...-ს“ ინვესტიციებისა და შესრულებული სამუშაოების შესახებ დამოუკიდებელი აუდიტორის რწმუნების დასკვნასთან ერთად (2023 წლის 30 აპრილი), რომლის მიხედვითაც, 2023 წლის 4 აპრილს ექსპერტის მიერ ჩატარებული ინსპექტირების ანგარიშზე დაყრდნობით, ასევე, მიღება-ჩაბარებების, ხარჯთაღრიცხვისა (ფორმა 2) და საბანკო გადარიცხვების ანალიზის გათვალისწინებით, შპს „A...-მ“ ქალაქ ბათუმში, ...ს ქ. #6-ის მიმდებარე მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: ...) სასტუმროს მშენებლობისთვის, 2011 წლის 18 თებერვლიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, ფაქტობრივად ჩატარებული სამუშაოებისათვის განახორციელა 3 589 973 ლარის ინვესტიცია, დღგ-ს გარეშე. გაწეული დანახარჯები მოიცავდა: ხიმინჯების მოწყობის მომსახურებას (საძირკვლის ხიმინჯების მოწყობა, საძირკვლის ხიმინჯების ცემენტიზაცია, საცდელი და რეაქციული ხიმინჯების მოწყობა, მობილიზაცია/დემობილიზაცია ბეტონის სადგურის, საბუღლავი მანქანის და ა.შ.), მიწის სამუშაოებს (გრუნტის ცემენტიზაცია, მიწის სამუშაოები და გრუნტის გატანა, ღორღის მომზადება საძირკვლის ქვეშ, უკუჩაყრა, ხიმინჯების გაბურღვა დაბეტონება, მკვეთრი ხიმინჯების მოწყობის მომსახურება), ჭაბურღილის გაბურღვა მკვეთრი ხიმიჯნების მოსაწყობად, ოფისის მოწყობა, ტერიტორიის შემოღობვა, ტოპოგრაფიული-არქიტექტურული სამუშაოები, საპირფარეშოს მოწყობა, ბეტონის დასხმითი მომსახურება, სხვა სამუშაოები, გახარჯული მასალების ღირებულებას. როგორც ანგარიშზე დართული ფოტომასალით ირკვევა, 2023 წლის 4 აპრილის მდგომარეობით, მიწის ქვეშ შესრულებული სამუშაოები და საძირკვლის ხიმინჯები დაფარულია მიწის საფარით. მშენებლობა შეჩერებულია 2016 წლიდან.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეჯამების სახით უნდა დავასკვნათ, რომ შპს „A...“ ხელშეკრულების გაფორმების დღიდან მოყოლებული, სხვადასხვა დამაბრკოლებელ მიზეზებზე მითითებით ჯეროვნად და დათქმულ ვადებში ვერ ასრულებდა ვალდებულებებს. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთ აღწერილი წერილების შინაარსი წინააღმდეგობაში მოდის მხარის მიერ მოყვანილ არგუმენტებთან, რადგან, მაგალითად, 2015 წლის 30 ოქტომბრის წერილში სამინისტროს ეცნობა, რომ ექსპერტიზის დასკვნის მიღებისთანავე, რომლითაც დადგინდა, რომ მიმდინარე შმენებლობა ზეგავლენას არ ახდენდა მიმდებარედ მდებარე საცხოვრებელ სახლებზე, სამუშაოები განახლდა და გაგრძელდებოდა უწყვეტ რეჟიმში, მაშინ როცა სასამართლოში მხარე მიუთითებს, რომ 2014 წლის 4 ნოემბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის #377 ბრძანებით შექმნილი პრობლემების შემსწავლელი შერეული სამთავრობო კომისიისაგან შესაბამისი რეკომენდაციის მიუღებლობის გამო, სამუშაოების გაგრძელება ობიექტურად შეუძლებელი იყო. აღნიშნულს საკასაციო პალატა არ იზიარებს და განმარტავს, რომ კომისიის შექმნის გამო, კომპანიას არათუ არ მოეთხოვა მშენებლობის შეჩერება, არამედ პირიქით, არაერთხელ გაუგრძელდა ვადა ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად. მეტიც 2016 წლის 9 მარტის წერილში კომპანია სამინისტროს თავადვე აღუწერდა, რომ სამუშაოები გრძელდებოდა - მშენებლობაზე განხორციელდა დამატებით 80 ხიმინჯის მოწყობა, მიმდინარეობდა ხიმინჯების მომტვრევა საძირკვლის ნიშნულამდე. ამდენად, 2016 წლის 25 თებერვლამდე ნულოვანი ნიშნულის მშენებლობის დასრულების შეუძლებლობის მიუხედავად, აღნიშნული ზეგავლენას არ მოახდენდა მშენებლობის ძირითად ვადებზე, შესაბამისად, 2018 წლის 1 იანვრამდე მშენებლობა დასრულდებოდა და შენობა-ნაგებობა შევიდოდა ექსპლუატაციაში. მაშასადამე, დაბრკოლება #377 ბრძანებით შექმნილი კომისიის მიერ შესაბამისი დასკვნის გაუცემლობის შესახებ აღარ არსებობდა.

ამასთან, 2016 წლის 28 ივნისის წერილში შპს „A...-მ“ მიუთითა ახალ დაბრკოლებაზე, კერძოდ, საზღვარზე მდგარი ხის მოჭრის აუცილებლობის თაობაზე, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ აღნიშნული პრობლემაც აღმოიფხვრა. 2016 წლის 10 აგვისტოს #64 წერილში, კომპანია უკვე აცხადებდა, რომ მშენებლობის დამაბრკოლებელი რაიმე გარემოება არ არსებობდა და მშენებლობა გაგრძელდებოდა შეუფერხებლად დამატებითი ვადების მიცემის შემთხვევაში. როგორც ზემოთაც აღინიშნა, მხოლოდ 2016 წლის 21 ნოემბრის #01-10/4591 წერილიდან მოყოლებული მიუთითებდა განმცხადებელი გზის გადაკეტვის აუცილებლობაზე, თუმცა 2017 წლის 16 ნოემბრის წერილში იმასაც აღნიშნავდა, რომ აღნიშნული დაბრკოლება მხოლოდ დროში აფერხებდა სამუშაოებს და მშენებლობა მიმდინარეობდა, თუმცა არა იმ ტემპით, რაც საჭირო იყო. ამის საპირისპიროდ კი, თავად კასატორის მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოების შესახებ ანგარიშით ირკვევა, რომ მშენებლობა შეჩერებულია 2016 წლიდან.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობას ადგილი ჰქონდა შპს „A...-ს“ ბრალით. ვალდებულებების შესრულებაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან ხელშეშლას ადგილი არ ჰქონია, პირიქით, გათვალისწინებულ იქნა არაერთი წინადადება ხელშეკრულების პირობების შეცვლის, ვალდებულებების შესრულების ვადის გაგრძელებისა და ჯეროვანი შეუსრულებლობისთვის პირგასამტეხლოს დაკისრებისგან გათავისუფლების შესახებ. შესაბამისად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს არგუმენტები სადავო აქტის კანონიერების თაობაზე და ჩათვალა, რომ ხელშეკრულების პირობები არ იყო შესრულებული, ახალი წინადადებების გათვალისწინებით კი, რომელთა შესრულების რაიმე კონკრეტულ გარანტიებს შპს „A...“ არ იძლეოდა, აშკარა იყო, რომ ხელშეკრულების პირობების შესრულებისთვის დამატებითი ვადის განსაზღვრა უშედეგო იქნებოდა, რის გამოც ადმინისტრაციულ ორგანოს ჰქონდა ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის სრული სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.

საკასაციო პალატა თავდაპირველად ყურადღებას მიაქცევს კასატორის არგუმენტზე, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო აქტით გააუქმა მხარეთა შორის დადებული ის ხელშეკრულება, რომელიც მხარეთა შეთანხმებითვე უკვე გაუქმებული იყო, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო პალატამ მართებულად განმარტა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და შპს „A...-ს“ შორის 2010 წლის 31 დეკემბერს გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ 2011 წლის 18 თებერვლის შეთანხმების აქტში ერთმნიშვნელოვნადაა აღნიშნული, რომ ამ აქტით ცვლილება შევიდა 2010 წლის 31 დეკემბერს გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში და ხელშეკრულება ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. მაშასადამე, აღნიშნული შეთანხმებით არ დადებულა ახალი ხელშეკრულება, მხოლოდ 2010 წლის 31 დეკემბრის ხელშეკრულება ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. შესაბამისად, შემდგომში, ყველა შეთანხმების აქტით ხდებოდა 2010 წლის 31 დეკემბრის ახალი რედაქციით ჩამოყალიბებულ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა და არა ახალი ხელშეკრულებების დადება, იმ განსხვავებით, რომ 2011 წლის 18 თებერვალს ხელშეკრულება მთლიანად ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა, ხოლო შემდგომი შეთანხმების აქტებით ცვლილებები ხელშეკრულების ცალკეულ მუხლებს შეეხო.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა არ ეთანხმება კასატორის მითითებებს, რომელიც თვლის, რომ მხოლოდ აღნიშნული გარემოებაც კი ქმნიდა სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძვლებს. ამავდროულად, საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება კასატორს, რომელიც ყურადღებას ამახვილებს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მოსარჩელის სახელზე სადავო უძრავი ქონების რეგისტრაციის საფუძვლებზე, რომელთა შორის არ მოიძებნება 2010 წლის 31 დეკემბერის ხელშეკრულება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის ძირითადი შეთანხმება დაიდო 2010 წლის 31 დეკემბერს, შესაბამისად, მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის წარმოშობის პირველადი ნების გამოვლენა სწორედ აღნიშნული შეთანხმებით მოხდა. საგულისხმოა, რომ 2011 წლის 18 თებერვლის შეთანხმების აქტმა არათუ გააუქმა, არამედ ცვლილება შეიტანა 2010 წლის 31 დეკემბრის ხელშეკრულებაში, რის შემდგომაც იგი ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის წარმომშობი ძირითადი შეთანხმების პირობების ცვლილება და მომავალში მათი განსხვავებული ფორმულირებით ჩამოყალიბება არ მიუთითებს ცვლილებებამდე მოქმედი შეთანხმების გაუქმებაზე. ამასთან, საჯარო რეესტრში შპს „A...-ს“ საკუთრების უფლების ასახვის სარეგისტრაციო საფუძვლებში 2010 წლის 31 დეკემბრის ხელშეკრულების დაუცველობა გავლენას ვერ მოახდენს მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობის სწორედ ამ ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობაზე.

ამასთან, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან ადგილი ჰქონდა შპს „A...-სთვის“ ვალდებულების შესრულებაში არა უბრალოდ მცირე, არამედ მნიშვნელოვან ხელშეწყობას. სამინისტრო, 2010 წლიდან 2016 წლის ჩათვლით გაფორმებული შეთანხმების აქტებით, ითვალისწინებდა ყველა ახალ წინადადებას, ყველა ახალ თხოვნას ხელშეკრულებაში შესაბამისი ცვლილებების შეტანისა და ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის სანქციების დაკისრებისგან გათავისუფლების შესახებ. მიუხედავად ამისა, კონტრაჰენტმა მხარემ ხელშეკრულების მოშლამდე - 2018 წლამდე, ვერ უზრუნველყო დათმულ ვადაში ხელშეკრულების შესასრულებლად ქმედითი ღონისძიებების განხორციელება. აღნიშნულის ნაცვლად, იგი პერიოდულად მიუთითებდა ახალ-ახალ დამაბრკოლებელ გარემოებებზე (ხის მოჭრა, ქუჩის გადაკეტვა, მშენებლობის ნებართვის ვადის გასვლა და ა.შ.), რომელთაგან გარდა იმისა, რომ არც ერთში სამინისტროს ბრალეულობა არ იკვეთება, ამავე დროს მხარე უტყუარად ვერ ადასტურებს, რომ მშენებლობის გაგრძელება ობიექტურად შეუძლებელი იყო და მეტიც, საწინააღმდეგოზე მიუთითებს მის მიერვე სამინისტროში წარდგენილი წერილები.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება, თუ: ა) აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება; ბ) ვალდებულება არ შესრულდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, ხოლო კრედიტორმა ურთიერთობის გაგრძელება ხელშეკრულებით დაუკავშირა ვალდებულების დროულ შესრულებას; გ) განსაკუთრებული საფუძვლებიდან გამომდინარე, ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით, გამართლებულია ხელშეკრულების დაუყოვნებლივ მოშლა. 405-ე მუხლის მე-3 ნაწილი კი, ხელშეკრულებაზე უარს დაუშვებლად მიიჩნევს, თუ: ა) ვალდებულების დარღვევა უმნიშვნელოა; ბ) დარღვეულია 316-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები და, ამის მიუხედავად, კრედიტორს შეიძლება მოეთხოვოს ხელშეკრულების ძალაში დატოვება; გ) ვალდებულების დარღვევისათვის კრედიტორი მთლიანად ან უმთავრესად თვითონ არის პასუხისმგებელი; დ) მოთხოვნას უპირისპირდება შესაგებელი, რომელიც მოვალემ უკვე წარადგინა ან დაუყოვნებლივ წარადგენს ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემდეგ.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლი ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების გამოყენების წინაპირობად დამატებითი ვადის დაწესებას განიხილავს. ბუნებრივია, რომ ხელშეკრულებიდან გასვლა, რომელიც იწვევს ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის ანულირებას, არ შეიძლება განხორციელდეს მოვალისათვის ხელმეორედ შესაძლებლობის მიცემის გარეშე. თუმცა, დამატებითი ვადა უნდა იყოს გონივრული და არ უნდა გამომდინარეობდეს მხოლოდ შესასრულებელი ვალდებულების თავისებურებიდან, არამედ მხედველობაშია მისაღები, ასევე, კრედიტორის ინტერესები. დამატებითი ვადის დაწესება აზრს კარგავს, როდესაც აშკარაა, რომ ამ პირობებშიც კრედიტორისათვის ხელსაყრელი შედეგების მიღწევა შეუძლებელია.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ განსახილველ შემთხვევაში, დამატებითი ვადის კიდევ ერთხელ დაწესება ან ახალ პირობებთან ხელშეკრულების მისადაგება აზრს იყო მოკლებული (განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეს არაერთგზის გაუგრძელდა ხელშეკრულების პირველადი რედაქციებით განსაზღვრული ვადები), ვინაიდან გარდა იმისა, რომ შპს „A...-ს“ აღებული ვალდებულებების შესასრულებლად არ გააჩნდა შესაბამისი ფინანსური სახსრები (რაც სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე არც წარმომადგენელმა უარყო და რაზეც მის მიმართ მიმდინარე იძულებითი სააღსრულებო წარმოებებიც მიუთითებდა), ასევე, სამინისტროში ადმინისტრაციული წარმოებისას წარდგენილ მორიგ წინადადებაში განმცხადებელი ითხოვდა ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანას, თუმცა კვლავ ვერ მიუთითებდა ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისათვის საჭირო კონკრეტულ ვადებს. ამასთან, იგი სამინისტროსაგან განმეორებით მოითხოვდა იმ სახის დახმარების გაწევას, რომელიც მის კომპენტენციაში არ შედიოდა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ მოცემულ შემთხვევაში, არსებობდა სამინისტროს მხრიდან ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის მტკიცებას ფორს-მაჟორული გარემოებების არსებობაზე მითითებით. ამ თვალსაზრისით, კასატორი ყურადღებას ამახვილებს ძირითადად ორ გარემოებაზე, კერძოდ, იმაზე, რომ სამინისტრომ არ გაითვალისწინა სამშენებლო ობიექტის მიმდებარე საცხოვრებელ სახლებზე გაჩენილი ბზარების წარმოშობის საფუძვლების შესწავლის მიზნით კომისიის შექმნის ფაქტი, რამაც შეუძლებელი გახადა სამშენებლო სამუშაოების გაგრძელება. ამასთან, შპს „A...-ს“ მოუწია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისათვის, ერთი მხრივ, ქუჩის გადაკეტვის, ხოლო, მეორე მხრივ, მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელების მოთხოვნით მიმართვა.

აღნიშნულის საპირისპიროდ, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ როგორც ზემოთ აღინიშნა, არა მხოლოდ სამშენებლო ობიექტის მიმდებარე საცხოვრებელ სახლებზე ბზარების გაჩენასთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების გამო, არამედ ყველა სხვა შემთხვევაშიც, შპს „A...-ს“ მიეცა გონივრული დრო სამშენებლო სამუშაოების გაგრძელებისა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისათვის. ამ გარემოებათა აღმოფხვრის შემდგომაც კი, მოსარჩელეს არ უწარმოებია სათანადო სამშენებლო ღონისძიებები სამშენებლო პროცესის ჯერ კიდევ პირველადი ეტაპის დასრულებისათვის. ამასთან, საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სამინისტროსა და შპს „A...-ს“ შორის ხელშეკრულება გაფორმდა კონკრეტული პირობით. მხარეთა შორის ხელშეკრულების გაფორმებიდან და შესაბამისად, მყიდველის მიერ ვალდებულებების აღებიდან ხელშეკრულების მოშლამდე გასულია არაგონივრული დრო - დაახლოებით 7-8 წელი. მიუხედავად დროის ხანგრძლივობისა, მხარემ, სხვადასხვა დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის მტკიცებით, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვერ შეძლო სამშენებლო სამუშაოების საწყისი სტადიის სისრულეში მოყვანაც კი. ამავდროულად, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ მოსარჩელე ცდილობს სასამართლოს წინაშე ამ გარემოებათა არსებობის საფუძვლით სამშენებლო სამუშაოების წარმართვის შეუძლებლობა ამტკიცოს, მაშინ, როდესაც საპირისპიროზე მეტყველებს მის მიერ სამინისტროში წარდგენილი წერილები, რომლებშიც არაერთგზის აღინიშნა, რომ შემაფერხებელი გარემოებები აღმოიფხვრა და გრძელდებოდა სამშენებლო სამუშაოები.

რაც შეეხება ქუჩის გადაკეტვაზე უარის მიღების საკითხს, როგორც ზემოთ აღინიშნა, სამინისტრო არ წარმოადგენს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საზღვრებში ქუჩის გადაკეტვაზე პასუხისმგებელ ორგანოს. შესაბამისად, მისი ბრალეულობა ამ მიმართებით არ იკვეთება. ასევე, გაურკვეველია, თუ კონკრეტულად რა ტიპის დახმარებას ითხოვს სამინისტროსაგან შპს „A...“. ამასთან, საგულისხმოა, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2016 წლის 14 სექტემბრის #25/15465 წერილით შპს „A...-ს“ ეცნობა, რომ ქუჩის გადაკეტვა შესაძლებელი იქნებოდა 2016 წლის 1 ოქტომბრიდან. მიუხედავად ამისა, კომპანიას მერიისათვის ქუჩის გადაკეტვის მოთხოვნით არც 2016 წლის 1 ოქტომბერს და არც მის შემდგომ - 2017 წლის 13 მარტამდე არ მიუმართავს. ამასთან, 2016 წლის 30 ნოემბრის შემდგომ 2017 წლის 16 ნოემბრამდე მოსარჩელეს სამინისტროსათვის არ უცნობებია მიმდინარე მოვლენათა განვითარების თაობაზე; მისთვის არ მიუმართავს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასთან ქუჩის გადაკეტვის საკითხზე დახმარების აღმოჩენის მოთხოვნით (სულ მცირე ასეთი დახმარების გაწევის შესაძლებლობის არსებობის გამორკვევის მიზნით). უფრო მეტიც, მას სადავოდ არ გაუხდია არც ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 14 სექტემბრის წერილი და არც მერიის უმოქმედობა 2017 წლის 13 მარტის წერილთან დაკავშირებით (ასეთი უმოქმედობის დადასტურების შემთხვევაში), რომლითაც მოსარჩელემ კომპანია „ქ...სთან“ ერთად მოითხოვა ქუჩების გადაკეტვა. მოსარჩელის არაგულისხმიერ დამოკიდებულებაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ საქმის მასალებით არ დგინდება კომპანიის მხრიდან 2017 წლის 13 მარტის წერილის თაობაზე ინფორმაციის მოკვლევის მცდელობა, კერძოდ, კომპანიას არ უცდია დაედგინა, თუ რა ბედი ეწია მათ მიერ წარდგენილ განცხადებას ან რატომ ჭიანურდებოდა მერიის მხრიდან მასზე რეაგირება. 2017 წლის მარტიდან შემდგომში ხელშეკრულების გაუქმებამდე შპს „A...-ს“ არ წარუდგენია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისათვის ქუჩების გადაკეტვის თაობაზე დამატებითი მოთხოვნა. ანალოგიური შეიძლება ითქვას მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის შემთხვევაზეც.

შესაბამისად, საკასაციო პალატის შეფასებით, განვითარებულ მოვლენათა ჯაჭვის მხედველობაში მიღებით, ცალსახაა, რომ შპს „A...-ს“ მხრიდან ადგილი ჰქონდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შეუსრულებლობას, სამშენებლო საქმიანობის პროცესში შემხვედრ დაბრკოლებათა მიმართ უმოქმედობის გამოვლენას. საკასაციო საჩივარში აღწერილი გარემოებები წარმოადგენდა არა დაუძლეველი ძალის არსებობით შექმნილ ვითარებას, რომლის ფარგლებშიც, მოსარჩელისათვის ობიექტურად შეუძლებელი იქნებოდა სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულება, არამედ ასეთი ხელშეკრულებით ნაგულისხმევ იმ მდგომარეობას, რომელიც დაკავშირებულია სამშენებლო საქმიანობასთან და რომელზეც მხარეს გააჩნდა რეაგირების შესაძლებლობა. ამას მოწმობს ის ფაქტიც, რომ კასატორის მიერ დასახელებული ვითარება არ შეესატყვისება მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისი დანაწესებით განმარტებულ ფორს-მაჟორულ გარემოებებს. ასევე, მხედველობაშია მისაღები უშუალოდ ისიც, რომ მხარეს ჰქონდა საშუალება, აღწერილ დაბრკოლებებთან დაკავშირებით სულ მცირე მეტი გულისხმიერების გამოვლენით ეცადა იმ გარემოებათა აღმოფხვრა, რომელიც, მისივე შეფასებით, შეუძლებელს ხდიდა სამშენებლო საქმიანობის გაგრძელებას. შესაბამისად, გარემოებები, რომელთა პრევენცია თუ შემდგომში აღკვეთა შესაძლებელი იყო კომპანიის მხრიდან კონკრეტულ ღონისძიებათა გატარებით, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ფორს-მაჟორულ გარემოებებად.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან შპს „A...-ს“ (ს/ნ ...) საკასაციო საჩივარზე მ. მ-ეს (პ/ნ ...) 23.06.2024წ. #7938 საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შპს „A...-ს“ (ს/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მ. მ-ეის (პ/ნ ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „A...-ს“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 მარტის განჩინება;

3. შპს „A...-ს“ (ს/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მ. მ-ეის (პ/ნ ...) მიერ 23.06.2024წ. #7938 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა