Facebook Twitter

№ბს-195(კ-24) 13 ნოემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ს.ც-ე).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სარჩელით მიმართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ს.ც-ის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ს.ც-ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სამეწარმეო საქმიანობის მიზნით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით არამართლზომიერი სარგებლობის საფასურის გადახდა 2012 წლის 17 სექტემბრიდან 2022 წლის დეკემბრის ჩათვლით 10828 ლარის ოდენობით, ხოლო 2023 წლის 1 იანვრიდან უძრავი ნივთის გამოთავისუფლებამდე ყოველთვიურად 105 ლარის ოდენობით; ბ) ს.ც-ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნეს სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებული ქ. ჭიათურაში, ...ის ქ. №18ა-ში მდებარე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე განთავსებული №2 შენობიდან 16.86 კვ.მ ფართი.

2. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 იანვრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 იანვრის განჩინება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით არამართლზომიერი სარგებლობის საფასურის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ.

კასატორი განმარტავს, რომ ვინდიკაციურ მოთხოვნასთან მიმართებით აღარ ასაჩივრებს განჩინებას, ვინაიდან 2023 წლის 10 ნოემბრიდან სახელმწიფო აღარ წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს.

კასატორის განმარტებით, გასაჩივრებულ განჩინებაში სასამართლო მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებაზე დაყრდნობით მიუთითებს, რომ სადავო ფართი ს.ც-ეს რამდენჯერმე აქვს გამოყენებული საკუთარი ავტომანქანის შესაკეთებლად, რაც არ გულისხმობს ამავე უძრავი ნივთით სამეწარმეო საქმიანობის მიზნებისთვის სარგებლობას. ამდენად, სასამართლომ მართალია, დაადგინა სადავო უძრავი ნივთით ს.ც-ის მიერ სარგებლობის ფაქტი, თუმცა აღნიშნული არ ჩათვალა უძრავი ნივთის სამეწარმეო საქმიანობის მიზნებისთვის გამოყენებად. სასამართლომ შეფასების მიღმა დატოვა სარჩელზე თანდართული მტკიცებულებები, კერძოდ, ადგილზე დათვალიერების აქტი და ფოტოსურათები. სარჩელს თან ერთვოდა სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, მისამართზე ქ. ჭიათურა, ...ის №18ა-ში შემოწმების მომენტისთვის ს.ც-ე ეწეოდა სამეწარმეო, კერძოდ, ... საქმიანობას. აღნიშნული დამატებითი დასტურია იმისა, რომ ს.ც-ე მითითებულ მისამართზე ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობას.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) ქალაქ ჭიათურაში, ...ის ქუჩა №18ა მისამართზე მდებარე უძრავი ქონება, ს/კ ..., ფართობი 2200 კვ.მ, 2009 წლის 13 თებერვლის მდგომარეობით აღრიცხული იყო შპს ,,ა...-ის“ სახელზე (ს.ფ 98-99); ბ) საჩხერის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 23 ივნისის განაჩენით სახელმწიფო საკუთრებაში მიექცა შპს „ა...-ის“ კუთვნილი ქონება ს/კ ... (საქმე №1/51) (ს.ფ. 108-114); გ) უძრავი ნივთი მდებარე ქალაქ ჭიათურა, ...ის ქუჩა №18ა, ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო-სამურნეო, დაზუსტებული ფართობი - 1634 კვ.მ, საკადასტრო კოდი - ... (ნაკვეთის წინა ნომერი ...), 2009 წლის 14 დეკემბრის მდგომარეობით აღრიცხულია სახელმწიფო საკუთრებაში. შენობა-ნაგებობებთან დაკავშირებით ამონაწერში მითითებულია, რომ მესაკუთრე გაურკვეველია. უფლების დამდგენი დოკუმენტები - საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმი-იმერეთის სამხარეო სამმართველოს ჭიათურის წარმომადგენლობის 2009 წლის 4 დეკემბრის №174 მიმართვა და საჩხერის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 23 ივნისის განაჩენი (ს.ფ 87-88); დ) 2021 წლის 5 ნოემბერს მომზადებული ამონაწერის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებული №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულია შენობა-ნაგებობები, კერძოდ, №1 საერთო ფართობი 426,41 კვ.მ, №2 საერთო ფართი 144,07 კვ.მ, №3 საერთო ფართი 52,01 კვ. მეტრი (ს.ფ. 89-90); ე) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2022 წლის 9 აგვისტოს №13/44871 წერილით მიმართა ს.ც-ეს და აცნობა, რომ მან უნდა გამოათავისუფლოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (ს/კ...), ხოლო აღნიშული ქონების არამართლზომიერი სარგებლობისათვის გადასახდელი თანხის ოდენობა და გადახდის ვადა ეცნობება დამატებით. აღნიშნული მიმართვა 2022 წლის 17 აგვისტოს ჩაიბარა გ.ც-ემ ( ს.ც-ის ბიძაშვილმა) (ს.ფ 24, 25); ვ) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2022 წლის 4 ოქტომბერს №13/55341 წერილით მიმართა ს.ც-ეს და აცნობა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით (ს/კ...) არამართლზომიერი სარგებლობისათვის გადასახდელი თანხის ოდენობა. აღნიშნული მიმართვა 2022 წლის 20 ოქტომბერს ჩაიბარა ც.კ-ემ (ს.ფ 34-35); ზ) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2022 წლის 8 ნოემბერს №13/62253 წერილით მიმართა ს.ც-ეს და აცნობა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით (ს/კ...) არამართლზომიერი სარგებლობისათვის გადასახდელი თანხის ოდენობა. აღნიშნული მიმართვა 2022 წლის 9 ნოემბერს ჩაიბარა რ.მ-მა (ს.ფ. 37-38); თ) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების მიერ 2021 წლის 1 ოქტომბერს შედგენილ აქტში მითითებულია, რომ შემოწმება განხორციელდა მისამართზე ქალაქი ჭიათურა, ...ის ქუჩა №18ა (ს/კ...). უძრავ ქონებით არამართლზომიერად სარგებლობს ს.ც-ე, კერძოდ, 02/1 შენობაში განთავსებული აქვს .... ს.ც-ემ უარი განაცხადა აქტზე ხელის მოწერაზე (ს.ფ. 21); ი) სსიპ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 17 ოქტომბრის №21-12/96004 წერილში აღნიშნულია, რომ 2022 წლის 12 ოქტომბერს განხორციელდა დათვალიერების პროცედურა ი/მ რ.ბ-ის, ფ/პ ს.ც-ის, ფ/პ გ.ც-ის და შპს ,,ა...’’-ის საქმიანობის ფაქტობრივად განხორციელების ადგილზე - ქალაქი ჭიათურა, ...ის ქუჩა №18ა. შემოწმების მომენტში ი/მ რ.ბ-ე (...), ფ/პ ს.ც-ე ( ... საქმიანობა) და ფ/პ გ.ც-ე (...) ახორციელებდნენ საქმიანობას (ს.ფ. 36); ი) საქმეში წარმოდგენილია ექსპერტიზის დასკვნა უძრავი ნივთის არამართლზომიერად სარგებლობისათვის საიჯარო ქირის გაანგარიშების თაობაზე. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 14 სექტემბრის №006326722 დასკვნის თანახმად, ქ. ჭიათურაში, ...ის ქ. №18ა-ში უძრავ ნივთზე განთავსებული შენობა №02/1-დან 16,86 კვ.მ. ფართის ყოველწლიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება განისაზღვრა შემდეგნაირად: 2012-2014 წლებში - 720 ლარი, 2015-2016 წლებში - 960 ლარი, 2017-2018 წლებში - 1080 ლარი, 2019 წელს -1200 ლარი, 2020-2021 წლებში - 1320 ლარი, ხოლო 2022 წელს - 1260 ლარი (ს.ფ 26-33).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 იანვრის განჩინება გასაჩივრებულია მხოლოდ ნაწილობრივ - არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში. ამდენად, დავის საგანს წარმოადგენს ს.ც-ისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სამეწარმეო საქმიანობისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გადახდის დაკისრება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს (1.1 მუხლი). ამავე კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სახელმწიფო ქონებას სასყიდლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, აუქციონის საფუძველზე, ქონების მმართველის თანხმობით, გადასცემს ის სახელმწიფო ორგანო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანო, მუნიციპალიტეტი ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ეს ქონება სარგებლობაში აქვს გადაცემული ან ბალანსზე ერიცხება. თუ სახელმწიფო ქონება არ არის სარგებლობაში გადაცემული, მას ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სარგებლობაში გადასცემს ქონების მმართველი დადგენილი წესით. ამავე მუხლის 12 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების სასყიდლით სარგებლობაში მიმღები ფიზიკური პირი ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი ვალდებულია ამ ქონებით სარგებლობის განმავლობაში ქონების სარგებლობაში გამცემისთვის დაბრუნებამდე გადაიხადოს სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასური და უზრუნველყოს აღნიშნული ქონების მოვლა-პატრონობა. დასახელებული მუხლის 13 პუნქტი განსაზღვრავს, რომ სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დასახელებული ნორმის შესაბამისად, საიჯარო ქირის დასაკისრებლად აუცილებელია შემდეგი კუმულატიური წინაპირობების არსებობა: 1. პირი, რომელიც სამეწარმეო საქმიანობისთვის არამართლზომიერად იყენებს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ქონებას და 2. ქონება აღრიცხული უნდა იყოს სახელმწიფოს საკუთრებად.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის გათვალისწინებით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ვალდებული იყო წარმოედგინა შესაბამისი მტკიცებულებები. საკასაციო სასამართლო საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაასაბუთა სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა, ვერ მიუთითა შესაბამის მტკიცებულებებზე, რომლებიც დაადასტურებდნენ მოთხოვნის - სამეწარმეო საქმიანობისთვის არამართლზომიერად სარგებლობისათვის თანხის დაკისრების საფუძვლიანობას.

საკასაციო პალატის მოსაზრებით, იმისათვის, რომ მოხდეს მოპასუხე მხარისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით სამეწარმეო საქმიანობისთვის არამართლზომიერად სარგებლობისათვის თანხის დაკისრება, მნიშვნელოვანია უტყუარად დადგინდეს ახორციელებდა თუ არა მოპასუხე მხარე სამეწარმეო საქმიანობას. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარე უარყოფს სადაო ფართის სამეწარმეო მიზნებით გამოყენებას და განმარტავს, რომ ...ის ქუჩა №18ა-ში მდებარე ფართი (ე.წ. ,,...’’), მან რამდენჯერმე გამოიყენა საკუთარი ავტომობილის შესაკეთებლად, რასაც ასევე ახორციელებენ ქალაქში მცხოვრები სხვა პირებიც (იხ. შესაგებელი). შესაბამისად, მხოლოდ აქტები, რომელიც გამყარებული არ არის სათანადო მტკიცებულებით, არ არის საკმარისი მტკიცებულება იმის დასადგენად, რომ მოპასუხე სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებდა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ფართში. ამდენად, მართებულია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება, აღნიშნულ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 იანვრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. მაკარიძე

ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე