Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1137(კ-24) 27 ნოემბერი, 2024 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ვ.ძ-ა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის

დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ვ.ძ-ამ 2021 წლის 23 აგვისტოს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ და მოითხოვა „ვ.ძ-ასთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 16 ივლისის №03-3168/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების - მოსარჩელისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებისა და დევნილ ერთსულიან ოჯახად ქ. თბილისში რეგისტრაციის შესახებ გამოცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 04 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ვ.ძ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 10 თებერვალს, ვ.ძ-ამ №6942/01 განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით. განცხადებაში აღნიშნა, რომ 1998 წლის ნოემბრამდე ცხოვრობდა ქ. ...ში, შემდეგ მისამართზე - ... ქუჩაზე, კორპუსი №..., ბინა №...-ში. ომის გამო დატოვა საცხოვრებელი ადგილი და მოითხოვა დევნილის სტატუსის მინიჭება.

იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების მიზანშეუწონლობის თაობაზე დასკვნის თანახმად, დევნილთა და ეკომიგრანტთა დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ ვ.ძ-ასთან მიმართებით არ დასტურდებოდა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობა და შესაბამისად, მისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება მიზანშეწონილი არ იყო.

დასკვნის საფუძველზე, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 16 ივლისის №03-3168/ო ბრძანების თანახმად, ვ.ძ-ას უარი ეთქვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე.

სასამართლომ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, მე-6 მუხლზე, ასევე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანებით დამტკიცებული ,,პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის“ პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, მე-2-მე-3 მუხლებზე და აღნიშნა, რომ არსებითი მნიშვნელობა ენიჭებოდა ვ.ძ-ას ფაქტობრივი და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენას და მიზეზს, თუ რის გამო დატოვა მან აღნიშნული ტერიტორია, ვინაიდან, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად მიჩნევის კანონით გათვალისწინებული ერთ-ერთი სავალდებულო პირობა არის ის, რომ პირის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დატოვების მიზეზი საკუთარი ნება და პირადი მიზეზი არ უნდა იყოს, არამედ, იგი იძულებული უნდა გახდეს დატოვოს მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი შეიარაღებული კონფლიქტის, ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაციის ან სხვა ისეთი მიზეზის გამო, რომელიც რეალურ საფრთხეს უქმნის მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა დევნილთა და ეკომიგრანტთა დეპარტამენტის მიერ ვ.ძ-ასთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე მომზადებული დასკვნის შინაარსზე, რომლის თანახმად, ვ.ძ-ა 2008 წლამდე მუდმივად არ ცხოვრობდა სოფელ ...ში. იგი 2000 წლიდან აღარ იყო მითითებული სოფლის მაცხოვრებელი და მისივე განცხადებით, იმ პერიოდში სამსახურის გამო ცხოვრობდა თბილისში, დედის საკუთრებაში არსებულ ბინაში. ამასთანავე, გასაუბრებისას აღნიშნა, რომ იმ პერიოდისთვის ცხოვრობდა ქ.თბილისში, ...ში ნათესავთან, მარტო, თუმცა, მისი მეზობელი ადასტურებდა, რომ იგი ოჯახთან ერთად ცხოვრობდა თბილისში, ...ის გამზირზე. მანვე აღნიშნა, რომ 2000-2018 წლებში სხვადასხვა ადგილას მუშაობდა და ეს ადგილი არ ყოფილა სოფელი ..., ან მიმდებარე ტერიტორია. ამასთან, დასკვნის თანახმად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ არსებობდა სხვადასხვა უწყების მიერ გაცემული ორი დოკუმენტი, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდიოდა ერთმანეთთან. დასკვნის შესაბამისად, არც გასაუბრებისას და არც განცხადებით, მის მიერ არ ყოფილა წარდგენილი რაიმე დოკუმენტი/ინფორმაცია, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა 2008 წლამდე განმცხადებლის სოფელ ...ში მუდმივად ცხოვრების ფაქტს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 04 ოქტომბრის გადაწყვეტილება ვ.ძ-ამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით ვ.ძ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 04 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ვ.ძ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 16 ივლისის №03- 3168/ო ბრძანება; მოპასუხეს - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ვ.ძ-ასთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ. მოპასუხისათვის, მოსარჩელის ერთსულიან დევნილ ოჯახად ქ. თბილისში რეგისტრაციის დავალების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა, რომ საქმეში წარმოდგენილი ...ის მუნიციპალიტეტის გამგეობის ...ის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს 2020 წლის 13 მარტის №123 ცნობისა და ...ის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი სამუშო ჯგუფის 2020 წლის 13 მარტის №1 დასკვნის თანახმად, ვ.ძ-ა 2008 წლის აგვისტოს ომამდე მუდმივად ცხოვრობდა სოფელ ...ში.

სააპელაციო სასამართლოში დამატებით წარმოდგენილი ...ის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2023 წლის 20 აპრილის N112 ცნობის თანახმად, ვ.ძ-ა მუშაობდა ...ის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ...ის სპეციალისტის პოზიციაზე 1993 წლიდან 2000 წლის ჩათვლით.

სააპელაციო პალატამ ასევე აღნიშნა, რომ 2023 წლის 18 დეკემბერს სააპელაციო სასამართლოში ზეპირი მოსმენის სხდომაზე დაიკითხნენ მოწმეები - გ.დ-ი, თ.ჭ-ე და დ.თ-ი, რომლებმაც დაადასტურეს მოსარჩელის 2008 წლის ომამდე სოფელ ...ში ცხოვრებისა და დაბა ...ში მუშაობის ფაქტი.

ამასთანავე, სასამართლომ მიუთითა, რომ დაღესტნის რესპუბლიკის ქ. ...ის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 12 აგვისტოს დადგენილებით, ვ.ძ-ა აღიარებულ იქნა ბრალდებულად რუსეთის ფედერაციის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ კოდექსის 18.8 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ჩადენაში და მიესაჯა ჯარიმის სახით 2000 (ორი ათასი) რუბლი რუსეთის ფედერაციის საზღვრებიდან ადმინისტრაციულ გაძევებასთან ერთად. მითითებულ დადგენილების მიხედვით, ვ.ძ-ას მიმართ სასამართლო წარმოება მიმდინარეობდა, როგორც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქის მიმართ.

სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უდავოდ ადასტურებდა მოსარჩელის 2008 წლის აგვისტოს ომამდე ...ის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მუდმივად ცხოვრების ფაქტს, რაც ქმნიდა მოსარჩელისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების საფუძველს.

მოსარჩელის ქ.თბილისში დევნილ ერთსულიან ოჯახად რეგისტრაციის მოთხოვნასთან მიმართებით, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ დევნილის სტატუსის მინიჭების შემდეგ სააგენტოს მიერ ხდება დევნილის რეგისტრაცია მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამდენად, ვინაიდან, მოცემულ დავაში უნდა გადაწყვეტილიყო მოსარჩელისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული საკითხი, ქ.თბილისში დევნილ ერთსულიან ოჯახად რეგისტრაციის საკითხზე მსჯელობა სცილდებოდა განსახილველი დავის ფარგლებს და ამ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მოსაზრებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება ჩატარდა სრულყოფილად. ამასთანავე, სასამართლოს მიერ დასახელებულ ცნობებში აღნიშნული ინფორმაცია ეწინააღმდეგება თავად მოსარჩელის მიერ გადმოცემულ ბიოგრაფიულ მონაცემებს, კერძოდ, თავდაპირველად დევნილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით ვ.ძ-ამ სააგენტოს მიმართა 2017 წელს. ადმინისტრაციული წარმოებისას მოსარჩელეს ჩაუტარდა გასაუბრება და შეივსო შესაბამისი კითხვარი. გასაუბრებისას ვ.ძ-ამ აღნიშნა, რომ დაიბადა ... წელს ...ში. 1965 წელს დაამთავრა ...ის N... საშუალო სკოლა. 1971 წელს დაამთავრა ... ინსტიტუტი ...ში. 1974 წელს დაოჯახდა ქ. ...ში და 1986 წელს განქორწინდა. მისი განმარტებით, ქ. ...ში ცხოვრობდა მეუღლესთან და შვილებთან ერთად. 1976 წლამდე მუშაობდა მდინარე ...ზე ...ის მშენებლობაზე. 1976-1989 წ.წ. მუშაობდა ...ის მშენებლობაზე. 1992- 1999 წ.წ. მუშაობდა სოფელ ...ში, ...ის უფროს სპეციალისტად. 2000 წლიდან მუშაობს ქ. თბილისში. მეუღლესან განქორწინების შემდგომ ყოფილი მეუღლე და შვილები ცხოვრობდნენ სოფ. ...ში. თავად 1991 წლიდან (ომის პერიოდში) დაახლოების სამი თვით იყო წამოსული თბილისში, შემდეგ მიბრუნდა ...ში და ცხოვრობდა 2000 წლამდე. 2000 წლიდან ცხოვრობს და მუშაობს თბილისში. 2008 წლამდე პერიოდულად ჩადიოდა ...ში. პასუხი კი, რის გამოც არ მომხდარა აღნიშნულ დრომდე სამინისტროსთვის მიმართვა დევნილის სტატუსის მინიჭების შესახენ, არის, ის რომ 2017 წლამდე სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციაში არ მისცეს ცნობა მუდმივი ცხოვრების შესახებ. ვ.ძ-ამ კითხვარში შეტანილი ინფორმაციის ნამდვილობა დაადასტურა კითხვარის ფურცელზე ხელმოწერით.

სააგენტოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე 2008 წლამდე მუდმივად არ ცხოვრობდა სოფ. ...ში. მას ჯერ კიდევ 2000 წლიდან აღარ ჰქონდა კავშირი აღნიშნულ სოფელთან, რადგან მისივე განმარტებით, უწევდა სხვადასხვა ტერიტორიებზე მუშაობა და ცხოვრება, ამასთან, თბილისში ცხოვრობდა დედის სახლში, ...ის გამზირზე. კასატორი, აღნიშნავს, რომ არც გასაუბრების და არც შემდგომ მხარეს არ წარმოუდგენია ინფორმაცია და შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა, მისი სოფ. ...ში მუდმივად ცხოვრების ფაქტს.

ამასთან კასატორი მიუთითებს, რომ საქმეში არსებობს მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ გაცემული დოკუმენტაცია, რომელიც ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციებითაა შევსებული. კერძოდ, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის მიერ გაცემული 2017 წლის 12 იანვრის N39/01 ცნობის მიხედვით, 2008 წლამდე ვ.ძ-ა ცხოვრობდა ქ. ...ში, ხოლო ...ის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ...ის თვითმმართველი ერთეულის 2020 წლის 13 მარტის N123 ცნობის მიხედვით, ვ.ძ-ა 2008 წლამდე ცხოვრობდა სოფელ ...ში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ მოწინააღმდეგე მხარეს -ვ.ძ-ას საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა - მოსარჩელის ერთსულიან დევნილ ოჯახად ქ. თბილისში რეგისტრაციის დავალების შესახებ. ამდენად, აღნიშნულ ნაწილში, სადავო გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404.1 მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამდენად, ზემოთ აღნიშნულ სასარჩელო მოთხოვნაზე საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს და საკასაციო პალატის მსჯელობის საგანს წარმოადგენს მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე კანონის მე-8 მუხლის პირველის პუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო დატოვებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართავს სამინისტროს.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დევნილის სტატუსის განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანია, დადგინდეს კონკრეტულ ადგილას პირის მუდმივად ცხოვრების ფაქტი. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო. ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ პირი მიჩნეულ იქნეს იძულებით გადაადგილებულად - დევნილად, მას იძულებით, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ უნდა უხდებოდეს თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დატოვება და ეს იძულება განპირობებული უნდა იყოს უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო.

აღნიშნულ ნორმათა საფუძველზე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენა გულისხმობს არა კონკრეტულ ადგილზე რეგისტრაციის ფაქტის შესწავლას, არამედ - პირის მიერ საცხოვრებლად არჩეული, ფაქტობრივი ცხოვრების მისამართის დადგენას. მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის პირის ნებას თან უნდა ახლდეს ცხოვრების ფაქტი, შესაბამისად, დევნილის სტატუსის მინიჭებისას, მნიშვნელოვანია სწორედ, მოსარჩელის მიერ კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტის დადასტურება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის პირველი თებერვლის განჩინება საქმეზე №ბს-1227-1213(კ-11)).

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ვ.ძ-ამ პირველად განცხადებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით 2017 წლის 22 ივნისს მიმართა. განცხადებაში აღნიშნა, რომ 1998 წლის ნოემბრამდე ცხოვრობდა ქ. ...ში, შემდეგ მისამართზე - ... ქუჩა, კორპუსი №..., ბინა №.... ომის გამო დატოვა საცხოვრებელი ადგილი და მოითხოვა დევნილის სტატუსის მინიჭება.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 22 ივნისის №1457 ბრძანების თანახმად, დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 7 აპრილის №01-02/06-3554 მოხსენებითი ბარათით წარდგენილი დასკვნის საფუძველზე, ვ.ძ-ას უარი ეთქვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე.

2021 წლის 29 იანვარს ვ.ძ-ამ განმეორებით წარადგინა განცხადება იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით.

ვ.ძ-ას კვლავ ჩაუტარდა გასაუბრება, სადაც დააზუსტა, რომ 1997 წლიდან განქორწინებულია მეუღლესთან. 2000-2018 წლებში მუშაობდა ...ში და სამსახურებრივად ამ პერიოდში იმყოფებოდა სხვადასხვა ადგილას. 1959-2008 წლებში ცხოვრობდა სოფელ ...ში, საკუთარ სახლში, თუმცა, ამავე პერიოდში, სამსახურის გამო ცხოვრობდა ქ. თბილისშიც, მისამართზე - ...ის გამზირი №..., ბინა ... აღნიშნული ბინა დედის საკუთრება იყო, რომელიც შემდეგ მისი შვილის - დ.ძ-ას საკუთრება გახდა. მან ასევე მიუთითა, რომ განცხადების წარდგენის დროისათვის ცხოვრობდა ...ში, მარტო, ნათესავის საკუთრებაში არსებულ ბინაში.

სადავო აქტით - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 16 ივლისის №03-3168/ო ბრძანებით ვ.ძ-ას უარი ეთქვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე, იმ საფუძვლით, რომ ვ.ძ-ა 2008 წლამდე მუდმივად არ ცხოვრობდა სოფელ ...ში. იგი 2000 წლიდან აღარ იყო დაკავშირებული აღნიშნულ სოფელთან და იმ პერიოდში, მისივე განცხადებით, სამსახურის გამო ცხოვრობდა თბილისში.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის თანახმად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენაში მოიაზრება არა კონკრეტულ ადგილზე რეგისტრაციის ფაქტის შესწავლა, არამედ პირის მიერ საცხოვრებლად არჩეული, ფაქტობრივი ცხოვრების მისამართის დადგენა. მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის პირის ნებას თან უნდა ახლდეს ცხოვრების ფაქტი, შესაბამისად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივ ცხოვრებას, რომელსაც თან ახლავს პირის ნება-სურვილი, რომ მას მოცემულ ადგილას ჰქონდეს საცხოვრისი. პირის ნება დააფუძნოს საცხოვრებელი ადგილი, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ ნების დაკმაყოფილების შესაძლებლობით, ე.ი. პირს უნდა ჰქონდეს ბინა, სახლი ან სხვა საცხოვრებელი სადგომი მოცემულ ადგილზე. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დასტურდებოდეს მაგალითად, უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილას წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებები 09.06.2011წ. №ბს-1896-1849(კ-10), 01.02.2012წ. №ბს-1227-1213(კ-11), 17.06.2021წ. №ბს-858(2კ-20)).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

საქმეზე დართული მტკიცებულებების გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმეში წარმოდგენილ ...ის მუნიციპალიტეტის გამგეობის ...ის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს 2020 წლის 13 მარტის №123 ცნობასა და ...ის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი სამუშო ჯგუფის 2020 წლის 13 მარტის №1 დასკვნაზე, რომელთა თანახმად, ვ.ძ-ა 2008 წლის აგვისტოს ომამდე მუდმივად ცხოვრობდა სოფელ ...ში.

სსგს შიდა ქართლის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2021 წლის 11 იანვარს გაცემული ინფორმაციისა და 2008 წლის 09 სექტემბერს გაცემული პირადობის დამადასტურებელი მოწმობის მიხედვით, ვ.ძ-ა 2006 წლის 22 ნოემბრიდან 2017 წლის 23 აგვისტომდე რეგისტრირებული იყო შემდეგ მისამართზე, ქალაქი ..., ... ქუჩა, კორპუსი N..., ბინა N....

საქმეში წარმოდგენილი ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის 2023 წლის 15 დეკემბრის N1204/01 ცნობის მიხედვით, ვ.ძ-ა 1991 წლამდე მუდმივად ცხოვრობდა შემდეგ მისამართზე: ..., ... ქუჩა, კორპ. N..., ბინა N....

...ის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2023 წლის 20 აპრილის N112 ცნობით დასტურდება, რომ ვ.ძ-ა მუშაობდა ...ის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ...ის სპეციალისტის პოზიციაზე 1993 წლიდან 2000 წლის ჩათვლით.

1986 წლის 19 დეკემბრის N... განქორწინების მოწმობის მიხედვით, ვ.ძ-ა და ვ.ა-ი განქორწინდნენ 1986 წლის 19 დეკემბერს, ხოლო იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობების მიხედვით, ვ.ძ-ას შვილები - თ.ძ-ა, დ.ძ-ა, გ.ძ-ა და ლ.ძ-ა არიან იძულებით გადაადგილებული პირები, დევნილები. მითითებულ დოკუმენტებში დ.ძ-ას, გ.ძ-ას და ლ.ძ-ას იძულებით გადაადგილებამდე მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებულია - ..., გორი, სოფელი .... დაღესტნის რესპუბლიკის ქ. ...ის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 12 აგვისტოს დადგენილებით, ვ.ძ-ა აღიარებულ იქნა ბრალდებულად რუსეთის ფედერაციის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ კოდექსის 18.8 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ჩადენაში და მიესაჯა ჯარიმის სახით 2000 (ორი ათასი) რუბლი რუსეთის ფედერაციის საზღვრებიდან ადმინისტრაციულ გაძევებასთან ერთად. მითითებული დადგენილების მიხედვით, ვ.ძ-ას მიმართ სასამართლო წარმოება მიმდინარეობდა, როგორც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქის მიმართ.

საყურადღებოა ასევე ისიც, რომ 2023 წლის 18 დეკემბერს სააპელაციო სასამართლოში ზეპირი მოსმენის სხდომაზე დაიკითხნენ მოწმეები - გ.დ-ი, თ.ჭ-ე და დ.თ-ი.

გ.დ-ის განმარტებით, ...შია დაბადებული და ბავშვობიდან ახსოვს ვ.ძ-ა, მისი სახლიდან 500 მეტრში ცხოვრობდა. კარის მეზობლები არ იყვნენ, თუმცა მის სახლთან უწევდა გავლა, უბანი ერთი ჰქონდათ და მასთან სტუმრადაც მიდიოდა. ვ.ძ-ას ბინა ...შიც ჰქონდა და პირველ ომამდე, 1991 წლამდე, რაღაც პერიოდი იქ მუშაობდა და ცხოვრობდა. ომის შემდეგ გადავიდა ...ში და მეორე ომამდე იქ ცხოვრობდა.

თ.ჭ-ის განმარტებით, დაბა ...ში ვ.ძ-ასთან ერთად მუშაობდა 2001 წლის თებერვლიდან 2008 წლის ომამდე. თავად თბილისში ცხოვრობდა, თუმცა 5-6 ჯერ ვ.ძ-ასთან იყო სტუმრად ...ში, სადაც ვ.ძ-ა ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.

დ.თ-ის განმარტებით, იმ დროისთვის იგი იყო ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ..., ცხოვრობდა თბილისში. თავადაც ...დან იყო, ვ.ძ-ას იცნობდა ბავშვობიდან, ის და მისი შვილი თ. ერთად დადიოდნენ ...ის სკოლაში, კლასელები იყვნენ, სკოლა 1992 წელს დაამთავრეს. მოწმის განმარტებით, ვ.ძ-ა დაბა ...ში მუშაობდა, 2-3 დღე იქ რჩებოდა და შემდეგ ბრუნდებოდა ...ში.

დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მოსარჩელისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას. მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოუდგენია ზემოთ დასახელებულ ცნობებში მითითებული ინფორმაციის გამაქარწყლებელი მტკიცებულებები. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენდა სოფელი ..., იქ ცხოვრობდნენ მისი შვილები და იქ ეწეოდა მეურნეობას, თუმცა მას მოუწია იძულებით დაეტოვებინა საცხოვრებელი ადგილი, ხოლო დროებით სხვა ადგილზე ყოფნა, არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ მოსარჩელემ იმ დროისათვის თავის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად აირჩია .... აღსანიშნავია, რომ თავად მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოთხოვილი დოკუმენტებითაც დაასტურდება, რომ მოსარჩელე 2008 წლამდე ქალაქ თბილისში არ ცხოვრობდა, ხოლო ქალაქ ...ში მისი ცხოვრების ფაქტის შესახებ ინფორმაცია მითითებულია მხოლოდ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის 2010 წლის 06 აპრილის №230/01 და 2017 წლის 12 იანვრის №39/01 ცნობებში, რომლის უსწორობაც დადასტურდა როგორც 2023 წლის 18 აგვისტოს ზეპირი მოსმენის სხდომაზე აპელანტის მიერ

წარმოდგენილი ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ - ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის 2023 წლის 15 დეკემბრის N1204/01 ცნობით, ასევე, ...ის მუნიციპალიტეტის გამგეობის ...ის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს 2020 წლის 13 მარტის №123 ცნობით, ...ის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი სამუშაო ჯგუფის 2020 წლის 13 მარტის №1 დასკვნით, დაღესტნის რესპუბლიკის ქ. ...ის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 12 აგვისტოს დადგენილებით, მოწმეთა ჩვენებებითა და სხვა მტკიცებულებებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ბ.შონია

მოსამართლეები: ქ.ცინცაძე

გ.მაკარიძე