Facebook Twitter

საქმე #ბს-853(კ-24) 21 ნოემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – რ. ჭ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მომასუხე) – სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 აპრილის განჩინება

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა; ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2020 წლის 10 მარტს რ. ჭ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 27 ივლისს მან მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და მისი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრისით უზრუნველყოფა, ასევე, დევნილთა ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებული კომპენსაციის აღნიშვნის მოხსნა მოითხოვა. მოსარჩელე განმარტავს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 10 აგვისტოს წერილით მას ეცნობა, რომ ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული ორგანოს 2017 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით მოეხსნა კომპენსაციის აღნიშვნა, მიენიჭა 2.5 ქულა და მინიჭებული ქულების შესაბამისად ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრისით დაკმაყოფილების საკითხი განსახილველად გადაეცა დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას.

მოსარჩელის მითითებით, 2017 წლის 27 დეკემბერს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის #237 მიღება-ჩაბარების აქტით ოჯახის სულადობის შესაბამისად ქ. გორში, ...ის ქ. #1-ში, მე-3 კორპუსში, #47 ოროთახიანი ბინა გადაეცა. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ვინაიდან ზემოაღნიშნული ბინის მის საკუთრებაში გადაცემა გაჭიანურდა, 2019 წლის 15 ნოემბერს მან მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს. ამავე ორგანოს 2020 წლის 10 თებერვლის პასუხით მისთვის ცნობილი გახდა, რომ დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით, მასზე ფიქსირდებოდა შსს მიერ გაცემული კომპენსაციის აღნიშვნა, შესაბამისად მისი განაცხადი აღარ განიხილებოდა.

ამდენად, მოსარჩელემ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 10 თებერვლის #03/2514 წერილისა და 2020 წლის 14 აპრილის #03/5432 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისათვის მოსარჩელის სახელზე ქ. გორში, ...ის ქ. #1-ში, კორპ. 3, ბინა #47-ში მდებარე უძრავ ქონებაზე საკუთრების მოწმობის გაცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით რ. ჭ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. ჭ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 აპრილის განჩინებით რ. ჭ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინიტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ რ. ჭ-ის სახელზე გაცემულია დევნილის მოწმობა, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ იგი არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი.

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა შსს საფინანსო სამეურნეო დეპარტამენტის 2013 წლის 22 თებერვლის #333737 წერილზე, რომლის მიხედვითაც გაირკვა, რომ 2008 წლის სამხედრო აგრესიის შედეგად იძულებით გადაადგილებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულებებით, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად საკუთრებაში გადაეცათ შს სამინისტროს მიერ შეძენილი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლები (დანართი #1) და მიეცათ ფულადი კომპენსაცია (დანართი #2). დანართი #2-ში 45-ე ნომრად მითითებულია - რ. ჭ-ე (ოჯახის წევრები: მეუღლე - ტ. ჭ-ე, შვილები - რ., ნ. და ნა. ჭ-ეები), ფულადი დახმარება 14122 ლარი. საქმეში წარმოდგენილია დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 13 ივლისის მოხსენებითი ბარათი, რომლის მიხედვითაც, სამინისტროში შესულ შსს საფინანსო სამეურნეო დეპარტამენტის 2013 წლის 22 თებერვლის #333737 წერილში ფიქსირდებოდნენ თანამშრომლები და მათი ოჯახის სხვა წევრებიც (მშობლები, ძმები, დები, შვილები, ძმისშვილები, დისშვილები და ა.შ.). ზემოაღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე, სამინისტროს დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული პირები მონიშნულნი იყვნენ, როგორც დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით და ფულადი კომპენსაციით. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა ოჯახის წევრთა დაზუსტების და იმ პირთა დადგენის მიზნით, ვინც რეალურად ისარგებლა გადაცემული საცხოვრებელი ფართით ან ფულადი კომპენსაციით, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. მოხსენებითი ბარათით სამინისტროს ეცნობა, რომ მიზანშეწონილად მიაჩნდათ დევნილთა მონაცემთა ბაზაში დაკმაყოფილებულად აღნიშვნულიყვნენ მხოლოდ ის პირები, რომლებიც რეალურად წარმოადგენდნენ შსს-ს თანამშრომელთა ოჯახის წევრებს და ისარგებლეს/სარგებლობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული ფულადი კომპენსაციით ან საცხოვრებელი ფართით. ამასთან, იმ პირებს, რომლებიც ფიქსირდებოდნენ შსს-ს საფინანსო სამეურნეო დეპარტამენტის 2013 წლის 22 თებერვლის #333737 წერილში და რეალურად წარმოადგენდნენ სხვა ოჯახებს, დევნილთა მონაცემთა ბაზაში მოეხსნათ დაკმაყოფილებულის/კომპენსირებულის აღნიშვნა.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 18 აპრილის #1189 ბრძანებაზე, რომლის მიხედვითაც, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი #99), ქ. გორში, ...ის ქ. #1-ში მდებარე ახალაშენებულ კორპუსში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდა იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა ოჯახი, შემდეგი შემადგენლობით: რ., მ. და კ. ჭ-ეები (სარეგ. #...) და ნ. კ-ე. 2017 წლის 27 დეკემბრის #237 მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, რ., მ. და კ. ჭ-ეებს (სარეგ. #...) და ნ. კ-ეს გადაეცათ 2-ოთახიანი საცხოვრებელი ფართი ქ. გორში, ...ის ქ. #1-ში მდებარე ახალაშენებულ კორპუსში. თუმცა სააპელაციო სასამართლომ, ასევე, მიუთითა დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 7 თებერვლის მოხსენებით ბარათზე, რომლის მიხედვითაც, კომპენსირებულ პირთა ინფორმაციის დამუშავებისას, ექსელის ფაილებში დაშვებულ იქნა ტექნიკური შეცდომა და შესაბამისად, დევნილთა მონაცემთა ბაზაში კომპენსირებულის/ფართით დაკმაყოფილებულის აღნიშვნა მოეხსნა დანართში მითითებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს და ოჯახის წევრებს, რომლებსაც არ უნდა მოხსნოდათ შესაბამისი აღნიშვნა. ამდენად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 10 თებერვლის #03/2514 წერილით რ. ჭ-ეს ეცნობა, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით, მას და მისი ოჯახის წევრებს, როგორც 2008 წლის სამხედრო აგრესიის შედეგად იძულებით გადაადგილებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის ოჯახს, მიღებული აქვთ კომპენსაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, იგი ითვლება სახელმწიფოს მიერ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფარგლებში კომპენსირებულად და მისი ხელახლა დაკმაყოფილების საკითხი სახელმწიფოს მიერ აღარ განიხილება.

საქმეში წარმოდგენილი მასალებით, ასევე, დასტურდება, რომ 2020 წლის 28 თებერვალს, რ. ჭ-ემ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს. საჩივრის ავტორმა მისი და მისი ოჯახის წევრების შსს მიერ კომპენსირებული ოჯახის წევრების სიებიდან ამოღება, მისი ოჯახის ცალკე ოჯახად დარეგისტრირება და კანონით გათვალისწინებული წესით მისი ოჯახისთვის ქ. გორში, ...ის ქ. #1-ში მდებარე საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა მოითხოვა. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 14 აპრილის #03/5432 გადაწყვეტილებით რ. ჭ-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით, რ. ჭ-ე რეგისტრირებული იყო, როგორც კომპენსირებული პირი.

გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ 2016 წლიდან საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლო დავა მიმდინარეობდა რ. ჭ-ესა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შორის, სადაც მესამე პირად ჩართული იყო რ. ჭ-ე. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილებით და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 26 აპრილის განჩინებით დადგინდა, რომ რ. ჭ-ე, ოჯახის წევრებთან ერთად - ტ. ჭ-ე, ნ. ჭ-ე, ნა. ჭ-ე და რ. ჭ-ე, როგორც დევნილები, ითვლებოდნენ სახელმწიფოსგან ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფილ პირებად და შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც რ. ჭ-ე უკვე მიჩნეული იყო სახელმწიფოს მიერ კომპენსირებულ პირად, იგი აღარ იყო უფლებამოსილი, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, სახელმწიფოსგან მოეთხოვა დამატებით კომპენსაცია ან უძრავი ქონების გადაცემა. პალატის მითითებით, აღნიშნული წესი გამომდინარეობდა საკითხის მომწესრიგებელი სხვადასხვა ნორმატიული აქტების დებულებებიდან, კერძოდ სასამართლომ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, თუ დევნილი ოჯახი უზრუნველყოფილია გრძელვადიანი საცხოვრებლით, სახელმწიფოს ეხსნება დევნილის ან მისი ოჯახის წევრთა პირდაპირი დამავალი შტოს შთამომავლების საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების ვალდებულება, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე. გარდა ამისა, პალატამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს #320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ პირველი მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, ამ წესის შესაბამისად არ განიხილება იმ დევნილი ოჯახების განაცხადები, რომლებსაც, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი ფართი ან/და ერთჯერადი ფულადი დახმარება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მოიხმო საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის #2566 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2019-2020 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა“, რომლის 2.1.9. პუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახები, რომლებსაც სახელმწიფოს ან კერძო ინვესტორის მიერ, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე მიღებული აქვთ საცხოვრებელი ფართი ან/და საცხოვრებელი ფართის სანაცვლო ფულადი კომპენსაცია, ჩაითვლებიან როგორც სახელმწიფოს მიერ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფარგლებში დაკმაყოფილებულად. მათი საცხოვრებელი ფართით ხელახლა დაკმაყოფილების საკითხი სახელმწიფოს მიერ აღარ განიხილება.

ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზის შედეგად, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მართალია რ. ჭ-ეს, როგორც დევნილ პირს, ეკუთვნოდა სახელმწიფოს მიერ დაკმაყოფილება, თუმცა მისი განსახლების/დაკმაყოფილების თაობაზე აღებული ვალდებულება სახელმწიფომ ჯერ კიდევ 2008 წელს შეასრულა. შესაბამისად, პალატის მითითებით, იმ პირობებში, როდესაც რ. ჭ-ეს მის ოჯახთან ერთად გადაცემული ჰქონდა ფინანსური კომპენსაცია სახელმწიფოსგან, აღარ არსებობდა მისი დაკმაყოფილების საკითხის ხელახლა განხილვის კანონისმიერი საფუძვლები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. ჭ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის მითითებით, გასაჩივრებული განჩინება უკანონო და დაუსაბუთებელია. მოსარჩელე ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 18 აპრილის #1189 ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი #99), ქ. გორში, ...ის ქ. #1-ში მდებარე ახალაშენებულ კორპუსში იგი დაკმაყოფილდა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით და შედგა შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი. მოპასუხის პოზიცია კი ეფუძნება მხოლოდ და მხოლოდ იმ გარემოებას, რომ კომპენსირებულ პირთა აღრიცხვის ელექტრონულ დოკუმენტში მოხდა ტექნიკური შეცდომა და რ. ჭ-ეს შემთხვევით მოეხსნა ის აღნიშვნა, რომელიც არ უნდა მოხსნოდა. ამდენად, კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული რ. ჭ-ის საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკაშირებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორედ გადაწყვიტა მოცემული დავა. კასატორმა წარმოდგენილ საკასაციო საჩივრში ვერ გააქარწყლა სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 10 თებერვლის #03/2514 წერილისა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 14 აპრილის #03/5432 გადაწყვეტილების კანონიერება და მოსარჩელის სახელზე ქ. გორში, ...ის ქ. #1-ში, კორპ. #3-ში, ბინა #47-ზე საკუთრების მოწმობის გაცემა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ დევნილი ოჯახი უზრუნველყოფილია გრძელვადიანი საცხოვრებლით, სახელმწიფოს ეხსნება დევნილის ან მისი ოჯახის წევრთა პირდაპირი დამავალი შტოს შთამომავლების საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების ვალდებულება, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე. ასევე, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის მიხედვით, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.

ამასთან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს #320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ წესის შესაბამისად არ განიხილება იმ დევნილი ოჯახების განაცხადები, რომლებსაც, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი ფართი ან/და ერთჯერადი ფულადი დახმარება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში.

განსახილველ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილია, რომ მოსარჩელე არის დევნილი. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტს, რომ შსს საფინანსო სამეურნეო დეპარტამენტის 2013 წლის 22 თებერვლის #333737 წერილის თანახმად, 2008 წლის სამხედრო აგრესიის შედეგად იძულებით გადაადგილებულ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულებებით გადაეცათ ფულადი კომპენსაცია (დანართი #2). ამავე დოკუმენტში (დანართი #2-ში) 45-ე ნომრად მითითებულია - რ. ჭ-ე (ოჯახის წევრები: მეუღლე - ტ. ჭ-ე, შვილები - რ., ნ. და ნა. ჭ-ეები), ფულადი დახმარება - 14 122 ლარი. გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებით დასტურდება, რომ 2016 წლიდან საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლო დავა მიმდინარეობდა რ. ჭ-ესა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შორის, სადაც რ. ჭ-ე მონაწილეობდა როგორც მესამე პირი. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილებით და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 26 აპრილის განჩინებით კი დადგენილია, რომ რ. ჭ-ე, ოჯახის წევრებთან - ტ. ჭ-ესთან, ნ. ჭ-ესთან, ნა. ჭ-ესა და რ. ჭ-ესთან ერთად, როგორც დევნილები, ითვლებიან სახელმწიფოსგან ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფილ პირებად. ამრიგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ მართებულად ეთქვა უარის მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტების შეფასების შედეგად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ მოსარჩელე რ. ჭ-ე ითვლება კომპენსირებულ და, შესაბამისად, სახელმწიფოს მიერ ერთხელ უკვე დაკმაყოფილებულ პირად.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 აპრილის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა