საქმე #ბს-926(კ-24) 21 ნოემბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ი. ჭ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2023 წლის 30 მაისს ი. ჭ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2021 წელს 7 დეკემბერს მან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში წარადგინა განცხადება ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩის #...-ის მიმდებარედ მის მიერ 2007 წლამდე თვითნებურად დაკავებულ 2500 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ საცხოვრებელ სახლზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით, თუმცა კომისიის 2023 წლის 7 აპრილის #1134 განკარგულებით მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სახეზეა დარღვევა, ვინაიდან კომისიის მიერ არ იქნა შესწავლილი საქმეში არსებული დოკუმენტები, კერძოდ, სს „თ...ს“ მიერ გაცემული ცნობა, ბრუნვის ისტორია და სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებები, ასევე, ის ფაქტები და გარემოებები, რომლითაც დგინდება კანონის ამოქმედებამდე მის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და საცხოვრებელი სახლის განთავსების ფაქტი. ამასთან, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ კომისია არაობიექტურად მიუდგა საკითხს, არ გამოცხადდა ადგილზე და არ შეისწავლა იქ არსებული ფაქტობრივი მდგომარეობა კანონიერი სარგებლობისა და მფლობელობის შესახებ.
მოსარჩელე თვლის, რომ სადავო აქტი გამოცემულია ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთების გარეშე.
ამდენად, მოსარჩელემ „მიწის ნაკვეთზე ი. ჭ-ეის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2023 წლის 7 აპრილის #1134 განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის თვითნებურად დაკავებულ 2500 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე ი. ჭ-ეის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი. ჭ-ეის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი „მიწის ნაკვეთზე ი. ჭ-ეის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2023 წლის 7 აპრილის #1134 განკარგულება; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩის #...-ის მიმდებარე 2500 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ი. ჭ-ეის მოთხოვნასთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ჭ-ემ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით ი. ჭ-ეის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ი. ჭ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „მიწის ნაკვეთზე ი. ჭ-ეის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2023 წლის 7 აპრილის #1134 განკარგულება; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩის #...-ის მიმდებარედ 2500 კვ.მ ფართობის მქონე მიწის ნაკვეთზე ი. ჭ-ეის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ სს „თ...ს“ 2021 წლის 28 დეკემბრის წერილით ცალსახად დასტურდება, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობა განთავსებულია 2007 წლის 21 სექტემბრამდე (კანონის ამოქმედებამდე), მაშინ, როდესაც აღნიშნული წერილის თანახმად, სს „თ...ს“ მონაცემთა ბაზაში #4396004 სააბონენტო ბარათი გახსნილია 2007 წლის 6 დეკემბერს, კანონის ამოქმედებიდან დაახლოებით 3 თვის შემდგომ. ამდენად, აღნიშნული მტკიცებულება ვერ ადასტურებს კანონის ამოქმედებამდე მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის არსებობის ფაქტს.
კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა თბილისის ინტერაქტიულ რუკას და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ 2005 წლისა და 2006-2007 წლის ორთოფოტოებს. კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს განმარტებებს და აღნიშნავს, რომ მითითებული ორთოფოტოების მიხედვით, მიწის ნაკვეთზე არ არის განთავსებული შენობა-ნაგებობა. ამასთან, მიწის ნაკვეთზე ზემოქმედების კვალი ვერ გახდება საკუთრების უფლების აღიარების საფუძველი, ვინაიდან კანონის მიზნებისათვის, საკუთრების უფლების აღიარების წინაპირობაა კანონის ამოქმედებამდე შენობა-ნაგებობის არსებობა, რაც მოცემულ შემთხვევაში, ვერ იქნა დადასტურებული.
კასატორი, ასევე, აღნიშნავს, რომ სასამართლოს მხედველობაში არ უნდა მიეღო საქმეში წარმოდგენილი შპს „მ...“-ის 2023 წლის 20 სექტემბრის #91/23 ექსპერტიზის დასკვნა, ვინაიდან იგი არ წარმოადგენს ისეთი სახის მტკიცებულებას, რომელიც შეიცავს სწორ და უტყუარ ინფორმაციას. ამასთან, საკასაციო საჩივრის ავტორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, შენობა-ნაგებობის ხნოვანება არანაკლებ 18-20 წელია, 2005 წლის აეროფოტოგადაღებით კი ცალსახად დგინდება, რომ მიწის ნაკვეთზე არ არის განთავსებული რაიმე ობიექტი.
კასატორი დამატებით აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 13 მარტის #5001465218 წერილი, რომლის თანახმად, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო შენობა-ნაგებობის კონკრეტულ ადგილზე განთავსების დროისა და პერიოდულობის დადგენას (ხანდაზმულობას) სწორედ ორთოფოტოების მეშვეობით მიიჩნევს შესაძლებლად. ამასთან, აღნიშნული წერილის თანახმად, შენობა-ნაგებობის ხანდაზმულობის განსაზღვრა მეცნიერულად დასაბუთებული შესაბამისი მეთოდიკის არარსებობის გამო შეუძლებელია.
კასატორი, ასევე, ყურადღებას ამახვილებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სტატუსზე, მათ გამოცდილებასა და რეპუტაციაზე და მიუთითებს, რომ არ შეიძლება აღნიშნულს უპირისპირდებოდეს დასკვნა, რომელიც გაზიარებულ იქნა სასამართლოს მიერ.
რაც შეეხება მოწმეთა დამოწმებულ განცხადებებს, კასატორი აღნიშნავს, რომ მოწმეთა ჩვენება არ წარმოადგენს უტყუარ მტკიცებულებას. იგი უნდა შეფასდეს მხოლოდ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში და იმ შემთხვევაში, თუკი საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით არ დასტურდება მოწმეთა მიერ მითითებული გარემოება, აღნიშნული არ უნდა იქნეს მიჩნეული ცალსახად დადასტურებულად. ამ კუთხით, კასატორი მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 დეკემბრის #ბს-698-698(კ-18) გადაწყვეტილებაში განვითარებულ მსჯელობაზე.
კასატორი თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში, აეროფოტოგადაღება უპირსპირდება მოწმეთა ჩვენებებსა და ექსპერტიზის დასკვნას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 13 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს „მიწის ნაკვეთზე ი. ჭ-ეის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2023 წლის 7 აპრილის #1134 განკარგულების კანონიერება და მოპასუხისათვის თვითნებურად დაკავებულ 2500 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე ი. ჭ-ეის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სადავო განკარგულებით ი. ჭ-ეს უარი ეთქვა მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციისა და საქმის გარემოებების გამოკვლევის შედეგად, არ დასტურდებოდა მის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი. კერძოდ, ადმინისტრაციულმა ორგანომ საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციითა და აეროფოტოგადაღებებით დადგენილად ჩათვალა, რომ მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქალაქი თბილისი, ...ის ქუჩა #...-ის მიმდებარედ, საერთო ფართობი - 2500.00 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის არსებული შენობა-ნაგებობა განთავსებული იყო „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების შემდეგ. კომისიის მიერ დადგენილ იქნა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენდა განმცხადებლის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს.
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს.
ამავე კანონის 51 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის მანძილი; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები.
თავის მხრივ, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის #376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი არის სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ სს „თ...ს“ 2021 წლის 28 დეკემბრის წერილის შინაარსზე, რომლის თანახმად, სს „თ...ს“ მონაცემთა ბაზაში #4396004 სააბონენტო ბარათი გახსნილია 2007 წლის 6 დეკემბერს და მასზე გახსნის დღიდან აბონენტად რეგისტრირებულია ი. ჭ-ე, მის: ქალაქი თბილისი, ...ის ქუჩა #1. აღნიშნულ წერილს თან ერთვის აბონენტის ბრუნვის ისტორია 2007 წლის 12 დეკემბრიდან, რომლითაც დასტურდება ი. ჭ-ეის აბონენტად რეგისტრირების ფაქტი. აბონენტის ბრუნვის ისტორიის თანახმად, ი. ჭ-ეს 2007 წლის 6 დეკემბრიდან აქვს დაწყებული ელექტროენერგიის მოხმარება და შესაბამისად წარმოქმნილი დავალიანების დაფარვა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საჯაროდ ხელმისაწვდომი თბილისის ინტერაქციული რუკისა (იხ. http://maps.tbilisi.gov.ge) და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (იხ. maps.gov.ge) გამოქვეყნებული 2005 წლის და თბილისის 2006-2007 წლების ორთოფოტოებით (აეროფოტოგადაღებით) დადგენილად მიჩნეულ გარემოებებზე. კერძოდ, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2005 წლის ორთოფოტოს მიხედვით, უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის მთელი ტერიტორია დაფარულია ხე-მცენარეებით. 2006-2007 წლების ორთოფოტოს მიხედვით, უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე ფიქსირდება ზემოქმედების კვალი. მიწის ნაკვეთი აღარ არის გამწვანებული, იგი გაწმენდილია მცენარეებისაგან. ამასთან, უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის ზედა მარჯვენა ნაწილში ფიქსირდება მცირე ზომის ობიექტი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ ის გარემოება, რომ 2007 წლის 6 დეკემბრიდან ი. ჭ-ე უკვე არის სს „თ...ს“ აბონენტად რეგისტრირებული და ელექტროენერგიის მომხმარებელი, სარწმუნოს ხდის რეგისტრაციამდე 2-3 თვით ადრე ამ ტერიტორიაზე სულ მცირე მშენებლობის მიმდინარეობას. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების საფუძველი წარმოიშობა არა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მასზე დგას აშენებული საცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობა, არამედ, ასევე იმ პირობებშიც, როდესაც მასზე განთავსებულია მშენებარე ან დანგრეული საცხოვრებელი სახლი.
მითითებულის გარდა, საკასაციო სასამართლო, ასევე, ყურადღებას გაამახვილებს საქმეში წარმოდგენილ შპს „მ...-ის“ 2023 წლის 20 სექტემბრის #91/23 ექსპერტიზის დასკვნის შინაარსზეც, რომლის მიხედვით, მოქალაქე ი. ჭ-ემ განახორციელა აღიარებამოთხოვნილი მიწის ნაკვეთის დასუფთავება, მოსწორება, შემოღობვა, მასზე სასაწყობე შენობისა და საცხოვრებელი სახლის აგება. ი. ჭ-ეის მიერ აღიარებამოთხოვნილი მიწის ნაკვეთის შემოსასაზღვრად გამოყენებულ იქნა 2006 წელს გაუქმებული, ქალაქ თბილისში, ...ში (კრწანისის რაიონში) მდებარე ...ს პერიმეტრის შემომზღუდავი რკინაბეტონის ფილების დემონტაჟის შედეგად მიღებული მასალები. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ქ. თბილისში, სამგორის რაიონში, ...ის ქუჩის #...-ის მიმდებარედ, მოქალაქე ი. ჭ-ეის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობების (საცხოვრებელი სახლი, სასაწყობე შენობა (ფარდული)) საძირკვლები და შემომზღუდავი პანელები არის მონოლითური ბეტონის და, სიმტკიცის მახასიათებლებიდან გამომდინარე, მათი ხნოვანება არანაკლებ 18-20 წელია.
საკასაციო პალატა, ასევე, ყურადღებას ამახვილებს საქმის მასალებში დაცულ, ი. ჭ-ეის მეზობლების - ბ. კ-ისა და რ. კ-ას 2021 წლის 7 დეკემბრის სანოტარო წესით დამოწმებულ განცხადებაზე, რომლითაც აღნიშნული პირები ადასტურებენ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა #...-ის მიმდებარედ 2500 კვ.მ მიწის ნაკვეთის ი. ჭ-ეის მიერ ფლობის, სარგებლობის, ასევე, ამ მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობების თავად ი. ჭ-ეის მიერ აშენების ფაქტს.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში გამოთქმულ მოსაზრებებს შპს „მ...-ის“ საექსპერტო დასკვნის შინაარსის არასანდოობასთან დაკავშირებით. კასატორი თვლის, რომ სტატუსისა და გამოცდილების მხედველობაში მიღებით, მტკიცებულებათა შეფასების პროცესში უპირატესობა უნდა მიენიჭოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემულ საექსპერტო დასკვნებსა თუ ინფორმაციებს. აღნიშნულის საპირისპიროდ, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, რომელთა თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად კი, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით. მითითებულ სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლოსათვის საქმეში წარმოდგენილი არც ერთი საექსპერტო დასკვნა არ სარგებლობს წინასწარ დადგენილი მტკიცებულებითი ძალით.
ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი ანალიზი, კერძოდ, 2005 წლისა და 2006-2007 წლების ორთოფოტოები, საქმეზე წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნა, სს „თ...ს“ 2021 წლის 28 დეკემბრის წერილი და ი. ჭ-ეის მეზობლების სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებები ერთობლივად იძლევა იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მოსარჩელე ი. ჭ-ე „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე ნამდვილად ფლობდა და სარგებლობდა უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთით და ხსენებული კანონის ამოქმედებამდე სულ მცირე 2-3 თვით ადრე აწარმოებდა მასზე საცხოვრებელი სახლისა და სასაწყობო შენობის (ფარდულის) მშენებლობას.
ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორმა ვერ წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული დამატებითი საკასაციო პრეტენზია, რომელიც გააქარწყლებდა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა