Facebook Twitter

№ბს-879(კ-24) 13 ნოემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - თ. ხ-ე, გ. ხ-ე, მესამე პირი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თ. ხ-ემ და გ. ხ-ემ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.

მოსარჩელეებმა მოითხოვეს: ა) ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის 2022 წლის 9 დეკემბრის №37-01223183541 აქტი; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2023 წლის 23 ივნისის №10-0123174483 წერილი; გ) დაევალოს მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობას მიწის ნაკვეთის იდენტურობის დასადგენად შესაბამისი ქმედების განხორციელება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 ოქტომბრის საოქმო განჩინებით თ. ხ-ეისა და გ. ხ-ეის სარჩელზე, მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2023 წლის 23 ივნისის №10-0123174483 წერილის ბათილად ცნობის თაობაზე, შეწყდა საქმის წარმოება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 ოქტომბრის საოქმო განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მესამე პირად ჩაბმულ იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით თ. ხ-ეისა და გ. ხ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის 2022 წლის 9 დეკემბრის №37-01223183541 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენაზე უარის თქმის შესახებ. დაევალა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობას „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მიწის ნაკვეთის იდენტურობის დასადგენად შესაბამისი ქმედების განხორციელება.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის მიერ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 აპრილის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის მიერ.

კასატორი აღნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტის წერილი „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, არ წარმოადგენს რაიმე სახის შემზღუდველ გარემოებას და მხოლოდ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მომართვის საფუძველზე გამგეობა იწყებს ადმინისტრაციულ წარმოებას. მოცემულ შემთხვევაში გამგეობამ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შეუძლებლად მიიჩნია იდენტურობის დადგენა, შემდეგ მიზეზთა გამო: ახალი ტერიტორიების შემოერთების შემდგომ, გარდაბნის რაიონის გამგეობიდან შესაბამისი სოფლის საკრებულოს (წლების მიხედვით) საკომლო წიგნები, მიწის სარეგისტრაციო მოწმობები, მიწების ზონარგაყრილი წიგნები, მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტები, მიწის განაწილების (იგივე სარეფორმო) და საგადასახადო სიები, მებაღეობის დოკუმენტები (მიმაგრების ტალონები, მებაღის წიგნაკები) და სხვა უფლების დამდგენი დოკუმენტაცია სამგორის რაიონის გამგეობაში არ შესულა (დაცული არ არის). ასევე, კასატორი არ არის უფლების დამდგენი დოკუმენტის გამცემი ორგანო, ადმინისტრაციულ ორგანოს არ აქვს ინსტიტუციური მეხსიერება და არ ჰყავს ინსტიტუციური მეხსიერების მქონე თანამშრომელი. შესაბამისად, გამგეობას რჩება ერთადერთი გზა - განმცხადებლის მითითებით მოახდინოს იდენტურობის დადგენა, რითაც სახელმწიფო ქონების გადაცემა მოხდება მტკიცებულებათა ერთობლიობის გარეშე. დიდი ალბათობით განხორციელდება ნაკვეთის ისეთი ფორმით გაფორმება, რომელიც შემდგომში აუცილებლად გამოიწვევს სხვა მიწის ნაკვეთების დარეგისტრირების შეყოვნებას. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში შეეძლო მიეღო როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი გადაწყვეტილება. კანონი მუნიციპალიტეტის ჩართვას ითვალისწინებს მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. თუ საჯარო რეესტრი ვერ ახორციელებს მიწის იდენტურობის დადგენას, გაუგებარია, გამგეობამ როგორც უნდა მოახერხოს საკითხის დადებითად გადაწყვეტა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უარი უნდა ეთქვა არა გამგეობის წერილის, არამედ შესაბამისი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე. გამგეობა მხოლოდ ადგილზე დათვალიერებით იმ პრობლემებს ვერ აღმოაჩენდა, რაც სხვა სასამართლო განხილვის დროს გამოვლინდა და მაღალი ალბათობით ადმინისტრაციული ორგანო მიიღებდა არასწორ გადაწყვეტილებას.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 აგვისტოს განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) 2022 წლის 8 ნოემბერს, გ. ხ-ემ, №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში საკადასტრო მონაცემების დაზუსტება/ცვლილება მიწის ნაკვეთზე მდებარე ქ. თბილისი, ..., სოფელი ... (საკადასტრო კოდი: ...). განცხადებას ერთვოდა საკადასტრო აზომვითი ნახაზი და მისი ელ.ვერსია (ს.ფ 60-64); ბ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 9 ნოემბრის №... წერილით, სამგორის რაიონის გამგეობას, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 41 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გადაეგზავნა №... სარეგისტრაციო განცხადება და ეთხოვა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (... კოდის სააღრიცხვო მასალა, მიღება-ჩაბარების აქტი №60-1) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადასტურება (ს.ფ 16); გ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის 2022 წლის 9 დეკემბრის №37-01223183541 წერილით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, 2022 წლის 9 ნოემბრის №... წერილის პასუხად ეცნობა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობა მოკლებული იყო შესაძლებლობას „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 41 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დაედგინა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული ან/და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა, ვინაიდან ამ ეტაპზე არ ჰყავთ დარგის სპეციალისტი, რომელიც შესაბამისი აპარატურით დაადგენს ნაკვეთის ადგილმდებარეობას. რაც შეეხებოდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობა მოკლებული იყო შესაძლებლობას განეხორციელებინა აღნიშნული მოთხოვნა, ვინაიდან არ არიან უფლების დამდგენი დოკუმენტის გამომცემი ორგანო. შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს არ აქვს ინსტიტუციური მეხსიერება და დღეის მდგომარეობით არ ჰყავს ინსტიტუციური მეხსიერების მქონე თანამშრომელი, რომელიც აღნიშნულს დაადასტურებს. გარდაბნის რაიონიდან შესაბამისი სოფლის საკრებულოს (წლების მიხედვით) საკომლო წიგნები, მიწის სარეგისტრაციო მოწმებები, მიწების ზონარგაყრილი წიგნები, მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტები, მიწის განაწილების (იგივე სარეფორმო) და საგადასახადო სიები, მებაღეობის დოკუმენტები (მიმაგრების ტალონები, მებაღის წიგნაკები) და სხვა უფლების დამდგენი დოკუმენტაცია სამგორის რაიონის გამგეობაში არ შესულა (დაცული არ არის) (ს.ფ 17); დ) 2023 წლის 9 ივნისს, თ. ხ-ეისა და გ. ხ-ეის წარმომადგენელმა საჩივრით მიმართა ქალაქ თბილის მერს და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის 2022 წლის 9 დეკემბრის №37-01223183541 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2023 წლის 23 ივნისის №10-0123174483 წერილით მხარეს განემარტა, რომ მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენაზე უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერი, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის შესაბამისი მოხელე, დელეგირებული საჯარო უფლებამოსილების ფარგლებში, ორგანიზაციულად უზრუნველყოფს ხსენებული უფლებამოსილების განხორციელებას. მხარეს ასევე განემარტა, რომ მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენაზე უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერი, რომელსაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სისტემაში არ ჰყავს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო. შესაბამისად, მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მიღებული დოკუმენტის კანონიერების შესწავლა წარმოადგენს სასამართლოსადმი უწყებრივად ქვემდებარე საქმეს. აღნიშნულის გათვალისწინებით კი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საჩივრის ავტორს 2023 წლის 9 ივნისს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივარი თანდართულ მასალებთან ერთად დაუბრუნდა უკან (ს.ფ 21-22, 23-25).

საკასაციო პალატა მიუთითებს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესს, ადგენს ამ რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლებს და ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს (1.1 მუხლი).

აღნიშნული კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების სპორადული რეგისტრაცია წარმოებს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, დაინტერესებული პირის განცხადების, სარეგისტრაციო დოკუმენტაციისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფუძველზე, ამ კანონით გათვალისწინებული შეღავათების შესაბამისად. ამავე კანონის 41 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა სისტემური რეგისტრაციისა და იმ შემთხვევისა, როდესაც სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილება არის სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილება, რომლის განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით ახორციელებს იუსტიციის სამინისტრო.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია თავისი კომპეტენციის ფარგლებში და მის ხელთ არსებული საშუალებებით აღმოუჩინოს აუცილებელი სამართლებრივი დახმარება სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს შესაბამისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის მიერ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენას, რაზედაც გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადება, გამოცემა და აღსრულება უკავშირდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული პროცედურის ჩატარებას, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აქტის გამოცემის პროცესში დაიცვას კანონმდებლობით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების მოთხოვნები, მათ შორის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებებს სადავო საკითხთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სარეგისტრაციო წარმოება პირდაპირ კავშირშია მიწის ნაკვეთების იდენტურობის დადგენასთან, რაც როგორც უკვე აღინიშნა, კონკრეტულ შემთხვევაში წარმოადგენს გამგეობის კომპეტენციას. კონკრეტული დარგის სპეციალისტის არარსებობა, აგრეთვე, კასატორის მითითება, რომ ის არ წარმოადგენს უფლების დამდგენი დოკუმენტის გამცემ ორგანოს, გამგეობის მხრიდან კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას არ გამორიცხავს. შესაბამისად, მართებულია, სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ სახეზეა ადმინისტრაციული ორგანოს უარი მისთვის კანონით დაკისრებული მოვალეობის შესრულებაზე, რაც სადავო აქტის ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის მიწის ნაკვეთის იდენტურობის დასადგენად შესაბამისი ქმედების განხორციელების დავალების საფუძველია.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე