Facebook Twitter

საქმე №ბს-689(კს-24) 25 ნოემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ბადრი შონია

განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

მოსარჩელე - ე. ჯ-ა

მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება

კერძო საჩივრის ავტორი - ე. ჯ-ა

დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 იანვრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ე. ჯ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 15 ნოემბრის №2819 განკარგულება მიწის ნაკვეთზე ე. ჯ-ას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ; ბ) დაევალოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ე. ჯ-ას თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით ე. ჯ-ას სარჩელი მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ე. ჯ-ას მიერ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 იანვრის განჩინებით ე. ჯ-ას სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.

სასამართლომ მიუთითა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით ე. ჯ-ას სააპელაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი - აპელანტს მიეცა ვადა, განჩინების ასლის კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 10 (ათი) დღე განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად და დაევალა წარმოედგინა სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის, დავის საგნის ღირებულების - 4 პროცენტის, მაგრამ არანაკლებ 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი დედნის სახით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადის ათვლა დაიწყო 2023 წლის 6 დეკემბერს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად და დასრულდა 2023 წლის 15 დეკემბერს, თუმცა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ შეუვსია და არც ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნით მიუმართავს სასამართლოსათვის.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 იანვრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ე. ჯ-ას წარმომადგენელმა.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ოქტომბრის განჩინება ჩაბარდა კოლეგა ადვოკატს, თუმცა აპელანტის წარმომადგენელი დამოუკიდებლად მუშაობს. ხარვეზის შესახებ განჩინება მას არ ჩაბარებია და არც გადაუცია მესამე პირს. შესაბამისად, მისთვის უცნობი იყო განჩინების შინაარსი და ვერც ხარვეზის აღმოფხვრას შეძლებდა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ივლისის განჩინებით ე. ჯ-ას კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. ჯ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

მოცემულ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 იანვრის განჩინებით განუხილველი დარჩა ე. ჯ-ას სააპელაციო საჩივარი იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი და ამავე ვადაში არც ხარვეზის გაგრძელების შესახებ მიუმართავს სასამართლოსთვის.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივრის წარდგენის შემდეგ სააპელაციო სასამართლო ვალდებულია, შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი, კერძოდ, რამდენად აკმაყოფილებს იგი კანონით განსაზღვრულ ფორმალურ მოთხოვნებს. ამავე კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით სასამართლომ მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მოთხოვნებს, კერძოდ, გადახდილი არ იყო სახელმწიფო ბაჟი. ამავე განჩინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის ქონებრივი მდგომარეობის, კერძოდ, მისი მძიმე ეკონომიური მდგომარეობის, დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები სააპელაციო საჩივარს არ ერთვოდა. აპელანტმა ვერ უზრუნველყო სათანადო მტკიცებულებების წარდგენა, ვერ დაასაბუთა აღძრული შუამდგომლობა, რა პირობებშიც სასამართლო უფლებამოსილი იქნებოდა გაეთვალისწინებინა მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობა. შესაბამისად, აღნიშნული განჩინებით არ დაკმაყოფილდა ე. ჯ-ას შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, სააპელაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი და აპელანტს მიეცა ვადა - განჩინების ასლის კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 10 (ათი) დღე განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად და დაევალა წარედგინა სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის, დავის საგნის ღირებულების - 4 პროცენტის, მაგრამ არანაკლებ 150 ლარის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი დედნის სახით. აპელანტს მიეთითა ანგარიშის რეკვიზიტები, რომელზეც უნდა მოეხდინა სახელმწიფო ბაჟის გადახდა და განემარტა, რომ თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ იქნებოდა შევსებული სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.

საქმის მასალებით დგინდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ოქტომბრის განჩინება გაეგზავნა ე. ჯ-ას წარმომადგენელს ვ. მ-ეს სააპელაციო საჩივარში (ს.ფ 262) მითითებულ მისამართზე ქ. თბილისი, ...ს ქ. .... აღნიშნული განჩინება ჩაბარდა ადვოკატ მ. ა-ეს 2023 წლის 5 დეკემბერს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საპროცესო ვადის დენა იწყება მხარისთვის გზავნილის კანონით დადგენილი წესით ჩაბარების მომენტიდან. მხარისთვის გზავნილის ოფიციალური გაცნობის წესები მოწესრიგებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი, ასევე, ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად. იმავე წესზე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის შესაბამისად უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტს, რომ კერძო საჩივრის ავტორი არ ხდის სადავოდ მისთვის ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების გაგზავნას მისამართზე - ქ. თბილისი, ...ს ქ. .... შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია უნდა ჩაითვალოს თუ არა მხარისათვის მის მიერ მითითებულ მისამართზე გაგზავნილი გზავნილი ჩაბარებულად ისეთ პირობებში, როდესაც გზავნილი უშუალოდ ადრესატს არ გადასცემია.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილზე, რომლის მიხედვითაც ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ოქტომბრის განჩინება გაეგზავნა ე. ჯ-ას წარმომადგენელს ვ. მ-ეს საქმეში მითითებულ მისამართზე (ს.ფ. 280) და ჩაბარდა მ. ა-ეს 2023 წლის 5 დეკემბერს, რომლის შესახებაც შპს „ს...ის“ საფოსტო უკუგზავნილში კომენტარის სახით მითითებულია „ადვოკატი“ (ს.ფ. 281). შეტყობინების ბარათზე ასევე, მითითებულია გზავნილის მიმღები პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ხელმოწერა, გზავნილის ჩაბარების თარიღი. დადგენილია, რომ მ. ა-ეს უარი არ განუცხადებია გზავნილის ჩაბარებაზე, რაც მიუთითებს მისი მხრიდან გზავნილის ჩაბარებისა და ჩაბარებაზე უფლებამოსილების დადასტურების ფაქტზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან საქმეში მითითებულ მისამართზე მ. ა-ემ, პრეტენზიის გარეშე ჩაიბარა სასამართლო გზავნილი, რაც დაადასტურა საკუთარი ხელმოწერით, არსებობს პრეზუმფცია, რომ სასამართლო უწყება ჩაიბარა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულმა უფლებამოსილმა პირმა. კერძო საჩივრის ავტორის მხოლოდ ზეპირი სახის განმარტება, რომ გზავნილი ჩაიბარა კოლეგა ადვოკატმა და ის ხარვეზის შესახებ არ ყოფილა ინფორმირებული - ვერ მიიჩნევა იმგვარ დასაბუთებულ შედავებად, რაც ზემოაღნიშნული დასკვნის გაქარწყლების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს. საგულისხმოა, რომ საქმეში არსებული უკუგზავნილებით ვ. მ-ეის სახელზე გაგზავნილი გზავნილები (მათ შორის, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებაც) სხვა შემთხვევებშიც ბარდებოდა სხვადასხვა ადვოკატებს, რის შესახებაც ვ. მ-ეს არ განუცხადებია პრეტენზია (ს.ფ 261, 228, 31, 28, 51).

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. საპროცესო ვადის ხანგრძლივობის განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს იმ საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობა, რისთვისაც ეს ვადა დაინიშნა. გასათვალისწინებელია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის ჩანაწერი, რომლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორისათვის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადის ათვლა დაიწყო 2023 წლის 6 დეკემბრიდან და ამოიწურა 2023 წლის 15 დეკემბერს 24:00 საათზე. აღნიშნულ ვადაში ე. ჯ-ას არ შეუვსია დადგენილი ხარვეზი და არც ხარვეზის ვადის გაგრძელების მოთხოვნით მიუმართავს სასამართლოსთვის. შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 იანვრის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-13 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 60-61-ე, 70-74-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე. ჯ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 იანვრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ბ. შონია